არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 34

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 107 ღმერთმა სიყვარულის მაგალითი მოგვცა

უხუცესებო, გამოავლინეთ სიყვარული და გულმოწყალება შემცოდველების მიმართ!

უხუცესებო, გამოავლინეთ სიყვარული და გულმოწყალება შემცოდველების მიმართ!

„ღმერთს სურს, თავისი სიკეთით მონანიებისკენ გიბიძგოს“ (ᲠᲝᲛ. 2:4).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, რას აკეთებენ უხუცესები შემცოდველების დასახმარებლად.

1. რა შეიძლება მოხდეს, თუ ქრისტიანი სერიოზულ ცოდვას ჩაიდენს?

 ᲠᲝᲒᲝᲠᲪ წინა სტატიიდან დავინახეთ, კორინთის კრებაში ერთი მამაკაცი იყო, რომელიც მძიმე ცოდვას სჩადიოდა და არ ინანიებდა. ამიტომ მოციქულმა პავლემ კორინთელ უხუცესებს მითითება მისცა, რომ ის კრებაში არ დაეტოვებინათ. თუმცა ამ სტატიის წამყვანი მუხლიდან ჩანს, რომ შესაძლებელია ღმერთმა შემცოდველი მონანიებისკენ აღძრას (რომ. 2:4). როგორ იყენებს იეჰოვა ამ პროცესში უხუცესებს?

2, 3. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გავიგეთ, რომ თანაქრისტიანმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა და რატომ?

2 შემცოდველის დახმარება რომ შეძლონ უხუცესებმა, პირველ რიგში, უნდა გაიგონ მისი პრობლემის შესახებ. ასე რომ, თუ შევიტყობთ, რომ რომელიმე თანაქრისტიანი მძიმე ცოდვას სჩადის, მას პირადად უნდა დაველაპარაკოთ და ვუთხრათ, დახმარებისთვის უხუცესებს მიმართოს (ეს. 1:18; საქ. 20:28; 1 პეტ. 5:2).

3 მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ მას არ სურს უხუცესებთან მისვლა და დალაპარაკება. ამ შემთხვევაში თავად უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი, რათა მან საჭირო სულიერი დახმარება მიიღოს. ასეთი საქციელი სიყვარულის მაჩვენებელი იქნება, რადგან თუ ადამიანი არასწორი ცხოვრების კურსს არ შეიცვლის, იეჰოვასთან ურთიერთობას გაიფუჭებს. თანაც შემცოდველმა შეიძლება კრების რეპუტაცია შელახოს. ასე რომ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, იეჰოვასა და თანაქრისტიანის სიყვარული ამ ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარებათ (ფსალმ. 27:14).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲐᲜ ᲣᲮᲣᲪᲔᲡᲔᲑᲘ ᲨᲔᲛᲪᲝᲓᲕᲔᲚᲡ

4. რა არის უხუცესების მიზანი, როცა შემცოდველს ხვდებიან?

4 როცა კრებაში ვინმე სერიოზულ ცოდვას სჩადის, უხუცესთა საბჭო კომიტეტში a მსახურებისთვის არჩევს სამ შესაფერის ძმას. ეს ძმები მოკრძალებულები და თავმდაბლები უნდა იყვნენ. რა თქმა უნდა, ისინი ყველანაირად ეცდებიან შემცოდველის დახმარებას, მაგრამ ისიც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ვერავის აიძულებენ ცვლილებების მოხდენას (კან. 30:19). უხუცესები აცნობიერებენ, რომ ყველა შემცოდველი მეფე დავითივით არ აღიძვრება მონანიებისკენ (2 სამ. 12:13). ზოგმა შეიძლება ყურად არ იღოს იეჰოვას შეგონება (დაბ. 4:6–8). თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, უხუცესების მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება ყველაფერი გააკეთონ, რომ შემცოდველი მონანიებისკენ აღძრან. რა უნდა მიიღონ უხუცესებმა მხედველობაში, როცა შემცოდველს ხვდებიან?

5. რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ უხუცესებს შემცოდველის მიმართ? (2 ტიმოთე 2:24–26; იხილეთ აგრეთვე სურათი).

5 უხუცესებს ესმით, რომ შემცოდველი იეჰოვას თვალში დაკარგული ცხვარივითაა და ძვირფასია მისთვის (ლუკ. 15:4, 6). სწორედ ამიტომ, როცა უხუცესები შემცოდველს ხვდებიან, არც უხეშად ესაუბრებიან და არც სიმკაცრეს იჩენენ. ისინი არ ფიქრობენ, რომ ამ შეხვედრის მიზანი მხოლოდ გარკვეული კითხვების დასმა და ფაქტების შეგროვებაა. ეს ძმები ცდილობენ, ისეთი თვისებები გამოავლინონ, რომლებზეც საუბარია 2 ტიმოთეს 2:24–26-ში (წაიკითხეთ). ისინი რბილად და თავაზიანად ექცევიან შემცოდველს და ცდილობენ, მონანიებისკენ აღძრან.

მწყემსების მსგავსად უხუცესები ყველაფერს აკეთებენ, რომ „დაკარგული ცხვარი“ კრებაში დააბრუნონ (იხილეთ აბზაცი 5).


6. როგორ უნდა მოემზადონ უხუცესები შემცოდველთან შესახვედრად? (რომაელები 2:4).

6 უხუცესები სწორ განწყობას იქმნიან. მათ კარგად ახსოვთ პავლეს სიტყვები: „ღმერთს სურს, თავისი სიკეთით მონანიებისკენ გიბიძგოს“ (წაიკითხეთ რომაელების 2:4). ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, შემცოდველთან ურთიერთობის დროს ყველა დეტალში იეჰოვას მიჰბაძონ. როცა საქმე კრებაზე ზრუნვას ეხება, უხუცესები, როგორც მწყემსები, იესოს ხელმძღვანელობას უნდა მიჰყვნენ და მას მიჰბაძონ (ეს. 11:3, 4; მათ. 18:18–20). შემცოდველთან შეხვედრამდე უხუცესთა კომიტეტი იეჰოვას სთხოვს დახმარებას, რომ შეძლონ მთავარი მიზნის მიღწევა – შემცოდველის მონანიებისკენ აღძვრა. ისინი სახელმძღვანელო პრინციპებს ბიბლიასა და ჩვენს პუბლიკაციებში ეძებენ და იეჰოვას გამჭრიახობას სთხოვენ. ამის შემდეგ კი შემცოდველის წარსულის გათვალისწინებით ცდილობენ ჩასწვდნენ, რატომ ჩამოუყალიბდა მას ასეთი აზროვნება და დამოკიდებულება და რატომ მოიქცა ასე (იგავ. 20:5).

7, 8. როგორ შეუძლიათ უხუცესებს, იეჰოვას მიჰბაძონ და შემცოდველთან შეხვედრის დროს მომთმენები იყვნენ?

7 უხუცესები ცდილობენ, იეჰოვას მსგავსად მომთმენები იყვნენ. მათ არ ავიწყდებათ, როგორ ეპყრობოდა წარსულში იეჰოვა შემცოდველებს, მაგალითად, როგორი მოთმინება გამოიჩინა კაენთან მიმართებით. იეჰოვამ გააფრთხილა ის, რა მოჰყვებოდა, თუ არ შეიცვლებოდა, და ისიც უთხრა, რომ მორჩილების შემთხვევაში აკურთხებდა (დაბ. 4:6, 7). იეჰოვამ დავითსაც მისცა გამოსწორების შანსი, როცა წინასწარმეტყველი ნათანი გაუგზავნა. წინასწარმეტყველმა კი მაგალითის მეშვეობით აღძრა მეფე მონანიებისკენ (2 სამ. 12:1–7). როცა ეურჩებოდნენ, იეჰოვა თავის ხალხსაც გამუდმებით უგზავნიდა წინასწარმეტყველებს და მოუწოდებდა, რომ მოენანიებინათ (იერ. 7:24, 25). ის პირველ ნაბიჯს დგამდა და იმას არ ელოდებოდა, თავად როდის მოინანიებდნენ.

8 როცა საქმე სერიოზულ ცოდვას ეხება, უხუცესები ცდილობენ, იეჰოვას მაგალითს მიჰყვნენ. როგორც 2 ტიმოთეს 4:2-ში წერია, ისინი შემცოდველებთან ურთიერთობის დროს სულგრძელობას უნდა იჩენდნენ. ამ მუხლთან დაკავშირებით ბიბლიის სასწავლო გამოცემაში ასეთ რამეს ვკითხულობთ: „შემცოდველი გამოსწორებისკენ რომ აღძრას, უხუცესი, მშვიდი და მომთმენი უნდა იყოს. თუ ის მდგომარეობიდან გამოვა ან მარტივად ჩაიქნევს ხელს, შემცოდველს შეიძლება გაუჭირდეს რჩევის მიღება და არც მონანიებისკენ აღიძრას“.

9, 10. რა უნდა გააკეთონ უხუცესებმა? ახსენით.

9 უხუცესებმა უნდა განსაზღვრონ, რამ მიიყვანა ადამიანი ცოდვამდე. მაგალითად, ეტაპობრივად ხომ არ ჩამოშორდა იეჰოვას, რადგან აღარ ჰქონდა პირადი შესწავლა ან აღარ მსახურობდა? იქნებ რეგულარულად აღარ ლოცულობდა ან კიდევ მისი ლოცვები ზედაპირული გახდა? ხომ არ შეწყვიტა სისუსტეებთან ბრძოლა? ცუდ საზოგადოებასთან ხომ არ დაიწყო ურთიერთობა ან როცა საქმე გართობას ეხებოდა, ქრისტიანისთვის შეუფერებელ არჩევანს ხომ არ აკეთებდა? აცნობიერებს, როგორ ატკინა იეჰოვას გული თავისი გადაწყვეტილებებით თუ საქციელით?

10 უხუცესებმა უნდა დააფიქრონ შემცოდველი, რამ მიიყვანა აქამდე. ამისთვის კარგად შერჩეული ტაქტიანი კითხვები უნდა დაუსვან, თანაც ისე, რომ ზედმეტად არ ჩაეძიონ არასაჭირო დეტალებს (იგავ. 20:5). თავის საქციელზე რომ დააფიქრონ, მათ შეუძლიათ ნათანის მსგავსად მაგალითიც მოუყვანონ. ამ შემთხვევაში შეიძლება მას პირველივე შეხვედრაზე გაუჩნდეს სინანულის განცდა ან კიდევ საერთოდ მოინანიოს.

11. როგორ ექცეოდა იესო ცოდვილებს?

11 უხუცესები იესოს მიბაძვას ცდილობენ. სავლე თავის არასწორ საქციელზე რომ დაეფიქრებინა, იესომ კარგად შერჩეული კითხვა დაუსვა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი?“ (საქ. 9:3–6). ხოლო წიგნ „გამოცხადებაში“ იზებელზე თქვა, რომ მას დრო მისცა მოსანანიებლად (გამოცხ. 2:20, 21).

12, 13. რისი გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს, რომ დრო მისცენ შემცოდველს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

12 უხუცესებმა იესოს უნდა მიჰბაძონ და ნაჩქარევად არ დაასკვნან, რომ შემცოდველი არ მოინანიებს. როგორც აღვნიშნეთ, ზოგმა შეიძლება პირველივე შეხვედრაზე მოინანიოს, თუმცა ზოგს უფრო მეტი დრო დასჭირდეს ამისთვის. ამიტომ უხუცესები შეიძლება შემცოდველს ერთზე მეტჯერ შეხვდნენ. პირველი შეხვედრის შემდეგ ის შეიძლება სერიოზულად დაფიქრდეს უხუცესების ნათქვამზე, თავი დაიმდაბლოს და იეჰოვას პატიება სთხოვოს (ფსალმ. 32:5; 38:18). ეს კი შეიძლება იმის წინაპირობა გახდეს, რომ შემდეგ შეხვედრაზე სულ სხვა განწყობით მივიდეს.

13 უხუცესების მხრიდან გამოვლენილმა გულისხმიერებამ და პატივისცემამ შემცოდველი შეიძლება მონანიებისკენ აღძრას. ამ ძმებმა იეჰოვას უნდა სთხოვონ, რომ აკურთხოს მათი მცდელობა. მათ არც იმის იმედი უნდა გადაიწურონ, რომ შემცოდველი გონს მოეგება და მოინანიებს (2 ტიმ. 2:25, 26).

უხუცესები შეიძლება შემცოდველს ერთზე მეტჯერ შეხვდნენ, რათა დრო მისცენ მოსანანიებლად (იხილეთ აბზაცი 12).


14. სინამდვილეში ვისი დამსახურებაა თუ შემცოდველი ინანიებს და რატომ ვამბობთ ამას?

14 როცა შემცოდველი ინანიებს, ეს ყველას უზომოდ გვახარებს (ლუკ. 15:7, 10). მართალია, უხუცესები ყველაფერს აკეთებენ მის დასახმარებლად, მაგრამ სინამდვილეში ვისი დამსახურებაა, რომ ის ინანიებს? გახსოვთ, რა დაწერა მოციქულმა პავლემ? „ღმერთმა მისცეს მათ მონანიების საშუალება“ (2 ტიმ. 2:25). ამ მუხლთან დაკავშირებით ბიბლიის სასწავლო გამოცემაში ნათქვამია: „აზროვნებისა და დამოკიდებულების ასეთი ცვლილება რომელიმე ადამიანის კი არა, იეჰოვას დამსახურებით ხდება, რომელიც გზასაცდენილ ქრისტიანს გამოსწორებაში ეხმარება. ამის შემდეგ პავლე საუბრობს ზოგიერთ დადებით შედეგზე, რომელიც მონანიებას მოჰყვება. შემცოდველი ჭეშმარიტების უფრო საფუძვლიან ცოდნას იძენს, რაც, თავის მხრივ, იმაში ეხმარება, რომ გონს მოეგოს და თავი დააღწიოს ეშმაკის მახეებს“ (2 ტიმ. 2:26).

15. რა უნდა გააკეთონ უხუცესებმა მას შემდეგ, რაც შემცოდველი მოინანიებს?

15 მას შემდეგ, რაც შემცოდველი მოინანიებს, უხუცესებმა მასთან სამწყემსო მონახულებები უნდა დაგეგმონ. ამგვარად ისინი მას დაეხმარებიან, აღარ გაებას სატანის მახეში და სწორად მოიქცეს (ებრ. 12:12, 13). აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უხუცესები არ საუბრობენ სხვებთან იმის შესახებ, თუ რა ცოდვა ჩაიდინა ქრისტიანმა. თუმცა ზოგჯერ გარკვეული ინფორმაციის გასაჯაროება შეიძლება მაინც გახდეს საჭირო. მოდი ვნახოთ, რატომ.

„ᲨᲔᲛᲪᲝᲓᲕᲔᲚᲘ ᲧᲕᲔᲚᲐᲡ ᲬᲘᲜᲐᲨᲔ ᲨᲔᲐᲒᲝᲜᲔ“

16. ვინ იგულისხმა პავლემ ფრაზაში, „ყველას წინაშე“? (1 ტიმოთე 5:20).

16 წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:20. პავლემ ტიმოთეს მისწერა, რომ შემცოდველი „ყველას წინაშე“ შეეგონებინა. რა იგულისხმა მან ამ სიტყვებში? როგორც ჩანს, მაინცდამაინც ის არა, რომ მთელი კრების წინაშე გაეკეთებინა ეს. ის უფრო მათ გულისხმობდა, ვინც უკვე იცოდა ამ ცოდვის შესახებ. მაგალითად, ვინც შეესწრო მომხდარს ან თავად შემცოდველმა გაანდო. აქედან გამომდინარე, უხუცესები მხოლოდ მათ ჩააყენებენ საქმის კურსში, ვინც გარკვეულ ინფორმაციას ფლობს ჩადენილი ცოდვის შესახებ და ეტყვიან, რომ შემცოდველს სულიერი დახმარება აღმოუჩინეს.

17. რა შემთხვევაში აკეთებენ უხუცესები განცხადებას და რატომ?

17 ზოგჯერ ჩადენილი ცოდვის შესახებ კრებაში შეიძლება ბევრმა გაიგოს ან დიდი იყოს იმის ალბათობა, რომ მოგვიანებით გაიგებენ. ამ შემთხვევაში სიტყვებში, „ყველას წინაშე“, მთელი კრება უნდა ვიგულისხმოთ. შესაბამისად, უხუცესები კრებაში განცხადებას გააკეთებენ, რომ ქრისტიანმა შეგონება მიიღო. რა არის ამ განცხადების მიზანი? როგორც პავლემ თქვა, ეს „ჭკუის სასწავლებელი“ იქნება სხვებისთვის, რომ მათაც იფრთხილონ.

18. როგორ უნდა მოიქცნენ უხუცესები, თუ სერიოზულ ცოდვას არასრულწლოვანი სჩადის? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

18 როგორ უნდა მოიქცნენ უხუცესები, თუ სერიოზულ ცოდვას არასრულწლოვანი მონათლული ქრისტიანი სჩადის? ამ შემთხვევაში უხუცესთა საბჭო შეარჩევს ორ უხუცესს, რომლებიც არასრულწლოვანს ქრისტიან მშობლებთან ერთად შეხვდებიან. b ისინი გაარკვევენ, რა ნაბიჯები გადადგეს მშობლებმა თავიანთი შვილის დასახმარებლად, რომ მონანიებისკენ აღეძრათ. თუ უხუცესები დაინახავენ, რომ შვილი ითვალისწინებს მშობლების რჩევებს და საჭირო ცვლილებებს ახდენს, შეიძლება საჭიროდ აღარ ჩათვალონ დამატებითი ზომების მიღება. მათ ესმით, რომ იეჰოვამ უშუალოდ მშობლებს მიანდო შვილების სიყვარულით აღზრდის და დარიგების პასუხისმგებლობა (კან. 6:6, 7; იგავ. 6:20; 22:6; ეფეს. 6:2–4). თუმცა ისინი დროდადრო გაესაუბრებიან მათ იმის გასარკვევად, იღებს თუ არა არასრულწლოვანი საჭირო სულიერ დახმარებას. მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ უხუცესები, თუ მონათლული არასრულწლოვანი კვლავაც აგრძელებს ცოდვის ჩადენას? ამ შემთხვევაში უხუცესთა კომიტეტი მას ქრისტიან მშობლებთან ერთად შეხვდება.

თუ სერიოზულ ცოდვას არასრულწლოვანი ჩაიდენს, ორი უხუცესი მას ქრისტიან მშობლებთან ერთად შეხვდება (იხილეთ აბზაცი 18).


ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲗᲐᲜᲐᲛᲒᲠᲫᲜᲝᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲣᲚᲛᲝᲬᲧᲐᲚᲔ ᲦᲛᲔᲠᲗᲘᲐ

19. როგორ ჰბაძავენ უხუცესები იეჰოვას შემცოდველთან ურთიერთობისას?

19 უხუცესთა კომიტეტს იეჰოვას წინაშე კრების სიწმინდის დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია (1 კორ. 5:7). თუმცა მათ ისიც ძალიან სურთ, რომ მიჰბაძონ იეჰოვას, რომელიც თანამგრძნობი და გულმოწყალე ღმერთია (იაკ. 5:11). ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, შემცოდველი მონანიებისკენ აღძრან და ოპტიმისტურ განწყობას არ კარგავენ. მათ ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორიც მოციქულ იოანეს ჰქონდა: „ჩემო შვილებო, ამას იმიტომ გწერთ, რომ არ შესცოდოთ, მაგრამ, თუ ვინმე მაინც შესცოდავს, გვყავს შუამავალი მამასთან, მართალი იესო ქრისტე“ (1 იოან. 2:1).

20. რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?

20 სამწუხაროდ, ზოგჯერ ისე ხდება, რომ ქრისტიანი არ ინანიებს, რის გამოც მას კრებაში ვერ დატოვებენ. ამის შემდეგ როგორ იქცევიან უხუცესები? ამ კითხვაზე პასუხს ბოლო სტატიიდან დავინახავთ.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 103 მწყემსები – ძღვენი ადამიანთა სახით

a ადრე ამ კომიტეტს „სამართლებრივი კომიტეტი“ ერქვა. თუმცა ეს ტერმინი მეტად აღარ გამოიყენება, რადგან ის ამ კომიტეტის შექმნის მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიზანზე ამახვილებდა ყურადღებას. ამიერიდან მას მოვიხსენიებთ როგორც „უხუცესთა კომიტეტს“.

b აქ მოცემული სახელმძღვანელო პრინციპები აგრეთვე ეხება კანონიერ მეურვეს ან მას, ვისაც არასრულწლოვანზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აკისრია.