არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არის შენი მსახურება ნამივით?

არის შენი მსახურება ნამივით?

ჩვენი მსახურება მეტად მნიშვნელოვანი და ფასეულია. თუმცა ყველა, ვისაც ვუქადაგებთ, არ აფასებს მას. ისინიც კი, ვინც ინტერესდებიან ბიბლიური ცნობით, შესაძლოა ვერ ხედავდნენ ჩვენთან ბიბლიის შესწავლის დაწყების აუცილებლობას.

სწორედ ასე მოხდა ერთი მამაკაცის, გევინის, შემთხვევაში. მართალია, მან კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო, მაგრამ ბიბლიის შესწავლაზე უარი თქვა. იგი ამბობს: „ბიბლიის ბევრი არაფერი გამეგებოდა და არ მინდოდა, ეს სხვებსაც შეენიშნათ. არც ის მინდოდა, რომ ვინმეს მოვეტყუებინე. საკუთარ თავზე ვალდებულებების აღებაც მაშინებდა“. თქვენი აზრით, არაფერი გამოვიდოდა გევინისგან? ნამდვილად არასწორი იქნებოდა, თუკი ასე ვიფიქრებდით, ვინაიდან ბიბლიის სწავლებებს ადამიანის სასიკეთოდ გარდაქმნა შეუძლია. აი, რა უთხრა იეჰოვამ ძველად თავის ხალხს: „ნამივით დაეპკურება ჩემი სიტყვა, როგორც ჟუჟუნა წვიმა მდელოზე“ (კან. 31:19, 30; 32:2). მოდი, ვიმსჯელოთ ნამის თავისებურებებზე, რაც დაგვეხმარება, მსახურებაში დახელოვნებულად გადავცეთ ღვთის სიტყვა ყველანაირ ადამიანს (1 ტიმ. 2:3, 4).

რა მხრივაა მსახურება ნამივით?

ნამი ნაზად ეფინება მიწას. ნამი ჰაერში აორთქლებული წყალია, რომელიც წვრილ-წვრილ წვეთებად ეფინება მიწის ზედაპირს. იეჰოვას სიტყვები იმ გაგებით იყო ნამივით, რომ ის თავის ხალხს თავაზიანად, რბილად და პატივისცემით მიმართავდა. ჩვენ მას ვბაძავთ, თუ პატივს ვცემთ სხვის აზრს. ამასთანავე, გვსურს, ხალხს დამოუკიდებელი მსჯელობისკენ ვუბიძგოთ, რათა თავად გამოიტანონ დასკვნები. თუ თავაზიანობას გამოვიჩენთ, ჩვენი ნათქვამი უფრო მისაღები იქნება მსმენელისთვის და უფრო წარმატებულადაც ვიქადაგებთ.

ნამი გამომაცოცხლებელია. ჩვენი მსახურება სხვებისთვის გამომაცოცხლებელი იქნება, თუ ვიფიქრებთ, როგორ გავუღვივოთ მათ ინტერესი. გევინისთვის, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ბიბლიის შესწავლის დაწყება არავის დაუძალებია. კრისმა, ძმამ, რომელმაც მას ბიბლიის შესწავლა შესთავაზა, სხვა გზებს დაუწყო ძებნა, რათა გევინისთვის სასიამოვნო გამხდარიყო ბიბლიურ თემებზე მსჯელობა. ის გევინს ბიბლიის მთავარ თემაზე ესაუბრა და აუხსნა, რომ თუ კარგად ჩასწვდებოდა ამ საკითხს, ეს კრების შეხვედრებზე მოსმენილის გაგებას გაუადვილებდა. კრისი გევინს საკუთარ მაგალითზეც ესაუბრა და მოუყვა, თუ როგორ დაარწმუნა ბიბლიაში ჩაწერილმა წინასწარმეტყველებებმა ამ წიგნის უტყუარობაში. ამას არაერთი მსჯელობა მოჰყვა ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე. ასეთი საუბრები გევინისთვის გამომაცოცხლებელი აღმოჩნდა და საბოლოოდ, მან ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოთქვა.

ნამი სიცოცხლის შესანარჩუნებლადაა საჭირო. ისრაელში ცხელი და მშრალი სეზონი დიდხანს გრძელდება; თვეების მანძილზე შეიძლება ერთი წვეთიც კი არ ჩამოვარდეს ციდან. შესაბამისად, არც ნამი წარმოიქმნება, რის გამოც მცენარეები ხმება და კვდება. სულიერი გაგებით, დღეს ქვეყნიერებაში გვალვაა, რაც იეჰოვას მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველების შესრულებაა (ამოს. 8:11). იეჰოვას დაპირებისამებრ, ცხებული ქრისტიანები, რომლებიც „სხვა ცხვართან“ ერთად სამეფოს ცნობას იქადაგებდნენ, იქნებოდნენ „როგორც ნამი იეჰოვასგან“ (მიქ. 5:7; იოან. 10:16). ვაფასებთ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ, რომელიც იეჰოვასგან მაცოცხლებელი ნამივითაა?

ნამი კურთხევაა იეჰოვასგან (კან. 33:13). ჩვენი მსახურების შედეგად, კურთხევას იღებენ ისინი, ვინც ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას. გევინმაც სწორედ ასეთი კურთხევა მიიღო. ბიბლიის შესწავლის წყალობით მის ყველა კითხვას გაეცა პასუხი. მან სულიერად წინ მალე წაიწია და მოინათლა. ახლა ის თავის მეუღლესთან, ჯოისთან, ერთად სრულადაა ჩაბმული სასიხარულო ცნობის ქადაგების საქმეში.

იეჰოვას მოწმეების ქადაგება ნამივითაა, რომელიც ჟღენთს მიწას

დააფასე შენი მსახურება

ნამის თავისებურებებზე დაფიქრება დაგვეხმარება, რომ უმნიშვნელოდ არ მივიჩნიოთ იეჰოვას მსახურებაში ჩვენ მიერ შეტანილი წვლილი. მართალია, წყლის თითო-ოროლა წვეთს ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მიწის ზედაპირზე უხვად დაფენილი ცვარ-ნამი ნიადაგს ჟღენთს. მსგავსად ამისა, შეიძლება ჩვენი წვლილი ღვთის საქმეში მიზერული გვეჩვენება, მაგრამ ფაქტია, რომ იეჰოვას მსახურთა ერთობლივი ძალისხმევით სასიხარულო ცნობა „ყველა ხალხამდე“ აღწევს (მათ. 24:14). მიიღებს ხალხი ჩვენი მსახურების შედეგად იეჰოვას კურთხევას? ეს ნამდვილად ასე მოხდება, თუ ჩვენ მიერ ხალხისთვის ნაქადაგები ცნობა ნამივით იქნება, რომელიც ნაზად ეფინება მიწას, გამომაცოცხლებელია და სიცოცხლის შენარჩუნებას უწყობს ხელს.