ერთგულებით ღვთის კეთილგანწყობას მოვიპოვებთ
„[მიჰბაძეთ] მათ, რომლებიც რწმენითა და მოთმინებით იმკვიდრებენ ყველა დანაპირებს“ (ებრ. 6:12).
1, 2. რა სირთულის პირისპირ აღმოჩნდნენ იფთახი და მისი ქალიშვილი?
როგორც იქნა, დასრულდა მტანჯველი მოლოდინი. ომიდან დაბრუნებულ საღ-სალამათ მამას ქალიშვილი ცეკვა-სიმღერით ეგებება; იგი მამის დიდებული გამარჯვებით ხარობს. თუმცა შვილისგან განსხვავებით, მამას სასოწარკვეთა იპყრობს, ტანზე სამოსს იხევს და სიმწრით ამბობს: „ვაიმე, შვილო! ეს რა მიყავი!“. შემდეგ მამა ისეთ რამეს ამბობს, რაც ძირფესვიანად შეცვლის მისი ქალიშვილის მომავალს; ქალიშვილს იმედები ემსხვრევა — იგი ვეღარასოდეს შექმნის ოჯახს და ვეღარ იყოლიებს შვილებს. მიუხედავად ამისა, შვილი მამას ისეთ რამეს ეუბნება, რაც მას იეჰოვასთვის მიცემული პირობის შესრულებას უადვილებს. ქალიშვილის სიტყვებში უდიდესი რწმენა გამოსჭვივის. იგი დარწმუნებულია, რომ იეჰოვამ რაც არ უნდა სთხოვოს, ეს მის კეთილდღეობას მოემსახურება (მსაჯ. 11:34—37). მამას გული სიამაყით ევსება. მან იცის, რომ მისი ქალიშვილის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს მამის გადაწყვეტილებას, უთუოდ დიდ სიხარულს მოჰგვრის იეჰოვას.
2 იფთახმა და მისმა ღვთისმოშიშმა ქალიშვილმა სრული ნდობა გამოუცხადეს იეჰოვას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ რთული იყო. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ღვთის
კეთილგანწყობის მოპოვება ნებისმიერ მსხვერპლად ღირდა.3. რაში დაგვეხმარება იფთახისა და მისი ქალიშვილის მაგალითი?
3 ცხადია, ყოველთვის ადვილი არაა, უერთგულოთ იეჰოვას. ამისათვის აუცილებელია, „იბრძოლოთ რწმენისთვის“ (იუდ. 3). ამაში დიდ დახმარებას გაგიწევთ იმის განხილვა, თუ როგორ გაართვეს თავი იფთახმა და მისმა ქალიშვილმა სირთულეებს. მოდი, ვნახოთ, როგორ შეინარჩუნეს მათ იეჰოვასადმი ერთგულება.
უერთგულეთ ღმერთს ქვეყნიერების გავლენის მიუხედავად
4, 5. ა) რა ჰქონდა იეჰოვას ნაბრძანები ისრაელისთვის აღთქმულ მიწაზე შესვლამდე? ბ) რა შედეგები მოუტანა ისრაელ ერს ურჩობამ, როგორც ამას 106-ე ფსალმუნიდან ვხედავთ?
4 იფთახი და მისი ქალიშვილი, ალბათ, ყოველდღიურად ხედავდნენ, თუ რა სავალალო შედეგები მოუტანა ისრაელს ორგულობამ. თითქმის 300 წლით ადრე ღმერთს მათი მამა-პაპისთვის ნაბრძანები ჰქონდა, რომ აღთქმული მიწიდან ყველა წარმართი ერი აღეგავათ (კან. 7:1—4). სამწუხაროდ, ისრაელები ღმერთს ეურჩნენ; მრავალი მათგანი ქანაანელთა ცოდვილ გზას დაადგა. შედეგად, მათ ცრუ ღმერთების თაყვანისცემა და აღვირახსნილი ცხოვრება დაიწყეს (წაიკითხეთ ფსალმუნის 106:34—39).
5 ამან, თავის მხრივ, იეჰოვას გულისწყრომა გამოიწვია; ღმერთმა უარი თქვა თავისი ერის მფარველობაზე (მსაჯ. 2:1—3, 11—15; ფსალმ. 106:40—43). წარმოიდგინეთ, რაოდენ რთული იქნებოდა იმ დროს იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება! თუმცა, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთს ჰყავდა ერთგული მსახურები, მაგალითად: იფთახი და მისი ქალიშვილი, ელკანა, ხანა და სამუელი. ამ ერთგულ ადამიანებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ ყოველთვის ღვთისმოსაწონად მოქცეულიყვნენ (1 სამ. 1:20—28; 2:26).
6. როგორ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ და რას უნდა ვეცადოთ?
6 დღეს ხალხის აზროვნება და ცხოვრების წესი დიდად არ განსხვავდება ქანაანელთა აზროვნებისა თუ ცხოვრების წესისგან — პოპულარიზაცია ეწევა სექსს, ძალადობასა და მომხვეჭელობას. იეჰოვამ როგორც ისრაელი ერი გააფრთხილა, ისე ჩვენც გვაფრთხილებს, რომ არ მოვექცეთ ქვეყნიერების გავლენაში. რის სწავლა შეგვიძლია ისრაელი ერის შეცდომებზე? (1 კორ. 10:6—11). ჩვენ ყოველი ღონე უნდა მოვახმაროთ იმას, რომ გონებიდან ამოვიძირკვოთ „ქანაანური“ აზროვნების ნებისმიერი კვალი (რომ. 12:2). ვითვალისწინებთ ამ რჩევას?
უერთგულეთ ღმერთს განაწყენების მიუხედავად
7. ა) როგორ მოექცა იფთახს თავისი ხალხი? ბ) როგორ მოიქცა იფთახი?
7 იფთახის დროს ურჩი ისრაელები ფილისტიმელებმა და ამონელებმა დაიმონეს (მსაჯ. 10:7, 8). იფთახი სირთულეებს მხოლოდ მტრულად განწყობილი მეზობელი ერებისგან კი არ ხვდებოდა, არამედ საკუთარი ძმებისა და ისრაელის წინამძღოლებისგანაც. შურითა და სიძულვილით შეპყრობილმა ნახევარძმებმა იფთახი სახლიდან გააგდეს და მას, როგორც პირმშოს, კუთვნილი მემკვიდრეობა წაართვეს (მსაჯ. 11:1—3). ამის მიუხედავად, იფთახი არ გაბოროტებულა. როცა მას ისრაელის უხუცესებმა დახმარება სთხოვეს, ისინი უარით არ გაუსტუმრებია (მსაჯ. 11:4—11). რატომ მოიქცა იფთახი ისე, როგორც სულიერად მოწიფულ პიროვნებას შეშვენის?
8, 9. ა) მოსეს კანონში ჩადებული რომელი პრინციპები იმოქმედებდა იფთახის გულსა და გონებაზე? ბ) რა იყო იფთახისთვის უმთავრესი?
8 იფთახი მხოლოდ ძლიერი მეომარი არ ყოფილა. მან ისიც კარგად იცოდა, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა თავის ხალხს მრავალი წლის მანძილზე. ისრაელი ერის ისტორიის ცოდნა მას საშუალებას აძლევდა, რომ დაენახა, რა იყო სწორი იეჰოვას თვალში და რა — არასწორი (მსაჯ. 11:12—27). მოსეს კანონში ჩადებულმა პრინციპებმა იფთახის გულსა და გონებაზე უდიდესი გავლენა იქონია. მან იცოდა, რომ იეჰოვა არათუ გულში ბოღმის ჩადებას არ იწონებდა, არამედ, პირიქით, თავისი ხალხისგან ურთიერთსიყვარულს მოითხოვდა. კანონი იმასაც ითვალისწინებდა, რომ ისრაელებს ყველასთვის, მოძულეთათვისაც კი გაემართათ ხელი (წაიკითხეთ გამოსვლის 23:5; ლევიანების 19:17, 18).
9 იფთახზე დადებითი გავლენა შესაძლოა ღვთის ერთგული მსახურის, იოსების მაგალითმაც მოახდინა. იოსებიც ძმებმა შეიძულეს, თუმცა მან დიდსულოვნება გამოიჩინა მათ მიმართ (დაბ. 37:4; 45:4, 5). ალბათ, ეს და მსგავსი მაგალითები დაეხმარა იფთახს, რომ იეჰოვას მოსაწონად ემოქმედა. მართალია, იგი გულნატკენი დარჩებოდა ძმების საქციელით, მაგრამ ამის გამო მას იეჰოვას მსახურებასა და მისი ხალხის დახმარებაზე უარი არ უთქვამს (მსაჯ. 11:9). იფთახი იეჰოვას სახელის დაცვას გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ვიდრე საკუთარ გრძნობებს. მისთვის უმთავრესი იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება იყო, რასაც სიკეთე მოჰქონდა როგორც მისთვის, ისე თანამოძმეთათვის (ებრ. 11:32, 33).
10. როგორ დაგვეხმარება ბიბლიური პრინციპები, რომ ისე მოვიქცეთ, როგორც ქრისტიანს შეშვენის?
10 რის სწავლა შეგვიძლია იფთახის მაგალითიდან? იმ შემთხვევაში, თუ თანაქრისტიანი გვაწყენინებს ან ცუდად მოგვექცევა, არ უნდა შევწყვიტოთ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება, იეჰოვას მსახურება და კრებასთან აქტიურად თანამშრომლობა. როცა უსიამოვნებას შევხვდებით, მოდი, მივბაძოთ იფთახს და ვიხელმძღვანელოთ ღვთიური პრინციპებით, რასაც კარგი შედეგები მოჰყვება (რომ. 12:20, 21; კოლ. 3:13).
მზადყოფნის სული რწმენის სიძლიერეზე მეტყველებს
11, 12. ა) რა აღთქმა დაუდო იფთახმა იეჰოვას? ბ) რა იგულისხმებოდა „დასაწვავ შესაწირავში“?
11 იფთახს ესმოდა, რომ ღვთის დახმარების გარეშე ისრაელს ამონელთა ხელიდან ვერ დაიხსნიდა. მან იეჰოვას აღთქმა დაუდო, რომ, თუ გაიმარჯვებდა, ღმერთს „დასაწვავ შესაწირავად“ აღუვლენდა მას, ვინც ომიდან დაბრუნებულს სახლიდან პირველი გამოეგებებოდა (მსაჯ. 11:30, 31). რას გულისხმობდა იფთახი „დასაწვავ შესაწირავში“?
12 როგორც ბიბლიიდან ვიცით, ადამიანების მსხვერპლად შეწირვა იეჰოვასთვის სისაძაგლე იყო. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ იფთახს მხედველობაში ადამიანის მსხვერპლად შეწირვა არ ჰქონდა (კან. 18:9, 10). მოსეს კანონის თანახმად, დასაწვავი შესაწირავი მთლიანად იეჰოვას ეკუთვნოდა. ასე რომ, იფთახს, როგორც ჩანს, მხედველობაში ის ჰქონდა, რომ ვინც პირველი გამოეგებებოდა, იეჰოვასთვის განსაკუთრებული მსახურებისთვის გაამწესებდა, ანუ იგი მთელი ცხოვრების მანძილზე კარავში იმსახურებდა. იეჰოვამ იფთახის პირობა მოიწონა და მტრებზე ბრწყინვალე გამარჯვება მოაპოვებინა (მსაჯ. 11:32, 33). მაგრამ საინტერესოა, ვინ აღმოჩნდებოდა ის, ვისაც იფთახი „დასაწვავ შესაწირავად“ აღუვლენდა იეჰოვას?
13, 14. რას გვიმჟღავნებს მსაჯულების 11:35-ში ჩაწერილი სიტყვები იფთახის რწმენის შესახებ?
13 მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ეპიზოდი. როგორც აღვნიშნეთ, ბრძოლის ველიდან დაბრუნებულ იფთახს მისი საყვარელი ქალიშვილი, ერთადერთი შვილი ეგებება! მამა ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე დგება. შეასრულებს იგი სიტყვას, შეელევა თავის საყვარელ შვილს და გაუშვებს მას კარავში, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე იეჰოვას ემსახუროს?
14 იფთახმა ამჯერადაც ღვთიური პრინციპებით იხელმძღვანელა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. შესაძლოა მას გაახსენდა გამოსვლის 23:19-ში ჩაწერილი სიტყვები, რომელიც ღვთის ხალხს იეჰოვასთვის საუკეთესოს გაღებისკენ მოუწოდებდა. კანონში ისიც იყო ნათქვამი, რომ, თუ ვინმე აღთქმას დადებდა, უნდა შეესრულებინა კიდეც. მასში ვკითხულობთ: „თუ კაცი აღთქმას მისცემს იეჰოვას . . . თავის სიტყვას არ უნდა გადავიდეს; რაც მისი პირიდან გამოვა, ის უნდა გააკეთოს“ (რიცხ. 30:2). იფთახმა ღვთის ერთგული მსახურის, ხანას მსგავსად, რომელიც, სავარაუდოდ, მის დროს ცხოვრობდა, თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ დადებული პირობა შეესრულებინა, თუმცა ისიც კარგად იცოდა, რას ნიშნავდა ეს მისთვის და მისი ქალიშვილისთვის. იფთახს სხვა შვილი არ ჰყოლია; მისი ქალიშვილი იყო მისი ერთადერთი იმედი, რომელიც მის შთამომავლობას გააგრძელებდა და მას სახელსა და მემკვიდრეობას შეუნარჩუნებდა (მსაჯ. 11:34). მიუხედავად ამისა, როგორც მსაჯულების 11:35-ში ვკითხულობთ, იფთახმა თქვა: „სიტყვა მივეცი იეჰოვას და უკან ვერ წავიღებ!“. მართალია, იფთახს ერთგულების შენარჩუნება უდიდესი მსხვერპლის ფასად დაუჯდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მან ღვთისგან კურთხევა მიიღო და მისი კეთილგანწყობა მოიპოვა. თქვენ რომ იფთახის ადგილზე ყოფილიყავით, როგორ მოიქცეოდით?
15. რა აღვუთქვით იეჰოვას და როგორ უნდა დავუმტკიცოთ მას ერთგულება?
15 როცა იეჰოვას თავი მივუძღვენით, აღვუთქვით, რომ უპირველესად მის ნებას შევასრულებდით. ჩვენ ისიც გააზრებული გვქონდა, რომ ამ პირობის შესასრულებლად თავგანწირვა იქნებოდა საჭირო. თუმცა ჩვენი მზადყოფნის სული შეიძლება განსაკუთრებით მაშინ გამოიცადოს, როცა ისეთი რამის კეთებას გვთხოვენ, რაც მაინცდამაინც არ მოგვწონს. როდესაც ღვთის მსახურების გამო ასეთ მსხვერპლს ვიღებთ, ამით ღმერთს ერთგულებას ვუმტკიცებთ. ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლი, რის ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ვერაფრით გაუტოლდება იმ კურთხევებს, რომელსაც იეჰოვა სანაცვლოდ მოგვცემს (მალ. 3:10). მოდი, ახლა იფთახის ქალიშვილზეც ვისაუბროთ.
16. როგორ მოიქცა იფთახის ქალიშვილი? (იხილეთ სურათი მე-5 გვერდზე)
16 იფთახის მიერ პირობის შესრულება მის ქალიშვილს საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდებდა. იფთახის აღთქმა ხანას აღთქმისგან განსხვავდებოდა. ხანა ღმერთს შეჰპირდა, რომ თავის შვილს მას მიუძღვნიდა კარავში ნაზირად მსახურებისთვის (1 სამ. 1:11). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ნაზირს შეეძლო ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა. მაგრამ იფთახის ქალიშვილის შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარად იყო. იგი მამას დასაწვავ შესაწირავად უნდა „შეეწირა“, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას უარი უნდა ეთქვა დაოჯახებასა და შვილების ყოლაზე (მსაჯ. 11:37—40). რომ არა ეს აღთქმა, გამარჯვებული მეთაურისა და ისრაელის წინამძღოლის ქალიშვილი, ალბათ, ყველაზე სასურველ მამაკაცს გაჰყვებოდა ცოლად. მაგრამ მას ახლა კარავში მოუწევდა მსახურება. როგორ მოიქცა იგი? იფთახის ქალიშვილმა იეჰოვას მსახურება პირველ ადგილზე დააყენა. მან თქვა: „მამა, თუ სიტყვა მიეცი იეჰოვას, შენი სიტყვისამებრ მომექეცი“ (მსაჯ. 11:36). იფთახის ქალიშვილმა უარი თქვა დაოჯახებასა და შვილების ყოლაზე, რათა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის მხარი დაეჭირა. ჩვენ როგორ მივბაძოთ მას თავგანწირვის სულის გამოვლენაში?
17. ა) როგორ გამოვავლინოთ ისეთივე რწმენა, როგორიც იფთახსა და მის ქალიშვილს ჰქონდათ? ბ) რისკენ აღგვძრავს ებრაელების 6:10—12-ში ჩაწერილი სიტყვები?
17 ათასობით ახალგაზრდა ქრისტიანი უარს ამბობს ოჯახის შექმნასა თუ შვილების ყოლაზე, რაღაც დროით მაინც, რათა იეჰოვას მსახურებაში სრულად დაიხარჯონ. შედარებით უფროსი ასაკის და-ძმებიდან ზოგი თავის დროს იმისათვის იყენებს, რომ მონაწილეობა მიიღოს სამშენებლო პროექტებში, გაიაროს სამეფოს მახარობელთა სკოლა და იქ იმსახუროს, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა; თუმცა მათ შეეძლოთ, რომ ეს დრო თავიანთ შვილებთან და შვილიშვილებთან გაეტარებინათ. ზოგი კი თავის საქმეებს ისე გეგმავს, რომ გახსენების საღამოს პერიოდში შეძლებისდაგვარად მეტი იმსახუროს. ამგვარი გულმოდგინება გულს უხარებს იეჰოვას; იგი არასოდეს დაივიწყებს თავის მსახურთა შრომასა და სიყვარულს, რომელსაც მისი სახელისთვის ავლენენ (წაიკითხეთ ებრაელების 6:10—12). შეგიძლიათ უფრო მეტად დაიხარჯოთ იეჰოვას მსახურებაში?
რა ვისწავლეთ?
18, 19. რა ვისწავლეთ იფთახისა და მისი ქალიშვილის ცხოვრებიდან?
18 მართალია, იფთახს რთულ პერიოდში მოუწია ცხოვრება, მაგრამ გადაწყვეტილებებს ის ყოველთვის იეჰოვას პრინციპების საფუძველზე იღებდა. მასზე გავლენას ვერ ახდენდა ის გარემო, რომელშიც ცხოვრობდა. წყენასა და გულისტკენას ოდნავადაც არ შეურყევია იფთახის გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩენილიყო. იფთახისა და მისი ქალიშვილის მზადყოფნის სული ღმერთმა დიდად აკურთხა — ორივე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ხელშესაწყობად გამოიყენა. მაშინ, როცა გარშემომყოფნი ღვთის პრინციპებს უგულებელყოფდნენ, იფთახი და მისი ქალიშვილი ღმერთს არ ღალატობდნენ.
19 ბიბლია მოგვიწოდებს, რომ მივბაძოთ „მათ, რომლებიც რწმენითა და მოთმინებით იმკვიდრებენ ყველა დანაპირებს“ (ებრ. 6:12). მოდი, ყოველთვის გვახსოვდეს იფთახისა და მისი ქალიშვილის მაგალითი. მათმა ცხოვრებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ერთ უცვლელ ჭეშმარიტებას: ერთგულებით ღვთის კეთილგანწყობას მოვიპოვებთ.