არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაე თქვენმა მზადყოფნის სულმა განადიდოს იეჰოვა!

დაე თქვენმა მზადყოფნის სულმა განადიდოს იეჰოვა!

„ხალხი ხალისით მიდის. აკურთხეთ იეჰოვა!“ (მსაჯ. 5:2).

სიმღერები: 150, 10

1, 2. ა) რას ამტკიცებდნენ ელიფაზი და ბილდადი? ბ) როგორ მოჰფინა იეჰოვამ ნათელი ამ საკითხს?

„რას არგებს ღმერთს კაცი ან რას არგებს მას წვდომის უნარის მქონე? განა განიცდის ყოვლისშემძლე რაიმე კმაყოფილებას შენი სიმართლით, ან რა გამორჩენა აქვს, თუ უმწიკვლოდ დადიხარ?“ (იობ. 22:1—3). დაფიქრებულხართ ოდესმე ამ კითხვებზე? როცა თემანელმა ელიფაზმა ეს კითხვები იობს დაუსვა, მას ეჭვი არ შეჰპარვია, რომ მათზე პასუხი უარყოფითი იქნებოდა. შუახელმა ბილდადმაც აუბა მხარი ელიფაზს და ამტკიცებდა, რომ შეუძლებელი იყო, ადამიანი ღვთის თვალში მართლად ჩათვლილიყო (წაიკითხეთ იობის 25:4).

2 ეს ვაი-ნუგეშისმცემლები ამტკიცებდნენ, რომ ერთგულ მსახურებას იეჰოვასთვის არანაირი სარგებლობა არ მოჰქონდა და მის თვალში ადამიანებს ჩრჩილზე, მატლსა და ჭიაყელაზე მეტი ფასი არ ჰქონდათ (იობ. 4:19; 25:6). ერთი შეხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ელიფაზი და ბილდადი თავმდაბლობას ავლენდნენ (იობ. 22:29). შეიძლება მაღალი მთის მწვერვალიდან ან თვითმფრინავის ფანჯრიდან ადამიანების საქმიანობა უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ ასე უყურებს იეჰოვაც სამეფო საქმეში ჩვენ მიერ შეტანილ წვლილს, როცა დედამიწას აკვირდება? იეჰოვამ ნათელი გახადა, რას ფიქრობდა ამ საკითხზე, როცა ელიფაზი, ბილდადი და ცოფარი სიცრუისთვის გაკიცხა, ხოლო იობს მოწონების ნიშნად თავისი მსახური უწოდა (იობ. 42:7, 8). ამგვარად გამოჩნდა, რომ სავსებით შესაძლებელია, ადამიანი ღვთისთვის გამოსადეგი იყოს.

„რას შემატებ მას“?

3. რა თქვა ელიჰუმ და რას გულისხმობდა ის?

3 იეჰოვას არ გაუკიცხავს ელიჰუ, რომელმაც იკითხა: „მართალიც რომ იყო, რას შემატებ მას, ან რას მიიღებს იგი შენი ხელიდან?“ (იობ. 35:7). ელიჰუსაც იმის თქმა უნდოდა, რომ ღვთის მსახურებას ფასი არა აქვს? არა. მან თქვა, რომ იეჰოვა ჩვენს თაყვანისცემაზე არ არის დამოკიდებული; მას არაფერი სჭირდება. ჩვენ ვერც გავამდიდრებთ და ვერც უფრო ძლევამოსილს გავხდით მას. პირიქით, რაც გაგვაჩნია — კარგი თვისებები, ნიჭი და ძალა — ყველაფერი ღვთისგან გვაქვს ბოძებული და მისთვის სულერთი არ არის, როგორ ვიყენებთ მათ.

4. რასთან აიგივებს იეჰოვა სხვებისთვის ჩვენ მიერ გაკეთებულ სიკეთეს?

4 როცა სიკეთეს ვავლენთ იეჰოვას მსახურების მიმართ, ის ამას პირადად მისთვის გაკეთებულ სიკეთედ მიიჩნევს. იგავების 19:17-ში ნათქვამია: „ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას; ის გადაუხდის მას მისი საქმისთვის“. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი ყოველთვის ამჩნევს ღარიბებისა და საწყლებისთვის ჩვენ მიერ გაკეთებულ სიკეთეს. სამყაროს შემოქმედი თავს მოვალედ თვლის არასრულყოფილი ადამიანების წინაშე, რომლებიც წყალობას ავლენენ, და სანაცვლოდ კურთხევებს არ აკლებს მათ. ეს ღვთის ძემ, იესომაც დაადასტურა (წაიკითხეთ ლუკას 14:13, 14).

5. რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი?

5 იეჰოვამ წინასწარმეტყველ ესაიას მოუწოდა, მისი სახელით ელაპარაკა, რითაც ცხადყო, რომ ძალიან სიამოვნებს, როცა ერთგულ ადამიანებს თავისი წვლილი შეაქვთ მისი განზრახვის შესრულებაში (ეს. 6:8—10). ესაია მზადყოფნით გამოეხმაურა ამ მოწოდებას. დღესაც ათასობით ღვთის მსახური ავლენს მსგავს სულისკვეთებას. როგორი რთულიც არ უნდა იყოს დავალება, ისინი ამბობენ: „მე წავალ! მე გამგზავნე!“. თუმცა ვინმემ შეიძლება იკითხოს: „მართლა მნიშვნელოვანია, მე რას გავაკეთებ?! თუმცა ძალიან დასაფასებელია, რომ იეჰოვა თავის საქმეში მონაწილეობის შესაძლებლობას მაძლევს, განა გაუჭირდება მას უჩემოდ ამ საქმის ბოლომდე მიყვანა?!“. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ იმ პერიოდში მომხდარი მოვლენები, როცა დებორა და ბარაკი ცხოვრობდნენ.

ღმერთი გაბედულებას სძენს დაშინებულ ხალხს

6. რატომ შეიძლებოდა იაბინის ჯარს ადვილად დაემარცხებინა ისრაელები?

6 ქანაანის მეფე იაბინი 20 წლის მანძილზე „სასტიკად ჩაგრავდა“ ისრაელებს. ხალხს გარეთ გასვლისა ეშინოდა. სამხედრო თვალსაზრისით ისინი მოუმზადებლები იყვნენ, რადგან არც იარაღი ჰქონდათ და არც აღჭურვილობა, მაშინ როცა მათ მტრებს 900 დანებიანი * ეტლი ჰყავდათ (მსაჯ. 4:1—3, 13; 5:6—8).

7, 8. ა) რა მითითება მისცა იეჰოვამ ბარაკს? ბ) როგორ დაამარცხა ისრაელმა იაბინის ჯარი? (იხილეთ სურათი 28-ე გვერდზე)

7 მიუხედავად ამისა, იეჰოვამ წინასწარმეტყველ დებორას მეშვეობით ნათელი მითითება მისცა ბარაკს: „წადი, თან წაიყვანე ათი ათასი კაცი ნაფთალისა და ზებულონის ძეებიდან და მოეფინე თაბორის მთას, მე კი კიშონის ხევთან მოგიყვან სისერას, იაბინის ლაშქრის მეთაურს, მის საომარ ეტლებსა და მის ხალხს და ხელში ჩაგიგდებ“ (მსაჯ. 4:4—7).

8 ეს სიტყვები სწრაფად გავრცელდა ხალხში და მოხალისეებმა თაბორის მთასთან მოიყარეს თავი. ბარაკი დაუყოვნებლივ შეუდგა იეჰოვას მითითების შესრულებას (წაიკითხეთ მსაჯულების 4:14—16). თაანახთან ბრძოლის დროს უეცრად კოკისპირული წვიმა წამოვიდა და იქაურობა დააჭაობა. ბარაკმა სისერას ჯარს 24 კილომეტრზე სდია ხაროშეთამდე. სისერამ მიატოვა ტალახში ჩაფლული თავისი ეტლი და ცაანანიმში გაიქცა. მან კენიელი ხებერის ცოლის, იაელის კარავს მიაშურა. იაელმა კარავში შეიპატიჟა ის. დაღლილ-დაქანცულ სისერას მაშინვე ჩაეძინა. ამიტომ გაბედულ იაელს მისი მოკვლა არ გასჭირვებია (მსაჯ. 4:17—21). ისრაელმა, როგორც იქნა, დაამარცხა თავისი მტერი! *

მოხალისედ მსახურების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება

9. რა დეტალებს ჰფენს ნათელს მსაჯულების 5:20, 21?

9 მსაჯულების მე-4 თავთან ერთად მე-5 თავიც უნდა განვიხილოთ, რადგან ის ნათელს ჰფენს მეოთხე თავში მოთხრობილ ისტორიას. მაგალითად, მსაჯულების 5:20, 21-ში ნათქვამია: „ციდან ვარსკვლავები იბრძოდნენ, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ სისერას. კიშონის ხევმა წალეკა ისინი“. რაზე მიანიშნებდა ეს სიტყვები — ანგელოზების დახმარებაზე თუ მეტეორიტების წვიმაზე? ბიბლია არ აკონკრეტებს ამას. მაგრამ სხვას რას უნდა მივაწეროთ კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ დროს კოკისპირული წვიმის წამოსვლა, რომელმაც 900 ეტლი ტალახში ჩააფლო, თუ არა ღვთის ჩარევას? მსაჯულების 4:14, 15-ში სამჯერ არის ნათქვამი, რომ ეს გამარჯვება იეჰოვას დამსახურება იყო. ისრაელის 10 000 მეომრიდან ვერც ერთი ვერ მიაწერდა საკუთარ თავს ამ გამარჯვებას.

10, 11. რა შეიძლებოდა ყოფილიყო მეროზი და რატომ დაიწყევლა ის?

10 საინტერესოა, რომ გამარჯვების სიმღერაში, რომელშიც იეჰოვას განადიდებდნენ სასწაულებრივი ხსნისთვის, დებორა და ბარაკი მღეროდნენ: „დასწყევლე მეროზი, — თქვა იეჰოვას ანგელოზმა, — წყევლეთ მისი მცხოვრებნი, რადგან არ მოვიდნენ იეჰოვას დასახმარებლად, იეჰოვას დასახმარებლად ძლიერებთან ერთად“ (მსაჯ. 5:23).

11 მეროზი, როგორც ჩანს, ისე დაიწყევლა, რომ დღეს მისი კვალიც კი აღარ არსებობს. ის შეიძლებოდა ქალაქი ყოფილიყო, რომლის მცხოვრებნიც არ გამოეხმაურნენ მოწოდებას და არ გავიდნენ საბრძოლველად. თუ ის იმ გზაზე იყო, რომლითაც სისერა გაიქცა, შესაძლოა მისმა მოსახლეობამ ხელიდან გაუშვა მტრის შეპყრობის შესაძლებლობა. ნუთუ მათ ყურამდე არ მიაღწია იმ ამბავმა, რომ იეჰოვა მოხალისეებს კრებდა?! მათი შემოგარენიდან ხომ ათი ათასმა კაცმა მოიყარა თავი იერიშის მისატანად?! წარმოიდგინეთ, მეროზის მცხოვრებნი საკუთარი თვალით ხედავდნენ, როგორ გარბოდა მარტო მათ ქუჩებში სასოწარკვეთილი მეომარი! მათ შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ ხელი შეეწყოთ იეჰოვას განზრახვისთვის და კურთხევა მიეღოთ მისგან. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ გულგრილობა გამოავლინეს გადამწყვეტ მომენტში. მათგან განსხვავებით იაელი გაბედულად მოიქცა (მსაჯ. 5:24—27).

12. რა განსხვავებული დამოკიდებულება ჩანს მსაჯულების 5:9, 10-ში და როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენზე?

12 მსაჯულების 5:9, 10-დან ჩანს, რამხელა განსხვავება იყო ბარაკთან ერთად საბრძოლველად გასულებსა და შინ დარჩენილებს შორის. დებორამ და ბარაკმა შეაქეს ისრაელის მეთაურები, რომლებიც სხვებთან ერთად წავიდნენ ბრძოლაში მოხალისეებად. როგორ განსხვავდებოდნენ ისინი „მოწითალო ვირებზე ამხედრებულებსა“ და „მდიდრულ ხალიჩებზე“ მსხდომთაგან, რომელთაც ხალხთან ერთად გასვლა ეთაკილებოდათ და ფუფუნებაში ცხოვრება ერჩივნათ! „გზაზე მოსიარულეებისგან“ განსხვავებით, რომელთაც იოლი გზა აირჩიეს, ბარაკთან ერთად გასულები თაბორის კლდოვან ფერდობებსა და კიშონის ჭაობიან ხევში ბრძოლას არ შეუშინდნენ. განცხრომის მოყვარულებს დებორა და ბარაკი მოუწოდებდნენ, დაფიქრებულიყვნენ, იეჰოვას დახმარების რამხელა შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან! იმავეს თქმა შეიძლება მათზეც, ვინც დღეს იეჰოვას მსახურებაში მეტის გაკეთებისგან თავს იკავებს.

13. როგორ განსხვავდებოდა რეუბენის, დანისა და აშერის დამოკიდებულება ზებულონისა და ნაფთალის დამოკიდებულებისგან?

13 მოხალისეებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ განადიდა იეჰოვამ თავისი უზენაესობა. მათ თამამად შეეძლოთ მოეყოლათ „იეჰოვას სიმართლის საქმეებზე“ (მსაჯ. 5:11). მსაჯულების 5:15—17-ში რეუბენის, დანისა და აშერის ტომები ერთად არის მოხსენიებული, რადგან ისინი თავიანთ მატერიალურ კეთილდღეობაზე — ფარებზე, გემებსა და ნავსადგურებზე — ზრუნავდნენ და არა იეჰოვას საქმეზე. ამის საპირისპიროდ, ზებულონმა და ნაფთალმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს დებორასა და ბარაკის დასახმარებლად (მსაჯ. 5:18). ამ ორი განსხვავებული დამოკიდებულებიდან მნიშვნელოვანი რამის სწავლა შეგვიძლია.

განადიდეთ იეჰოვა!

14. რით შეგვიძლია დღეს მხარი დავუჭიროთ იეჰოვას უზენაესობას?

14 დღეს პირდაპირი გაგებით ომში მონაწილეობისკენ არავინ მოგვიწოდებს, თუმცა გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ გაბედულად მივიღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო საქმიანობაში. დღეს იეჰოვას ორგანიზაციას მოხალისეები ისე სჭირდება, როგორც არასდროს. მილიონობით და-ძმა მსახურობს პიონერად და მოხალისედ ბეთელსა თუ სამეფო დარბაზების მშენებლობაზე. ბევრი ხანდაზმული თუ ახალგაზრდა სიხარულით ასრულებს საქმეს კონგრესებზე. დაფიქრდით აგრეთვე იმ უხუცესებზე, რომლებიც საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტებში მსახურობენ ან კონგრესებს უწევენ ორგანიზებას. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ძალიან აფასებს თქვენს მზადყოფნას და არასდროს დაივიწყებს თქვენს შრომას (ებრ. 6:10).

გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდით, როგორ იმოქმედებს ის თქვენს ოჯახსა და კრებაზე (იხილეთ აბზაცი 15)

15. როგორ შეგვიძლია გავიგოთ, რომ იეჰოვას საქმის მიმართ გულგრილები არ გავხდით?

15 თითოეულმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: ხომ არ ვკმაყოფილდები იმით, რომ ძირითად საქმეს სხვები აკეთებენ? ხომ არ მიკარგავს მზადყოფნის სურვილს მატერიალურზე გადამეტებული ზრუნვა? მაქვს ბარაკის, დებორას, იაელისა და 10 000 მოხალისის მსგავსი რწმენა და გაბედულება, რომ ჩემი შესაძლებლობები იეჰოვას მსახურების შესასრულებლად გამოვიყენო? თუ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლას ვგეგმავ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ვლოცულობ და ვფიქრობ, როგორ იმოქმედებს ეს ჩემს ოჯახსა და კრებაზე? *

16. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას ყველაფერი აქვს, რისი მიცემა შეგვიძლია მისთვის?

16 ჩვენთვის დიდი პატივია, რომ იეჰოვა საშუალებას გვაძლევს, მხარი დავუჭიროთ მის უზენაესობას. ვინაიდან სატანა ეშმაკმა პირველი ადამიანები გადაიბირა, იეჰოვას მმართველობის მხარდაჭერით ჩვენ სათანადო პასუხს ვცემთ მას. იეჰოვას სიამოვნებს, როცა რწმენა და ერთგულება აღგვძრავს, სიხარულით შევასრულოთ მისი საქმე (იგავ. 23:15, 16). თქვენი მხარდაჭერის შედეგად, ღმერთი პასუხს სცემს სატანის გესლიან დაცინვას (იგავ. 27:11). ამგვარად, როცა ერთგულად ემორჩილებით იეჰოვას, თქვენ გულს უხარებთ მას და აძლევთ იმას, რაც მისთვის ძალიან ძვირფასია.

17. როგორ შესრულდება მომავალში მსაჯულების 5:31-ში ჩაწერილი სიტყვები?

17 მალე დედამიწა ისეთი ხალხით აივსება, რომლებიც მხოლოდ იეჰოვას უზენაესობას დაუჭერენ მხარს. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ დროს და ვუერთდებით დებორასა და ბარაკს, რომლებიც მღეროდნენ: „იეჰოვა, ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი, შენი მოყვარულები კი ამომავალი მზესავით ძლიერები იყვნენ“ (მსაჯ. 5:31). ეს თხოვნა მაშინ შესრულდება, როცა იეჰოვა გაანადგურებს სატანის ბოროტ ქვეყნიერებას. არმაგედონის ომში მტრის გასანადგურებლად მოხალისეები აღარ იქნებიან საჭირო. ამ დროს მხოლოდ ის მოგვეთხოვება, რომ ვიდგეთ და ვიხილოთ, როგორ გვიხსნის იეჰოვა (2 მატ. 20:17). მაგრამ ამ დრომდე არაერთი შესაძლებლობა გვაქვს, გაბედულად და მთელი გულით შევასრულოთ იეჰოვას საქმე.

18. როგორ იმოქმედებს თქვენი მზადყოფნის სული სხვებზე?

18 დებორამ და ბარაკმა გამარჯვების სიმღერა უზენაეს ღმერთს მიუძღვნეს და არა ადამიანებს. ისინი მღეროდნენ: „ხალხი ხალისით მიდის. აკურთხეთ იეჰოვა!“ (მსაჯ. 5:1, 2). მსგავსად, დაე თქვენმა მზადყოფნის სულმა აღძრას სხვები, რომ მათაც განადიდონ იეჰოვა!

^ აბზ. 6 ეს დანები ბასრი, გრძელი და მორკალული იყო. ისინი სავარაუდოდ ღერძზე იყო დამაგრებული. ასეთ შიშის მომგვრელ საომარ ეტლთან მიახლოებას ვერავინ გაბედავდა.

^ აბზ. 8 ეს ამაღელვებელი ისტორია უფრო ვრცლად მოთხრობილია 2015 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“, სტატია „გამოვჩნდი, დედა, ისრაელში“.

^ აბზ. 15 იხილეთ 2015 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ სტატია „წუხილი ფულზე“.