არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას მოუღებს ბოლოს ღვთის სამეფო?

რას მოუღებს ბოლოს ღვთის სამეფო?

„გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოან. 2:17).

სიმღერები: 134, 24

1, 2. ა) რა გაგებით შეიძლება შევადაროთ ეს ქვეყნიერება მსჯავრდადებულ ბოროტმოქმედს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რა მოჰყვება ბოროტ ქვეყნიერებაზე განაჩენის აღსრულებას?

საკნიდან საშიში ბოროტმოქმედი გამოჰყავთ. მის უკან რკინის მძიმე კარი ბრახუნით იხურება და ისმის ბადრაგების შეძახილი: „მკვდარი მოდის!“. პატიმარს ავადმყოფობის არაფერი ეტყობა და არც ისეთი რამე სჭირს, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა. მაშ, რატომ ამბობენ ბადრაგები ამ სიტყვებს? მათ ის სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად მიჰყავთ, ამიტომ ამ ბოროტმოქმედს უკვე მკვდრად მიიჩნევენ. *

2 დღევანდელი ქვეყნიერება რაღაც გაგებით ამ სიკვდილმისჯილ ბოროტმოქმედს ჰგავს. ბოროტ ქვეყნიერებას დიდი ხანია, მსჯავრი აქვს დადებული და განაჩენი ძალიან მალე აღსრულდება. ბიბლიაში ვკითხულობთ: „გადადის ქვეყნიერება“ (1 იოან. 2:17). ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული გარდაუვალია, თუმცა ქვეყნიერებასა და სიკვდილმისჯილ პატიმარს შორის განსხვავება მაინც არსებობს. პატიმრის შემთხვევაში შეიძლება ვინმემ ეჭვი შეიტანოს განაჩენის სამართლიანობაში და გაასაჩივროს ის ან მას შეიძლება იმედი ჰქონდეს, რომ რაიმე მიზეზით განაჩენის აღსრულება შეჩერდება. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ქვეყნიერებაზე, რომელსაც განაჩენი სრულყოფილად სამართლიანმა სამყაროს უზენაესმა მმართველმა გამოუტანა (კან. 32:4). განაჩენის აღსრულება გარდაუვალია და მის სამართლიანობაში იოტისოდენა ეჭვიც კი არავის შეეპარება. როცა ეს მოხდება, სამყაროში ყველა მოაზროვნე ქმნილება აღიარებს, რომ სამართალმა გაიმარჯვა. ეს მართლაც უდიდეს შვებას მოჰგვრის ყველას!

3. რომელ ოთხ საკითხს განვიხილავთ, რომლებსაც ღვთის სამეფო გადაჭრის?

3 მაგრამ რას მოიცავს „ქვეყნიერება“, რომელიც „გადადის“? ბევრ რამეს, რასაც დღეს ადამიანები ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ. დაგვწყდება გული, როცა ეს ქვეყნიერება გადავა? რა თქმა უნდა, არა, რადგან ესეც ხომ „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის“ მნიშვნელოვანი მხარეა! (მათ. 24:14). მაგრამ კონკრეტულად რა ჩაჰბარდება წარსულს, როცა ღვთის სამეფო მოვა? ამ სტატიაში ვისაუბრებთ ბოროტ ადამიანებზე, კორუმპირებულ ორგანიზაციებზე, ღვთისთვის მიუღებელ საქმეებსა და დღეს არსებულ სავალალო მდგომარეობაზე და გავიგებთ, 1) რა გავლენას ახდენს ეს ყოველივე ჩვენზე, 2) რას გააკეთებს იეჰოვა და 3) როგორ შეცვლის ამ ყველაფერს ყოველივე კარგით.

ბოროტი ადამიანები

4. რა გავლენას ახდენენ ჩვენზე ბოროტი ადამიანები?

4 რა გავლენას ახდენენ ჩვენზე ბოროტი ადამიანები? მას შემდეგ, რაც მოციქულმა პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ მოგვიწევდა ცხოვრება, ღვთივშთაგონებით დაწერა: „ბოროტები და თვითმარქვიები უფრო უარესად მოიქცევიან“ (2 ტიმ. 3:1—5, 13). ხედავთ, როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება? ბევრი ჩვენგანი გამხდარა ბოროტი ადამიანების — მოძალადეების, სიძულვილით სავსე ფანატიკოსებისა და დაუნდობელი ბოროტმოქმედების მსხვერპლი. ზოგი მათგანი ურცხვად სჩადის ბოროტებას, ზოგი კი თვალთმაქცია და სამართლიანობის ნიღაბს ამოფარებული აკეთებს ამას. შეიძლება უშუალოდ არ გავმხდარვართ მათი მსხვერპლი, მაგრამ ისინი მაინც უარყოფითად მოქმედებენ ჩვენზე. ჩვენ მოსვენებას გვიკარგავს მათ მიერ ჩადენილი შემაძრწუნებელი საქმეები და შიში გვიპყრობს, როცა ვიგებთ ბავშვების, მოხუცებისა და სხვა დაუცველი ადამიანების მიმართ სასტიკად მოპყრობის ფაქტებს. ბოროტი ადამიანები ავლენენ სულს, რომელიც არაადამიანური, მხეცური და ზოგ შემთხვევაში დემონურია (იაკ. 3:15). საბედნიეროდ, ღვთის სიტყვა სასიხარულო ცნობის მეშვეობით ანუგეშებს ამ საზარელი ამბებით გულდამძიმებულ ადამიანებს.

5. ა) რის შესაძლებლობა ეძლევათ დღეს ბოროტებს? ბ) რა ელით მათ, ვისაც გამოსწორება არ სურს?

5 რას გააკეთებს იეჰოვა? დღესდღეობით ის ბოროტებს გამოსწორების შესაძლებლობას აძლევს (ეს. 55:7). მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიერება უკვე მსჯავრდადებულია, იეჰოვას ჯერ არ გამოუტანია განაჩენი ბოროტი ადამიანებისთვის. რა ელის მათ, ვისაც გამოსწორება არ სურს და ვინც დიდი გასაჭირის დაწყების წინ ისევ ქვეყნიერებაში რჩება? იეჰოვას დაპირების თანახმად, ბოროტი ადამიანები სამუდამოდ მოისპობიან (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:10). შესაძლოა ისინი ფიქრობენ, რომ თავს დააღწევენ გასამართლებას, რადგან კარგად ახერხებენ დანაშაულის ისე მიჩქმალვას, რომ არც პასუხი აგონ და არც ცუდი შედეგები იწვნიონ (იობ. 21:7, 9). მაგრამ ბიბლია ყველას შეგვახსენებს: „ადამიანის გზას დაჰყურებს [ღვთის] თვალები და მის ნაბიჯებს ხედავს იგი. არ არსებობს არც სიბნელე და არც უკუნეთი, სადაც სიავის მქნელები დაიმალებოდნენ“ (იობ. 34:21, 22). იეჰოვა ღმერთს ვერავინ დაემალება. ვერც ერთი თვალთმაქცი ვერ მოატყუებს მას. არ არსებობს ისეთი ბნელი და იდუმალებით მოცული საქმე, რომლის არსსაც ღმერთი ვერ ჩასწვდება. არმაგედონის შემდეგ ძებნაც რომ დავუწყოთ ბოროტებს, ვეღარსად ვნახავთ. ისინი სამუდამოდ აღიგვებიან მიწის პირიდან! (ფსალმ. 37:12—15).

6. ვინ დაიკავებს ბოროტი ადამიანების ადგილს და რატომ გვახარებს ამის გაგება?

6 ვინ დაიკავებს ბოროტი ადამიანების ადგილს? იეჰოვა გვპირდება: „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“. იმავე ფსალმუნში წერია: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმ. 37:11, 29). ვინ არიან ამ მუხლებში მოხსენიებული თვინიერები და მართლები? თვინიერები არიან ისინი, ვინც თავმდაბლად სწავლობს იეჰოვასგან და მიჰყვება მის ხელმძღვანელობას. მართლები კი ისინი არიან, ვისაც უყვარს იმის კეთება, რაც სწორია იეჰოვას თვალში. დღეს ბოროტები ბევრად მეტნი არიან, ვიდრე მართლები. მაგრამ ახალ ქვეყნიერებაში თვინიერები და მართლები არც უმცირესობაში იქნებიან და არც უმრავლესობაში, რადგან მხოლოდ ისინი იცხოვრებენ დედამიწაზე. სწორედ ასეთი ხალხი გადააქცევს დედამიწას ნამდვილ სამოთხედ!

კორუმპირებული ორგანიზაციები

7. რა გავლენას ახდენენ ჩვენზე კორუმპირებული ორგანიზაციები?

7 რა გავლენას ახდენენ ჩვენზე კორუმპირებული ორგანიზაციები? მსოფლიოში ჩადენილი ბოროტების უკან უმეტესწილად ორგანიზაციები დგანან და არა ცალკეული ადამიანები. მაგალითად, დაფიქრდით, როგორ შეჰყავთ რელიგიურ ორგანიზაციებს მილიონობით ადამიანი შეცდომაში, როცა საქმე ღვთის ბუნებას, ბიბლიის სანდოობას, დედამიწისა და კაცობრიობის მომავალს და სხვა მრავალ საკითხს ეხება. რის თქმა შეიძლება მთავრობებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ომებს, ეთნიკურ კონფლიქტებს, ჩაგრავენ გაჭირვებულ და დაუცველ ადამიანებს და მექრთამეობისა და ფავორიტიზმის მეშვეობით აღწევენ თავიანთ მიზნებს? ან რას ვიტყოდით იმ ხარბ კომპანიებზე, რომლებიც აბინძურებენ გარემოს, აჩანაგებენ ბუნებრივ რესურსებს და ერთეულებისთვის სიმდიდრის მოსახვეჭად ბოროტად იყენებენ მომხმარებლების ნდობას, მაშინ როცა მილიონობით ადამიანი სიღარიბეში ღაფავს სულს? ეჭვგარეშეა, მსოფლიოში არსებული სიღარიბისა და გაუსაძლისი მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ კორუმპირებული ორგანიზაციები არიან.

8. ბიბლიის თანახმად, რა მომავალი ელის იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დღეს ბევრს საიმედო საყრდენად მიაჩნია?

8 რას გააკეთებს იეჰოვა? დიდი გასაჭირის დასაწყისში პოლიტიკური ძალები გაილაშქრებენ ცრურელიგიური ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ბიბლიაში „დიდი ბაბილონის“ სახელით ცნობილი მეძავით არის წარმოდგენილი (გამოცხ. 17:1, 2, 16; 18:1—4). ეს რელიგიური ორგანიზაციები სამუდამოდ მოისპობიან. მაგრამ, რა მომავალი ელის სხვა კორუმპირებულ ორგანიზაციებს? ბიბლიაში მთებთან და კუნძულებთან არის შედარებული ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს ბევრისთვის საიმედო საყრდენადაა ქცეული (წაიკითხეთ გამოცხადების 6:14). ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ მთავრობებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ორგანიზაციის საძირკვლები შეირყევა. დიდი გასაჭირი კულმინაციურ მომენტს მაშინ მიაღწევს, როცა ამ ძველი ქვეყნიერების მთავრობები ღვთის სამეფოს სხვა მტრებთან ერთად განადგურდებიან (იერ. 25:31—33). კორუმპირებული ორგანიზაციები მეტად აღარ იარსებებენ!

9. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ „ახალ დედამიწაზე“ სრული წესრიგი იქნება?

9 რა შეცვლის კორუმპირებულ ორგანიზაციებს? დარჩება არმაგედონის შემდეგ დედამიწაზე რომელიმე ორგანიზაცია? ბიბლია გვპასუხობს: „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტ. 3:13). ძველი ცა და დედამიწა, ანუ კორუმპირებული მთავრობები და მათ მიერ მართული ხალხი, მეტად აღარ იარსებებს. ბიბლიური გამოთქმა „ახალი ცა და ახალი დედამიწა“ იმაზე მიუთითებს, რომ იქნება ახალი მთავრობა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანთა ახალი საზოგადოება. ზეციერი ხელისუფლება, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას, იეჰოვასთვის, წესრიგის ღმერთისთვის, დამახასიათებელ თვისებებს სრულყოფილად გამოავლენს (1 კორ. 14:33). ასე რომ, „ახალ დედამიწაზეც“ წესრიგი იქნება. ახალ ქვეყნიერებაში ხელმძღვანელობის გასაწევად ზოგიერთი მამაკაცი დაინიშნება (ფსალმ. 45:16). თავის მხრივ, ისინი დაემორჩილებიან ქრისტესა და მისი 144 000 თანამმართველის ხელმძღვანელობას. წარმოიდგინეთ, როგორი დრო დადგება, როცა კორუმპირებულ ორგანიზაციებს შეცვლის ერთი ორგანიზაცია, რომელშიც სრული ერთობა იქნება და რომელსაც ვერავინ მოისყიდის!

ღვთისთვის მიუღებელი საქმეები

10. რა სახის ბოროტებაა გავრცელებული თქვენ გარშემო და როგორ მოქმედებს ის თქვენზე და თქვენს ოჯახზე?

10 რა გავლენას ახდენს ჩვენზე ბოროტება? დღევანდელ მსოფლიოში ბოროტებას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. ეს ქვეყნიერება გაჟღენთილია უზნეობით, უპატიოსნობითა და სისასტიკით. ამიტომ მშობლები, რომლებიც ცდილობენ, დაიცვან თავიანთი შვილები ასეთი უარყოფითი გავლენისგან, დიდი წნეხის ქვეშ არიან. გართობის ინდუსტრია სულ უფრო და უფრო მიმზიდველად წარმოადგენს ყოველგვარ უმსგავსობას და მასხრად იგდებს სწორისა და არასწორის შესახებ იეჰოვას მიერ დადგენილ ნორმებს (ეს. 5:20). ჭეშმარიტი ქრისტიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ არ მოექცნენ ასეთი ტენდენციის გავლენაში. ღვთის მსახურები ძალას არ იშურებენ უმწიკვლობის შესანარჩუნებლად მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ საზოგადოებაში იეჰოვას ნორმების მიმართ უპატივცემულობა დღითი დღე ფეხს იკიდებს.

11. რას ვიგებთ იეჰოვას მიერ სოდომისა და გომორასთვის გამოტანილი განაჩენიდან?

11 რას გააკეთებს იეჰოვა? გაიხსენეთ, რა გააკეთა მან სოდომსა და გომორაში არსებული ბოროტების აღმოსაფხვრელად (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:6—8). მართალი ლოტი იტანჯებოდა იმ ბოროტების გამო, რაც მის გარშემო ხდებოდა. იმ მხარის განადგურებისას იეჰოვას მხოლოდ ბოროტებისთვის არ დაუსვამს წერტილი, მან „ამით აჩვენა უღვთოებს“, რა მოუვიდოდათ მომავალში. როცა იეჰოვა განაჩენს აღასრულებს ამ ქვეყნიერებაზე, ზუსტად ისე დაუსვამს წერტილს დღეს გავრცელებულ უზნეობას, როგორც ეს წარსულში გააკეთა.

12. რა საქმეებით გინდათ დაკავდეთ ახალ ქვეყნიერებაში?

12 რით შეიცვლება ბოროტება? სამოთხეში ხალხი კარგი და სასიამოვნო საქმეებით დაკავდება. წარმოიდგინეთ, რა საინტერესო იქნება დედამიწის სამოთხედ გადაქცევა და საყვარელი ადამიანებისთვის თუ ჩვენთვის სახლების აშენება; შევხვდებით მილიონობით მკვდრეთით აღდგენილს და დავეხმარებით მათ, რომ გაიცნონ იეჰოვა და გაიგონ, რას აკეთებდა ის საუკუნეების მანძილზე ადამიანებისთვის (ეს. 65:21, 22; საქ. 24:15). ნებისმიერი საქმე, რომელსაც მაშინ ხელს მოვკიდებთ, სიხარულს მოგვგვრის და განადიდებს იეჰოვას!

სავალალო მდგომარეობა

13. რა მოჰყვა შედეგად სატანის, ადამისა და ევას ურჩობას?

13 როგორ მოქმედებს ჩვენზე დღეს არსებული სავალალო მდგომარეობა? ბოროტი ადამიანების, კორუმპირებული ორგანიზაციებისა და ადამიანთა ბოროტი საქმეების გამო ცხოვრება ძალიან გართულდა. ვინ იტყვის, რომ მასზე არ ახდენს გავლენას ომი, სიღარიბე ან რასიზმი?! რას ვიტყოდით ავადმყოფობასა და სიკვდილზე?! ისინი ყველაზე ახდენს გავლენას. ეს ყველაფერი იეჰოვას წინააღმდეგ სატანის, ადამისა და ევას ურჩობის პირდაპირი შედეგია. მათი ურჩობით გამოწვეულ სავალალო შედეგებს დღეს ყველანი ვიმკით.

14. როგორ გამოასწორებს იეჰოვა დღეს არსებულ სავალალო მდგომარეობას?

14 რას გააკეთებს იეჰოვა? იეჰოვა წერტილს დაუსვამს ომებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 46:8, 9). ის ბოლოს მოუღებს ავადმყოფობას და სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს (ეს. 25:8; 33:24). იეჰოვა აღმოფხვრის სიღარიბეს და ყველა იმ პრობლემას, რომლებიც დღეს ცხოვრებას გვირთულებს (ფსალმ. 72:12—16). ის საბოლოოდ გააქრობს ამ ქვეყნიერების „ჰაერის“ ანუ სატანისა და მისი დემონების სულის გავლენას, რაც ყველგან აღწევს (ეფეს. 2:2).

წარმოიდგინეთ მსოფლიო ომების, ავადმყოფობისა და სიკვდილის გარეშე! (იხილეთ აბზაცი 15)

15. რა აღარ იარსებებს არმაგედონის შემდეგ?

15 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მსოფლიო ომების, ავადმყოფობისა და სიკვდილის გარეშე? აღარ იარსებებს სახმელეთო ჯარები, საზღვაო ფლოტი, სამხედრო-საჰაერო ძალები, საბრძოლო იარაღი და ომში დაღუპულთა მემორიალები! აღარავის დასჭირდება საავადმყოფოები, ექიმები, ექთნები ან ჯანმრთელობის დაზღვევა; აღარ იარსებებს მორგები, დამკრძალავი ბიუროები და სასაფლაოები! როცა დანაშაული გაქრება, აღარ იქნება საჭირო დაცვის სისტემა, სიგნალიზაცია, პოლიცია და შეიძლება აღარც საკეტი და გასაღები გახდეს საჭირო! აღარ დაგვიმძიმებს გულსა და გონებას დარდი და საწუხარი!

16, 17. ა) რა შვებას იგრძნობენ არმაგედონგადატანილები? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) რა შემთხვევაში ვიქნებით დარწმუნებულები, რომ ამ ქვეყნიერებასთან ერთად არ გავნადგურდებით?

16 როგორი ცხოვრება იქნება მაშინ? ამის წარმოდგენა ადვილი არ არის. იმდენი ხანია არსებობს ეს ქვეყნიერება, რომ ვეღარც კი ვხვდებით, რამხელა სტრესს გვიქმნის მსოფლიოში არსებული ვითარება. ჩვენ იმ ადამიანთა მსგავს მდგომარეობაში ვართ, რომლებიც რკინიგზის სადგურის გვერდით ცხოვრობენ და ხმაური აღარ აწუხებთ ან ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრობენ და სუნს ვეღარ გრძნობენ. რამხელა შვება იქნება, როცა ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაჰბარდება!

17 რა შეცვლის იმას, რაც დღეს სტრესს გვიქმნის? პასუხს ფსალმუნის 37:11-დან ვიგებთ: „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“. განა არ გითბობთ გულს ეს სიტყვები?! სწორედ ეს განიზრახა იეჰოვამ თქვენთვის. ამიტომ ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ, რომ ამ ძნელად ასატან ბოლო დღეებში არ ჩამოშორდეთ იეჰოვა ღმერთსა და მის ორგანიზაციას! გაუფრთხილდით იმედს, იფიქრეთ მასზე, გააცოცხლეთ ის გულსა და გონებაში და ნუ გაუშვებთ ხელიდან სხვებთან მასზე საუბრის შესაძლებლობას! (1 ტიმ. 4:15, 16; 1 პეტ. 3:15). შედეგად აღარ გექნებათ იმის შიში, რომ ამ მსჯავრდადებულ ქვეყნიერებასთან ერთად განადგურდებით. პირიქით, თქვენ გადარჩებით და მარადიულად გაიხარებთ სიცოცხლით!

^ აბზ. 1 ამ აბზაცში აღწერილია ძველად ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გავრცელებული ჩვეულება.