არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდებო, აკეთებთ ყველაფერს სულიერი მიზნების მისაღწევად?

ახალგაზრდებო, აკეთებთ ყველაფერს სულიერი მიზნების მისაღწევად?

„შენი საქმეები იეჰოვას მიანდე და შენი გეგმები განმტკიცდება“ (იგავ. 16:3).

სიმღერები: 89, 24

1—3. ა) რა სირთულის წინაშე დგას ყველა ახალგაზრდა და ვის შეგვიძლია შევადაროთ ისინი? (იხილეთ სურათი 25-ე გვერდზე) ბ) როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, საუკეთესოდ გაართვან თავი ამ სირთულეს?

დავუშვათ, სხვა ქალაქში გამგზავრებას აპირებ, სადაც მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება. ამ ქალაქამდე მისასვლელად ავტობუსით გრძელი გზის გავლა მოგიწევს. ავტოსადგურზე შეიძლება დაგაბნიოს მგზავრებისა თუ ავტობუსების სიმრავლემ. მაგრამ კარგია, როცა ზუსტად იცი, სად მიდიხარ და რომელი ავტობუსი მიგიყვანს დანიშნულების ადგილზე! ისიც კარგად იცი, რომ, თუ სხვა ავტობუსში ახვალ, სულ სხვა მიმართულებით წახვალ.

2 ცხოვრება ხანგრძლივ მოგზაურობას ჰგავს და ახალგაზრდები შეიძლება ავტოსადგურზე მყოფ მგზავრებს შევადაროთ. ზოგჯერ მათ არაერთი შესაძლებლობა ეძლევათ და ბევრი გადაწყვეტილების მიღება უწევთ, რის გამოც შეიძლება თავგზა აებნათ. ახალგაზრდებო, გადაწყვეტილების მიღება გაგიადვილდებათ, თუ ზუსტად გეცოდინებათ, „სად მიდიხართ“. მაგრამ რა გზა უნდა აირჩიოთ ცხოვრებაში?

3 ეს სტატია სწორედ ამ კითხვას გასცემს პასუხს და წაახალისებს ახალგაზრდებს, თავიანთი ცხოვრების უმთავრეს მიზნად იეჰოვას მოსაწონად ცხოვრება აქციონ. ეს მოიცავს იეჰოვას თვალსაზრისის გათვალისწინებას ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს განათლების მიღება, სამსახურის არჩევა, დაოჯახება, შვილების ყოლა თუ სხვა. ამაში სულიერი მიზნებისკენ სწრაფვაც იგულისხმება. ახალგაზრდებო, თუ თქვენთვის უმთავრესი იეჰოვას მსახურება იქნება, დარწმუნებული იყავით, რომ ის აუცილებლად გაკურთხებთ და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ (წაიკითხეთ იგავების 16:3).

რატომ უნდა დაისახოთ სულიერი მიზნები?

4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 კარგია, როცა ადამიანი ახალგაზრდობიდანვე ისახავს სულიერ მიზნებს. განვიხილოთ ამის სამი მიზეზი. პირველი ორი მიზეზი დაგანახვებს, რომ სულიერი მიზნებისკენ სწრაფვა იეჰოვასთან გაახლოებს; მესამე მიზეზი კი შეგახსენებს, თუ რა დადებითი შედეგი მოაქვს სულიერი მიზნების ადრეული ასაკიდანვე დასახვას.

5. რა არის სულიერი მიზნების დასახვის უმთავრესი მიზეზი?

5 პირველი მიზეზი: სულიერ მიზნებს უმთავრესად იმიტომ ვისახავთ, რომ მადლიერება გამოვხატოთ იმ სიყვარულისა და სიკეთისთვის, რომელსაც იეჰოვა ჩვენ მიმართ ავლენს. ფსალმუნმომღერალი წერდა: „კარგია, ვმადლობდეთ იეჰოვას . . . შენ გამახარე, იეჰოვა, შენი საქმეებით; სიხარულით ვყიჟინებ შენი ნახელავის გამო“ (ფსალმ. 92:1, 4). დაფიქრდი ყველაფერზე, რაც იეჰოვამ შენთვის გააკეთა — გიბოძა სიცოცხლე, რწმენა, თავისი სიტყვა, კრება და მომავლის შესანიშნავი იმედი. ცხოვრებაში სულიერი მიზნების პირველ ადგილზე დაყენება ზემოხსენებული კურთხევებისთვის მადლიერების გამოხატვის საშუალებას გაძლევს და უფრო გაახლოებს ღმერთთან.

6. ა) როგორ მოქმედებს სულიერი მიზნები იეჰოვასთან შენს ურთიერთობაზე? ბ) რა მიზნები შეგიძლია დაისახო ადრეული ასაკიდან?

6 მეორე მიზეზი: როგორც კი იწყებ სულიერი მიზნების მისაღწევად ნაბიჯების გადადგმას, იეჰოვას თვალში კარგ სახელს იძენ. ეს კი, თავის მხრივ, მასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში გეხმარება. მოციქულმა პავლემ დაგვარწმუნა: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრ. 6:10). მიზნების დასახვა არასდროს არის ადრე. მაგალითად, ქრისტინა 10 წლისა იყო, როცა გადაწყვიტა, რეგულარულად ეკითხა ღვთის ერთგული მსახურების ბიოგრაფიები; 12 წლის ტობიმ მიზნად დაისახა, რომ მონათვლამდე თავიდან ბოლომდე წაეკითხა ბიბლია; მაქსიმი 11 წლისა იყო, როცა მოინათლა, მისი და კი — ერთი წლით მასზე უმცროსი. ორივემ მიზნად ბეთელში მსახურება დაისახა. თავიანთი მიზანი რომ არასდროს დავიწყებოდათ, ამ და-ძმამ ბეთელის ბლანკი სახლში კედელზე გააკრა. კარგი იქნება, თუ დაფიქრდები, ყველაზე მეტად რომელ მიზნებს გინდა მიაღწიო და დაიწყებ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას (წაიკითხეთ ფილიპელების 1:10, 11).

7, 8. ა) როგორ აადვილებს მიზნების დასახვა გადაწყვეტილებების მიღებას? ბ) რატომ თქვა უარი ერთმა მოზარდმა უნივერსიტეტში სწავლაზე?

7 მესამე მიზეზი: ადრეულ ასაკში სულიერი მიზნების დასახვა გადაწყვეტილების მიღებას გაგიადვილებს. სწორედ მოზარდობის ასაკში წყვეტს ადამიანი, რა განათლებას მიიღებს, სად იმუშავებს და ასე შემდეგ. გადაწყვეტილების მიღება გზაჯვარედინზე გზის არჩევას ჰგავს. როცა ზუსტად იცი, საით გინდა წასვლა, სწორი გზის არჩევა რთული არ არის. მსგავსად, როცა მიზნები გაქვს დასახული, სწორი გადაწყვეტილების მიღება ადვილია. იგავების 21:5 ამბობს: „მუყაითის გეგმები წარმატებულია“. რაც უფრო ადრე დაისახავ კარგ მიზნებს, მით უფრო მალე მიაღწევ წარმატებას. სწორედ ამაში დარწმუნდა დამარისი, რომელიც მოზარდობის პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იდგა.

8 დამარისმა საშუალო სკოლა უმაღლეს ნიშნებზე დაამთავრა. ამიტომ მას შეეძლო უფასოდ ესწავლა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა მან ბანკში მუშაობა არჩია, სადაც დიპლომი არ სჭირდებოდა. რატომ მოიქცა ის ასე? „ბავშვობიდანვე მქონდა გადაწყვეტილი პიონერად მსახურება, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნახევარ განაკვეთზე უნდა მემუშავა. იურისტის დიპლომით შემეძლო ბევრი ფული მეშოვა, მაგრამ ძალიან მცირე შანსი მექნებოდა, რომ ვინმეს ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ ავეყვანე“. დამარისი უკვე 20 წელია, პიონერად მსახურობს. რა არწმუნებს მას, რომ კარგი მიზანი დაისახა და მოზარდობის ასაკში სწორი გადაწყვეტილება მიიღო? „ბანკში ხშირად ვხვდები იურისტებს. მეც რომ იურიდიული განათლება მიმეღო, ამავე საქმით ვიქნებოდი დაკავებული. თუმცა ვამჩნევ, რომ ბევრ მათგანს სიხარულს არ ანიჭებს ეს საქმე. პიონერულმა მსახურებამ დამიცვა იმედგაცრუებისგან, რაც შეიძლებოდა ჩემს სამუშაოს მოჰყოლოდა, და მომცა შესაძლებლობა, არაერთი ბედნიერი წელი გამეტარებინა იეჰოვას მსახურებაში“.

9. რატომ იმსახურებენ ჩვენი ახალგაზრდები მთელი გულით შექებას?

9 მთელ მსოფლიოში ათასობით ახალგაზრდა იეჰოვას მოწმე იმსახურებს გულთბილ შექებას. ისინი ენდობიან იეჰოვას და ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს სულიერ მიზნებს უთმობენ. მათ კმაყოფილებას ანიჭებთ თავიანთი ცხოვრება და ყველაფერში, მათ შორის განათლებასთან, სამუშაოსა და ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებში, იეჰოვას მითითებების მიყოლას სწავლობენ. სოლომონმა დაწერა: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით . . . გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავ. 3:5, 6). ახალგაზრდებო, თქვენ ძალიან ძვირფასები ხართ იეჰოვას თვალში! მას უყვარხართ. ის დაგიცავთ, გიხელმძღვანელებთ და კურთხევებს არ მოგაკლებთ.

კარგად მოემზადე შენს რწმენაზე სასაუბროდ

10. ა) რატომ უნდა ეკავოს ქადაგებას მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს ცხოვრებაში? ბ) რა დაგეხმარება, უკეთ აუხსნა სხვებს შენი მრწამსი?

10 ახალგაზრდა, რომლისთვისაც უმთავრესი იეჰოვას მოსაწონად ცხოვრებაა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქადაგებას. იესო ქრისტემ თქვა, რომ „ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს“ (მარ. 13:10). აქედან გამომდინარე, სამქადაგებლო საქმე გადაუდებელია და მას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს ჩვენს ცხოვრებაში. შეგიძლია მიზნად დაისახო, რომ უფრო ხშირად იქადაგო ან პიონერად იმსახურო? მაგრამ რა უნდა გააკეთო, თუ გრძნობ, რომ ქადაგება არც ისე დიდ სიხარულს განიჭებს? რა დაგეხმარება, უკეთ შეძლო შენს რწმენაზე საუბარი? გაითვალისწინე ორი რამ: კარგად მოემზადე და თავს ნუ შეიკავებ ქადაგებისგან. ალბათ, ვერც კი წარმოიდგენ, რამხელა სიხარულს იგრძნობ ამის შემდეგ.

როგორ ემზადები შენს რწმენაზე სასაუბროდ? (იხილეთ აბზაცები 11, 12)

11, 12. ა) როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომ თავიანთ რწმენაზე სასაუბროდ მოემზადონ? ბ) როგორ გამოიყენა ერთმა ახალგაზრდამ სკოლაში ქადაგების შესაძლებლობა?

11 თავიდან შეგიძლია იმ კითხვებისთვის მოემზადო, რომლებსაც შენი კლასელები ხშირად სვამენ. მაგალითად, თუ გეკითხებიან „რატომ გწამს ღმერთი?“, პასუხის მოძიება შეგიძლია ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org განთავსებულ სტატიებში (იხილე ბიბლიური სწავლებები / ახალგაზრდები). ამ განყოფილებაში ნახავ სამუშაო ფურცელს — „რატომ მწამს ღმერთი?“, რომელიც დაგეხმარება, თავად მოამზადო პასუხი. მასში მოცემულია სამი ბიბლიური მუხლი: ებრაელების 3:4, რომაელების 1:20 და ფსალმუნის 139:14. ეს მუხლები შეგიძლია შენს რწმენაზე საუბრის დროს გამოიყენო. ამ სამუშაო ფურცლების მეშვეობით შეგიძლია სხვა ბევრ კითხვაზეც მოამზადო პასუხი (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:15).

12 როცა შესაძლებლობა მოგეცემა, უთხარი შენს კლასელებს, რომ მათთვის საინტერესო საკითხები განთავსებულია ვებ-გვერდზე jw.org. სწორედ ასე მოიქცა ლუკა. მის კლასში ერთ-ერთი გაკვეთილი სხვადასხვა რელიგიაზე საუბარს დაეთმო. ლუკამ შენიშნა, რომ სკოლის სახელმძღვანელოში იეჰოვას მოწმეების შესახებ მცდარი ინფორმაცია ეწერა. მიუხედავად იმისა, რომ ერიდებოდა, ლუკამ მაინც სთხოვა მასწავლებელს, რომ უფლება მიეცა შეესწორებინა ეს უზუსტობა, რაზეც მასწავლებელი დათანხმდა. ლუკამ მთელ კლასს არა მხოლოდ თავისი მრწამსი აუხსნა, არამედ ჩვენი ვებ-გვერდიც აჩვენა. მასწავლებელმა ბავშვებს დაავალა, რომ სახლში ეყურებინათ გრაფიკული ანიმაციისთვის „მოიგერიე ჩხუბისთავი მუშტი-კრივის გარეშე“. ლუკას ძალიან გაუხარდა, რომ ქადაგების კარგი შესაძლებლობა მიეცა.

13. რატომ არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი, როცა სირთულეები იჩენს თავს?

13 გულს ნუ გაიტეხ, თუ შენ მიერ არჩეულ გზაზე დროდადრო ადვილი არ იქნება სიარული (2 ტიმ. 4:2). არ მისცე სირთულეებს საშუალება, უარი გათქმევინოს შენს მიზნებზე. კატერინა 17 წლისა იყო, როცა მიზნად დაისახა, ყველა თანამშრომლისთვის ექადაგა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ კატერინა ამან ვერ შეაშინა. მისმა კარგმა საქციელმა შთაბეჭდილება მოახდინა სხვა თანამშრომელზე, რომელსაც ჰანსი ერქვა. ჰანსმა ჩვენი პუბლიკაციების კითხვა დაიწყო, მოწმეებთან ბიბლია შეისწავლა და მოინათლა. ამ დროისთვის კატერინა იქ უკვე აღარ მუშაობდა, ამიტომ ჰანსის შესახებ არაფერი იცოდა. ერთ დღეს კატერინა ოჯახთან ერთად სამეფო დარბაზში იყო. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა მას 13 წლის შემდეგ ჰანსის დანახვა, რომელიც მათ კრებაში საჯარო მოხსენების წასაკითხად მივიდა. რა კარგია, რომ კატერინამ ხელი არ ჩაიქნია თავის მიზანზე და თანამშრომლებს იეჰოვას შესახებ უქადაგა.

ნუ იტყვი უარს შენს მიზნებზე!

14, 15. ა) რა უნდა ახსოვდეთ ახალგაზრდებს, როცა თანატოლებისგან ზეწოლას ხვდებიან? ბ) რა დაგეხმარება, რომ სიმტკიცე შეინარჩუნო?

14 ზემოთ განხილულმა აზრებმა, ალბათ, წაგახალისა, რომ შენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი იეჰოვას მსახურებას დაუთმო. ეს იმას ნიშნავს, რომ სულიერი მიზნები პირველ ადგილზე უნდა დააყენო. ალბათ, შენი თანატოლებისთვის ყველაზე მთავარი დროსტარებაა. შეიძლება ისინი შენც გეპატიჟებიან ხოლმე, რომ მათთან ერთად გაატარო დრო. ადრე თუ გვიან მოგიწევს, დაანახვო მათ, რომ შენ სულ სხვა მიზნები გაქვს და არ აპირებ ამ მიზნებზე უარის თქმას. ნუ მოექცევი თანატოლების გავლენაში და ნუ მისცემ უფლებას, რომ შენს მიზნებზე უარი გათქმევინონ. კიდევ ერთხელ დაფიქრდი ავტობუსის მაგალითზე. რა თქმა უნდა, ავტობუსში უბრალოდ იმიტომ არ ახვალ, რომ მგზავრები იქ კარგ დროს ატარებენ.

15 რის გაკეთება შეგიძლია, რომ თანატოლების გავლენაში არ მოექცე? მოერიდე ისეთ სიტუაციებს, სადაც დიდია იმის ალბათობა, რომ ცდუნდე (იგავ. 22:3). ყოველთვის გახსოვდეს, რა ცუდ შედეგებამდე მიგიყვანს ის, თუ მათ არასწორ საქციელში აჰყვები (გალ. 6:7). გამოავლინე თავმდაბლობა და ითხოვე რჩევა. თავმდაბლობა დაგეხმარება, მოუსმინო მშობლებსა თუ სხვა მოწიფულ ქრისტიანებს (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:5, 6).

16. მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ ეხმარება ადამიანს თავმდაბლობა.

16 ქრისტოფერს თავმდაბლობა დაეხმარა, რომ რჩევა მიეღო. მონათვლიდან მალევე მან სავარჯიშო დარბაზში რეგულარულად დაიწყო სიარული. სხვა ახალგაზრდები მას სპორტულ კლუბში გაწევრიანებას სთავაზობდნენ. ქრისტოფერი უხუცესს დაელაპარაკა, რომელმაც სთხოვა, გადაწყვეტილების მიღებამდე ზოგიერთ საფრთხეზე დაფიქრებულიყო, მაგალითად, ხომ არ მოახდენდა მეტოქეობის სული მასზე გავლენას. ქრისტოფერი სპორტულ კლუბში მაინც გაწევრიანდა, თუმცა დროთა განმავლობაში აღმოაჩინა, რომ ეს საკმაოდ ძალმომრეობითი და საშიში სპორტი იყო. ის კვლავ დაელაპარაკა უხუცესებს, რომლებმაც მას ბიბლიური რჩევები მისცეს. ქრისტოფერი ამბობს: „იეჰოვამ კარგი მრჩევლები გამომიგზავნა. მართალია, დრო დამჭირდა, მაგრამ მაინც გავითვალისწინე მისი რჩევები“. გყოფნით თავმდაბლობა საიმისოდ, რომ გონივრული რჩევა გაითვალისწინოთ?

17, 18. ა) რას მოელის იეჰოვა დღეს ახალგაზრდებისგან? ბ) რა უნდა გააკეთო, რომ მომავალში სანანებელი არ გაგიხდეს შენი არჩევანი? მოიყვანე მაგალითი.

17 „გაიხარე, ახალგაზრდავ, შენი ახალგაზრდობის წლებით და სიკეთე გიყოს შენმა გულმა შენს სიჭაბუკეში“ (ეკლ. 11:9). დიახ, იეჰოვას სურს, რომ ბედნიერი ახალგაზრდობა გქონდეს. ამ სტატიაში განხილული იყო ერთ-ერთი მხარე, თუ როგორ შეგიძლია ამის მიღწევა. შენს ცხოვრებაში უმთავრესად სულიერი მიზნები აქციე და ისე არაფერი დაგეგმო ან გადაწყვიტო, რომ იეჰოვას ნება გამოგრჩეს. რაც უფრო ადრე დაიწყებ ასე მოქმედებას, მით უფრო მალე იგრძნობ, რომ იეჰოვა გხელმძღვანელობს, გიცავს და კურთხევებს არ გაკლებს. დაფიქრდი ღვთის სიტყვაში ჩაწერილ გონივრულ რჩევებზე და გულთან ახლოს მიიტანე ეკლესიასტეს 12:1-ში ჩაწერილი სიტყვები: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“.

18 მარად ახალგაზრდა არავინ რჩება. დრო სწრაფად გარბის და ახალგაზრდობაც მალე გაირბენს. სამწუხაროდ, ბევრი ზრდასრული ნანობს, რომ ახალგაზრდობაში არასწორი მიზნები დაისახა ან იმედგაცრუებულები არიან იმის გამო, რომ არანაირი მიზანი არ ჰქონდათ. მაგრამ ის ახალგაზრდები, რომელთათვისაც უმთავრესი სულიერი მიზნებია, წლების შემდეგაც კმაყოფილები იქნებიან თავიანთი არჩევანით. სწორედ ასე მოხდა მარიანას შემთხვევაში. ის მოზარდობისას ნიჭიერი სპორტსმენი იყო, რის გამოც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა შესთავაზეს. თუმცა მარიანამ სრული დროით მსახურება არჩია. ის უკვე 30 წელზე მეტია, რაც მეუღლესთან ერთად სრული დროით მსახურებაშია ჩაბმული. მარიანა ამბობს: „პოპულარობის, დიდების, ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოხვეჭა ნაკლებად ღირებული მიზნებია, რადგან ეს ყველაფერი წარმავალია. ღირსეული მიზანი, რომელსაც ხანგრძლივი კმაყოფილება მოაქვს, იეჰოვასადმი მსახურება და იმ საქმეში მოკრძალებული წვლილის შეტანაა, რომელიც ხალხის სულიერ დახმარებას ემსახურება“.

19. რატომ არის კარგი, ახალგაზრდობიდანვე დაისახო სულიერი მიზნები და იღვაწო მათ მისაღწევად?

19 ახალგაზრდები გულითად შექებას იმსახურებენ იმის გამო, რომ კარგად უმკლავდებიან სირთულეებს და გადაწყვეტილი აქვთ, რომ მათ ცხოვრებაში იეჰოვას უმთავრესი ადგილი ეკავოს. ისინი სულიერი მიზნებისკენ იღვწიან და სამქადაგებლო საქმიანობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მათ ცხოვრებაში. უფრო მეტიც, მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ არანაირ ქვეყნიურ შემოთავაზებას არ ანაცვალონ სულიერი მიზნები. ახალგაზრდებო, გახსოვდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი არასოდეს იქნება. ყოველთვის გეყოლებათ გვერდით და-ძმები, რომელთაც ეყვარებით და მხარს დაგიჭერენ. ასე რომ, მიენდეთ იეჰოვას და თქვენი გეგმები განმტკიცდება!