არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰბაძეთ იეჰოვას, ნუგეშისა და გამხნევების წყაროს

მიჰბაძეთ იეჰოვას, ნუგეშისა და გამხნევების წყაროს

„კურთხეული იყოს . . . ღმერთი . . . რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორ. 1:3, 4).

სიმღერები: 23, 152

1. რა იმედი ჩაუსახა ღმერთმა კაცობრიობას ედემში მომხდარი ურჩობისთანავე?

მას შემდეგ, რაც კაცობრიობა ცოდვასა და არასრულყოფილებას დაექვემდებარა, იეჰოვამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის ნუგეშისა და გამხნევების წყაროა. ედემის ბაღში მომხდარი ურჩობისთანავე მან ადამის მომავალ შთამომავლობას იმედი ჩაუსახა. ადამიანებისთვის ჯერ კიდევ ყველაფერი არ იყო დაკარგული. დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება კაცობრიობას იმედს აძლევდა, რომ საბოლოოდ ძველი გველი, სატანა ეშმაკი, და მისი ბოროტი საქმეები განადგურდებოდა (გამოცხ. 12:9; 1 იოან. 3:8).

იეჰოვა ამხნევებდა ძველ დროში მცხოვრებ მსახურებს

2. როგორ გაამხნევა იეჰოვამ ნოე?

2 ღვთის მსახური ნოე უღვთო ქვეყნიერებაში ცხოვრობდა. იეჰოვას თაყვანისმცემლები მხოლოდ მისი ოჯახის წევრები იყვნენ. მოძალადე და აღვირახსნილი ხალხის შემყურე ნოეს შესაძლოა გულიც კი გაუტყდა (დაბ. 6:4, 5, 11; იუდ. 6). თუმცა იეჰოვას სიტყვებმა ის გაამხნევა და ძალა შემატა, რომ ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად ევლო (დაბ. 6:9). ღმერთმა გაუმხილა ნოეს, რომ ბოროტი ქვეყნიერების განადგურებას აპირებდა და აუხსნა, რა უნდა გაეკეთებინა ოჯახის გადასარჩენად (დაბ. 6:13—18). იეჰოვამ დაამტკიცა, რომ ნოესთვის ის ნუგეშისა და გამხნევების წყარო იყო.

3. როგორ გაამხნევა იეჰოვამ იესო ნავეს ძე? (იხილეთ სურათი მე-15 გვერდზე)

3 მოგვიანებით იესო ნავეს ძემ საკმაოდ საპასუხისმგებლო დავალება მიიღო — მას იეჰოვას ხალხი აღთქმულ მიწაზე უნდა შეეყვანა. ამიტომ იმ ტერიტორიაზე მკვიდრი ერების ძლიერ ჯარებთან მოუწევდა შებმა. იესო ნავეს ძეს ნამდვილად ჰქონდა შიშის მიზეზი. იეჰოვას კარგად ესმოდა მისი, ამიტომ უთხრა მოსეს: „დანიშნე იესო ნავეს ძე, გაამხნევე და განამტკიცე, რადგან ის წაუძღვება ამ ხალხს და ის დაამკვიდრებინებს იმ მიწას, რომელსაც დაინახავ“ (კან. 3:28). სანამ იესო ნავეს ძე საქმეს შეუდგებოდა, იეჰოვამ ის შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: „ხომ გიბრძანე, გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი-მეთქი! ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები, რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“ (იეს. 1:1, 9). როგორ გაამხნევებდა ეს სიტყვები იესო ნავეს ძეს!

4, 5. ა) როგორ გაამხნევა იეჰოვამ ძველად თავისი მსახურები? ბ) როგორ გაამხნევა იეჰოვამ თავისი ძე?

4 იეჰოვა არა მხოლოდ ცალკეულ მსახურებს ამხნევებდა, არამედ მთლიანობაში თავის ხალხს, როგორც ჯგუფს. მას ესმოდა, რომ ბაბილონის ტყვეობაში მყოფ იუდეველებს გამხნევება სჭირდებოდათ, ამიტომ მათთვის მანუგეშებელი წინასწარმეტყველება წარმოთქვა: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ. აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“ (ეს. 41:10). იეჰოვა პირველ საუკუნეშიც ამხნევებდა თავის მსახურებს და დღესაც ამხნევებს (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:3, 4).

5 მან თავისი ძე იესოც გაამხნევა. ნათლობის დროს იესომ მოისმინა ხმა, რომელიც ციდან გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათ. 3:17). ეს სიტყვები ყოველთვის შემატებდა იესოს მხნეობას დედამიწაზე მსახურების დროს.

იესო ამხნევებდა სხვებს

6. რატომ არის გამამხნევებელი ტალანტების შესახებ იგავი?

6 იესო ჰბაძავდა მამის მაგალითს. ტალანტების შესახებ იგავი, რომელიც იესომ ქვეყნიერების აღსასრულზე წინასწარმეტყველებისას მოიყვანა, ამხნევებს ერთგულებს. ბატონმა თითოეულ ერთგულ მონას უთხრა: „ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონა ხარ! მცირეზე ერთგული იყავი და ბევრზე დაგაყენებ. მოდი, გაიზიარე შენი ბატონის სიხარული“ (მათ. 25:21, 23). ეს სიტყვები ნამდვილად გაამხნევებდა იესოს მოწაფეებს, რომ კვლავაც ერთგულად ემსახურათ იეჰოვასთვის!

7. როგორ გაამხნევა იესომ მოციქულები, განსაკუთრებით პეტრე?

7 მოციქულები ხშირად დაობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი. მაგრამ იესო მოთმინებით ასწავლიდა მათ, რომ დაემდაბლებინათ თავი და ბატონები კი არა, მსახურები ყოფილიყვნენ (ლუკ. 22:24—26). იესოს განსაკუთრებით პეტრემ გაუცრუა რამდენჯერმე იმედი (მათ. 16:21—23; 26:31—35, 75). უარყოფის ნაცვლად, იესომ გაამხნევა პეტრე და დაავალა, რომ თვითონაც გაემხნევებინა სხვები (იოან. 21:16).

გამხნევება ძველ დროში

8. როგორ გაამხნევა ხიზკიამ ჯარის მეთაურები და ხალხი?

8 იეჰოვას ერთგული მსახურები მანამდეც გრძნობდნენ სხვების გამხნევების აუცილებლობას, ვიდრე ღვთის ძე დედამიწაზე მოვიდოდა და ამის სრულყოფილ მაგალითს დაგვიტოვებდა. მაგალითად, როცა იერუსალიმის მკვიდრნი ასურელების მუქარამ შეაშინა, მეფე ხიზკიამ შეკრიბა ჯარის მეთაურები და ხალხი და გაამხნევა ისინი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „გაამხნევა ხალხი . . . ხიზკიას სიტყვებმა“ (წაიკითხეთ 2 მატიანის 32:6—8).

9. რას ვსწავლობთ იობის წიგნიდან სხვების გამხნევების შესახებ?

9 მიუხედავად იმისა, რომ თავად საჭიროებდა გამხნევებას, იობმა „ვაი-ნუგეშისმცემლებს“ სხვისი გამხნევების მაგალითი მისცა. მან თქვა, რომ მათ ადგილზე თავისი სიტყვებით განამტკიცებდა და თავისი ბაგეებით ანუგეშებდა მათ (იობ. 16:1—5). საბოლოოდ, იობმა ელიჰუსგან და თავად იეჰოვასგან მიიღო ნუგეში (იობ. 33:24, 25; 36:1, 11; 42:7, 10).

10, 11. ა) რატომ სჭირდებოდა იფთახის ქალიშვილს გამხნევება? ბ) ვინ იმსახურებს დღეს შექებასა და გამხნევებას?

10 გამხნევება იფთახის ქალიშვილსაც სჭირდებოდა. ამონელებთან ბრძოლამდე მსაჯულმა იფთახმა აღთქმა დადო, რომ მტრებზე გამარჯვების შემთხვევაში იეჰოვას კარავში მსახურებისთვის შესწირავდა მას, ვინც უკან დაბრუნებულს პირველი გამოეგებებოდა. ბრძოლიდან დაბრუნებულ იფთახს გამარჯვების აღსანიშნავად სახლიდან ერთადერთი ქალიშვილი გამოეგება. გულმოკლულმა იფთახმა შეასრულა თავისი აღთქმა და ქალიშვილი შილოში გაგზავნა, რათა დარჩენილი ცხოვრება კარავში ემსახურა (მსაჯ. 11:30—35).

11 მართალია, ამის გაკეთება იფთახს ძალიან უმძიმდა, მაგრამ მასზე რთულ მდგომარეობაში მისი ქალიშვილი იყო, რომელიც მორჩილად დაჰყვა მამის ნებას (მსაჯ. 11:36, 37). ეს იმას ნიშნავდა, რომ იფთახის ქალიშვილი ვერ დაქორწინდებოდა, ვერ იყოლიებდა შვილებს და მათი საგვარეულო ხაზი აღარ გაგრძელდებოდა. უდავოდ, მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ნუგეში და გამხნევება. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ისრაელში წესად დაიდო, რომ ყოველწლიურად ისრაელის ასულები გალაადელი იფთახის ასულთან მიდიოდნენ და აქებდნენ მას, წელიწადში ოთხ დღეს“ (მსაჯ. 11:39, 40). დღესაც გამხნევებასა და შექებას იმსახურებენ დაუქორწინებელი და-ძმები, რომლებიც თავიანთ მდგომარეობას მაქსიმალურად იყენებენ ღვთის საქმის შესასრულებლად! (1 კორ. 7:32—35).

მოციქულები ამხნევებდნენ ძმებს

12, 13. როგორ ამხნევებდა პეტრე თანაქრისტიანებს?

12 სიკვდილის წინა საღამოს იესომ პეტრე მოციქულს უთხრა: „სიმონ, სიმონ, აი, სატანამ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ რწმენა არ გამოგელიოს, და როცა შემობრუნდები, განამტკიცო შენი ძმები“ (ლუკ. 22:31, 32).

მოციქულების წერილები დიდად ამხნევებდა პირველი საუკუნის კრებებს და დღეს ჩვენც გვამხნევებს (იხილეთ აბზაცები 12—17)

13 პეტრემ თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ ქრისტიანული კრების ბურჯი იყო (გალ. 2:9). მისმა გაბედულებამ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზეც გაამხნევა და-ძმები და მას შემდეგაც. მრავალწლიანი მსახურების შემდეგ მან თანაქრისტიანებს მისწერა: „ორიოდე სიტყვა მოგწერეთ გასამხნევებლად და ღვთის ჭეშმარიტი წყალობის შესახებ გულმოდგინებით დასამოწმებლად. მტკიცედ იდექით ამაში“ (1 პეტ. 5:12). პეტრეს მიერ ღვთივშთაგონებით დაწერილი წერილები საუკუნეების განმავლობაში ამხნევებდა ქრისტიანებს. ისინი დღესაც ამხნევებს მათ, ვინც იეჰოვას დაპირებების შესრულებას ელის (2 პეტ. 3:13).

14, 15. როგორ ამხნევებდა საუკუნეების განმავლობაში იოანე მოციქულის წერილები ქრისტიანებს?

14 მოციქული იოანეც პირველი საუკუნის კრების ბურჯად ითვლებოდა. მისი სახარება, სადაც ის საკმაოდ გულში ჩამწვდომი ენით აღწერს იესოს მსახურებას, საუკუნეების განმავლობაში ამხნევებდა ქრისტიანებს და ეს დღემდე ასეა. მხოლოდ მის სახარებაში ვკითხულობთ იესოს სიტყვებს, რომ მისი მიმდევრები სხვებისგან სიყვარულით იქნებოდნენ გამორჩეულები (წაიკითხეთ იოანეს 13:34, 35).

15 იოანეს სამ წერილში ჭეშმარიტების სხვა მარგალიტებსაც ვპოულობთ. როცა ცოდვილი ბუნების გამო გულდამძიმებულები ვართ, შვებას გვგვრის იმის წაკითხვა, რომ „იესოს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან“ (1 იოან. 1:7). თუ ჩვენი გული მსჯავრს გვდებს, განა გულაჩუყებულებს თვალზე ცრემლი არ გვადგება, როცა ვკითხულობთ, რომ „ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია“?! (1 იოან. 3:20). მხოლოდ მოციქული იოანე ამბობს, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8, 16). თავის მეორე და მესამე წერილებში იოანე აქებს იმ ერთგულ ქრისტიანებს, რომლებიც „ჭეშმარიტებაში დადიან“ (2 იოან. 4; 3 იოან. 3, 4).

16, 17. როგორ გაამხნევა პავლე მოციქულმა პირველი ქრისტიანები?

16 პირველ საუკუნეში, როგორც ჩანს, ყველაზე ხშირად პავლე მოციქული ამხნევებდა ძმებს. იესოს სიკვდილის შემდეგ მოციქულების უმეტესობა იერუსალიმში იყო, სადაც ხელმძღვანელი საბჭო ფუნქციონირებდა (საქ. 8:14; 15:2). ქრისტიანები იუდეაში ქრისტეს შესახებ ქადაგებდნენ მათთან, ვინც იუდაიზმის გავლენით ერთ ღმერთს ეთაყვანებოდა. მოციქული პავლე კი წმინდა სულმა ბერძნებთან, რომაელებთან და იმ ხალხთან საქადაგებლად გაგზავნა, რომლებიც უამრავ ღმერთს სცემდნენ თაყვანს (გალ. 2:7—9; 1 ტიმ. 2:7).

17 პავლე მოგზაურობდა დღევანდელი თურქეთის, საბერძნეთისა და იტალიის ტერიტორიებზე, სადაც არაიუდეველებს უქადაგებდა და ქრისტიანულ კრებებს აყალიბებდა. ეს ახლად მოქცეული ქრისტიანები თანამემამულეებისგან იდევნებოდნენ და გამხნევება სჭირდებოდათ (1 თეს. 2:14). დაახლოებით ახ. წ. 50 წელს პავლემ თესალონიკეში ახლად ჩამოყალიბებულ კრებას მისწერა: „ღმერთს ყოველთვის ვმადლობთ, როცა ლოცვებში გიხსენიებთ ყველა თქვენგანს, რადგან ყოველთვის გვახსოვს თქვენი რწმენის საქმეები, სიყვარულით შრომა და მოთმინება“ (1 თეს. 1:2, 3). მან აგრეთვე მოუწოდა მათ, რომ გაემხნევებინათ ერთმანეთი: „ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი“ (1 თეს. 5:11).

გამხნევება ხელმძღვანელი საბჭოსგან

18. როგორ გაამხნევა პირველი საუკუნის ხელმძღვანელმა საბჭომ ფილიპე?

18 პირველ საუკუნეში ხელმძღვანელი საბჭო ამხნევებდა და მხარში ედგა როგორც პასუხისმგებელ ძმებს, ისე ყველა ქრისტიანს. როცა მახარობელი ფილიპე სამარიელებს ქრისტეს შესახებ უქადაგებდა, ის ხელმძღვანელი საბჭოსგან სრულ მხარდაჭერას გრძნობდა. მაგალითად, მასთან ხელმძღვანელი საბჭოს ორი წევრი, პეტრე და იოანე გაგზავნეს, რათა ელოცათ ახლად მოქცეული ქრისტიანებისთვის, რომ მათაც მიეღოთ წმინდა სული (საქ. 8:5, 14—17). როგორ გაამხნევებდა ფილიპესა და ამ ახალ და-ძმებს ხელმძღვანელი საბჭოს მხარდაჭერა!

19. როგორ იმოქმედა ხელმძღვანელი საბჭოს წერილმა პირველ ქრისტიანულ კრებებზე?

19 მოგვიანებით ხელმძღვანელი საბჭო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იდგა. მათ უნდა გადაეწყვიტათ, მოეთხოვებოდათ თუ არა არაიუდეველ ქრისტიანებს მოსეს კანონით გათვალისწინებული წინადაცვეთა (საქ. 15:1, 2). წმინდა სულის ხელმძღვანელობითა და წმინდა წერილების გამოკვლევის შედეგად მათ დაასკვნეს, რომ წინადაცვეთა საჭირო აღარ იყო და ამის შესახებ კრებებს წერილობით აცნობეს. კრებებში ამ წერილის მიტანა ხელმძღვანელმა საბჭომ თავის წარმომადგენლებს დაავალა. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ეს წერილი კრებებში „წაიკითხეს, გამხნევდნენ და დიდად გაიხარეს“ (საქ. 15:27—32).

20. ა) როგორ ამხნევებს ხელმძღვანელი საბჭო საერთაშორისო საძმოს? ბ) რომელ კითხვას გაეცემა პასუხი მომდევნო სტატიაში?

20 დღეს იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო ამხნევებს ბეთელის ოჯახის წევრებს, ველზე მომსახურე სპეციალურ სრული დროით მსახურებს და ზოგადად ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან შემდგარ საერთაშორისო საძმოს. შედეგად, იმავეს ვგრძნობთ, რასაც პირველი საუკუნის და-ძმები — ვმხნევდებით და დიდად ვხარობთ. გარდა ამისა, 2015 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ გამოსცა ბროშურა „დაუბრუნდი იეჰოვას“, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები და-ძმებისთვის გამხნევების წყაროა. მაგრამ მხოლოდ პასუხისმგებელ ძმებს ევალებათ თანაქრისტიანების გამხნევება? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.