არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პასუხისმგებელო ძმებო, ისწავლეთ ტიმოთესგან!

პასუხისმგებელო ძმებო, ისწავლეთ ტიმოთესგან!

გასულ წელს მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა კრებებში ათასობით ძმა დაინიშნა მომსახურედ და უხუცესად. თუ თქვენც ამ ძვირფას ძმებს შორის ხართ, დარწმუნებულები ვართ, დიდ პატივად მიიჩნევთ ასეთ მსახურებას.

თუმცა სავსებით ბუნებრივია, თუ გაფიქრებთ, რამდენად კარგად გაართმევთ თავს ამ პასუხისმგებლობას. ახალგაზრდა უხუცესი ჯეისონი ამბობს: „როცა პასუხისმგებლობები მომანდეს, ვფიქრობდი, რომ გამიჭირდებოდა ამდენი რამისთვის თავის გართმევა“. მოსე და იერემიაც თავს შეუფერებლად მიიჩნევდნენ იეჰოვასგან მიღებული ახალი დავალების შესასრულებლად (გამ. 4:10; იერ. 1:6). თუ თქვენც ასე ფიქრობთ, როგორ შეგიძლიათ მოერიოთ ამ გრძნობებს და რა უნდა გააკეთოთ, რომ არ შეწყვიტოთ გაუმჯობესება? განვიხილოთ ქრისტიანი მოწაფის, ტიმოთეს მაგალითი (საქ. 16:1—3).

მიჰბაძეთ ტიმოთეს

ტიმოთე ოც წლამდე ან ცოტა მეტის იქნებოდა, როცა პავლემ ის მიმოსვლით მსახურებაში წაიყვანა. როგორც ახალგაზრდას, თავიდან მას შეიძლება თავდაჯერებულობა აკლდა და მორიდებულად იყენებდა თავის უფლებამოსილებას (1 ტიმ. 4:11, 12; 2 ტიმ. 1:1, 2, 7). თუმცა ათი წლის შემდეგ პავლეს შეეძლო ფილიპეს კრებისთვის ეთქვა: „მე კი იმედი მაქვს უფალ იესოში, რომ მალე გამოგიგზავნით ტიმოთეს . . . არავინ მყავს მისნაირი განწყობილებით“ (ფილ. 2:19, 20).

რატომ იყო ტიმოთე ასეთი გამორჩეული უხუცესი? განვიხილოთ ექვსი მხარე, რომლებშიც შეგიძლიათ მას მიჰბაძოთ.

1. ის გულწრფელად ზრუნავდა ხალხზე. პავლემ ფილიპელი ძმები დაარწმუნა, რომ ტიმოთე გულწრფელად ზრუნავდა მათზე (ფილ. 2:20). დიახ, ტიმოთეს აღელვებდა თანაქრისტიანების მდგომარეობა. ის მთელი გულით ინტერესდებოდა მათი სულიერი კეთილდღეობით და ყოველთვის მზადყოფნით იხარჯებოდა მათთვის.

ნუ იქნებით იმ ავტობუსის მძღოლივით, რომლისთვისაც უმთავრესი მგზავრების აყვანა კი არა, დანიშნულების ადგილას დროულად მისვლაა. უილიამი, რომელიც 20 წელზე მეტია, უხუცესად მსახურობს, ახლად დანიშნულ ძმებს ურჩევს: „გიყვარდეთ და-ძმები. ნაცვლად იმისა, რომ ძირითადი აქცენტი წესების დაცვაზე გადაიტანოთ, დაინტერესდით მათი საჭიროებებით“.

2. ის სამქადაგებლო საქმეს პირველ ადგილზე აყენებდა. პავლემ თქვა, რომ ტიმოთესგან განსხვავებით სხვა ყველა თავისას ეძებდა და „არა იმას, რაც ქრისტე იესოსია“ (ფილ. 2:21). ფილიპელების მიმართ წერილი მან რომში დაწერა და შენიშნა, რომ რომის კრებაში მომსახურე ძმები ცხოვრებისეული საზრუნავით მეტისმეტად იყვნენ მოცულნი. შესაძლოა ისინი ზედმეტად არ იტვირთავდნენ თავს სულიერი საქმეებით. მაგრამ ტიმოთე მათგან სრულიად განსხვავდებოდა. როცა მას შესაძლებლობა მიეცა, რომ უფრო მეტად შეეწყო ხელი სასიხარულო ცნობის გავრცელებისთვის, მან გამოავლინა ესაიას მსგავსი სულისკვეთება: „მე წავალ! მე გამგზავნე!“ (ეს. 6:8).

როგორ შეგიძლიათ გააწონასწოროთ პირადი და სულიერი ვალდებულებები? თავდაპირველად დაადგინეთ პრიორიტეტები. პავლემ მოგვიწოდა, რომ დავრწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია (ფილ. 1:10). ის, რასაც ღმერთი მიიჩნევს უმთავრესად, თქვენთვისაც უმთავრესი უნდა იყოს. გაიმარტივეთ ცხოვრება. მოიშორეთ ყველაფერი, რაც დროსა და ენერგიას გაკარგვინებთ. პავლემ ტიმოთეს მოუწოდა: „გაექეცი ახალგაზრდულ სურვილებს და ესწრაფე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულსა და მშვიდობას“ (2 ტიმ. 2:22).

3. ის წმინდა მსახურების შესასრულებლად თავს არ ზოგავდა. პავლემ ფილიპელ ქრისტიანებს შეახსენა: „თქვენ იცით, როგორ წარმოაჩინა მან [ტიმოთემ] საკუთარი თავი, როგორც შვილი მამასთან, ისე მსახურობდა მონასავით ჩემთან ერთად სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად“ (ფილ. 2:22). ტიმოთე არ იყო ზარმაცი. ის პავლესთან ერთად ბევრს შრომობდა, რამაც მათ შორის სიყვარული უფრო გააღრმავა.

დღეს იეჰოვას ორგანიზაციაში საქმის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. ღვთისგან დავალებული საქმის შესრულება კმაყოფილების მომტანია და და-ძმებთან უფრო გვაახლოებს. ამიტომ მიზნად დაისახეთ, რომ ბევრი იშრომოთ უფლის საქმეში (1 კორ. 15:58).

4. ის ნასწავლს ცხოვრებაში იყენებდა. პავლემ ტიმოთეს მისწერა: „შენ კი ზედმიწევნით მბაძავ სწავლებაში, ცხოვრების წესში, განზრახვაში, რწმენაში, სულგრძელობაში, სიყვარულში, მოთმინებაში“ (2 ტიმ. 3:10). ტიმოთე ნასწავლს ცხოვრებაში იყენებდა, ამიტომ მზად იყო უფრო მეტი პასუხისმგებლობის ასაღებად (1 კორ. 4:17).

გყავთ სულიერი აღმზრდელი? თუ არა, კარგი იქნება თუ გამოცდილ და მოწიფულ უხუცესს სთხოვთ, რომ დაგეხმაროთ. ტომი, რომელიც დიდი ხანია, უხუცესად მსახურობს, იხსენებს: „ერთი გამოცდილი უხუცესი ჩემით დაინტერესდა და ბევრი რამ მასწავლა. ხშირად ვეკითხებოდი რჩევას და ვითვალისწინებდი მის აზრს. ამან დროთა განმავლობაში თავდაჯერებულობა შემმატა“.

5. ის არ წყვეტდა საკუთარ თავზე მუშაობას. პავლემ ტიმოთეს მოუწოდა: „ღვთისადმი ერთგულებისკენ ისწრაფე და მასში გაიწაფე“ (1 ტიმ. 4:7). მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენს შეიძლება მწვრთნელი ჰყავდეს, დამოუკიდებლად ვარჯიში მას მაინც სჭირდება. პავლემ ტიმოთეს ურჩია: „მთელი გულმოდგინებით უკითხე ხალხს, შეაგონე და ასწავლე . . . ამაზე იფიქრე და ამით დაკავდი, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს შენი წარმატება“ (1 ტიმ. 4:13—15).

გამუდმებით დახვეწა თქვენც გჭირდებათ. ნუ დაუშვებთ, რომ სულიერი განვითარება შეწყვიტოთ ან კრებაში ისევ ძველი მეთოდებით იხელმძღვანელოთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებულები და ნუ იფიქრებთ, რომ ღრმა გამოკვლევა არ გჭირდებათ და თქვენი გამოცდილებით ნებისმიერ პრობლემას გადაჭრით. მიჰბაძეთ ტიმოთეს და ყოველთვის დაუკვირდით როგორც თქვენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლით (1 ტიმ. 4:16).

6. ის იეჰოვას წმინდა სულზე იყო დანდობილი. პავლემ გაიხსენა ტიმოთეს მსახურება და შეახსენა მას: „ჩვენში დამკვიდრებული წმინდა სულით დაიცავი ის დიდებული რამ, რაც მოგენდო“ (2 ტიმ. 1:14). მინდობილი მსახურება რომ დაეცვა, ტიმოთე ღვთის წმინდა სულს უნდა დანდობოდა.

დონალდი, რომელიც ათწლეულებია, უხუცესად მსახურობს, ამბობს: „პასუხისმგებელი ძმები უნდა აფასებდნენ და უფრთხილდებოდნენ იეჰოვასთან ურთიერთობას. ეს მათ გააძლიერებს. კრებისთვის ნამდვილი კურთხევა იქნებიან ის ძმები, რომლებიც იეჰოვას წმინდა სულს სთხოვენ და ღვთის სულის ნაყოფს განივითარებენ“ (ფსალმ. 84:7; 1 პეტ. 4:11).

დააფასეთ მონდობილი პასუხისმგებლობები

ძალიან სასიხარულოა, რომ თქვენ მსგავსად ბევრი ახლად დანიშნული ძმა სულიერ პროგრესს განიცდის. ზემოთ მოხსენიებული ჯეისონი ამბობს: „მას შემდეგ, რაც უხუცესი გავხდი, ბევრი რამ ვისწავლე, რამაც თავდაჯერებულობა შემძინა. ახლა ნამდვილად დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს პასუხისმგებლობა და დიდ პატივად მივიჩნევ მას“.

კვლავაც განაგრძობთ სულიერ წინსვლას და მისცემთ იეჰოვას თქვენი გამოყენების საშუალებას? მიზნად დაისახეთ, რომ ისწავლოთ ტიმოთესგან და თქვენც კურთხევად იქცევით ღვთის ხალხისთვის!