არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 2013 წლის გადამუშავებულ ინგლისურ გამოცემაში ფსალმუნის 144:12—15 ეხება ღვთის ხალხს, მაშინ როცა წინა თარგმანში ეს მონაკვეთი მე-11 მუხლში მოხსენიებულ უცხო ხალხს ეხებოდა, რომლებიც ბოროტებას სჩადიოდნენ. რა იყო ამ ცვლილების მიზეზი?

ებრაული ტექსტი შეიძლება ორივენაირად ითარგმნოს, თუმცა გადამუშავებულ თარგმანში შემდეგი ფაქტორები იქნა გათვალისწინებული:

  1.  გადამუშავებული ტექსტი გრამატიკულად და ლექსიკურად გამართულია. ფსალმუნის 144:12—15-ს წინა მუხლებთან აკავშირებს მე-12 მუხლის პირველი სიტყვა. ეს ებრაული სიტყვა აშერი შეიძლება სხვადასხვანაირად ითარგმნოს. ის შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც მიმართებითი ნაცვალსახელი, მაგალითად „რომლებიც“ ან „ვინც“. წინა თარგმანში ებრაული სიტყვა აშერი ითარგმნა როგორც სიტყვა „რომლებიც“. შედეგად, გამოდიოდა, რომ მე-12-დან მე-14 მუხლებში ჩაწერილ კურთხევებს ბოროტები მიიღებდნენ, რომელთა შესახებაც წინა მუხლებშია საუბარი. თუმცა სიტყვა აშერი შეიძლება შედეგზეც მიუთითებდეს და ითარგმნოს როგორც „ამდენად“, „ასე რომ“, „მაშინ“ და ა. შ. 2013 წელს ინგლისურ ენაზე გამოცემულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებულ ვერსიაში გამოიყენეს სიტყვა „მაშინ“. ეს სიტყვა ბიბლიის სხვა თარგმანებშიც არის გამოყენებული.

  2.  გადამუშავებული ტექსტი სრულად ეთანხმება მთლიან ფსალმუნს. მე-12 მუხლში გამოყენებული სიტყვა „მაშინ“ იმაზე მიანიშნებს, რომ მე-12—14 მუხლებში მოხსენიებულ კურთხევებს მართლები მიიღებენ, რომლებიც გათავისუფლებასა და ხსნას ითხოვენ ბოროტთა ხელიდან (მე-11 მუხლი). გარდა ამისა, ეს ცვლილება შეეხო მე-15 მუხლსაც, სადაც ორჯერ გვხვდება სიტყვა „ბედნიერი“. გადამუშავებული ტექსტის ამ მუხლში ეს სიტყვა ერთი და იმავე აზრის ხაზგასასმელად გამოიყენება. აქედან გამომდინარე, ორივე შემთხვევაში სიტყვა „ბედნიერი“ეხება ერთსა და იმავე ხალხს, „რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“. აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ დედნისეულ ებრაულ ტექსტში სასვენი ნიშნები არ გვხვდება, მაგალითად არ არის გამოყენებული ბრჭყალები. ასე რომ, მთარგმნელებს თავად უნდა განესაზღვრათ ტექსტის ზუსტი აზრი, გაეთვალისწინებინათ ებრაული ენის პოეტური სტილი, კონტექსტი და მასთან დაკავშირებული სხვა ბიბლიური მონაკვეთები.

  3.  გადამუშავებული ტექსტი ეთანხმება სხვა ბიბლიურ მონაკვეთებს, რომლებიც ღვთის ერთგულ მსახურებს კურთხევებს ჰპირდება. სიტყვა აშერის ახლებურად თარგმნის შედეგად ეს ფსალმუნი გამოხატავს დავითის მტკიცე იმედს, რომ მტრების ხელიდან დახსნის შემდეგ ღმერთი ისრაელ ერს აკურთხებდა, ანუ მათ ბედნიერებასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე იზრუნებდა (ლევ. 26:9, 10; კან. 7:13; ფსალმ. 128:1—6). მაგალითად, მეორე კანონის 28:4-ში ნათქვამია: „კურთხეული იქნება შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი, შენი პირუტყვის, შენი საქონლისა და შენი ფარის ნაშიერი“. დავითის ძის, სოლომონის მეფობის დროს ისრაელი ერი მართლაც ტკბებოდა წარმოუდგენელი მშვიდობითა და მატერიალური კეთილდღეობით. უფრო მეტიც, სოლომონის მეფობა გარკვეულწილად მესიის მმართველობას უკავშირდება (1 მეფ. 4:20, 21; ფსალმ. 72:1—20).

დასკვნა: 144-ე ფსალმუნის ტექსტის ცვლილება არ ცვლის ბიბლიური სწავლებების გაგებას. თუმცა მასში ახლა უფრო ნათლად არის გამოხატული იეჰოვას მსახურთა იმედი, რომლის შესრულებასაც ისინი დიდი ხანია ელიან. ღვთის მსახურები მოელიან დროს, როცა ღმერთი ბოლოს მოუღებს ბოროტებს და მართლებს მარადიული მშვიდობითა და მატერიალური კეთილდღეობით აკურთხებს (ფსალმ. 37:10, 11).