არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 17

იეჰოვას დახმარებით წინ აღუდექით ბოროტ სულებს

იეჰოვას დახმარებით წინ აღუდექით ბოროტ სულებს

„ვიბრძვით . . . ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფეს. 6:12).

სიმღერა 55 ნუ შეგეშინდებათ მათი!

მოკლე შინაარსი *

1. ეფესოელების 6:10—13-ის თანახმად, რომელია ერთ-ერთი საშუალება, რითაც იეჰოვა ჩვენ მიმართ სიყვარულსა და მზრუნველობას ავლენს? ახსენით.

იეჰოვა ეხმარება თავის მსახურებს, რომ წინ აღუდგნენ მტრებს, რაც მის სიყვარულსა და მზრუნველობაზე მეტყველებს. ჩვენი დაუძინებელი მტრები სატანა და დემონები არიან. იეჰოვა მათი არსებობის შესახებ გვაფრთხილებს და უზრუნველგვყოფს ყველაფრით, რაც მათთან საბრძოლველად გვჭირდება (წაიკითხეთ ეფესოელების 6:10—13). როცა ვიღებთ იეჰოვასგან დახმარებას და ბოლომდე ვენდობით მას, წარმატებით ვუმკლავდებით ეშმაკის თავდასხმებს. პავლე მოციქულის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ გამოვა ჩვენ წინააღმდეგ?“ (რომ. 8:31).

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 ჭეშმარიტი ქრისტიანები დიდ ყურადღებას არ ვამახვილებთ სატანასა და დემონებზე. პირიქით, მთელი აქცენტი იეჰოვას გაცნობასა და მისადმი მსახურებაზე გვაქვს გადატანილი (ფსალმ. 25:5). თუმცა საჭიროა, ვიცოდეთ სატანის საბრძოლო ტაქტიკა, რათა არ გვაჯობოს (2 კორ. 2:11). ამ სტატიაში ვისაუბრებთ, ძირითადად, რა მეთოდებით ცდილობენ სატანა და დემონები ხალხის შეცდომაში შეყვანას, და გავიგებთ, როგორ შეგვიძლია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა.

როგორ შეჰყავთ ბოროტ სულებს ხალხი შეცდომაში

3, 4. ა) რა არის სპირიტიზმი? ბ) რამდენად დიდია სპირიტიზმისადმი ინტერესი?

3 სატანას და დემონებს ხალხი, ძირითადად, სპირიტიზმის მეშვეობით შეჰყავთ შეცდომაში. სპირიტიზმის მიმდევრები აცხადებენ, რომ იციან და აკონტროლებენ იმას, რისი ცოდნაც და გაკონტროლებაც, როგორც წესი, ადამიანებს არ შეუძლიათ. მაგალითად, ზოგი ირწმუნება, რომ ასტროლოგიითა თუ მკითხაობით შეუძლია მომავალის გაგება. სხვები კი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს გარდაცვლილებთან ამყარებენ კონტაქტს. ზოგიც მაგიას მიმართავს და სხვებს ჯადოს უკეთებს. *

4 რამდენად დიდია სპირიტიზმისადმი ხალხის ინტერესი? ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის 18 ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ რესპოდენტთაგან თითქმის ყოველ მესამეს სჯეროდა მაგიისა და ჯადოქრობის. დაახლოებით ერთი იმდენი კი აცხადებდა, რომ სულებთან კავშირის დამყარება შესაძლებელია. სხვა გამოკითხვის დროს, რომელიც აფრიკის 18 ქვეყანაში ჩატარდა, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ სჯეროდათ ჯადოქრობის. სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ფაქტი ერთია: თავი შორს უნდა დავიჭიროთ სპირიტიზმისგან, რადგან სატანა „მთელი მსოფლიოს“ შეცდომაში შეყვანას ცდილობს (გამოცხ. 12:9).

5. რას ფიქრობს იეჰოვა სპირიტიზმზე?

5 იეჰოვა ჭეშმარიტების ღმერთია (ფსალმ. 31:5). მას სძულს სპირიტიზმი. ერთხელ მან ისრაელებს უთხრა: „არ იყოს შენში თავისი ვაჟის ან ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას და ამ სისაძაგლეთა გამო დევნის მათ შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი“ (კან. 18:10—12). მართალია, ქრისტიანები არ ვექვემდებარებით ისრაელებისთვის მიცემულ კანონს, მაგრამ კარგად გვესმის, რომ სპირიტიზმისადმი იეჰოვას დამოკიდებულება არ შეცვლილა (მალ. 3:6).

6. ა) როგორ იყენებს სატანა სპირიტიზმს ხალხისთვის ზიანის მისაყენებლად? ბ) ეკლესიასტეს 9:5-დან გამომდინარე, რა მდგომარეობაში არიან მკვდრები?

6 იეჰოვა გვაფრთხილებს სპირიტიზმის შესახებ, რადგან იცის, რომ სატანა ამ მეთოდს მიმართავს ადამიანებისთვის ზიანის მისაყენებლად. სწორედ სპირიტიზმის მეშვეობით ავრცელებს სატანა ტყუილს, რომ თითქოს სიკვდილის შემდეგ სული სხვა სამყაროში განაგრძობს არსებობას (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 9:5). სპირიტიზმს ის ხალხის დასაშინებლად და იეჰოვასგან ჩამოსაშორებლადაც იყენებს. მისი მიზანია, რომ ხალხმა ბოროტ სულებზე დაამყაროს იმედი და არა იეჰოვაზე.

როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ბოროტ სულებს

7. რას გვასწავლის იეჰოვა?

7 როგორც უკვე აღვნიშნეთ, იეჰოვა გვასწავლის, როგორ ავარიდოთ თავი სატანისა და მისი დემონების მახეს. ქვემოთ მოცემულია პრაქტიკული რჩევები, რომლებიც სატანისა და დემონების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმარება.

8. ა) ძირითადად, რა გვეხმარება ბოროტი სულების წინააღმდეგ ბრძოლაში? ბ) როგორ ააშკარავებს ფსალმუნის 146:4 მკვდრების მდგომარეობის შესახებ სატანის სიცრუეს?

8 იკითხეთ ღვთის სიტყვა და იფიქრეთ მასზე. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რაც ბოროტი სულების მიერ გავრცელებული სიცრუის გაბათილებაში გვეხმარება. ღვთის სიტყვა ბასრი მახვილივითაა, რომელიც სატანის სიცრუის წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება (ეფეს. 6:17). მაგალითად, ბიბლია ააშკარავებს ტყუილს, თითქოს მკვდრები ცოცხლებთან ურთიერთობენ (წაიკითხეთ ფსალმუნის 146:4). ის იმასაც შეგვახსენებს, რომ მხოლოდ იეჰოვას შეუძლია ზუსტად იწინასწარმეტყველოს მომავალი (ეს. 45:21; 46:10). ბიბლიის რეგულარული კითხვა და წაკითხულზე ფიქრი დაგვეხმარება, უარვყოთ და შევიზიზღოთ სატანის ტყუილები, რომელთა მეშვეობითაც ბოროტი სულები ჩვენს შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

9. სპირიტიზმთან დაკავშირებულ რომელ საქმეებს ვერიდებით?

9 მოერიდეთ ყველაფერს, რაც სპირიტიზმს უკავშირდება. ჩვენ, როგორც ქრისტიანები, ვერიდებით სპირიტიზმის ნებისმიერ ფორმას. მაგალითად, არც სულების გამომძახებლის და არც სხვა საშუალებით ვცდილობთ გარდაცვლილებთან ურთიერთობის დამყარებას. როგორც წინა სტატიაში განვიხილეთ, ქრისტიანები ვერიდებით დაკრძალვის ისეთ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც სულის უკვდავების იდეას ეფუძნება. ჩვენ არც ასტროლოგებისა და მკითხავების მეშვეობით ვცდილობთ მომავლის გაგებას (ეს. 8:19). ღვთის მსახურებს კარგად გვესმის, რამდენად სახიფათოა ისეთ საქმეებში მონაწილეობა, რომელთა მეშვეობითაც ადამიანმა შეიძლება პირდაპირი კავშირი დაამყაროს სატანასა და დემონებთან.

მიჰბაძეთ პირველი საუკუნის ქრისტიანებს და თავიდან მოიშორეთ ყველაფერი, რაც ოკულტიზმთანაა დაკავშირებული, და მოერიდეთ ისეთ გართობას, რომელიც სპირიტიზმის ელემენტებს შეიცავს (იხილეთ აბზაცები 10—12)

10, 11. ა) როგორ მოიქცნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები ჭეშმარიტების გაგების შემდეგ? ბ) პირველი კორინთელების 10:21-ის თანახმად, რატომ უნდა მივბაძოთ პირველი საუკუნის ქრისტიანებს და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

10 მოიშორეთ სპირიტული საგნები. პირველ საუკუნეში ზოგი ეფესოელი სპირიტიზმს მისდევდა. თუმცა ჭეშმარიტების გაგების შემდეგ რადიკალური ზომები მიიღეს. საქმეების 19:19-ში ვკითხულობთ: „ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოქრობას მისდევდა, მოიტანა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა“. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ ბოროტი სულებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მაგიური წიგნები საკმაოდ ძვირადღირებული იყო, ეფესოელმა ქრისტიანებმა კი არ გაყიდეს ან გააჩუქეს ისინი, არამედ მთლიანად გაანადგურეს. მათთვის იეჰოვასთან ურთიერთობა უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე ამ წიგნებში გადახდილი ფული.

11 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პირველი საუკუნის ქრისტიანებს? გონივრული იქნება, თავიდან მოვიშოროთ ოკულტიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი ნივთი, იქნება ეს თილისმა თუ სხვა რამ, რასაც ხალხი ბოროტი სულებისგან დასაცავად იყენებს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:21).

12. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს გართობასთან დაკავშირებით?

12 გულდასმით შეარჩიეთ გართობის სახეობები. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ხომ არ ვკითხულობ ოკულტიზმთან დაკავშირებულ წიგნებს, ჟურნალებს ან ინტერნეტსტატიებს? რა სახის მუსიკას ვუსმენ? როგორ ფილმებს ან ტელეშოუებს ვუყურებ? როგორი თამაშებით ვერთობი? ხომ არ შეიცავს ჩემ მიერ არჩეული გართობა სპირიტიზმის ელემენტებს? ხომ არ არის ის ზებუნებრივ ძალებზე, ვამპირებზე ან მაქციებზე? უწყინარ გართობად ხომ არ წარმოაჩენს მაგიას, ჯადოს ან წყევლას? ცხადია, ვერ ვიტყვით, რომ ყველა ზღაპარი ან ფანტაზიაზე აგებული გასართობი საშუალებები სპირიტიზმთანაა დაკავშირებული. როცა გართობას ირჩევთ, შეეცადეთ, თავი შორს დაიჭიროთ ყველაფრისგან, რაც იეჰოვას სძულს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ცუდი არაფერი გავაკეთოთ „ღვთისა და ადამიანების წინაშე“ (საქ. 24:16). *

13. რას უნდა მოვერიდოთ?

13 მოერიდეთ დემონების შესახებ ამბების მოყოლას. გვინდა, რომ ამ მხრივ იესოს მივბაძოთ (1 პეტ. 2:21). განკაცებამდე ის ზეცაში ცხოვრობდა და ძალიან ბევრი იცოდა სატანისა და დემონების შესახებ. თუმცა მათ საქმეებზე არ საუბრობდა. მას სურდა, რომ ხალხს იეჰოვა გაეცნო და არა სატანა. გვინდა, მივბაძოთ იესოს და არ მოვყვეთ ისეთ ამბებს, რომელთა მიღმაც, სავარაუდოდ, დემონები დგანან. ნაცვლად ამისა, გვსურს, ჩვენი სიტყვებით ცხადვყოთ, რომ „გული კარგი საქმისკენ“ ანუ ჭეშმარიტებისკენ გვეწევა (ფსალმ. 45:1).

ჩვენ არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ გვეშინოდეს ბოროტი სულების, რადგან იეჰოვა, იესო და ანგელოზები მათზე ბევრად ძლიერები არიან (იხილეთ აბზაცები 14, 15) *

14, 15. ა) რატომ არ უნდა გვეშინოდეს ბოროტი სულების? ბ) რა მოწმობს, რომ იეჰოვა დღესაც იცავს თავის ხალხს?

14 ნუ შეგეშინდებათ ბოროტი სულების. ამ ქვეყნიერებაში ცუდისგან არც ჩვენ ვართ დაზღვეულები. უბედური შემთხვევები, ავადმყოფობა და სიკვდილიც კი შეიძლება მოულოდნელად დაგვატყდეს თავს. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ყველაფრის მიღმა ბოროტი სულები დგანან. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლ. 9:11). იეჰოვამ დაამტკიცა, რომ ის დემონებზე ბევრად ძლიერია. მაგალითად, ღმერთმა არ მისცა სატანას იობის მოკვლის უფლება (იობ. 2:6). მოსეს დროს იეჰოვამ თავისი ძალა დაანახვა ეგვიპტის გრძნეულ ქურუმებს (გამ. 8:18; 9:11). იეჰოვას ძალით განდიდებულმა იესომ სძლია სატანასა და მის დემონებს, როცა ისინი ზეციდან დედამიწაზე გადმოყარა. ახლო მომავალში ისინი უფსკრულში ჩაიყრებიან და ვეღარავის მიაყენებენ ზიანს (გამოცხ. 12:9; 20:2, 3).

15 უამრავი რამ მოწმობს იმაზე, რომ იეჰოვა დღესაც ზრუნავს თავის ხალხზე. მაგალითად, ჩვენ ვქადაგებთ და ჭეშმარიტებას ვასწავლით ხალხს დედამიწის ყველა კუთხეში (მათ. 28:19, 20). ასეთი სახით ფარდას ვხდით ეშმაკის ბოროტ საქმეებს. დარწმუნებული იყავით: სატანას რომ შეძლებოდა, აუცილებლად შეაჩერებდა ჩვენს საქმიანობას; მაგრამ მას ამის გაკეთების ძალა არ შესწევს. ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს ბოროტი სულების. ვიცით, რომ „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატ. 16:9). თუ იეჰოვასადმი ერთგულებას შევინარჩუნებთ, დემონები გამოუსწორებელ ზიანს ვერ მოგვაყენებენ.

იეჰოვაზე მინდობას კურთხევები მოაქვს

16, 17. რატომ გვჭირდება გაბედულება ბოროტ სულებთან ბრძოლაში? მოიყვანეთ მაგალითი.

16 გაბედულება გვჭირდება, რომ წინ აღვუდგეთ ბოროტ სულებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა კეთილმოსურნე მეგობრები ან ნათესავები გვეწინააღმდეგებიან. იეჰოვა აკურთხებს გაბედულ ადამიანებს. განვიხილოთ განაში მცხოვრები დის, ერიკას შემთხვევა, რომელმაც 21 წლის ასაკში დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ერიკას მამა ქურუმი იყო, ამიტომ ოჯახი მოელოდა, რომ ისიც მიიღებდა მონაწილეობას მათ წეს-ჩვეულებებში, მაგალითად შეჭამდა მამამისის ღმერთებისთვის შეწირულ ხორცს. როცა ერიკამ აუხსნა, რომ ამას ვერ გააკეთებდა, ოჯახმა ეს მათი ღმერთების შეურაცხყოფად ჩათვალა. მათ ეშინოდათ, რომ ღმერთები დასჯიდნენ და ფსიქიკურად და ფიზიკურად დაასნეულებდნენ.

17 ოჯახის წევრები აიძულებდნენ ერიკას თავიანთი წეს-ჩვეულებების დაცვას, მაგრამ ის მაშინაც მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე, როცა ამის გამო სახლიდან წასვლა მოუწია. ის მოწმეებმა შეიფარეს. იეჰოვამ აკურთხა ერიკა და ქრისტიანი და-ძმებისგან შემდგარი ოჯახი უბოძა (მარ. 10:29, 30). მიუხედავად იმისა, რომ ნათესავებმა უარყვეს ის და პირადი ნივთებიც კი დაუწვეს, ერიკამ ერთგულება შეინარჩუნა, მოინათლა და დღეს პიონერად მსახურობს. მას არ ეშინია დემონების. ერიკა ამბობს: „ყოველდღე ვლოცულობ ჩემს ოჯახზე, რომ მათაც გამოცადონ ის სიხარული, რაც მოსიყვარულე ღმერთის, იეჰოვას მსახურებას მოყვება, და გათავისუფლდნენ ბოროტი სულების შიშისგან“.

18. რა კურთხევებს ვიმკით, როცა ვენდობით იეჰოვას?

18 ცხადია, ყველას არ მოგვიწევს ასეთი მძიმე განსაცდელის ატანა. თუმცა თითოეული უნდა შევეწინააღმდეგოთ ბოროტ სულებს და მივენდოთ იეჰოვას. ასე მოქცევა უამრავ კურთხევას მოგვიტანს. სატანა ვერ შეგვაცდენს თავისი ტყუილებით და დემონების შიში ვერ შეგვაწყვეტინებს იეჰოვასადმი მსახურებას. რაც ყველაზე მთავარია, უფრო დავუახლოვდებით ჩვენს ღმერთს. მოწაფე იაკობი წერდა: „დაემორჩილეთ ღმერთს, წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან. დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:7, 8).

სიმღერა 150 ეძებეთ იეჰოვა და გადარჩით

^ აბზ. 5 იეჰოვა სიყვარულით გვაფრთხილებს ბოროტი სულების არსებობისა და იმ ზიანის შესახებ, რაც მათ მოაქვთ. როგორ შეჰყავთ ბოროტ სულებს ხალხი შეცდომაში? რა უნდა გავაკეთოთ, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ? ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ გვეხმარება იეჰოვა, რომ ბოროტი სულების გავლენაში არ მოვექცეთ.

^ აბზ. 3 განმარტება: სიტყვა სპირიტიზმი გულისხმობს ისეთი რამის დაჯერებას და გაკეთებას, რაც დემონებს უკავშირდება. მასში ასევე შედის იმის რწმენა, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული აგრძელებს სიცოცხლეს და ცოცხლებთან, ძირითადად, მედიუმის მეშვეობით ამყარებს ურთიერთობას. სპირიტიზმში შედის ჯადოქრობა და მკითხაობა. ამ სტატიაში სიტყვა მაგია ისეთ საქმეებთან მიმართებით გამოიყენება, რომლებიც ოკულტიზმთან ანუ ზებუნებრივ ძალებთან არის დაკავშირებული. ამაში შეიძლება შედიოდეს მედიუმის მეშვეობით ვინმეს დაწყევლა, ჯადოს გაკეთება ან მოხსნა. მაგიაში არ იგულისხმება ხალხის გასართობად გაკეთებული ფოკუსები, რომლებიც ხელის სწრაფი მოძრაობით სრულდება.

^ აბზ. 12 უხუცესებს არა აქვთ უფლება, რომ გართობასთან დაკავშირებით წესები დაადგინონ. თითოეულმა ქრისტიანმა ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე უნდა აირჩიოს, რას წაიკითხავს, რას უყურებს ან რომელ თამაშს ითამაშებს. გონიერი ოჯახისთავი ცდილობს, დარწმუნდეს, რომ მისი ოჯახი გართობის არჩევისას არ არღვევს ბიბლიურ პრინციპებს. ვებგვერდზე jw.org® იხილეთ სტატია „კრძალავენ იეჰოვას მოწმეები ამა თუ იმ ფილმის ყურებას, წიგნის წაკითხვასა თუ სიმღერის მოსმენას?“ (იხილეთ ჩვენ შესახებ / ხშირად დასმული კითხვები).

^ აბზ. 54 სურათის აღწერა: იესო, ჩვენი ძლევამოსილი ზეციერი მეფე, ანგელოზთა ლაშქარს მიუძღვის.