არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 18

ბოლომდე გაირბინეთ სარბიელი

ბოლომდე გაირბინეთ სარბიელი

„სარბიელი ბოლომდე გავირბინე“ (2 ტიმ. 4:7).

სიმღერა 129 ბოლომდე მოვითმენთ

მოკლე შინაარსი *

1. რა მოგვეთხოვება თითოეულ ჩვენგანს?

მიიღებდით მონაწილეობას გრძელ დისტანციაზე რბოლაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავს ცუდად გრძნობთ ან გადაღლილი ხართ? ცხადია, არა. თუმცა იმ რბოლაში, რომელზეც მოციქული პავლე საუბრობს, ყველა ქრისტიანია ჩაბმული (ებრ. 12:1). ახალგაზრდა ვართ თუ ხანში შესული, ჯან-ღონით სავსე თუ ძალაგამოცლილი, თითოეულმა ბოლომდე უნდა მოვითმინოთ, რათა იეჰოვასგან დაპირებული ჯილდო მოვიპოვოთ (მათ. 24:13).

2. მეორე ტიმოთეს 4:7, 8-ის თანახმად, რატომ ჰქონდა პავლეს სიტყვაში სითამამე?

2 პავლემ ბოლომდე გაირბინა სარბიელი, ამიტომ სხვებსაც თამამად მოუწოდებდა ამისკენ (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 4:7, 8). რა რბოლაზე საუბრობდა მოციქული პავლე?

რა სახის რბოლაში ვართ ჩაბმულნი?

3. რა რბოლაზე საუბრობდა პავლე მოციქული?

3 პავლეს ზოგჯერ ძველ საბერძნეთში გამართული თამაშებიდან მოჰყავდა შედარებები, რათა მსმენელებისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი ესწავლებინა (1 კორ. 9:25—27; 2 ტიმ. 2:5). მან ქრისტიანული ცხოვრების გზა არაერთხელ შეადარა რბოლას (1 კორ. 9:24; გალ. 2:2; ფილ. 2:16). ადამიანი „რბოლაში“ მაშინ ერთვება, როცა თავს უძღვნის იეჰოვას და ინათლება (1 პეტ. 3:21). ხოლო ფინიშის ხაზს მაშინ კვეთს, როცა იეჰოვა მას მარადიული სიცოცხლით აჯილდოებს (მათ. 25:31—34, 46; 2 ტიმ. 4:8).

4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 ქრისტიანულ ცხოვრებასა და გრძელ დისტანციაზე რბოლას შორის არაერთი პარალელის გავლება შეიძლება. ამ სტატიაში სამ მხარეზე გავამახვილებთ ყურადღებას და გავიგებთ, რისი გაკეთება მოგვეთხოვება მორბენლების მსგავსად. პირველი, სწორი გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ; მეორე, მთელი ყურადღება ფინიშის ხაზის გადაკვეთაზე უნდა გადავიტანოთ და მესამე, გზად შემხვედრი დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ.

ნუ გადაუხვევთ სწორი გზიდან

ყველა უნდა მივყვეთ ქრისტიანული ცხოვრების გზას (იხილეთ აბზაცები 5—7) *

5. რა გზას უნდა მიჰყვეს ქრისტიანი და რატომ?

5 ჯილდოს მისაღებად აუცილებელია, რომ მორბენალი წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტს მიჰყვეს. მსგავსად ამისა, თუ გვსურს, მარადიული სიცოცხლის ჯილდო მივიღოთ, ქრისტიანული ცხოვრების გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ (საქ. 20:24; 1 პეტ. 2:21). თუმცა სატანასა და მის გავლენაში მყოფ ადამიანებს სურთ, შევწყვიტოთ ქრისტიანულ გზაზე რბოლა და ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეთ (1 პეტ. 4:4). ისინი დაგვცინიან იმის გამო, რომ ბიბლიური ნორმებით ვცხოვრობთ. ამასთანავე, ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ მათ მიერ არჩეული გზა უკეთესია, რადგან ნამდვილი თავისუფლება მოაქვს. თუმცა მათი განაცხადი სიმართლისგან ძალიან შორს არის (2 პეტ. 2:19).

6. რისი სწავლა შეგვიძლია ბრაიანის მაგალითიდან?

6 სატანის გავლენაში მოქცეული ზოგიერთი ადამიანი ადრე თუ გვიან ხვდება, რომ მის მიერ არჩეულ გზას თავისუფლება კი არა, მონობა მოაქვს (რომ. 6:16). ამას ბრაიანის მაგალითიც ცხადყოფს. მშობლები ცდილობდნენ, ის ქრისტიანულ გზაზე დაეყენებინათ. თუმცა მოზარდობის წლებში ბრაიანი სხვებს აჰყვა და ქვეყნიერების გზით სიარული არჩია, რადგან ფიქრობდა, რომ ქრისტიანული ცხოვრება ბედნიერებას ვერ მოუტანდა. ბრაიანმა აღნიშნა: „ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეგრეთ წოდებული თავისუფლება, რომლისკენაც ვისწრაფოდი, ასეთ სავალალო მდგომარეობამდე მიმიყვანდა. დროთა განმავლობაში ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს მივეძალე და უზნეო ცხოვრება დავიწყე. რამდენიმე წლის შემდეგ უფრო ძლიერ ნარკოტიკებზე გავხდი დამოკიდებული . . . საკმარისი თანხა რომ მეშოვა და კვლავაც ჩემს ნებაზე მეცხოვრა, ნარკოტიკებით ვაჭრობაც კი დავიწყე“. საბოლოოდ, ბრაიანმა გადაწყვიტა, შეცვლილიყო და ბიბლიური ნორმებით ეცხოვრა. ის 2001 წელს მოინათლა და დღეს ბედნიერია, რომ ქრისტიანული ცხოვრების გზა აირჩია. *

7. მათეს 7:13, 14-ის თანახმად, რომელი ორი გზა არსებობს?

7 მნიშვნელოვანია, სწორი გზა ავირჩიოთ და არჩეულ კურსს ბოლომდე მივყვეთ. სატანას სურს, სიცოცხლემდე მიმყვანი ვიწრო გზით სიარული შეგვაწყვეტინოს და უმრავლესობის მსგავსად ფართო გზაზე დაგვაყენოს. ამ გზაზე სიარული ბევრისთვის მარტივი და მიმზიდველია, თუმცა მას ადამიანები „დაღუპვამდე მიჰყავს“ (წაიკითხეთ მათეს 7:13, 14). სწორი გზიდან რომ არ გადავუხვიოთ, აუცილებელია, მივენდოთ იეჰოვას და მოვუსმინოთ მას.

ნუ მოადუნებთ ყურადღებას

ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და არ უნდა დავაბრკოლოთ სხვები (იხილეთ აბზაცები 8—12) *

8. როგორ უნდა მოიქცეს მორბენალი, თუ წაბორძიკდა?

8 გრძელ დისტანციაზე მორბენალს მთელი ყურადღება გზაზე გადააქვს, რომ არ წაბორძიკდეს. თუმცა მაინც არსებობს იმის ალბათობა, რომ შემთხვევით ვინმე დაეჯახოს ან რაიმეს ფეხი წამოჰკრას. თუ მორბენალი დაეცემა, უნდა წამოდგეს და სირბილი განაგრძოს. ყურადღება ხელისშემშლელ ფაქტორზე კი არ უნდა გადაიტანოს, არამედ ფინიშის ხაზზე და ჯილდოზე, რომლის მოპოვებისკენაც ისწრაფვის.

9. რა უნდა გავაკეთოთ, თუ წავბორძიკდებით?

9 ქრისტიანული ცხოვრების გზაზე შეიძლება არაერთხელ წავბორძიკდეთ. მაგალითად, დროდადრო სიტყვითა თუ საქმით ვცდებით ან შესაძლოა თანაქრისტიანის საქციელმა გვატკინოს გული. ეს გასაკვირი არც არის. ვინაიდან ყველანი არასრულყოფილები ვართ და სიცოცხლის ვიწრო გზაზე გავრბივართ, შეიძლება ერთმანეთს „დავეჯახოთ“. პავლე მოციქულმაც თქვა, რომ ზოგჯერ ერთმანეთის მიმართ „ჩივილის მიზეზი“ გვექნებოდა (კოლ. 3:13). თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება დაბრკოლებებზე გავამახვილოთ, უმჯობესია, მზერა ჯილდოზე გადავიტანოთ. რომც წავბორძიკდეთ და დავეცეთ, უნდა წამოვდგეთ და რბოლა განვაგრძოთ. თუ გავნაწყენდებით და რბოლას შევწყვეტთ, ვერც ფინიშის ხაზს გადავკვეთთ და ვერც ჯილდოს მივიღებთ. გარდა ამისა, შესაძლოა სხვებსაც შევუშალოთ ხელი სიცოცხლისკენ მიმავალ ვიწრო გზაზე რბოლაში.

10. რა უნდა გავაკეთოთ, რომ თანაქრისტიანებს „დაბრკოლების ლოდად“ არ ვექცეთ?

10 თანაქრისტიანებს „დაბრკოლების ლოდად“ რომ არ ვექცეთ, არ უნდა ვაიძულოთ ისინი, ყველაფერში ჩვენი შეხედულებები გაიზიარონ (რომ. 14:13, 19—21; 1 კორ. 8:9, 13). როგორც წესი, მორბენლები ერთმანეთს მეტოქეებად აღიქვამენ. ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და ცდილობენ, ნებისმიერ ფასად მოიპოვონ ჯილდო. შესაძლოა სხვებს ხელიც კი ჰკრან, რათა წინ გაიჭრან. მათგან განსხვავებით ქრისტიანები ერთმანეთს არ ეჯიბრებიან (გალ. 5:26; 6:4). ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ, გადაკვეთონ ფინიშის ხაზი და სიცოცხლის ჯილდო მოიპოვონ. ამიტომაც ვცდილობთ, გავითვალისწინოთ პავლე მოციქულის რჩევა და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი არ ვიზრუნოთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც (ფილ. 2:4).

11. რაზე უნდა ჰქონდეს მორბენალს ყურადღება გადატანილი და რატომ?

11 მართალია, მორბენალი მის წინ მდებარე გზას უყურებს, მაგრამ მთელი გონება ფინიშის ხაზის გადაკვეთისკენ აქვს მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ის ფინიშის ხაზს ვერ ხედავს, წარმოიდგენს იმ მომენტს, როგორ კვეთს მას და როგორ იღებს ჯილდოს. ამაზე ფიქრი მორბენალს სტიმულს აძლევს, სარბიელი ბოლომდე გაირბინოს.

12. რას გვპირდება იეჰოვა?

12 რბოლის მონაწილეებს იეჰოვა სარბიელის ბოლომდე გარბენის შემთხვევაში ჯილდოს ჰპირდება — მარადიულ სიცოცხლეს ზეცაში თუ სამოთხეში, დედამიწაზე. ბიბლია გვეხმარება, ვიფიქროთ ამ ჯილდოზე და წარმოვიდგინოთ, რა შესანიშნავი ცხოვრება გველის მომავალში. თუ ეს იმედი მუდამ გულსა და გონებაში გვექნება, რომც წავბორძიკდეთ, შევძლებთ რბოლა განვაგრძოთ.

დაბრკოლებების მიუხედავად განაგრძეთ რბოლა

სირთულეების მიუხედავად არ უნდა შევწყვიტოთ სიცოცხლისთვის რბოლა (იხილეთ აბზაცები 13—20) *

13. რა უპირატესობა გვაქვს მორბენლებთან შედარებით?

13 ძველ საბერძნეთში შეჯიბრის დროს მორბენლებს არაერთი სირთულის გადალახვა უწევდათ. მაგალითად, დაღლილობისა თუ ტკივილის მიუხედავად მათ უნდა გაეგრძელებინათ რბოლა. ისინი მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზე და საკუთარ ძალაზე იყვნენ დაიმედებულნი. მორბენლების მსგავსად ჩვენც გავდივართ მომზადებას, რათა ვიცოდეთ, როგორ ვირბინოთ ქრისტიანულ სარბიელზე. თუმცა მათთან შედარებით ის უპირატესობა გვაქვს, რომ შეგვიძლია იეჰოვას უსაზღვრო ძალაზე ვიყოთ დაიმედებული. თუ მივენდობით ღმერთს, ის გვპირდება, რომ არა მხოლოდ მოგვამზადებს, არამედ გაგვაძლიერებს კიდეც (1 პეტ. 5:10).

14. როგორ გვეხმარება 2 კორინთელების 12:9, 10 სირთულეების დროს?

14 პავლეს არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. გარდა იმისა, რომ დევნასა და შეურაცხყოფას ხვდებოდა, დროდადრო ის თავს სუსტად გრძნობდა. ერთხელ მან თავისი პრობლემა „სხეულში ეკალსაც“ კი შეადარა (2 კორ. 12:7). ნაცვლად იმისა, რომ სირთულეების გამო ფარ-ხმალი დაეყარა, პავლე თავის მდგომარეობას იეჰოვაზე მინდობის შესაძლებლობად მიიჩნევდა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 12:9, 10). ვინაიდან ასეთი განწყობა ჰქონდა, იეჰოვა განსაცდელების დროს ყოველთვის მხარში ედგა მას.

15. რას გამოვცდით საკუთარ თავზე, თუ პავლეს მივბაძავთ?

15 რწმენის გამო შეიძლება თქვენც გიწევთ დევნისა თუ შეურაცხყოფის ატანა. შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვით ან თავს გამოფიტულად გრძნობთ. მაგრამ, თუ პავლეს მიჰბაძავთ, თქვენს პრობლემებს იმის შესაძლებლობად აქცევთ, რომ საკუთარ თავზე გამოსცადოთ იეჰოვას მზრუნველობა.

16. რა შეგიძლიათ გააკეთოთ სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად?

16 ზოგი ქრისტიანი საწოლს ან ეტლს არის მიჯაჭვული. ზოგსაც მუხლი აღარ ერჩის ან მხედველობა დაუქვეითდა. თუ თქვენც ებრძვით ჯანმრთელობის პრობლემას, ალბათ გაფიქრებთ, შეძლებთ კი მათ მხარდამხარ ირბინოთ, ვინც ახალგაზრდა და ჯანმრთელია? ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ შეძლებთ! ბევრი ხანდაზმული თუ დაუძლურებული ადამიანი მონაწილეობს სიცოცხლისთვის რბოლაში, თუმცა ისინი საკუთარ ძალაზე არ არიან დაიმედებული. ზოგჯერ ეს და-ძმები კრების შეხვედრებს ტელეფონით უსმენენ ან ვიდეოჩანაწერებს უყურებენ, რითაც იეჰოვა მათ ძალას მატებს. ისინი მონაწილეობენ მოწაფეების მომზადების საქმეში და უქადაგებენ ექიმებს, ექთნებსა თუ ნათესავებს.

17. რას ფიქრობს იეჰოვა მათზე, ვინც ფიზიკურად დაუძლურებულია?

17 არასდროს მისცეთ გულგატეხილობას საშუალება, გაფიქრებინოთ, რომ ფიზიკური უძლურების გამო სიცოცხლისთვის რბოლას ვეღარ გააგრძელებთ. იეჰოვას ყველაფერი ახსოვს, რასაც წლების განმავლობაში მისთვის აკეთებდით და თქვენ მიერ გამოვლენილი რწმენის გამო ძალიან უყვარხართ. დარწმუნებული იყავით, რომ ახლა, როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ მისი დახმარება, ის არ მიგატოვებთ, პირიქით, უფრო დაგიახლოვდებათ (ფსალმ. 9:10). ერთი და, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ამბობს: „ჯანმრთელობა დღითი დღე მიუარესდება და უწინდელივით ხშირად ვეღარ ვქადაგებ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მხრიდან თუნდაც მცირედის გაკეთება იეჰოვას გულს უხარებს. ამის ცოდნა მეც სიხარულს მანიჭებს“. როცა გულგატეხილობა გეუფლებათ, გახსოვდეთ, რომ გამონაკლისი ნამდვილად არა ხართ. დაფიქრდით პავლეს მაგალითზე და გაიხსენეთ მისი გამამხნევებელი სიტყვები: „სიამოვნებას მანიჭებს სისუსტეები . . . როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორ. 12:10).

18. რატომ არის ზოგიერთის პრობლემა განსაკუთრებით რთული?

18 ზოგს, ვინც სიცოცხლისთვის რბოლაში მონაწილეობს, სხვა სახის სირთულეებთან უწევს გამკლავება. მათ შეიძლება ისეთი პრობლემები აქვთ, რომლებიც სხვებისთვის შეუმჩნეველია. შესაძლოა დეპრესიას ებრძვიან ან სადარდებელი მოსვენებას არ აძლევთ. რატომ არის ასეთი პრობლემა განსაკუთრებით რთული? მაგალითად, ხელმოტეხილ ან ინვალიდის ეტლში მჯდომ ადამიანს ყველა ამჩნევს და შეიძლება მათი დახმარების სურვილი გაუჩნდეთ. თუმცა მათ, ვინც ემოციურ თუ ფსიქიკურ პრობლემებს ებრძვის, ზოგჯერ გარეგნულად არ ეტყობათ, რომ დახმარებას საჭიროებენ. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ხელმოტეხილი ადამიანის მდგომარეობასთან შედარებით მათი მდგომარეობა ნაკლებად სერიოზულია. ვინაიდან ამ ადამიანების პრობლემა ერთი შეხედვით არ ჩანს, ისინი სათანადო ყურადღებასა და მხარდაჭერას არიან მოკლებული.

19. რას ვსწავლობთ მეფიბოშეთისგან?

19 თუ ჯანმრთელობის ან სხვა სირთულის გამო იეჰოვასთვის იმდენს ვეღარ აკეთებთ, რამდენიც გულით გწადიათ და ფიქრობთ, რომ ვერავინ გიგებთ, შეიძლება მეფიბოშეთის მაგალითმა გაგამხნეოთ (2 სამ. 4:4). გარდა იმისა, რომ მეფიბოშეთს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ამას ისიც დაემატა, რომ მეფე დავითი მას უსამართლოდ მოექცა. ორივე შემთხვევაში მეფიბოშეთი გარემოების მსხვერპლი აღმოჩნდა. მაგრამ ის არ გაბოროტებულა, პირიქით, მადლიერი იყო ყველაფრისთვის, რაც გააჩნდა. მას არც ის სიკეთე დავიწყებია, რაც მეფე დავითმა წარსულში გაუკეთა (2 სამ. 9:6—10). მეფიბოშეთი მიხვდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო დავითის არასწორი საქციელის მიზეზი. მას გულში ბოღმა არ ჩაუდია და არც იეჰოვა დაუდანაშაულებია, რომ დავითი ასე მოექცა. მეფიბოშეთს უმთავრესად ის აფიქრებდა, რომ იეჰოვას ცხებული მეფისთვის მხარი დაეჭირა (2 სამ. 16:1—4; 19:24—30). იეჰოვამ იზრუნა, რომ მეფიბოშეთის მაგალითი ბიბლიაში ჩვენ სასწავლებლად ჩაწერილიყო (რომ. 15:4).

20. როგორ შეიძლება იმოქმედოს ზოგზე მძიმე ემოციურმა მდგომარეობამ, მაგრამ რაში შეუძლიათ იყვნენ დარწმუნებული?

20 მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო ზოგი და-ძმა სხვების გარემოცვაში ძალიან იძაბება და თავს უხერხულად გრძნობს. მათ უჭირთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, თუმცა მაინც ესწრებიან კრების შეხვედრებსა და კონგრესებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანებისთვის რთულია უცნობებთან დალაპარაკება, ისინი მაინც მონაწილეობენ სამქადაგებლო მსახურებაში. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, გახსოვდეთ, რომ მსგავს პრობლემებს სხვა და-ძმებიც ებრძვიან. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ იეჰოვას სიამოვნებს თქვენ მიერ მთელი გულით გაღებული მსხვერპლი. ის ფაქტი, რომ კვლავაც აგრძელებთ რბოლას, იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა საჭირო ძალას გაძლევთ * (ფილ. 4:6, 7; 1 პეტ. 5:7). თუ ფიზიკური ან ემოციური პრობლემების მიუხედავად არ წყვეტთ იეჰოვასადმი მსახურებას, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მას გულს უხარებთ.

21. რის გაკეთებას შევძლებთ იეჰოვას დახმარებით?

21 გვახარებს იმის ცოდნა, რომ მარათონული რბოლა განსხვავდება იმ რბოლისგან, რომელზეც პავლე საუბრობდა. ბიბლიურ დროში გამართულ რბოლებში მხოლოდ ერთი ადამიანი იღებდა ჯილდოს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მარადიული სიცოცხლის ჯილდოს ყველა მიიღებს, ვინც სარბიელს ბოლომდე გაირბენს (იოან. 3:16). თუ რბოლაში მონაწილეები ფიზიკურად კარგად მომზადებულები არ იქნებოდნენ, გამარჯვებას ვერ მოიპოვებდნენ. მათგან განსხვავებით შეიძლება ბევრ ჩვენგანს ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს, მაგრამ რბოლას მაინც ვაგრძელებთ (2 კორ. 4:16). იეჰოვას დახმარებით შევძლებთ ბოლომდე გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე სარბიელი.

სიმღერა 144 ჯილდოს მიაპყარით თვალი!

^ აბზ. 5 დღეს ბევრი იეჰოვას მსახური ასაკითა თუ ავადმყოფობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვის. ასე რომც არ იყოს, დროდადრო ყველა ვგრძნობთ გადაღლილობას, ამიტომ სიცოცხლისთვის რბოლაში მონაწილეობა შეიძლება მეტისმეტად რთული გვეჩვენებოდეს. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ შეგვიძლია ბოლომდე გავირბინოთ სარბიელი და გავიმარჯვოთ რბოლაში, რომელზეც პავლე მოციქული საუბრობდა.

^ აბზ. 6 იხილეთ 2013 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკის“ სტატია რუბრიკაში „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“.

^ აბზ. 20 უყურეთ 2019 წლის მაისის მაუწყებლობას ვებგვერდზე jw.org®, სადაც მოისმენთ რეალურ შემთხვევებსა და პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ საწუხარს (იხილეთ ბიბლიოთეკა / JW მაუწყებლობა®).

^ აბზ. 63 სურათის აღწერა: ხანდაზმულ ძმას მსახურებაში აქტიური მონაწილეობა ეხმარება, განაგრძოს რბოლა ქრისტიანულ გზაზე.

^ აბზ. 65 სურათის აღწერა: შეიძლება დავაბრკოლოთ სხვები, თუ მათ ალკოჰოლის მიღებას დავაძალებთ ან თუ თავად დავლევთ ზომაზე მეტს.

^ აბზ. 67 სურათის აღწერა: მიუხედავად იმისა, რომ ძმა საავადმყოფოში წევს, ხელიდან არ უშვებს ექიმთან ქადაგების შესაძლებლობას.