არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 16

მოუსმინეთ, უკეთ გაიცანით და თანაუგრძნეთ

მოუსმინეთ, უკეთ გაიცანით და თანაუგრძნეთ

„ნუღარ გაასამართლებთ გარეგნობის მიხედვით, არამედ სიმართლით გაასამართლეთ“ (იოან. 7:24).

სიმღერა 101 მხარდამხარ ვთანამშრომლობთ

მოკლე შინაარსი *

1. რას ვიგებთ ბიბლიიდან იეჰოვას შესახებ და რატომ არის ეს მანუგეშებელი?

მოგეწონებოდათ, თუ ვინმე კანის ფერის ან გარეგნობის მიხედვით შეგაფასებდათ? ალბათ, არა. როგორი მანუგეშებელია, რომ იეჰოვა იმით არ გვაფასებს, რაც გარეგნულად ჩანს. მაგალითად, როცა წინასწარმეტყველმა სამუელმა იესეს ვაჟები ნახა, ისინი ადამიანური გადასახედიდან შეაფასა. იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა მისთვის, რომ იესეს ერთ-ერთი ვაჟი ისრაელის მეფე უნდა გამხდარიყო. მაგრამ ვინ იქნებოდა ის? როცა სამუელმა იესეს უფროსი ვაჟი, ელიაბი დაინახა, თქვა: „ნამდვილად ეს არის იეჰოვას ცხებული“. ელიაბი კარგი გარეგნობით გამოირჩეოდა, ამიტომაც იფიქრა სამუელმა, რომ სწორედ ის იქნებოდა ღვთის რჩეული მეფე. მაგრამ «იეჰოვამ სამუელს უთხრა: „ნუ უყურებ მის გარეგნობასა და სიმაღლეს, რადგან უარვყავი იგი“». რას ვსწავლობთ აქედან? ამას თავად იეჰოვასგან ვიგებთ: „ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს“ (1 სამ. 16:1, 6, 7).

2. იოანეს 7:24-ის თანახმად, რატომ არ უნდა შევაფასოთ ადამიანები იმის მიხედვით, რასაც თვალი ხედავს? მოიყვანეთ მაგალითი.

2 არასრულყოფილების გამო მიდრეკილები ვართ, ადამიანებზე იმის მიხედვით შევიქმნათ წარმოდგენა, რასაც თვალი ხედავს (წაიკითხეთ იოანეს 7:24). თუმცა, თუ მხოლოდ თვალით ნანახს დავეყრდნობით, ბევრს ვერაფერს გავიგებთ სხვებზე. მაგალითად, კვალიფიციური და გამოცდილი ექიმიც კი ვერ შეძლებს, ერთი შეხედვით სწორად შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა. მან ყურადღებით უნდა მოუსმინოს პაციენტს, დეტალურად გაეცნოს მის სამედიცინო ისტორიას, გაიგოს მისი ემოციური მდგომარეობა და რა სიმპტომები აღენიშნება. შეიძლება ექიმმა რენტგენის გადაღებაც კი მოითხოვოს, რათა სრული სურათი შეიქმნას პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან არასწორი დიაგნოზი დასვას. მსგავსად, ბოლომდე ვერ გავუგებთ და-ძმებს, თუ მხოლოდ თვალით ნანახით შევაფასებთ მათ. უნდა ვეცადოთ, იმის მიღმა გავიხედოთ, რაც ერთი შეხედვით ჩანს, ანუ დავინახოთ ადამიანის შინაგანი პიროვნება. ცხადია, გულთამხილავები არა ვართ და ვერასოდეს გავუგებთ ადამიანებს ისე კარგად, როგორც იეჰოვას ესმის მათი, თუმცა მაინც შეგვიძლია მივბაძოთ ჩვენს ზეციერ მამას.

3. როგორ დაგვეხმარება ამ სტატიაში განხილული ბიბლიური მაგალითები, მივბაძოთ იეჰოვას?

3 როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის მსახურებს? ის უსმენს თითოეულ მათგანს, მხედველობაში იღებს მათ წარსულს, ამჟამინდელ მდგომარეობასა თუ სხვა ფაქტორებს. ის თანაგრძნობას ავლენს თავისი მსახურების მიმართ. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ ეპყრობოდა იეჰოვა იონას, ელიას, აგარსა და ლოტს. შემდეგ კი, დავფიქრდეთ, ჩვენ როგორ შეგვიძლია და-ძმებს იეჰოვას მსგავსად მოვეპყროთ.

ყურადღებით მოუსმინეთ

4. რატომ შეიძლება იონაზე ცუდი წარმოდგენა შეგვექმნას?

4 ჩვენი გადასახედიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ იონა არასაიმედო და ურჩი ადამიანი იყო. მან იეჰოვასგან დავალება მიიღო, რომ ნინევეში ჩასულიყო და ხალხისთვის გამოტანილი განაჩენი გაეცხადებინა. ნაცვლად იმისა, რომ დამორჩილებოდა იეჰოვას, ის იმ ხომალდზე ავიდა, რომელიც სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა. შეიძლება ითქვას, რომ იონა „გაექცა იეჰოვას“ (იონ. 1:1—3). მისცემდით მას კიდევ ერთ შანსს, რომ დავალებული საქმე შეესრულებინა? ალბათ, არა. თუმცა იეჰოვამ ჩათვალა, რომ იონა კიდევ ერთ შანსს იმსახურებდა (იონ. 3:1, 2).

5. რას ვიგებთ იონას შესახებ იონას 2:1, 2, 9-ში ჩაწერილი ლოცვიდან?

5 იონას ლოცვიდან გამოჩნდა, სინამდვილეში როგორი ადამიანი იყო ის (წაიკითხეთ იონას 2:1, 2, 9). ეჭვგარეშეა, იონა ხშირად მიმართავდა ღმერთს ლოცვით, თუმცა ლოცვა, რომელიც თევზის მუცელში წარმოთქვა, გვეხმარება, მის მიმართ მეტი პატივისცემით განვეწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ იონამ თავი აარიდა იეჰოვას დავალების შესრულებას, მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ის თავმდაბალი და მადლიერი ადამიანი იყო. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, იეჰოვას დამორჩილებოდა. როგორც ჩანს, იეჰოვამ ერთი შეცდომის გამო ხაზი არ გადაუსვა იონას, უპასუხა მის ლოცვას და კვლავაც წინასწარმეტყველებდა მისი მეშვეობით.

თუ ყურადღებით მოვუსმენთ სხვებს, უკეთ შევძლებთ მათ თანაგრძნობას (იხილეთ აბზაცი 6) *

6. რატომ არის კარგი, ყურადღებით მოვუსმინოთ სხვებს?

6 სხვებს რომ ყურადღებით მოვუსმინოთ, თავმდაბლობა და მოთმინება გვჭირდება. ასე მოქცევა, სულ მცირე, სამი მიზეზის გამო ღირს. პირველი, თუ ყურადღებით მოვუსმენთ სხვებს, ნაკლები ალბათობაა, რომ მათ შესახებ ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთოთ. მეორე, უკეთ შევძლებთ, თანავუგრძნოთ და-ძმებს, თუ გავიგებთ, რას გრძნობენ ისინი და რა დგას მათი ამა თუ იმ საქციელის მიღმა. მესამე, როდესაც თანაქრისტიანს საუბრის საშუალებას ვაძლევთ, ამით ვეხმარებით, თავად მივიდეს სწორ დასკვნამდე. ხანდახან ჩვენც გვიჭირს საკუთარ გრძნობებში გარკვევა, სანამ ვინმეს გულს არ გადავუშლით (იგავ. 20:5). აზიაში მცხოვრები ერთი უხუცესი აღიარებს: „მახსოვს, ერთ დას რჩევა მანამ მივეცი, სანამ სიტუაციაში გავერკვეოდი. მას ვუთხარი, რომ კრებაზე კომენტარების გასაკეთებლად უკეთ უნდა მომზადებულიყო. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ამ დას კითხვა ძალიან უჭირდა და კომენტარის გაკეთება დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებოდა“. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რჩევის მიცემამდე უხუცესებმა მოუსმინონ თანაქრისტიანს! (იგავ. 18:13).

7. როგორ მოეპყრო იეჰოვა ელიას და რას ვსწავლობთ აქედან?

7 ზოგიერთ და-ძმას შესაძლოა თავისი წარსულის, კულტურისა თუ ხასიათის გამო უჭირს საკუთარ გრძნობებზე საუბარი. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მათ გავუადვილოთ ჩვენთვის გულის გადაშლა? გაიხსენეთ, როგორ მოეპყრო იეჰოვა ელიას, როცა ის იზებელს გაურბოდა. მრავალმა დღემ განვლო, სანამ ელია საკუთარ გრძნობებს ზეციერი მამის წინაშე ბოლომდე გადმოცლიდა. იეჰოვამ ყურადღებით მოუსმინა მას, გაამხნევა და საპასუხისმგებლო საქმე მიანდო (1 მეფ. 19:1—18). და-ძმებმა თავი თავისუფლად უნდა იგრძნონ ჩვენთან, რომ გულწრფელად გვესაუბრონ თავიანთ გრძნობებზე. ამისთვის კი დროა საჭირო. თუ მივბაძავთ იეჰოვას და მოთმინებას გამოვავლენთ, მათ ნდობას დავიმსახურებთ. როდესაც ისინი მზად იქნებიან, გულწრფელად ისაუბრონ საკუთარ გრძნობებზე, ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ.

უკეთ გაიცანით და-ძმები

8. დაბადების 16:7—13-ის თანახმად, როგორ დაეხმარა იეჰოვა აგარს?

8 აგარი სარაის მოახლე იყო. ის უგუნურად იქცეოდა მას შემდეგ, რაც აბრამის ცოლი გახდა. როცა აგარმა გაიგო, რომ ორსულად იყო, ზემოდან დაუწყო ყურება სარაის, რომელსაც შვილები არ ჰყავდა. მათ შორის სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ აგარს სარაისგან გაქცევა მოუწია (დაბ. 16:4—6). ადამიანური გადასახედიდან შეიძლება ჩავთვალოთ, რომ აგარი გულღვარძლიანი ადამიანი იყო, რომელმაც ზუსტად ის მიიღო, რასაც იმსახურებდა. თუმცა იეჰოვა ასე არ ფიქრობდა. მან აგარს ანგელოზი გაუგზავნა, რომელმაც მას აზროვნება შეუსწორა და აღუთქვა, რომ გაამრავლებდა მის შთამომავლობას. აგარი მიხვდა, რომ იეჰოვა აკვირდებოდა მას და კარგად ესმოდა, რა მდგომარეობაშიც იყო. ამან იმდენად იმოქმედა მასზე, რომ თქვა: „შენა ხარ ღმერთი, ყოველივეს მხილველი . . . ვინც მე მხედავს“ (წაიკითხეთ დაბადების 16:7—13).

9. რა გაითვალისწინა იეჰოვამ აგართან მიმართებით?

9 რა გაითვალისწინა იეჰოვამ აგართან მიმართებით? მან კარგად იცოდა აგარის წარსული და ყველაფერი ის, რისი გადატანაც მოუწია (იგავ. 15:3). აგარი ეგვიპტელი იყო, რომელიც ებრაელების ოჯახში ცხოვრობდა. ზოგჯერ, ალბათ, ის თავს უცხოდ გრძნობდა ან შესაძლოა ოჯახი და სამშობლო ენატრებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აგარი აბრამის ერთადერთი ცოლი არ იყო. იმ დროს ღვთის ერთგულ მსახურებს ერთზე მეტი ცოლი ჰყავდათ, თუმცა ეს იეჰოვას თავდაპირველ განზრახვაში არ შედიოდა (მათ. 19:4—6). გასაკვირი არ არის, რომ მრავალცოლიანობა ოჯახებში შურსა და მტრობას იწვევდა. იეჰოვამ თვალი არ დახუჭა აგარის საქციელზე, რომელიც უპატივცემულოდ ეპყრობოდა სარაის. თუმცა შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მან გაითვალისწინა აგარის მდგომარეობა და მისი გრძნობები.

უკეთ გაიცანით და-ძმები (იხილეთ აბზაცები 10—12) *

10. როგორ შეგვიძლია უკეთ გავიცნოთ და-ძმები?

10 უკეთ გაიცანით და-ძმები. იეჰოვას მივბაძავთ, თუ ვეცდებით, გავუგოთ ერთმანეთს. გამოელაპარაკეთ თანაქრისტიანებს კრების შეხვედრის დაწყებამდე ან დამთავრების შემდეგ, დაუგეგმეთ მსახურება ან თუ შესაძლებელია, სადილად დაპატიჟეთ. თუ ასე მოიქცევით, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ის და, რომელიც უკარება ჩანს, სინამდვილეში მორცხვია; ძმა, რომელზეც ფიქრობდით, რომ ფული უყვარს, სინამდვილეში სტუმართმოყვარეა; ან და, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, კრებაზე ხშირად იმიტომ აგვიანებს, რომ ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას ხვდება (იობ. 6:29). ცხადია, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ „სხვის საქმეში ჩარევა“ არ გამოგვივიდეს, თუმცა კარგი იქნება, თუ უკეთ გავიცნობთ და-ძმებს და გავიგებთ, რამ განაპირობა მათი ხასიათისა თუ პიროვნული თვისებების ჩამოყალიბება (1 ტიმ. 5:13). ეს დაგვეხმარება, უკეთ გავუგოთ მათ.

11. რატომ არის მნიშვნელოვანი, უხუცესები კარგად იცნობდნენ სამწყსოს?

11 უხუცესებს განსაკუთრებით მართებთ, იცნობდნენ იმ და-ძმებს, რომლებზე ზრუნვის პასუხისმგებლობაც აკისრიათ. განვიხილოთ ერთი სარაიონო ზედამხედველის, არტურის მაგალითი. მან უხუცესთან ერთად მოინახულა და, რომელიც მორცხვი და გულჩათხრობილი ჩანდა. არტური ამბობს: „მაშინ გავიგეთ, რომ ამ დას ქმარი დაქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაეღუპა. სირთულეების მიუხედავად ის თავის ორ ქალიშვილს იეჰოვას მოსაწონად ზრდიდა. ბოლო დროს მხედველობა დაუქვეითდა და თავს დათრგუნულად გრძნობდა, თუმცა არც იეჰოვასადმი სიყვარული განელებია და არც სულიერად მოსუსტებულა. მივხვდით, რომ ამ დისგან ბევრი რამ უნდა გვესწავლა“ (ფილ. 2:3). ეს სარაიონო ზედამხედველი იეჰოვას ჰბაძავდა, რომელიც კარგად იცნობს თავის ერთგულ მსახურებს და იცის, რა ტკივილს განიცდიან ისინი (გამ. 3:7). და-ძმების უკეთ გაცნობა უხუცესებს მათ დახმარებას გაუადვილებს.

12. როგორ დაეხმარა ერთ დას თანაქრისტიანის უკეთ გაცნობა?

12 ახლოს გაიცანით ის თანაქრისტიანი, რომლის საქციელიც გაღიზიანებთ. ეს დაგეხმარებათ, უკეთ გაუგოთ მას. დავფიქრდეთ ერთ მაგალითზე. აზიაში მცხოვრები იაპი ამბობს: „ერთი და ჩვენს კრებაში ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა. ვფიქრობდი, რომ ის უკულტურო ადამიანი იყო. მაგრამ, როცა მასთან ერთად ვიმსახურე, გავიგე, რომ მშობლებს ბაზარში თევზის გაყიდვაში ეხმარებოდა და კლიენტების მისაზიდად ხშირად უწევდა ხმამაღლა ლაპარაკი“. იაპი დასძენს: „მივხვდი, რომ და-ძმებს უკეთ გავუგებ, თუ მათ უფრო ახლოს გავიცნობ“. მართალია, თანაქრისტიანების გაცნობა ჩვენი მხრიდან ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ, როცა ვითვალისწინებთ ბიბლიურ რჩევას და გულისკარს ფართოდ ვაღებთ, იეჰოვას ვბაძავთ, რომელსაც „ყველანაირი ადამიანი“ უყვარს (1 ტიმ. 2:3, 4; 2 კორ. 6:11—13).

გამოავლინეთ თანაგრძნობა

13. დაბადების 19:15, 16-ის თანახმად, რა გააკეთეს ანგელოზებმა, როცა ლოტი სოდომიდან წასვლას აყოვნებდა და რატომ მოიქცნენ ასე?

13 გადამწყვეტ მომენტში ლოტი აჭიანურებდა იეჰოვას მითითებების მიყოლას. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მასთან ორი ანგელოზი მივიდა და უბრძანა, ოჯახთან ერთად დაეტოვებინა ქალაქი სოდომი, რადგან იქაურობა უნდა გაენადგურებინათ (დაბ. 19:12, 13). მომდევნო დილას ლოტი და მისი ოჯახი ჯერ კიდევ სახლში იყვნენ, ამიტომ ანგელოზებს კვლავ მოუწიათ მისი გაფრთხილება. თუმცა ლოტი მაინც აყოვნებდა წასვლას. ერთი შეხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ მან არაფრად ჩააგდო ღვთის გაფრთხილება და არ დაემორჩილა მას. თუმცა ღმერთმა ხელი არ ჩაიქნია ლოტზე. „იეჰოვას გულმოწყალების გამო“ ანგელოზებმა ხელი ჩასჭიდეს ლოტსა და მისი ოჯახის წევრებს და ქალაქიდან გაიყვანეს (წაიკითხეთ დაბადების 19:15, 16).

14. რა მიზეზების გამო შეიძლებოდა გამოევლინა იეჰოვას თანაგრძნობა ლოტის მიმართ?

14 როგორც ჩანს, იეჰოვას ჰქონდა საფუძველი, რომ ლოტის მიმართ თანაგრძნობა გამოევლინა. ლოტი შესაძლოა იმიტომ ითრევდა ფეხს, რომ ქალაქის გარეთ მცხოვრები ხალხისა ეშინოდა. არსებობდა სხვა საფრთხეც. მან შეიძლება იცოდა, რომ სოდომთან ახლოს ველზე „ფისით სავსე ორმოები“ იყო, რომლებშიც ორი მეფე ჩავარდა (დაბ. 14:8—12). როგორც ოჯახისთავი, ლოტი, ალბათ, წუხდა თავისი მეუღლისა და ქალიშვილების უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, ის მდიდარი იყო და, სავარაუდოდ, სოდომში საკმაოდ კარგი სახლი ექნებოდა (დაბ. 13:5, 6). ცხადია, არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი არ ამართლებს ლოტის დაუმორჩილებლობას, მაგრამ დაშვებული შეცდომის მიუხედავად იეჰოვამ ის „მართალ კაცად“ ჩათვალა (2 პეტ. 2:7, 8).

თუ ყურადღებით მოვუსმენთ სხვებს, უკეთ დავინახავთ, როგორ გამოვავლინოთ თანაგრძნობა მათ მიმართ (იხილეთ აბზაცები 15, 16) *

15. რისი გაკეთება აჯობებს სხვების გაკრიტიკების ნაცვლად?

15 ნაცვლად იმისა, რომ გააკრიტიკოთ თანაქრისტიანები, ყველანაირად ეცადეთ, გაუგოთ მათ. ევროპაში მცხოვრები ვერონიკა ამბობს: „ერთი და სულ უხასიათოდ იყო ხოლმე და სხვებთან ურთიერთობას თავს არიდებდა. ზოგჯერ მასთან გამოლაპარაკებისაც მეშინოდა. მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, მეგობარი ნამდვილად დამჭირდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, გავსაუბრებოდი და მეკითხა, თავს როგორ გრძნობდა. ასეც მოვიქეცი და მან გული გადამიშალა. ახლა ბევრად უკეთ მესმის მისი“.

16. რატომ უნდა ვილოცოთ, რომ უფრო თანამგრძნობები გავხდეთ?

16 მხოლოდ იეჰოვას შეუძლია ბოლომდე გაგვიგოს (1 იოან. 3:20). ამიტომ სთხოვეთ მას, დაგეხმაროთ, სხვებს მისი თვალით უყუროთ და ისწავლოთ, როგორ გახდეთ უფრო თანამგრძნობი. ერთ დას, ანჟელას, ლოცვა დაეხმარა, მეტად გამოევლინა თანაგრძნობა სხვების მიმართ. მის კრებაში ერთ დას რთული ხასიათი ჰქონდა. ანჟელა ამბობს: „ცდუნება მქონდა, რომ გამეკრიტიკებინა და თავი შორს დამეჭირა მისგან. თუმცა იეჰოვას ლოცვაში ვთხოვე, დამხმარებოდა, რომ უფრო გაგებით მოვკიდებოდი მას“. როგორ უპასუხა იეჰოვამ მის ლოცვას? ანჟელა დასძენს: „ერთხელ მსახურების შემდეგ რამდენიმე საათი ვისაუბრეთ. ყურადღებით მოვუსმინე და გულთან ახლოს მივიტანე მისი ნათქვამი. დღეს მასთან უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს და მზად ვარ, გვერდში ამოვუდგე“.

17. რა გაქვთ გადაწყვეტილი?

17 არ უნდა ვიფიქროთ, რომ ზოგი თანაქრისტიანი იმსახურებს ჩვენს თანაგრძნობას, ზოგი კი — არა. ყველას აქვს ისეთი პრობლემები, როგორიც იონას, ელიას, აგარსა და ლოტს ჰქონდათ, ამიტომ თანაგრძნობას თითოეული მათგანი იმსახურებს. ისიც ფაქტია, რომ ზოგჯერ თანაქრისტიანები თავად უქმნიან პრობლემებს საკუთარ თავს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ხანდახან ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. ამიტომ გონივრული იქნება, თუ იეჰოვას ვთხოვთ დახმარებას, რომ უფრო თანამგრძნობები გავხდეთ ერთმანეთის მიმართ (1 პეტ. 3:8). როცა ვემორჩილებით ღმერთს, ჩვენს დიდ და მრავალფეროვან მსოფლიო ოჯახში ერთობას ვუწყობთ ხელს. ასე რომ, ეცადეთ, ყოველთვის მოუსმინოთ ერთმანეთს, უკეთ გაიცნოთ და-ძმები და თანაგრძნობა გამოავლინოთ მათ მიმართ.

სიმღერა 87 მოდით და გამოცოცხლდით!

^ აბზ. 5 არასრულყოფილების გამო მიდრეკილი ვართ, ადამიანებსა და მათ მოტივებზე ნაჩქარევად გავაკეთოთ დასკვნები. ჩვენგან განსხვავებით „იეჰოვა გულს ხედავს“ (1 სამ. 16:7). ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ გამოავლინა იეჰოვამ სიყვარული იონას, ელიას, აგარისა და ლოტის მიმართ. მათი მაგალითების განხილვა დაგვანახვებს, როგორ მივბაძოთ იეჰოვას და-ძმებთან ურთიერთობის დროს.

^ აბზ. 52 სურათის აღწერა: ხანდაზმულ ძმას აღიზიანებს, რომ ახალგაზრდა ძმამ შეხვედრაზე დაიგვიანა. მაგრამ მოგვიანებით იგებს, რომ ის ავარიაში მოყვა.

^ აბზ. 54 სურათის აღწერა: სამქადაგებლო ჯგუფის ზედამხედველი თავიდან ფიქრობდა, რომ ერთი და თავს არიდებდა სხვებთან ურთიერთობას. მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ეს და სინამდვილეში მორცხვია და თავისუფლად ვერ გრძნობს თავს მათთან, ვისაც კარგად არ იცნობს.

^ აბზ. 56 სურათის აღწერა: როცა დამ თანაქრისტიანის გასაცნობად დრო გამოყო, მიხვდა, რომ ის უხასიათო და გულცივი ადამიანი არ ყოფილა, როგორც თავიდან ეგონა.