არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 15

როგორ ხართ განწყობილი თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ?

როგორ ხართ განწყობილი თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ?

„ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად“ (იოან. 4:35).

სიმღერა 64 სიხარულით მივიღოთ მონაწილეობა მკაში

მოკლე შინაარსი *

1, 2. რა იგულისხმა იესომ სიტყვებში, რომლებსაც იოანეს 4:35, 36-ში ვკითხულობთ?

გალილეისკენ მიმავალმა იესომ გზად პურის ყანებთან ჩაიარა და აბიბინებული ჯეჯილი შენიშნა (იოან. 4:3—6). მოსავლის აღებამდე დაახლოებით ოთხი თვე იყო დარჩენილი. ამიტომ იესოს შემდეგი სიტყვები, ალბათ, უცნაურად ჟღერდა: „ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად“ (წაიკითხეთ იოანეს 4:35, 36). რა იგულისხმა მან?

2 როგორც ჩანს, იესო პირდაპირი გაგებით მოსავლის აღებაზე კი არ საუბრობდა, არამედ სულიერ მკაზე. განვიხილოთ, რა მოხდა ცოტა ხნით ადრე, სანამ ის ამ სიტყვებს იტყოდა. მიუხედავად იმისა, რომ იუდეველები სამარიელებთან ურთიერთობას თავს არიდებდნენ, იესომ უქადაგა სამარიელ ქალს და მანაც მოუსმინა. გადათეთრებულ ყანებზე საუბრისას იესოს ის სამარიელები ჰყავდა მხედველობაში, რომლებმაც მასზე სწორედ ამ ქალისგან გაიგეს. მათ გადაწყვიტეს, იესოსთან შესახვედრად წასულიყვნენ, რათა მეტი გაეგოთ მისგან (იოან. 4:9, 39—42). ამ ბიბლიური მონაკვეთის შესახებ ერთი ბიბლეისტი ამბობს: „ხალხი იმდენად მოწადინებული იყო, რომ შეიძლება ითქვას, მოსამკელად გამზადებულ მარცვლეულს ჰგავდა“.

როგორ მოვიქცევით, თუ ვთვლით, რომ ყანები გადათეთრებულია მოსამკელად? (იხილეთ აბზაცი 3)

3. როგორ გავხდებით უკეთესი მქადაგებლები, თუ ხალხის მიმართ იესოს მსგავსი განწყობა გვექნება?

3 თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც უქადაგებთ? თვლით, რომ ისინი მოსამკელად გამზადებულ მწიფე თავთავებს ჰგვანან? თუ ასეა, მაშინ ეს სამ მხარეზე აისახება: პირველი, გადაუდებლად იქადაგებთ და დროს ფუჭად არ დაკარგავთ, რადგან აცნობიერებთ, რომ მკის საქმე დიდხანს არ გასტანს. მეორე, სამქადაგებლო საქმეში მთელი გულით მონაწილეობა დიდ სიხარულს მოგანიჭებთ. ბიბლიაში წერია, რომ „მკის დროს ხარობენ“ (ეს. 9:3). და მესამე, ადამიანებს ქრისტეს მომავალ მოწაფეებად ჩათვლით და შეეცდებით, ბიბლიური ცნობა მათთვის საინტერესო სახით გადასცეთ.

4. რას ვისწავლით პავლე მოციქულის მაგალითიდან?

4 ზოგი მოწაფისგან განსხვავებით იესოს ხელი არ ჩაუქნევია სამარიელებზე და არ უფიქრია, რომ ისინი არასოდეს გახდებოდნენ მისი მიმდევრები. ის სამარიელებში მომავალ მოწაფეებს ხედავდა. იესოს მსგავსად ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები მომავალ და-ძმებად უნდა მივიჩნიოთ. ამ მხრივ მოციქულმა პავლემ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ ითვალისწინებდა პავლე მათ მრწამსსა და ინტერესებს ვისაც უქადაგებდა, და რა ეხმარებოდა, რომ მათში მომავალი თანამორწმუნეები დაენახა.

გაითვალისწინეთ მათი მრწამსი

5. რატომ შეიძლება ითქვას, რომ პავლეს კარგად ესმოდა სინაგოგაში შეკრებილი იუდეველების?

5 პავლე იუდეველთა სინაგოგებში ხშირად ქადაგებდა. მაგალითად, თესალონიკეში ყოფნის დროს ის „სინაგოგაში შევიდა და სამ შაბათს . . . [იუდეველებთან] ერთად მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე“ (საქ. 17:1, 2). პავლე სინაგოგაში თავისუფლად გრძნობდა თავს, რადგან იუდაური ტრადიციებით იყო აღზრდილი (საქ. 26:4, 5). ის დამაჯერებლად უქადაგებდა იუდეველებს, რადგან კარგად ესმოდა მათი (ფილ. 3:4, 5).

6. რით განსხვავდებოდა სინაგოგაში შეკრებილი იუდეველებისგან ის ხალხი, რომელსაც პავლე მოედანზე ხვდებოდა?

6 დევნის გამო პავლეს ჯერ თესალონიკედან, მოგვიანებით კი ბერეადან მოუწია გაქცევა. მან თავი ათენს შეაფარა, სადაც კვლავ დაიწყო ქადაგება „სინაგოგაში იუდეველებთან და ღვთის თაყვანისმცემელ უცხოტომელებთან“ (საქ. 17:17). მოედანზე ქადაგებისას პავლეს სხვა კატეგორიის ხალხთან უწევდა საუბარი. მსმენელთა შორის იყვნენ ფილოსოფოსები და უცხოტომელები, რომლებიც პავლეს მიერ გადაცემულ ცნობას „ახალ სწავლებად“ მიიჩნევდნენ. მათ პავლეს უთხრეს: „ჩვენს ყურებს უცნაურ რამეს ასმენინებ“ (საქ. 17:18—20).

7. საქმეების 17:22, 23-ის თანახმად, როგორ შეცვალა პავლემ მიდგომა?

7 წაიკითხეთ საქმეების 17:22, 23. ათენში უცხოტომელებთან ქადაგებისას პავლეს იგივე მიდგომა არ გამოუყენებია, რაც სინაგოგაში შეკრებილ იუდეველებთან. როგორც ჩანს, ის დაფიქრდა, რა სწამდა ათენში მცხოვრებ ხალხს. პავლე გარშემო ყველაფერს აკვირდებოდა და მხედველობიდან არ გამორჩენია მათი რელიგიური წეს-ჩვეულებები. ის ცდილობდა, დაენახა, რა საერთო შეიძლებოდა ჰქონოდა მათ თაყვანისმცემლობას წმინდა წერილებთან. ერთი ბიბლეისტი ამბობს: „როგორც ებრაელი ქრისტიანი, [პავლე] ხვდება, რომ წარმართი ბერძნები იმ ღმერთს არ სცემენ თაყვანს, რომელსაც ებრაელები და ქრისტიანები ჭეშმარიტ ღმერთად მიიჩნევენ. თუმცა ცდილობს, დაანახვოს ათენელებს, რომ ღმერთი, რომლის შესახებაც ქადაგებს, სინამდვილეში უცხო არ არის მათთვის“. პავლე მზად იყო, შეეცვალა მიდგომა. მან ათენელებს უთხრა, რომ იმ „უცნობი ღმერთის“ შესახებ სურდა საუბარი, რომელსაც ისინი ეთაყვანებოდნენ. მართალია, უცხოტომელებმა წმინდა წერილებიდან ბევრი არაფერი იცოდნენ, მაგრამ პავლეს არ უფიქრია, რომ ისინი არასოდეს გახდებოდნენ ქრისტიანები. მის თვალში ეს უცხოტომელები მოსამკელად გამზადებული თავთავებივით იყვნენ, ამიტომ სასიხარულო ცნობა მათთვის მისაღები რომ ყოფილიყო, მიდგომა შეცვალა.

მიჰბაძეთ პავლეს და იყავით დაკვირვებული; გაითვალისწინეთ მსმენელი და მათში მომავალი თანამორწმუნეები დაინახეთ (იხილეთ აბზაცები 8, 12, 18) *

8. ა) როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, რა სწამს თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს? ბ) რისი თქმა შეგიძლიათ მათთვის, ვინც ამბობს, რომ თავისი რელიგია აქვს?

8 პავლეს მსგავსად იყავით დაკვირვებული. შეეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ იმ დეტალებს, რომლებიც თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მრწამსზე მიგანიშნებთ. მაგალითად, დააკვირდით, როგორ გამოიყურება მობინადრის სახლი ან ეზო. ხომ არ მიგანიშნებთ მისი სახელი, ჩაცმულობა, გარეგნობა ან თუნდაც, საუბრის სტილი, რომელ რელიგიას მიეკუთვნება? შესაძლოა მობინადრემ პირდაპირ გითხრათ, რომ თავისი რელიგია აქვს. მსგავსი შემთხვევა ჰქონდა ერთ სპეციალურ პიონერს, რომელმაც მობინადრეს ასეთი რამ უთხრა: „აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ჩემი რელიგიური შეხედულებები მოგახვიოთ თავს. უბრალოდ ერთ საკითხზე მსურდა თქვენთან საუბარი . . .“.

9. რა საკითხებზე შეგიძლიათ ესაუბროთ მორწმუნე ადამიანს?

9 რა საკითხებზე შეგიძლიათ საუბრის წამოწყება მორწმუნე ადამიანთან? ეცადეთ, ისეთი საკითხი წამოჭრათ, რაშიც, დიდი ალბათობით, დაგეთანხმებათ. მაგალითად, შესაძლოა მას ერთი ღმერთი სწამს, იესო ქრისტეს კაცობრიობის მხსნელად მიიჩნევს ან სჯერა, რომ მალე ბოროტებას ბოლო მოეღება. ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილეთ, რაშიც საერთო რელიგიური შეხედულებები გაქვთ და შეეცადეთ, ბიბლიური ცნობა მათთვის საინტერესო სახით გადასცეთ.

10. რას უნდა შევეცადოთ და რატომ?

10 გახსოვდეთ, რომ ადამიანებს შეიძლება ყველაფერი არ სწამდეთ, რასაც მათი რელიგია ასწავლის. ამიტომ, მაშინაც კი, თუ გაიგებთ, რომელ რელიგიას მიეკუთვნება ესა თუ ის ადამიანი, შეეცადეთ გაიგოთ, რა სწამს პირადად მას. ავსტრალიაში მცხოვრები სპეციალური პიონერი, სახელად დეივიდი, აღნიშნავს: „ბევრი ფილოსოფიურ შეხედულებებსა და რელიგიურ სწავლებებს ერთმანეთში ურევს“. დონალტა, რომელიც ალბანეთში მსახურობს, ამბობს: „ზოგჯერ ადამიანები ამა თუ იმ რელიგიას მიაკუთვნებენ თავს, მაგრამ შემდეგ საუბარში აღნიშნავენ, რომ სინამდვილეში ღმერთი არ სწამთ“. არგენტინაში მცხოვრები ერთი მისიონერი კი ამბობს, რომ ზოგს სწამს სამების, მაგრამ არ სჯერა, რომ მამა, ძე და წმინდა სული ერთი ღმერთია. ის დასძენს: „ამის ცოდნა მათთან საერთო ენის გამონახვას მიადვილებს“. ასე რომ, შეეცადეთ, გაიგოთ, სინამდვილეში რა სწამთ ადამიანებს. შედეგად, პავლეს მსგავსად თქვენც შეძლებთ, „ყველასთვის ყველაფერი“ გახდეთ (1 კორ. 9:19—23).

გაითვალისწინეთ მათი ინტერესები

11. საქმეების 14:14—17-დან გამომდინარე, როგორ ცდილობდა პავლე, ლისტრაში მცხოვრები ხალხისთვის საინტერესოდ გადაეცა სათქმელი?

11 წაიკითხეთ საქმეების 14:14—17. საუბრის დროს პავლე ცდილობდა, გაეთვალისწინებინა მსმენელის ინტერესები. მაგალითად, ლისტრაში მცხოვრებმა ხალხმა ცოტა რამ თუ იცოდა წმინდა წერილების შესახებ. ამიტომ პავლე მათ ნაცნობ საკითხებზე ესაუბრა. მან მოიხსენია „მოსავლიანი დროები“ და თქვა, რომ ადამიანები სიცოცხლით ტკბობის უნარით ვართ შექმნილნი. პავლე მსმენელისთვის ადვილად გასაგებ სიტყვებსა და მაგალითებს იყენებდა.

12. როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, რა აინტერესებთ ადამიანებს და საუბარი მათთვის საინტერესო საკითხზე წამოიწყოთ?

12 წვდომის უნარი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა აინტერესებთ თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს და საუბარი მათთვის საინტერესო საკითხზე წამოიწყოთ. როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, რა აინტერესებს ადამიანს? როგორც უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია, დაკვირვებულები ვიყოთ. მაგალითად, შეიძლება ის ბაღს უვლიდეს, წიგნს კითხულობდეს, ავტომანქანას აკეთებდეს ან სხვა რამით იყოს დაკავებული. ასეთ დროს ხომ არ აჯობებდა, საუბარი იმ თემაზე წამოგეწყოთ, რა საქმითაც ის არის დაკავებული? (იოან. 4:7). შესაძლოა ჩაცმულობამაც კი მიგანიშნოთ ადამიანის ეროვნებაზე, მის საქმიანობაზე ან საყვარელ სპორტულ გუნდზე. ერთი ძმა, გუსტავო, ამბობს: „ერთხელ 19 წლის ბიჭს შევხვდი, რომლის მაისურზეც ცნობილი მომღერლის სურათი იყო გამოსახული. როცა მაისურთან დაკავშირებით კითხვა დავუსვი, მან მითხრა, რატომ მოსწონდა ის მომღერალი. საუბარი საინტერესოდ გაგრძელდა. საბოლოოდ მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და დღეს უკვე ჩვენი ძმაა“.

13. როგორ შეგიძლიათ ბიბლიის შესწავლა საინტერესო სახით შესთავაზოთ ადამიანებს?

13 ბიბლიის შესწავლა ისე შესთავაზეთ ადამიანებს, რომ მათთვის მიმზიდველი და საინტერესო იყოს. დაანახვეთ, პირადად მას რა მხრივ წაადგება შესწავლის დაწყება (იოან. 4:13—15). მაგალითად, ერთი და მობინადრემ სახლში შეიპატიჟა. დამ კედელზე სერტიფიკატი შენიშნა, საიდანაც შეიტყო, რომ ეს ქალბატონი პროფესორი იყო განათლების სფეროში. ამიტომ დამ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ბიბლიის შესწავლის პროგრამისა და შეხვედრების მეშვეობით ჩვენც საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწევით. მობინადრემ შესწავლა დაიწყო, მომდევნო დღეს კრების შეხვედრაზე წავიდა და მალევე სარაიონო კონგრესსაც დაესწრო. ერთი წლის შემდეგ ეს ქალბატონი მოინათლა. კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით, რა აინტერესებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც განმეორებით ინახულებთ. შეგიძლიათ მათ ბიბლიის შესწავლა საინტერესოდ და მიმზიდველად წარუდგინოთ?

14. როგორ შეგიძლიათ თითოეულ ბიბლიის შემსწავლელს ინდივიდუალურად მიუდგეთ?

14 როცა ვინმესთან ბიბლიის შესწავლას დაიწყებთ, თითოეული განხილვისთვის გულმოდგინედ მოემზადეთ. გაითვალისწინეთ შემსწავლელის ოჯახური მდგომარეობა, განათლება, წარსული თუ ინტერესები. მომზადებისას დაფიქრდით, რომელ მუხლებს განიხილავთ, რომელ ვიდეორგოლს აჩვენებთ და რომელ მაგალითებს გამოიყენებთ, რათა შემსწავლელს უკეთ აუხსნათ ბიბლიური საკითხები. დაფიქრდით, განსაკუთრებით რამ შეიძლება დააინტერესოს ის და როგორ შეგიძლიათ მის გულამდე მიიტანოთ ჭეშმარიტება (იგავ. 16:23). ერთი და, სახელად ფლორა, ალბანეთში პიონერად მსახურობს. ის ასწავლიდა ქალს, რომელმაც გადაჭრით თქვა, რომ მკვდრეთით აღდგომის შესახებ ბიბლიურ სწავლებას ვერაფრით ვერ დაიჯერებდა“. ფლორას მაშინვე არ უცდია მისი გადარწმუნება. ის ამბობს: „მას ჯერ კარგად უნდა გაეცნო ის ღმერთი, რომელიც მკვდრეთით აღდგომის იმედს გვაძლევს“. ყოველი განხილვისას ფლორა იეჰოვას სიყვარულზე, სიბრძნესა და ძალაზე ამახვილებდა ყურადღებას. გარკვეული დროის შემდეგ ბიბლიის შემსწავლელს აღარ გაუჭირდა იმის დაჯერება, რომ მკვდრეთით აღდგომა ნამდვილად იქნება. ახლა ის გულმოდგინედ ემსახურება იეჰოვას.

მათში მომავალი თანაქრისტიანები დაინახეთ

15. საქმეების 17:16—18-ის თანახმად, რას შეიძლებოდა შეეშალა ხელი პავლესთვის, მაგრამ რატომ არ შეწყვიტა მან ათენელებთან ქადაგება?

15 წაიკითხეთ საქმეების 17:16—18. მიუხედავად იმისა, რომ ათენში კერპთაყვანისმცემლობა, სექსუალური უზნეობა და წარმართული ფილოსოფიური შეხედულებები ღრმად იყო ფესვგადგმული, პავლეს ხელი არ ჩაუქნევია ათენელებზე და არ უფიქრია, რომ ისინი არასდროს მიიღებდნენ ჭეშმარიტებას. მას ქადაგება მაშინაც არ შეუწყვეტია, როცა ათენელების მხრიდან შეურაცხყოფის ატანა უწევდა. პავლეს კარგად ახსოვდა, რომ ერთ დროს თავადაც „ღვთისმგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი“ იყო, თუმცა მოგვიანებით ქრისტიანი გახდა (1 ტიმ. 1:13). პავლე ათენელებში მომავალ თანამორწმუნეებს ხედავდა და ამით იესოს ჰბაძავდა, რომელმაც მასში მომავალი მოწაფე დაინახა. ფაქტია, მისი მოლოდინი არ გამტყუნებულა (საქ. 9:13—15; 17:34).

16, 17. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ყველანაირი ადამიანი შეიძლება გახდეს ქრისტეს მოწაფე? მოიყვანეთ მაგალითი.

16 პირველ საუკუნეში ყველანაირი ადამიანი ეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას. პავლემ საბერძნეთის ქალაქ კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებზე თქვა, რომ ერთ დროს ზოგი მათგანი ბოროტმოქმედი იყო, ზოგი კი ამაზრზენ უზნეობას სჩადიოდა. შემდეგ კი დასძინა: „მაგრამ განიბანეთ [და] განიწმინდეთ“ (1 კორ. 6:9—11). თქვენ რომ პავლეს ადგილას ყოფილიყავით, დაინახავდით ასეთ ადამიანებში მომავალ თანაქრისტიანებს?

17 როგორც პირველ საუკუნეში, ისე დღესაც, ბევრი მზად არის, საჭირო ცვლილებები მოახდინოს ცხოვრებაში, რათა ქრისტეს მოწაფე გახდეს. იუკინა, რომელიც ავსტრალიაში სპეციალურ პიონერად მსახურობს, საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა, რომ ყველანაირი ადამიანი შეიძლება გამოეხმაუროს ბიბლიურ ცნობას. ერთხელ ის უძრავი ქონების მართვის სააგენტოში შეხვდა გოგონას, რომელსაც სხეულზე რამდენიმე ტატუ ჰქონდა და განიერი და ჩაჩაჩული ტანსაცმელი ეცვა. იუკინა იხსენებს: „თავიდან ცოტა ვყოყმანობდი, მაგრამ შემდეგ გამოველაპარაკე. როგორც აღმოჩნდა, ის იმდენად იყო ბიბლიით დაინტერესებული, რომ სხეულზე ფსალმუნებიდან ციტატებიც კი ეწერა“. გოგონამ ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე სიარული დაიწყო. *

18. რატომ არ უნდა გვქონდეს ადამიანებზე წინასწარ შექმნილი აზრი?

18 რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა, რომ ყანები მზად იყო მოსამკელად? იმას ხომ არა, რომ უმრავლესობა მისი მიმდევარი გახდებოდა? სრულებითაც არა. როგორც წმინდა წერილებში იყო ნაწინასწარმეტყველები, ბევრი არ გამოავლენდა მესიისადმი რწმენას (იოან. 12:37, 38). ზებუნებრივი უნარის წყალობით იესოს შეეძლო, გაეგო, რა ჰქონდათ ადამიანებს გულში (მათ. 9:4). მართალია, ის ძირითად დროს იმ ადამიანებს უთმობდა, ვინც რწმენას ავლენდა, მაგრამ ყველას გულმოდგინედ უქადაგებდა. ვინაიდან ჩვენ გულების წაკითხვა არ შეგვიძლია, უფრო მეტად გვმართებს, წინასწარ შექმნილი აზრი არ გვქონდეს ამა თუ იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ან კონკრეტული ადამიანის მიმართ. პირიქით, უნდა შევეცადოთ, მათში მომავალი თანამორწმუნეები დავინახოთ. მარკი, რომელიც ბურკინა-ფასოში მისიონერად მსახურობს, ამბობს: „ხშირად ის ადამიანები აღარ აგრძელებენ ბიბლიის შესწავლას, რომლებზეც ვფიქრობდი, რომ სულიერად გაიზრდებოდნენ. ისინი კი, ვისი იმედიც ნაკლებად მქონდა, სულიერად წინ მიიწევენ. საკუთარი გამოცდილებიდან მივხვდი, რომ უმჯობესია, ეს საკითხი იეჰოვას წმინდა სულს მივანდო“.

19. როგორ უნდა ვიყოთ განწყობილი ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ?

19 ერთი შეხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ნაკლებად ჰგვანან მოსამკელად გამზადებულ თავთავებს. მაგრამ გაიხსენეთ, რა უთხრა იესომ მოწაფეებს. ყანები გადათეთრებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არის მოსამკელად. ადამიანები შეიძლება შეიცვალონ და ქრისტეს მოწაფეები გახდნენ. იეჰოვა მათ საუნჯეს უწოდებს და თავის მომავალ მსახურებად მიიჩნევს (ანგ. 2:7). თუ ადამიანების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება გვექნება, როგორიც იეჰოვასა და იესოს აქვთ, შევეცდებით, მათ შესახებ მეტი გავიგოთ, გავითვალისწინოთ მათი ინტერესები და მომავალ და-ძმებად მივიჩნიოთ.

სიმღერა 57 ვქადაგებთ ყველანაირ ადამიანთან

^ აბზ. 5 ხალხისადმი ჩვენი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, როგორ მივუდგებით მათ ქადაგებისა და სწავლების დროს. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა დამოკიდებულება ჰქონდათ იესოსა და პავლე მოციქულს ხალხის მიმართ, როგორ შეგვიძლია მათ მსგავსად გავითვალისწინოთ მსმენელის მრწამსი თუ ინტერესები და ისინი მომავალ და-ძმებად მივიჩნიოთ.

^ აბზ. 17 სხვა მაგალითების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“. ეს რუბრიკა „საგუშაგო კოშკში“ 2017 წლამდე ქვეყნდებოდა. ახლა მისი ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე jw.org® (იხილეთ ჩვენ შესახებ / შემთხვევები).

^ აბზ. 57 სურათის აღწერა: ცოლ-ქმარი კარდაკარ ქადაგებისას ხედავს: 1) კარგად მოვლილ და ყვავილებით გალამაზებულ სახლ-კარს, 2) სახლს, სადაც ბავშვები ჰყავთ, 3) სახლს, რომელიც შიგნიდანაც და გარედანაც მოუწესრიგებელია და 4) სახლს, სადაც რელიგიური ადამიანები ცხოვრობენ. როგორ ფიქრობთ, ამ ოთხი ოჯახიდან რომელში უფრო იპოვით ბიბლიური ჭეშმარიტებით დაინტერესებულ ადამიანს?