არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 16

არ გაგინელდეთ მადლიერება გამოსასყიდის მიმართ

არ გაგინელდეთ მადლიერება გამოსასყიდის მიმართ

„არც კაცის ძე მოსულა იმისთვის, რომ მას მოემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და სიცოცხლე გასწიროს მრავალთა გამოსასყიდად“ (მარ. 10:45).

სიმღერა 18 მადლიერნი ვართ გამოსასყიდისთვის

მოკლე შინაარსი *

1, 2. რა არის გამოსასყიდი და რატომ გვჭირდებოდა ის?

როცა სრულყოფილმა კაცმა, ადამმა, შესცოდა, არა მხოლოდ თავად დაკარგა მარადიული სიცოცხლე, არამედ თავის შთამომავლებსაც წაართვა ამის შესაძლებლობა. ადამის საქციელს არანაირი გამართლება არ ჰქონდა, რადგან მან შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი, რასაც ვერ ვიტყვით მის შთამომავლებზე, რომელთაც არანაირი ბრალი არ მიუძღოდათ ადამის ცოდვაში (რომ. 5:12, 14). როგორ უნდა დაეღწიათ თავი მის შთამომავლებს იმ სასიკვდილო მსჯავრისგან, რომელიც მათმა წინაპარმა სრულიად სამართლიანად დაიმსახურა? ადამის შეცოდების შემდეგ იეჰოვამ თანდათანობით გაამჟღავნა, როგორ იხსნიდა ადამის მილიონობით შთამომავალს ცოდვისა და სიკვდილის წყევლისგან (დაბ. 3:15). დანიშნულ დროს იეჰოვა თავის ძეს გამოგზავნიდა დედამიწაზე, რათა სიცოცხლე გაეღო „მრავალთა გამოსასყიდად“ (მარ. 10:45; იოან. 6:51).

2 რა არის გამოსასყიდი? როგორც ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან ვიგებთ, ეს არის საფასური, რომელიც იესომ ადამის ცოდვის გადასაფარად გადაიხადა (1 კორ. 15:22). რატომ გვჭირდებოდა გამოსასყიდი? იეჰოვას სამართალი, რომელიც კანონში იყო ჩამოყალიბებული, მოითხოვდა სიცოცხლის სანაცვლოდ სიცოცხლის გაღებას (გამ. 21:23, 24). ადამმა სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე დაკარგა. შესაბამისად, ღვთის სამართალი რომ არ დარღვეულიყო, იესოს სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე უნდა გაეღო (რომ. 5:17). ამგვარად ის გახდებოდა „მარადიული მამა“ ყველასთვის, ვინც ირწმუნებდა, რომ მის მსხვერპლს ხსნის ძალა აქვს (ეს. 9:6; რომ. 3:23, 24).

3. იოანეს 14:31-ისა და 15:13-ის თანახმად, რამ აღძრა იესო, სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე გაეღო მსხვერპლად?

3 ზეციერი მამისა და ადამიანების სიყვარულმა აღძრა იესო, რომ საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაეღო (წაიკითხეთ იოანეს 14:31; 15:13). ამ სიყვარულის წყალობით უერთგულა მამას ბოლომდე და შეასრულა მამის ნება. ამან შესაძლებელი გახადა იმის განხორციელება, რაც იეჰოვას კაცობრიობისთვის და დედამიწისთვის ოდითგანვე ჰქონდა ჩაფიქრებული. ამ სტატიაში განვიხილავთ, რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ თავისი ძე ასე დატანჯულიყო და მომკვდარიყო. აგრეთვე მოკლედ ვიმსჯელებთ ბიბლიის ერთ-ერთ დამწერზე, რომელიც ძალიან აფასებდა იესოს მსხვერპლს. ბოლოს კი ვისაუბრებთ, როგორ გამოვხატოთ მადლიერება გამოსასყიდისთვის და როგორ დავაფასოთ უფრო მეტად ის მსხვერპლი, რომელიც იეჰოვამ და იესომ ჩვენთვის გაიღეს.

რატომ მოუწია იესოს ტანჯვა?

იფიქრეთ, რამხელა ტანჯვის ატანა მოუწია იესოს, ჩვენთვის გამოსასყიდი რომ გაეღო! (იხილეთ აბზაცი 4).

4. აღწერეთ იესოს სიცოცხლის უკანასკნელი წუთები.

4 მოდი წარმოვიდგინოთ, როგორი იყო იესოს დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელი წუთები. მას შეეძლო თავდასაცავად ანგელოზთა ლეგიონებისთვის მოეხმო, მაგრამ ის არ გაუძალიანდა რომაელ ჯარისკაცებს, რომლებმაც შეიპყრეს და უმოწყალოდ სცემეს (მათ. 26:52—54; იოან. 18:3; 19:1). ჯერ იყო და ისეთი მათრახით გაშოლტეს, რომლითაც სხეული ნაფლეთებად უქციეს, შემდეგ კი დასისხლიანებული ზურგით მძიმე ძელი ატარებინეს. მოგვიანებით გზად შემხვედრ ერთ კაცს აჰკიდეს ეს ძელი და იმ ადგილამდე მიატანინეს, სადაც იესო სიკვდილით უნდა დაესაჯათ (მათ. 27:32). როცა იესო დანიშნულების ადგილას მიიყვანეს, ჯალათებმა ის ხელ-ფეხით ძელზე მიალურსმეს. ლურსმნით მიყენებულ ჭრილობებზე მთელი სხეულის სიმძიმით დაწოლამ კიდევ უფრო აუტანელი გახადა მისი ტკივილი. ამის შემხედვარე მის მეგობრებს გული უკვდებოდათ, დედამისი ცხარე ცრემლით მოთქვამდა, იუდეველი მმართველები კი დასცინოდნენ მას (ლუკ. 23:32—38; იოან. 19:25). წუთი წუთს მისდევდა, მაგრამ მის ტანჯვას ბოლო არ უჩანდა. სხეულის სიმძიმე გულსა და ფილტვებს აწვებოდა და სუნთქვას უძნელებდა. მამის წინაშე ვალმოხდილმა სიკვდილამდე უკანასკნელად მიმართა მას. შემდეგ თავი დახარა და სული განუტევა (მარ. 15:37; ლუკ. 23:46; იოან. 10:17, 18; 19:30). ეს იყო ნელი, მტანჯველი და დამამცირებელი სიკვდილი.

5. რა იყო იესოსთვის სიკვდილზე უფრო მტკივნეული?

5 იესოსთვის მტანჯველი სიკვდილი ყველაზე რთული განსაცდელი არ ყოფილა. მისთვის უფრო რთული ასატანი ის ბრალდება იყო, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს, რადგან ძალიან უყვარდა იეჰოვა. ის უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს მკრეხელობაში, ანუ ღვთის გმობასა და მისი სახელის შეურაცხყოფაში (მათ. 26:64—66). იესოს მოსვენებას უკარგავდა იმაზე ფიქრი, რომ ღვთისმგმობლის სტატუსით მოკლავდნენ და იმედი ჰქონდა, რომ მამამისი არ დაუშვებდა მის ასეთ დამცირებას (მათ. 26:38, 39, 42). მაშ, რატომ დაუშვა იეჰოვამ თავისი საყვარელი ძის ასეთი მტანჯველი სიკვდილი? განვიხილოთ ამის სამი მიზეზი.

6. რატომ უნდა დაეკიდებინათ იესო წამების ძელზე?

6 პირველი: იესო ძელზე იმიტომ უნდა დაეკიდებინათ, რომ იუდეველები კანონის წყევლისგან გაეთავისუფლებინა (გალ. 3:10, 13). მათ პირობა ჰქონდათ დადებული, რომ დაიცავდნენ ღვთის კანონს, მაგრამ გატეხეს ეს პირობა. ამ ყველაფერს ის წყევლაც ემატებოდა, რომელიც ადამის შეცოდების გამო ეწიათ (რომ. 5:12). ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონის თანახმად, სასიკვდილო ცოდვის ჩამდენი სიკვდილით უნდა დასჯილიყო. სასჯელის აღსრულების შემდეგ ზოგჯერ დამნაშავის სხეულს ძელზე ჰკიდებდნენ * (კან. 21:22, 23; 27:26). ვინაიდან იესო ძელზე დაჰკიდეს, მან საკუთარ თავზე აიღო ისრაელების წყევლა და ერს, რომელმაც ის უარყო, თავისი მსხვერპლით წყევლისგან გათავისუფლებისა და კურთხევების მიღების შესაძლებლობა მისცა.

7. კიდევ რა მიზეზის გამო დაუშვა ღმერთმა თავისი ძის ტანჯვა?

7 განვიხილოთ მეორე მიზეზი, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა თავისი ძის ტანჯვა. ამით იეჰოვამ იესო მღვდელმთავრობისთვის მოამზადა. იესომ საკუთარ თავზე გამოსცადა, რამდენად რთულია ღვთის მორჩილება უმძიმესი განსაცდელის დროს. ის იმდენად დიდი წნეხის ქვეშ იყო, რომ „ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით“ შესთხოვდა ღმერთს შველას. იესომ იმხელა ემოციური ტკივილი გამოიარა, რომ კარგად ესმის მათი, „ვინც ახლა იცდება“ და შეუძლია მათი დახმარება. როგორ ვემადლიერებით იეჰოვას ამ გულმოწყალე მღვდელმთავრისთვის, რომელსაც შეუძლია „გაგვიგოს, თუ რა სისუსტეს ვებრძვით“! (ებრ. 2:17, 18; 4:14—16; 5:7—10).

8. რა არის მესამე მიზეზი იმისა, რომ ღმერთმა იესოს ასეთი მძიმე განსაცდელი არ აარიდა?

8 რა არის მესამე მიზეზი, რის გამოც იეჰოვამ თავისი ძის ასეთი სასტიკი ტანჯვა დაუშვა? ამით პასუხი გაეცა უმნიშვნელოვანეს კითხვას, კერძოდ იმას, შეძლებდა თუ არა ადამიანი უმძიმესი განსაცდელების დროს ერთგულების შენარჩუნებას. სატანა ირწმუნება, რომ ამას ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებს. მისი მტკიცებით ადამიანები ღმერთს გამორჩენის მიზნით ემსახურებიან. ის ფიქრობს, რომ თავიანთი წინაპრის, ადამის, მსგავსად, ისინიც ვერ უერთგულებენ იეჰოვას (იობ. 1:9—11; 2:4, 5). იეჰოვა დარწმუნებული იყო თავისი ძის ერთგულებაში, ამიტომ დაუშვა, რომ იესო ადამიანური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ბოლომდე გამოცდილიყო. იესომ გაამართლა მამის მოლოდინი და სატანის სიცრუე გამოააშკარავა.

მოციქული, რომელიც აფასებდა გამოსასყიდს

9. რა მაგალითი დაგვიტოვა მოციქულმა იოანემ?

9 ბევრი ქრისტიანი შეხვდა დევნასა და მრავალ გასაჭირს. მიუხედავად ამისა, მათ ქადაგება არ შეუწყვეტიათ და სიცოცხლის ბოლომდე ითმენდნენ, რადგან რწმენას გამოსასყიდზე ფიქრი უძლიერებდათ. ამის მაგალითია მოციქული იოანე. ის, სავარაუდოდ, 60 წელზე მეტხანს ქადაგებდა ერთგულად ქრისტესა და მის გამოსასყიდზე. ას წელს მიტანებული იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს იმ მიზეზით, რომ საფრთხეს უქმნიდა რომის იმპერიას. რაში დასდეს მას ბრალი? იმაში, რომ „ღვთისა და იესოს შესახებ“ ქადაგებდა (გამოცხ. 1:9). იოანე რწმენისა და მოთმინების ბრწყინვალე მაგალითია.

10. როგორ ჩანს იოანეს წიგნებიდან, რომ ის აფასებდა გამოსასყიდს?

10 იოანეს მიერ დაწერილ ბიბლიის წიგნებში კარგად ჩანს ის დიდი სიყვარული და მადლიერება, რომელსაც იესოსა და მისი გამოსასყიდის მიმართ გრძნობდა. იოანეს 100-ზე მეტჯერ აქვს ნახსენები გამოსასყიდი და ის კურთხევები, რაც მას მოაქვს. მაგალითად, იოანე წერდა: „თუ ვინმე მაინც შესცოდავს, გვყავს შუამავალი მამასთან, მართალი იესო ქრისტე“ (1 იოან. 2:1, 2). იოანე „იესოს შესახებ ქადაგების“ მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს (გამოცხ. 19:10). აშკარაა, რომ ის ძალიან აფასებდა გამოსასყიდს. ჩვენ როგორ გამოვხატოთ მადლიერება გამოსასყიდისთვის?

როგორ გამოვხატოთ მადლიერება გამოსასყიდისთვის?

თუ ნამდვილად ვაფასებთ გამოსასყიდს, არ ავყვებით ცდუნებას (იხილეთ აბზაცი 11). *

11. რა დაგვეხმარება, არ ავყვეთ ცდუნებას?

11 ნუ აჰყვებით ცდუნებას. თუ ნამდვილად ვაფასებთ გამოსასყიდს, ასე არ ვიფიქრებთ: „მერე რა, თუ გულის კარნახით ვიმოქმედებ. თუ ცოდვას ჩავიდენ, ავდგები და მოვინანიებ“. ნაცვლად ამისა, როცა ცდუნების წინაშე დავდგებით, ვიტყვით: „როგორ ჩავიდინო ეს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იეჰოვამ და იესომ ჩემთვის გააკეთეს?!“ თუ ასეთი განწყობა გვექნება, იეჰოვას ვთხოვთ ძალას, რომ „არ ავყვეთ ცდუნებას“ (მათ. 6:13).

12. როგორ შეგვიძლია გავითვალისწინოთ 1 იოანეს 3:16—18-ში ჩაწერილი რჩევა?

12 გიყვარდეთ და-ძმები. თუ გამოსასყიდს ვაფასებთ, მაშინ და-ძმებიც უნდა გვიყვარდეს, რადგან იესომ სიცოცხლე მხოლოდ ჩვენთვის კი არა, მათთვისაც გაიღო. რაკი სიცოცხლე არ დაინანა მათთვის, ფაქტია, რომ ძალიან უყვარს ისინი (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:16—18). და-ძმებისადმი სიყვარული ჩვენი საქმეებიდან ჩანს (ეფეს. 4:29, 31—5:2). მაგალითად, როცა ვეხმარებით მათ ავადმყოფობის, განსაცდელების ან სტიქიური უბედურების დროს. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ თანაქრისტიანი გულს გვტკენს?

13. რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებლები?

13 გიჭირთ თანაქრისტიანის პატიება? (ლევ. 19:18). თუ ასეა, ეს რჩევა გამოგადგებათ: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს მაშინაც კი, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლ. 3:13). ყოველ ჯერზე, როცა და-ძმებს ვპატიობთ, ჩვენს ზეციერ მამას ვუმტკიცებთ, რომ ნამდვილად ვაფასებთ გამოსასყიდს. როგორ გავიღრმაოთ მადლიერება ღვთისგან ბოძებული ამ ძღვნისთვის?

როგორ გავიღრმაოთ მადლიერება გამოსასყიდისთვის?

14. როგორ შეგვიძლია გავიღრმაოთ მადლიერება გამოსასყიდისთვის?

14 მადლობდეთ იეჰოვას გამოსასყიდისთვის. ერთი 83 წლის და, სახელად ჯოანა, რომელიც ინდოეთში ცხოვრობს, ამბობს: „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველდღიურ ლოცვებში მადლობა გადავუხადო იეჰოვას გამოსასყიდისთვის“. პირად ლოცვებში უთხარით იეჰოვას, რა შეცდომები დაუშვით იმ დღეს და პატიება სთხოვეთ. თუმცა, თუ საქმე სერიოზულ ცოდვას ეხება, უხუცესების დახმარება დაგჭირდებათ. ისინი მოგისმენენ და სიყვარულით მოგცემენ რჩევებს ღვთის სიტყვიდან. ისინი ილოცებენ თქვენთვის და იეჰოვას სთხოვენ, რომ იესოს მსხვერპლის საფუძველზე სულიერად განიკურნოთ (იაკ. 5:14—16).

15. რატომ უნდა დავუთმოთ დრო გამოსასყიდის თემაზე კვლევასა და ფიქრს?

15 იფიქრეთ გამოსასყიდზე. 73 წლის და, რაჯამანი, ამბობს: „როცა იესოს ტანჯვაზე ვკითხულობ, თვალები ცრემლებით მევსება“. ალბათ, თქვენშიც დიდ ემოციებს იწვევს იესოს ტანჯვაზე ფიქრი. რაც უფრო მეტს იფიქრებთ მის მიერ გაღებულ მსხვერპლზე, მით უფრო შეგიყვარდებათ ის და მისი ზეციერი მამა. კარგი იქნება, თუ გამოსასყიდის თემას თქვენს პირად შესწავლაშიც ჩართავთ.

უბრალო ვახშამზე იესომ აჩვენა თავის მოწაფეებს, როგორ უნდა გაეხსენებინათ მის მიერ გაღებული მსხვერპლი (იხილეთ აბზაცი 16)

16. რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის სხვებთან გამოსასყიდზე საუბარს? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

16 ესაუბრეთ სხვებს გამოსასყიდზე. როცა ხშირად ვსაუბრობთ სხვებთან ამ თემაზე, უფრო გვიღრმავდება მადლიერება გამოსასყიდისთვის. სწავლებაში დამხმარე შესანიშნავი საშუალებების დახმარებით შეგვიძლია სხვებს ავუხსნათ, რატომ მოკვდა იესო ჩვენთვის. მაგალითად, შეგვიძლია გამოვიყენოთ ბროშურის „სასიხარულო ცნობა“ მე-4 გაკვეთილი, „ვინ არის იესო ქრისტე?“ ან წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-5 თავი, „გამოსასყიდი ღვთის უძვირფასესი საჩუქარი“. გარდა ამისა, ყოველწლიურად გახსენების საღამოზე დასწრება და ამ ღონისძიებაზე სხვების მოწვევა გაგვიღრმავებს მადლიერებას გამოსასყიდისთვის. იეჰოვამ პატივი გვარგუნა მისი ძის შესახებ სხვებისთვის გაგვეცხადებინა, რასაც ძალიან ვაფასებთ!

17. რატომ არის გამოსასყიდი ღვთისგან ბოძებული უდიდესი ძღვენი?

17 ფაქტია, ჩვენ არაერთი მიზეზი გვაქვს, რომ გამოსასყიდისთვის მადლიერება გავიღრმაოთ. გამოსასყიდი საშუალებას გვაძლევს, ჩვენი არასრულყოფილების მიუხედავად დავუმეგობრდეთ იეჰოვას. მისი მეშვეობით „ეშმაკის საქმეები“ ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა (1 იოან. 3:8). გამოსასყიდის წყალობით შესრულდება იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა და დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. დედამიწაზე ყველას ეყვარება იეჰოვა და ყველა მისი მსახური იქნება. მოდი ყოველდღიურად ვეცადოთ, მადლიერება გამოვხატოთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი ძღვნისთვის — გამოსასყიდისთვის!

სიმღერა 20 უძვირფასესი ძე გაიღე

^ აბზ. 5 რატომ ეტანჯა და მოკვდა იესო? პასუხს ამ სტატიაში მივიღებთ. აქ განხილული აზრები დაგვეხმარება, უფრო მეტად დავაფასოთ გამოსასყიდი.

^ აბზ. 6 რომაელებს ჩვეულებად ჰქონდათ დამნაშავის ძელზე ცოცხლად მილურსმვა ან მიბმა. იეჰოვამ დაუშვა, რომ მისი ძე ასე მომკვდარიყო.

^ აბზ. 55 სურათის აღწერა: ძმები სხვადასხვა ცდუნებას უმკლავდებიან: ერთი თვალს არიდებს უხამს გამოსახულებას, მეორე უარს ამბობს მოწევაზე, მესამე კი უარს ამბობს ქრთამზე.