არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 14

ზუსტად მიჰყევით იესოს ნაკვალევს

ზუსტად მიჰყევით იესოს ნაკვალევს

„ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ზუსტად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტ. 2:21).

სიმღერა 13 ქრისტე ჩვენი მაგალითია

მოკლე შინაარსი *

ჩვენ ზუსტად უნდა მივყვეთ იესოს ნაკვალევს (იხილეთ აბზაცები 1, 2).

1, 2. რომელი მაგალითი დაგვეხმარება 1 პეტრეს 2:21-ის გაგებაში?

წარმოიდგინეთ, რომ ჯგუფთან ერთად ლაშქრობაში ხართ უკაცრიელ, თოვლიან ადგილას. ეს მოგზაურობა საკმაოდ სახიფათოა, თუმცა წინ გამოცდილი გიდი მიგიძღვით. მისი ნაკვალევი თოვლზე კარგად ჩანს. გიდი თვალსაც რომ მიეფაროს, შიში არ შეგიპყრობთ, რადგან თქვენც და ჯგუფის სხვა წევრებიც ფეხდაფეხ მიჰყვებით გიდის გაკვალულ გზას და იცით, რომ გზას არ ასცდებით.

2 ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის ამ ბოროტ ქვეყნიერებაში ცხოვრება რაღაც გაგებით უკაცრიელ ადგილას სახიფათო მოგზაურობას ჰგავს. თუმცა იეჰოვას წყალობით გვყავს შესანიშნავი გიდი, იესო ქრისტე, რომლის ნაკვალევსაც შეგვიძლია ზედმიწევნით მივყვეთ (1 პეტ. 2:21). ერთი ბიბლიური ნაშრომის თანახმად, ამ მუხლში პეტრე იესოს მეგზურს ანუ გიდს ადარებს. მაგალითში აღწერილი გიდის მსგავსად იესომაც დაგვიტოვა ნაკვალევი, რომელსაც შეგვიძლია მივყვეთ. ამ სტატიაში განვიხილავთ შემდეგ კითხვებს: რას ნიშნავს იესოს ნაკვალევის მიყოლა? რატომ უნდა მივყვეთ მის ნაკვალევს და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

რას ნიშნავს იესოს ნაკვალევის მიყოლა

3. რას ნიშნავს ვინმეს კვალის მიყოლა?

3 რას ნიშნავს ვინმეს კვალდაკვალ სიარული? ბიბლიაში გამოყენებული სიტყვები „სიარული“ და „სავალი“ ზოგჯერ ადამიანის ცხოვრების გზაზე მიანიშნებს (დაბ. 6:9; იგავ. 4:26). ადამიანის განვლილი ცხოვრება შეიძლება ნაკვალევს შევადაროთ. ასე რომ, როცა ვინმეზე ამბობენ, ვიღაცის კვალს გაჰყვაო, იმას გულისხმობენ, რომ მას მიჰბაძა.

4. რას ნიშნავს, მივყვეთ იესოს ნაკვალევს?

4 რას ნიშნავს მივყვეთ იესოს ნაკვალევს? მარტივად თუ ვიტყვით, ეს მის მიბაძვას ნიშნავს. როგორც ამ სტატიის წამყვანი მუხლიდან ჩანს, პეტრე ხაზს უსვამს იმას, რომ იესომ ტანჯვის მოთმინებით ატანის მაგალითი დაგვიტოვა. თუმცა იესო სხვა მხრივაც არის ჩვენთვის სამაგალითო (1 პეტ. 2:18—25). მისი განვლილი ცხოვრება — ყველაფერი, რაც უთქვამს და გაუკეთებია — სანიმუშოა ჩვენთვის.

5. რამდენად რეალურია არასრულყოფილი ადამიანისთვის იესოს სრულყოფილი მაგალითის მიყოლა?

5 რამდენად რეალურია არასრულყოფილი ადამიანებისთვის იესოს ნაკვალევის მიყოლა? პეტრეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს შესაძლებელია. ის მოგვიწოდებს, რომ ზუსტად მივყვეთ იესოს ნაკვალევს და არა — სრულყოფილად. თუ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყველანაირად ვცდილობთ, ზუსტად მივყვეთ მის ნაკვალევს, გამოდის, რომ ვითვალისწინებთ იოანე მოციქულის სიტყვებს და ისე ვცხოვრობთ, როგორც იესო ცხოვრობდა (1 იოან. 2:6).

რატომ უნდა მივყვეთ იესოს ნაკვალევს

6, 7. როგორ გვაახლოებს იესოს ნაკვალევის მიყოლა იეჰოვასთან?

6 იესოს ნაკვალევის მიყოლა იეჰოვასთან გვაახლოებს. რის საფუძველზე შეგვიძლია ამის თქმა? პირველი: იესომ იმის უბადლო მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ღვთის მოსაწონად (იოან. 8:29). ასე რომ, თუ იესოს კვალდაკვალ მივყვებით, იეჰოვას გულს გავუხარებთ. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ზეციერი მამა დაგვიახლოვდება, თუ მასთან დასამეგობრებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ (იაკ. 4:8).

7 მეორე: იესო სრულყოფილად ჰბაძავდა მამას, ამიტომ თამამად შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოან. 14:9). მოდი ვეცადოთ, ისეთივე თვისებები განვივითაროთ, როგორიც იესოს აქვს, და მასავით მოვეპყროთ სხვებს. მაგალითად, გავიხსენოთ, როგორი სიბრალული გამოხატა კეთროვნის მიმართ, როგორ თანაუგრძნო ავადმყოფობით გატანჯულ ქალსა და შვილმკვდარ დედას. თუ იესოს მივბაძავთ, ფაქტობრივად, იეჰოვასაც მივბაძავთ (მარ. 1:40, 41; 5:25—34; იოან. 11:33—35). რაც უფრო მეტად ვივითარებთ იეჰოვას მოსაწონ თვისებებს, მით უფრო ვიმტკიცებთ მასთან მეგობრობას.

8. როგორ დაგვეხმარება იესოს ნაკვალევის მიყოლა ქვეყნიერების ძლევაში?

8 იესოს ნაკვალევის მიყოლა გვეხმარება, არ მოვექცეთ ბოროტი ქვეყნიერების გავლენაში. დედამიწაზე ცხოვრების ბოლო ღამეს იესომ ასეთი სიტყვები თქვა: „მე ვძლიე ქვეყნიერებას!“ (იოან. 16:33). ეს იმას ნიშნავდა, რომ ქვეყნიერებამ გავლენა ვერ მოახდინა ვერც მის აზროვნებაზე და ვერც მის მიზნებსა თუ საქციელზე. იესოს არასდროს დავიწყებია დედამიწაზე მოსვლის მთავარი მიზანი, კერძოდ ის, რომ განეწმინდა ღვთის სახელი. რისი თქმა შეიძლება ჩვენზე? ამ ქვეყნიერებაში ბევრმა რამემ შეიძლება მოგვაცდინოს იეჰოვას მსახურებას, მაგრამ, თუ იესოს მსგავსად მთელ ყურადღებას იეჰოვას ნების შესრულებაზე გადავიტანთ, ჩვენც ვძლევთ ქვეყნიერებას (1 იოან. 5:5).

9. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მარადიული სიცოცხლის გზაზე დავრჩეთ?

9 იესოს ნაკვალევის მიყოლა მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას გვაძლევს. როცა მდიდარმა ახალგაზრდა მმართველმა იესოს ჰკითხა, თუ რა უნდა გაეკეთებინა მარადიული სიცოცხლის მისაღებად, მან მიუგო: „მოდი და გამომყევი!“ (მათ. 19:16—21). იმ იუდეველებს კი, რომლებიც მას ქრისტედ არ აღიარებდნენ, უთხრა: „ჩემი ცხვრები . . . მომყვებიან. მე მათ მარადიულ სიცოცხლეს ვუბოძებ“ (იოან. 10:24—29). სინედრიონის ერთ-ერთ წევრს, ნიკოდემეს, რომელიც იესოს სწავლებებით დაინტერესდა, მან უთხრა: „ვისაც . . . [ჩემი] სწამს,.. მარადიული სიცოცხლე [ექნება]“ (იოან. 3:16). იესოსადმი რწმენა იმას ნიშნავს, რომ მისი სწავლებების თანახმად ვცხოვრობდეთ და მის მაგალითს ვბაძავდეთ. სწორედ ეს დაგვეხმარება, დავრჩეთ მარადიული სიცოცხლის გზაზე (მათ. 7:14).

როგორ მივყვეთ ზუსტად იესოს ნაკვალევს

10. რა უნდა გავაკეთოთ იესოს უკეთ გასაცნობად? (იოან. 17:3).

10 იესოს ნაკვალევს ვერ გავყვებით, თუ მას კარგად არ გავიცნობთ (წაიკითხეთ იოანეს 17:3). სიტყვა „გეცნობოდნენ“ ხანგრძლივ პროცესზე მიანიშნებს. თუ იესოს გაცნობა გვინდა, უფრო მეტი უნდა გავიგოთ მასზე, მაგალითად, როგორი თვისებები, აზროვნება და ფასეულობები აქვს. იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი ხანია ვიცით ჭეშმარიტება, არასდროს უნდა შევწყვიტოთ იეჰოვასა და იესოს გაცნობა.

11. რა ინფორმაციას შეიცავს ოთხი სახარება?

11 იესოს გაცნობა რომ შეგვძლებოდა, იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა, რომ მის შესახებ ინფორმაცია ოთხ სახარებაში შემონახულიყო. სახარებები გვაწვდის ისტორიულ ცნობებს იესოს ცხოვრებასა და მსახურებაზე. ბიბლიის ამ ოთხი წიგნიდან ვიგებთ, რას ამბობდა, რას აკეთებდა და რას გრძნობდა იესო. სახარებები გვეხმარება, ვიფიქროთ მის მაგალითზე (ებრ. 12:3). შეიძლება ითქვას, რომ სწორედ სახარებებიდან ვხედავთ იესოს ნაკვალევს. ასე რომ, მათი გამოკვლევა უკეთ გაგვაცნობს ღვთის ძეს, რაც, თავის მხრივ, დაგვეხმარება, ზუსტად მივყვეთ მის ნაკვალევს.

12. რა შემთხვევაში გაგვაცნობს სახარებების კითხვა უკეთ ქრისტეს?

12 იესოს უკეთ გასაცნობად მხოლოდ სახარებების გადაკითხვა არ კმარა. დრო უნდა გამოვყოთ, რომ გულდასმით შევისწავლოთ ეს ბიბლიური მონაკვეთები და ჩავუღრმავდეთ (შეადარეთ იესო ნავეს ძის 1:8, სქოლიო). განვიხილოთ ორი რჩევა, რომლებიც წაკითხულზე დაფიქრებასა და მის გამოყენებაში დაგვეხმარება.

13. როგორ გავაცოცხლოთ სახარებებში აღწერილი ისტორიები?

13 პირველი: გააცოცხლეთ სახარებებში ჩაწერილი ისტორიები. წარმოიდგინეთ, რომ ეს მოვლენები თქვენ თვალწინ ვითარდება. ამაში იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის მიერ გამოცემული საკვლევი საშუალებები დაგეხმარებათ. გამოიკვლიეთ კონტექსტი — წაკითხული ისტორიის წინა და მომდევნო მონაკვეთები. მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია, რაც წაკითხულის უკეთ აღქმაში დაგეხმარებათ. მაგალითად, რა ვითარებაში მოხდა ესა თუ ის მოვლენა. გამოიკვლიეთ პარალელური მონაკვეთები სხვა სახარებებიდან. შეიძლება იქ ისეთი საინტერესო დეტალი აღმოაჩინოთ, რაც ამ კონკრეტულ სახარებაში არ გვხვდება.

14, 15. როგორ შეგვიძლია სახარებებში წაკითხული ინფორმაცია ჩვენს თავს დავუკავშიროთ?

14 მეორე: სახარებებში წაკითხული ინფორმაცია თქვენს ცხოვრებას დაუკავშირეთ (იოან. 13:17). მას შემდეგ, რაც საგულდაგულოდ გამოიკვლევთ სახარების ამა თუ იმ მონაკვეთს, დაფიქრდით: „როგორ გამომადგება წაკითხული? როგორ გამოვიყენო წაკითხული სხვების დასახმარებლად?“ მაგალითად, დაფიქრდით, ვის შეიძლება გამოადგეს ეს ინფორმაცია და სათანადო დროს თბილად და ტაქტიანად გაუზიარეთ.

15 ახლა ამ ორი მიდგომით განვიხილოთ ერთი კონკრეტული მაგალითი. კერძოდ, ვიმსჯელოთ ღარიბ ქვრივზე, რომელიც იესომ ტაძარში შენიშნა.

ღარიბი ქვრივი ტაძარში

16. რა სიტუაციაა აღწერილი მარკოზის 12:41-ში?

16 გააცოცხლეთ ეს ისტორია (წაიკითხეთ მარკოზის 12:41). წარმოიდგინეთ ასეთი სურათი. ახ. წ. 33 წლის 11 ნისანია. იესოს სიკვდილამდე ერთი კვირაც არ არის დარჩენილი. ის თითქმის მთელი დღე ტაძარში ქადაგებს. მოწინააღმდეგეები გასაქანს არ აძლევენ მას. ჯერ იყო და მისი ძალაუფლება დააყენეს ეჭვქვეშ, მერე კი კითხვებით შეეცადნენ მის გამოჭერას (მარ. 11:27—33; 12:13—34). ახლა იესო ტაძრის სხვა მხარეს, სავარაუდოდ, „ქალთა ეზოში“ იმყოფება, საიდანაც კარგად ჩანს კედელთან განლაგებული ფულის ჩასაყრელები და თვალყურს ადევნებს, როგორ ყრის ხალხი შესაწირავს. მდიდრები ბლომად ყრიან მონეტებს. იესო შესაძლოა იმდენად ახლოს ზის, რომ კარგად ესმის ფულის ჩასაყრელში ჩაცვენილი მონეტების ხმა.

17. რას აკეთებს მარკოზის 12:42-ში მოხსენიებული ქვრივი?

17 წაიკითხეთ მარკოზის 12:42. ცოტა ხანში იესოს ყურადღებას ერთი გაჭირვებული ქვრივი იქცევს (ლუკ. 21:2). როგორც ჩანს, მას მძიმე ცხოვრება აქვს და თავის გატანას ძლივს ახერხებს. ის მიდის ერთ-ერთ ფულის ჩასაყრელთან და უჩუმრად აგდებს მასში ორ პატარა მონეტას. ეს მონეტები იმდენად მცირე ზომისაა, რომ მათი ჩაყრის ხმა შეიძლება არც კი ისმის. იესო ხვდება, რომ ეს ორი მონეტა ორი ლეპტაა, რასაც იმ დროს უმცირესი ღირებულება ჰქონდა. ამ თანხით ერთ ბეღურასაც ვერ იყიდდი, არადა მაშინ ბეღურა საჭმელად ვარგის უიაფეს ფრინველად ითვლებოდა.

18. მარკოზის 12:43, 44-ის თანახმად, როგორ შეაფასა იესომ ქვრივის შესაწირავი?

18 წაიკითხეთ მარკოზის 12:43, 44. ღარიბი ქვრივი იესოზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. იესო თავის მოწაფეებს უხმობს და ეუბნება: „ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო“. შემდეგ უხსნის, რას გულისხმობს: „ყველამ [განსაკუთრებით მდიდრებმა] ის გაიღო, რაც ზედმეტი ჰქონდა, ის კი სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი ჩაყარა, რაც თავის სარჩენად გააჩნდა“. ამ ღვთისმოშიშმა ქვრივმა უკანასკნელი თანხა იმ იმედით გაიღო, რომ იეჰოვა იზრუნებდა მასზე (ფსალმ. 26:3).

მიჰბაძეთ იესოს და შეაქეთ ის და-ძმები, რომლებიც საუკეთესოს იღებენ იეჰოვასთვის (იხილეთ აბზაცები 19, 20). *

19. რას ვსწავლობთ ღარიბ ქვრივზე ნათქვამი იესოს სიტყვებიდან?

19 წაკითხული თქვენს თავს დაუკავშირეთ. დაფიქრდით, რისი სწავლა შეგიძლიათ ღარიბ ქვრივზე ნათქვამი იესოს სიტყვებიდან. ფაქტია, ამ ქვრივ ქალს იეჰოვასთვის უფრო მეტის გაღების სურვილი ექნებოდა, თუმცა მან ის გაიღო, რაც შეეძლო. ეს მისი მხრიდან საუკეთესო შესაწირავი იყო. იესომ იცოდა, რომ ამ ქალის შესაწირავი ძალიან ძვირფასი იყო მისი ზეციერი მამისთვის. რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? იეჰოვა აფასებს, როცა საუკეთესოს ვიღებთ მისთვის, ანუ როცა მას მთელი სულითა და გულით ვემსახურებით (მათ. 22:37; კოლ. 3:23). მას ახარებს, როცა ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ. ეს პრინციპი ეხება იმ დროსა და ენერგიას, რასაც ღვთის თაყვანისცემას ვახმართ, რაშიც ჩვენი მსახურება და კრების შეხვედრებზე დასწრებაც შედის.

20. ვინ შეგიძლიათ გაამხნეოთ ქვრივის მაგალითით?

20 რას გვასწავლის ქვრივის მაგალითი? დაფიქრდით, ვის შეიძლება დასჭირდეს იმაში დარწმუნება, რომ იეჰოვა აფასებს მათ ძალისხმევას. მაგალითად, ხომ არ იცნობთ ასაკოვან დას, რომელსაც სინდისი ქენჯნის ან თავს გამოუსადეგრად გრძნობს, რადგან ჯანმრთელობის გამო ძველებურად ვეღარ მსახურობს. ან შესაძლოა იცნობთ ძმას, რომელიც მტანჯველი ქრონიკული დაავადების გამო ვერ ახერხებს კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებას, რასაც ძალიან განიცდის. ასეთი და-ძმები გამამხნევებელი სიტყვებით განამტკიცეთ (ეფეს. 4:29). მათაც გაუზიარეთ ის, რაც ღარიბი ქვრივის ისტორიიდან ისწავლეთ. თქვენი გამამხნევებელი სიტყვებით დაარწმუნებთ მათ, რომ იეჰოვა კმაყოფილია, როცა საუკეთესოს ვიღებთ მისთვის (იგავ. 15:23; 1 თეს. 5:11). როდესაც სხვებს ამხნევებთ იეჰოვასთვის გაღებული საუკეთესო მსხვერპლისთვის, თუნდაც მცირედისთვის, ამ შემთხვევაში ფეხდაფეხ მიჰყვებით იესოს ნაკვალევს.

21. რა უნდა დაისახოთ მიზნად?

21 მადლიერები ვართ, რომ სახარებებმა მრავალი დეტალი შემოგვინახა იესოს ცხოვრების შესახებ, რაც საშუალებას გვაძლევს, მივბაძოთ მას, ანუ ფეხდაფეხ მივყვეთ მის ნაკვალევს. კარგი იქნება, თუ პირადი ან ოჯახური შესწავლის დროს მეტ ყურადღებას დაუთმობთ სახარებებს. გახსოვდეთ, ასეთ გამოკვლევას მაშინ ექნება ფასი, თუ გონებაში გააცოცხლებთ წაკითხულს და ცხოვრებაში გამოიყენებთ. ჩვენ არა მარტო იესოს საქმეებს ვბაძავთ, არამედ მის ნათქვამსაც ყურად ვიღებთ. მომდევნო სტატიაში გავიგებთ, რისი სწავლა შეგვიძლია იესოს სიტყვებიდან, რომლებიც მან სიკვდილამდე წარმოთქვა.

სიმღერა 15 აქეთ იეჰოვას პირმშო!

^ აბზ. 5 ჭეშმარიტი ქრისტიანები ზუსტად უნდა მიჰყვნენ იესოს ნაკვალევს. რას ნიშნავს იესოს ნაკვალევის მიყოლა? წინამდებარე სტატიაში სწორედ ამ კითხვას გაეცემა პასუხი. აგრეთვე განვიხილავთ, რატომ უნდა მივყვეთ ზუსტად მის ნაკვალევს და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.

^ აბზ. 60 სურათის აღწერა: და ფიქრობს ღარიბ ქვრივზე წარმოთქმულ იესოს სიტყვებზე და შემდეგ ამხნევებს ასაკოვან დას, რომელიც მთელი გულით ემსახურება იეჰოვას.