არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 15

რას ვსწავლობთ იესოს უკანასკნელი სიტყვებიდან

რას ვსწავლობთ იესოს უკანასკნელი სიტყვებიდან

„ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე. მას უსმინეთ!“ (მათ. 17:5).

სიმღერა 17 მსურს

მოკლე შინაარსი *

1, 2. რა მოხდა, სანამ იესო თავის უკანასკნელ სიტყვებს იტყოდა?

ახ. წ. 33 წლის 14 ნისანია. იესო ცრუ ბრალდების საფუძველზე დამნაშავედ ცნეს, შეურაცხყვეს, სასტიკად აწამეს, ბოლოს კი ძელზე მიალურსმეს. ხელ-ფეხში ლურსმნებგაყრილ იესოს ყოველი ამოსუნთქვა, ყოველი სიტყვა უდიდეს ტკივილს აყენებს. მაგრამ ის ვერ დადუმდება, რადგან მნიშვნელოვანი რამ აქვს სათქმელი.

2 მოდი განვიხილოთ იესოს უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც წამების ძელზე წარმოთქვა და ვიმსჯელოთ, რას ვსწავლობთ აქედან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოდი მოვუსმინოთ მას (მათ. 17:5).

„მამა, აპატიე“

3. სავარაუდოდ, ვის გულისხმობდა იესო, როცა მამას სთხოვა აპატიეო?

3 რა თქვა იესომ? ძელზე მილურსმულმა იესომ ასე ილოცა: „მამა, აპატიე“. ვის გულისხმობდა ის? ამას მისი შემდეგი სიტყვები ჰფენს ნათელს: „არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკ. 23:33, 34). როგორც ჩანს, იესო იმ რომაელ ჯარისკაცებს გულისხმობდა, რომლებმაც ხელ-ფეხში ლურსმნები ჩააჭედეს. მათ არ იცოდნენ, სინამდვილეში ვინ იყო ის. იესოს, ალბათ, ისინიც ჰყავდა მხედველობაში, ვინც სიკვდილით მის დასჯას ითხოვდნენ, მაგრამ მოგვიანებით ირწმუნეს ის (საქ. 2:36—38). ასეთი უსამართლო მოპყრობის მიუხედავად, იესო არ გამწარებულა და არ გაბოროტებულა (1 პეტ. 2:23). პირიქით, მან იეჰოვას სთხოვა, ეპატიებინა თავისი მკვლელებისთვის.

4. რას გვასწავლის იესოს მიმტევებლობა?

4 რას ვსწავლობთ იესოს სიტყვებიდან? იესოს მსგავსად ჩვენც მზად უნდა ვიყოთ პატიებისთვის (კოლ. 3:13). მაგალითად, ზოგი გვეწინააღმდეგება, რადგან ვერ იგებს, რატომ გვაქვს განსხვავებული რელიგიური შეხედულებები და რატომ ავირჩიეთ ასეთი ცხოვრების წესი. მათ შორის შეიძლება ჩვენი ნათესავებიც იყვნენ. ზოგი მათგანი ცილს გვწამებს, გვამცირებს სხვების წინაშე, გვიხევს ლიტერატურას და ფიზიკური შეურაცხყოფითაც კი გვემუქრება. თუმცა ნაცვლად იმისა, რომ მათზე დავიბოღმოთ, შეგვიძლია იეჰოვას ვთხოვოთ, თვალები აუხილოს მათ და დაანახვოს ჭეშმარიტება (მათ. 5:44, 45). შეიძლება გაგვიჭირდეს პატიება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი მხრიდან დიდ უსამართლობას ვხვდებით. მაგრამ, თუ გულში ბოღმასა და წყენას ჩავიდებთ, ეს ჩვენვე გვავნებს. ერთი და ამბობს: „პატიება იმას არ ნიშნავს, რომ გაამართლო სხვისი საქციელი ან ვინმეს თავი დააჩაგვრინო. პატიება იმას ნიშნავს, რომ გულში არ ჩაიტოვო წყენა“ (ფსალმ. 37:8). როცა სხვებს ვპატიობთ, მომხდარს არ ვაძლევთ საშუალებას, გაგვაბოროტოს (ეფეს. 4:31, 32).

„ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“

5. რას დაჰპირდა იესო მის გვერდით გაკრულ დამნაშავეს და რატომ?

5 რა თქვა იესომ? მის გვერდით ორი ყაჩაღი იყო ძელზე გაკრული. თავიდან ისინიც შეურაცხყოფდნენ იესოს (მათ. 27:44). თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა აზრი შეიცვალა. ის მიხვდა, რომ იესოს „ცუდი არაფერი ჩაუდენია“ (ლუკ. 23:40, 41). უფრო მეტიც, მან რწმენა გამოხატა, რომ ერთ მშვენიერ დღეს იესო მკვდრეთით აღდგებოდა და მეფე გახდებოდა. მომაკვდავ იესოს მან ასეთი სიტყვებით მიმართა: „გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“ (ლუკ. 23:42). მისი მხრიდან ეს ნამდვილად რწმენის მაჩვენებელი იყო. პასუხად იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკ. 23:43). * იესოს სიტყვებიდან ჩანდა, რომ ეს დაპირება უშუალოდ ამ ბოროტმოქმედს ეხებოდა. იეჰოვას გულმოწყალებაში დარწმუნებულმა იესომ ამ მომაკვდავ დამნაშავეს იმედი ჩაუსახა (ფსალმ. 103:8).

6. რას ვსწავლობთ დამნაშავისთვის ნათქვამი იესოს სიტყვებიდან?

6 რას ვსწავლობთ იესოს სიტყვებიდან? იესო მამის ზუსტი ანარეკლია (ებრ. 1:3). იეჰოვა მზად არის, გვაპატიოს და გულმოწყალება გამოიჩინოს ჩვენ მიმართ, თუ წარსულში ჩადენილ ცოდვებს გულწრფელად ვინანიებთ და გვწამს, რომ იესოს დაღვრილ სისხლს შეუძლია ცოდვებისგან განგვწმინდოს (1 იოან. 1:7). ზოგი ვერაფრით იჯერებს, რომ იეჰოვა ოდესმე აპატიებს წარსულში ჩადენილ ცოდვებს. თუ ეს გრძნობა თქვენთვისაც ნაცნობია, დაფიქრდით შემდეგზე: სიკვდილის წინ იესომ გულმოწყალება გამოავლინა იმ დამნაშავის მიმართ, რომლის სიტყვებშიც რწმენის მარცვალი ჩანდა. მაშ, რამდენად უფრო დიდ გულმოწყალებას გამოავლენს იეჰოვა თავისი ერთგული თაყვანისმცემლების მიმართ, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ მისი მცნებების დაცვას (ფსალმ. 51:1; 1 იოან. 2:1, 2).

„აი შენი ვაჟი! . . აი დედაშენი!“

7. იოანეს 19:26, 27-ის თანახმად, რა უთხრა იესომ მარიამსა და იოანეს და რატომ?

7 რა თქვა იესომ? (წაიკითხეთ იოანეს 19:26, 27). იესოს ადარდებდა დედის მდგომარეობა, რომელიც, როგორც ჩანს, იმ დროს დაქვრივებული იყო. ფაქტია, იესოს და-ძმები დედას არაფერს მოაკლებდნენ, მაგრამ ვინ იზრუნებდა მასზე სულიერად? არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი იმ დროს იესოს მოწაფეები იყვნენ. იოანე კი მისი ერთგული მოციქული და უახლოესი მეგობარი იყო. იესო მათ, ვინც იეჰოვას თაყვანისმცემლობაში უერთდებოდა, თავისი სულიერი ოჯახის წევრებად მიიჩნევდა (მათ. 12:46—50). მას უყვარდა დედამისი და, ბუნებრივია, აღელვებდა მისი მდგომარეობა. ამიტომ მის სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვა სანდო მეგობარს, იოანეს, დაავალა. იესომ დედამისს უთხრა: „აი შენი ვაჟი!“, იოანეს კი — „აი დედაშენი!“ იმ დღიდან მოყოლებული იოანე მარიამისთვის შვილივით გახდა და ისე ზრუნავდა მასზე, როგორც მშობელ დედაზე. იესომ უდიდესი სიყვარული გამოავლინა ამ შესანიშნავი ქალის მიმართ, რომელიც დაბადებიდან ზრუნავდა მასზე და სიკვდილის დროსაც მის გვერდით იყო.

8. რისი სწავლა შეგვიძლია მარიამისა და იოანესთვის ნათქვამი იესოს სიტყვებიდან?

8 რას ვსწავლობთ იესოს სიტყვებიდან? შეიძლება ჩვენს სულიერ და-ძმებთან უფრო მეტი სიახლოვე გვქონდეს, ვიდრე ახლო ნათესავებთან. შეიძლება ნათესავებმა წინააღმდეგობა გაგვიწიონ და ზურგიც კი გვაქციონ, მაგრამ თუ იეჰოვასთან და მის ორგანიზაციასთან კავშირს არ გავწყვეტთ, როგორც იესო დაგვპირდა, იმაზე ასმაგად მეტს მივიღებთ, რაც დავკარგეთ. თანაქრისტიანები გახდებიან ჩვენთვის მოსიყვარულე შვილები, დედები და მამები (მარ. 10:29, 30). რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ფიქრობთ, რომ იმ სულიერი ოჯახის წევრები ხართ, რომელსაც რწმენა და ღვთისა და ერთმანეთის სიყვარული აერთიანებს? (კოლ. 3:14; 1 პეტ. 2:17).

„ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“

9. რას ვიგებთ მათეს 27:46-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიდან?

9 რა თქვა იესომ? სიკვდილამდე იესოს აღმოხდა: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“ (მათ. 27:46). ბიბლია არაფერს ამბობს, რატომ თქვა იესომ ეს სიტყვები. თუმცა მაინც შეგვიძლია, რაღაც ვისწავლოთ აქედან. ერთი ის, რომ იესომ ამ სიტყვების წარმოთქმით შეასრულა ფსალმუნის 22:1-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება. * გარდა ამისა, ამ სიტყვებიდან კარგად ჩანდა, რომ იეჰოვა ყველაფრისგან არ იფარავდა თავის ძეს (იობ. 1:10). იესოს ესმოდა, რომ მამამისმა იმიტომ შეატოვა მტრებს ხელში, რომ ბოლომდე გამოცდილიყო. მის მსგავსად არცერთი ადამიანი არ გამოცდილა. ამ სიტყვებმა ისიც დაადასტურა, რომ ის სრულიად უდანაშაულო იყო და სიკვდილს არ იმსახურებდა.

10. რა ვსწავლობთ იმ სიტყვებიდან, რომლებიც იესომ მამას უთხრა?

10 რას ვსწავლობთ იესოს სიტყვებიდან? არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ იეჰოვა ყველანაირი განსაცდელისგან დაგვიფარავს, რომელთაც შეიძლება რწმენის გამო შევხვდეთ. იესოს მსგავსად ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, ბოლომდე შევინარჩუნოთ ერთგულება, თუნდაც ამისთვის სიკვდილი მოგვიწიოს (მათ. 16:24, 25). თუმცაღა შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი არ დაუშვებს ისეთ განსაცდელს, რომლის ატანასაც ვერ შევძლებთ (1 კორ. 10:13). გარდა ამისა, იესოს მსგავსად შეიძლება ჩვენც მოგვიწიოს უსამართლოდ ტანჯვა (1 პეტ. 2:19, 20). ჩვენი მოწინააღმდეგეები იმიტომ კი არ გვიპირისპირდებიან, რომ რაღაც დავაშავეთ, არამედ იმიტომ, რომ ამ ქვეყნიერების ნაწილი არა ვართ და ჭეშმარიტების შესახებ ვქადაგებთ (იოან. 17:14; 1 პეტ. 4:15, 16). იესომ კარგად იცოდა, რატომ დაუშვა იეჰოვამ მისი ტანჯვა. თუმცა მისგან განსხვავებით ზოგჯერ ღვთის ერთგულ მსახურებს დღესაც უჩნდებათ კითხვა, თუ რატომ უშვებს იეჰოვა ამა თუ იმ განსაცდელს (აბაკ. 1:3). ჩვენს მწყალობელ და მომთმენ ღმერთს ესმის, რომ ასეთებს რწმენის ნაკლებობა კი არ ალაპარაკებთ, უბრალოდ ღვთისგან ნუგეშისცემა სჭირდებათ (2 კორ. 1:3, 4).

„მწყურია“

11. რატომ თქვა იესომ ის, რაც იოანეს 19:28-ში წერია?

11 რა თქვა იესომ? როგორც იოანეს 19:28-დან ვიგებთ, იესომ დაიძახა: „მწყურია!“ (წაიკითხეთ). ეს იმიტომ, რომ შესრულებულიყო წმინდა წერილში, კერძოდ, ფსალმუნის 22:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „თიხის ჭურჭლის ნატეხივით გამოვიფიტე, ენა სასაზე მიმეკრა“. თან თუ გავითვალისწინებთ იმ სატანჯველს, რომელიც იესომ გამოიარა, მათ შორის იმ აუტანელ ტკივილს, რომელსაც ის ძელზე გაკრული განიცდიდა, რა გასაკვირია, რომ ძალიან მოსწყურებოდა კიდეც. სხვისი დახმარების გარეშე ის წყურვილს ვერ მოიკლავდა.

12. რით არის ჩვენთვის საყურადღებო იესოს ნათქვამი „მწყურია“?

12 რას ვსწავლობთ იესოს სიტყვებიდან? იესო სისუსტედ არ თვლიდა დახმარების თხოვნას. ამ საკითხზე ჩვენც მსგავსი შეხედულება უნდა გვქონდეს. ზოგჯერ შეიძლება მოგვერიდოს დახმარების თხოვნა, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში სხვების დახმარების გარეშე გაგვიჭირდება. ასაკის ან ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეიძლება მოგვიწიოს მეგობრისთვის იმის თხოვნა, რომ მაღაზიაში ან ექიმთან წაგვიყვანოს. თუ დამწუხრებული ან გულგატეხილი ვართ, შეგვიძლია უხუცესს ან სხვა მოწიფულ ქრისტიანს ვთხოვოთ, რომ მოგვისმინოს და „ტკბილი სიტყვით“ გაგვამხნეოს (იგავ. 12:25). გვახსოვდეს, რომ და-ძმებს ვუყვარვართ და მზად არიან, გასაჭირში გვერდში დაგვიდგნენ (იგავ. 17:17). მაგრამ ისინი გულთამხილავები არ არიან და შეიძლება თავისით ვერ მიხვდნენ, რა გვჭირდება, თუ ჩვენ არ ვეტყვით ამას.

„აღსრულდა!“

13. რა აღასრულა იესომ იმით, რომ სიკვდილამდე ერთგულება შეინარჩუნა?

13 რა თქვა იესომ? 14 ნისანის დაახლოებით დღის სამ საათზე იესომ ხმამაღლა დაიძახა: „აღსრულდა!“ (იოან. 19:30). სიკვდილამდე იესომ ყველაფერი აღასრულა, რასაც იეჰოვა მისგან მოელოდა. მან მრავალი რამ აღასრულა იმით, რომ სიკვდილამდე ერთგულება შეინარჩუნა. 1) მან დაამტკიცა, რომ სატანა მატყუარაა. იესომ ცხადყო, რომ სრულყოფილ ადამიანს შეუძლია სრულყოფილი ერთგულება შეინარჩუნოს იმისდა მიუხედავად, თუ რა დაბრკოლებებს შეუქმნის მას სატანა. 2) იესომ სიცოცხლე გაიღო ადამიანთა გამოსასყიდად. მისმა მსხვერპლმა არასრულყოფილ ადამიანებს საშუალება მისცა, ღვთის თვალში მართლებად ჩაითვალონ და მარადიულად იცხოვრონ. 3) იესომ ცხადყო, რომ იეჰოვა სამართლიანად იმსახურებს უზენაესი ხელისუფლის წოდებას, და განწმინდა მამის შებღალული სახელი.

14. როგორ უნდა განვლოთ ყოველი დღე? ახსენით.

14 რას ვსწავლობთ იესოს სიტყვებიდან? გვინდა, რომ ჩვენი ერთგულება ყოველდღიურად დავამტკიცოთ. საინტერესო აზრი თქვა ძმა მაქსველ ფრენდმა, რომელიც „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მასწავლებელი იყო. ერთ-ერთ საერთაშორისო კონგრესზე, მოხსენებაში, რომელიც ერთგულებას ეხებოდა, ძმა მაქსველმა თქვა: „ნუ გადადებ ხვალისთვის იმას, რისი თქმაც ან გაკეთებაც დღეს შეგიძლია. რა გარანტია გაქვს, რომ ხვალინდელი დღე გაგითენდება?! ყოველი დღე იმის დამტკიცების შესაძლებლობად ჩათვალე, რომ მარადიული სიცოცხლის ღირსი ხარ“. მოდი ისე ვიცხოვროთ, თითქოს ყოველი დღე ჩვენი ერთგულების დამტკიცების ბოლო შანსს გვაძლევს. ასეთ შემთხვევაში სიკვდილიც რომ მოგვიწიოს, სუფთა სინდისით ვიტყვით: „იეჰოვა, ყველაფერი გავაკეთე, რომ შენი ერთგული დავრჩენილიყავი. დავამტკიცე, რომ სატანა მატყუარაა, განვწმინდე შენი სახელი და შენს უზენაესობას დავუჭირე მხარი“.

„შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული!“

15. ლუკას 23:46-ის თანახმად, რაში იყო იესო დარწმუნებული?

15 რა თქვა იესომ? (წაიკითხეთ ლუკას 23:46). იესოს შემდეგ სიტყვებში უდიდესი ნდობა გამოსჭვიოდა: „მამა, შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული!“ იესომ იცოდა, რომ მისი მომავალი სიცოცხლე იეჰოვაზე იყო დამოკიდებული და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მამა მას არ დაივიწყებდა.

16. რას ვსწავლობთ 15 წლის ჯოშუასგან?

16 რას ვსწავლობთ იესო სიტყვებიდან? მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი სიცოცხლე იეჰოვას მივანდოთ. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მთელი გულით მივენდობით მას (იგავ. 3:5). მოვიყვანოთ ერთი იეჰოვას მოწმის, 15 წლის ჯოშუას, მაგალითი, რომელსაც სასიკვდილო დაავადება ჰქონდა. მან უარი თქვა მკურნალობის ისეთ მეთოდებზე, რომლებიც ღვთის კანონს ეწინააღმდეგება. სიკვდილამდე მან დედას ასეთი სიტყვები უთხრა: „დე, ჩემი სიცოცხლე იეჰოვას ხელშია . . . ამაში ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი. მჯერა, რომ იეჰოვა აუცილებლად აღმადგენს. მან იცის, რა მაქვს გულში, იცის, რომ ძალიან მიყვარს“. * თითოეული უნდა დავფიქრდეთ: თუ რწმენის გამო ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, მივენდობით იეჰოვას იმაში დარწმუნებულები, რომ ის აუცილებლად გაგვიხსენებს?

17, 18. რა ვისწავლეთ? (იხილეთ ჩარჩო  „იესოს უკანასკნელი სიტყვები“).

17 იესოს უკანასკნელი სიტყვები ნამდვილად ბევრ რამეს გვასწავლის. შეგვახსენებს, რომ უნდა მივუტევოთ სხვებს და გვჯეროდეს, რომ იეჰოვაც გვაპატიებს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გვყავს დიდი მოსიყვარულე სულიერი ოჯახი, რომელიც მზად არის, საჭირო დროს დაგვეხმაროს, მთავარია, დახმარება ვითხოვოთ. ვიცით, რომ იეჰოვა ნებისმიერ განსაცდელს გადაგვატანინებს. გვინდა, ყოველი დღე ისე გავლიოთ, თითქოს ჩვენი ერთგულების დამტკიცების ბოლო შანსი გვეძლევა. თუნდაც ამის გამო სიკვდილი მოგვიწიოს, დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა აღგვადგენს.

18 წამების ძელზე მომაკვდავი იესოს სიტყვებს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ ყურად ვიღებთ მის უკანასკნელ სიტყვებს, გამოდის, რომ იეჰოვას მითითებისამებრ ვიქცევით, რომელმაც თავის ძეზე თქვა: „მას უსმინეთ!“ (მათ. 17:5).

 

სიმღერა 126 იფხიზლეთ, განმტკიცდით, გაძლიერდით!

^ აბზ. 5 როგორც მათეს 17:5-დან ვიგებთ, იეჰოვას სურს, რომ მის ძეს მოვუსმინოთ. ამ სტატიაში განვიხილავთ, რას ვსწავლობთ იესოს სიტყვებიდან, რომლებიც მან წამების ძელზე წარმოთქვა.

^ აბზ. 5 იესო ბოროტმოქმედს ზეციურ ცხოვრებას არ დაჰპირებია; ის მას დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებას დაჰპირდა.

^ აბზ. 9 შესაძლო მიზეზები, თუ რატომ თქვა იესომ ფსალმუნის 22:1-ში ჩაწერილი სიტყვები, განიხილება „მკითხველთა შეკითხვებში“ ჟურნალის ამავე ნომერში.

^ აბზ. 16 იხილეთ სტატია „ჯოშუას რწმენა — ბავშვთა უფლებებისთვის ბრძოლაში მიღწეული წარმატება“, 1995 წლის 22 იანვრის „გამოიღვიძეთ!“ (ინგლ.).