მკითხველთა შეკითხვები
თუ ქრისტიანი არაბიბლიურ საფუძველზე გაეყრება ცოლს და ხელახლა დაქორწინდება, როგორი უნდა იყოს კრების დამოკიდებულება მისი პირველი და მეორე ქორწინების მიმართ?
ამ შემთხვევაში კრება პირველ ქორწინებას დასრულებულად მიიჩნევს, მეორეს კი — ძალაში მყოფად. უკეთ რომ გავიგოთ, რატომ მივედით ამ დასკვნამდე, განვიხილოთ, რა თქვა იესომ განქორწინებასა და ხელახლა ქორწინებაზე.
მათეს 19:9-ში იესომ განქორწინების ერთადერთი ბიბლიური მიზეზი დაასახელა. მან თქვა: „თუ ქმარი ცოლს გაეყრება, თუმცა არა ღალატის გამო, და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“. იესოს სიტყვებიდან ორი რამ იკვეთება: 1) განქორწინების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი ცოლქმრული ღალატია; 2) მამაკაცი, რომელიც ცოლს არაბიბლიური მიზეზით ეყრება და სხვაზე ქორწინდება, მრუშობს. a
ნიშნავს თუ არა იესოს სიტყვები იმას, რომ თუ მამაკაცი უღალატებს ცოლს და გაეყრება, ბიბლიური უფლება აქვს ხელმეორედ დაქორწინებისთვის? არა მაინცდამაინც. ღალატის შემთხვევაში უდანაშაულო მეუღლემ უნდა გადაწყვიტოს, აპატიებს თუ არა მოღალატე ქმარს. თუ ცოლი არ აპატიებს და ოფიციალურად გაეყრება მას, ამ შემთხვევაში ორივეს ექნება ბიბლიური საფუძველი მეორედ დაქორწინებისთვის.
მეორე მხრივ, უდანაშაულო მეუღლემ შეიძლება პატიება და ოჯახის შენარჩუნება გადაწყვიტოს. მაგრამ დავუშვათ, მოღალატე ქმარს არ სურს ცოლთან დარჩენა და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ახერხებს განქორწინებას. ამ შემთხვევაში ქმარს არა აქვს ბიბლიური უფლება ხელახლა დაქორწინებისთვის, რადგან ცოლი მზად იყო, რომ ეპატიებინა და ოჯახი შეენარჩუნებინა. თუ ქმარი მაინც დაქორწინდება სხვაზე, ის კიდევ ერთხელ გახდება დამნაშავე მრუშობაში და სამართლებრივ კომიტეტს მოუწევს მისი საქმის განხილვა (1 კორ. 5:1, 2; 6:9, 10).
თუ მამაკაცი ბიბლიური უფლების გარეშე ხელახლა დაქორწინდება, როგორი უნდა იყოს კრების დამოკიდებულება მისი პირველი და მეორე ქორწინების მიმართ? კვლავაც ძალაშია ბიბლიური თვალსაზრისით მისი პირველი ქორწინება? აქვს რაიმე მნიშვნელობა იმას, უდანაშაულო მეუღლე აპატიებს ყოფილ ქმარს თუ არა? მრუშობად უნდა მიიჩნევდეს კრება მამაკაცის მეორე ქორწინებას?
აქამდე კრება მრუშობად თვლიდა მეორე ქორწინებას მანამ, სანამ უდანაშაულო მეუღლე ცოცხალი იყო, არ იყო ხელმეორედ გათხოვილი ან სექსუალური უზნეობა არ ჰქონდა ჩადენილი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გაყრასა და ხელახლა დაქორწინებაზე საუბრისას იესოს აქცენტი არ გაუკეთებია უდანაშაულო მეუღლეზე. მან მხოლოდ ის თქვა, რომ კაცი, რომელიც ცოლს ეყრება, მაგრამ არა ღალატის გამო, და სხვაზე ქორწინდება, მრუშობს. ამ შემთხვევაში გაყრა და ხელახლა დაქორწინება, რაც იესომ მრუშობას გაუტოლა, წერტილს დაუსვამს პირველ ქორწინებას.
„თუ ქმარი ცოლს გაეყრება, თუმცა არა ღალატის გამო, და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“ (მათ. 19:9).
ზემოხსენებულ მაგალითში ქმარმა იმრუშა, რაც საბოლოოდ გაყრის მიზეზი გახდა. მაგრამ დავუშვათ, ქმარს არ უმრუშია, თუმცა მაინც განქორწინდა და ხელმეორედ დაქორწინდა ან განქორწინების შემდეგ იმრუშა და ხელმეორედ დაქორწინდა მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე მზად იყო, ეპატიებინა. ორივე შემთხვევაში განქორწინებამ და ხელახლა ქორწინებამ, რაც მრუშობის ტოლფასია, წერტილი დაუსვა პირველ ქორწინებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ქორწინება ძალაში მყოფად ითვლება. 1979 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.) 32-ე გვერდზე ასეთი რამ ეწერა: „ვინაიდან ხელმეორედ დაქორწინდა, მამაკაცი ვეღარ გააბათილებს მეორე ქორწინებას და ვეღარ დაუბრუნდება ყოფილ ცოლს. პირველი ქორწინება განქორწინებით, მრუშობითა და მეორე ქორწინებით დასრულდა“.
ეს ახლებური ახსნა არ აკნინებს ქორწინების სიწმინდეს და არც მრუშობის სერიოზულობას აუბრალოებს. კაცი, რომელიც ისე ეყრება ცოლს, რომ ამისთვის ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია და ხელახლა ქორწინდება, მრუშობს, რის გამოც მის საქმეს კრების სამართლებრივი კომიტეტი განიხილავს (თუ მეორე ცოლიც ქრისტიანია, ისიც მრუშობაში იქნება დამნაშავე და მის საქმესაც სამართლებრივი კომიტეტი განიხილავს). მართალია, კრება ამ ქორწინებას მრუშობად არ მიიჩნევს, მაგრამ ეს ძმა მრავალი წელი ვერ მიიღებს რაიმე პასუხისმგებლობას კრებაში, რადგან დიდი დროა საჭირო, რომ თავისი ცხოვრების წესით აღიდგინოს შელახული რეპუტაცია. ამასთანავე გასათვალისწინებელი იქნება უდანაშაულო მეუღლის მდგომარეობაც, რომელსაც შესაძლოა ის ვერაგულად მოექცა და ისიც, უპატრონოდ ხომ არ დატოვა არასრულწლოვანი შვილები (მალ. 2:14—16).
როგორც ვხედავთ, არაბიბლიურ საფუძველზე განქორწინებასა და ხელახლა დაქორწინებას სერიოზული უარყოფითი შედეგები ახლავს თან. ამიტომ ქრისტიანებმა უნდა გავითავისოთ იეჰოვას თვალსაზრისი და გავუფრთხილდეთ ქორწინების სიწმინდეს (ეკლ. 5:4, 5; ებრ. 13:4).
a ამ სტატიაში მოღალატე მეუღლეში ვგულისხმობთ მამაკაცს, უდანაშაულო მეუღლეში კი — ქალს. თუმცა, როგორც მარკოზის 10:11, 12-დან ჩანს, იესოს ეს სიტყვები ეხება როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს.
b ეს არის ახლებური ახსნა. აქამდე ქმრის მეორე ქორწინება მრუშობად ითვლებოდა, თუკი მისი უდანაშაულო მეუღლე ცოცხალი იყო, არ იყო ხელმეორედ გათხოვილი ან სექსუალურ უზნეობაში ბრალდებული.