ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 16
„აღდგება შენი ძმა!“
«იესომ [მართას] უთხრა: „აღდგება შენი ძმა!“» (ᲘᲝᲐᲜ. 11:23).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 151 ის დაიძახებს
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a
1. როგორ გამოხატა ერთმა ბიჭუნამ მკვდრეთით აღდგომისადმი ძლიერი რწმენა?
ᲔᲠᲗ ბიჭუნას, სახელად მეთიუს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, რის გამოც არაერთი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ერთხელ თავის ოჯახთან ერთად ის JW მაუწყებლობის ყოველთვიურ პროგრამას უყურებდა. პროგრამის ბოლოს ნაჩვენები იყო მუსიკალური ვიდეოკლიპი მკვდრეთით აღდგომის შესახებ. b მაუწყებლობის ყურების შემდეგ მან მშობლებს ხელი ჩასჭიდა და უთხრა: „დე, მა, თუ მოვკვდები, არ ინერვიულოთ. აღვდგები, დამელოდეთ!“. წარმოიდგინეთ, რა ბედნიერები იქნებოდნენ მშობლები თავიანთ პატარაში ამხელა რწმენას რომ დაინახავდნენ.
2, 3. რატომ უნდა ვიფიქროთ მკვდრეთით აღდგომის იმედზე?
2 დროდადრო კარგი იქნება, თუ ვიფიქრებთ მკვდრეთით აღდგომის იმედზე (იოან. 5:28, 29). ამის გაკეთება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ არავინ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. შეიძლება სერიოზულად დავავადდეთ ან ახლობელი გამოგვეცალოს ხელიდან, მკვდრეთით აღდგომის იმედი კი ასეთი განსაცდელების ატანის ძალას მოგვცემს (ეკლ. 9:11; იაკ. 4:13, 14; 1 თეს. 4:13). ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ზეციერ მამას ძალიან ვუყვარვართ და ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ (ლუკ. 12:7). მისი სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ მარადიული სიცოცხლის იმედს გვაძლევს და თუ საჭირო გახდა, მკვდრეთითაც აღგვადგენს, თანაც ზუსტად ისეთივე პიროვნული ნიშან-თვისებებითა და მოგონებებით, როგორებიც წარსულში გვქონდა. წარმოიდგინეთ, რა კარგად გვიცნობს იეჰოვა!
3 ამ სტატიაში თავდაპირველად იმაზე ვისაუბრებთ, რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ მკვდრეთით აღდგომა ნამდვილად იქნება. შემდეგ კი ერთ რწმენის განმამტკიცებელ ბიბლიურ მონაკვეთსაც მიმოვიხილავთ, სადაც ამ სტატიის წამყვან მუხლს ვხვდებით: „აღდგება შენი ძმა!“ (იოან. 11:23). ბოლოს კი იმაზე ვისაუბრებთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ აღდგომის იმედი უფრო რეალური იყოს ჩვენთვის.
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲕᲯᲔᲠᲝᲓᲔᲡ, ᲠᲝᲛ ᲛᲙᲕᲓᲠᲔᲗᲘᲗ ᲐᲦᲓᲒᲝᲛᲐ ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲐᲓ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ
4. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ვინმეს დაპირებას ვენდოთ? მოიყვანეთ მაგალითი.
4 ვინმეს დაპირება რომ დავიჯეროთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მას სურვილიც აქვს და ძალაც შესწევს, დაპირებული შეასრულოს. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. წარმოიდგინეთ, რომ ქარიშხალმა თქვენი სახლი სერიოზულად დააზიანა. ერთი მეგობარი კი გპირდებათ, რომ მის აღდგენაში დაგეხმარებათ. ხედავთ, რომ მას ნამდვილად აღელვებს თქვენი მდგომარეობა და ოდნავადაც არ გეპარებათ ეჭვი იმაში, რომ თქვენი დახმარების სურვილი აქვს. თანაც ის გამოცდილი მშენებელია და საჭირო ხელსაწყოებიც აქვს. ამიტომ იმაშიც დარწმუნებული ხართ, რომ დაპირებულის შესრულება მის ძალას არ აღემატება. თუ მეგობარს გამოუცხადებდით ამხელა ნდობას, რისი თქმა შეიძლება ღმერთზე, რომელიც მკვდრეთით აღდგომას გვპირდება?! ნამდვილად აქვს მას ამის გაკეთების სურვილი და ძალა?
5, 6. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვას სურს, სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს?
5 ნამდვილად აქვს იეჰოვას იმის სურვილი, რომ სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს? რა თქმა უნდა! მისი შთაგონებით ბიბლიის არაერთმა დამწერმა ისაუბრა მკვდრეთით აღდგომის შესახებ, რომელიც მომავალში უნდა მოხდეს (ეს. 26:19; ოს. 13:14; გამოცხ. 20:11—13). იეჰოვა კი ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს (იეს. 23:14). მეტიც, მას ერთი სული აქვს, მკვდრეთით აღადგინოს გარდაცვლილები. რატომ ვართ ამაში დარწმუნებული?
6 შევიხსენოთ, რა სიტყვები წარმოთქვა პატრიარქმა იობმა. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ თუ მოკვდებოდა, იეჰოვას მოენატრებოდა და სიცოცხლეს დაუბრუნებდა (იობ. 14:14, 15). იეჰოვას თავისი ყველა ერთგული მსახური ენატრება, რომლებიც აღარ არიან ცოცხლები. მას ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნებს მათ სიცოცხლეს, რათა დატკბნენ სრულყოფილი ჯანმრთელობით და ბედნიერი ცხოვრებით. მაგრამ რისი თქმა შეიძლება იმ მილიარდობით ადამიანზე, რომლებსაც არ მისცემიათ იეჰოვას გაცნობის შესაძლებლობა? ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი მათაც დაუბრუნებს სიცოცხლეს, რომ მასთან დამეგობრების და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს (იოან. 3:16; საქ. 24:15). ცხადზე ცხადია, რომ იეჰოვას ძალიან სურს, მკვდრეთით აღადგინოს გარდაცვლილები.
7, 8. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვას ნამდვილად შესწევს მკვდრების აღდგენის ძალა?
7 გავიგეთ, რომ იეჰოვას ნამდვილად აქვს სურვილი, აღადგინოს მკვდრები, თუმცა რისი თქმა შეიძლება ძალაზე? ბიბლიაში იეჰოვას „ყოვლისშემძლე“ ეწოდება (გამოცხ. 1:8). მას ნებისმიერი მტრის დამარცხების ძალა შესწევს, თვით სიკვდილისაც, რისი ცოდნაც მხნეობას გვმატებს და გვანუგეშებს (1 კორ. 15:26). განვიხილოთ ერთი დის შემთხვევა. ემა არნოლდი და მისი ოჯახი მეორე მსოფლიო ომის დროს სერიოზულ სირთულეებს შეხვდნენ. მათ საკონცენტრაციო ბანაკებში საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ამის გამო დამწუხრებული თავისი გოგონა ემამ ასეთი სიტყვებით ანუგეშა: „თუ კაცობრიობა ვერასდროს გათავისუფლდება სიკვდილის მარწუხებისგან, გამოდის, რომ სიკვდილი ღმერთზე ძლიერი ყოფილა.“ ფაქტია, იეჰოვაზე ძლიერი არავინ და არაფერია! ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელმაც სიცოცხლეს მისცა დასაბამი, არ გაუჭირდება, ისევ დაუბრუნოს სიცოცხლე გარდაცვლილებს.
8 კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ვართ ღვთის ძალაში დარწმუნებული, მისი უსაზღვრო მეხსიერებაა. ესაიას 40:26-დან ვიგებთ, რომ იეჰოვა თითოეულ ვარსკვლავს სახელით უხმობს. ბიბლიიდან ისიც ჩანს, რომ მას ყველა გარდაცვლილი ახსოვს (იობ. 14:13; ლუკ. 20:37, 38). როდესაც ადამიანს მკვდრეთით აღადგენს, ის ყველა დეტალს გაიხსენებს მის შესახებ, იქნება ეს მისი გენეტიკური კოდი, განვლილი ცხოვრება თუ მოგონებები.
9. რატომ გწამთ, რომ იეჰოვა აუცილებლად დაუბრუნებს სიცოცხლეს გარდაცვლილებს?
9 როგორც დავინახეთ, იეჰოვას მკვდრების აღდგენის სურვილიც აქვს და ამის ძალაც შესწევს. ამიტომ ეჭვი არ გვეპარება, რომ აუცილებლად გააკეთებს ამას. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გვჯეროდეს ამ დანაპირების ისაა, რომ იეჰოვამ წარსულში უკვე აღადგინა მკვდრები. ძველად თავის რამდენიმე მსახურს, მათ შორის იესოს, მან მკვდრების აღდგენის ძალა მისცა. ქვემოთ ერთ-ერთ შემთხვევაზე ვიმსჯელებთ, რომელიც იოანეს მე-11 თავშია მოთხრობილი.
ᲘᲔᲡᲝᲡ ᲫᲕᲘᲠᲤᲐᲡᲘ ᲛᲔᲒᲝᲑᲐᲠᲘ ᲔᲪᲚᲔᲑᲐ ᲮᲔᲚᲘᲓᲐᲜ
10. რა ხდება, როცა იესო იორდანის გაღმა ქადაგებს და როგორ იქცევა ის? (იოანე 11:1—3).
10 წაიკითხეთ იოანეს 11:1—3. დგას ახ. წ. 32 წლის გვიანი შემოდგომა. იესოს ახლო მეგობარი ლაზარე, რომელიც დებთან, მართასთან და მარიამთან ერთად ბეთანიაში ცხოვრობს, ავად ხდება (ლუკ. 10:38—42). დები ძალიან განიცდიან ძმის ავადმყოფობას და მის მდგომარეობას იესოს ატყობინებენ. იესო ამ დროს იორდანის გაღმა, ბეთანიიდან ორი დღის სავალზე იმყოფება (იოან. 10:40). როგორც ჩანს, იმ დროისთვის, როცა მაცნე იესოსთან მიდის, ლაზარეც კვდება. იესომ იცის, რომ მეგობარი დაეღუპა, თუმცა კიდევ ორ დღეს რჩება ადგილზე და შემდეგ იღებს გეზს ბეთანიისკენ. ასე რომ, როცა იესო ბეთანიაში ჩადის, ლაზარე უკვე ოთხი დღის მკვდარია. მაგრამ მას გადაწყვეტილი აქვს, ისეთი რამ მოიმოქმედოს, რაც განადიდებს იეჰოვას და მის მეგობრებსაც გაახარებს (იოან. 11:4, 6, 11, 17).
11. რას გვასწავლის ეს შემთხვევა მეგობრობის შესახებ?
11 რას გვასწავლის ეს შემთხვევა მეგობრობის შესახებ? როდესაც მარიამმა და მართამ იესოს მაცნე გაუგზავნეს, მისთვის ბეთანიაში ჩასვლა არ უთხოვიათ. უბრალოდ უთხრეს, რომ მისი ძვირფასი მეგობარი ავად იყო (იოან. 11:3). ისიც აღსანიშნავია, რომ როცა ლაზარე მოკვდა, იესოს მისი აღდგენა ბეთანიაში ჩაუსვლელადაც შეეძლო. თუმცა მან გადაწყვიტა, მძიმე წუთებში არ მიეტოვებინა მეგობრები, მარიამი და მართა. თქვენც გეგულებათ ისეთი მეგობარი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, უთქმელად გაჩნდება თქვენ გვერდით? თუ ასეა, მაშინ იმის იმედიც გექნებათ, რომ გასაჭირის დროს მხარში ამოგიდგებათ (იგავ. 17:17). მოდი ყველანაირად ვეცადოთ, რომ იესოსავით კარგი მეგობრობა გავუწიოთ სხვებს. ახლა ისევ დავუბრუნდეთ იოანეს მე-11 თავს და გავიგოთ, რა ხდება შემდგომ.
12. რას დაჰპირდა იესო მართას და რატომ არ იყო ეს ცარიელი სიტყვები? (იოანე 11:23—26).
12 წაიკითხეთ იოანეს 11:23—26. მართა იგებს, რომ იესო უკვე ბეთანიას მოადგა. ამიტომ საჩქაროდ მის შესახვედრად მიდის და, როცა მას ხვდება, ეუბნება: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა“ (იოან. 11:21). ფაქტია, იესოს შეეძლო ლაზარეს გამოჯანმრთელება, თუმცა მას უფრო გრანდიოზული გეგმები აქვს. ის მართას ეუბნება: „აღდგება შენი ძმა!“ და ამ დაპირებას შემდეგი სიტყვებით ამყარებს: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“. ნამდვილად, იესოს იეჰოვასგან ნაბოძები ჰქონდა მკვდრების აღდგენის ძალა. ამ დროისთვის მას უკვე აღდგენილი ჰყავს პატარა გოგონა და ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ახალი დაღუპულები იყვნენ (ლუკ. 7:11—15; 8:49—55). მაგრამ შეძლებს კი ის ლაზარეს აღდგენას, რომელიც ოთხი დღის მკვდარია და რომლის სხეულსაც ხრწნა აქვს დაწყებული?
„ᲚᲐᲖᲐᲠᲔ, ᲒᲐᲛᲝᲓᲘ!“
13. იოანეს 11:32—35-დან გამომდინარე, რა რეაქცია ჰქონდა იესოს მარიამისა და სხვა მგლოვიარეების დანახვაზე? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
13 წაიკითხეთ იოანეს 11:32—35. როგორ ვითარდება შემდგომ მოვლენები? ლაზარეს კიდევ ერთი და მარიამი იესოსთან შესახვედრად მიდის. როცა იესოს ხვდება, იმავეს ეუბნება, რაც მართამ უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა!“. ის და მასთან მყოფი ხალხი ძალიან დამწუხრებულები არიან და ხმამაღლა ტირიან. იესოსაც მათი შემხედვარე გული ეწვება და თვალზე ცრემლი ადგება. მას კარგად ესმის, რამხელა ტკივილს იწვევს საყვარელი ადამიანის სიკვდილი. ამიტომ სურს, მათ ტკივილი გაუყუჩოს და შვება მოჰგვაროს.
14. რას ვსწავლობთ იეჰოვას შესახებ იესოს რეაქციიდან?
14 იესოს რეაქცია მგლოვიარე მარიამის დანახვაზე იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვა დიდად თანამგრძნობი ღმერთია. როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის აზროვნებასა და გრძნობებს (იოან. 12:45). ასე რომ, როცა იმის შესახებ ვკითხულობთ, თუ როგორ თანაუგრძნო იესომ მგლოვიარე მეგობრებს, იმაშიც ვრწმუნდებით, რომ იეჰოვასაც გული ეწვის ჩვენი ცრემლების შემხედვარე (ფსალმ. 56:8). ამის ცოდნა კი იმის სურვილს გვიძლიერებს, რომ დავუახლოვდეთ ჩვენს თანამგრძნობ ღმერთს.
15. იოანეს 11:41—44-ის თანახმად, რა მოხდა ლაზარეს სამარხთან? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
15 წაიკითხეთ იოანეს 11:41—44. იესო ლაზარეს სამარხთან მიდის და იქ მყოფებს სთხოვს, ლოდი მოაშორონ. მაგრამ მართა უარზეა, რადგან ლაზარეს სხეულს ხრწნა უკვე დაწყებული აქვს. იესო ეუბნება მას: „ხომ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?!“ (იოან. 11:39, 40). შემდეგ თვალებს ზეცად აღაპყრობს და ლოცვით მიმართავს იეჰოვას, რადგან სურს, რომ იმით, რასაც ახლა გააკეთებს, ღმერთს მიაგოს დიდება. იესო ხმამაღლა ამბობს: „ლაზარე, გამოდი!“. და ხდება ის, რაც ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა — ლაზარე სამარხიდან გამოდის (იხილეთ 2008 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 31).
16. როგორ გვიმტკიცებს იოანეს მე-11 თავში ჩაწერილი შემთხვევა მკვდრეთით აღდგომის იმედს?
16 იოანეს მე-11 თავში მოთხრობილი შემთხვევა გვიმტკიცებს მკვდრეთით აღდგომის იმედს. რატომ ვამბობთ ამას? კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მართასთვის მიცემული იესოს დაპირება (იოან. 11:23). თავისი მამის მსგავსად, იესოსაც აქვს სურვილი და ძალა, რომ ეს დაპირება შეასრულოს და სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს. იესოს ცრემლები იმაზე მოწმობს, რომ მას ერთი სული აქვს, ბოლო მოუღოს სიკვდილს და იმ ტკივილს, რომელსაც საყვარელი ადამიანის დაკარგვა გვაყენებს. რაც შეეხება მის ძალას, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა მაშინ, როცა ლაზარე სამარხიდან გამოვიდა. და ბოლოს, მართასთვის ნათქვამ იესოს შემდეგ სიტყვებზეც დავფიქრდეთ: „ხომ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?!“ (იოან. 11:40). დიახ, ჩვენ არაერთი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ ღვთის დაპირება მკვდრეთით აღდგომის შესახებ აუცილებლად შესრულდება. მაგრამ რისი გაკეთება გვმართებს, რომ ეს იმედი უფრო რეალური იყოს ჩვენთვის?
ᲠᲘᲡᲘ ᲒᲐᲙᲔᲗᲔᲑᲐ ᲒᲕᲛᲐᲠᲗᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛ ᲛᲙᲕᲓᲠᲔᲗᲘᲗ ᲐᲦᲓᲒᲝᲛᲘᲡ ᲘᲛᲔᲓᲘ ᲣᲤᲠᲝ ᲠᲔᲐᲚᲣᲠᲘ ᲘᲧᲝᲡ ᲩᲕᲔᲜᲗᲕᲘᲡ
17. რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, როცა მკვდრეთით აღდგომის შემთხვევების შესახებ ვკითხულობთ?
17 წაიკითხეთ და დაფიქრდით ბიბლიაში ჩაწერილ მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებზე. ბიბლიაში რვა ადამიანის მკვდრეთით აღდგომის შემთხვევაა ჩაწერილი. c კარგი იქნება, თუ ამ შემთხვევებს გულდასმით გამოიკვლევთ. კვლევის დროს მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, რომ ისინი გამოგონილი პერსონაჟები კი არა, ჩვენნაირი ადამიანები იყვნენ — კაცები, ქალები და ბავშვები. დაფიქრდით, რისი სწავლა შეგიძლიათ ამ შემთხვევებიდან და როგორ ცხადყოფს თითოეული მათგანი, რომ ღმერთს სურვილიც აქვს და ძალაც, სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს. და რაც მთავარია, ჩაუფიქრდით ყველაზე მნიშვნელოვან და გამორჩეულ მკვდრეთით აღდგომის შემთხვევას — იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას. იმის ცოდნა, რომ ამ შემთხვევას ასობით თვითმხილველი ჰყავდა, რწმენას გვიმტკიცებს (1 კორ. 15:3—6, 20—22).
18. კიდევ რისი გაკეთება გვმართებს, რომ უფრო განვიმტკიცოთ მკვდრეთით აღდგომის იმედი? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).
18 იმღერეთ ჩვენი სიმღერები, რომლებიც მკვდრეთით აღდგომას ეხება და იფიქრეთ ტექსტის შინაარსზე d (ეფეს. 5:19). ამ შემთხვევაში მკვდრეთით აღდგომის იმედი უფრო რეალური გახდება ჩვენთვის და რწმენაც განგვიმტკიცდება. მოუსმინეთ, იმღერეთ და ოჯახური თაყვანისცემის დროს ერთად განიხილეთ ამ სიმღერების შინაარსი. შეეცადეთ, დაიმახსოვროთ სიმღერის ტექსტი და ღრმად იფიქროთ მასზე. და იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან საყვარელი ადამიანი გამოგეცლებათ ხელიდან, იეჰოვას სული გაგახსენებთ ამ სიმღერებს, რაც ნუგეშს მოგგვრით და ძალას შეგმატებთ.
19. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ წარმოსახვის უნარი? (იხილეთ ჩარჩო „რას ჰკითხავდით?“).
19 მოუხმეთ წარმოსახვის უნარს. იეჰოვასგან ბოძებული წარმოსახვის უნარის წყალობით შეგვიძლია საკუთარი თავი ახალ ქვეყნიერებაში დავინახოთ. ერთი და ამბობს: „იმდენად ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე საკუთარ თავს სამოთხეში, რომ იქაური ვარდების სურნელსაც კი შევიგრძნობ“. წარმოიდგინეთ, როგორ შეხვდებით ბიბლიურ დროში მცხოვრებ ღვთის მსახურებს. განსაკუთრებით ვისთან შეხვედრას ელით? რა გინდათ, რომ ჰკითხოთ? იმაზეც იფიქრეთ, როგორი იქნება თქვენი შეხვედრა მკვდრეთით აღმდგარ ახლობლებთან — რას ეტყვით, როგორ ჩაეხუტებით და როგორი ბედნიერი იქნებით იმ წუთებში.
20. რისი გაკეთება გვმართებს?
20 უზომოდ ვემადლიერებით იეჰოვას მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის. დარწმუნებული ვართ ამ დანაპირების უტყუარობაში, რადგან იეჰოვას სურვილიც აქვს და ძალაც მის შესასრულებლად. მოდი კვლავაც განვიმტკიცოთ მკვდრეთით აღდგომის რწმენა. ეს დაგვაახლოებს ღმერთთან, რომელიც ყველას გვპირდება, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები აღდგებიან.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 147 ღმერთი მარადიულ სიცოცხლეს გვპირდება
a თუ სიკვდილმა თქვენც გამოგაცალათ ხელიდან ძვირფასი ახლობელი, ეჭვგარეშეა, ნუგეშს გგვრით მკვდრეთით აღდგომის იმედი. თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგეს, როგორ აუხსნიდით სხვებს, თუ რატომ გჯერათ ამ დანაპირების? თავად როგორ უნდა განიმტკიცოთ იმის რწმენა, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნება? ამ სტატიის მიზანია, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი კიდევ უფრო რეალური გახდეს ჩვენთვის.
b ეს მუსიკალური ვიდეოკლიპი 2016 წლის ნოემბრის მაუწყებლობაში იყო ნაჩვენები. მისი სათაურია „ეს დრო ნანატრი“.
c იხილეთ 2015 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ ჩარჩო „ბიბლიაში ჩაწერილი მკვდრეთით აღდგომის რვა შემთხვევა“, გვ. 4.
d სიმღერების კრებულში „მთელი გულით უმღერეთ იეჰოვას“ ნახეთ სიმღერა 139: „წარმოიდგინე საკუთარი თავი ახალ ქვეყნიერებაში“, სიმღერა 144: „ჯილდოს მიაპყარით თვალი“ და სიმღერა 151: „ის დაიძახებს“. აგრეთვე jw.org-ზე მოძებნეთ შემდეგი სიმღერები: „ეს დრო ნანატრი“, „წინ ვხედავთ სამოთხეს“ და „იხილე, დარწმუნდი“.