არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 18

გაამხნევეთ ერთმანეთი კრების შეხვედრებზე

გაამხნევეთ ერთმანეთი კრების შეხვედრებზე

„ყურადღებიანები ვიყოთ, რათა . . . გავამხნეოთ ერთმანეთი“ (ᲔᲑᲠ. 10:24, 25).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 88 მაუწყე შენი გზები

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რატომ ვაკეთებთ კომენტარებს კრების შეხვედრებზე?

 ᲠᲐᲢᲝᲛ ვესწრებით კრების შეხვედრებს? ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ იეჰოვას განდიდება გვსურს (ფსალმ. 26:12; 111:1). გარდა ამისა, კრების შეხვედრებზე ერთმანეთის გამხნევების შესაძლებლობა გვეძლევა, რაც ამ რთულ დროს ყველას გვჭირდება (1 თეს. 5:11). თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ როცა ხელს ვწევთ და კომენტარს ვაკეთებთ, ამ ორივე მიზანს ვაღწევთ.

2. როდის შეგვიძლია კრების შეხვედრებში მონაწილეობის მიღება?

2 ყოველ კვირა არაერთი შესაძლებლობა გვაქვს, რომ მივიღოთ კრების შეხვედრებში მონაწილეობა, მაგალითად, შაბათ-კვირას „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე. კომენტარები შუა კვირის შეხვედრაზეც შეგვიძლია გავაკეთოთ ღვთის სიტყვის სიღრმეების, კრების ბიბლიის შესწავლის და სხვა კითხვა-პასუხებით განსახილველი პუნქტების დროს.

3. რა შეიძლება აღმოჩნდეს ზოგისთვის სირთულე და როგორ გვეხმარება ებრაელების 10:24, 25?

3 ყველას გვსურს, განვადიდოთ იეჰოვა და გავამხნეოთ თანამორწმუნეები. თუმცა, როცა კომენტარების გაკეთებაზე მიდგება საქმე, ზოგისთვის შეიძლება სირთულე ის აღმოჩნდეს, რომ ღელავს და უჭირს მონაწილეობის მიღება, ზოგისთვის კი ის, რომ ისე ხშირად არ აპასუხებინებენ, როგორც თავად სურს. რა დაგვეხმარება ასეთ დროს? ამაზე პასუხს ებრაელებისთვის მიწერილ პავლე მოციქულის წერილში ვპოულობთ. როცა ის ერთად შეკრების აუცილებლობაზე საუბრობდა, აღნიშნა, რომ ჩვენი მიზანი ერთმანეთის გამხნევება უნდა იყოს (წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25). როცა ვფიქრობთ, როგორ შეუძლია ჩვენს უბრალო კომენტარს გაამხნეოს და-ძმები, ეს სტიმულს გვაძლევს. ხოლო, თუ ხშირად არ გვაპასუხებინებენ, შეგვიძლია იმაზე ვიფიქროთ, რა კარგია, რომ სხვებსაც ეძლევათ კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა (1 პეტ. 3:8).

4. რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

4 წინამდებარე სტატიაში ჯერ იმაზე ვისაუბრებთ, როგორ გავამხნეოთ ერთმანეთი პატარა კრებებში. შემდეგ ვიმსჯელებთ, რა დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში, თუ დიდ კრებაში ვმსახურობთ და ბევრი იწევს ხოლმე ხელს. ბოლოს კი გავიგებთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი კომენტარი, რომ სხვების გამხნევებას მოემსახუროს.

ᲒᲐᲐᲛᲮᲜᲔᲕᲔᲗ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲘ ᲞᲐᲢᲐᲠᲐ ᲙᲠᲔᲑᲐᲨᲘ

5. როგორ შეგვიძლია ერთმანეთის გამხნევება, თუ პატარა კრებაში ან ჯგუფში ვმსახურობთ?

5 პატარა კრებასა თუ ჯგუფში ჩამტარებელს შესაძლოა არ ჰქონდეს დიდი არჩევანი, ვის აპასუხებინოს. ზოგჯერ მას შესაძლოა მოცდა მოუწიოს, სანამ კომენტარის გაკეთების მსურველი გამოჩნდება, რის გამოც შეიძლება შეხვედრა უინტერესო გახდეს და დიდად გამამხნევებელი არ იყოს. როგორ შევუწყოთ ხელი იმას, რომ განხილვა უფრო საინტერესო გახდეს? თუ ხშირად ავწევთ ხელს, სხვებსაც წავახალისებთ, რომ უფრო გააქტიურდნენ.

6, 7. როგორ შევიმციროთ სტრესი?

6 ბევრის მსგავსად, შეიძლება თქვენც გაშინებთ იმის გაფიქრება, რომ კომენტარი უნდა გააკეთოთ. თუმცა იმისათვის, რომ გაამხნეოთ და-ძმები, კარგი იქნება, თუ მოიძიებთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, მოერიოთ საკუთარ თავს და გააკეთოთ კომენტარები.

7 შეიძლება ამ მხრივ დამხმარე აღმოჩნდეს წლების მანძილზე „საგუშაგო კოშკში“ მოცემული რჩევები, b მაგალითად ის, რომ კარგად მოვემზადოთ (იგავ. 21:5). ბუნებრივია, რომ როცა კარგად გვესმის განსახილველი საკითხი, ნაკლებადაც ვღელავთ. სტრესს ისიც შეგვიმცირებს, თუ მოკლე კომენტარებს გავაკეთებთ (იგავ. 15:23; 17:27). თანაც და-ძმებს ერთი და ორი წინადადების გაგება უფრო უადვილდებათ, ვიდრე გრძელი და ჩახლართული კომენტარების. თუ საკუთარი სიტყვებით მოკლედ ვაყალიბებთ აზრს, ესე იგი, კარგადაც ვართ მომზადებული და საკითხიც გვესმის.

8. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, თუ ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ?

8 შესაძლოა გაითვალისწინეთ კიდეც ეს რჩევები, მაგრამ მაინც ღელავთ და გიჭირთ შეხვედრებზე ერთ-ორ კომენტარზე მეტის გაკეთება. ასეც რომ იყოს, ეჭვი ნუ შეგეპარებათ, რომ იეჰოვა აფასებს თქვენს ძალისხმევას (ლუკ. 21:1—4). საუკეთესოს გაღება იმას არ ნიშნავს, რომ იმაზე მეტი მოვთხოვოთ საკუთარ თავს, ვიდრე შეგვიძლია (ფილ. 4:5). რეალისტურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები, დაისახეთ შესაბამისი მიზნები და იეჰოვას სთხოვეთ სიმშვიდე. ზოგ შემთხვევაში რეალისტური მიზანი შეიძლება ერთი მოკლე კომენტარის გაკეთება იყოს.

ᲒᲐᲐᲛᲮᲜᲔᲕᲔᲗ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲘ ᲓᲘᲓ ᲙᲠᲔᲑᲐᲨᲘ

9. რა სირთულის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ზოგი მაუწყებელი დიდ კრებაში?

9 თუ თქვენს კრებაში ბევრი მაუწყებელი მსახურობს, შეიძლება სხვა სახის სირთულის წინაშე აღმოჩნდეთ. ხშირად შესაძლოა იმდენი მსურველი იყოს, რომ თქვენ არ გაპასუხებინონ. მაგალითად, ერთ დას, დანიელას c ძალიან მოსწონს კომენტარების გაკეთება, რადგან ამ დროს ღვთის განდიდების და სხვების გამხნევების შესაძლებლობა ეძლევა, თანაც საკუთარ რწმენასაც იძლიერებს. თუმცა მას შემდეგ, რაც დიდ კრებაში გადავიდა, ზოგჯერ შეხვედრის დროს ერთხელაც არ აპასუხებინებდნენ ხოლმე. დანიელა ამბობს: „გული გამიტყდა. ისეთი განცდა მქონდა, რომ შეხვედრებში სრულფასოვნად ვეღარ ვმონაწილეობდი. როცა ხშირად ხდება ისე, რომ არ გაპასუხებინებენ, შეიძლება ისიც კი იფიქრო, რომ ამოგიჩემეს“.

10. რა უნდა გავაკეთოთ, თუ არ გვეძლევა კომენტარის გაკეთების საშუალება?

10 თქვენც ხომ არ გიგრძნიათ თავი დანიელას მსგავსად? თუ ასეა, ხელს ნუ ჩაიქნევთ და უბრალოდ მსმენელის როლს ნუ მოირგებთ. კონკრეტულად რისი გაკეთება შეგიძლიათ? თითოეული შეხვედრისთვის რამდენიმე კომენტარი მოამზადეთ. ამ შემთხვევაში, თუ თავშივე არ გაპასუხებინებენ, მოგვიანებით მაინც შეძლებთ პასუხის გაცემას. მაგალითად, „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიის მომზადების დროს დაფიქრდით, როგორ უკავშირდება თითოეული აბზაცი მთავარ თემას. ამ შემთხვევაში განხილვის განმავლობაში უფრო ხშირად გექნებათ რაიმე სათქმელი. შეგიძლიათ ისეთ აბზაცებზე მოამზადოთ კომენტარები, რომლებშიც უფრო ღრმა საკითხები განიხილება, რადგან ამ დროს ნაკლები იწევს ხოლმე ხელს (1 კორ. 2:10). მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ არაერთხელ სცადეთ ამ რჩევების გათვალისწინება და მაინც არ გეძლევათ კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა? ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ჩამტარებელს შეხვედრის დაწყებამდე უთხრათ, რომელ კითხვაზე გსურთ პასუხის გაცემა.

11. რისკენ მოგვიწოდებს ფილიპელების 2:4?

11 წაიკითხეთ ფილიპელების 2:4. ღვთის შთაგონებით მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს მოუწოდა, რომ სხვების კეთილდღეობაზე ეზრუნათ. ამ რჩევის გათვალისწინება კრების შეხვედრებზეც შეგვიძლია. ამისთვის საჭიროა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მსგავსად სხვებსაც სურთ შეხვედრებში მონაწილეობა.

როგორც საუბრის დროს ვაძლევთ სხვებს აზრის გამოთქმის შესაძლებლობას, ასევე უნდა მოვიქცეთ კრების შეხვედრებზეც (იხილეთ აბზაცი 12).

12. კიდევ როდის გვეძლევა კრების შეხვედრებზე სხვების გამხნევების შესაძლებლობა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

12 თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს ვცდილობთ, სულ ჩვენ არ ვისაუბროთ და მათაც მივცეთ აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. მსგავსად, გვინდა, კრების შეხვედრებშიც რაც შეიძლება მეტმა მიიღოს მონაწილეობა. ფაქტია, და-ძმებს ძალიან გაამხნევებს, თუ მათ თავიანთი აზრის გამოხატვის შესაძლებლობას მივცემთ (1 კორ. 10:24). ქვემოთ ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.

13. როგორ შევუწყოთ ხელი იმას, რომ განხილვაში რაც შეიძლება მეტმა მიიღოს მონაწილეობა?

13 თუ მოკლე კომენტარებს გავაკეთებთ, ჩამტარებელს შესაძლებლობა მიეცემა, რაც შეიძლება მეტს მიაღებინოს განხილვაში მონაწილეობა. ამ მხრივ უხუცესები და სხვა მოწიფული ქრისტიანები კარგ მაგალითს უნდა იძლეოდნენ. იმ შემთხვევაშიც, თუ მოკლე კომენტარს აკეთებთ, ეცადეთ ყველა საკითხს არ შეეხოთ. თუ ყველა აზრზე თქვენ ისაუბრებთ, სხვებს რაღა დარჩებათ სათქმელი?! მაგალითად, ამ აბზაცში ორი რჩევაა მოცემული: 1) გავაკეთოთ მოკლე კომენტარები და 2) ყველა აზრს არ შევეხოთ. თუ ამ აბზაცის განხილვისას პირველად თქვენ გაპასუხებინებენ, კარგი იქნება, მხოლოდ ერთი აზრი აღნიშნოთ.

როდის შეიძლება ღირდეს ხელის აწევისგან თავის შეკავება? (იხილეთ აბზაცი 14). f

14. როგორ განვსაზღვროთ, რამდენად ხშირად ავწიოთ განხილვის დროს ხელი? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

14 რამდენად ხშირად უნდა ავწიოთ განხილვის დროს ხელი? ამის განსაზღვრაში გონიერება დაგვეხმარება. თუ ხელი სულ აწეული გვექნება, ჩამტარებელმა შეიძლება თავი ვალდებულად იგრძნოს, რომ მაშინაც კი ჩვენ გვაპასუხებინოს, როცა ჯერ სხვებს არ მისცემიათ კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა. ამან შეიძლება და-ძმებზეც იმოქმედოს და მათ კომენტარის გაკეთების სურვილიც კი დაეკარგოთ (ეკლ. 3:7).

15. ა) როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ განხილვის დროს არ გვაპასუხებინეს? ბ) რა დაეხმარება ჩამტარებელს, რომ რაც შეიძლება მეტს მისცეს კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა? (იხილეთ ჩარჩო  „რჩევები ჩამტარებელს“).

15 როცა განხილვაში ბევრი იღებს მონაწილეობას, შეიძლება იმდენჯერ არ გვაპასუხებინონ, რამდენჯერაც გვინდა. ზოგჯერ შეიძლება ერთი კომენტარიც კი ვერ გავაკეთოთ. ბუნებრივია, ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ამ დროს არ უნდა გვეწყინოს და არ უნდა ვიფიქროთ, რომ სპეციალურად არ გვაპასუხებინეს (ეკლ. 7:9).

16. როგორ გავამხნეოთ ისინი, ვინც კომენტარებს აკეთებენ?

16 კიდევ ერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ის არის, რომ ყურადღებით მოვუსმინოთ სხვებს, როცა კომენტარებს აკეთებენ, შემდეგ კი შევაქოთ. და-ძმებს თქვენს კომენტარებზე არანაკლებ ეს გაამხნევებთ (იგავ. 10:21). ნამდვილად, შექება ერთმანეთის გამხნევების კიდევ ერთი კარგი საშუალებაა!

ᲙᲘᲓᲔᲕ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲐᲛᲮᲜᲔᲝᲗ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲘ

17. ა) როგორ შეუძლიათ დაეხმარონ მშობლები შვილებს კომენტარების მომზადებაში? ბ) ვიდეოდან გამომდინარე, რა ოთხი ნაბიჯი დაეხმარებათ ბავშვებს კომენტარის მომზადებაში? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).

17 კიდევ როგორ გავამხნეოთ ერთმანეთი კრების შეხვედრებზე? თუ მშობელი ხართ, დაეხმარეთ თქვენს ბავშვებს, რომ ისეთი კომენტარები მოამზადონ, რომლებიც მათ ასაკს შეეფერება (მათ. 21:16). ზოგჯერ შეხვედრებზე ისეთი სერიოზული საკითხები განიხილება როგორებიცაა მაგალითად ოჯახური პრობლემების მოგვარება და ზნეობრივი სიწმინდის დაცვა. თუმცა ასეთ დროსაც შეიძლება ერთი-ორი აბზაცი შევარჩიოთ, რომელზეც ბავშვი შეძლებს კომენტარის გაკეთებას. კარგი იქნება, თუ ბავშვს იმასაც აუხსნით, რომ ყოველ ჯერზე შეიძლება არ აპასუხებინონ. ამ შემთხვევაში მას გული არ გაუტყდება, თუ სხვას მისცემენ კომენტარის გაკეთების საშუალებას (1 ტიმ. 6:18). d

18. რას უნდა მოვერიდოთ კომენტარების გაკეთებისას? (იგავები 27:2).

18 ყველას შეგვიძლია ისეთი კომენტარების მომზადება, რომლებიც იეჰოვასაც განადიდებს და თანამორწმუნეებსაც გაამხნევებს (იგავ. 25:11). ზოგჯერ შეიძლება კომენტარში მოკლედ მოჰყვეთ რამე პირადი გამოცდილებიდან, მაგრამ ისეც არ უნდა გამოგვივიდეს, რომ სულ ჩვენს თავზე ვისაუბროთ (წაიკითხეთ იგავების 27:2; 2 კორ. 10:18). კომენტარებში ძირითადი აქცენტი იეჰოვაზე, მის სიტყვაზე და, მთლიანობაში, მის ხალხზე უნდა გავაკეთოთ (გამოცხ. 4:11). თუმცა, თუ თვითონ აბზაცის კითხვა მოგვიწოდებს, რომ პირადი აზრი გამოვხატოთ, მაშინ ასეც უნდა მოვიქცეთ. შემდეგი აბზაცის მეორე კითხვა სწორედ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს.

19. ა) რატომ იქნება კარგი, თუ სხვების ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე წინ დავაყენებთ? (რომაელები 1:11, 12). ბ) რატომ მოგწონთ ის ფაქტი, რომ კრების შეხვედრებზე კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა გვეძლევა?

19 ფაქტია, კომენტარებთან დაკავშირებით არავინ გვიდგენს მკაცრ წესებს, თუმცა ერთი რამ უნდა გვახსოვდეს — ჩვენი მიზანი ერთმანეთის გამხნევება უნდა იყოს. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ უფრო ხშირად მივიღოთ განხილვაში მონაწილეობა. ზოგ შემთხვევაში კი პირიქით, იმას დავჯერდეთ, რისი შესაძლებლობაც გვეძლევა და სხვების მომზადებული კომენტარებით ვისიამოვნოთ. კრების შეხვედრები ყველას გამხნევებას იმ შემთხვევაში მოემსახურება, თუ თითოეული ვეცდებით, რომ საკუთარ ინტერესებზე წინ სხვების ინტერესები დავაყენოთ (წაიკითხეთ რომაელების 1:11, 12).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 93 აკურთხე ჩვენი შეხვედრები

a როცა კრების შეხვედრებზე კომენტარებს ვაკეთებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. თუმცა ზოგი ისე ღელავს, რომ საკმაოდ ერთულება კომენტარის გაკეთება. ზოგს კი პირიქით, უფრო ხშირად სურს შეხვედრებში მონაწილეობის მიღება. როგორ სიტუაციაშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ შეგვიძლია ყურადღებიანობა გამოვიჩინოთ და გავამხნეოთ ერთმანეთი. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი კომენტარებით წავახალისოთ და-ძმები სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ? წინამდებარე სტატიაში ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ.

c სახელი შეცვლილია.

f ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: დიდ კრებაში ძმა, რომელმაც უკვე გააკეთა კომენტარი, სხვებსაც აძლევს შეხვედრაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას.