არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 19

მტკიცედ გწამდეთ, რომ იეჰოვას დაპირებისამებრ ახალ ქვეყნიერებაში ვიცხოვრებთ

მტკიცედ გწამდეთ, რომ იეჰოვას დაპირებისამებრ ახალ ქვეყნიერებაში ვიცხოვრებთ

„ღმერთი ადამიანი არ არის, რომ . . . თქვას და არ გააკეთოს“ (ᲠᲘᲪᲮ. 23:19).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 142 მტკიცედ ჩავეჭიდოთ ჩვენს იმედს

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1, 2. რისი გაკეთება გვმართებს მანამ, სანამ ახალ ქვეყნიერებას ველით?

 ᲩᲕᲔᲜ უზომოდ ვემადლიერებით იეჰოვას, რომ ახალ ქვეყნიერებას გვპირდება, „სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტ. 3:13). მართალია, ზუსტად არ ვიცით, როდის შესრულდება ეს დანაპირები, მაგრამ ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ დიდი ხანი არ მოგვიწევს ლოდინი (მათ. 24:32—34, 36; საქ. 1:7).

2 მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხანია ჭეშმარიტება ვიცით, ყველამ უნდა განვიმტკიცოთ რწმენა ამ დანაპირებისადმი. რატომ არის ეს საჭირო? იმიტომ, რომ როგორი ძლიერი რწმენაც არ უნდა გვქონდეს, დროთა განმავლობაში შეიძლება ის შესუსტდეს. ამას პავლე მოციქულის სიტყვებიც ადასტურებს. მან რწმენის ნაკლებობას უწოდა „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“ (ებრ. 12:1). ეს რომ არ მოხდეს, რეგულარულად უნდა შევიხსენოთ ის მტკიცებულებები, რომლებიც გვარწმუნებს, რომ მალე ახალ ქვეყნიერებაში ვიცხოვრებთ (ებრ. 11:1).

3. რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

3 ამ სტატიაში განვიხილავთ სამ რჩევას, რომლებიც დაგვეხმარება, მტკიცედ გვწამდეს იეჰოვას დანაპირების: 1) ვიფიქროთ გამოსასყიდზე, 2) ვიფიქროთ იეჰოვას ძალაზე და 3) აქტიურად დავკავდეთ სულიერი საქმეებით. შემდეგ იმაზე ვიმსჯელებთ, თუ როგორ განგვიმტკიცებს რწმენას აბაკუმისთვის ნათქვამი იეჰოვას სიტყვები. მოდი თავიდან იმაზე ვისაუბროთ, რა და რა სიტუაციებში გამოჩნდება, მტკიცედ გვწამს თუ არა იეჰოვას დანაპირების.

ᲠᲝᲓᲘᲡ ᲒᲕᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ ᲫᲚᲘᲔᲠᲘ ᲠᲬᲛᲔᲜᲐ

4. როდის გვჭირდება ძლიერი რწმენა?

4 თითოეული ჩვენგანი ვიღებთ სხვადასხვა გადაწყვეტილებას, მაგალითად, ვისთან გვექნება ურთიერთობა, როგორ გავერთობით, რა განათლებას მივიღებთ, ვისზე დავქორწინდებით ან საერთოდ შევქმნით თუ არა ოჯახს, გვეყოლება თუ არა ბავშვები და როგორ ვირჩენთ თავს. ასეთ დროს სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ძლიერი რწმენა გვჭირდება. კარგი იქნება, დავფიქრდეთ: რას ცხადყოფს ჩემი ცხოვრება, ნამდვილად მტკიცედ მჯერა, რომ ამ ქვეყნიერებას მალე ღვთის ახალი ქვეყნიერება ჩაანაცვლებს? მეც მათ გავლენაში ხომ არ ვარ, ვინც დღევანდელი დღით ცხოვრობს? (მათ. 6:19, 20; ლუკ. 12:16—21). ასე რომ, თუ გვსურს, ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, უნდა განვიმტკიცოთ რწმენა, რომ ახალი ქვეყნიერება, ასე ვთქვათ, ხელის გაწვდენაზეა.

5, 6. რატომ გვჭირდება ძლიერი რწმენა განსაცდელების დროს? მოიყვანეთ მაგალითი.

5 ძლიერი რწმენა განსაცდელების დროსაც გვჭირდება. შეიძლება დევნას ვხვდებით, ქრონიკულ დაავადებას ვებრძვით ან სხვა მიზეზით გვაქვს გული გატეხილი. თავიდან შეიძლება განსაცდელებს შემართებით შევხვდეთ, მაგრამ თუ მათ ბოლო არ უჩანს, რაც საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე, ძლიერი რწმენა დაგვჭირდება, რომ გავუძლოთ და სიხარულით განვაგრძოთ ღვთის მსახურება (რომ. 12:12; 1 პეტ. 1:6, 7).

6 განსაცდელში მყოფთ, შეიძლება ისიც კი ვიფიქროთ, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება არასდროს გვეღირსება. თუმცა ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ რწმენა შეგვისუსტდა. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: როცა ზამთარში ცივ ამინდებს ბოლო არ უჩანს, შეიძლება ისეთი გრძნობა დაგვეუფლოს, რომ საერთოდ აღარ დათბება. არადა გაზაფხული აუცილებლად მოვა. მსგავსად, როცა გულგატეხილები ვართ, შეიძლება ისეთი გრძნობა გაგვიჩნდეს, რომ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება არ გვეღირსება. მაგრამ თუ ძლიერი რწმენა გვაქვს, ეჭვი არ შეგვეპარება, რომ იეჰოვას დანაპირები აუცილებლად შესრულდება (ფსალმ. 94:3, 14, 15; ებრ. 6:17—19). და რაკი მტკიცედ გვწამს ეს, შევძლებთ, ღვთის თაყვანისცემას ცხოვრებაში პირველი ადგილი დავუთმოთ.

7. როგორ აზროვნებას უნდა მოვერიდოთ?

7 ძლიერი რწმენა სამქადაგებლო საქმის შესასრულებლადაც გვჭირდება. ბევრს ზღაპრად მიაჩნია სასიხარულო ცნობა ახალი ქვეყნიერების შესახებ (მათ. 24:14; ეზეკ. 33:32). არ გვინდა, ქვეყნიერებაში გავრცელებულმა სკეპტიკურმა აზროვნებამ ჩვენზეც მოახდინოს გავლენა. ამიტომ მუდმივად უნდა ვიძლიერებდეთ რწმენას. ქვემოთ ვიმსჯელებთ ამის სამ საშუალებაზე.

ᲘᲤᲘᲥᲠᲔᲗ ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲡᲧᲘᲓᲖᲔ

8, 9. რატომ უნდა ვიფიქროთ გამოსასყიდზე?

8 გამოსასყიდზე ფიქრი ნამდვილად განგვიმტკიცებს რწმენას, რადგან სწორედ ის გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ღვთის დაპირებები შესრულდება. როცა ღრმად ვფიქრობთ იმაზე, თუ რატომ გაიღო იეჰოვამ გამოსასყიდი და რის ფასად დაუჯდა ეს, ჩვენთვის უფრო რეალური ხდება ღვთის დანაპირები, რომ მარადიულად გავიხარებთ ცხოვრებით. ვნახოთ, რატომ ვამბობთ ამას.

9 იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძე და უძვირფასესი მეგობარი გამოგზავნა ზეციდან დედამიწაზე, სადაც მას არაერთი განსაცდელის ატანა მოუწია. ღვთის ძეს ძალიან სასტიკად მოექცნენ და ბოლოს ტანჯვით მოკლეს. მართლაც რამხელა ფასი გადაიხადა იეჰოვამ ჩვენ გამოსასყიდად! როგორ ფიქრობთ, გაიმეტებდა ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი თავის ძეს ამხელა ტანჯვისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ სულ ცოტა ხანს გვეცხოვრა შედარებით უკეთესად? რა თქმა უნდა, არა (იოან. 3:16; 1 პეტ. 1:18, 19). რახან იეჰოვამ ამხელა მსხვერპლი გაიღო, იმაზეც იზრუნებს, რომ თავისი დანაპირები სისრულეში მოიყვანოს.

ᲘᲤᲘᲥᲠᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲫᲐᲚᲐᲖᲔ

10. ეფესოელების 3:20-ის თანახმად, რისი ძალა შესწევს იეჰოვას?

10 რწმენა მაშინაც გვიმტკიცდება, როცა ვფიქრობთ, თუ რამხელა ძალა აქვს იეჰოვას. მას ნამდვილად შეუძლია ყველა თავისი დანაპირები შეასრულოს. ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ღვთის დაპირება ახალ ქვეყნიერებაში მარადიულად ცხოვრების შესახებ ოდესმე შესრულდება. მაგრამ იეჰოვა ხშირად გვპირდება ისეთ რამეს, რისი გაკეთების ძალაც ჩვენ, ადამიანებს, არ შეგვწევს. ის ხომ ყოვლისშემძლეა (იობ. 42:2; მარ. 10:27). ამიტომ რა გასაკვირია, რომ გასაოცარ რამეს გვპირდება (წაიკითხეთ ეფესოელების 3:20).

11. აღნიშნეთ იეჰოვას მიერ ადამიანებისთვის მიცემული რომელიმე უჩვეულო დაპირება. (იხილეთ ჩარჩო  „ღვთის მიერ შესრულებული ზოგიერთი უჩვეულო დაპირება“).

11 შევიხსენოთ ზოგიერთი შემთხვევა, როცა იეჰოვა თავის მსახურებს ისეთ რამეს დაჰპირდა, რისი შესრულებაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ჩანდა. მაგალითად, მან ღრმად მოხუცებულ აბრაამსა და სარას უთხრა, რომ ვაჟი ეყოლებოდათ (დაბ. 17:15—17). მან ისიც აღუთქვა აბრაამს, რომ მისი შთამომავლები ქანაანის მიწას დაიმკვიდრებდნენ. მრავალი წლის განმავლობაში აბრაამის შთამომავლები ეგვიპტეში მონები იყვნენ, რის გამოც ისე ჩანდა, რომ ამ დაპირებას შესრულება არ ეწერა. მაგრამ როგორც ვიცით, ღვთის სიტყვა არ გამტყუნებულა. საუკუნეების შემდეგ იეჰოვამ ანგელოზის მეშვეობით იწინასწარმეტყველა, რომ ხანდაზმულ ელისაბედს შვილი გაუჩნდებოდა. მან ქალწულ მარიამსაც ახარა, რომ ღვთის ძის დედა გახდებოდა, რომლის მოსვლის შესახებაც დაპირება ათასობით წლით ადრე ჯერ კიდევ ედემის ბაღში წარმოთქვა (დაბ. 3:15).

12. რაში გვარწმუნებს იესო ნავეს ძის 23:14 და ესაიას 55:10, 11?

12 როცა ვფიქრობთ, როგორ ასრულებდა იეჰოვა თავის დაპირებებს წარსულში, კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ ის აუცილებლად მოიყვანს სისრულეში იმას, რაც ახალი ქვეყნიერების შესახებ აღგვითქვა (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 23:14; ესაიას 55:10, 11). შედეგად გაგვიადვილდება, დავანახვოთ სხვებს, რომ ეს დაპირება ფანტაზიის ნაყოფი არ არის. იეჰოვამ თავად თქვა, რომ დაპირება „ახალი ცისა“ და „ახალი დედამიწის“ შესახებ სარწმუნო და ჭეშმარიტია (გამოცხ. 21:1, 5).

ᲐᲥᲢᲘᲣᲠᲐᲓ ᲓᲐᲙᲐᲕᲓᲘᲗ ᲡᲣᲚᲘᲔᲠᲘ ᲡᲐᲥᲛᲔᲔᲑᲘᲗ

ᲙᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ

როგორ გვიძლიერებს რწმენას ეს სულიერი საქმე? (იხილეთ აბზაცი 13).

13. როგორ გაგვიძლიერებს რწმენას კრების შეხვედრები? ახსენით.

13 რწმენას სულიერ საქმეებში აქტიური მონაწილეობაც გვიძლიერებს. დაფიქრდით, რა როლს ასრულებს ამაში კრების შეხვედრები. ერთი და ანა b რომელიც არაერთი წელია სრული დროით მსახურობს, ამბობს: „კრების შეხვედრები მეხმარება, რწმენაში მყარად ვიდგე. მაშინაც კი, თუ მომხსენებელი კარგი მასწავლებელი არ არის ან ჩემთვის რაიმე ახალს არ ამბობს, მოხსენებიდან ისეთ აზრებს მაინც ვიგებ ხოლმე, რომლებიც მეხმარება, უკეთ ჩავწვდე ბიბლიურ ჭეშმარიტებას და განვიმტკიცო რწმენა“. რწმენას და-ძმების გამამხნევებელი კომენტარების მოსმენაც გვიძლიერებს (რომ. 1:11, 12; 10:17).

ᲡᲐᲛᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲚᲝ ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲝᲑᲐ

როგორ გვიძლიერებს რწმენას ეს სულიერი საქმე? (იხილეთ აბზაცი 14).

14. როგორ გაგვიძლიერებს რწმენას სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობა?

14 რწმენას სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობაც გაგვიძლიერებს (ებრ. 10:23). ბარბარა, რომელიც 70 წელზე მეტია, რაც იეჰოვას ემსახურება, ასეთ რამეს ამბობს: „ყოველ ჯერზე, როცა მსახურებაში გავდივარ, რწმენა მიმტკიცდება. რაც მეტად ვესაუბრები სხვებს იეჰოვას შესანიშნავ დაპირებებზე, მით მეტად მიძლიერდება რწმენა“.

ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲨᲔᲡᲬᲐᲕᲚᲐ

როგორ გვიძლიერებს რწმენას ეს სულიერი საქმე? (იხილეთ აბზაცი 15).

15. როგორ გაგვიძლიერებს რწმენას პირადი შესწავლა? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

15 იმ სულიერ საქმეებში, რომლებიც რწმენას გვიძლიერებს, პირადი შესწავლაც შედის. მაგალითად, სიუზანისთვის დამხმარე აღმოჩნდა პირადი შესწავლის გეგმის წინასწარ შედგენა. ის ამბობს: „კვირა დღეს მომდევნო კვირის „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისთვის ვემზადები, ორშაბათს და სამშაბათს კი — შუა კვირის შეხვედრისთვის. ხოლო დანარჩენ დღეებში სხვადასხვა საკითხს ვიკვლევ“. რეგულარული პირადი შესწავლის წყალობით სიუზანი რწმენას იძლიერებს. აირინს, რომელიც ათწლეულებია მსოფლიო მთავარ სამმართველოში მსახურობს, ბიბლიური წინასწარმეტყველებების გამოკვლევა რწმენას უძლიერებს. ის ამბობს: „მაოცებს იმის გაგება, თუ რა ზედმიწევნით სრულდება იეჰოვას წინასწარმეტყველებები“. c

„ᲣᲡᲐᲗᲣᲝᲓ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ“

16. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ აბაკუმისთვის ნათქვამი იეჰოვას სიტყვები ჩვენც გვეხება? (ებრაელები 10:36, 37).

16 იეჰოვას ზოგიერთი მსახური უკვე წლებია, რაც ამ ქვეყნიერების აღსასრულს ელის. ადამიანური გადმოსახედიდან შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს იეჰოვა აყოვნებს თავისი დანაპირების შესრულებას. მსგავსი გრძნობები წინასწარმეტყველი აბაკუმისთვისაც არ იყო უცხო. ამიტომ იეჰოვამ ის შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: „დროა დანიშნული ამ ხილვის შესასრულებლად, შესრულებისკენ იჩქარის და არ გამტყუნდება; რომც დაყოვნდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ შესრულდება, არ დააგვიანდება!“ (აბაკ. 2:3). მხოლოდ აბაკუმის საყურადღებოდ თქვა იეჰოვამ ეს სიტყვები? ღვთის შთაგონებით პავლე მოციქულმა იეჰოვას ნათქვამი ქრისტიანებს მიუსადაგა, რომლებიც მოუთმენლად ელიან ახალ ქვეყნიერებას (წაიკითხეთ ებრაელების 10:36, 37). მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ იეჰოვა აყოვნებს თავისი სიტყვის შესრულებას, უნდა გვჯეროდეს, რომ მისი დანაპირები „უსათუოდ შესრულდება, არ დააგვიანდება!“.

17. როგორ გაითვალისწინა ერთმა დამ აბაკუმისთვის მიცემული იეჰოვას რჩევა?

17 იეჰოვას ბევრი მსახური უკვე ათობით წელია, რაც აბაკუმისთვის მიცემულ რჩევას ითვალისწინებს. ამის კარგი მაგალითია ლუიზი, რომელიც 1939 წელს მოინათლა. ის ამბობს: „მაშინ მეგონა, რომ არმაგედონი მანამ მოვიდოდა, სანამ სკოლას დავამთავრებდი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა. წლების განმავლობაში ჩემთვის დამხმარე აღმოჩნდა ბიბლიაში ნოეს, აბრაამის, იოსების თუ სხვების მაგალითების კითხვა, რომლებსაც დიდი ხანი მოუწიათ ლოდინი, სანამ ღვთისგან დაპირებულ ჯილდოს მიიღებდნენ. სხვა და-ძმების მსგავსად, ლოდინი მეც არასდროს შემიწყვეტია, ამიტომ დღესაც მტკიცედ მწამს, რომ ახალი ქვეყნიერება ძალიან ახლოსაა“. დარწმუნებული ვართ, ამ აზრს ბევრი დიდი ხნის ღვთის მსახურიც გაიზიარებს.

18. როგორ გაგვიძლიერებს რწმენას შემოქმედებაზე დაკვირვება?

18 ფაქტია, დღეს ახალ ქვეყნიერებაში არ ვცხოვრობთ. მაგრამ სხვა ბევრი რამეც ერთ დროს არ არსებობდა, მაგალითად, ვარსკვლავები, ხეები, ცხოველები და ადამიანები. თუმცა იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ შეექმნა ისინი (დაბ. 1:1, 26, 27). იმავეს თქმა შეიძლება ახალ ქვეყნიერებაზეც. რახან იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ ახალ ქვეყნიერებაში გვაცხოვრებს, ამას აუცილებლად შეასრულებს. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვას დანიშნულ დროს ახალი ქვეყნიერება ჩვენთვის ისეთივე რეალური გახდება, როგორიც დღეს ჩვენ ირგვლივ არსებული სამყაროა (ეს. 65:17; გამოცხ. 21:3, 4).

19. როგორ შეგიძლიათ რწმენის განმტკიცება?

19 სანამ ეს დრო დადგება, ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ რწმენის განსამტკიცებლად. გაიღრმავეთ მადლიერება გამოსასყიდისადმი, იფიქრეთ იეჰოვას ძალაზე და დაკავდით სულიერი საქმეებით. ასეთ შემთხვევაში თქვენც მათ შორის იქნებით, „ვინც რწმენითა და მოთმინებით [მიიღებს] დანაპირებს“ (ებრ. 6:11, 12; რომ. 5:5).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 139 წარმოიდგინე საკუთარი თავი ახალ ქვეყნიერებაში

a ბევრისთვის დაუჯერებლად ჟღერს ახალი ქვეყნიერების შესახებ ბიბლიაში ჩაწერილი დანაპირები. მათი აზრით, ეს უბრალოდ ზღაპარია. თუმცა ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, მტკიცედ გვწამს, რომ ღვთის ყველა დაპირება შესრულდება. და მაინც, რწმენას განმტკიცება სჭირდება. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ გავაკეთოთ ეს.

b ზოგი სახელი შეცვლილია.

c თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესახებ, „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელში“ მოძებნეთ სათაური „წინასწარმეტყველება“ და მაგალითისთვის იხილეთ 2008 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ სტატია „იეჰოვას წინასწარმეტყველებები სრულდება“.