ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 15
რას ვსწავლობთ იესოს სასწაულებიდან
„[იესო] დადიოდა ყველგან, . . აკეთებდა სიკეთეს და . . . კურნავდა“ (ᲡᲐᲥ. 10:38).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 13 ქრისტე ჩვენი მაგალითია
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a
1. სად და როგორ ვითარებაში მოახდინა იესომ პირველი სასწაული?
ᲓᲒᲐᲡ ახ. წ. 29 წლის შემოდგომა. იესოს ახალი დაწყებული აქვს მსახურება. ის თავის დედასთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად საქორწინო ნადიმზეა მიწვეული კანაში, არც ისე შორს მისი მშობლიური ქალაქიდან, ნაზარეთიდან. მარიამი ოჯახის მეგობარია და, როგორც ჩანს, მათ სტუმრების გამასპინძლებაში ეხმარება. მაგრამ შუა ქორწილის დროს ღვინო თავდება, რადგან, შესაძლოა, იმაზე მეტი სტუმარი მოვიდა, ვიდრე ელოდნენ. b წარმოიდგინეთ, რა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ეს როგორც ოჯახს, ისე ახლად შეუღლებულებს. მარიამი არ იბნევა და მაშინვე თავის შვილს ეუბნება: „ღვინო აღარ აქვთ“ (იოან. 2:1—3). ამ დროს გასაოცარი რამ ხდება — იესო წყალს საუკეთესო ღვინოდ აქცევს! (იოან. 2:9, 10).
2, 3. ა) როგორ იყენებდა იესო ღვთისგან ბოძებულ ძალას? ბ) რა მხრივ დაგვეხმარება იესოს სასწაულების განხილვა?
2 დედამიწაზე მსახურების დროს იესომ სხვა არაერთი სასწაულიც მოახდინა. c ის ღვთისგან ბოძებული ძალით ათი ათასობით ადამიანს დაეხმარა. მაგალითად, ავიღოთ ორი შემთხვევა: პირველ შემთხვევაში იესომ 5 000 კაცი დააპურა, მეორე შემთხვევაში კი — 4 000. მთლიანობაში, შესაძლოა, მან 27 000-ზე მეტი ადამიანის გამოკვებაზე იზრუნა, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით (მათ. 14:15—21; 15:32—38). ამასთანავე, იესომ ორივე შემთხვევაში ავადმყოფებიც განკურნა (მათ. 14:14; 15:30, 31). წარმოიდგინეთ, რა გრძნობები დაეუფლებოდათ ამ სასწაულების მოწმეთ.
3 იესოს სასწაულებიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ გვიმტკიცებს რწმენას ეს სასწაულები და იმაზეც ვისაუბრებთ, როგორ გამოვავლინოთ ისეთივე თავმდაბლობა და თანაგრძნობა, როგორსაც იესო სასწაულების მოხდენისას ავლენდა.
ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲔᲑᲘ ᲣᲙᲔᲗ ᲒᲕᲐᲪᲜᲝᲑᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲘᲔᲡᲝᲡ
4. ვის გვაცნობს უკეთ სახარებებში ჩაწერილი სასწაულები?
4 იესოს სასწაულების განხილვა რწმენას გვიმტკიცებს და უკეთ გვაცნობს როგორც მას, ისე მის მამას. იესო ხომ სასწაულებს სწორედ ღვთის ძალით ახდენდა. საქმეების 10:38-ში წერია: „ლაპარაკობდნენ იესო ნაზარეთელზე, თუ როგორ სცხო მას ღმერთმა წმინდა სული, როგორ მისცა ძალა, როგორ დადიოდა ყველგან, როგორ აკეთებდა სიკეთეს და როგორ კურნავდა ეშმაკისგან გატანჯულთ; ის ამ ყოველივეს იმის წყალობით აკეთებდა, რომ ღმერთი იყო მასთან“. აღსანიშნავია ისიც, რომ იესო ყოველთვის სრულყოფილად ჰბაძავდა მამას და ირეკლავდა მის აზროვნებასა და გრძნობებს (იოან. 14:9). ქვემოთ ვიმსჯელებთ, რაზე მოწმობს იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები.
5. რატომ ახდენდა იესო სასწაულებს? (მათე 20:30—34).
5 პირველი, იეჰოვასა და იესოს ძალიან ვუყვარვართ. დედამიწაზე ყოფნისას იესომ ადამიანებს თავისი სიყვარული იმით დაანახვა, რომ ღვთისგან ბოძებული ძალით მდგომარეობას უმსუბუქებდა მათ. მაგალითად, ერთხელ მას ორი უსინათლო შეევედრა, რომ თვალი აეხილა მათთვის (წაიკითხეთ მათეს 20:30—34). მათ შემხედვარეს, იესოს გული დაეწვა და განკურნა ისინი. ბერძნული ზმნა, რომელიც აქ გადმოტანილია, როგორც „გული დაეწვა“, მიუთითებს თანაგრძნობის გამომხატველ ძლიერ შინაგან განცდაზე. სიყვარულმა აღძრა იესო, რომ მშივრებისთვისაც და კეთროვნებისთვისაც თანაეგრძნო და დახმარება აღმოეჩინა (მათ. 15:32; მარ. 1:41). უნდა გვჯეროდეს, რომ დიდად თანამგრძნობ ღმერთს, იეჰოვას, და მის ძეს ძალიან ვუყვარვართ და აღელვებთ ჩვენი მდგომარეობა (ლუკ. 1:78; 1 პეტ. 5:7). მათ ერთი სული აქვთ, როდის მოუღებენ ბოლოს ადამიანთა ტანჯვას.
6. რისი ძალა მისცა ღმერთმა იესოს?
6 მეორე, ღმერთმა იესოს კაცობრიობის პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭირო ძალა მისცა. იესოს სასწაულები იმაზე მოწმობს, რომ მას ყველა იმ პრობლემის მოგვარების ძალა აქვს, რომელთაც ჩვენით ვერასდროს მოვაგვარებდით. მაგალითად, ის გაგვათავისუფლებს ცოდვისგან, რაც ყველა პრობლემის თავიდათავია, და მისი შედეგებისგანაც, მათ შორის ავადმყოფობისა და სიკვდილისგან (მათ. 9:1—6; რომ. 5:12, 18, 19). იესოს სასწაულები მოწმობს, რომ მას ნებისმიერი ავადმყოფობის განკურნება და მკვდრების გაცოცხლებაც შეუძლია (მათ. 4:23; იოან. 11:43, 44). მას იმის ძალაც აქვს, რომ დაიმორჩილოს სტიქიები და ბოროტი სულების ზეგავლენისგან გაათავისუფლოს ადამიანები (მარ. 4:37—39; ლუკ. 8:2). რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვამ თავის ძეს ასეთი ძალა უბოძა!
7, 8. ა) რაში გვარწმუნებს იესოს სასწაულები? ბ) რომელი სასწაულის მოხდენას ელით ახალ ქვეყნიერებაში?
7 მესამე, ეჭვი არ გვეპარება, რომ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს იეჰოვას ყველა დანაპირები შესრულდება. სასწაულები, რომლებსაც იესო დედამიწაზე ახდენდა, იმის ერთგვარი მონახაზია, თუ რას გააკეთებს ის ზეციდან, როგორც ღვთის სამეფოს მეფე. და მაინც, რა კურთხევებს ველით მისი მმართველობის დროს? ყველანი სრულყოფილად ჯანმრთელები ვიქნებით, რადგან იესო ყოველგვარ ავადმყოფობას წარსულს ჩააბარებს (ეს. 33:24; 35:5, 6; გამოცხ. 21:3, 4). წარსულს ჩაჰბარდება შიმშილობის პრობლემაც და აღარც სტიქიები მოგვაყენებენ ზიანს (ეს. 25:6; მარ. 4:41). წარმოიდგინეთ, როგორ გავიხარებთ, როცა გულში ჩავიკრავთ მკვდრეთით აღმდგარ ძვირფას ადამიანებს (იოან. 5:28, 29). პირადად თქვენ რომელ სასწაულს ელით ახალ ქვეყნიერებაში?
8 როცა იესო სასწაულებს ახდენდა, ის უდიდეს თავმდაბლობასა და თანაგრძნობას ავლენდა. ამ თვისებების განვითარება თითოეულ ჩვენგანსაც გვმართებს. ქვემოთ განვიხილავთ ორ მაგალითს. თავდაპირველად შევეხებით კანაში საქორწინო ნადიმზე მომხდარ შემთხვევას.
ᲗᲐᲕᲛᲓᲐᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘ
9. რატომ მოახდინა იესომ სასწაული საქორწინო ნადიმზე? (იოანე 2:6—10).
9 წაიკითხეთ იოანეს 2:6—10. ვალდებული იყო იესო, რაიმე ეღონა, როცა საქორწინო ნადიმზე ღვინო გათავდა? რა თქმა უნდა, არა. სინამდვილეში არსად არ იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ მესია სასწაულებრივად წყალს ღვინოდ გადააქცევდა. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით, თუ თქვენს ქორწილში სასმელი გამოილეოდა. აშკარაა, იესო ამ ოჯახის მდგომარეობაში შევიდა, განსაკუთრებით კი ნეფე-პატარძლის მდგომარეობა გაითვალისწინა და გადაწყვიტა, ეს უხერხულობა აერიდებინა მათთვის თავიდან. ამიტომ მან სასწაული მოახდინა და დაახლოებით 390 ლიტრი წყალი საუკეთესო ღვინოდ აქცია. შესაძლოა იესო ასე გულუხვად იმიტომ მოიქცა, რომ ოჯახს სამომავლოდაც დარჩენოდა ღვინო ან ახლად შეუღლებულებს გაეყიდათ, რაც ფინანსურად წაადგებოდათ. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ისინი უზომოდ მადლიერი დარჩებოდნენ იესოსი, რომ ასეთი უხერხულობა აარიდა თავიდან.
10. რა მნიშვნელოვან დეტალებს ვიგებთ იოანეს მე-2 თავიდან? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
10 რა მნიშვნელოვან დეტალებს ვიგებთ იოანეს მე-2 თავიდან? ალბათ შენიშნეთ, რომ იესოს თავად არ აუვსია წყლის ჭურჭლები. მან ეს საქმე სუფრის მომსახურეებს დაავალა, რომ ზედმეტად არ მიექცია საკუთარ თავზე ყურადღება (მუხლები 6, 7). მას შემდეგ, რაც წყალი ღვინოდ გადააქცია, სუფრის გამრიგესთვის ღვინის მიტანა კვლავაც მომსახურეებს სთხოვა (მუხლი 8). და რა თქმა უნდა, იესოს არც სასმისი მოუმარჯვებია ხელში და არ უთქვამს მექორწილეებისთვის: „აბა ერთი გამისინჯეთ ჩემი ღვინო!“.
11. რას ვსწავლობთ კანაში მომხდარი შემთხვევიდან?
11 ზემოთ განხილული შემთხვევიდან დავინახეთ, როგორ ავლენდა იესო თავმდაბლობას. როგორც აღვნიშნეთ, მას კვეხნა არ დაუწყია. ის არასდროს მოქცეულა ასე. პირიქით, ყოველთვის თავმდაბლურად მიაგებდა დიდებას ზეციერ მამას (იოან. 5:19, 30; 8:28). თუ იესოს მსგავსად თავმდაბლები ვიქნებით, არც ჩვენ დავიწყებთ ტრაბახს გაკეთებული საქმეების გამო. ამიტომ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ღვთის მსახურებაში, საკუთარი თავით კი არა, იეჰოვათი ვიამაყოთ. მსახურების პატივი ხომ სწორედ მან გვიბოძა (იერ. 9:23, 24). თანაც, მისი დახმარების გარეშე რას გავხდებოდით?! ამიტომ მოდი ყველაფრისთვის სათანადო პატივი იეჰოვას მივაგოთ (1 კორ. 1:26—31).
12. კიდევ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს? მოიყვანეთ მაგალითი.
12 კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და მის მსგავსად გამოვავლინოთ თავმდაბლობა? წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: უხუცესი დიდ დროს უთმობს ახალგაზრდა მომსახურე ძმას, რომელსაც პირველი საჯარო მოხსენება აქვს მოსამზადებელი. ეს ახალგაზრდა ძმაც კარგ მოხსენებას წარმოთქვამს და კრებაში მოწონებას იმსახურებს. შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთი მაუწყებელი ამ უხუცესთან მიდის და ეუბნება: „რა კაი მოხსენება ჰქონდა, არა?!“. როგორ პასუხს გასცემს უხუცესი? ხომ არ იტყვის, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვის ამაში, თუ თავმდაბლურად იტყვის: „მართლაც კარგი მოხსენება იყო, ვამაყობ მისით!“. როცა სხვებს სიკეთეს ვუკეთებთ, თუ თავმდაბლები ვართ, არ ვეცდებით ამის გახმაურებას. ჩვენთვის იმის ცოდნაც კი საკმარისი იქნება, რომ იეჰოვა ხედავს ჩვენს საქმეებს და აფასებს (შეადარეთ მათეს 6:2—4; ებრ. 13:16). იეჰოვას ძალიან ვუხარებთ გულს, როცა იესოს მსგავსად თავმდაბლობას ვავლენთ (1 პეტ. 5:6).
ᲗᲐᲜᲐᲒᲠᲫᲜᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘ
13. რისი მოწმე გახდა იესო ქალაქ ნაინში შესვლისას და როგორ მოიქცა? (ლუკა 7:11—15).
13 წაიკითხეთ ლუკას 7:11—15. დგას ახ. წ. 31 წელი. იესო გალილეის ქალაქ ნაინთანაა. ეს ქალაქი არც ისე შორსაა შუნემიდან, სადაც წინასწარმეტყველმა ელისემ დაახლოებით 900 წლით ადრე პატარა ბიჭი მკვდრეთით აღადგინა (2 მეფ. 4:32—37). როცა იესო ქალაქის კარიბჭეს უახლოვდება, მძიმე სურათის მოწმე ხდება: ქვრივი დედის ერთადერთ ვაჟს მოასვენებენ. მას დიდძალი ხალხი მოჰყვება ქალაქიდან. იესო აჩერებს პროცესიას და მგლოვიარე დედისთვის სასწაულს ახდენს — სიცოცხლეს უბრუნებს მის გარდაცვლილ ვაჟს. ეს სახარებებში ჩაწერილი მკვდრეთით აღდგომის სამი შემთხვევიდან პირველია.
14. რა მნიშვნელოვან დეტალებს ვიგებთ ლუკას მე-7 თავიდან? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
14 რა მნიშვნელოვან დეტალებს ვიგებთ ლუკას მე-7 თავიდან? ალბათ შენიშნეთ, რომ იესოს მას შემდეგ დაეწვა გული, რაც მგლოვიარე დედა დაინახა (მუხლი 13). ის თანაგრძნობისკენ დანახულმა, კერძოდ კი მგლოვიარე დედის ცრემლებმა, აღძრა. დედის მიმართ იესოს სიბრალული მხოლოდ გრძნობის დონეზე არ დარჩა, მან ეს სიტყვითა და საქმით გამოხატა. ჯერ ქალის დამშვიდებას შეეცადა და უთხრა: „ნუ ტირი“, შემდეგ კი გასაოცარი რამ მოახდინა — მიცვალებული გააცოცხლა და დედას ჩააბარა (მუხლები 14, 15).
15. რას ვსწავლობთ ქალაქ ნაინთან მომხდარი შემთხვევიდან?
15 რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? იმას, თუ როგორ თანავუგრძნოთ მგლოვიარეებს. ცხადია, იესოს მსგავსად გარდაცვლილებს სიცოცხლეს ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ, თუ დაკვირვებულები ვიქნებით, შევძლებთ თანავუგრძნოთ მგლოვიარეებს. კარგი იქნება, თუ ინიციატივას საკუთარ თავზე ავიღებთ და ვეცდებით, მხარში ამოვუდგეთ მათ d (იგავ. 17:17; 2 კორ. 1:3, 4; 1 პეტ. 3:8). შეიძლება განსაკუთრებული ვერაფერი ვუთხრათ და ბევრიც ვერაფერი გავუკეთოთ, მაგრამ ეს ზუსტად ის აღმოჩნდეს, რაც მას სჭირდებოდა.
16. რას ვსწავლობთ აბზაცში მოხსენიებული დედის შემთხვევიდან? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
16 განვიხილოთ შემდეგი შემთხვევა: რამდენიმე წლის წინ კრების შეხვედრაზე სიმღერის დროს დამ შენიშნა, რომ ერთი შვილმკვდარი დედა ატირდა. მას ახალი გარდაცვლილი ჰყავდა გოგონა, სიმღერა კი სწორედ მკვდრეთით აღდგომაზე იყო. ეს და მაშინვე მასთან მივიდა, ხელი მოხვია და სიმღერის დარჩენილი ნაწილი ერთად იმღერეს. მოგვიანებით ამ მგლოვიარე დამ ასეთი რამ თქვა: „გული თანაქრისტიანების მიმართ სიყვარულით ამევსო. რა კარგი იყო, რომ ეს კრების შეხვედრა არ გავაცდინე. საჭირო დახმარებას ხომ სწორედ აქ ვიღებთ“. ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა ხედავს და აფასებს იმ მცირედსაც კი, რასაც სულდამწუხრებულთა სანუგეშებლად ვაკეთებთ (ფსალმ. 34:18).
ᲣᲙᲔᲗ ᲒᲐᲛᲝᲘᲙᲕᲚᲘᲔᲗ ᲘᲔᲡᲝᲡ ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲔᲑᲘ
17. რა ვისწავლეთ ამ სტატიიდან?
17 რწმენას უფრო განვიმტკიცებთ, თუ პირადი შესწავლის ან ოჯახური თაყვანისცემის დროს უკეთ გამოვიკვლევთ იესოს სასწაულებს. ეს სასწაულები ხომ იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვასა და იესოს ძალიან ვუყვარვართ, იესოს კაცობრიობის პრობლემების მოგვარების ძალა შესწევს და ღვთის სამეფოს მმართველობის დროს იეჰოვას დაპირებები უცილობლად შესრულდება. ამ სასწაულების განხილვის დროს იმაზეც იფიქრეთ, რაში შეგიძლიათ მიჰბაძოთ იესოს. დაუკვირდით, რისი სწავლა შეგიძლიათ და ნასწავლი სხვებსაც გაუზიარეთ. ასეთ შემთხვევაში გამამხნევებელი საუბრისთვის თემები არ გამოგელევათ (რომ. 1:11, 12).
18. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
18 თავისი მსახურების დასასრულს იესომ კიდევ ერთი მიცვალებული აღადგინა მკვდრეთით. თუმცა ეს შემთხვევა წინამორბედი შემთხვევებისგან განსხვავდებოდა. გარდაცვლილი მისი ახლო მეგობარი იყო, თანაც უკვე ოთხი დღის მკვდარი. რას გვასწავლის ეს შემთხვევა და როგორ განგვიმტკიცებს მკვდრეთით აღდგომის იმედს? ამ კითხვებს მომდევნო სტატიაში გაეცემა პასუხი.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 20 უძვირფასესი ძე გაიღე
a ჩვენში აღფრთოვანებას იწვევს იმის წაკითხვა, თუ როგორ ჩააცხრო იესომ ქარიშხალი, როგორ განკურნა ავადმყოფები და როგორ აღადგინა მკვდრები. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ საინტერესო ისტორიები როდია, ისინი ბიბლიაში ჩვენ სასწავლებლად ჩაიწერა. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს განვიხილავთ, რაც რწმენას განგვიმტკიცებს იეჰოვასა და იესოს მიმართ. იმ თვისებებზეც ვისაუბრებთ, რომელთა განვითარებაც ყველას გვმართებს.
b ერთი ბიბლეისტი ამბობს: „ახლო აღმოსავლეთში სტუმართმოყვარეობას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. მასპინძელი სტუმარს თავს ევლებოდა და გულუხვად უმასპინძლდებოდა. განსაკუთრებით ქორწილის დღეს სტუმრებს იმის განცდა არ უნდა დარჩენოდათ, რომ სუფრას რამე აკლდა“.
c სახარებები 30-ზე მეტი სასწაულის შესახებ მოგვითხრობს. თუმცა ზოგ შემთხვევაში რამდენიმე სასწაული ერთ სასწაულადაა მოხსენიებული. მაგალითად ერთხელ, როცა მთელი ქალაქი მივიდა იესოსთან, მან „სხვადასხვა სნეულებით დაავადებული უამრავი ავადმყოფი“ განკურნა (მარ. 1:32—34).
d იხილეთ 2010 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“ სტატია „ანუგეშეთ მგლოვიარენი ისე, როგორც იესო ანუგეშებდა“ და გაიგეთ, კიდევ რისი გაკეთება შეგიძლიათ მგლოვიარეების სანუგეშებლად.
e ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ნეფე-პატარძალი სტუმრებთან ერთად სასიამოვნოდ ატარებს დროს და საუკეთესო ღვინოს მიირთმევს. შორიახლოს იესო ჩანს.