არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 17

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 111 ჩვენი სიხარულის მიზეზი

არასდროს დატოვოთ სულიერი სამოთხე!

არასდროს დატოვოთ სულიერი სამოთხე!

„იმხიარულეთ და მარადიულად გაიხარეთ იმით, რასაც ვქმნი“ (ᲔᲡ. 65:18).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან გავიგებთ, რა კურთხევებით ვტკბებით სულიერ სამოთხეში და როგორ აღვუძრათ ადამიანებს იმის სურვილი, რომ ჩვენთან ერთად სცენ თაყვანი იეჰოვას ამ განსაკუთრებულ გარემოში.

1. რა არის სულიერი სამოთხე და რისი გაკეთება უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?

 ᲓᲦᲔᲡ დედამიწაზე არსებობს სამოთხე, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. ამ სამოთხეში მილიონობით ადამიანი განსაკუთრებული მშვიდობით ხარობს. მათ გადაწყვეტილი აქვთ, არასდროს დატოვონ ეს სიმბოლური ადგილი და სურთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატკბეს ამ განსაკუთრებული გარემოთი. ალბათ უკვე მიხვდით, რომ ჩვენ სულიერ სამოთხეზე a ვსაუბრობთ.

2. რით გამოირჩევა სულიერი სამოთხე?

2 სასწაულის ტოლფასია, რომ სატანის სიძულვილით სავსე ქვეყნიერებაში, სადაც ხალხი მუდმივ შიშში ცხოვრობს, იეჰოვამ მშვიდი და უსაფრთხო გარემო შეუქმნა თავის მსახურებს (1 იოან. 5:19; გამოცხ. 12:12). მან იცის, რამხელა დაღს ასვამს ეს ქვეყნიერება ხალხს. ამიტომ იზრუნა, რომ მისი თაყვანისმცემლები სულიერად დაცული ყოფილიყვნენ. ბიბლიაში სულიერი სამოთხე თავშესაფარს და წყალუხვ ბაღსაა შედარებული (ეს. 4:6; 58:11). როგორი მადლიერი უნდა ვიყოთ იეჰოვასი, რომ ამ ძნელად ასატან ბოლო დღეებში ასეთ საუცხოო გარემოში გვამყოფებს (ეს. 54:14; 2 ტიმ. 3:1).

3. როგორ შესრულდა ძველად ესაიას 65-ე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?

3 წინასწარმეტყველმა ესაიამ აღწერა, როგორი იქნებოდა სულიერი სამოთხე. ეს წინასწარმეტყველება, რომელიც ესაიას 65-ე თავშია ჩაწერილი, თავდაპირველად ძვ. წ. 537 წელს შესრულდა. იმ დროს ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებული იუდეველები სამშობლოში დაბრუნდნენ. იეჰოვამ აკურთხა თავისი ხალხი და დაეხმარა, აღედგინათ როგორც იერუსალიმი, ისე ტაძარი, რომელიც კვლავ წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრი გახდებოდა (ეს. 51:11; ზაქ. 8:3).

4. Როგორ სრულდება ესაიას 65-ე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ჩვენს დროში?

4 ჩვენს დროში ესაიას წინასწარმეტყველების შესრულება 1919 წელს დაიწყო, როცა იეჰოვას თაყვანისმცემლები „დიდი ბაბილონის“ ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. მას შემდეგ სულიერი სამოთხის საზღვრები სულ უფრო ფართოვდება. სამეფოს მქადაგებლებმა მსოფლიო მასშტაბით არაერთი კრება ჩამოაყალიბეს. ისინი თავადაც იმოსებოდნენ „ახალი პიროვნებით, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად“ და სხვებსაც ეხმარებოდნენ ამაში (ეფეს. 4:24). რა თქმა უნდა, ესაიას მიერ აღწერილი ბევრი მოვლენა პირდაპირი გაგებით მხოლოდ ახალ ქვეყნიერებაში შესრულდება. თუმცა სანამ ეს დრო დადგება, შეგვიძლია იმ კურთხევებით გავიხაროთ, რომელიც სულიერ სამოთხეში გვაქვს. ქვემოთ ზოგიერთ მათგანზე ვისაუბრებთ და იმაზეც ვიმსჯელებთ, რატომ არ უნდა დავტოვოთ სულიერი სამოთხე.

ᲠᲐ ᲙᲣᲠᲗᲮᲔᲕᲔᲑᲘᲗ ᲕᲮᲐᲠᲝᲑᲗ ᲡᲣᲚᲘᲔᲠ ᲡᲐᲛᲝᲗᲮᲔᲨᲘ

5. რით ვხარობთ სულიერ სამოთხეში? (ესაიას 65:13).

5 სულიერი სიჯანსაღე. ესაიას წინასწარმეტყველება ნათლად გვიჩვენებს, როგორ განსხვავდება იეჰოვას მსახურთა მდგომარეობა იმ ხალხის მდგომარეობისგან, რომლებიც არ არიან სულიერ სამოთხეში (წაიკითხეთ ესაიას 65:13). იეჰოვას სურს, რომ სიხარული არ მოგვაკლდეს და სულიერად დანაყრებულები ვიყოთ. ამიტომ გვაძლევს თავის წმინდა სულს, გვხელმძღვანელობს თავისი სიტყვით და უზრუნველგვყოფს უხვი სულიერი საზრდოთი (შეადარეთ გამოცხადების 22:17). რაც შეეხება სულიერი სამოთხის გარეთ მყოფთ, ისინი ვერ იკმაყოფილებენ სულიერ მოთხოვნილებებს, რის გამოც „მშიერ-მწყურვალნი“ და „შერცხვენილნი“ არიან (ამოს. 8:11).

6. ა) რა არის აღწერილი იოელის 2:21—24-ში? ბ) ჩვენგან რისი გაკეთება მოითხოვება?

6 იოელი თავის წინასწარმეტყველებაში მარცვლეულის, ღვინის და ზეითუნის ზეთის სიუხვეზე ამახვილებს ყურადღებას, რითაც ხაზს უსვამს, თუ რა გულუხვად ზრუნავს იეჰოვა თავისი ხალხის საჭიროებებზე, მათ შორის, სულიერ მოთხოვნილებებზე (იოელ. 2:21—24). სწორედ ამაზე მეტყველებს ის, რომ გვაქვს ბიბლია, ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები, ვებგვერდი, ქრისტიანული შეხვედრები და კონგრესები. თუ ყოველდღიურად ვისარგებლებთ იმ ყველაფრით, რითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს, ეს ჩვენს სულიერ სიჯანსაღეს შეუწყობს ხელს.

7. რატომ ვართ გულმხიარულნი? (ესაია 65:14).

7 ბედნიერება და კმაყოფილება. ღვთის მსახურები ბედნიერნი ვართ, რადგან გული მადლიერებით გვაქვს სავსე (წაიკითხეთ ესაიას 65:14). ჩვენ დიდ სიხარულს გვანიჭებს ბიბლიური ჭეშმარიტება და უტყუარი იმედი, რომელიც ქრისტეს გამოსასყიდის წყალობით გვაქვს. ამ ყველაფერზე სულიერ და-ძმებთან საუბარიც ბედნიერს გვხდის (ფსალმ. 34:8; 133:1—3).

8. ყველაზე მეტად რით გამოირჩევა სულიერი სამოთხე?

8 სულიერი სამოთხე ყველაზე მეტად ღვთის ხალხს შორის არსებული სიყვარულითა და ერთობით გამოირჩევა, რაც გვეხმარება, წარმოვიდგინოთ, როგორი ცხოვრება გველის ახალ ქვეყნიერებაში (კოლ. 3:14). ერთი და აღნიშნავს, რამ მოხიბლა, როცა იეჰოვას მოწმეებს შეხვდა: „ნამდვილი სიყვარული პირველად იეჰოვას მოწმეებს შორის დავინახე. მაშინ მივხვდი, თურმე რა ყოფილა საჭირო ბედნიერებისთვის, რაც მანამდე არასდროს განმეცადა“. დიახ, ნამდვილ ბედნიერებას მხოლოდ სულიერ სამოთხეში ვგრძნობთ და, რასაც არ უნდა ფიქრობდეს ხალხი ჩვენზე, ეს ჩვენს ბედნიერებას ვერ გააუფერულებს. ჩვენ ხომ იეჰოვასა და მის თაყვანისმცემელთა თვალში გვაქვს კარგი სახელი (ეს. 65:15).

9. რა დაპირებას ვხვდებით ესაიას 65:16, 17-ში?

9 შინაგანი სიმშვიდე. მათზე, ვისაც არ სურთ სულიერ სამოთხეში ყოფნა, ესაიას 65:14-ში ნათქვამია: „აყვირდებით გულისტკივილის გამო და იღრიალებთ სულგამწარებულნი!“. მაგრამ რისი თქმა შეიძლება ღვთის ხალხზე? ფაქტია, ისინი დღეს არაერთ სირთულეს ხვდებიან, მაგრამ, საბოლოოდ, მათი ტანჯვა და ტკივილი დავიწყებას მიეცემა (წაიკითხეთ ესაიას 65:16, 17). დიახ, ყველა ჩვენი პრობლემა წარსულს ჩაჰბარდება და აღარც მტკივნეული მოგონებები შეგვახსენებს თავს.

10. რატომ ხართ მადლიერნი სულიერი საძმოსთვის? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

10 დღეს თითოეულს უზომოდ სტრესულ გარემოში გვიწევს ცხოვრება. ამიტომ კრების შეხვედრები ჩვენთვის ნამდვილი ოაზისია, რადგან იქ დროებით მაინც შეგვიძლია დავივიწყოთ პრობლემები და ვიგრძნოთ შინაგანი სიმშვიდე. როგორ გავუფრთხილდეთ ამ გარემოს? ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ გამოვავლენთ „სულის ნაყოფს“, მაგალითად, სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას, სიკეთეს და რბილ ხასიათს (გალ. 5:22, 23). მართლაც, რამხელა ბედნიერებაა, რომ ღვთის ხალხს შორის ვართ. თუ არასდროს დავტოვებთ სულიერ სამოთხეს, ჩვენ იმის მოწმენიც გავხდებით, როგორ შესრულდება „ახალ ცასა“ და „ახალ დედამიწასთან“ დაკავშირებით წარმოთქმული იეჰოვას დანაპირები.

სულიერ სამოთხეში და-ძმებთან ერთად ყოფნა უდიდესი ბედნიერებაა (იხილეთ აბზაცი 10). c


11. როგორ აისახება ჩვენზე სულიერ სამოთხეში ყოფნა? (ესაია 65:18, 19).

11 მადლიერება და სიხარული. ესაიას 65:18, 19-დან (წაიკითხეთ) ვიგებთ, რომ სულიერი სამოთხე იეჰოვამ შექმნა. მას სურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ, თავი დააღწიოს ამ სულიერად გახრიოკებულ ქვეყნიერებას და დატკბეს მის მიერ შექმნილი საუცხოო გარემოთი. ეს ჩვენი სურვილიცაა, რადგან გვინდა, სხვებმაც გაიზიარონ ის სიხარული, რასაც სულიერ სამოთხეში ყოფნა და ჭეშმარიტების გზით სიარული გვანიჭებს (იერ. 31:12).

12. რა გრძნობები გეუფლებათ, როცა ესაიას 65:20—24-ში ჩაწერილ დანაპირებზე ფიქრობთ? ახსენით.

12 გული მადლიერებით გვევსება, Როცა ვფიქრობთ, როგორი მომავალი გველის იეჰოვას მსახურებს და რამდენი რამის ნახვის და გაკეთების შესაძლებლობა მოგვეცემა ახალ ქვეყნიერებაში. აი რა დაპირებებს ვკითხულობთ ბიბლიაში: „მეტად აღარ იქნება იქ ჩვილი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლებს. არც მოხუცებული, რომელიც ვერ გაასრულებს თავის დღეებს“, „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, ჩაყრიან ვაზს და შეჭამენ მის ნაყოფს“, „ტყუილუბრალოდ არ გაირჯებიან, . . რადგან იეჰოვასგან კურთხეული [იქნებიან]“, „ვიდრე მომიხმობენ, ვუპასუხებ“. დიახ, იეჰოვა „ყოველი სულდგმულის სურვილს“ დააკმაყოფილებს (ეს. 65:20—24; ფსალმ. 145:16). იმ დროს ყველანაირი საფრთხისგან დაცულნი ვიქნებით და ყველას აზრით აღსავსე ცხოვრება გვექნება.

13. Როგორ ცვლის ადამიანს იეჰოვას გაცნობა?

13 მშვიდი და უსაფრთხო გარემო. ბევრი, ვინც უწინ აგრესიული და სასტიკი პიროვნება იყო, ღვთის სულის დახმარებით გარდაიქმნა (წაიკითხეთ ესაიას 65:25). მათ მოიშორეს ღვთისთვის მიუღებელი თვისებები თუ ჩვევები (რომ. 12:2; ეფეს. 4:22—24). ფაქტია, ყველანი არასრულყოფილები ვართ და შეცდომებსაც ვუშვებთ. თუმცა იეჰოვამ ერთმანეთისგან განსხვავებულ მილიონობით ადამიანს ურთიერთსიყვარული და მშვიდობიანი თანაცხოვრება გვასწავლა (ტიტ. 2:11). ასეთი სასწაულის მოხდენა მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს, იეჰოვას, შეეძლო.

14. Როგორ შესრულდა ერთ ძმაზე ესაიას 65:25-ში ჩაწერილი სიტყვები?

14 მართლა შესაძლებელია, რომ ადამიანი რადიკალურად შეიცვალოს? მოვიყვანოთ ერთი ახალგაზრდის შემთხვევა, რომელიც აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა და ნამდვილი ჩხუბისთავი იყო. 20 წლის ასაკში მას უკვე არაერთხელ ჰქონდა სასჯელი მოხდილი სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის, მანქანების გატაცებისა და ქურდობის გამო. მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტება გაიგო და კრების შეხვედრებზე დაიწყო სიარული, მიხვდა, რომ ვერაფერი შეედრება სულიერ სამოთხეში იეჰოვას მსახურებას, რამაც მის ცხოვრებას აზრი შესძინა. მან საკუთარ თავზე გამოსცადა ესაიას 65:25-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება — ეს ერთ დროს საშიში და მოძალადე კაცი თვინიერ და მშვიდობისმოყვარე ადამიანად იქცა.

15. ა) რატომ გვინდა, სხვებმაც იგრძნონ, რას ნიშნავს სულიერ სამოთხეში ყოფნა? ბ) როგორ დავეხმაროთ მათ?

15 როგორც ესაიას 65:13-დან და 25-დან ჩანს, ზემოთ განხილული დაპირებები იეჰოვამ წარმოთქვა, რომლის სიტყვებიც შეუსრულებელი არასდროს რჩება (ეს. 55:10, 11). დღეს სულიერი სამოთხე უკვე არსებობს. ამ სიძულვილით სავსე ქვეყნიერებაში იეჰოვამ ოაზისი შექმნა, სადაც თავს დაცულად ვგრძნობთ და სულიერ და-ძმებთან მშვიდობიანი ურთიერთობით ვხარობთ (ფსალმ. 72:7). ამ ყოველივეს გამო გვინდა, რაც შეიძლება მეტს დავეხმაროთ, რომ ჩვენს დიდ სულიერ ოჯახს შემოუერთდნენ. ამას კი იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მთელ ყურადღებას მოწაფეების მომზადების საქმეზე გადავიტანთ (მათ. 28:19, 20).

ᲠᲐ ᲮᲘᲑᲚᲐᲕᲡ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲡ ᲡᲣᲚᲘᲔᲠ ᲡᲐᲛᲝᲗᲮᲔᲨᲘ

16. რამ შეიძლება მოხიბლოს ადამიანები სულიერ სამოთხეში?

16 რამდენად მიმზიდველი იქნება სხვებისთვის სულიერი სამოთხე, დიდწილად ჩვენზეც არის დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ იეჰოვასგან, რომელიც არავის არაფერს აიძულებს. ის ცდილობს, „მიიზიდოს“ ადამიანები ანუ იმის სურვილი აღუძრას, რომ მას დაუახლოვდნენ (იოან. 6:44; იერ. 31:3). იეჰოვა თავის პიროვნებას აცნობს ხალხს და ანახვებს, როგორი მოსიყვარულე და კეთილია, რის შემდეგაც სუფთა გულის ადამიანებს მასთან დაახლოების სურვილი უჩნდებათ. ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას და ხალხს სურვილი აღვუძრათ, რომ ჩვენთან ერთად სცენ მას თაყვანი სულიერ სამოთხეში?

17. Როგორ აღვუძრათ ადამიანებს იმის სურვილი, რომ ჩვენთან ერთად სცენ იეჰოვას თაყვანი სულიერ სამოთხეში?

17 როცა ადამიანები ჩვენს შორის არსებულ თბილ დამოკიდებულებას და სიყვარულს ხედავენ, ამან შეიძლება მათ იმის სურვილი აღუძრას, რომ ჩვენთან ერთად სულიერ სამოთხეში ემსახურონ იეჰოვას. გვინდა, რომ მათ, ვინც კრების შეხვედრებს პირველად ესწრებიან, მსგავსი სიტყვები წარმოთქვან: „მართლა თქვენ შორის არის ღმერთი“ (1 კორ. 14:24, 25; ზაქ. 8:23). ამისთვის საჭიროა პავლეს შემდეგი რჩევის თანახმად მოვიქცეთ: „მშვიდობიანად იყავით ერთმანეთთან“ (1 თეს. 5:13).

18. კიდევ რამ შეიძლება მიიზიდოს ადამიანები ჭეშმარიტებისკენ?

18 ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ და-ძმებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ყურადღებას მათ კარგ თვისებებზე გავამახვილებთ და არა ნაკლოვანებებზე, რომელიც მალე საერთოდ აღარ ექნებათ. თუ ერთმანეთს სიკეთეს გავუკეთებთ, თანავუგრძნობთ და მთელი გულით ვაპატიებთ, ნებისმიერი უთანხმოების მშვიდობიანად მოგვარებას შევძლებთ (ეფეს. 4:32). ამის დანახვა კი მათ, ვისაც სურს, რომ მსგავსად მოექცნენ, იმის სურვილს გაუღვივებს, რომ თავი შეაფარონ სულიერ სამოთხეს. b

ᲐᲠᲐᲡᲓᲠᲝᲡ ᲓᲐᲢᲝᲕᲝᲗ ᲡᲣᲚᲘᲔᲠᲘ ᲡᲐᲛᲝᲗᲮᲔ

19. ა) რას აღნიშნავს ზოგიერთი, ვინც დატოვა სულიერი სამოთხე, მაგრამ მოგვიანებით დაუბრუნდა მას? (იხილეთ ჩარჩო  „სულიერ სამოთხეში დაბრუნებულნი“). ბ) რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

19 მართლაც, რამხელა ბედნიერებაა, რომ სულიერ სამოთხეში ვართ, რომელიც დღითი დღე უფრო ფართოვდება და ლამაზდება. არ გვინდა, რომ ჩვენთვის ოდესმე გაუფასურდეს იმ გასაოცარ გარემოში ყოფნა, რომელიც იეჰოვამ შექმნა. თუ გვინდა, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ და განვიცადოთ სიხარული, კმაყოფილება და შინაგანი სიმშვიდე, ჩვენ არასდროს უნდა დავტოვოთ სულიერი სამოთხე. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სატანა ყველანაირად ცდილობს ამ სულიერი ოაზისიდან ჩვენს გატყუებას (1 პეტ. 5:8; გამოცხ. 12:9). ამიტომ მოდი ყველანაირად გავუფრთხილდეთ სულიერი სამოთხის სილამაზესა და სიწმინდეს და ხელი შევუწყოთ მასში არსებულ მშვიდობიან გარემოს!

ვინც სულიერ სამოთხეში რჩება, მომავალში ფიზიკურ სამოთხეში ცხოვრებითაც გაიხარებს (იხილეთ აბზაცი 19).


ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რა არის სულიერი სამოთხე?

  • რა კურთხევებით ვხარობთ სულიერ სამოთხეში?

  • Როგორ აღვუძრათ ადამიანებს იმის სურვილი, რომ ჩვენთან ერთად ემსახურონ იეჰოვას სულიერ სამოთხეში?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 144 ჯილდოს მიაპყარით თვალი!

a ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: „სულიერ სამოთხეში“ იგულისხმება ის უსაფრთხო გარემო, რითაც იეჰოვას თაყვანისმცემლები ტკბებიან. სულიერი სამოთხის მკვიდრთ იეჰოვასთანაც მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთთანაც.

b ვებგვერდზე jw.org უყურეთ ვიდეოს „დღემდე ერთგულები — ალენა ჟიტნიკოვა: ოცნება ამისრულდა“ და გაიგეთ, როგორ შეცვალა ალენას ცხოვრება სულიერ სამოთხეში ყოფნამ.

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: და-ძმები შეხვედრაზე ერთმანეთთან ურთიერთობით ხარობენ, ერთი ძმა კი განმარტოებით ზის.