ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 14
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 56 გაითავისეთ ჭეშმარიტება
„ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ“
„ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ“ (ᲔᲑᲠ. 6:1).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ აზროვნებს და იქცევა მოწიფული ქრისტიანი და რა ეხმარება მას გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში.
1. რას მოელის იეჰოვა ჩვენგან?
ᲓᲦᲔᲡ ცოტა რამ თუ ახარებს წყვილს ისე, როგორც ბავშვის დაბადება. ფაქტია, მშობლებს ძალიან უყვართ თავიანთი პატარა, მაგრამ ისიც უნდათ, რომ გაიზარდოს. და თუ ასე არ მოხდება, ეს მათ დიდად დაამწუხრებს. მსგავსად ამისა, იეჰოვას ძალიან ახარებს, როცა ქრისტიანულ გზაზე პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. თუმცა მას არ სურს, რომ სულიერი გაგებით ჩვილები დავრჩეთ (1 კორ. 3:1). ის მოელის, რომ „აზროვნებით ზრდასრული“ ქრისტიანები გავხდებით (1 კორ. 14:20).
2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 ამ სტატიაში ვიმსჯელებთ შემდეგ კითხვებზე: როგორია მოწიფული ქრისტიანი? როგორ მივაღწიოთ ქრისტიანულ მოწიფულობას? რა როლს თამაშობს ამაში მყარი სულიერი საკვები? და რატომ არის საშიში ზედმეტი თავდაჯერებულობა?
ᲠᲝᲒᲝᲠᲘᲐ ᲛᲝᲬᲘᲤᲣᲚᲘ ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲘ
3. როგორია ზრდასრული ქრისტიანი?
3 ბერძნული სიტყვა, რომელიც გადმოტანილია როგორც „ზრდასრული“, აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს როგორც „მოწიფული“ ან „სრულყოფილი“ a (1 კორ. 2:6). ბავშვისა არ იყოს, ჩვენც უნდა გავაგრძელოთ ზრდა, რომ ზრდასრული ანუ მოწიფული ქრისტიანები გავხდეთ. თუმცა არც ამის შემდეგ უნდა შევწყვიტოთ სულიერი წინსვლა (1 ტიმ. 4:15). აღსანიშნავია ისიც, რომ სულიერი მოწიფულობის მიღწევა ყველას შეუძლია, მათ შორის ახალგაზრდებს. საიდან გამოჩნდება, რომ ქრისტიანი სულიერად მოწიფულია?
4. საიდან გამოჩნდება, რომ ქრისტიანი სულიერად მოწიფულია?
4 სულიერად მოწიფული ქრისტიანი განურჩევლად ასრულებს ღვთის ყველა მოთხოვნას. ცხადია, ის არასრულყოფილია და შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ რაკი „ახალი პიროვნებითაა“ შემოსილი, ძალისხმევას არ აკლებს იმას, რომ ღვთისმოსაწონად იაზროვნოს და იმოქმედოს (ეფეს. 4:22—24). ის ღვთის კანონებითა და პრინციპებით ხელმძღვანელობს, ამიტომ გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად არ სჭირდება წესების გრძელი სია. გარდა ამისა, მას იმის ნებისყოფაც ჰყოფნის, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმე ბოლომდე მიიყვანოს (1 კორ. 9:26, 27).
5. რა საფრთხე ემუქრება მას, ვინც მოწიფულობისკენ არ ისწრაფვის? (ეფესოელები 4:14, 15).
5 თუ ქრისტიანი არ ისწრაფვის მოწიფულობისკენ, ის შეიძლება ადვილად გახდეს „ადამიანთა მზაკვრობისა და ცბიერი ხრიკების“ მსხვერპლი. მაგალითად, ის შეიძლება დეზინფორმაციის, შეთქმულების თეორიებისა თუ განდგომილების პროპაგანდის გავლენაში მოექცეს b (წაიკითხეთ ეფესოელების 4:14, 15). ასეთ ქრისტიანს შეიძლება ახასიათებდეს შურიანობა, კონფლიქტურობა, ადვილად ნაწყენდებოდეს და მარტივად ჰყვებოდეს ცდუნებას (1 კორ. 3:3).
6. რას შეიძლება შევადაროთ მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბების პროცესი? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
6 მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბების პროცესი ბიბლიაში ფიზიკურ ზრდასთანაა შედარებული. ბავშვი ბევრ რამეს ვერ ხვდება, ამიტომაც მშობლის მეთვალყურეობა სჭირდება. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: სანამ პატარაა, დედა ბავშვს გზის გადაკვეთისას ხელს ჰკიდებს ხოლმე. წლებთან ერთად დედამ შეიძლება მას გზის მარტო გადაკვეთის უფლებაც მისცეს, თუმცა მაინც შეახსენოს, რომ ჯერ უნდა დარწმუნდეს, რომელიმე მხრიდან მანქანა ხომ არ მოდის. მაგრამ, როცა ზრდასრულობას მიაღწევს, ის თავად შეძლებს მსგავსი საფრთხის თავიდან არიდებას. ანალოგიურად, სანამ მოწიფულობას მიაღწევს, ქრისტიანსაც სჭირდება ხოლმე გამოცდილი და-ძმების დახმარება, რომ თავი აარიდოს საფრთხეებს და გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოს. მაგრამ მას შემდეგ, რაც მოწიფულობას მიაღწევს, ის უკვე თავად შეძლებს ბიბლიური პრინციპების საფუძველზე ჩასწვდეს იეჰოვას თვალსაზრისს და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღოს.
7. სჭირდებათ მოწიფულ ქრისტიანებს სხვების დახმარება?
7 ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ მოწიფულ ქრისტიანს არასდროს სჭირდება სხვების დახმარება? ცხადია, არა. თუმცა „ჩვილისგან“ განსხვავებით ის არ საჭიროებს ყველა ნაბიჯის კარნახს. მან შეიძლება ზოგჯერ გამჭრიახ და გამოცდილ თანაქრისტიანს ჰკითხოს რჩევა, თუმცა არასდროს ავიწყდება, რომ გადაწყვეტილების მიღება მისი პირადი პასუხისმგებლობაა და რომ „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“ (გალ. 6:5).
8. რით განსხვავდებიან მოწიფული ქრისტიანები ერთმანეთისგან?
8 როგორც ზრდასრულ ადამიანებს, ისე მოწიფულ ქრისტიანებსაც ბევრი რამ განასხვავებთ. მაგალითად, ზოგი სიბრძნით გამოირჩევა, ზოგი გაბედულებით, ზოგიც კი ხელგაშლილობითა თუ თანაგრძნობით. გარდა ამისა, Როცა გადაწყვეტილება საკუთარი სინდისის კარნახით უნდა მიიღონ, ორმა მოწიფულმა ქრისტიანმა ერთსა და იმავე სიტუაციაში შეიძლება განსხვავებული, თუმცა ღვთისთვის მისაღები არჩევანი გააკეთოს. Სწორედ ამიტომ ისინი არ განსჯიან ერთმანეთს და განსხვავებული არჩევანი არასოდეს ხდება მათ შორის განხეთქილების მიზეზი (რომ. 14:10; 1 კორ. 1:10).
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲘᲕᲐᲦᲬᲘᲝᲗ ᲡᲣᲚᲘᲔᲠ ᲛᲝᲬᲘᲤᲣᲚᲝᲑᲐᲡ
9. თავისთავად გავხდებით მოწიფული ქრისტიანები? ახსენით.
9 ფიზიკური ზრდა ავტომატური პროცესია, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით სულიერ ზრდაზე. მაგალითად, კორინთელმა და-ძმებმა მოისმინეს სასიხარულო ცნობა, ირწმუნეს, მოინათლნენ და წმინდა სულიც მიიღეს. მათ მოციქული პავლესგანაც ბევრი რამ ისწავლეს (საქ. 18:8—11). თუმცა წლების გასვლის შემდეგ ზოგიერთი მათგანი ჯერაც არ იყო სულიერად მოწიფული (1 კორ. 3:2). Როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენც იგივე არ დაგვემართოს?
10. როგორ მივაღწიოთ სულიერ მოწიფულობას? (იუდა 20).
10 რა არის საჭირო, რომ მოწიფული ქრისტიანები გავხდეთ? პირველ რიგში, სურვილი. ისინი, ვისაც არ ადარდებთ, რომ „გამოუცდელები“ ანუ სულიერი გაგებით ჩვილები არიან, სულიერად ვერ გაიზრდებიან (იგავ. 1:22). არ გვინდა, მათ დავემსგავსოთ, ვინც ზრდასრულობის ასაკშიც კი ვერ იღებენ მშობლებისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვესმის, რომ საკუთარ სულიერ ზრდაზე თავად ვართ პასუხისმგებლები (წაიკითხეთ იუდას 20). ასე რომ, კარგი იქნება, იეჰოვას სთხოვოთ, რომ სურვილიც აღგიძრათ და მოქმედების ძალაც მოგცეთ (ფილ. 2:13).
11. როგორ გვეხმარება იეჰოვა სულიერ ზრდაში? (ეფესოელები 4:11—13).
11 იეჰოვას კარგად ესმის, რომ სულიერ მოწიფულობას დამოუკიდებლად ვერ მივაღწევთ. ამიტომ იესოს სახით მისაბაძი მაგალითი მოგვცა. კარგად რომ გავცნობოდით იესოს პიროვნებას, იეჰოვას შთაგონებით ოთხი სახარება დაიწერა. ის წმინდა სულითაც გვეხმარება, რომ „ქრისტეს გონება“ გვქონდეს (1 კორ. 2:14—16). ამასთანავე, მან ქრისტიანულ კრებაში ზოგი მწყემსად და მასწავლებლად დანიშნა, რათა დაგვეხმარონ, „გავხდეთ სულიერად ზრდადასრულებულნი და მივაღწიოთ მოწიფულობას, ქრისტეს რომ ჰქონდა“ (წაიკითხეთ ეფესოელების 4:11—13). თუ მივიღებთ იეჰოვას დახმარებას და ყველანაირად შევეცდებით იესოს მიბაძვას, შევძლებთ სულიერი მოწიფულობის მიღწევას.
ᲛᲧᲐᲠᲘ ᲡᲣᲚᲘᲔᲠᲘ ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘ
12. რა იგულისხმება „ქრისტეს შესახებ მოძღვრების საწყისებში“?
12 მოწიფულობისკენ რომ ვისწრაფოთ, უკან უნდა მოვიტოვოთ „ქრისტეს შესახებ მოძღვრების საწყისები“. ამაში შედის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ეხება მონანიებას, ღვთისადმი რწმენას, ნათლობას და მკვდრეთით აღდგომას (ებრ. 6:1, 2). სწორედ ამ საკითხებს შეეხო პეტრე მოციქული, როდესაც ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შეკრებილ ხალხს უქადაგა (საქ. 2:32—35, 38). ფაქტია, იესოს მოწაფეები ვერ გავხდებით, თუ არ ვაღიარებთ ამ ძირითად მოძღვრებებს. პავლე მოციქულმაც ხომ თქვა, რომ თუ ქრისტიანს არ სწამს მკვდრეთით აღდგომის, მისი რწმენაც ფასს კარგავს (1 კორ. 15:12—14). და მაინც, ჩვენ არ უნდა დავჯერდეთ საბაზისო ცოდნას.
13. Როგორ მივიღოთ მყარი სულიერი საკვები? (ებრაელები 5:14; იხილეთ აგრეთვე სურათი).
13 მყარი სულიერი საკვები მხოლოდ კანონებს კი არა, პრინციპებსაც მოიცავს, რომლებიც გვეხმარება, ჩავწვდეთ იეჰოვას აზროვნებას. ასეთი საკვები რომ მივიღოთ, უნდა შევისწავლოთ ღვთის სიტყვა და ვიფიქროთ მასზე. შემდეგ კი აუცილებელია, ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ. თუ ასე მოვიქცევით, გაგვიადვილდება იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილებების მიღება c (წაიკითხეთ ებრაელების 5:14).
14. Როგორ ეხმარებოდა მოციქული პავლე კორინთელებს სულიერ ზრდაში?
14 მათ, ვისაც არ მიუღწევიათ სულიერი მოწიფულობისთვის, უჭირთ სწორი გადაწყვეტილების მიღება, Როცა კონკრეტულ საკითხზე ბიბლიაში პირდაპირი მითითება ან კანონი არ არის მოცემული. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევებში შეუძლიათ ისე მოიქცნენ, როგორც თავად სურთ. ზოგს კი ის უნდა, რომ ყველაფერზე რაღაც წესი არსებობდეს. მსგავსი სიტუაცია იყო კორინთის კრებაშიც. როგორც ჩანს, მათ პავლე მოციქულს სთხოვეს, კერპთშენაწირის ჭამასთან დაკავშირებით მათთვის კონკრეტული მითითება მიეცა. როგორ მოიქცა პავლე? მან აღნიშნა, რომ თითოეულს სინდისის კარნახით უნდა მიეღო გადაწყვეტილება და მოუყვანა პრინციპები, რომლებიც დაეხმარებოდათ, არავინ დაებრკოლებინათ და თავადაც სუფთა სინდისი შეენარჩუნებინათ (1 კორ. 8:4, 7—9). პავლეს სურდა, რომ კორინთელ ქრისტიანებს თავად გაეწაფათ აღქმის უნარი, რათა კონკრეტული წესები ან სხვების კარნახი არ დასჭირვებოდათ. ისინი მხოლოდ ასე შეძლებდნენ ქრისტიანული მოწიფულობის მიღწევას.
15. Როგორ დაეხმარა პავლე ებრაელ ქრისტიანებს სულიერ ზრდაში?
15 ჩვენთვის საგულისხმოა ისიც, რაც პავლემ ებრაელ ქრისტიანებს მისწერა. ზოგმა შეწყვიტა სულიერი ზრდა და მათ „მყარი საკვები კი არა, [ისევ] რძე“ სჭირდებოდათ (ებრ. 5:12). მათ უჭირდათ იმ სიახლეებისთვის ფეხის აწყობა, რომლებსაც იეჰოვა ქრისტიანული კრების მეშვეობით აცხადებდა (იგავ. 4:18). მაგალითად, ბევრი მათგანი ისევ მოსეს კანონის დაცვას ითხოვდა. არადა უკვე 30 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ქრისტემ თავისი მსხვერპლით გააუქმა ის (რომ. 10:4; ტიტ. 1:10). ნამდვილად ვერავინ იტყოდა, რომ საკმარისი დრო არ ჰქონდათ აზროვნების შესაცვლელად. ამიტომ პავლე ყველანაირად ეცადა, მათთვის მყარი სულიერი საკვები მიეწოდებინა. მათ სწორედ ასეთი საკვები სჭირდებოდათ, რომ დარწმუნებულიყვნენ ქრისტიანობის აღმატებულობაში და იუდეველების წინააღმდეგობის მიუხედავად უშიშრად ექადაგათ (ებრ. 10:19—23).
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲨᲘᲨᲘ ᲖᲔᲓᲛᲔᲢᲘ ᲗᲐᲕᲓᲐᲯᲔᲠᲔᲑᲣᲚᲝᲑᲐ
16. რისი გაკეთება გვმართებს მას შემდეგ, რაც მივაღწევთ მოწიფულობას?
16 ჩვენ მას შემდეგაც არ უნდა შევწყვიტოთ სულიერი ზრდა, რაც მოწიფულ ქრისტიანად ჩამოვყალიბდებით. მაგრამ თუ ზედმეტად თავდაჯერებულები გავხდებით, ეს ხელს შეგვიშლის ამაში (1 კორ. 10:12). სულიერი პროგრესი რომ არ შევწყვიტოთ, ყოველთვის უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი (2 კორ. 13:5).
17. რა ჩანს კოლოსელებისთვის მიწერილი წერილიდან?
17 საინტერესო მხარე იკვეთება კოლოსელებისთვის მიწერილი პავლეს სიტყვებიდან. მართალია, ისინი სულიერად მოწიფულნი იყვნენ, მაგრამ, როგორც პავლემ თქვა, ეს არ იყო იმის გარანტია, რომ ქვეყნიური აზროვნების ზეგავლენაში არ მოექცეოდნენ (კოლ. 2:6—10). ეპაფრაც, რომელიც კარგად იცნობდა კოლოსელ და-ძმებს, დაუღალავად ლოცულობდა, რომ მათ მოწიფულობა შეენარჩუნებინათ (კოლ. 4:12). პავლესა და ეპაფრას კარგად ესმოდათ, რომ სირთულეების ფონზე ეს ადვილი არ იქნებოდა, თუმცა არც შეუძლებელი. მთავარი ის იყო, რომ ძალისხმევა არ დაეშურებინათ და იეჰოვასთვის ეთხოვათ დახმარება.
18. კიდევ რის შესახებ გააფრთხილა პავლემ ქრისტიანები? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
18 ებრაელებისთვის მიწერილი პავლეს წერილიდან ჩანს, რომ თუ ფრთხილად არ იქნება, მოწიფული ქრისტიანი შეიძლება ისე გაჯიუტდეს, რომ მონანიების სურვილიც კი აღარ გაუჩნდეს და საბოლოოდ ღვთის კეთილგანწყობაც დაკარგოს. საბედნიეროდ, ებრაელი ქრისტიანების საქმე მთლად ასე ცუდად არ იყო (ებრ. 6:4—9). მაგრამ რისი თქმა შეიძლება არააქტიურებზე ან მათზე, ვინც კრებიდან გაირიცხა, მაგრამ მოგვიანებით მოინანია? მონანიება იმაზე მოწმობს, რომ პავლეს სიტყვები მათზე არ ვრცელდება და მათ არ დაუკარგავთ ღვთის კეთილგანწყობილება. თუმცა მას შემდეგ, რაც იეჰოვას უბრუნდებიან, მათ დახმარება სჭირდებათ (ეზეკ. 34:15, 16). ამიტომ უხუცესებმა შეიძლება რომელიმე მოწიფულ ქრისტიანს სთხოვონ, ასეთ თანაქრისტიანს სულიერი ძალების მოკრებაში დაეხმაროს.
19. რა მიზანი უნდა გვქონდეს?
19 ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ შეძლებთ მიზნის მიღწევას და სულიერად მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბებას. მთავარია, განაგრძოთ მყარი სულიერი საკვების მიღება და ეცადოთ, ღვთისმოსაწონად იაზროვნოთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უკვე მიაღწიეთ მოწიფულობას, ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ, რომ კვლავაც გააგრძელოთ აღებული გეზით სვლა.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?
-
როგორია მოწიფული ქრისტიანი?
-
Როგორ მივაღწიოთ სულიერ მოწიფულობას?
-
რატომაა საშიში ზედმეტი თავდაჯერებულობა?
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 65 წინ!
a ებრაულ წერილებში არც სიტყვა „მოწიფული“ გვხვდება და არც მისი ზუსტი ანტონიმი. თუმცა ვხვდებით ისეთ სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც მსგავს აზრს ატარებს. მაგალითად, წიგნ „იგავებში“ ახალგაზრდა და გამოუცდელი შედარებულია ბრძენსა და გონიერთან (იგავ. 1:4, 5).
b jw.org-ზე ან JW ბიბლიოთეკაში იხილეთ სტატია „თავი დაიცავით დეზინფორმაციისგან“ (სტატიათა სერიები / სხვადასხვა).
c იხილეთ ამავე ნომერში „იდეები კვლევისთვის“.
d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ძმა ბიბლიის პირადი კვლევის დროს დანახული პრინციპების საფუძველზე ირჩევს, რა ფილმს უყუროს.