ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 33
ისწავლეთ დანიელისგან
„ძალიან ძვირფასი ხარ“ (ᲓᲐᲜ. 9:23).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 73 მოგვეცი გამბედაობა
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a
1. რატომ შეექმნათ ბაბილონელებს კარგი შთაბეჭდილება დანიელზე?
ᲓᲐᲜᲘᲔᲚᲘ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როცა ბაბილონელებმა ის ტყვედ წაიყვანეს სამშობლოდან შორს. როგორც ჩანს, ის იმიტომ შეარჩიეს, რომ უნაკლო, კარგი შესახედაობის იყო, თანაც სამეფო საგვარეულოდან. მათ გადაწყვიტეს, დანიელი სამეფო კარზე მსახურებისთვის მოემზადებინათ (1 სამ. 16:7; დან. 1:3, 4, 6).
2. რას ფიქრობდა იეჰოვა დანიელზე? (ეზეკიელი 14:14).
2 დანიელის ღირსებები არც იეჰოვას გამორჩენია მხედველობიდან. თუმცა ის ამ ახალგაზრდის გარეგნობით ან საზოგადოებრივი მდგომარეობით კი არ იყო მოხიბლული, არამედ მისი პიროვნული თვისებებით. დანიელი შესაძლოა 20 წლამდე ან ცოტა მეტის ყოფილიყო, როცა იეჰოვამ ის მართალი ნოესა და იობის გვერდით მოიხსენია, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე ერთგულად ემსახურებოდნენ მას (დაბ. 5:32; 6:9, 10; იობ. 42:16, 17; წაიკითხეთ ეზეკიელის 14:14). დანიელისადმი თბილი გრძნობები იეჰოვას არასდროს განელებია (დან. 10:11, 19).
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ამ სტატიაში ვისაუბრებთ ორ თვისებაზე, რომელთა წყალობითაც დანიელი ძვირფასი გახდა იეჰოვას თვალში. თავიდან განვიხილავთ, რა სიტუაციებში გამოავლინა მან ეს თვისებები. შემდეგ კი იმაზე ვისაუბრებთ, რა დაეხმარა მას ამ თვისებების განვითარებაში. და ბოლოს, იმაზე ვიმსჯელებთ, როგორ მივბაძოთ დანიელს. მართალია, ეს სტატია, ძირითადად, ახალგაზრდებისთვის მომზადდა, მაგრამ დანიელის მაგალითი ყველასთვის საყურადღებოა.
ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲓᲐᲜᲘᲔᲚᲘᲕᲘᲗ ᲒᲐᲑᲔᲓᲣᲚᲘ
4. როდის და როგორ გამოავლინა დანიელმა გაბედულება?
4 დანიელი უდავოდ გაბედული ახალგაზრდა იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შიში არასდროს ეუფლებოდა. მაგრამ შიშის მიუხედავად, ის განაგრძობდა იმის კეთებას, რაც იცოდა, რომ სწორი იყო. განვიხილოთ ორი შემთხვევა, როცა დანიელმა დიდი გაბედულება გამოიჩინა. პირველი ბაბილონელთა მიერ იერუსალიმის განადგურებიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ მოხდა. მეფე ნაბუქოდონოსორი ააფორიაქა სიზმარმა. ის ყველა ბრძენკაცს სიკვდილით დაემუქრა, ვინც ვერ მოუყვებოდა და აუხსნიდა სიზმარს. ეს მუქარა დანიელზეც ვრცელდებოდა (დან. 2:3—5). ასე რომ, დანიელს ძალიან სწრაფად უნდა ემოქმედა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არ აცოცხლებდნენ. ისიც წავიდა მეფესთან და სთხოვა, რომ სიზმრის ასახსნელად დრო მიეცა (დან. 2:16). ამისთვის მას ნამდვილად დასჭირდებოდა გაბედულებაც და რწმენაც, რადგან არსად წერია, რომ დანიელს მანამდე ვინმესთვის სიზმარი აეხსნა. მან თავის მეგობრებს — შადრაქს, მეშაქსა და აბედნეგოსაც b — სთხოვა, რომ ზეციერი ღვთისთვის წყალობა ეთხოვათ, რათა მათთვის ეს საიდუმლო გაემჟღავნებინა (დან. 2:18). იეჰოვამაც უპასუხოდ არ დატოვა მათი ლოცვები. ღვთის დახმარებით დანიელმა ნაბუქოდონოსორს აუხსნა სიზმარი უზარმაზარ ქანდაკებაზე, რისი წყალობითაც ის თავის მეგობრებთან ერთად სიკვდილს გადაურჩა.
5. კიდევ როგორ გამოიცადა დანიელის გაბედულება?
5 მას შემდეგ, რაც დანიელმა მეფე ნაბუქოდონოსორს უზარმაზარი ქანდაკების შესახებ სიზმარი აუხსნა, მისი გაბედულება კიდევ ერთხელ გამოიცადა. მეფე ძლიერ შეაშინა ცადაწვდენილი ხის შესახებ ნანახმა სიზმარმა. დანიელმა აუხსნა სიზმარი და ისიც გაუცხადა, რომ ჭკუაზე შეიშლებოდა და რაღაც პერიოდით სამეფო ძალაუფლებას დაკარგავდა (დან. 4:25). ამ სიტყვების გამო მეფეს შეეძლო ის მოღალატედ შეერაცხა და სიკვდილით დაესაჯა. მაგრამ დანიელმა უშიშრად უთხრა სათქმელი მეფეს.
6. სავარაუდოდ, რა სძენდა დანიელს გაბედულებას?
6 რა სძენდა დანიელს მთელი სიცოცხლის მანძილზე გაბედულებას? როგორც ჩანს, მასზე დიდი გავლენა მოახდინა მშობლების კარგმა მაგალითმა. თანაც, ეჭვგარეშეა, ისინი ემორჩილებოდნენ იეჰოვას მითითებას და პატარაობიდანვე ასწავლიდნენ დანიელს მის კანონს (კან. 6:6—9). მან მხოლოდ ათი მცნება და სხვა ძირითადი კანონები კი არ იცოდა, არამედ ისეთი დეტალებიც როგორებიცაა, რისი ჭამა შეეძლოთ ისრაელებს და რისი არა (ლევ. 11:4—8; დან. 1:8, 11—13). c ის ღვთის ხალხის ისტორიასაც იყო გაცნობილი და კარგად უწყოდა, რა სავალალო შედეგებს იმკიდნენ ღვთის ნორმების დაუმორჩილებლობისთვის (დან. 9:10, 11). ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დანიელი ღვთისა და მისი ძლევამოსილი ანგელოზების მხარდაჭერაში დაარწმუნა (დან. 2:19—24; 10:12, 18, 19).
7. კიდევ რამ შემატა დანიელს გაბედულება? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
7 დანიელი სხვადასხვა წინასწარმეტყველის, მათ შორის იერემიას წინასწარმეტყველებებს იკვლევდა. ამის წყალობით ის მიხვდა, რომ ებრაელები მალე დააღწევდნენ თავს ბაბილონელთა ხანგრძლივ ტყვეობას (დან. 9:2). იმის დანახვა, თუ როგორ სრულდებოდა წინასწარმეტყველებები, დანიელს ნდობას განუმტკიცებდა იეჰოვას მიმართ. ღვთისადმი მტკიცე ნდობა კი გაბედულებას შემატებდა (შეადარეთ რომაელების 8:31, 32, 37—39). რაც მთავარია, დანიელი ხშირად მიმართავდა ლოცვით თავის ზეციერ მამას (დან. 6:10). ის აღიარებდა ცოდვებს მის წინაშე, გულისნადებს უზიარებდა და დახმარებასაც შესთხოვდა (დან. 9:4, 5, 19). დანიელი ჩვენნაირი ადამიანი იყო. მას დაბადებიდანვე არ დაჰყოლია გაბედულება, მაგრამ ღვთის სიტყვის გამოკვლევით, ლოცვით და იეჰოვაზე მინდობით მან განივითარა ეს თვისება.
8. რისი გაკეთება გვმართებს გაბედულების განსავითარებლად?
8 ახალგაზრდებო, რისი გაკეთება გმართებთ, რომ გაბედულება განივითაროთ? შეიძლება თქვენი მშობლები გაბედულები არიან და თქვენც მოგიწოდებენ, რომ გაბედულება გამოიჩინოთ. მაგრამ ეს არაა ისეთი რამ, რაც მემკვიდრეობით გადადის. გაბედულების განვითარება უფრო ახალი უნარ-ჩვევის შეძენას ჰგავს. ჩვეულებრივ, როცა რამე ახალს ვსწავლობთ, მასწავლებელს ყურადღებით ვაკვირდებით, შემდეგ კი ვცდილობთ, მას მივბაძოთ. მსგავსად ამისა, გაბედულების განვითარებაში სხვების მაგალითებზე ფიქრი და მათი მიბაძვა დაგვეხმარება. მაშ, რა დავინახეთ დანიელის მაგალითიდან? საფუძვლიანად გაეცანით ღვთის სიტყვას. ახლო ურთიერთობა განივითარეთ იეჰოვასთან, რაშიც მასთან ხშირი და გულწრფელი ლოცვა დაგეხმარებათ. ბოლომდე მიენდეთ იეჰოვას იმაში დარწმუნებულები, რომ ის ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება. ასეთ შემთხვევაში, რწმენის გამოცდების დროს გაბედულების გამოჩენა არ გაგიჭირდებათ.
9. რა დადებითი შედეგები მოაქვს გაბედულების განვითარებას?
9 ვნახოთ, რა დადებითი შედეგები მოაქვს გაბედულების გამოვლენას. მაგალითად, ბენი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, ისეთ სკოლაში დადიოდა, სადაც ყველას ევოლუციის თეორიის სჯეროდა და ფიქრობდა, რომ შემოქმედების შესახებ ბიბლიაში მონათხრობი მითი იყო. ერთხელ მას შესაძლებლობა მიეცა, მთელი კლასისთვის აეხსნა, თუ რატომ სწამდა, რომ სიცოცხლეს შემოქმედმა მისცა დასაბამი. მან გაბედულად ისაუბრა თავისი რწმენის შესახებ. რა მოჰყვა ამას შედეგად? ბენი იხსენებს: „მასწავლებელი ყურადღებით მისმენდა. მან იმ მასალის ასლებიც გააკეთა, ჩემი აზრების გასამყარებლად რომ გამოვიყენე, შემდეგ კი კლასში ყველას დაურიგა“. კლასელებს რა რეაქცია ჰქონდათ? ბენი აღნიშნავს: „ბევრი მათგანი ობიექტური იყო. ზოგმა შემაქო კიდეც ჩემი მტკიცე პოზიციის გამო“. როგორც ბენის შემთხვევიდან ჩანს, გაბედული ადამიანები სხვების პატივისცემას იმსახურებენ ხოლმე. მეტიც, მათ შეიძლება გულწრფელი ადამიანები იეჰოვას გაცნობისკენ აღძრან. აშკარაა, გაბედულების განვითარება ნამდვილად ღირს.
ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲓᲐᲜᲘᲔᲚᲘᲕᲘᲗ ᲔᲠᲗᲒᲣᲚᲘ
10. რა არის ერთგულება?
10 ბიბლიაში „ერთგულებად“ და „ურყევ სიყვარულად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა თბილი დამოკიდებულებისა და ემოციური მიჯაჭვულობის აზრს ატარებს და ხშირად თავისი მსახურებისადმი ღვთის სიყვარულის აღსაწერად გამოიყენება. თუმცა ზოგ კონტექსტში ღვთის მსახურთა შორის არსებულ სიყვარულსაც აღწერს (2 სამ. 9:6, 7). იეჰოვა მოელის, რომ მის მიმართაც გამოვიჩენთ ასეთ სიყვარულსა და ერთგულებას. როგორც დანიელის მაგალითიდან ჩანს, დროთა განმავლობაში შეიძლება გამოვიწრთოთ და უფრო უკომპრომისოები გავხდეთ.
11. როგორ გამოიცადა დანიელის ერთგულება ღრმა სიბერეში? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
11 დანიელის ერთგულება წლების მანძილზე არაერთ გზის გამოიცადა. ერთ-ერთ ურთულეს გამოცდას ის ღრმა სიბერეში შეხვდა. იმ დროისთვის დანიელი 90 წელს იყო გადაცილებული. ბაბილონი მიდია-სპარსეთს ჰქონდა დაპყრობილი და იქ მეფე დარიოსი მმართველობდა. სამეფო კარის მოხელეებს თვალში არ მოსდიოდათ დანიელი და არაფრად აგდებდნენ მის ღმერთს. ამიტომ მათ დანიელის გამოსაჭერად და მოსაკლავად გეგმა შეიმუშავეს და მეფეს ხელი მოაწერინეს ბრძანებულებაზე, რომელიც მეფის გარდა სხვისთვის თხოვნით მიმართვას კრძალავდა. ერთადერთი, რაც დანიელს მოეთხოვებოდა, ის იყო, რომ მეფისთვის ერთგულება დაემტკიცებინა და სხვების დასანახავად არ ელოცა. თუმცა ის ღვთის ერთგული დარჩა, რის გამოც ლომების ხაროში ჩააგდეს. იეჰოვამ დაუფასა დანიელს ერთგულება და დაიხსნა ლომებისგან (დან. 6:12—15, 20—22). როგორ განვივითაროთ ისეთივე უკომპრომისო ერთგულება, როგორიც დანიელს ჰქონდა?
12. როგორ განივითარა დანიელმა ღვთისადმი უკომპრომისო ერთგულება?
12 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთგულებას ძლიერი სიყვარული უდევს საფუძვლად. სწორედ იმის გამო, რომ დანიელს ძალიან უყვარდა იეჰოვა, მისი ერთგულება უკომპრომისო იყო ღვთის მიმართ. ასეთი სიყვარულის განვითარებაში კი დანიელს იმაზე ფიქრი დაეხმარა, თუ როგორ საოცარ თვისებებს ფლობს იეჰოვა და როგორ ავლენს მათ (დან. 9:4). დანიელი იმაზეც ფიქრობდა, რაც იეჰოვას თავისი ხალხისთვის და პირადად მისთვის გაეკეთებინა და გული მადლიერებით ევსებოდა (დან. 2:20—23; 9:15, 16).
13. ა) როგორ იცდება ჩვენი ახალგაზრდების ერთგულება? მოიყვანეთ მაგალითი (იხილეთ აგრეთვე სურათი). ბ) როგორ უპასუხებთ მას, ვისაც ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეების პოზიცია აინტერესებს?
13 დანიელის მსგავსად, ჩვენს ახალგაზრდებს ისეთი ხალხის გარემოცვაში უწევთ ყოფნა, რომლებიც არად აგდებენ იეჰოვას და მის ნორმებს. მათ შეიძლება არც მისი მოყვარული ადამიანები მოსდიოდეთ თვალში. ზოგი იმასაც კი ცდილობს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ღვთისადმი ერთგულება დაათმობინოს. ვნახოთ, რა შეემთხვა ავსტრალიაში მცხოვრებ ერთ ახალგაზრდას, როცა მაღალ კლასებში სწავლობდა. ერთხელ მასწავლებელმა კლასს ჰკითხა, რა რეაქცია ექნებოდათ, თუ მეგობარი გაუმხელდა, რომ ჰომოსექსუალი იყო? შემდეგ მოსწავლეებს უთხრა, რომ ვინც მხარს დაუჭერდა ასეთ მეგობარს, საკლასო ოთახის ერთ მხარეს დამდგარიყო, ხოლო ვინც არა — მეორე მხარეს. გრეიემი იხსენებს: „კლასის მეორე მხარეს მხოლოდ მე და კიდევ ერთი იეჰოვას მოწმე აღმოვჩნდით“. მაგრამ ყველაფერი ამით როდი დამთავრდა. ნამდვილი რწმენის გამოცდა წინ ელოდათ. გრეიემი დასძენს: „გაკვეთილის ბოლომდე კლასელები და მასწავლებელიც კი შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და დაგვცინოდნენ. ვეცადე, ჩემი პოზიცია მშვიდად და ტაქტიანად ამეხსნა მათთვის, მაგრამ ყური არავინ მათხოვა“. როგორ იმოქმედა მომხდარმა გრეიემზე? ის ამბობს: „შეურაცხმყოფელი სიტყვების მოსმენა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ იყო. მაგრამ ის კი მიხაროდა, რომ დათმობაზე არ წავედი და მტკიცედ დავიცავი ჩემი პოზიცია“. d
14. რა დაგვეხმარება, ბოლომდე ვუერთგულოთ იეჰოვას?
14 თქვენც შეძლებთ ბოლომდე უერთგულოთ იეჰოვას, თუ დანიელის მსგავსად ძლიერ შეიყვარებთ მას. იეჰოვასადმი სიყვარულსა და პატივისცემას გაიღრმავებთ, თუ მეტს გაიგებთ მის საოცარ თვისებებზე, რაშიც ღვთის ქმნილებებზე დაკვირვებაც დაგეხმარებათ (რომ. 1:20). მაგალითად, შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიები სტატიათა სერიიდან „ვინ შექმნა?“ ან უყუროთ ამავე კატეგორიაში მოცემულ ვიდეორგოლებს, აგრეთვე გაეცნოთ ბროშურებს „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ და „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“. აი რა თქვა დანიაში მცხოვრებმა ერთმა დამ ესთერმა ამ ბროშურებზე: „ძალიან მაგარი არგუმენტებია მოყვანილი. ეს ბროშურები იმას კი არ გკარნახობს, რა უნდა დაიჯერო და რა არა, უბრალოდ, ფაქტებს გაწვდის, რომ დასკვნა შენით გააკეთო“. ბენი კი ამბობს: „ამ ბროშურებში მოცემულმა ინფორმაციამ დამარწმუნა, რომ სიცოცხლეს ღმერთმა მისცა დასაბამი და რწმენა განმიმტკიცა“. ამ ბროშურების შესწავლის შემდეგ, ალბათ, თქვენც იტყვით: „იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, შენ გეკუთვნის დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი“ (გამოცხ. 4:11). e
15. კიდევ რა დაგვეხმარება იეჰოვასთან დაახლოებაში?
15 იეჰოვასადმი სიყვარულს ისიც გაგვიღრმავებს, თუ გულდასმით გამოვიკვლევთ მისი ძის, იესო ქრისტეს, ცხოვრებას. გერმანიაში მცხოვრები ერთი ახალგაზრდა და სამირა სწორედ ასე მოიქცა. აი რას ამბობს ის: „იესოს შესახებ მეტის გაგება იეჰოვას გაცნობაში დამეხმარა“. პატარაობაში მას უჭირდა, იეჰოვა თავის მეგობრად აღექვა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, იესო ძალიან მოსწონდა, რადგან მეგობრული იყო და ძალიან უყვარდა ბავშვები. რაც უფრო მეტს იგებდა სამირა იესოს შესახებ, მით უფრო უახლოვდებოდა იეჰოვასაც. ის ამბობს: „ნელ-ნელა მივხვდი, რომ იესო სრულყოფილად ჰბაძავს მამას. ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და იეჰოვამაც იესო ზუსტად იმიტომ გამოგზავნა დედამიწაზე, რომ უკეთ გაგვაცნოს საკუთარი თავი“ (იოან. 14:9). თუ გსურთ, მეტად დაუახლოვდეთ იეჰოვას, შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი გაიგოთ იესოს შესახებ. ასეთ შემთხვევაში უფრო მეტად შეგიყვარდებათ იეჰოვა და იმის სურვილიც გაგიძლიერდებათ, რომ ბოლომდე უერთგულოთ მას.
16. როგორ დაგვიფასდება ერთგულება? (ფსალმუნი 18:25; 37:28).
16 ჩვეულებრივ, ერთგულ ადამიანებს ერთგული მეგობრებიც ჰყავთ (რუთ. 1:14—17). იეჰოვაც, თავისი დაპირებისამებრ, „ერთგულს ერთგულებით უპასუხებს“, რაც ნამდვილად დიდ შინაგან სიმშვიდეს გვგვრის (წაიკითხეთ ფსალმუნის 18:25; 37:28). უბრალოდ დაფიქრდით: ყოვლისშემძლე შემოქმედი გვპირდება, რომ ყოველთვის ვეყვარებით და გვიერთგულებს. ვიცით, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ვერაფერი „ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს“, თვით სიკვდილიც კი (დან. 12:13; ლუკ. 20:37, 38; რომ. 8:38, 39). სწორედ ამიტომ გვინდა, მივბაძოთ დანიელს და ვუერთგულოთ იეჰოვას.
ᲛᲔᲢᲘ ᲒᲐᲘᲒᲔᲗ ᲓᲐᲜᲘᲔᲚᲘᲡ ᲓᲐ ᲛᲘᲡᲘ ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
17, 18. რატომ ღირს დანიელის წინასწარმეტყველებების გამოკვლევა?
17 ამ სტატიაში ჩვენ დანიელის მხოლოდ ორი თვისება განვიხილეთ. თუმცა მის მიერ დაწერილი წიგნიდან კიდევ ბევრი რამის სწავლას შევძლებთ. მაგალითად, იეჰოვამ დანიელს წინასწარმეტყველური ხილვები და სიზმრები ახილვინა და მათი ახსნის უნარიც მისცა. ამ წინასწარმეტყველებებიდან ბევრი უკვე შესრულდა. თუმცა დანიელმა სხვა მოვლენებიც იწინასწარმეტყველა, რომლებიც ჩვენს დროში შესრულდება და ყველა ადამიანის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.
18 მომდევნო სტატიაში ორ ასეთ წინასწარმეტყველებას განვიხილავთ. მათი მნიშვნელობის გაგება თითოეულ ჩვენგანს, ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს, დაგვეხმარება, რომ დღესვე მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები, მოვიკრიბოთ გაბედულება და იმისთვისაც მოვემზადოთ, რომ მომავალში მოსახდენი მოვლენების დროს იეჰოვას ერთგულები დავრჩეთ.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 119 რწმენა უნდა გვქონდეს
a დღეს იეჰოვას ახალგაზრდა მსახურები ხშირად დგებიან ისეთი სიტუაციების წინაშე, როცა მათგან გაბედულება და ერთგულება მოითხოვება. შესაძლოა მათ თანაკლასელები ან სხვა თანატოლები იმის გამო დასცინიან, რომ შემოქმედის სწამთ. ისინი ცდილობენ, აფიქრებინონ მათ, რომ ღვთის მსახურება და მისი ნორმებით ცხოვრება საღ აზრსაა მოკლებული. ამ სტატიიდან დავინახავთ, რომ სინამდვილეში გონივრულად ის იქცევა, ვინც დანიელის მსგავსად გაბედულებას ავლენს და ერთგულად ემსახურება იეჰოვას.
b ეს სახელები მათ ბაბილონელებმა შეარქვეს.
c დანიელმა, ალბათ, შემდეგი სამი მიზეზის გამო თქვა უარი ბაბილონელთა საკვებზე: 1) შესაძლოა კერძები ისეთი ცხოველის ხორცისგან მზადდებოდა, რომელთა ჭამაც მოსეს კანონით ეკრძალებოდათ (კან. 14:7, 8); 2) შესაძლოა ცხოველის ხორციდან სისხლი სათანადოდ არ იყო გამოშვებული (ლევ. 17:10—12); 3) შესაძლოა მათი კერძების ჭამა ცრუ ღვთაების თაყვანისცემაში ჩასთვლოდა (შეადარეთ ლევიანების 7:15 და 1 კორინთელების 10:18, 21, 22).
d jw.org-ზე უყურეთ ვიდეოს „მუდმივი სიმშვიდე ჭეშმარიტი სიმართლის ნაყოფი იქნება“.
e იეჰოვასადმი სიყვარული რომ გაიღრმაოთ, შეგიძლიათ აგრეთვე შეისწავლოთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“, რომელიც უკეთ გაგაცნობთ მის პიროვნებას.