არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 36

მოიშორეთ ზედმეტი და ატარეთ, რაც სატარებელია

მოიშორეთ ზედმეტი და ატარეთ, რაც სატარებელია

„მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს, და . . . მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე სარბიელი“ (ᲔᲑᲠ. 12:1).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 33 მიანდე იეჰოვას შენი საზრუნავი

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რა არის საჭირო ფინიშის ხაზის გადასაკვეთად? (ებრაელები 12:1).

 ᲦᲕᲗᲘᲡ სიტყვა ქრისტიანულ ცხოვრებას რბოლას ადარებს. ვინც ფინიშის ხაზს გადაკვეთს, ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს (2 ტიმ. 4:7, 8). ჩვენ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ არ შევწყვიტოთ რბოლა, მით უმეტეს, რომ ფინიშის ხაზს სადაცაა გადავკვეთთ. პავლე მოციქული, რომელმაც ბოლომდე გაირბინა სარბიელი, ჩვენც გვირჩევს, რა უნდა გავაკეთოთ ამ რბოლაში გასამარჯვებლად. ის მოგვიწოდებს, რომ „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს და . . . მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე სარბიელი“ (წაიკითხეთ ებრაელების 12:1).

2. რა უნდა მოვიშოროთ?

2 როცა პავლე მოციქულმა მოგვიწოდა, რომ მოგვეშორებინა „ყველაფერი, რაც გვამძიმებს“, მას არ უგულისხმია, რომ ქრისტიანებს არაფრის ტარება არ მოგვეთხოვებოდა. ის ზედმეტ ტვირთს გულისხმობდა, რომელიც რბოლაში შეგვიშლიდა ხელს და ძალას გამოგვაცლიდა. ამიტომ მაშინვე უნდა ამოვიცნოთ, რა გვაწევს ტვირთად, და რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ. თუმცა ამავე დროს უნდა ვიფრთხილოთ, რომ იმის ტარებაზეც არ ვთქვათ უარი, რაც ნამდვილად ჩვენი სატარებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვეთიშებით რბოლას (2 ტიმ. 2:5).

3. ა) გალატელების 6:5-ის თანახმად, რისი ტარება გვევალება? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში და რატომ?

3 წაიკითხეთ გალატელების 6:5. როცა თქვა, რომ „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“, პავლე იმ პასუხისმგებლობებს გულისხმობდა, რომლებიც ღვთის წინაშე გვაკისრია და რომელთაც ჩვენ გარდა სხვა ვერავინ ატარებს. ამ სტატიაში განვიხილავთ, კონკრეტულად რა შედის ამ პასუხისმგებლობებში და როგორ ვატაროთ ეს „სატარებელი“. ჩვენ იმაზეც ვისაუბრებთ, რა შეიძლება იყოს ზედმეტი ტვირთი და როგორ მოვიშოროთ. თუ გავითვალისწინებთ მოცემულ რჩევებს, შევძლებთ სარბიელის ბოლომდე გარბენას.

ᲘᲡ, ᲠᲐᲪ ᲡᲐᲢᲐᲠᲔᲑᲔᲚᲘᲐ

რას ნიშნავს, ვატაროთ ჩვენი სატარებელი? ჩვენ მიძღვნის აღთქმის თანახმად უნდა ვიცხოვროთ, პირნათლად შევასრულოთ ოჯახური მოვალეობები და პასუხისმგებლობა ავიღოთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე (იხილეთ აბზაცები 4—9).

4. რატომ არ გვაწევს ტვირთად მიძღვნის აღთქმა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

4 მიძღვნის აღთქმა. მიძღვნის დროს იეჰოვას აღვუთქვით, რომ თაყვანს ვცემდით და მის ნებას შევასრულებდით. აუცილებელია, აღთქმული შევასრულოთ. მართალია, ეს დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, მაგრამ ტვირთად არ გვაწევს, რადგან იეჰოვამ თავისი ნების შესასრულებლად შეგვქმნა (გამოცხ. 4:11). ჩვენ მის ანარეკლად ვართ შექმნილი და იმის მოთხოვნილებაც დევს ჩვენში, რომ დავუახლოვდეთ ზეციერ მამას. ამიტომაც სიხარულს განვიცდით, როცა მის ნებას ვასრულებთ (ფსალმ. 40:8). მეტიც, იეჰოვას ნების შესრულება და მისი ძის ნაკვალევის მიყოლა ჩვენთვის გამომაცოცხლებელია ანუ ძალას გვმატებს (მათ. 11:28—30).

(იხილეთ აბზაცები 4, 5)

5. რა დაგეხმარებათ, შეასრულოთ მიძღვნის აღთქმა? (1 იოანე 5:3).

5 რა დაგეხმარებათ, შეასრულოთ აღთქმა? პირველი, იეჰოვასადმი სიყვარულის გაღრმავებაა. ამისთვის უნდა დაფიქრდეთ იმ ყოველივეზე, რაც იეჰოვას თქვენთვის წარსულში გაუკეთებია და რასაც მომავალში გააკეთებს. იეჰოვასადმი ძლიერი სიყვარული კი, თავის მხრივ, მის მორჩილებას გაგიადვილებთ (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:3). მეორე, რაც აღთქმის შესრულებაში დაგეხმარებათ, იესოს მიბაძვაა. მან შეძლო, ბოლომდე შეესრულებინა ღვთის ნება, რადგან იეჰოვას ლოცვაში სთხოვდა დახმარებას და ჯილდოსკენ ჰქონდა მზერა მიპყრობილი (ებრ. 5:7; 12:2). თქვენც იეჰოვას სთხოვეთ ძალა და ყოველთვის იფიქრეთ მომავლის იმედზე. თუ ძლიერ შეიყვარებთ მას და მიჰბაძავთ იესოს, შეძლებთ მიძღვნის აღთქმის შესრულებას.

6. რატომ უნდა შევასრულოთ პირნათლად ოჯახური მოვალეობები? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

6 ოჯახური მოვალეობები. სიცოცხლისთვის რბოლაში რომ გავიმარჯვოთ, ოჯახის წევრებზე მეტად იეჰოვა და იესო უნდა გვიყვარდეს (მათ. 10:37). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ოჯახურ მოვალეობებზე, თითქოსდა, ხელს გვიშლიდეს იეჰოვას მსახურებაში. სინამდვილეში, იეჰოვასა და იესოს თვალში ჩვენი მსახურება მისაღები რომ იყოს, პირნათლად უნდა შევასრულოთ ოჯახური პასუხისმგებლობები (1 ტიმ. 5:4, 8). იეჰოვამ კარგად იცის, რომ ოჯახი ბედნიერი იქნება, თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას გამოავლენს, მშობლები სიყვარულით აღზრდიან შვილებს და შვილებიც მშობლების მორჩილები იქნებიან (ეფეს. 5:33; 6:1, 4).

(იხილეთ აბზაცები 6, 7)

7. რა დაგეხმარებათ, პირნათლად შეასრულოთ ოჯახური მოვალეობები?

7 რა დაგეხმარებათ, თავი გაართვათ ოჯახურ მოვალეობებს? ოჯახში ყველა უნდა ცდილობდეს, რომ ბიბლიური სიბრძნით იხელმძღვანელოს. ბრმად ნუ ენდობით გულის კარნახს, ეგრეთ წოდებული ექსპერტების შეხედულებებსა თუ თქვენს კულტურაში გავრცელებულ წეს-ჩვეულებებს (იგავ. 24:3, 4). ამაში ჩვენი პუბლიკაციების გამოკვლევაც დაგეხმარებათ. მათში მოცემულია რჩევები, თუ როგორ გამოიყენოთ ბიბლიური პრინციპები ცხოვრებაში. მაგალითად, სტატიათა სერიაში „რჩევები ოჯახებს“ განიხილება კონკრეტული სირთულეები, რომლებსაც წყვილები, მშობლები და ახალგაზრდები ხვდებიან. b ეცადეთ, ბიბლიაში ჩაწერილი რჩევები იმ შემთხვევაშიც გამოიყენოთ, თუ ოჯახის წევრები ასე არ იქცევიან. ამან შეიძლება კარგი შედეგი გამოიღოს და, რაც მთავარია, ძალისხმევას იეჰოვა დაგიფასებთ (1 პეტ. 3:1, 2).

8. რა გავლენას ახდენს ჩვენზე მიღებული გადაწყვეტილებები?

8 პასუხისმგებლობა, რომელსაც მიღებული გადაწყვეტილებები გვაკისრებს. იეჰოვამ თითოეულ ჩვენგანს ნების თავისუფლება გვიბოძა და სურს, რომ ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომლებიც ბედნიერებას მოგვანიჭებს. თუმცა თუ არასწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, შედეგებისგან არ დაგვიცავს (გალ. 6:7, 8). მაგალითად, თუ არაგონივრულ არჩევანს ვაკეთებთ, დაუფიქრებლად ვამბობთ რამეს ან ნაჩქარევად ვმოქმედებთ, მზად უნდა ვიყოთ, შედეგებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ. შეიძლება ჩადენილი საქციელის გამო სინდისიც გვქენჯნიდეს. თუმცა რაკი ვიცით, რომ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება, ეს აღგვძრავს, მოვინანიოთ, გამოვასწოროთ შეცდომა და იგივე აღარ გავიმეოროთ. თუ ასე მოვიქცევით, არ გამოვეთიშებით სიცოცხლისთვის რბოლას.

(იხილეთ აბზაცები 8, 9)

9. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

9 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ? თუ შეცდომის გამოსწორება არ შეგიძლიათ, შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ წარსულს ვერ შეცვლით და თვალი გაუსწორეთ რეალობას. ნუ შეალევთ დროსა და ენერგიას თავის გამართლებას და ნურც საკუთარი თავის თუ სხვების დადანაშაულებას მოჰყვებით. ჯობს, აღიაროთ შეცდომა და მოცემულ სიტუაციაში მაქსიმალურად შეეცადოთ გონივრულად მოქცევას. იმ შემთხვევაში, თუ სინდისი გქენჯნით, თავმდაბლურად მიმართეთ იეჰოვას ლოცვით, აღიარეთ დანაშაული და სთხოვეთ პატიება (ფსალმ. 25:11; 51:3, 4). მათაც მოუხადეთ ბოდიში, ვისაც ცუდად მოექეცით და საჭიროების შემთხვევაში უხუცესებსაც მიმართეთ დახმარებისთვის (იაკ. 5:14, 15). ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე და ეცადეთ, იგივე აღარ გაიმეოროთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ იეჰოვა წყალობას გამოავლენს თქვენდამი და საჭირო დახმარებასაც აღმოგიჩენთ (ფსალმ. 103:8—13).

ᲢᲕᲘᲠᲗᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲝᲕᲘᲨᲝᲠᲝᲗ

10. რა შეიძლება გახდეს ჩვენთვის ტვირთი და რატომ? (გალატელები 6:4).

10 არარეალისტური მოლოდინი. თუ საკუთარ თავს სხვებს ვადარებთ, შეიძლება არარეალისტური მოლოდინები გაგვიჩნდეს და ეს ტვირთად გვექცეს (წაიკითხეთ გალატელების 6:4). ამან შეიძლება ჩვენში შური და მეტოქეობის სული გააღვივოს და სხვების შემხედვარემ ისეთი მიზნები დავისახოთ, რომლებიც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება (გალ. 5:26). თუკი ხანგრძლივი მოლოდინი ასნეულებს გულს, წარმოიდგინეთ, რას გვიზამს ისეთი მოლოდინი, რომელიც ვერასდროს გამართლდება (იგავ. 13:12). არარეალისტურმა მიზნებმა შეიძლება ისე გამოგვაცალოს ძალა, რომ სიცოცხლისთვის რბოლის გაგრძელების თავიც აღარ გვქონდეს (იგავ. 24:10).

11. რა დაგეხმარებათ, არ გქონდეთ საკუთარი თავისადმი არარეალისტური მოლოდინი?

11 როგორ უნდა მოიშოროთ ეს ტვირთი? იმაზე მეტს ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს, ვიდრე ამას იეჰოვა მოელის თქვენგან. გახსოვდეთ, ის ყოველთვის ითვალისწინებს თქვენს შესაძლებლობებს (2 კორ. 8:12). გჯეროდეთ, რომ იეჰოვა არასდროს შეგადარებთ სხვას (მათ. 25:20—23). ის ძალიან აფასებს პირადად თქვენ მიერ მთელი გულით შესრულებულ მსახურებას და თქვენს ერთგულებასა და მოთმინებას. გამოიჩინეთ მოკრძალება და შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ ასაკის, ჯანმრთელობის თუ სხვა მიზეზების გამო შეიძლება იმდენი ვეღარ გააკეთოთ, რამდენის სურვილიც გაქვთ. თუ ფიზიკური ჯანმრთელობა ხელს არ გიწყობთ, ბარზილაის მსგავსად, მზად იყავით, უარი თქვათ პასუხისმგებლობებზე (2 სამ. 19:35, 36). მოსეს მსგავსად, უარი არ თქვათ დახმარებაზე და, როცა შესაძლებელია, სხვებსაც გაუნაწილეთ პასუხისმგებლობა (გამ. 18:21, 22). თუ მოკრძალებული იქნებით, ისეთ მიზნებს არ დაისახავთ, რომლებიც რბოლის გაგრძელების ძალას გამოგაცლით.

12. გვაკისრებს იეჰოვა პასუხისმგებლობას სხვების გადაწყვეტილებებზე? ახსენით.

12 სხვების არასწორი გადაწყვეტილებები. ჩვენ სხვის მაგივრად გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ და ვერც თავიდან ავარიდებთ არასწორი გადაწყვეტილების შედეგებს. მაგალითად, თუ ახალგაზრდა უარს იტყვის იეჰოვას მსახურებაზე, ეს მშობელს ენით აუწერელ ტკივილს მიაყენებს. თუმცა თუ ის საკუთარ თავს დაიდანაშაულებს, მძიმე ტვირთს აიკიდებს. ამ ტვირთის ტარებას იეჰოვა არ მოელის მშობლებისგან (რომ. 14:12).

13. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ შვილი არასწორ გადაწყვეტილებას იღებს?

13 როგორ უნდა მოიშოროთ ეს ტვირთი? არ დაგავიწყდეთ, რომ იეჰოვამ თითოეულ ჩვენგანს ნების თავისუფლება გვიბოძა და ყველას გვაძლევს არჩევანის გაკეთების უფლებას. მაგალითად, ჩვენ თავად ვირჩევთ, ვემსახურებით თუ არა მას. ფაქტია, იეჰოვამ კარგად იცის, რომ ყველა მშობელს რაღაც ეშლება. ამიტომ ის თქვენგან სრულყოფილებას კი არა, იმის გაკეთებას მოელის, რაც შეგიძლიათ. საკუთარ გადაწყვეტილებაზე თქვენი შვილი თავად აგებს პასუხს (იგავ. 20:11). და მაინც, თუ მოსვენებას გიკარგავთ მისი აღზრდისას დაშვებულ შეცდომებზე ფიქრი, იეჰოვას გაანდეთ თქვენი გრძნობები და პატიება სთხოვეთ. მას კარგად ესმის, რომ წარსულს ვერ შეცვლით. ის არც იმას მოელის თქვენგან, რომ შვილს ცუდი გადაწყვეტილების შედეგებს აარიდებთ თავიდან. ისიც გახსოვდეთ, რომ თუ თქვენი შვილი რაღაცას მაინც ეცდება იეჰოვასთან დასაბრუნებლად, ის სიხარულით მიიღებს მას (ლუკ. 15: 18—20).

14. რა შეიძლება გვექცეს ტვირთად და რატომ უნდა მოვიშოროთ?

14 დანაშაულის გრძნობა. ბუნებრივია, რომ ცოდვის ჩადენის შემდეგ დანაშაულის გრძნობა დაგვეუფლოს. თუმცა იეჰოვას არ სურს, გამუდმებით დავიდანაშაულოთ თავი. ეს ტვირთი უნდა მოვიშოროთ. მაგრამ როგორ მივხვდეთ, რომ ზედმეტად ვწუხვართ? თუ ვაღიარეთ ცოდვა, მოვინანიეთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ იგივე არ გავიმეოროთ, ეჭვი აღარ უნდა შეგვეპაროს, რომ იეჰოვამ გვაპატია (საქ. 3:19). იეჰოვას ნამდვილად არ სურს, ამის შემდეგაც გვტანჯავდეს დანაშაულის გრძნობა, რადგან კარგად იცის, რომ ამან შეიძლება გაგვანადგუროს (ფსალმ. 31:10). თუ დანაშაულის გრძნობა გვშთანთქავს, შეიძლება საერთოდ შევწყვიტოთ რბოლა (2 კორ. 2:7).

როცა გულწრფელად ვინანიებთ, იეჰოვა ივიწყებს ჩვენს ცოდვებს. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ! (იხილეთ აბზაცი 15).

15. რა უნდა გააკეთოთ, რომ დანაშაულის გრძნობამ არ გშთანთქათ? (1 იოანე 3:19, 20; იხილეთ აგრეთვე სურათები).

15 როგორ უნდა მოიშოროთ ეს ტვირთი? თუ დანაშაულის გრძნობა გტანჯავთ, იფიქრეთ, რაოდენ მიმტევებელია იეჰოვა (ფსალმ. 130:4). როცა ადამიანი გულწრფელად ინანიებს, იეჰოვა პატიობს მას და ჰპირდება, რომ აღარ გაუხსენებს ცოდვას (იერ. 31:34). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის აღარ მოგთხოვთ პასუხს ჩადენილის გამო. ნუ დაასკვნით, რომ რაკი ჩადენილი ცოდვის შედეგებს იმკით, იეჰოვამ არ გაპატიათ. ნურც თვითგვემას მოჰყვებით, თუ წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო პასუხისმგებლობები დაკარგეთ. იეჰოვამ დაივიწყა თქვენი ცოდვები, ამიტომ თქვენც უნდა დაივიწყოთ (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:19, 20).

ᲑᲝᲚᲝᲛᲓᲔ ᲒᲐᲘᲠᲑᲘᲜᲔᲗ ᲡᲐᲠᲑᲘᲔᲚᲘ

16. რა უნდა გვქონდეს კარგად გააზრებული?

16 ჩვენ ისე უნდა ვირბინოთ, რომ მოვიპოვოთ ჯილდო (1 კორ. 9:24). ამას კი იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ კარგად გვექნება გააზრებული, რა არის ჩვენი სატარებელი და რა არა. ამ სტატიაში მხოლოდ ზოგიერთ მათგანს შევეხეთ. თუმცა კიდევ ბევრი რამ შეიძლება გვექცეს ტვირთად. მაგალითად, ლუკას 21:34-ში იესოს გაფრთხილებას ვკითხულობთ, რომ თავი არ დავიმძიმოთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით. ღვთის სიტყვაში ბევრ მსგავს რჩევას ვხვდებით, რომლებიც საჭირო ცვლილებების მოხდენაში გვეხმარება.

17. რატომ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ სიცოცხლისთვის რბოლაში გაიმარჯვებთ?

17 გჯეროდეთ, რომ იეჰოვა მოგცემთ სიცოცხლისთვის რბოლაში გასამარჯვებლად საჭირო ძალას (ეს. 40:29—31). ამიტომ განაგრძეთ სირბილი და, პავლე მოციქულის მსგავსად, ყოველი ღონე იხმარეთ, რომ მოიპოვოთ ჯილდო (ფილ. 3:13, 14). ამ სარბიელს თქვენ მაგივრად ვერავინ გაირბენს, თუმცა მარტონი არ ხართ. თქვენ გვერდით იეჰოვაა. ის დაგეხმარებათ, ატაროთ თქვენი სატარებელი, მოიშოროთ ზედმეტი ტვირთი, ბოლომდე გაირბინოთ სარბიელი და გადაკვეთოთ ფინიშის ხაზი (ფსალმ. 68:19).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 65 წინ!

a ამ სტატიაში მოცემული რჩევები სიცოცხლისთვის რბოლას გაგვიადვილებს. ამ რბოლაში ყველას ჩვენ-ჩვენი სატარებელი გვაქვს, მაგალითად, მიძღვნის დროს აღებული ვალდებულება, ოჯახური მოვალეობები და მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად დაკისრებული პასუხისმგებლობა. თუმცა თუ ისეთი ტვირთი გვაქვს აკიდებული, რომელიც ხელს გვიშლის რბოლაში, ის აუცილებლად უნდა მოვიშოროთ. ამ სტატიიდან გავიგებთ, რა შეიძლება დაგვაწვეს ტვირთად.