როგორ მოვიქცეთ, თუ მეუღლე პორნოგრაფიას უყურებს
-
„ყოველ ჯერზე ისეთი განცდა მეუფლებოდა, რომ ქმარი მღალატობდა“.
-
„თავი უღირსად და დამცირებულად ვიგრძენი. ვფიქრობდი, რომ მისთვის სასურველი არ ვიყავი“.
-
„გულს ვერავის ვუშლიდი. ამ პრობლემასთან მარტოს მიწევდა ჭიდილი“.
-
„მეგონა, იეჰოვას არ აღელვებდა ჩემი მდგომარეობა“.
ეს სიტყვები იმაზე მეტყველებს, თუ რამხელა ტკივილს განიცდის ცოლი, როცა ქმარი პორნოგრაფიას უყურებს. და თუ გაიგებს, რომ ამას მალულად თვეების ან წლების განმავლობაში აკეთებდა, ცოლს შეიძლება საერთოდ დაეკარგოს ქმრისადმი ნდობა. აი რას ამბობს ერთი ქალი: „ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ჩემს მეუღლეს საერთოდ არ ვიცნობდი. ვფიქრობდი, ნეტავ კიდევ რას მიმალავს-მეთქი“.
ამ სტატიაში განხილული ბიბლიური აზრები ცოლებს ანუგეშებს, იეჰოვას მხარდაჭერაში დაარწმუნებს და ემოციური და სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაეხმარება. a b
ᲠᲘᲡᲘ ᲒᲐᲙᲔᲗᲔᲑᲐ ᲨᲔᲣᲫᲚᲘᲐ ᲪᲝᲚᲡ
ფაქტია, ყოველთვის არ გეცოდინებათ, რას აკეთებს თქვენი მეუღლე და ამან შეიძლება სიმშვიდე დაგირღვიოთ. ამიტომ მოდი ვნახოთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ მეტ-ნაკლებად მაინც იგრძნოთ შინაგანი სიმშვიდე.
თავს ნუ დაიდანაშაულებთ. ცოლმა შეიძლება თავი დაიდანაშაულოს იმის გამო, რომ ქმარი პორნოგრაფიას უყურებს. მაგალითად, ერთ დას, ალისას, c ეგონა, რომ ქმრისთვის სასურველი და მიმზიდველი აღარ იყო და ამიტომაც უყურებდა პორნოგრაფიას. ზოგი ცოლი კი ფიქრობს, რომ თავისი მძაფრი რეაქციით კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას. მაგალითად, დანიელა ამბობს: „ისე ვბრაზობდი ხოლმე, რომ მეგონა, ჩემი საქციელით ჩვენს ქორწინებას ძირს ვუთხრიდი“.
თუ ასეთი გრძნობები თქვენთვისაც არაა უცხო, ერთი რამ უნდა გახსოვდეთ: იეჰოვა არ ფიქრობს, რომ თქვენი ქმრის საქციელში ოდნავ მაინც მიგიძღვით ბრალი. იაკობის 1:14-ში წერია: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას“ (რომ. 14:12; ). ასე რომ, გჯეროდეთ, იეჰოვა კი არ გადანაშაულებთ, პირიქით, მისადმი ერთგულებისთვის ძალიან გაფასებთ ( ფილ. 2:122 მატ. 16:9).
თუ ქმარი პორნოგრაფიას უყურებს, ცოლმა არ უნდა დაასკვნას, რომ თავად არ არის მიმზიდველი და სათანადოდ ვერ ასრულებს მეუღლის მოვალეობას. სპეციალისტები ამბობენ, რომ პორნოგრაფია ადამიანში ისეთ გაუკუღმართებულ სურვილებს აღვივებს, რომელთაც ვერცერთი ქალი ვერ დააკმაყოფილებს.
არ გშთანთქოთ წუხილმა. ერთი და კეთრინი, რომლის ქმარიც პორნოგრაფიას უყურებდა, ამბობს, რომ მეუღლის საქციელზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. ფრანცისი კი აღნიშნავს: „პანიკაში ვვარდები, როცა ზუსტად არ ვიცი, სადაა ჩემი მეუღლე, და მთელი დღე აფორიაქებული და გაღიზიანებული ვარ“. ზოგი აღნიშნავს, რომ თავს ძალიან უხერხულად გრძნობს იმ თანაქრისტიანების გარემოცვაში, რომელთაც შეიძლება იცოდნენ მისი ქმრის პრობლემა. ზოგს კი მარტოობის გრძნობა ეუფლება, რადგან ფიქრობს, რომ ვერავინ უგებს.
მსგავსი გრძნობები სავსებით ბუნებრივია, თუმცა თუ მათ გასაქანს მისცემთ, თავს უარესად იგრძნობთ. ამიტომ ეცადეთ, უფრო მეტად დაუახლოვდეთ იეჰოვას და ეს შინაგან ძალას შეგმატებთ (ფსალმ. 62:2; ეფეს. 6:10).
შეიძლება თქვენთვის წამალივით აღმოჩნდეს ბიბლიაში ჩაწერილ შემთხვევებზე დაფიქრება. ძველად ზოგი ღვთისმოშიში ქალიც განიცდიდა ძლიერ ემოციურ ტკივილს. ამ დროს ისინი დახმარებას იეჰოვას შესთხოვდნენ. მართალია, იეჰოვა ყოველთვის არ აგვარებდა მათ პრობლემებს, მაგრამ შინაგან სიმშვიდეს აძლევდა. მაგალითად, სულგამწარებულ ხანას ლოცვის შემდეგ სიმშვიდე დაეუფლა, არადა არ იცოდა, მოგვარდებოდა თუ არა მისი პრობლემა (1 სამ. 1:10, 12, 18; 2 კორ. 1:3, 4).
დახმარებისთვის უხუცესებსაც მიმართეთ. ისინი შეიძლება თქვენთვის „თავშესაფარი [აღმოჩნდნენ] ქარში და საფარი ქარიშხალში“ (ეს. 32:2). სურვილის შემთხვევაში, მათ შეიძლება ისიც გირჩიონ, რომელ დას გაანდოთ თქვენი სატკივარი (იგავ. 17:17).
ᲠᲘᲡᲘ ᲒᲐᲙᲔᲗᲔᲑᲐ ᲨᲔᲒᲘᲫᲚᲘᲐᲗ ᲛᲔᲣᲦᲚᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲐᲓ
შეიძლება თქვენმა მცდელობამ ყოველთვის არ გამოიღოს სასურველი შედეგი, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ შეძლოთ მეუღლის დახმარება. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, პრობლემის წინაშე „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას“ (ეკლ. 4:9—12). კვლევებმა ცხადყო, რომ როცა მეუღლეები ერთად ებრძვიან ამ პრობლემას და ცდილობენ, ერთმანეთის ნდობა აღიდგინონ, შედეგიც დგება ხოლმე.
თუმცა წარმატება მეტწილად თქვენი ქმრის მონდომებაზე იქნება დამოკიდებული. მან გულწრფელად უნდა სთხოვოს იეჰოვას ძალა და უხუცესებსაც მიმართოს დახმარებისთვის (2 კორ. 4:7; იაკ. 5:14, 15). აგრეთვე სტრატეგია უნდა შეიმუშავოს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ცდუნების წინაშე დადგომის ალბათობა. მაგალითად, უნდა განსაზღვროს, როგორ გამოიყენებს ელექტრონულ მოწყობილობებს ან როგორ აარიდებს თავს მაცდუნებელ სიტუაციებს (იგავ. 27:12). ის იმისთვისაც უნდა იყოს მზად, რომ დახმარება მიიღოს თქვენგან და არაფერი დაგიმალოთ. ამ შემთხვევაში ერთობლივი ძალებით შეიძლება მოახერხოთ პრობლემაზე გამარჯვება. ვნახოთ, როგორ.
მაგალითად, ერთი და ფელიშა, რომლის მეუღლესაც პორნოდამოკიდებულება ბავშვობაში განუვითარდა, ცდილობს, გაუადვილოს მას საუბარი, როცა პორნოგრაფიის ყურების სურვილი იპყრობს. მისი მეუღლე ეთანი ამბობს: „ამ პრობლემაზე ჩემს ცოლთან გულწრფელად და გულღიად ვსაუბრობ. ის მეხმარება, თავი ავარიდო მაცდუნებელ სიტუაციებს და ვიფრთხილო ინტერნეტით სარგებლობისას. ამასთანავე, ხშირად მეკითხება, როგორ ვუმკლავდები ჩემს პრობლემას“. ბუნებრივია, ფელიშას გულს სტკენს ის ფაქტი, რომ ეთანს პორნოგრაფია იზიდავს. თუმცა ის ასეთ რამეს ამბობს: „თუ გავბრაზდები ან გავნაწყენდები, მას ნამდვილად ვერ დავეხმარები. ამიტომ ვცდილობთ, გულღიად ვისაუბროთ მის პრობლემაზე. შედეგად მასაც არ უჭირს ჩემს მდგომარეობაში შესვლა“.
ასეთი გულახდილი საუბრები ქმარს ეხმარება, არ აჰყვეს პორნოგრაფიის ყურების სურვილს, ცოლს კი მისადმი ნდობით განაწყობს. ფაქტია, როცა ქმარი თავისუფლად საუბრობს თავის სისუსტეებზე და საქმის კურსში აყენებს მეუღლეს, თუ სად არის და რას აკეთებს, ეს ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.
თუ ფიქრობთ, რომ ეს რჩევები თქვენს შემთხვევაშიც გაამართლებს, კარგი იქნება, ეს სტატია მეუღლესთან ერთად განიხილოთ. თქვენმა მცდელობამ სასურველი შედეგი რომ გამოიღოს, აუცილებელია, ქმარმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. მაგალითად, მიზნად დაისახოს ამ მავნე ჩვევის დაძლევა და თქვენი ნდობის მოპოვება. აგრეთვე უნდა ეცადოს, რომ არ გაღიზიანდეს, როცა მასთან ამ პრობლემაზე საუბრობთ, პირიქით, თქვენი თვალით უნდა შეხედოს სიტუაციას. თქვენ კი ყველანაირად შეეცადეთ, მხარი დაუჭიროთ ქმარს ამ ბრძოლაში და დაუფასოთ ძალისხმევა, რომელსაც თქვენი ნდობის მოპოვებას ახმარს. ორივეს კარგად უნდა გესმოდეთ, რა უბიძგებს ადამიანს პორნოგრაფიის ყურებისკენ და რა არის საჭირო ამ ჩვევის მოსაშორებლად. d
შეიძლება ფიქრობთ, რომ ამ საკითხზე მეუღლესთან მშვიდად ვერ ისაუბრებთ. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, ისეთ უხუცესს სთხოვოთ თქვენს საუბარს დაესწროს, რომელთანაც თავს ორივე თავისუფლად გრძნობთ. ერთი რამეც გახსოვდეთ: თქვენმა მეუღლემ რომც დაძლიოს ეს მავნე ჩვევა, ნდობის აღსადგენად დრო დაგჭირდებათ. შეეცადეთ, ნებისმიერი დადებითი ცვლილება შენიშნოთ თქვენს ურთიერთობაში. ნუ დაკარგავთ იმედს, რომ თქვენი მოთმინება დაჯილდოვდება და დროთა განმავლობაში უწინდებური ურთიერთობა გექნებათ (ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲝᲘᲥᲪᲔᲗ, ᲗᲣ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐᲓ ᲠᲩᲔᲑᲐ?
შეიძლება თქვენს მეუღლეს წლების შემდეგაც კი შეახსენოს თავი ამ მავნე ჩვევამ. მაგრამ იმედს ნუ გადაიწურავთ და ნუ იფიქრებთ, რომ ის არ ნანობს ჩადენილ საქციელს. პორნოდამოკიდებულ ადამიანს შეიძლება მთელი ცხოვრება მოუწიოს ამ ჩვევასთან ბრძოლა. ჩავარდნებმა სისტემატური სახე რომ არ მიიღოს, საჭიროა, თქვენმა მეუღლემ საკუთარ თავს უფრო მკაცრი წესები დაუდგინოს (იგავ. 28:14; მათ. 5:29; 1 კორ. 10:12). მან უნდა შეიცვალოს აზროვნება და შეიძულოს ბოროტება, რაშიც პორნოგრაფია, მასტურბაცია და სხვა უწმინდური ჩვევები შედის (ეფეს. 4:23; ფსალმ. 97:10; რომ. 12:9). თუ ის მზადაა, რომ ბოლომდე იბრძოლოს, მაშინ სიტუაცია უიმედო არ არის. e
მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი მეუღლე არ ცდილობს ამ პრობლემასთან ბრძოლას? ამ შემთხვევაში ბუნებრივია, თუ იმედგაცრუება დაგეუფლებათ, ბრაზი მოგერევათ და თავს ისე იგრძნობთ, თითქოს გიღალატეს. შინაგანი სიმშვიდე რომ დაიბრუნოთ, პრობლემა იეჰოვას მიანდეთ (1 პეტ. 5:7). იეჰოვასთან ურთიერთობის განსამტკიცებლად იკვლიეთ მისი სიტყვა, იფიქრეთ წაკითხულზე და ილოცეთ. გჯეროდეთ, რომ ისიც უფრო დაგიახლოვდებათ. როგორც ესაიას 57:15-დან ვიგებთ, იეჰოვა ჩაგრულებთან და თავმდაბლებთან მკვიდრობს, რათა გამოაცოცხლოს ისინი და სიხარული დაუბრუნოს. თქვენი მხრივ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ღვთისთვის მოსაწონი ადამიანი იყოთ. მიმართეთ უხუცესებს დახმარებისთვის და იმედს ნუ გადაიწურავთ, რომ ერთ დღესაც თქვენი მეუღლე ცვლილებებს მოახდენს (რომ. 2:4; 2 პეტ. 3:9).
a იგივე პრინციპები იმ მამაკაცებსაც გამოადგებათ, რომელთა ცოლებიც პორნოგრაფიას უყურებენ.
c სახელები შეცვლილია.
d ამ საკითხზე რჩევები შეგიძლიათ მოიძიოთ jw.org-ზე და ჩვენს პუბლიკაციებში. მაგალითად, იხილეთ ვებსტატია „პორნოგრაფია საფრთხეს უქმნის ქორწინებას“, აგრეთვე 2014 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ სტატია „თქვენ შეგიძლიათ გაუძლოთ ცდუნებას!“, გვ. 10—12 და 2013 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ სტატია „პორნოგრაფია უვნებელია თუ მომწამვლელი?“, გვ. 3—7.
e ვინაიდან პორნოგრაფია დამოკიდებულებას იწვევს, ზოგმა წყვილმა უხუცესებისგან სულიერი დახმარების მიღების გარდა გადაწყვიტა, სპეციალისტებისთვისაც მიემართა.