არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდებო, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ კმაყოფილების მომტანი ცხოვრება!

ახალგაზრდებო, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ კმაყოფილების მომტანი ცხოვრება!

„შენ მასწავლი სიცოცხლის გზას“ (ფსალმ. 16:11).

სიმღერები: 133, 89

1, 2. როგორი ცვლილებების მოხდენაა შესაძლებელი, როგორც ეს ტონის შემთხვევიდან გამოჩნდა?

ტონის დამამთავრებელ კლასებში გარიცხვით ემუქრებოდნენ. ის უმამოდ იზრდებოდა და სწავლისადმი ყოველგვარი ინტერესი ჰქონდა დაკარგული. ტონი შაბათ-კვირას ან კინოთეატრში ატარებდა, ან მეგობრებთან ერთად ერთობოდა. თუმცა ის არც ძალადობის მოყვარული იყო და არც ნარკოტიკებს იღებდა. მას უბრალოდ არანაირი მიზანი არ ჰქონდა ცხოვრებაში. ტონის ღვთის არსებობაც აეჭვებდა, თუმცა ერთხელ იეჰოვას მოწმეებს შეხვდა, რომელთაც თავისი ეჭვები გაანდო. მოწმეებმა მას მისცეს ბროშურები „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ და „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“.

2 როცა მოწმეები ისევ შეხვდნენ, ტონის მთლიანად ჰქონდა აზროვნება შეცვლილი. მას ბროშურები ისე ჰქონდა შესწავლილი, რომ ფურცლები უკვე გაცრეცილი იყო. ტონიმ უთხრა მათ: „ღმერთი ნამდვილად არსებობს!“. ის მოწმეებს ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა და თანდათან მთლიანად შეიცვალა ცხოვრებაზე შეხედულება. ერთ დროს ჩამორჩენილი მოსწავლე ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ იქცა. დირექტორმაც კი, რომელმაც იცოდა ტონის ახლად შეძენილი რწმენის შესახებ, გაოცება ვერ დამალა და უთხრა: „შენ მთლიანად შეიცვალე; ნიშნებიც საგრძნობლად გააუმჯობესე. ეს იეჰოვას მოწმეების დამსახურებაა?“. ტონიმ უპასუხა, რომ ეს ნამდვილად ასე იყო და თავისი მრწამსი გაუზიარა. მან წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა და დღეს პიონერად და მომსახურედ მსახურობს. ის ბედნიერია, რომ ჰყავს შესანიშნავი მამა, იეჰოვა (ფსალმ. 68:5).

დაემორჩილე იეჰოვას და წარმატებული იქნები

3. რა რჩევას აძლევს იეჰოვა ახალგაზრდებს?

3 ტონის შემთხვევა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა დიდ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდებს. მას სურს, რომ წარმატებული და კმაყოფილი იყო შენი ცხოვრებით. ამიტომ გირჩევს: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“ (ეკლ. 12:1). დღევანდელ ქვეყნიერებაში ეს რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. იეჰოვას დახმარებით შეგიძლია, არა მხოლოდ ახალგაზრდობაში იყო წარმატებული, არამედ მთელი სიცოცხლე. ამაში დასარწმუნებლად განვიხილოთ, რა დაეხმარა ისრაელ ერს აღთქმული მიწის დამკვიდრებაში და დავითს გოლიათის დამარცხებაში.

4, 5. რის სწავლა შეგვიძლია ისრაელების შემთხვევიდან, რომლებმაც გამარჯვება მოიპოვეს ქანაანელებზე, და დავითისგან, რომელმაც გოლიათი დაამარცხა? (იხილეთ სურათი 24-ე გვერდზე)

4 როცა ისრაელები აღთქმულ მიწას მიუახლოვდნენ, იეჰოვას არ უთქვამს მათთვის, რომ საბრძოლო უნარ-ჩვევები გაეუმჯობესებინათ ან ომისთვის მომზადებულიყვნენ (კან. 28:1, 2). ღმერთი მათგან მხოლოდ მორჩილებასა და ნდობას მოითხოვდა (იეს. 1:7—9). ადამიანური გადასახედიდან ეს რჩევა აზრს მოკლებული ჩანდა. მაგრამ ეს საუკეთესო რჩევა იყო, რადგან იეჰოვამ თავის ხალხს ზედიზედ მოაპოვებინა გამარჯვება ქანაანელებზე (იეს. 24:11—13). დიახ, ღვთისადმი მორჩილებას რწმენა სჭირდება, თუმცა რწმენით მოქმედებას ყოველთვის წარმატება სდევს თან. ეს ასე იყო წარსულში და ასეა დღესაც!

5 ძლიერი მეომარი გოლიათი, რომელიც სიმაღლით თითქმის სამ მეტრს აღწევდა, კარგად იყო შეიარაღებული (1 სამ. 17:4—7). მის წინააღმდეგ გამოსულ დავითს კი მხოლოდ ორი რამ ჰქონდა: შურდული და იეჰოვასადმი რწმენა. მათ თვალში, ვისაც ღვთისადმი რწმენა აკლდა, დავითი სულელივით გამოიყურებოდა, მაგრამ ძალიან ცდებოდნენ! სინამდვილეში დავითი კი არა, გოლიათი იყო სულელი (1 სამ. 17:48—51).

6. რას განვიხილავთ ვრცლად ამ სტატიაში?

6 წინა სტატიაში ვისაუბრეთ ოთხ მხარეზე, რომელთაც ჩვენთვის ბედნიერება და წარმატება მოაქვს. ესენი იყო: სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, კარგი მეგობრების შეძენა, ღირებული მიზნების დასახვა და ღვთისგან ბოძებული თავისუფლების დაფასება. წინამდებარე სტატიაში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ ამ საკითხებზე და განვიხილავთ მე-16 ფსალმუნში ჩაწერილ ზოგიერთ პრინციპს.

დაიკმაყოფილე სულიერი მოთხოვნილებები

7. ა) როგორ დაახასიათებდი სულიერად მოაზროვნე ადამიანს? ბ) ვინ იყო დავითის „წილი“ და როგორ აისახა ეს მასზე?

7 სულიერი ადამიანი ღვთისადმი რწმენას ავლენს და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მის შეხედულებებს იზიარებს. ის იეჰოვასგან ეძებს ხელმძღვანელობას და მას ემორჩილება (1 კორ. 2:12, 13). დავითი ამის კარგი მაგალითია. ის მღეროდა: „იეჰოვას მსახურება ჩემთვის განკუთვნილი წილია და სასმისი“ (ფსალმ. 16:5). ამ მუხლში გამოყენებული სიტყვა „წილი“ იმაზე მიუთითებს, რომ დავითს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან და მასთან ეძებდა თავშესაფარს (ფსალმ. 16:1). შედეგად დავითს შეეძლო ეთქვა: „ხარობს ჩემი გული“. დიახ, მას ყველაზე დიდ სიხარულს იეჰოვასთან მეგობრობა ანიჭებდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 16:9, 11).

8. რა გვანიჭებს ცხოვრებაში ნამდვილ კმაყოფილებას?

8 სიხარული, რომელსაც დავითი განიცდიდა, უცხოა იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ცხოვრებაში უმთავრესი სიამოვნების მიღება და სიმდიდრის მოხვეჭაა (1 ტიმ. 6:9, 10). ერთი კანადელი ძმა ამბობს: «ნამდვილი კმაყოფილება იმას კი არ მოაქვს, რასაც ამ ცხოვრებიდან ვიღებთ, არამედ იმას, რასაც „ყოველი კარგი ძღვნის“ მბოძებლისთვის, იეჰოვა ღმერთისთვის, გავცემთ» (იაკ. 1:17). ნამდვილად ასეა, იეჰოვასადმი რწმენის განვითარება და მისადმი მსახურება შენს ცხოვრებას აზრს შესძენს და ნამდვილ კმაყოფილებას მოგანიჭებს. როგორ შეგიძლია გაიძლიერო რწმენა? დრო უნდა დაუთმო იეჰოვას, რაშიც ბიბლიის კითხვა, შემოქმედებაზე დაკვირვება და ღვთის შესანიშნავ თვისებებზე ფიქრი იგულისხმება. მაგალითად, შეგიძლია დაფიქრდე, როგორ ავლენს ღმერთი შენდამი სიყვარულს (რომ. 1:20; 5:8).

9. როგორ შეგიძლია დავითის მსგავსად ღვთის სიტყვას შენი გამოძერწვის საშუალება მისცე?

9 ზოგჯერ იეჰოვა ჩვენდამი სიყვარულს იმით ავლენს, რომ მოსიყვარულე მამის მსგავსად საჭიროების შემთხვევაში რჩევებს გვაძლევს. დავითი სიხარულით იღებდა მისგან რჩევებს. მან თქვა: „ვაკურთხებ იეჰოვას, რომელიც რჩევას მაძლევს; ჩემს გამოსწორებას ემსახურება ჩემი თირკმელები ღამღამობით“ (ფსალმ. 16:7). დიახ, ის ფიქრობდა ღვთის აზრებზე და ითავისებდა მათ, რითაც იეჰოვას გამოძერწვის საშუალებას აძლევდა. თუ დავითის მსგავსად იმოქმედებ, უფრო მეტად შეგიყვარდება იეჰოვა და მისადმი მორჩილების სურვილი გაგიძლიერდება, რაც სულიერად მოწიფულ ადამიანად ჩამოგაყალიბებს. ერთი და, სახელად კრისტინი, ამბობს: „როცა ღრმად ვიკვლევ საკითხებს და ვფიქრობ მათზე, ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ იეჰოვამ ის პირადად ჩემთვის დაწერა“.

10. ესაიას 26:3-ის თანახმად, რაში დაგეხმარება სულიერი აზროვნება?

10 არ გავაზვიადებთ, თუ ვიტყვით, რომ სულიერი ხედვა განსაკუთრებულ ცოდნასა და წვდომის უნარს გძენს. ეს გეხმარება, იეჰოვას თვალით უყურო ამ ქვეყნიერებას და მის მომავალს. რატომ გაძლევს იეჰოვა ცოდნასა და წვდომის უნარს? მას სურს, რომ გონივრულად დაადგინო ცხოვრებაში პრიორიტეტები, ბრძნული გადაწყვეტილებები მიიღო და მომავალს იმედისა და რწმენის თვალით უყურო (წაიკითხეთ ესაიას 26:3). შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი ძმა, სახელად ჯოშუა, ასეთ დასკვნას აკეთებს: „როცა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა გაქვს, სხვა ყველაფერს სათანადო ადგილს უჩენ“. ეს ნამდვილად ასეა. თანაც მსგავსად მოქმედებას უდიდესი კმაყოფილება მოაქვს!

შეიძინე კარგი მეგობრები

11. როგორ ირჩევდა დავითი მეგობრებს?

11 წაიკითხეთ ფსალმუნის 16:3. დავითმა იცოდა, როგორ შეეძინა კარგი მეგობრები. მას სიამოვნებას ანიჭებდა მათთან ურთიერთობა, ვისაც იეჰოვა უყვარდა. ის „წმინდებად“ მოიხსენიებს ზნეობრივად სუფთა და პატიოსან ადამიანებს. სხვა ფსალმუნმომღერალიც მსგავსად ირჩევდა მეგობრებს. ის წერდა: „ყველა შენი მოშიშისა და შენი ბრძანებების შემსრულებლის მეგობარი ვარ“ (ფსალმ. 119:63). როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, შენც შეგიძლია იეჰოვას მსახურთა შორის კარგი მეგობრების პოვნა. თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ისინი შენი თანატოლები იყვნენ.

12. რა ედო საფუძვლად დავითისა და იონათანის მეგობრობას?

12 დავითის სამეგობრო წრე მხოლოდ მისი თანატოლებით არ შემოიფარგლებოდა. შეგიძლია გაიხსენო, ვინ იყო დავითის საუკეთესო მეგობარი? მას იონათანი ერქვა. მათი ამბავი ბიბლიაში ჩაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ისტორიაა ნამდვილ მეგობრობაზე. იცოდი, რომ იონათანი დავითზე თითქმის 30 წლით უფროსი იყო? რა ედო საფუძვლად დავითისა და იონათანის მეგობრობას? ღვთისადმი რწმენა, ურთიერთპატივისცემა და გაბედულება, რომელსაც ორივენი ავლენდნენ იეჰოვას მტრების წინაშე (1 სამ. 13:3; 14:13; 17:48—50; 18:1).

13. როგორ შეგიძლია გააფართოო შენი სამეგობრო წრე? მოიყვანე მაგალითი.

13 დავითისა და იონათანის მსგავსად, ჩვენც გვსიამოვნებს მათთან ურთიერთობა, ვისაც უყვარს იეჰოვა და რწმენას ავლენს მის მიმართ. კირა, რომელიც არაერთი წელია, იეჰოვას ემსახურება, ამბობს: „მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული წარმომავლობისა და კულტურის მეგობრები მყავს“. როცა სამეგობრო წრეს აფართოებ, თავად რწმუნდები, რომ იეჰოვას სიტყვა და მისი სული აერთიანებს ადამიანებს.

ისწრაფე ღირებული მიზნებისკენ

14. ა) რა დაგეხმარება, რომ ღირებული მიზნები დაისახო? ბ) რას ამბობს ზოგი ახალგაზრდა სულიერ მიზნებზე?

14 წაიკითხეთ ფსალმუნის 16:8. დავითი მთლიანად ღვთისმსახურებაზე იყო კონცენტრირებული. შენც იგრძნობ ნამდვილ კმაყოფილებას, თუ იეჰოვას მსახურებას პირველ ადგილზე დააყენებ და მის მოსაწონ მიზნებს დაისახავ. ერთი ძმა, სახელად სტივენი, ამბობს: „დიდ კმაყოფილებას მანიჭებს დასახული მიზნისკენ სწრაფვა, მისი მიღწევა და იმის დანახვა, რომ რაღაცაში გავუმჯობესდი“. ახალგაზრდა გერმანელი ძმა, რომელიც სხვა ქვეყანაში გადავიდა მსახურებისთვის, აღნიშნავს: „როცა მოვხუცდები და უკან მოვიხედავ, არ მინდა, ისეთი შეგრძნება დამრჩეს, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მიცხოვრია“. დარწმუნებულები ვართ, შენც იზიარებ მის აზრს. თუ ასეა, შენი შესაძლებლობები იეჰოვას განსადიდებლად და სხვების საკეთილდღეოდ გამოიყენე (გალ. 6:10). დაისახე სულიერი მიზნები და იეჰოვას სთხოვე, ხელი მოგიმართოს მათ მიღწევაში. ღმერთი დიდი სიამოვნებით პასუხობს ასეთ ლოცვებს (1 იოან. 3:22; 5:14, 15).

15. რა მიზნები შეგიძლია დაისახო? (იხილე ჩარჩო „ ღირებული მიზნები“)

15 რა მიზნები შეგიძლია დაისახო? შეიძლება გადაწყვიტო, რომ საკუთარი სიტყვებით გააკეთო კრებაზე კომენტარი, იმსახურო პიონერად ან ბეთელში. შეგიძლია უცხო ენა იმ მიზნით შეისწავლო, რომ უცხოენოვან ტერიტორიაზე იმსახურო. ახალგაზრდა ბარაკი, რომელიც სრული დროით მსახურობს, ამბობს: „ყოველდღე იმ გრძნობით ვიღვიძებ, რომ მთელ ჩემს ძალას იეჰოვას მსახურებას ვახმარ, ასეთ სასიამოვნო გრძნობას სხვა ვერცერთი საქმის კეთება ვერ მოგანიჭებს“.

დააფასე ღვთისგან ბოძებული თავისუფლება

16. რას ფიქრობდა დავითი იეჰოვას სამართლიან ნორმებზე და რატომ?

16 წაიკითხეთ ფსალმუნის 16:2, 4. როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, იეჰოვას სამართლიანი კანონები და პრინციპები გვათავისუფლებს, რადგან გვეხმარება, შევიძულოთ ცუდი და შევიყვაროთ კარგი (ამოს. 5:15). ფსალმუნმომღერალი დავითი ფაქტობრივად ამბობდა, რომ იეჰოვაა ყოველგვარი სიკეთის წყარო. იეჰოვას სიკეთე ყველა მის ნამოქმედარში ჩანს და ყველაფერი კარგი, რაც გაგვაჩნია, მისი წყალობით გვაქვს. დავითი ყველაფერს აკეთებდა, რომ ამ თვისების გამოვლენაში ღმერთისთვის მიებაძა. მან აგრეთვე შეიძულა ყველაფერი, რაც საძულველი იყო ღვთის თვალში. ამაში შედის კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ამდაბლებს ადამიანს ღვთის თვალში და კუთვნილ დიდებას ართმევს იეჰოვას (ეს. 2:8, 9; გამოცხ. 4:11).

17, 18. ა) რა დასკვნა გააკეთა დავითმა ცრუთაყვანისმცემლობის შედეგებთან დაკავშირებით? ბ) რა უმრავლებს დღეს ადამიანებს ტკივილს?

17 ბიბლიურ დროში კერპთაყვანისმცემლობის დროს ხალხი უკიდურეს უზნეობას სჩადიოდა (ოს. 4:13, 14). თაყვანისმცემლობის ასეთი ფორმა ცოდვილ სხეულს აამებდა, თუმცა ეს ყველაფერი დროებითი იყო. დავითმა ასეთ ადამიანებზე თქვა: „ტკივილი უმრავლდებათ მათ, ვინც . . . [სხვა ღმერთის] გამოჩენისთანავე მისკენ ისწრაფვის“. ისინი გაუგონარ სისასტიკესაც სჩადიოდნენ და შვილებს კერპებს სწირავდნენ (ეს. 57:5). იეჰოვას სძულს ასეთი საქციელი (იერ. 7:31). იმ დროში რომ გეცხოვრა, ალბათ, ძალიან მადლიერი იქნებოდი, თუ ღვთისმოშიში მშობლები გეყოლებოდა.

18 არც დღეს არის უკეთესი მდგომარეობა, რადგან არაერთი რელიგია იწყნარებს სექსუალურ უზნეობას, მათ შორის ჰომოსექსუალიზმს. ამ ეგრეთ წოდებული „ზნეობრივი თავისუფლების“ შედეგები ისეთივე სავალალოა, როგორიც ბიბლიურ დროში იყო (1 კორ. 6:18, 19). ალბათ, ამჩნევ, რომ ასეთი ცხოვრების წესით ხალხი ტკივილს იმრავლებს. ასე რომ, ახალგაზრდებო, მოუსმინეთ თქვენს ზეციერ მამას. სრულად იყავით დარწმუნებული, რომ მისი მორჩილება თქვენთვისვეა კარგი. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საზიანო შედეგები, რომლებიც არასწორ საქციელს მოჰყვება, ნებისმიერ დროებით სიამოვნებას გადაწონის (გალ. 6:8). დასაწყისში მოხსენიებული ჯოშუა ამბობს: „ჩვენ შეგვიძლია ისე გამოვიყენოთ თავისუფლება, როგორც გვინდა, მაგრამ, თუ მას ბოროტად გამოვიყენებთ, კმაყოფილებას ვერასდროს ვიგრძნობთ“.

19, 20. რა კურთხევები ელით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იეჰოვასადმი რწმენასა და მორჩილებას ავლენენ?

19 იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოან. 8:31, 32). ამ თავისუფლებაში ადამიანის ცრუ რელიგიისგან, უმეცრებისა და ცრურწმენისგან გათავისუფლებაც იგულისხმება. უფრო მეტიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბოლოოდ „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ მივიღებთ (რომ. 8:21). თუ დარჩები ქრისტეს სიტყვაში, ანუ მიჰყვები მის სწავლებებს, დღესვე იგრძნობ თავისუფლებას. ასეთი სახით არა მხოლოდ თეორიულად „შეიცნობ ჭეშმარიტებას“, არამედ საკუთარ ცხოვრებაზე გამოცდი მის ფასს.

20 ახალგაზრდებო, დააფასეთ ღვთისგან ბოძებული თავისუფლება, გონივრულად გამოიყენეთ ის და მტკიცე საძირკველი ჩაუყარეთ თქვენს მომავალს. ერთმა ახალგაზრდა ძმამ თქვა: „ახალგაზრდობაში თავისუფლების გონივრულად გამოყენება მომავლისთვის მოგამზადებს, როცა უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევს ისეთ საკითხებში, როგორიცაა შესაფერისი სამსახურის არჩევა, დაქორწინება ან რაღაც პერიოდი დაუქორწინებლად დარჩენა“.

21. რა დაგეხმარება, დარჩე „ჭეშმარიტ სიცოცხლემდე“ მიმყვან გზაზე?

21 ამ დრომოჭმულ ქვეყნიერებაში, ეგრეთ წოდებული კარგი ცხოვრებაც არასტაბილური და ხანმოკლეა. არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე (იაკ. 4:13, 14). გონივრული იქნება, თუ დარჩები გზაზე, რომელიც „ჭეშმარიტ სიცოცხლემდე“ ანუ მარადიულ სიცოცხლემდე მიგიყვანს (1 ტიმ. 6:19). თუმცა იეჰოვა არავის აიძულებს ამ გზაზე სიარულს. ეს ჩვენი არჩევანია. დაე იეჰოვა იყოს შენი „წილი“. დააფასე „ყოველივე კარგი“, რასაც ის გაძლევს (ფსალმ. 103:5). არასდროს შეგეპაროს ეჭვი, რომ იეჰოვას შეუძლია მარადიულად მოგგვაროს სიხარული და ბედნიერება (ფსალმ. 16:11).