არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდებო, შემოქმედს თქვენი ბედნიერება სურს!

ახალგაზრდებო, შემოქმედს თქვენი ბედნიერება სურს!

„ყოველივე კარგით აძღებს შენს სიცოცხლეს“ (ფსალმ. 103:5).

სიმღერები: 135, 39

1, 2. რატომ არის ბრძნული, მიზნების დასახვის დროს ყურად ვიღოთ შემოქმედის რჩევა? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

როგორც ახალგაზრდას, მომავალთან დაკავშირებით, ალბათ, უამრავი რჩევა მიგიღია. შესაძლოა მასწავლებლები თუ სხვები უმაღლესი განათლებისა და მაღალანაზღაურებადი სამსახურისკენ გიბიძგებენ. თუმცა იეჰოვა სრულიად განსხვავებულ გზას გთავაზობს. ცხადია, მას უნდა, რომ ბეჯითი მოსწავლე იყო, რათა სკოლის დამთავრების შემდეგ თავის რჩენა შეძლო (კოლ. 3:23). მაგრამ, როცა საქმე პრიორიტეტების დადგენას ეხება, ღმერთს სურს, ისეთი პრინციპებით იხელმძღვანელო, რომლებიც ამ ბოლო დღეებში მის მოსაწონად მოქცევაში დაგეხმარება (მათ. 24:14).

2 გახსოვდეს, რომ იეჰოვა სრულ სურათს ხედავს. მან კარგად იცის, რა მოხდება მომავალში და რამდენად ახლოს არის ამ ქვეყნიერების აღსასრული (ეს. 46:10; მათ. 24:3, 36). ის ჩვენც კარგად გვიცნობს — იცის, რა გვანიჭებს ნამდვილ კმაყოფილებასა და ბედნიერებას, და პირიქით, რა იწვევს ჩვენს იმედგაცრუებასა და მწუხარებას. ასე რომ, რაოდენ გონივრულიც არ უნდა გვეჩვენებოდეს, ადამიანური რჩევა ვერანაირად ვერ იქნება ბრძნული, თუ ის ღვთის სიტყვას არ ეთანხმება (იგავ. 19:21).

„არ არსებობს სიბრძნე . . . იეჰოვას რომ დაუპირისპირდეს“

3, 4. რა მოუტანა ცუდი რჩევის გათვალისწინებამ პირველ წყვილს და მათ შთამომავლებს?

3 პირველმა ცუდმა რჩევამ კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე გაიჟღერა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ასპარეზზე სატანა გამოჩნდა. კადნიერმა და თვითმარქვია მრჩეველმა ევას უთხრა, რომ ის და მისი ქმარი უფრო ბედნიერები იქნებოდნენ, თუ თვითონ წარმართავდნენ თავიანთ ცხოვრებას (დაბ. 3:1—6). თუმცა სინამდვილეში სატანას ეგოისტური მოტივები ამოძრავებდა. მას სურდა, ადამი და ევა თავიანთ შთამომავლობასთან ერთად მისი მორჩილები და თაყვანისმცემლები ყოფილიყვნენ და არა იეჰოვასი. მაგრამ მას ხომ საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია მათთვის! პირველ წყვილს ყველაფერი იეჰოვას წყალობით ჰქონდა. სწორედ იეჰოვას მადლიერები უნდა ყოფილიყვნენ, რომ ჰყავდათ ერთმანეთი, ცხოვრობდნენ მშვენიერ ბაღში, ჰქონდათ სრულყოფილი სხეული და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა.

4 სამწუხაროდ, ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს და ჩამოშორდნენ მას, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვა. მოწყვეტილი ყვავილის მსგავსად, ისინიც ნელ-ნელა „დაჭკნენ“ და მოკვდნენ. ცოდვის მწარე შედეგები მათმა შთამომავლებმაც იგემეს (რომ. 5:12). თუმცა ადამისა და ევას მსგავსად დღესაც ძალიან ბევრი ამბობს უარს ღვთისადმი მორჩილებაზე, რადგან თავიანთ ნებაზე სურთ ცხოვრება (ეფეს. 2:1—3). შედეგები ცალსახად იმაზე მეტყველებს, რომ „არ არსებობს სიბრძნე . . . იეჰოვას რომ დაუპირისპირდეს“ (იგავ. 21:30).

5. რაში იყო იეჰოვა დარწმუნებული და გამართლდა, თუ არა მისი მოლოდინი?

5 მიუხედავად ამისა, იეჰოვამ იცოდა, რომ იქნებოდნენ ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდებიც, რომლებიც ძებნას დაუწყებდნენ მას და მისი მსახურები გახდებოდნენ (ფსალმ. 103:17, 18; 110:3). ასეთი ახალგაზრდები იეჰოვასთვის ძალიან ძვირფასები არიან! შენც მათ შორის ხარ? თუ ასეა, ცხადია, ხარობ ღვთისგან ბოძებული „ყოველივე კარგით“, რომელიც დიდ ბედნიერებას განიჭებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:5; იგავ. 10:22). ამ სტატიიდან გავიგებთ, რომ „ყოველივე კარგი“ მოიცავს უხვ სულიერ საზრდოს, კარგ მეგობრებს, ღირებულ მიზნებსა და ნამდვილ თავისუფლებას.

იეჰოვას წყალობით სულიერ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებ

6. რატომ უნდა დაიკმაყოფილო სულიერი მოთხოვნილება და რით უზრუნველგყოფს იეჰოვა?

6 ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვენ სულიერი მოთხოვნილებებით ვართ შექმნილნი, რომლის დაკმაყოფილებაც მხოლოდ შემოქმედს შეუძლია (მათ. 4:4). როცა მადლიერებით უსმენ იეჰოვას, იძენ წვდომის უნარს, ბრძენდები და თავს ბედნიერად გრძნობ. იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათ. 5:3). იეჰოვა შენს სულიერ მოთხოვნილებებზე თავისი სიტყვისა და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწვდილი უხვი სულიერი საზრდოს მეშვეობით ზრუნავს (მათ. 24:45). ის ნამდვილად უხვი და ნაირფეროვანი საზრდოთი გვკვებავს! (ეს. 65:13, 14).

7. როგორ დაგეხმარება ღვთისგან ბოძებული სულიერი საზრდო?

7 იეჰოვასგან ბოძებული სულიერი საზრდო სიბრძნესა და ჭკუას შეგმატებს, რაც ბევრი რამისგან დაგიცავს (წაიკითხეთ იგავების 2:10—14). სიბრძნე და ჭკუა დაგეხმარება, არ დაიჯერო ისეთი ცრუ სწავლება, როგორიცაა შემოქმედის არარსებობა. აგრეთვე დაგიცავს, არ გაიზიარო მცდარი შეხედულება, რომ თითქოს ბედნიერება ფულზე და სიმდიდრეზეა დამოკიდებული. სიბრძნე და ჭკუა იმაშიც დაგეხმარება, რომ დაინახო და წინააღმდეგობა გაუწიო არასწორ სურვილებსა და მავნე ჩვევებს. ამიტომ ყველაფერი გააკეთე, რომ დაბრძენდე და საღად იაზროვნო. არასდროს დაგავიწყდეს მათი ფასი! თუ სიბრძნესა და ჭკუას შეიძენ, თავად დარწმუნდები, რომ იეჰოვას უყვარხარ და საუკეთესო სურს შენთვის (ფსალმ. 34:8; ეს. 48:17, 18).

8. რატომ უნდა დაუახლოვდე ღმერთს ახლა და როგორ დაგეხმარება ეს მომავალში?

8 სატანის ქვეყნიერება მალე სრულად განადგურდება და ჩვენი ერთადერთი თავშესაფარი იეჰოვა იქნება. შეიძლება ისეთი დრო მოვიდეს, რომ ხვალ რას შევჭამთ, ისიც კი იეჰოვაზე იყოს დამოკიდებული (აბაკ. 3:2, 12—19). ამიტომ ახლაა ის დრო, რომ დაუახლოვდე ზეციერ მამას და განიმტკიცო მისადმი ნდობა (2 პეტ. 2:9). თუ ასე მოიქცევი, რაც არ უნდა მოხდეს, ფსალმუნმომღერალი დავითივით იგრძნობ თავს, რომელმაც დაწერა: „ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა. არ წავბორძიკდები, რადგან ის ჩემ მარჯვნივ არის“ (ფსალმ. 16:8).

იეჰოვას წყალობით კარგ მეგობრებს იძენ

9. ა) იოანეს 6:44-ის თანახმად, რას აკეთებს იეჰოვა? ბ) რატომ არის სულ სხვა, როცა თანამორწმუნეს ხვდები პირველად?

9 იეჰოვა იზიდავს მათ, ვისაც თავის სულიერ ოჯახში იღებს. ის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ სიყვარულით იზიდავს სუფთა გულის ადამიანებს (წაიკითხეთ იოანეს 6:44). რა შეიძლება იცოდე იმ ადამიანის შესახებ, რომელსაც პირველად ხვდები? ალბათ, სახელისა და გარეგნობის გარდა ბევრი არაფერი. მაგრამ სულ სხვაა, როცა იმ ადამიანს ხვდები პირველად, ვინც იცნობს იეჰოვას და უყვარს ის. მაშინაც კი, თუ განსხვავებული წარმოშობის, კულტურის, ეროვნებისა თუ ტომის წარმომადგენლები ხართ, თქვენ მაინც ბევრი რამ იცით ერთმანეთის შესახებ!

იეჰოვას სურს, დავისახოთ სულიერი მიზნები და გვყავდეს კარგი მეგობრები (იხილეთ აბზაცები 9—12)

10, 11. რა საერთო აქვს იეჰოვას ხალხს და რა მხრივ აისახება ეს ჩვენზე დადებითად?

10 თქვენ მაშინვე ხვდებით, რომ ორივე ერთ „ენაზე“ — ჭეშმარიტების „სუფთა ენაზე“ ლაპარაკობთ (სოფ. 3:9). ორივემ იცით, რომ ერთი ღმერთის გწამთ, ღვთის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობთ, მომავლის იმედი გაქვთ და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანის შესახებ უნდა იცოდე, და რაც ნდობით განგაწყობს მის მიმართ. ეს აგრეთვე მყარი საფუძველია იმისთვის, რომ თქვენი მეგობრობა არასოდეს დამთავრდეს.

11 არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ შენ, როგორც იეჰოვას თაყვანისმცემელს, საუკეთესო მეგობრები გყავს მთელ მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უმეტესობას არც კი შეხვედრიხარ. ეს არის ფასდაუდებელი ძღვენი, რომელიც იეჰოვას ხალხის გარდა სხვას არავის გააჩნია!

იეჰოვას წყალობით ღირებულ მიზნებს ისახავ

12. რა სულიერი მიზნების დასახვა შეგიძლია?

12 წაიკითხეთ ეკლესიასტეს 11:9—12:1. გაქვს დასახული სულიერი მიზნები და ისწრაფვი მათკენ? შესაძლოა ცდილობ, ყოველდღე წაიკითხო ბიბლია ან გაიუმჯობესო საუბრისა თუ სწავლების უნარი. რას გრძნობ, როცა წარმატებას აღწევ ან სხვები ამჩნევენ შენს წინსვლას და გაქებენ ამისთვის? ალბათ, სიხარულსა და კმაყოფილებას განიცდი. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ამ დროს იესოს მსგავსად ღვთის ნებას საკუთარ ინტერესებზე წინ აყენებ (ფსალმ. 40:8; იგავ. 27:11).

13. რატომ სჯობია ღვთის მსახურება ქვეყნიური მიზნებისკენ სწრაფვას?

13 სულიერი მიზნებისკენ სწრაფვა ნამდვილი კმაყოფილების მომტანია, რადგან მათ მისაღწევად გაკეთებული საქმეები არასდროს იქნება ამაო. პავლე მოციქულმა დაწერა: „იყავით მტკიცენი, ურყევნი, ყოველთვის ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში“ (1 კორ. 15:58). ამის საპირისპიროდ კი, თუნდაც წარმატებული კარიერისთვის მიძღვნილი ცხოვრება საბოლოოდ ამაო და არაფრის მომტანი იქნება (ლუკ. 9:25). ამ სიტყვების ჭეშმარიტება საკუთარ თავზე გამოსცადა მეფე სოლომონმა, რომლის შემთხვევაც ჩვენც ბევრ რამეს გვასწავლის (რომ. 15:4).

14. რის სწავლა შეგიძლია სოლომონის გამოცდილებიდან?

14 უზომოდ მდიდარმა და ძლევამოსილმა მეფე სოლომონმა გადაწყვიტა, ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და ყოველგვარი სიამოვნება გამოეცადა, რათა ენახა, რას მოუტანდა ეს ყოველივე (ეკლ. 2:1—10). მან აიშენა სახლები, გაიშენა ბაღები და წალკოტები. ის არაფერზე ეუბნებოდა უარს საკუთარ თავს. მაგრამ იგრძნო ამ ყველაფრის შემდეგ კმაყოფილება? ამისთვის ბევრი ფიქრი არ არის საჭირო, რადგან თავად სოლომონი ამბობს: „დავუკვირდი ყოველ საქმეს, რაც საკუთარი ხელით მიკეთებია . . . აი, ამაოება ყოფილა ყველაფერი . . . არაფერს მოაქვს სარგებლობა“ (ეკლ. 2:11). მართლაც რა შესანიშნავი გაკვეთილია ეს ჩვენთვის! გამოავლენ სიბრძნეს და გაითვალისწინებ მას?

15. რატომ არის რწმენა მნიშვნელოვანი და ფსალმუნის 32:8-ის თანახმად, როგორ დაგეხმარება ის?

15 იეჰოვას სურს, რომ მწარე გამოცდილებით არ მოგიწიოს ცხოვრებაში რაღაცის სწავლა. სინამდვილეში რწმენაა საჭირო იმისთვის, რომ დაემორჩილო ღმერთს და მისი ნება პირველ ადგილზე დააყენო. ასეთ რწმენას ვერაფერი შეედრება, რადგან ის იმედს არასოდეს გაგიცრუებს. იეჰოვა არასოდეს დაივიწყებს იმ სიყვარულს, „რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინე“ (ებრ. 6:10). ასე რომ, ყველაფერი გააკეთე რწმენის გასაძლიერებლად და თავად დარწმუნდები, რომ ზეციერ მამას საუკეთესო სურს შენთვის (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:8).

იეჰოვას წყალობით ნამდვილი თავისუფლება გაქვს

16. რატომ უნდა დავაფასოთ თავისუფლება და ბრძნულად გამოვიყენოთ ის?

16 „სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა“, — თქვა პავლე მოციქულმა (2 კორ. 3:17). იეჰოვას უყვარს თავისუფლება და ჩვენს გულებშიც ჩადო თავისუფლების სიყვარული. თუმცა ამავე დროს მას სურს, რომ ბრძნულად გამოვიყენოთ ეს თავისუფლება, რაც ჩვენთვისვე იქნება დამცველი. შესაძლოა შენ გარშემო არიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც უზნეო ცხოვრებას ეწევიან, სიცოცხლისთვის სახიფათო სპორტით ერთობიან, პორნოგრაფიას უყურებენ ან ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს ბოროტად იყენებენ. ფაქტია, ისინი წუთიერ სიამოვნებას იღებენ, მაგრამ ხშირად ეს ძვირად უჯდებათ, რადგან შეიძლება დაავადდნენ, გახდნენ რაღაცაზე დამოკიდებულები ან საერთოდ სიცოცხლეც კი დაკარგონ (გალ. 6:7, 8). აშკარაა, რომ მათი „თავისუფლება“ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი (ტიტ. 3:3).

17, 18. ა) როგორ გვათავისუფლებს ღვთისადმი მორჩილება? ბ) რა გაგებით იყვნენ თავიდან ადამი და ევა ჩვენზე ბევრად თავისუფლები?

17 შედარებისთვის დაფიქრდი, რამდენ ადამიანს იცნობ, რომლებიც ბიბლიური ნორმებით ცხოვრების გამო დაავადდნენ. ცხადზე ცხადია, რომ იეჰოვასადმი მორჩილება თავისუფლებასაც გვინარჩუნებს და ჯანმრთელობასაც (ფსალმ. 19:7—11). მეტიც, როცა გონივრულად იყენებ შენს თავისუფლებას, ანუ იეჰოვას სრულყოფილი კანონებითა და პრინციპებით ცხოვრობ, ღმერთსაც და მშობლებსაც აჩვენებ, რომ სანდო ადამიანი ხარ და მეტ თავისუფლებას იმსახურებ. ღვთის განზრახვაც ის არის, რომ თავის ერთგულ მსახურებს საბოლოოდ სრულყოფილი თავისუფლება უბოძოს, რომელსაც ბიბლია „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ უწოდებს (რომ. 8:21).

18 ადამმა და ევამ იცოდნენ ასეთი თავისუფლების გემო. რამდენი შეზღუდვა დაუდგინა ღმერთმა მათ ედემის ბაღში? მხოლოდ ერთი. მათ მხოლოდ ერთი ხის ნაყოფი არ უნდა ეჭამათ (დაბ. 2:9, 17). ფიქრობ, რომ ეს აკრძალვა მკაცრი და ზედმეტად შემზღუდველი იყო? ალბათ, არა, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ადამიანის მიერ მოგონილ აურაცხელ კანონებს, რომელთა დამახსოვრებასა და მორჩილებასაც ხალხს აიძულებენ.

19. რა მხრივ გვათავისუფლებს იეჰოვასა და იესოს სწავლება?

19 იეჰოვა დიდ სიბრძნეს ავლენს თავის მსახურებთან ურთიერთობის დროს. ნაცვლად იმისა, რომ დაუსრულებლად დაგვიდგინოს კანონები, ის მოთმინებით გვასწავლის, მივყვეთ სიყვარულის კანონს. მას სურს, ბიბლიური პრინციპებით ვიცხოვროთ და შევიზიზღოთ ის, რაც ცუდია (რომ. 12:9). მთაზე ქადაგების დროს იესომ თქვა, თუ რა არის არასწორი საქციელის თავიდათავი (მათ. 5:27, 28). როგორც ღვთის სამეფოს მეფე, ახალ ქვეყნიერებაში ქრისტე კვლავაც განაგრძობს ჩვენს სწავლებას, რათა სრულყოფილად ავირეკლოთ მისი აზროვნება სიმართლესა და უკანონობაზე (ებრ. 1:9). ის დაგვეხმარება, მივაღწიოთ როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ სრულყოფილებას. წარმოიდგინე, რომ სამუდამოდ გათავისუფლდები ცოდვის მარწუხებისგან და მისი საზარელი შედეგებისგან. საბოლოოდ კი გაიხარებ „დიდებული თავისუფლებით“, რომელსაც იეჰოვა დაგპირდა.

20. ა) როგორ იყენებს იეჰოვა თავისუფლებას? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

20 რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს გვექნება აბსოლუტური თავისუფლება. ჩვენი ქმედებები ყოველთვის ღვთისა და მოყვასის სიყვარულით უნდა იყოს ნაკარნახევი. იეჰოვა სინამდვილეში მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ მას მივბაძოთ. ღმერთს შეუზღუდავი თავისუფლება აქვს, თუმცა არჩევს, რომ მოაზროვნე ქმნილებებთან ურთიერთობის დროს ყველა მის მოქმედებას საფუძვლად სიყვარული ედოს (1 იოან. 4:7, 8). ამიტომ სწორი იქნება, დავასკვნათ, რომ მხოლოდ მაშინ გვექნება ნამდვილი თავისუფლება, როცა იეჰოვას მსგავსად ყველა ჩვენს ქმედებას სიყვარული ედება საფუძვლად.

21. ა) რა გრძნობები ჰქონდა დავითს იეჰოვას მიმართ? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

21 აფასებ „ყოველივე კარგს“, რაც იეჰოვასგან მომდინარეობს? მაგალითად, მისი წყალობით გაქვს უხვი სულიერი საზრდო, გყავს კარგი მეგობრები, შეგიძლია დაისახო ღირებული მიზნები და მომავალში დატკბე სრულყოფილი თავისუფლებით (ფსალმ. 103:5). თუ აფასებ ამ ყოველივეს, ალბათ, დავითივით გრძნობ თავს, რომელიც ლოცულობდა: „შენ მასწავლი სიცოცხლის გზას. შენი სახე დიდად მახარებს; ნეტარებაა შენს მარჯვენა ხელთან მარადიულად“ (ფსალმ. 16:11). მომდევნო სტატიაში განხილული იქნება მე-16 ფსალმუნში მოხსენიებული სხვა პრინციპები, რაც დაგეხმარება, რომ კმაყოფილების მომტანი ცხოვრება გქონდეს.