არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ავტობიოგრაფია

იეჰოვა კეთილად მოგვექცა

იეჰოვა კეთილად მოგვექცა

როგორც კი მე და ჩემმა მეუღლემ, დანიელამ სასტუმროში რეგისტრაცია გავიარეთ, რეგისტრატორმა მითხრა: „ბატონო, თუ შეიძლება სასაზღვრო პოლიციას დაუკავშირდით“. გაბონში (დასავლეთი აფრიკა), სადაც 1970-იან წლებში ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო, სულ რაღაც, რამდენიმე საათის ჩასულები ვიყავით.

დანიელა, როგორც ყოველთვის, მაშინვე გაერკვა სიტუაციაში და ყურში ჩამჩურჩულა: „ტყუილად ნუ დარეკავ პოლიციაში, ისინი უკვე აქ არიან“. სასტუმროს წინ მანქანა გაჩერდა და რამდენიმე წუთში ორივე დაგვაკავეს. დანიელას დაკვირვებულობის წყალობით მოვასწარი, რომ ზოგიერთი დოკუმენტი ერთ-ერთი ძმისთვის გადამეცა.

სანამ პოლიციის განყოფილებაში მიგვიყვანდნენ, გზაში ვფიქრობდი, როგორ გამიმართლა, რომ ასეთი გაბედული და სულიერად მოაზროვნე ცოლი მყავდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა მე და დანიელამ ასე შეთანხმებულად ვიმოქმედეთ. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ, თუ რატომ ვინახულებდით იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო.

იეჰოვამ თვალი ამიხილა

დავიბადე 1930 წელს ჩრდილოეთ საფრანგეთის პატარა ქალაქ კრუაში, ღრმად მორწმუნე კათოლიკების ოჯახში. ჩვენი ოჯახი ყოველკვირა ესწრებოდა მესას, თანაც მამაჩემი მრევლის საკმაოდ აქტიური წევრი იყო. თუმცა 14 წლისა ვიქნებოდი, როცა ისეთი რამის მომსწრე გავხდი, რამაც სასულიერო პირების თვალთმაქცობა დამანახვა.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ჯარებს ოკუპირებული ჰქონდათ საფრანგეთის ტერიტორია. ქადაგების დროს მღვდელი მუდმივად მოგვიწოდებდა, რომ მხარი დაგვეჭირა ვიშის რეჟიმისთვის, რომელიც პრონაცისტურ იდეოლოგიას იზიარებდა. მისი სიტყვები თავზარს გვცემდა. ბევრი ფრანგის მსგავსად, ჩვენც მალულად ვუსმენდით ბი-ბი-სის რადიოგადაცემებს, რომელიც მოკავშირე ძალების შესახებ სიახლეებს გადმოსცემდა. მოგვიანებით მღვდელმა პოზიცია შეიცვალა და 1944 წლის სექტემბერში მოკავშირე ძალების წარმატების აღსანიშნავად პარაკლისი გადაიხადა. ამ თვალთმაქცობამ აღმაშფოთა და სასულიერო პირების მიმართ ნდობა დამაკარგვინა.

ომის შემდეგ მალევე მამაჩემი გარდაიცვალა. ჩემი უფროსი და უკვე გათხოვილი იყო და ბელგიაში ცხოვრობდა. ასე რომ დედაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე. საფეიქრო მრეწველობაში დავსაქმდი. ჩემი დამსაქმებელი და მისი ორი ვაჟი თავგამოდებული კათოლიკები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ კომპანიაში კარგი მომავალი მელოდა, მალე ჩემი რწმენა გამოიცდებოდა.

1953 წელს ჩემი და სიმონე გვესტუმრა, რომელიც იეჰოვას მოწმე გამხდარიყო. მან ბიბლიის მეშვეობით გამოააშკარავა კათოლიკური ეკლესიის ისეთი ცრუ სწავლებები, როგორიცაა ჯოჯოხეთი, სამება და სულის უკვდავება. თავიდან ვეკამათებოდი, რომ კათოლიკურ ბიბლიას არ იყენებდა, თუმცა მალევე დავრწმუნდი, რომ ის სიმართლეს ამბობდა. მოგვიანებით მან მომიტანა „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთი ძველი ნომერი, რომელიც ერთ ღამეში სულმოუთქმელად წავიკითხე. მაშინვე გონება გამინათდა და მივხვდი, სად იყო ჭეშმარიტება, მაგრამ მეშინოდა, რომ იეჰოვას მხარეს დგომა სამსახურის ფასად დამიჯდებოდა.

რამდენიმე თვის მანძილზე ჩემით ვსწავლობდი ბიბლიასა და „საგუშაგო კოშკის“ სტატიებს. ბოლოს გადავწყვიტე, სამეფო დარბაზში წავსულიყავი. იქ არსებულმა თბილმა გარემომ ძალიან მომხიბლა. ერთი გამოცდილი ძმა ექვსი თვის მანძილზე მასწავლიდა ბიბლიას. 1954 წლის სექტემბერში კი მოვინათლე. მალე დედაჩემი და ჩემი უმცროსი დაც იეჰოვას მოწმეები გახდნენ, რამაც ძალიან გამახარა.

იეჰოვაზე მინდობა სრული დროით მსახურების პერიოდში

სამწუხაროდ, 1958 წელს სანამ ნიუ-იორკში დაგეგმილ საერთაშორისო კონგრესზე წავიდოდი, რამდენიმე კვირით ადრე დედაჩემი გარდაიცვალა. როცა დავბრუნდი არავისზე ზრუნვა აღარ მიწევდა, ამიტომ თავი დავანებე სამსახურს და პიონერობას შევუდექი. იმ პერიოდში დავინიშნე ერთ გულმოდგინე პიონერ დაზე, დანიელა დელიზე, რომელზეც 1959 წლის მაისში ვიქორწინე.

დანიელამ სრული დროით მსახურება ბრეტონის რეგიონში დაიწყო; სახლიდან ძალიან შორს. მას გაბედულება სჭირდებოდა, რომ კათოლიკურ დასახლებებში ექადაგა და სოფლიდან სოფლამდე ველოსიპედით ევლო. ისიც ჩემსავით ფიქრობდა, რომ ქადაგება გადაუდებელი საქმე იყო; ჩვენ ხომ არ ვიცოდით, როდის დადგებოდა აღსასრული (მათ. 25:13). მისი თავგანწირვის სული ქორწინების შემდეგაც დაგვეხმარა, რომ სიძნელეების მიუხედავად არ შეგვეწყვიტა სრული დროით მსახურება.

დაქორწინებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სარაიონო მსახურებას შევუდექით. ვისწავლეთ არახელსაყრელ პირობებში ცხოვრება. პირველი კრება, რომელიც მოვინახულეთ, 14 მაუწყებლისგან შედგებოდა. ძმებს ძალიან უჭირდათ და არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ თავიანთ სახლში შემოეთავაზებინათ ღამის გასათევი. ამიტომ სამეფო დარბაზში სცენაზე დადებულ ლეიბებზე გვეძინა. კომფორტულობისა რა გითხრათ, მაგრამ ხერხემლისთვის ნამდვილი მისწრება იყო!

ჩვენი პატარა მანქანით ვინახულებდით კრებებს

გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დანიელამ ადვილად აუღო ალღო მიმოსვლით მსახურებას. მას ხშირად უწევდა ჩვენს პატარა მანქანაში ლოდინი, რადგან სპონტანურად დაგეგმილ უხუცესების შეხვედრას ვესწრებოდი ხოლმე. თუმცა ის ამაზე არასდროს წუწუნებდა. სულ რაღაც ორ წელიწადში, რომელიც სარაიონო მსახურებაში გავატარეთ, ვისწავლეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ცოლ-ქმარმა გულწრფელად ისაუბროს და შეთანხმებულად იმოქმედოს (ეკლ. 4:9).

ვიღებთ ახალ დავალებას

1962 წელს მიგვიწვიეს სკოლა „გალაადის“ 37-ე კლასში (ბრუკლინი, ნიუ-იორკი), სადაც ათი თვე უნდა გვესწავლა. 100 მოსწავლიდან მხოლოდ 13 წყვილი ვიყავით. ამიტომ მე და დანიელა დიდ კურთხევად ვთვლიდით, რომ ერთად მოგვიწია ამ სკოლის გავლა. დღემდე სასიამოვნოდ მახსენდება ფრედერიკ ფრენცთან, იულისიზ გლასთან და ალექსანდრე მაკმილანთან ურთიერთობა, რომლებიც რწმენის გამორჩეული მაგალითები იყვნენ.

ბედნიერები ვიყავით, რომ ერთად ვსწავლობდით სკოლა „გალაადში“

სწავლის დროს მოგვიწოდებდნენ, რომ დაკვირვების უნარი განგვევითარებინა. ზოგჯერ შაბათ ნაშუადღევს, გაკვეთილების შემდეგ, ნიუ-იორკის ღირსშესანიშნავი ადგილების დასათვალიერებლად მივყავდით. ვიცოდით, რომ ორშაბათს ნანახის შესახებ წერითი გამოცდა გვექნებოდა. ხშირად შაბათს საღამოს გადაქანცულები ვბრუნდებოდით, მაგრამ ბეთელელი ექსკურსიამძღოლი გასამეორებელ კითხვებს გვისვამდა, რათა მთავარი აზრები დაგვემახსოვრებინა. ერთ შაბათს თითქმის მთელი დღე ვიარეთ ქალაქში. ვეწვიეთ ობსერვატორიას, სადაც გავიგეთ, რა განსხვავება იყო მეტეორსა და მეტეორიტს შორის. ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში კი აგვიხსნეს, რით განსხვავდებოდა ალიგატორი ნიანგისგან. როცა ბეთელში ვბრუნდებოდით, ექსკურსიამძღოლმა გვკითხა: „ესე იგი, რა განსხვავებაა მეტეორსა და მეტეორიტს შორის?“. დანიელა ისეთი გადაღლილი იყო, რომ დაუფიქრებლად უპასუხა: „მეტეორიტს უფრო დიდი კბილები აქვს!“.

ვინახულებთ ერთგულ და-ძმებს აფრიკაში

ჩვენდა გასაკვირად, საფრანგეთის ფილიალში დაგვნიშნეს, სადაც ერთად 53 წელზე მეტხანს ვიმსახურეთ. 1976 წელს ფილიალის კომიტეტის კოორდინატორად დავინიშნე; აგრეთვე დაგვევალა აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მონახულება, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო. სწორედ ამიტომ ჩავედით გაბონში, რომლის შესახებაც დასაწყისში გიამბეთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ზოგჯერ ახალი დავალების შესასრულებლად თავს შეუფერებლად ვთვლიდი, მაგრამ დანიელას მხარდაჭერით, ნებისმიერი საქმის გასაკეთებლად ვიყავი მზად.

ვთარგმნი ძმა თეოდორ იარაჩის მოხსენებას პარიზში გამართულ კონგრესზე, დევიზით „ღვთიური სამართალი“, 1988 წელი

ერთად ვუმკლავდებით დიდ განსაცდელებს

ბეთელში მსახურება თავიდანვე შეგვიყვარდა. დანიელა „გალაადამდე“ ხუთი თვის მანძილზე ინგლისურს სწავლობდა, ამიტომ ის კარგი მთარგმნელი დადგა. ბეთელში მსახურება დიდ კმაყოფილებას გვანიჭებდა, მაგრამ კრებასთან თანამშრომლობა ჩვენს სიხარულს ერთიორად ზრდიდა. სასიამოვნოდ მახსენდება ის დრო, როცა პარიზის მეტროთი მე და დანიელა გვიან ღამით ბიბლიის შესწავლებიდან დაღლილები, თუმცა გახარებულები ვბრუნდებოდით. სამწუხაროდ, მოულოდნელად დანიელას ჯანმრთელობა გაუარესდა და ისე აქტიურად ვეღარ მონაწილეობდა მსახურებაში, როგორც თავად სურდა.

1993 წელს ჩემს მეუღლეს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამ დაავადების მკურნალობა რადიკალური ზომების მიღებას საჭიროებდა. მას ოპერაცია და აგრესიული ქიმიოთერაპია ჩაუტარდა. 15 წლის შემდეგ დანიელას კიდევ ერთხელ დაუდგინეს კიბო, თუმცა ამჯერად ინვაზიური ფორმა. მას ძალიან უყვარდა მთარგმნელობითი საქმიანობა, ამიტომ, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თავისი საქმე განაგრძო.

დანიელას საშინელი დაავადების მიუხედავად არასოდეს გვიფიქრია ბეთელიდან წასვლა. თუმცა, როცა ბეთელში ხარ და ავადმყოფობ, ამას თავისი სირთულეები ახლავს, განსაკუთრებით, როცა სხვებმა არ იციან, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ხარ (იგავ. 14:13). ფიზიკური უძლურების მიუხედავად, ჩემი მეუღლე სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც ელეგანტური და ძალიან საყვარელი იყო. საკუთარი თავის შეცოდების მაგივრად, ის სხვების დახმარებაზე იყო კონცენტრირებული. დანიელა ყოველთვის მზად იყო სხვების მოსასმენად, რადგან ესმოდა, რომ ეს დიდ შვებას ჰგვრის პრობლემებით დამძიმებულ ადამიანს (იგავ. 17:17). თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე ის ბევრ დას დაეხმარა, დაეძლიათ კიბოს შიში.

ჩვენ ახალ სირთულეებთანაც მოგვიწია გამკლავება, რადგან დანიელას აღარ შეეძლო სრული დატვირთვით მუშაობა, თუმცა მან მთელი ყურადღება ჩემს დახმარებაზე გადაიტანა. ჩემმა მეუღლემ ბევრი რამ გააკეთა, რომ ჩემთვის ცხოვრება გაემარტივებინა. სწორედ მისი მხარდაჭერით შევძელი, რომ ფილიალის კომიტეტის კოორდინატორად 37 წელი მემსახურა. ის ყოველდღე ზრუნავდა, რომ ოთახში ერთად გვესადილა და ცოტა დაგვესვენა (იგავ. 18:22).

ყოველდღიურად ვუმკლავდებით საწუხარს

დანიელა ყოველთვის ოპტიმისტი და სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. როცა მას მესამედ დაუსვეს კიბოს დიაგნოზი, თავი უმწეოდ ვიგრძენით. ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის შემდეგ თავს ისე ცუდად გრძნობდა, რომ ზოგჯერ სიარულიც არ შეეძლო. გულს მიკლავდა იმის დანახვა, რომ ჩემი ძვირფასი მეუღლე, რომელიც ერთ დროს კარგი მთარგმნელი იყო, ახლა სიტყვებს ვეღარ პოულობდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავს უსუსურად ვგრძნობდით, ლოცვას არ ვწყვეტდით იმაში დარწმუნებულები, რომ იეჰოვა არასდროს დაუშვებდა იმაზე მეტს, რის ატანასაც ვერ შევძლებდით (1 კორ. 10:13). ყოველთვის ვცდილობდით, მადლიერები ვყოფილიყავით იმ დახმარებისთვის, რომელსაც იეჰოვა თავისი სიტყვის, ბეთელის მედპერსონალისა და მზრუნველი თანაქრისტიანების მეშვეობით გვიწევდა.

ხშირად ვთხოვდით იეჰოვას ხელმძღვანელობას, რომ სწორი მკურნალობის მეთოდი აგვერჩია. იყო პერიოდი, როცა მკურნალობის პროცესი შეჩერებული გვქონდა. ექიმი, რომელიც დანიელას 23 წლის მანძილზე მკურნალობდა, ვერ ხვდებოდა, რატომ კარგავდა ჩემი მეუღლე გონებას ყოველი ქიმიოთერაპიის შემდეგ. ის ვერანაირ ალტერნატივას ვერ გვთავაზობდა. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ პრობლემების წინაშე მარტონი დავრჩით; გვაფიქრებდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. შემდეგ ერთი ონკოლოგი დაგვთანხმდა დანიელას მკურნალობაზე. თითქოს იეჰოვამ დაგვანახვა გზა, თუ როგორ გავმკლავებოდით საწუხარს.

ვისწავლეთ, რომ მხოლოდ ერთი დღის საწუხარზე გვეფიქრა, რადგან, როგორც იესომ თქვა, „ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“ (მათ. 6:34). დადებითი განწყობა და იუმორის გრძნობაც ძალიან დაგვეხმარა. ერთხელ დანიელამ ეშმაკურად გამომხედა და ღიმილით მითხრა: „თავი ამაზე უკეთ არასდროს მიგრძნია!“. არადა, ეს ის პერიოდი იყო, როცა ორი თვის მანძილზე ქიმიოთერაპია არ ჰქონდა გაკეთებული (იგავ. 17:22). მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად იყო, სახლში ის რწმენითა და სიხარულით მღეროდა სამეფოს ახალ სიმღერებს.

მისი დადებითი განწყობა დამეხმარა, თავი ისეთი საქმეებისთვის გამერთვა, რომელთა გაკეთებაც მანამდე არ ვიცოდი. სიმართლე რომ გითხრათ, 57-წლიანი ქორწინების მანძილზე ყოველთვის დანიელა ზრუნავდა ჩემს მოთხოვნილებებზე. ჩემთვის კვერცხის შეწვაც კი არ უსწავლებია! მაგრამ, როცა მას თითქმის აღარაფრის გაკეთება აღარ შეეძლო, მე ვისწავლე ჭურჭლისა თუ სარეცხის რეცხვა და მარტივად მოსამზადებელი საჭმელების კეთება. სწავლის პროცესმა რამდენიმე ჭიქაც შეიწირა, თუმცა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, რომ ამ ყველაფერს ჩემი მეუღლისთვის ვაკეთებდი. *

მადლიერი იეჰოვას სიკეთისთვის

როცა წარსულს ვიხსენებ, შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი რამ მასწავლა იმ პრობლემებმა, რომლებიც მე და ჩემს მეუღლეს ჯანმრთელობის გაუარესებამ და ასაკის მატებამ შეგვიქმნა. პირველი, არასოდეს უნდა ვიყოთ იმდენად დაკავებულები, რომ საყვარელი მეუღლისთვის ვერ მოვიცალოთ. საუკეთესოდ უნდა გამოვიყენოთ ის წლები, როცა ძალ-ღონით ვართ სავსე და შეგვიძლია საყვარელ ადამიანზე ვიზრუნოთ (ეკლ. 9:9). და მეორე, ზედმეტად არ უნდა ვიწუხოთ წვრილმან საკითხებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვეღარ შევამჩნევთ იმ უამრავ კურთხევას, რომლითაც შეგვიძლია ყოველდღიურად დავტკბეთ! (იგავ. 15:15).

როდესაც სრული დროით მსახურებაში გატარებულ წლებს ვიხსენებ, ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ იეჰოვამ იმაზე მეტად გვაკურთხა, ვიდრე წარმოვიდგენდით. მთელი გულით ვეთანხმები ფსალმუნმომღერლის სიტყვებს, რომელმაც თქვა: „კეთილად [მომექცა] იეჰოვა“ (ფსალმ. 116:7).

^ აბზ. 32 და დანიელა ბოკარტი ამ სტატიის მომზადების დროს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.