არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მართალი გაიხარებს იეჰოვათი“

„მართალი გაიხარებს იეჰოვათი“

დაიანა ოთხმოც წელს არის გადაცილებული. მისი ქმარი ალცჰაიმერის დაავადებით იტანჯებოდა; მან სიკვდილამდე რამდენიმე წელი მოხუცთა სახლში გაატარა. გარდა ამისა, დაიანას ორი ვაჟი დაეღუპა, თავად კი მკერდის კიბოს ებრძოდა. მიუხედავად ამისა, სამეფო დარბაზში თუ მსახურებაში კრების წევრები მას ყოველთვის გახარებულს ხედავენ.

ჯონი 43 წელზე მეტხანს მიმოსვლელ ზედამხედველად მსახურობდა. მას ძალიან უყვარდა ასეთი სახის მსახურება და სხვანაირად ცხოვრება ვერც კი წარმოედგინა. თუმცა ჯონს მიმოსვლითი მსახურების შეწყვეტა მოუწია, რათა ავადმყოფი ნათესავისთვის მოევლო. დღეს ის ადგილობრივ კრებაში მსახურობს. როცა დიდი ხნის ნაცნობები ჯონს კონგრესზე ხვდებიან, ამბობენ, რომ ის არ შეცვლილა და კვლავაც სიხარულს ასხივებს.

რა აძლევთ დაიანასა და ჯონს სიხარულის მიზეზს? როგორ შეიძლება ფიზიკური და ემოციური ტანჯვის მიუხედავად ადამიანი გახარებული იყოს? ან როგორ შეიძლება ადამიანი მაშინაც ბედნიერი იყოს, როცა თავის საყვარელ საქმეს ვეღარ აკეთებს? ბიბლია გვიმხელს ამის მიზეზს: „მართალი გაიხარებს იეჰოვათი“ (ფსალმ. 64:10). ამ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას უკეთ ჩავწვდებით, თუ გავიგებთ, რა არის შინაგანი სიხარულის ნამდვილი მიზეზი.

დროებითი სიხარული

არის რაღაცები, რაც თითქმის ყოველთვის სიხარულს გვანიჭებს. მაგალითად, სიხარულის მომგვრელია ქორწინება, შვილის დაბადება ან თეოკრატიული პასუხისმგებლობების მიღება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ეს ყველაფერი იეჰოვას საჩუქარია. მან დააფუძნა ქორწინება, მოგვცა შვილების ყოლის უნარი და გვაძლევს სხვადასხვა პასუხისმგებლობებს ქრისტიანულ კრებაში (დაბ. 2:18, 22; ფსალმ. 127:3; 1 ტიმ. 3:1).

თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ის, რაც სიხარულს გვანიჭებს, დროებითი აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, ამის მიზეზი შეიძლება მეუღლის ღალატი ან მისი სიკვდილი გახდეს (ეზეკ. 24:18; ოს. 3:1). ზოგ მშობელს ურჩი შვილები ჰყავს, რომლებიც არც იეჰოვას ემორჩილებიან. ზოგი მათგანი შეიძლება კრებიდანაც კი გაირიცხოს. მაგალითად, სამუელის ვაჟები არ მსახურობდნენ იეჰოვას მოსაწონად, ხოლო დავითმა თავისი საქციელით უბედურება დაატეხა თავის სახლს (1 სამ. 8:1—3; 2 სამ. 12:11). ლოგიკურია, ამ ყველაფერს სიხარული კი არა, ტკივილი და უბედურება მოაქვს.

იმავეს თქმა შეიძლება ღვთის ორგანიზაციაში დაკისრებულ პასუხისმგებლობებზე. მაგალითად, შერყეული ჯანმრთელობის, ოჯახური მოვალეობებისა თუ ორგანიზაციული ცვლილებების გამო შეიძლება ვეღარ შევძლოთ თეოკრატიული პასუხისმგებლობების შესრულება. ბევრმა, ვინც მსგავსი რამ საკუთარ თავზე გამოსცადა, აღიარა, რომ ისეთ სიხარულს ვეღარ განიცდიდნენ, როგორსაც თავიანთი დავალებების შესრულების დროს.

ფაქტია, რომ ის, რაც სიხარულს გვანიჭებს, ხშირად დროებითია. მაგრამ შესაძლებელია ადამიანს ისეთი სიხარული ჰქონდეს, რომელსაც პრობლემები ვერ დააკარგვინებს? სამუელის, დავითისა და სხვების შემთხვევები გვარწმუნებს, რომ ადამიანს განსაცდელების პირისპირაც შეუძლია სიხარულის შენარჩუნება.

ხანგრძლივი სიხარული

იესომ იცოდა, რას ნიშნავდა ნამდვილი სიხარული. განკაცებამდე ზეცაში ცხოვრების დროს, სადაც იდეალური გარემო იყო, იესოს სიხარულს ანიჭებდა იეჰოვას გვერდით ყოფნა (იგავ. 8:30). მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე მსახურების დროს ზოგჯერ სერიოზულ განსაცდელებს ხვდებოდა, მას ყოველთვის დიდ სიხარულს ჰგვრიდა მამის ნების შესრულება (იოან. 4:34). რას გრძნობდა იესო სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, როცა ძლიერ იტანჯებოდა? ბიბლიაში ვკითხულობთ: „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო“ (ებრ. 12:2). სწორედ ამიტომ განვიხილავთ ნამდვილი სიხარულის ორ მიზეზს, რომლებიც იესომ მოიხსენია.

ერთხელ იესოს 70 მოწაფე მსახურებიდან გახარებული დაბრუნდა, რადგან სასწაულები მოახდინეს და დემონებიც კი განდევნეს. იესომ უთხრა მათ: „ის კი ნუ გიხარიათ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ზეცაში ჩაიწერა“ (ლუკ. 10:1—9, 17, 20). მოწაფეების სიხარულის მიზეზი მიღებული ძალაუფლება კი არა, იეჰოვას კეთილგანწყობის მოპოვება უნდა ყოფილიყო. იეჰოვას ყოველთვის ემახსოვრებოდა ეს ერთგული მოწაფეები, რაც გაცილებით დიდი სიხარულის მიზეზია.

სხვა შემთხვევაში, როცა იესო შეკრებილ ხალხს ესაუბრებოდა, მისი სწავლებით აღფრთოვანებულმა ებრაელმა ქალმა წამოიძახა: „ბედნიერია, ვინც მუცლით გატარა და ვინც ძუძუ გაწოვა!“. მაგრამ იესომ შეუსწორა თვალსაზრისი და უთხრა: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“ (ლუკ. 11:27, 28). შესანიშნავი გრძნობაა, როცა საკუთარი შვილით ამაყობ, მაგრამ იეჰოვასადმი მორჩილება და მასთან ახლო ურთიერთობა გაცილებით დიდი სიხარულის მიზეზია.

ნამდვილად, ადამიანი უდიდეს შინაგან სიხარულს განიცდის, როცა გრძნობს, რომ იეჰოვა იწონებს. თავისთავად განსაცდელებში სასიამოვნო არაფერია, მაგრამ ის ვერ გვაკარგვინებს ასეთ სიხარულს. პირიქით, განსაცდელების ღირსეულად ატანა და მათზე გამარჯვება ჩვენს სიხარულს ერთიორად ზრდის (რომ. 5:3—5). გარდა ამისა, იეჰოვა თავის მოიმედეთ წმინდა სულს აძლევს, რომლის ნაყოფიც სწორედ რომ სიხარულია (გალ. 5:22). ეს გვეხმარება, უკეთ გავიგოთ, რატომ თქვა ფსალმუნმომღერალმა: „მართალი გაიხარებს იეჰოვათი“ (ფსალმ. 64:10).

რა დაეხმარა ჯონს, რომ კვლავაც სიხარულით ემსახურა იეჰოვასთვის?

სწორედ ამან შეაძლებინა დაიანასა და ჯონს, რთული მდგომარეობის მიუხედავად სიხარულის შეენარჩუნებინათ. დაიანა ამბობს: „იეჰოვასთან შევაფარე თავი, ისევე როგორც შვილი აფარებს თავს მშობელს“. როგორ იგრძნო მან ღვთის კეთილგანწყობა? იგი განაგრძობს: „ვგრძნობ, რომ იეჰოვამ მაკურთხა და ძალა მომცა, რომ გამეგრძელებინა ქადაგება და სახიდან ღიმილი არ მომეშორებინა“. ჯონი მიმოსვლითი მსახურების შემდეგ, რომელიც ძალიან უყვარდა, კვლავაც აქტიურად განაგრძობდა მსახურებას. ის გვიხსნის, რა დაეხმარა ამაში: «მას შემდეგ, რაც 1998 წელს „მსახურებაში დახელოვნების სკოლის“ მასწავლებელი გავხდი, პირად შესწავლას უფრო დიდ დროს ვუთმობდი, ვიდრე მანამდე». ჯონი როგორც საკუთარ, ისე თავისი მეუღლის სათქმელს ასე გამოხატავს: „ჩვენი განწყობა, რომ წლების მანძილზე იეჰოვასთვის ნებისმიერი სახის მსახურება შეგვესრულებინა, დაგვეხმარა, რომ შედარებით ადვილად შევგუებოდით ამ ცვლილებას. განვლილ წლებს ერთი წუთითაც არ ვნანობთ“.

64-ე ფსალმუნის მე-10 მუხლში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება სხვა ბევრმაც გამოსცადა. მაგალითად, წყვილი, რომელიც შეერთებული შტატების ბეთელში 30 წელზე მეტხანს მსახურობდა, სპეციალურ პიონერებად დანიშნეს. ისინი გულწრფელად ამბობენ: „როცა კარგავ რაღაცას, რაც ძალიან გიყვარს, ბუნებრივია, რომ განიცდი. მაგრამ მთელი ცხოვრება სახე არ უნდა ჩამოგტიროდეს“. ისინი მალევე შეუერთდნენ კრების წევრებს მსახურებაში. ეს წყვილი აღნიშნავს: „ჩვენ კონკრეტულად ვილოცეთ ზოგიერთ საკითხზე და როცა ჩვენს ლოცვებს პასუხი გაეცა, გავმხნევდით და უფრო მეტი სიხარული ვიგრძენით. ახალ კრებაში გადასვლიდან მალევე, ზოგი პიონერობას შეუდგა, ჩვენ კი ორი კარგი ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ“.

მარადიულად გახარებული

უნდა ვაღიაროთ, რომ ადვილი არ არის, ყოველთვის გახარებული იყო, რადგან ცხოვრებას სიხარულთან ერთად იმედგაცრუებაც ახლავს თან. თუმცა იეჰოვა ფსალმუნის 64:10 მუხლში ჩაწერილი სიტყვებით გვანუგეშებს. მაშინაც კი, როცა გულგატეხილები ვართ, შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ, თუ განსაცდელების დროს ერთგულები დავრჩებით და დავამტკიცებთ, რომ მართლებს მივეკუთვნებით, ნამდვილად გავიხარებთ იეჰოვათი. უფრო მეტიც, ჩვენ მთელი გულით ველით ახალი ცისა და ახალი მიწის შესახებ იეჰოვას დაპირების შესრულებას. მაშინ არასრულყოფილება სამუდამოდ ჩაჰბარდება წარსულს. ღვთის ყველა მსახური იხარებს და მარადიულად იმხიარულებს იეჰოვას საქმეებით (ეს. 65:17, 18).

წარმოიდგინეთ, როგორი ცხოვრება იქნება: გვექნება სრულყოფილი ჯანმრთელობა და ყოველ ახალ დღეს განახლებული ძალებით შევხვდებით. რაც არ უნდა მძიმე ემოციური ტრავმა გვქონდეს გადატანილი, მისი კვალი სამუდამოდ წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან. დარწმუნებულები ვართ, რომ „აღარ [გავიხსენებთ] წინანდელს და არც გულში [გავივლებთ]“. შევხვდებით საყვარელ ადამიანებს, რომლებიც სიკვდილმა გამოგვტაცა ხელიდან. მილიონობით ადამიანს დაეუფლება ისეთივე გრძნობები, როგორიც იესოს მიერ აღდგენილი 12 წლის გოგონას მშობლებს, რომელთა „აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა“ (მარ. 5:42). საბოლოოდ დედამიწაზე მხოლოდ მართლები იცხოვრებენ და მთელი მარადიულობა გაიხარებენ იეჰოვათი!