არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სამოთხეში შევხვდებით!“

„სამოთხეში შევხვდებით!“

„ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკ. 23:43).

სიმღერები: 145, 139

1, 2. რა განსხვავებული შეხედულებები არსებობს სამოთხის შესახებ?

ეს ამაღელვებელი სანახაობა იყო! როცა სეულში (კორეა) უცხოელი დელეგატები კონგრესის შემდეგ სტადიონს ტოვებდნენ, ადგილობრივი მოწმეები მათ გარშემო შეგროვდნენ. ისინი ხელს უქნევდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ: „სამოთხეში შევხვდებით!“. თქვენი აზრით, რომელ სამოთხეს გულისხმობდნენ ისინი?

2 სხვადასხვა ადამიანისთვის სამოთხე სხვადასხვა რამესთან ასოცირდება. ზოგისთვის ის ფანტაზიის ნაყოფია. სხვები ამბობენ, რომ სამოთხე იქაა, სადაც სიხარულსა და კმაყოფილებას განიცდი. მშიერი კაცისთვის სამოთხე შეიძლება გაშლილ სუფრასთან ჯდომა იყოს. მე-19 საუკუნეში ერთმა მოგზაურმა მინდვრის ყვავილებით გადაპენტილი ხეობის დანახვაზე წამოიძახა: „ნამდვილი სამოთხეა!“. ამ ადგილს დღემდე სამოთხე ეწოდება იმის მიუხედავად, რომ ყოველ ზამთარს 15 მეტრზე მეტი თოვლით არის დაფარული. თქვენთვის რა არის სამოთხე? გაქვთ იმედი, რომ ის იქნება?

3. როდის მოიხსენიებს ბიბლია პირველად სამოთხეს?

3 ბიბლია საუბრობს როგორც ერთ დროს არსებულ, ისე მომავალ სამოთხეზე. სამოთხის შესახებ ბიბლიის პირველივე ფურცლებიდან ვიგებთ. კათოლიკურ „დუეს ბიბლიაში“, რომელიც ლათინურიდან ითარგმნა, დაბადების 2:8-ში ნათქვამია: „უფალმა ღმერთმა თავიდან გააშენა ნეტარების სამოთხე, სადაც დაასახლა [ადამი], რომელიც შექმნა“ (კურსივი ჩვენია). ებრაულ ტექსტში გამოყენებულია ფრაზა „ედემის ბაღი“. ედემი ნიშნავს „ნეტარებას“. ეს ბაღი ნამდვილად სასიამოვნო და საუცხოო ადგილი იყო, რომელიც ულამაზესი ხედებით, საკვების სიუხვით და ადამიანებსა და ცხოველებს შორის არსებული ჰარმონიით გამოირჩეოდა (დაბ. 1:29—31).

4. რატომ შეგვიძლია ედემის ბაღს სამოთხე ვუწოდოთ?

4 ებრაული სიტყვა „ბაღი“ ბერძნულად ითარგმნა როგორც პარადისოს. მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ სიტყვა პარადისოს გაგონებაზე ბერძენს თვალწინ წარმოუდგება ფართოდ გაშლილი წალკოტი, ყოველგვარი ზიანისგან დაცული და ხელუხლებელი ბუნება, სხვადასხვა ნაყოფის მომცემი თვალწარმტაცი ხეები და ანკარა ნაკადულები, რომელთა აბიბინებულ ნაპირებზეც ანტილოპები და ცხვრები ბალახობენ (შეადარეთ დაბადების 2:15, 16).

5, 6. როგორ დაიკარგა სამოთხე და რა კითხვა შეიძლება გაგვიჩნდეს?

5 ღმერთმა ადამი და ევა სწორედ ასეთ სამოთხეში დაასახლა, რომელიც ვერ შეინარჩუნეს. ისინი ეურჩნენ ღმერთს, რითაც თავადაც დაკარგეს სამოთხეში ცხოვრების შესაძლებლობა და შთამომავლებსაც წაართვეს ეს უპირატესობა (დაბ. 3:23, 24). მიუხედავად იმისა, რომ ედემის ბაღში ადამიანები აღარ ცხოვრობდნენ, ის, როგორც ჩანს, ნოეს დროს მომხდარ წარღვნამდე არსებობდა.

6 ზოგმა შეიძლება იკითხოს: კვლავაც იარსებებს ოდესმე დედამიწაზე სამოთხე? რაზე მეტყველებს ფაქტები? თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად სამოთხეში ცხოვრების იმედი გაქვთ, რა გაძლევთ ამის საფუძველს? შეგიძლიათ ახსნათ, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ სამოთხე ნამდვილად იქნება?

მინიშნებები მომავალ სამოთხეზე

7, 8. ა) რას დაჰპირდა ღმერთი აბრაამს? ბ) რაზე მიანიშნებდა აბრაამს ღვთის ეს დაპირება?

7 ლოგიკურია, სამოთხესთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი ბიბლიაში ვეძებოთ, რადგან მისი ავტორი თავდაპირველი სამოთხის შემოქმედი, იეჰოვა ღმერთია. მან თავის მეგობარს, აბრაამს უთხრა, რომ მის შთამომავლობას „ზღვის ქვიშასავით“ გაამრავლებდა. შემდეგ კი მნიშვნელოვან რამეს დაჰპირდა: „შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი, რადგან შენ მოისმინე ჩემი ხმა“ (დაბ. 22:17, 18). ღმერთმა ეს დაპირება აბრაამის შვილსაც გაუმეორა და შვილიშვილსაც (წაიკითხეთ დაბადების 26:4; 28:14).

8 ბიბლიაში არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აბრაამი ადამიანებისთვის განკუთვნილ საბოლოო ჯილდოდ ზეციერ სამოთხეს მიიჩნევდა. ასე რომ, როცა ღმერთი აბრაამს „დედამიწის ყველა ერის“ კურთხევას დაჰპირდა, ის ლოგიკურად დაასკვნიდა, რომ ეს დაპირება დედამიწაზე შესრულდებოდა. აბრაამი მოელოდა, რომ „დედამიწის ყველა ერი“ უკეთეს პირობებში იცხოვრებდა, რადგან ეს დაპირება ღვთისგან მომდინარეობდა. ბიბლიაში მოხსენიებული მხოლოდ ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ დედამიწაზე სამოთხე იქნება?

9, 10. კიდევ რომელი დაპირებები გვაძლევს საფუძველს, რომ დედამიწაზე სამოთხე იქნება?

9 აბრაამის ერთ-ერთმა შთამომავალმა, დავითმა, მიანიშნა დროზე, როცა ბოროტები და უმართლოები მოისპობიან (ფსალმ. 37:1, 2, 10). იმ დროს „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“. დავითმა ღვთის შთაგონებით ისიც იწინასწარმეტყველა, რომ „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმ. 37:11, 29; 2 სამ. 23:2). თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენდა ეს დაპირებები იმ ადამიანებზე, რომლებიც ღვთის ნების შესრულებას ცდილობდნენ? მათ შეეძლოთ, საფუძვლიანად დაესკვნათ, რომ, თუ დედამიწაზე მხოლოდ მართლები იცხოვრებდნენ, დროთა განმავლობაში ედემის ბაღისმაგვარი სამოთხე აღდგებოდა.

10 რაღაც დროის შემდეგ ისრაელების უმეტესობამ, რომლებსაც თავი იეჰოვას მსახურებად მოჰქონდათ, ზურგი აქცია იეჰოვას და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. ამიტომ ღმერთმა დაუშვა, რომ ბაბილონელებს დაეპყროთ მისი ხალხი, გაენადგურებინათ ქვეყანა და ბევრი ტყვედ წაესხათ (2 მატ. 36:15—21; იერ. 4:22—27). მაგრამ ღვთის წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს, რომ 70 წელიწადში ისრაელები სამშობლოში დაბრუნდებოდნენ. ეს ასეც მოხდა. თუმცა ეს წინასწარმეტყველებები ჩვენც გვეხება. მათზე მსჯელობისას ყურადღება მიაქციეთ, როგორ უჭერს ისინი მხარს იმ აზრს, რომ დედამიწაზე სამოთხე იქნება.

11. როგორ შესრულდა ესაიას 11:6—9 და რა კითხვა წამოიჭრება?

11 წაიკითხეთ ესაიას 11:6—9. ღმერთმა ესაიას პირით იწინასწარმეტყველა, რომ სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელებს არაფერი შეუქმნიდა საფრთხეს. მათ არც გარეული ცხოველების შიში ექნებოდათ და არც აგრესიული ადამიანების. ახალგაზრდაც და მოხუციც თავს დაცულად იგრძნობდა. განა ეს ედემის ბაღში არსებულ უსაფრთხო გარემოს არ გახსენებთ?! (ეს. 51:3). ესაიამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ მთელი დედამიწა, და არა მხოლოდ ისრაელი, „იეჰოვას ცოდნით [აივსებოდა], როგორც ზღვაა წყლით სავსე“. როდის დადგებოდა ეს დრო?

12. ა) რა კურთხევები მიიღეს გადასახლებიდან დაბრუნებულებმა? ბ) რა მიანიშნებს, რომ ესაიას 35:5—10 მუხლებს სხვა შესრულებაც აქვს?

12 წაიკითხეთ ესაიას 35:5—10. ყურადღება მიაქციეთ, ესაიამ კიდევ ერთხელ იწინასწარმეტყველა, რომ სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელებს არც ცხოველები შეუქმნიდნენ საფრთხეს და არც ადამიანები. ედემის ბაღივით კარგად მორწყული მიწა მათ უხვ ნაყოფს მისცემდა (დაბ. 2:10—14; იერ. 31:12). მხოლოდ იმ დროს შესრულდებოდა ეს წინასწარმეტყველება? არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ გადასახლებიდან დაბრუნებულები სასწაულებრივად განიკურნენ. მაგალითად, არც ბრმებს დაბრუნებიათ მხედველობა და არც ყრუებს სმენა. ამგვარად, ღმერთმა იმაზე მიანიშნა, რომ ადამიანები პირდაპირი გაგებით მომავალში განიკურნებოდნენ.

13, 14. როგორ იხილეს გადასახლებიდან დაბრუნებულმა ისრაელებმა ესაიას 65:21—23 მუხლების შესრულება, თუმცა კიდევ რა დარჩა შესასრულებელი? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)

13 წაიკითხეთ ესაიას 65:21—23. სამშობლოში დაბრუნებულ ებრაელებს არც კომფორტული სახლები დახვედრიათ და არც დამუშავებული მიწა თუ გაშენებული ვენახები. თუმცა ღვთის კურთხევით მათი მდგომარეობა შეიცვლებოდა. რამხელა სიხარულს მიანიჭებდა მათ თავიანთ აშენებულ სახლებში ოჯახებთან ერთად ცხოვრება და საკუთარი ხელით მოყვანილი მოსავლის აღება!

14 ყურადღება მიაქციეთ წინასწარმეტყველების მთავარ დეტალს. დადგება დრო, როცა ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა „ხის დღეებივით იქნება“? ზოგიერთი ხე ათასობით წელი ცოცხლობს. ამიტომ ადამიანმა ამდენ ხანს რომ შეძლოს არსებობა, კარგი ჯანმრთელობა უნდა ჰქონდეს. ისრაელებს ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველებ პირობებში რომ ეცხოვრათ, ეს ნამდვილი სამოთხე იქნებოდა და წინასწარმეტყველებაც შესრულდებოდა.

როგორ შესრულდება იესოს დაპირება სამოთხის შესახებ? (იხილეთ აბზაცები 15, 16)

15. რა კურთხევებია ნაწინასწარმეტყველები ესაიას წიგნში?

15 დაფიქრდით, როგორ მიუთითებს ზემოთ განხილული წინასწარმეტყველებები მომავალ სამოთხეზე. მთელ დედამიწაზე მცხოვრები ხალხი ღვთისგან იქნება კურთხეული. ცხოველები და აგრესიული ადამიანები ვეღარავის შეუქმნიან საფრთხეს. ბრმები, ყრუები და კოჭლები განიკურნებიან. ხალხს სიხარულს მიანიჭებს თავიანთი სახლების შენება და საკუთარი ხელით მოყვანილი მოსავლის აღება. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ხის დღეებზე მეტი იქნება. დიახ, ბიბლია ნამდვილად მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთი მომავალი წინ გველის. და მაინც, ზოგმა შეიძლება გვითხრას, რომ ეს წინასწარმეტყველებები მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ დედამიწაზე სამოთხე იქნება. თქვენ რას უპასუხებდით? რის საფუძველზე ელით სამოთხეს დედამიწაზე? ამის მყარი საფუძველი ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულმა ადამიანმა მოგვცა.

სამოთხეში იქნები

16, 17. რა ვითარებაში მოიხსენია იესომ სამოთხე?

16 მიუხედავად იმისა, რომ ბრალი არაფერში მიუძღოდა, იესო დამნაშავედ ცნეს და ორ იუდეველ ბოროტმოქმედს შორის ძელზე გააკრეს. სიკვდილამდე ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა, რომ იესო მეფე იყო და სთხოვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“ (ლუკ. 23:39—42). იესოს პასუხი, რომელიც ლუკას 23:43-ში ჩაიწერა, ჩვენს მომავალზეც ახდენს გავლენას. ბიბლიის ზოგ თარგმანში ეს მუხლი ასეა ნათარგმნი: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“. ყურადღება მიაქციეთ სიტყვას „დღეს“. რას გულისხმობდა იესო ამ სიტყვაში? ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

17 დღეს ბევრ ენაში სასვენ ნიშნებს წინადადებაში აზრის ნათლად გადმოსაცემად სვამენ, თუმცა ძველ ბერძნულ ხელნაწერებში პუნქტუაციას ყოველთვის არ იყენებდნენ. ამიტომ ლოგიკურია ვიკითხოთ, რა თქვა იესომ: „ჭეშმარიტებას გეუბნები: დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ თუ „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“? მთარგმნელებმა შეიძლება ამ მუხლში პუნქტუაცია თავიანთ რელიგიურ შეხედულებებს მოარგონ. ამიტომ ბიბლიის თარგმანებში ორივე ვერსიას შეხვდებით.

18, 19. რა გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რა იგულისხმა იესომ?

18 გაიხსენეთ, რა უთხრა მანამდე იესომ თავის მიმდევრებს: „კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს დედამიწის გულში“. მან აგრეთვე თქვა: „კაცის ძე ადამიანებს უნდა გადაეცეს ხელში, მას მოკლავენ, მაგრამ მესამე დღეს აღდგება“ (მათ. 12:40; 16:21; 17:22, 23; მარ. 10:34). მოციქულმა პეტრემ დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად ასე მოხდა (საქ. 10:39, 40). ასე რომ, იესო სიკვდილის დღესვე არ მოხვედრილა სამოთხეში. ის რამდენიმე დღე სამარეში [ჰადესში] იყო, სანამ ღმერთმა არ აღადგინა (საქ. 2:31, 32, სქ.). *

19 აქედან გამომდინარე, იესომ დაპირების მიცემამდე ბოროტმოქმედს უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს“. აზრის გამოხატვის ასეთ მეთოდს მოსეს დროსაც ხშირად მიმართავდნენ. მაგალითად, მან თქვა: „გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ“ (კან. 6:6; 7:11; 8:1, 19; 30:15).

20. რა ამყარებს იესოს სიტყვების ჩვენეულ გაგებას?

20 იესოს მიერ ბოროტმოქმედისთვის გაცემულ პასუხზე ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ერთი მთარგმნელი ამბობს: «ამ სიტყვებში აქცენტი კეთდება სიტყვაზე „დღეს“ და ასე უნდა წავიკითხოთ: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს, ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“. ეს იმას ნიშნავს, რომ იესომ დაპირება იმ დღეს მისცა, თუმცა მომავალში შეასრულებდა». მთარგმნელი დასძენს, რომ აღმოსავლელი ხალხი პირობის მიცემისას დღემდე იყენებს სიტყვა „დღეს“, რითაც ხაზს უსვამენ იმას, რომ პირობას კონკრეტულ დღეს დებენ და მას მომავალში შეასრულებენ. მე-5 საუკუნით დათარიღებულ სირიულ თარგმანში იესოს სიტყვები ასეა ნათარგმნი: „ამინ, გეუბნები შენ დღეს, რომ ჩემთან ერთად იქნები ედემის ბაღში“. ამ დაპირებამ თითოეული უნდა გაგვამხნეოს.

21. რა პატივი არ ხვდა წილად ბოროტმოქმედს და რატომ?

21 მომაკვდავმა ბოროტმოქმედმა არაფერი იცოდა იმ შეთანხმებაზე, რომელიც იესომ ერთგულ მოციქულებს დაუდო ზეციერ სამეფოზე (ლუკ. 22:29). მეტიც, ის არც წმინდა სულით იყო მონათლული (იოან. 3:3—6, 12). ამიტომ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ იესოს დაპირება დედამიწაზე უნდა შესრულდეს სამოთხეში. წლების შემდეგ მოციქულმა პავლემ აღწერა ერთი კაცის ხილვა, რომელიც „ატაცებულ იქნა სამოთხეში“ (2 კორ. 12:1—4). სიკვდილის პირას მყოფი ბოროტმოქმედისგან განსხვავებით, პავლე და სხვა ერთგული მოციქულები ზეციერი ცხოვრებისთვის იყვნენ არჩეულები, რათა იესოსთან ერთად ემეფათ. თუმცა ამ მუხლებში პავლე მომავალ სამოთხეზე მიუთითებდა. * დედამიწაც იგულისხმება მასში? თქვენც იქნებით იქ?

რას უნდა ელოდოთ მომავალში

22, 23. რას უნდა ელოდოთ მომავალში?

22 გახსოვდეთ დავითის სიტყვები, რომელმაც თქვა: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (ფსალმ. 37:29; 2 პეტ. 3:13). ის საუბრობდა დროზე, როცა დედამიწის ყველა მკვიდრი ღვთის სამართლიანი ნორმებით იცხოვრებს. ესაიას 65:22-ში ნაწინასწარმეტყველებია: „ჩემი ხალხის დღეები ხის დღეებივით იქნება“. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ათასობით წელი იცოცხლებენ. შეგიძლიათ ამის იმედი გქონდეთ? რა თქმა უნდა. გამოცხადების 21:1—4-დან ვიგებთ, რომ ღმერთი მოხედავს კაცობრიობას და სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში თავის მოშიშთათვის შეასრულებს დაპირებას: „აღარ იქნება სიკვდილი“.

23 სავსებით გასაგებია, რას ასწავლის ბიბლია სამოთხესთან დაკავშირებით. მართალია, ადამმა და ევამ დაკარგეს სამოთხე, მაგრამ ის სამუდამოდ დაკარგული არ არის. ღვთის დაპირების თანახმად, ველით დროს, როცა დედამიწის მცხოვრებნი კურთხეულნი იქნებიან. ღვთივშთაგონებით დავითმა თქვა, რომ თვინიერები და მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე. ესაიას წიგნში ჩაწერილმა წინასწარმეტყველებებმა სამოთხეში ცხოვრების სურვილი უნდა გაგვიძლიეროს. როდის დადგება ეს დრო? მაშინ, როცა ბოროტმოქმედისთვის ნათქვამი იესოს დაპირება შესრულდება. თქვენ შეგიძლიათ სამოთხეში ცხოვრება! მაშინ რეალობად იქცევა კორეაში გამართულ კონგრესზე და-ძმების შეძახილი: „სამოთხეში შევხვდებით!“.

^ აბზ. 18 თეოლოგ მარვინ პატის აზრით, ბევრ სწავლულს მიაჩნია, რომ იესომ სიტყვა „დღეში“ 24-საათიანი პერიოდი იგულისხმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოკვდებოდა და იმ დღესვე სამოთხეში წავიდოდა. მარვინ პატის აზრით, ეს ეწინააღმდეგება სხვა ბიბლიურ ფაქტებს. მაგალითად, ბიბლიის თანახმად, იესო სიკვდილის შემდეგ სამარეში იყო, მოგვიანებით კი ზეცად ამაღლდა (მათ. 12:40; საქ. 2:31; რომ. 10:7).

^ აბზ. 21 იხილეთ ამავე ნომერში რუბრიკა „მკითხველთა შეკითხვები“.