არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 51

„იეჰოვა . . . იხსნის სულდამწუხრებულებს“

„იეჰოვა . . . იხსნის სულდამწუხრებულებს“

„იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან, ის იხსნის სულდამწუხრებულებს“ (ფსალმ. 34:18).

სიმღერა 30 ჩემო მამა, ჩემო ღმერთო, ჩემო მეგობარო!

მოკლე შინაარსი *

1, 2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

დროდადრო შესაძლოა გვეფიქრებოდეს იმაზე, რომ ჩვენი ცხოვრება ხანმოკლე და გასაჭირით სავსეა (იობ. 14:1). ამიტომ, თუკი ხანდახან გულგატეხილობა დაგვეუფლება, გასაკვირი არაა. მსგავსი გრძნობები არც ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურებისთვის იყო უცხო. ზოგი მათგანი სიკვდილსაც კი ნატრობდა (1 მეფ. 19:2—4; იობ. 3:1—3, 11; 7:15, 16). მაგრამ ღმერთი, რომელზეც ისინი იყვნენ მინდობილი, ყოველთვის ანუგეშებდა და აძლიერებდა მათ. მათი შემთხვევები ჩვენ სანუგეშებლად და სასწავლებლად ჩაიწერა ბიბლიაში (რომ. 15:4).

2 ამ სტატიაში განვიხილავთ იეჰოვას ზოგი მსახურის მაგალითს, რომელთაც განსაცდელების გამო გული უტყდებოდათ. ასეთებს შორის არიან იოსები, ნაომი და მისი რძალი რუთი, 73-ე ფსალმუნის დამწერი ლევიანი და მოციქული პეტრე. როგორ გააძლიერა ისინი იეჰოვამ? პირადად ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია მათგან? ეს სტატია პასუხს გასცემს ამ კითხვებს და დაგვარწმუნებს, რომ „იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან, ის იხსნის სულდამწუხრებულებს“ (ფსალმ. 34:18).

იოსები — უსამართლობის მსხვერპლი

3, 4. რა შეემთხვა იოსებს ახალგაზრდობაში?

3 იოსები 17 წლის იქნებოდა, როცა ღმერთმა მას ორი სიზმარი უჩვენა. ამ სიზმრების წყალობით ის მიხვდა, რომ ერთ დღეს პატივდებული კაცი გახდებოდა და ოჯახის წევრების თვალშიც დაფასდებოდა (დაბ. 37:5—10). თუმცა ამ სიზმრების ნახვიდან მალევე მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ნაცვლად იმისა, რომ პატივდებულ კაცად ქცეულიყო, ძმებმა იოსები გაყიდეს და იგი ეგვიპტელი მოხელის, ფოტიფარის, მონა გახდა (დაბ. 37:21—28). თვალსა და ხელს შუა მამის საყვარელი შვილი წარმართი ეგვიპტელი მოხელის მონად იქცა! (დაბ. 39:1).

4 თუმცა იოსებს უარესი წინ ელოდა. ფოტიფარის ცოლმა მას გაუპატიურების მცდელობაში დასდო ბრალი. ფოტიფარმა იოსები შებორკა და საპყრობილეში ჩააგდო საქმის გამოუძიებლად (დაბ. 39:14—20; ფსალმ. 105:17, 18). წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდა თავს იოსები ამგვარი ბრალდების შემდეგ. მას, ალბათ, ისიც ადარდებდა, თუ რას იფიქრებდა ხალხი მის ღმერთზე. იოსებს ნამდვილად ჰქონდა გულგატეხილობის მიზეზი!

5. როგორ უმკლავდებოდა იოსები გულგატეხილობას?

5 იოსები ვერც მონის და ვერც პატიმრის სტატუსით ვერაფერს იღონებდა თავისი მდგომარეობის გამოსასწორებლად. როგორ შეინარჩუნა მან დადებითი განწყობა? იგი იმაზე არ ფიქრობდა, თუ რისი გაკეთება არ შეეძლო; პირიქით, მუყაითად და ხალისით ასრულებდა დავალებულ საქმეს. და რაც ყველაზე მთავარია, იოსებს არასდროს დავიწყებია, რომ მის ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი იეჰოვას ეკუთვნოდა. იეჰოვაც, თავის მხრივ, ყველა საქმეში ხელს უმართავდა (დაბ. 39:21—23).

6. როგორ განუმტკიცებდა იოსებს რწმენას წინასწარმეტყველური სიზმრები?

6 იოსებს შესაძლოა სიყმაწვილეში ნანახი წინასწარმეტყველური სიზმრებიც მატებდა რწმენას, რომ კვლავ ნახავდა თავის ოჯახს და მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ეს ასეც მოხდა. როცა იგი დაახლოებით 37 წლის იყო, მისმა სიზმრებმა ახდენა დაიწყო! (დაბ. 37:7, 9, 10; 42:6, 9).

7. 1 პეტრეს 5:10-ის თანახმად, რა დაგვეხმარება განსაცდელების ატანაში?

7 რას ვსწავლობთ. იოსების მსგავსად, დღევანდელ ბოროტ ქვეყნიერებაში ჩვენც ვხვდებით უსამართლობას. გარდა ამისა, ზოგჯერ თანაქრისტიანებიც გვტკენენ გულს. მაგრამ, თუ იეჰოვას მტკიცე კლდედ და თავშესაფრად გავიხდით, გული არ გაგვიტყდება და მის მსახურებას არ შევწყვეტთ (ფსალმ. 62:6, 7; წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:10). აღსანიშნავია ისიც, რომ იოსები, სულ რაღაც, 17 წლის იყო, როცა ღმერთმა მას სიზმრები უჩვენა. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა თავის ახალგაზრდა მსახურებს ენდობა. დღესდღეობით ღვთის ორგანიზაციაში ბევრი იოსებისნაირი ახალგაზრდა გვყავს. მათაც მტკიცედ სწამთ იეჰოვასი. ზოგ მათგანს ღვთისადმი ერთგულება თავისუფლების შეზღუდვის ფასადაც კი უჯდება! (ფსალმ. 110:3).

ორი სულდამწუხრებული ქალი

8. რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ნაომი და რუთი?

8 ნაომი მოაბის მიწაზე იუდაში ჩამოვარდნილი შიმშილობის გამო აღმოჩნდა. მოაბში ხიზნობისას იგი დაქვრივდა კიდეც. მისმა შვილებმა რუთი და ორფა, მოაბელი ქალები, შეირთეს. დაახლოებით ათი წლის შემდეგ ნაომის ვაჟებიც დაეხოცა, თან ისე, რომ მემკვიდრეები არ დარჩენიათ (რუთ. 1:1—5). წარმოიდგინეთ, როგორი სულგამწარებული იქნებოდნენ დაქვრივებული ქალები! მართალია, რუთსა და ორფას ხელმეორედ გათხოვება შეეძლოთ, მაგრამ ასაკოვანი ნაომი უპატრონოდ რჩებოდა. იგი იმდენად მოეცვა დარდსა და ნაღველს, რომ ერთხელ აღმოხდა კიდეც: „ნაომის ნუღარ დამიძახებთ. მარა დამიძახეთ, რადგან ყოვლისშემძლემ სიცოცხლე გამიმწარა!“. სულდამწუხრებულმა ნაომიმ ბეთლემში დაბრუნება გადაწყვიტა. რუთიც თან გაჰყვა (რუთ. 1:7, 18—20).

ნაომისა და რუთის მაგალითზე დავინახეთ, რომ იეჰოვას შესწევს ძალა, თავის მსახურებს დარდი გაუქარწყლოს და გულგატეხილობა დააძლევინოს. გწამთ, რომ იგი თქვენც ამოგიდგებათ მხარში? (იხილეთ აბზაცები 8—13). *

9. რუთის 1:16, 17, 22-ის თანახმად, როგორ ანუგეშა რუთმა ნაომი?

9 ნაომის გულზე მალამოდ დაედებოდა რძლის ურყევი სიყვარული. მან ხომ დედამთილთან დარჩენა არჩია! (წაიკითხეთ რუთის 1:16, 17, 22). ამასთანავე, ბეთლემში ჩასული რუთი არ თაკილობდა ქერის დაცვენილი თავთავების კრეფას თავის სარჩენად. შედეგად, მან ღირსეული ქალის სახელი მოიხვეჭა (რუთ. 3:11; 4:15).

10. საიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვას აღელვებდა ნაომისა და რუთისნაირი გაჭირვებულები?

10 იეჰოვას მიერ ისრაელებისთვის მიცემული კანონი ითვალისწინებდა ნაომისა და რუთისნაირ გაჭირვებულებზე ზრუნვას. კანონის თანახმად, მოსავლის აღების დროს ისრაელებს მინდვრის ნაპირები არ უნდა მოემკათ და გაჭირვებულთათვის უნდა დაეტოვებინათ (ლევ. 19:9, 10). ასე რომ, ნაომისა და რუთს არ მოუწევდათ მათხოვრობა ლუკმაპურის გამო. ისინი ყოველდღიურ საზრდოს ღირსეული შრომით მოიპოვებდნენ.

11, 12. როგორ დაუბრუნა ბოაზმა სიხარული ნაომისა და რუთს?

11 იმ მინდვრის მფლობელი, სადაც რუთი დაცვენილ თავთავებს კრეფდა, მდიდარი კაცი ბოაზი იყო. იგი იმდენად მოიხიბლა რუთის მიერ დედამთილისადმი გამოვლენილი ერთგულებითა და სიყვარულით, რომ რუთი ცოლად შეირთო, ნაომის მემკვიდრეობა კი გამოისყიდა (რუთ. 4:9—13). მათ ეყოლათ ვაჟი, რომელსაც ობედი დაარქვეს; იგი მეფე დავითის პაპა იყო (რუთ. 4:17).

12 წარმოიდგინეთ, როგორი გახარებული იქნებოდა ნაომი, როცა პატარა ობედს ჩაიკრავდა გულში და მადლობას შესწირავდა იეჰოვას! თუმცა ნაომისა და რუთს კიდევ ერთი სიხარული ელით წინ. ისინი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ შეიტყობენ, რომ ობედი აღთქმული მესიის, იესო ქრისტეს, წინაპარი გახდა!

13. რას ვსწავლობთ ნაომისა და რუთის მაგალითზე?

13 რას ვსწავლობთ. განსაცდელებმა შეიძლება გული გაგვიტეხოს და ხანდახან ისიც გვაფიქრებინოს, რომ მდგომარეობა უიმედოა. თუმცა ასეთ დროს ბოლომდე უნდა მივენდოთ ჩვენს ზეციერ მამას და თანაქრისტიანებთან მჭიდრო ურთიერთობა შევინარჩუნოთ. როგორც დაქვრივებული ნაომისთვის არ აღუდგენია იეჰოვას სასწაულებრივად ქმარი და ვაჟები, ისე შეიძლება ჩვენც არ მოგვარიდოს პრობლემები, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ: იეჰოვა აუცილებლად დაგვეხმარება პრობლემებთან გამკლავებაში. მან შეიძლება თანაქრისტიანები აღძრას, რომ ჩვენდამი ურყევი სიყვარული გამოავლინონ (იგავ. 17:17).

ლევიანი, რომელმაც კინაღამ გადაუხვია სწორი გზიდან

73-ე ფსალმუნის დამწერს შეშურდა მათი წარმატების, ვინც იეჰოვას არ ემსახურებოდნენ, და კინაღამ გადაუხვია სწორი გზიდან. იგივე შეიძლება ჩვენც დაგვემართოს (იხილეთ აბზაცები 14—16).

14. რამ გაუტეხა გული ერთ ლევიანს?

14 73-ე ფსალმუნი ერთმა ლევიანმა დაწერა. სხვა ლევიანების მსგავსად, მასაც ჰქონდა ღვთის სახლში მსახურების პატივი. მიუხედავად ამისა, რაღაც დროის მანძილზე მასაც დაეუფლა გულგატეხილობა. ამ ლევიანს შეშურდა ბოროტი და ქედმაღალი ხალხის, რომელიც უზრუნველად ცხოვრობდა (ფსალმ. 73:2—9, 11—14). ერთი შეხედვით, მათ არაფერი აწუხებდათ — ჰქონდათ სიმდიდრე და დალხენილი ცხოვრება. მათ შემხედვარე ლევიანს იმდენად აუცრუვდა გული, რომ თქვა: „ამაოდ ვუფრთხილდებოდი გულს და ამაოდ დავიბანე უდანაშაულობის ნიშნად ხელი“. ფაქტია, იგი სახიფათო გზას ადგა.

15. ფსალმუნის 73:16—19, 22—25-ის თანახმად, როგორ დაძლია გულგატეხილობა ამ ფსალმუნის დამწერმა?

15 წაიკითხეთ ფსალმუნის 73:16—19, 22—25. გულგატეხილი ლევიანი „ღვთის დიდებულ წმინდა ადგილას“ მივიდა, სადაც იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემელთა გარემოში მყოფს შეეძლო, დაფიქრებულიყო, საღად შეეფასებინა თავისი მდგომარეობა და ელოცა. შედეგად, მან გააცნობიერა, რომ არასწორად ფიქრობდა და სახიფათო გზას ადგა, რომელიც იეჰოვას ჩამოაშორებდა. ლევიანი მიხვდა, რომ ბოროტები „მოლიპულ გზაზე“ იდგნენ და „საზარელი აღსასრული“ ელოდათ. გულიდან შურის ამოსაძირკვად და გულგატეხილობის დასაძლევად მას იეჰოვას თვალით უნდა შეეხედა მოვლენებისთვის. შედეგად, ლევიანმა უწინდელი სიხარული დაიბრუნა და მის გულში კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა. მან თქვა: „[იეჰოვას] მეტი არავინ მინდა დედამიწაზე“.

16. რას ვსწავლობთ ამ ლევიანის მაგალითზე?

16 რას ვსწავლობთ. დაე არასდროს შეგვშურდეს ბოროტების, რომელთაც, ერთი შეხედვით, არაფერი აკლიათ. მათი სიხარული მოჩვენებითი და წარმავალია; ასეთ ადამიანებს დიდი დღე არ უწერიათ (ეკლ. 8:12, 13). თუ შეგვშურდება მათი, შეიძლება გული გაგვიტყდეს და ჩვენს სულიერობას საფრთხე შევუქმნათ. ასე რომ, თუკი ბოროტთა „წარმატებას“ შენატრით, მიჰბაძეთ ამ ლევიანს — ყურად იღეთ მოსიყვარულე ღვთის რჩევები და იეჰოვას ნების შემსრულებლებთან გქონდეთ ურთიერთობა. თუ თქვენი სიხარულის მთავარი მიზეზი იეჰოვაა, ნამდვილად ბედნიერი იქნებით და დარჩებით „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ გზაზე (1 ტიმ. 6:19).

საკუთარი სისუსტეებით გულგატეხილი პეტრე

პეტრე, რომელმაც დაძლია გულგატეხილობა და განაგრძო ღვთის მსახურება, ჩვენთვის მაგალითია. მისი მაგალითით სხვების გამხნევებაც შეგვიძლია (იხილეთ აბზაცები 17—19).

17. რას შეიძლება გაეტეხა გული პეტრესთვის?

17 მოციქული პეტრე ენერგიული და სიცოცხლით სავსე კაცი იყო; ყოველთვის ღიად გამოხატავდა ემოციებს და ხანდახან სიფიცხესაც ავლენდა. ამის გამო, ზოგჯერ ის ისეთ რამეს ამბობდა და აკეთებდა, რასაც მოგვიანებით ნანობდა. მაგალითად, როცა იესომ მოციქულებს უთხრა, რომ წამება და სიკვდილი ელოდა, პეტრემ უსაყვედურა და უთხრა: „ნუ დამართებ თავს ამას!“ (მათ. 16:21—23). იესომ შეუსწორა მას აზროვნება. სხვა დროს, როცა ბრბომ იესოს შეპყრობა დააპირა, პეტრემ დაუფიქრებლად იშიშვლა მახვილი და მღვდელმთავრის მონას ყური ჩამოათალა (იოან. 18:10, 11). იესომ კვლავ მიუთითა მას არასწორ საქციელზე. ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარ თავში ზედმეტად დაჯერებულმა პეტრემ იესოს უთხრა, რომ სხვა მოციქულებს რომც მიეტოვებინათ იგი, თავად არასდროს მიატოვებდა მას (მათ. 26:33). მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, მის თავდაჯერებულობას კაცთმოშიშებამ სძლია და მან სამჯერ უარყო თავისი მოძღვარი. მაშინ სულდამწუხრებული პეტრე „გარეთ გავიდა და მწარედ ატირდა“ (მათ. 26:69—75). გულგატეხილ პეტრეს, ალბათ, აეჭვებდა, საერთოდ აპატიებდა თუ არა მას იესო.

18. როგორ დაეხმარა იესო პეტრეს გულგატეხილობის დაძლევაში?

18 თუმცა პეტრეს გულგატეხილობის გამო ხელი არ ჩაუქნევია. შეცდომის დაშვების შემდეგ მან კვლავ განაგრძო სხვა მოციქულებთან ერთად მსახურება (იოან. 21:1—3; საქ. 1:15, 16). რა დაეხმარა მას, დაეძლია გულგატეხილობა? პეტრეს ემახსოვრებოდა იესოს სიტყვები: „მე ვილოცე შენთვის, რომ რწმენა არ დაკარგო, და როცა მობრუნდები, განამტკიცო ძმები“. იეჰოვამაც შეისმინა იესოს ლოცვა. მოგვიანებით იესო პირადად ეჩვენა პეტრეს, როგორც ჩანს, გამხნევების მიზნით (ლუკ. 22:32; 24:33, 34; 1 კორ. 15:5). ცოტა ხანში იგი მთელი ღამე წარუმატებელი თევზაობით გაწბილებულ მოციქულებსაც ეჩვენა. მათ შორის იყო პეტრეც, რომელსაც იესომ მისთვის სიყვარულის დამტკიცების შესაძლებლობა მისცა. მან აპატია თავის ძვირფას მეგობარს და მეტი საქმე მიანდო (იოან. 21:15—17).

19. როგორ გვეხმარება ფსალმუნის 103:13, 14, საკუთარ თავს იეჰოვას თვალით ვუყუროთ?

19 რას ვსწავლობთ. ამ შემთხვევიდან თვალნათლივ გამოჩნდა, თუ რაოდენ გულმოწყალეა იესო, რომელიც მამას სრულყოფილად ჰბაძავს ამ თვისების გამოვლენაში. ამიტომ, როცა შეცდომებს ვუშვებთ, ზედმეტად არ უნდა განვსაჯოთ საკუთარი თავი და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი მდგომარეობა უიმედოა. არ დაგვავიწყდეს, რომ სატანის მიზანიც ესაა. უნდა შევეცადოთ, რომ როგორც საკუთარ თავს, ისე მწყენინებლებს, თანამგრძნობი და მოსიყვარულე ზეციერი მამის თვალით ვუყუროთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:13, 14).

20. რას შევიტყობთ მომდევნო სტატიიდან?

20 იოსების, ნაომის, რუთის, ლევიანისა და პეტრეს შემთხვევები იმაში გვარწმუნებს, რომ „იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან“ (ფსალმ. 34:18). მართალია, იგი უშვებს განსაცდელებს და არც გულგატეხილობისგან გვიცავს, მაგრამ მისი დახმარებით მსგავს სირთულეებს წარმატებით ვუმკლავდებით და რწმენაც გვიძლიერდება (1 პეტ. 1:6, 7). მომდევნო სტატიიდან შევიტყობთ, თუ როგორ უდგას იეჰოვა მხარში თავის მსახურებს, რომელთაც გული უტყდებათ საკუთარი სისუსტეებისა თუ პრობლემების გამო.

სიმღერა 7 იეჰოვა, ჩვენო ძალავ!

^ აბზ. 5 რა ჰქონდათ საერთო იოსებს, ნაომის, რუთს, ერთ-ერთი ფსალმუნის დამწერ ლევიანსა და მოციქულ პეტრეს? თითოეული მათგანი ცხოვრების რაღაც ეტაპზე თავს დათრგუნულად და გულგატეხილად გრძნობდა. წინამდებარე სტატიიდან გავიგებთ, თუ როგორ ანუგეშა და გააძლიერა ისინი იეჰოვამ და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას. ვნახავთ იმასაც, თუ რისი სწავლა შეგვიძლია ღვთის ამ თითოეული მსახურისგან.

^ აბზ. 56 სურათის აღწერა: დაქვრივებული ნაომი, რუთი და ორფა გარდაცვლილ მეუღლეებს გლოვობენ. ნაომის ოჯახში კვლავ ბედნიერება ისადგურებს, როცა რუთსა და ბოაზს ობედი უჩნდებათ.