მკითხველთა შეკითხვები
ნიშნავს 1 კორინთელების 15:29-ში ჩაწერილი მოციქული პავლეს სიტყვები, რომ პირველ საუკუნეში ზოგი ქრისტიანი მკვდართათვის ინათლებოდა?
არა. ჩვენ არ მოგვეპოვება არც ბიბლიური და არც ისტორიული მტკიცებულება, რომ ასე ვიფიქროთ.
ბიბლიის ბევრ გამოცემაში ამ მუხლის თარგმანი ზოგს აფიქრებინებს, რომ პავლეს დროს ზოგი ქრისტიანი მკვდრებისთვის ინათლებოდა. მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთ ქართულ თარგმანში ეს მუხლი ასეა ნათარგმნი: „თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რაღატომ ინათლებიან მკვდართათვის?“ (1 კორ. 15:29, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი).
მოდი მიმოვიხილოთ ამ საკითხზე ორი ბიბლეისტის აზრი. დოქტორი გრეგორი ლოკვუდი აღნიშნავს, რომ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, მსგავსი ნათლობები სრულდებოდა მიცვალებულთა სახელზე, არ მოეპოვება არც ისტორიული და არც ბიბლიური საფუძველი. მსგავს აზრზეა პროფესორი გორდონ ფიც. იგი ამბობს: «არც ისტორიულად და არც ბიბლიურად არ დასტურდება მსგავსი ნათლობის პრეცედენტი. „ახალი აღთქმა“ სავსებით დუმს ამ საკითხზე. ისტორიულად მსგავს პრაქტიკას არ ვხვდებით არც რომელიმე ქრისტიანულ მიმდინარეობაში და არც მთელ საქრისტიანოში».
ბიბლიის თანახმად, იესოს მიმდევრებს ყველა ერის ხალხი მოწაფეებად უნდა მოემზადებინათ, მოენათლათ და ესწავლებინათ ყველაფრის დაცვა, რაც მისგან ჰქონდათ ნასწავლი (მათ. 28:19, 20). მონათვლამდე და მოწაფედ გახდომამდე ადამიანი ჯერ უნდა გაცნობოდა ღმერთსა და მის ძეს, რწმენა განევითარებინა და მზად ყოფილიყო მორჩილებისთვის. მკვდარი ამ ყოველივეს გაკეთებას ვერ შეძლებდა და ვერც ცოცხალი გააკეთებდა ამას მის მაგივრად (ეკლ. 9:5, 10; იოან. 4:1; 1 კორ. 1:14—16).
მაშ, რა ჰქონდა პავლეს მხედველობაში?
ზოგ კორინთელს არ სწამდა მკვდრეთით აღდგომის (1 კორ. 15:12). პავლემ გააბათილა მათი მცდარი თვალსაზრისი. მართალია, მან აღნიშნა, რომ ყოველდღე სიკვდილს ჩაჰყურებდა თვალებში, მაგრამ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მტკიცედ სწამდა, რომ სიკვდილის შემდეგ იესოს მსგავსად ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგებოდა როგორც ძლევამოსილი სულიერი ქმნილება (1 კორ. 15:30—32, 42—44).
კორინთელებს მართებდათ იმის გაცნობიერება, რომ, ისინი, როგორც ცხებული ქრისტიანები, შეხვდებოდნენ განსაცდელებს და ზეცაში აღდგომამდე სიკვდილი მოუწევდათ. „ქრისტე იესოში ნათლობა“ მისი სიკვდილის მოზიარეობასაც ნიშნავდა (რომ. 6:3). მათი სიმბოლური ნათლობა მოასწავებდა იმას, რომ ისინი იესოსავით მოკვდებოდნენ და ზეცაში საცხოვრებლად აღდგებოდნენ.
იესოს წყალში ნათლობიდან ორ წელზე მეტი იყო გასული, როცა მან თავის ორ მოციქულს უთხრა: „იმ ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, თქვენც მოინათლებით“ (მარ. 10:38, 39). იგი ამ სიტყვებში წყალში ნათლობას არ გულისხმობდა. იესომ მოციქულებს მიანიშნა, რომ ღვთის ერთგულება მას სიკვდილს უქადდა. პავლემაც აღნიშნა, რომ სულით ცხებულებიც იესოს ბედს გაიზიარებდნენ და ბოლოს მასთან ერთად განდიდდებოდნენ (რომ. 8:16, 17; 2 კორ. 4:17). ამგვარად, ზეცაში მკვდრეთით აღდგომამდე ცხებულ ქრისტიანებსაც სიკვდილი მოუწევდათ.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე 1 კორინთელების 15:29-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვები შეგვიძლია ასე გავიგოთ: „ასე რომ არ იყოს, რა უნდა ქნან მათ, ვინც სასიკვდილოდ მოინათლნენ?! და, თუკი მკვდრები არ აღდგებიან, მაშ, რატომღა ინათლებიან ისინი სასიკვდილოდ?!“.