არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 1

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 2 იეჰოვაა შენი სახელი

განადიდეთ იეჰოვა!

განადიდეთ იეჰოვა!

2025 ᲬᲚᲘᲡ ᲛᲣᲮᲚᲘ: „განადიდეთ იეჰოვა მისი სახელის გამო“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 96:8).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, როგორ მივაგოთ იეჰოვას საკადრისი დიდება.

1. რაზე აკეთებს დღეს ბევრი დიდ აქცენტს?

 ᲐᲚᲑᲐᲗ შეგიმჩნევიათ, რომ დღეს ბევრი საკუთარი თავითაა მოცული. მაგალითად, სოციალურ მედიაში ისინი ყველანაირად ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩენას. თუმცა ძალიან ცოტა თუ ფიქრობს ღვთის განდიდებაზე. ამ სტატიაში განვიხილავთ, რას ნიშნავს იეჰოვას განდიდება და რა აღგვძრავს მის განსადიდებლად. იმასაც გავიგებთ, როგორ მივაგოთ მას საკადრისი დიდება და ახლო მომავალში თავად როგორ განადიდებს თავის სახელს.

ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲒᲐᲜᲓᲘᲓᲔᲑᲐ

2. როგორ უჩვენა ისრაელ ერს იეჰოვამ თავისი დიდება სინაის მთაზე? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

2 ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „დიდება“ იმაზე მიუთითებს, რაც ვინმეს შთამბეჭდავს ხდის. ეგვიპტიდან ისრაელი ერის გამოყვანის შემდეგ მალევე იეჰოვამ მათ თავისი დიდება უჩვენა. წარმოიდგინეთ სინაის მთის ძირას მის მოსასმენად შეკრებილი მილიონობით ებრაელი. ამ დროს მთა შავ ღრუბელში ეხვევა და მიწა იძვრის, რასაც ქუხილი, ელვა და საყვირის ძლიერი ხმა მოჰყვება (გამ. 19:16–18; 24:17; ფსალმ. 68:8). უბრალოდ დაფიქრდით, როგორი შთაბეჭდილების ქვეშ იქნებოდა მთელი ერი იეჰოვას დიდებულების დანახვაზე!

სინაის მთაზე იეჰოვამ თავისი დიდება უჩვენა ისრაელ ერს (იხილეთ აბზაცი 2).


3. რას ნიშნავს იეჰოვას განდიდება?

3 საერთოდ რას ნიშნავს იეჰოვას განდიდება და ჩვენ თუ შეგვიძლია მივაგოთ მას დიდება? იეჰოვას განვადიდებთ, როცა მის დიდებულ საქმეებსა და მიმზიდველ თვისებებზე ვესაუბრებით სხვებს. ჩვენ მაშინაც მივაგებთ მას დიდებას, როცა ვაღიარებთ, რომ ყველაფერს მისი წყალობით ვაკეთებთ (ეს. 26:12). იეჰოვას განდიდების კარგი მაგალითი მეფე დავითმა დაგვიტოვა. ერთხელ მან მთელი ერის წინაშე ასეთი სიტყვებით მიმართა ღმერთს: „იეჰოვა, დიადი, ძლევამოსილი, ბრწყინვალე, აღმატებული და დიდებული ხარ, რადგან ყველაფერი შენია ცაში თუ დედამიწაზე!“. მას შემდეგ, რაც დავითმა ლოცვა დაასრულა, „ხალხმაც განადიდა იეჰოვა“ (1 მატ. 29:11, 20).

4. როგორ განადიდებდა იესო იეჰოვას?

4 როგორ განადიდებდა იესო იეჰოვას დედამიწაზე ყოფნის დროს? ის ყოველთვის აღიარებდა, რომ სასწაულებს იეჰოვას ძალით ახდენდა (მარ. 5:18–20). გარდა ამისა, სიტყვითა თუ საქმით ანახებდა ხალხს, როგორი პიროვნება იყო ზეციერი მამა. გავიხსენოთ ერთი შემთხვევა. ერთ შაბათს იესო სინაგოგაში ასწავლიდა. იქ მსმენელებს შორის იყო ქალი, რომელიც 18 წელი დემონს ჰყავდა შეპყრობილი. დემონმა ის გაუსაძლის მდგომარეობაში ჩააგდო – ეს ქალი წელში იყო მოხრილი და ვერ იმართებოდა. ის რომ დაინახა, იესოს გული დაეწვა და თბილად უთხრა: „განკურნებული ხარ უძლურებისგან“. შემდეგ ხელები დაადო ქალს, „ისიც მაშინვე გაიმართა და ღვთის განდიდება დაიწყო“ (ლუკ. 13:10–13). როგორი მადლიერი იქნებოდა ეს ქალი, რომ იეჰოვამ ჯანმრთელობაც დაუბრუნა და ღირსების გრძნობაც აუმაღლა. მას ნამდვილად ჰქონდა ღვთის განდიდების საფუძველი. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენზეც.

ᲠᲐ ᲐᲦᲒᲕᲫᲠᲐᲕᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲒᲐᲜᲡᲐᲓᲘᲓᲔᲑᲚᲐᲓ

5. რატომ იმსახურებს იეჰოვა ჩვენს პატივისცემას?

5 ღრმა პატივისცემა. რატომ იმსახურებს იეჰოვა ჩვენს პატივისცემას? ის ყოვლისშემძლეა და უსაზღვრო ძალას ფლობს (ფსალმ. 96:4–7). ის ყოვლადბრძენიცაა, რაზეც მისი შემოქმედებაც მოწმობს. მან მისცა სიცოცხლეს დასაბამი და დღემდე მისით ვარსებობთ (გამოცხ. 4:11). ის ერთგული ღმერთია (გამოცხ. 15:4). მას ვერაფერი დააბრკოლებს, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს, და ყოველთვის ასრულებს თავის დაპირებებს (იეს. 23:14). ამიტომ, რა გასაკვირია, რომ წინასწარმეტყველმა იერემიამ ის ასეთი სიტყვებით განადიდა: „ხალხთა ბრძენკაცებს შორის და მათ სამეფოებში არავინაა შენი სადარი!“ (იერ. 10:6, 7). ნამდვილად არაერთი მიზეზი გვაქვს, პატივს ვცემდეთ ჩვენს ზეციერ მამას. თუმცა ჩვენგან ის მხოლოდ პატივისცემას კი არა, სიყვარულსაც იმსახურებს.

6. რატომ გვიყვარს იეჰოვა?

6 დიდი სიყვარული. რატომ გვიყვარს იეჰოვა? ის გულმოწყალე და თანამგრძნობია (ფსალმ. 103:13; ეს. 49:15). შედის ჩვენს მდგომარეობაში და ჩვენი ტკივილი მისი ტკივილია (ზაქ. 2:8). ის გვეხმარება, რომ დავუმეგობრდეთ (ფსალმ. 25:14; საქ. 17:27). თანაც თავმდაბალია. მასზე ნათქვამია: „დაბლა იხრება, რომ გადმოხედოს ცასა და მიწას; საწყალს მტვრიდან აყენებს“ (ფსალმ. 113:6, 7). მართლაც შეუძლებელია, არ გვიყვარდეს ასეთი ღმერთი და მისი განდიდების სურვილი არ გვქონდეს! (ფსალმ. 86:12).

7. რისი პატივი გვაქვს?

7 მისი სახელის განწმენდის სურვილი. დღეს ბევრმა არ იცის სიმართლე იეჰოვას შესახებ. რა გახდა ამის მიზეზი? სატანამ არაერთი საშინელი სიცრუე დააჯერა ხალხს ღმერთზე (2 კორ. 4:4). მან ისინი დაარწმუნა, რომ ღმერთი შურისმგებელია, არ ადარდებს ხალხი და მათ ტანჯვას იწვევს. თუმცა ჩვენ ვიცით, როგორია იეჰოვა სინამდვილეში და უდიდეს პატივად მივიჩნევთ, რომ შეგვიძლია ეს სხვებსაც გავაგებინოთ (ეს. 43:10). 96-ე ფსალმუნი სწორედ იეჰოვას განდიდებისკენ მოგვიწოდებს. ამიტომ ახლა ამ ფსალმუნში ჩაწერილ ზოგიერთ აზრს განვიხილავთ. განხილვის დროს დაფიქრდით, თქვენ როგორ შეგიძლიათ იეჰოვას საკადრისი დიდება მიაგოთ.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲘᲕᲐᲒᲝᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲡᲐᲙᲐᲓᲠᲘᲡᲘ ᲓᲘᲓᲔᲑᲐ

8. როგორაა შესაძლებელი იეჰოვას განდიდება? (ფსალმუნი 96:1–3).

8 საუბარი. ფსალმუნის 96:1–3 (წაიკითხეთ) იეჰოვას ხალხს მოუწოდებს: „უგალობეთ იეჰოვას“, „ადიდეთ მისი სახელი“, „ახარეთ, რომ ის მხსნელია“ და „უამბეთ მისი სიდიადის შესახებ ერებს“. ეს სიტყვები იმაზე მიგვანიშნებს, თუ როგორ შეგვიძლია განვადიდოთ საუბრით ჩვენი ზეციერი მამა. წარსულში ღვთის ერთგული მსახურები მთელი ენთუზიაზმით ესაუბრებოდნენ სხვებს, თუ სინამდვილეში როგორია იეჰოვა და რას აკეთებდა მათთვის (დან. 3:16–18; საქ. 4:29). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მათ?

9, 10. რა ისწავლეთ ანჯელინას შემთხვევიდან? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

9 ვნახოთ, რა შეემთხვა შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ერთ დას, ანჯელინას. a მას სამსახური ახალი დაწყებული ჰქონდა ერთ კომპანიაში. ახალი თანამშრომლების გასაცნობად ერთხელ შეხვედრა მოეწყო, სადაც მათ საკუთარი თავი უნდა წარედგინათ. ანჯელინამ სლაიდშოუ მოამზადა იმის საჩვენებლად, თუ რამხელა სიხარულს ანიჭებს ღვთის მსახურება. თუმცა სანამ მისი ჯერი დადგებოდა, ერთმა თანამშრომელმა წარადგინა თავი და თქვა, რომ იეჰოვას მოწმეების ოჯახში აღიზარდა. შემდეგ კი მოწმეების დაცინვა დაიწყო. ანჯელინა იხსენებს: „გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. თუმცა მაშინვე ვუთხარი ჩემს თავს, ახლა როგორ უნდა გავჩუმდე და როგორ არ უნდა დავიცვა იეჰოვას რეპუტაცია-მეთქი“.

10 თანამშრომელმა საუბარი რომ დაასრულა, ანჯელინამ გულში მოკლედ ილოცა და მას თავაზიანად უთხრა: „მეც იეჰოვას მოწმეების ოჯახში გავიზარდე და თავადაც გავხდი იეჰოვას მოწმე“. ამის თქმაზე ყველა ძალიან დაიძაბა. თუმცა ანჯელინამ მაინც შეძლო სიმშვიდის შენარჩუნება. მან თანამშრომლებს თეოკრატიულ ღონისძიებებზე გადაღებული სურათები აჩვენა და ტაქტიანად აუხსნა, თუ რა სწამდა (1 პეტ. 3:15). საუბრის ბოლოს აშკარა იყო, რომ ის თანამშრომელიც მოლბა, რომელმაც იეჰოვას მოწმეები დაცინვით მოიხსენია. მერე ისიც კი თქვა, რომ ბავშვობიდან მოწმეებზე ბევრი კარგი მოგონება მოჰყვებოდა. ანჯელინა დასძენს: „ჩემთვის დიდი პატივია იეჰოვას რეპუტაციის დაცვა. ის ამას ნამდვილად იმსახურებს“. ჩვენთვისაც დიდი პატივია, რომ შეგვიძლია იეჰოვა განვადიდოთ განსაკუთრებით მაშინ, როცა მას უპატივცემულოდ იხსენიებენ.

ჩვენ განვადიდებთ იეჰოვას ჩვენი საუბრით (იხილეთ აბზაცები 9, 10). b


11. როგორ ითვალისწინებდნენ ოდითგანვე იეჰოვას მსახურები ფსალმუნის 96:8-ში ჩაწერილ პრინციპს?

11 შესაწირავები (წაიკითხეთ ფსალმუნის 96:8). იეჰოვას თაყვანისმცემლები ოდითგანვე პატივს მიაგებდნენ მას თავიანთი შესაწირავებით (იგავ. 3:9). მაგალითად, ისრაელები ტაძრის ასაშენებლად და შესაკეთებლად შესაწირავს იღებდნენ (2 მეფ. 12:4, 5; 1 მატ. 29:3–9). მოგვიანებით მოწაფეებიც „არ იშურებდნენ სახსრებს“ იესოსა და მისი მოციქულების დასახმარებლად (ლუკ. 8:1–3). ამასთანავე, პირველი საუკუნის ქრისტიანები გასაჭირში მყოფი და-ძმებისთვის შესაწირავს აგროვებდნენ და მათ უგზავნიდნენ (საქ. 11:27–29). დღეს ჩვენც შეგვიძლია დიდება მივაგოთ იეჰოვას ნებაყოფლობითი შესაწირავებით.

12. როგორ ემსახურება შესაწირავები იეჰოვას განდიდებას? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

12 განვიხილოთ ერთი შემთხვევა, საიდანაც ჩანს, როგორ ემსახურება ჩვენი შესაწირავები იეჰოვას განდიდებას. 2020 წელს გამოქვეყნებული ერთი ანგარიშის თანახმად, ზიმბაბვეში ხანგრძლივი გვალვის გამო ისეთი შიმშილობა ჩამოვარდა, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ერთი ჩვენი და პრისკაც. თუმცა რთული ვითარების მიუხედავად ხვნა-თესვის პერიოდშიც კი, ჩვეულებისამებრ, ოთხშაბათს და პარასკევს მსახურებაში დადიოდა. მეზობლებს ვერ გაეგოთ, რატომ იქცეოდა ასე და ეუბნებოდნენ, იცოდე, შიმშილით მოკვდებიო. თუმცა ამას პრისკაზე არ უმოქმედია. ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა არასდროს მიატოვებდა თავის მსახურებს. მალევე მან ორგანიზაციისგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. ეს რომ მეზობლებმა დაინახეს, პრისკას უთხრეს: „ღმერთს მართლა არასდროს მიუტოვებიხარ. ჩვენც გვინდა, მეტი გავიგოთ მასზე“. ამ ამბის შემდეგ პრისკას შვიდმა მეზობელმა კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. აშკარაა, რომ ჩვენ მიერ გაღებული შესაწირავები, რომელიც დაზარალებულთა დახმარებასაც ხმარდება, განადიდებს იეჰოვას.

ჩვენ განვადიდებთ იეჰოვას ჩვენი შესაწირავებით (იხილეთ აბზაცი 12). c


13. როგორ შეგვიძლია ჩვენი საქციელით განვადიდოთ იეჰოვა? (ფსალმუნი 96:9).

13 საქციელი (წაიკითხეთ ფსალმუნის 96:9). იეჰოვას ტაძარში მომსახურე მღვდლებს ფიზიკური სისუფთავის დაცვა მოეთხოვებოდათ (გამ. 40:30–32). თუმცა ფიზიკურ სისუფთავეზე მნიშვნელოვანი ღვთის თვალში ზნეობრივი სიწმინდეა (ფსალმ. 24:3, 4; 1 პეტ. 1:15, 16). ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მოვიშოროთ „ძველი პიროვნება“ ანუ უწმინდური ფიქრები თუ ჩვევები და შევიმოსოთ „ახალი პიროვნებით“. ეს იმას ნიშნავს, რომ მივბაძოთ ჩვენს ზეციერ მამას, რაც თავის მხრივ, ჩვენს აზროვნებასა და საქციელზე აისახება (კოლ. 3:9, 10). იეჰოვას დახმარებით უკიდურესად გარყვნილი და სასტიკი ადამიანებიც კი შეძლებენ ცვლილებების მოხდენას და „ახალი პიროვნებით“ შემოსვას.

14. რა გასწავლათ ჯეკის შემთხვევამ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

14 განვიხილოთ ერთი საშიში დამნაშავის, ჯეკის, შემთხვევა, რომელსაც მეტსახელად „დემონს“ ეძახდნენ. არაერთი მძიმე დანაშაულის გამო მას სიკვდილი მიუსაჯეს. თუმცა სანამ განაჩენს აღასრულებდნენ, ჯეკმა ციხეში ბიბლიის შესწავლა დაიწყო ერთ ძმასთან, რომელიც პატიმრებს ინახულებდა. მიუხედავად იმისა, რომ თავზეხელაღებული დამნაშავე იყო, მან მოიშორა „ძველი პიროვნება“ და გარკვეული დროის შემდეგ მოინათლა. ის იმდენად შეიცვალა, რომ განაჩენის აღსრულების დღეს ციხის ზოგიერთი თანამშრომელი მას თვალცრემლიანი აცილებდა. ერთმა სამხედრო პირმა აღნიშნა: „ერთ დროს ყველაზე თავზეხელაღებული კაცი სამაგალითო პატიმრად იქცა“. ჯეკის სიკვდილით დასჯიდან რამდენიმე დღის შემდეგ ძმები ისევ მივიდნენ ციხეში ყოველკვირეული შეხვედრის ჩასატარებლად. ამ შეხვედრას მაშინ ერთი პატიმარი პირველად დაესწრო. ჯეკში მომხდარმა ცვლილებებმა მასზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დააინტერესა, როგორ გამხდარიყო იეჰოვას თაყვანისმცემელი. აშკარაა, ჩვენი საქციელით ჩვენს ზეციერ მამას განვადიდებთ (1 პეტ. 2:12).

ჩვენ განვადიდებთ იეჰოვას ჩვენი საქციელით (იხილეთ აბზაცი 14). d


ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲜᲐᲓᲘᲓᲔᲑᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲡ ᲐᲮᲚᲝ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲨᲘ

15. როგორ განადიდებს იეჰოვა თავის სახელს ახლო მომავალში? (ფსალმუნი 96:10–13).

15 წაიკითხეთ ფსალმუნის 96:10–13. ამ ფსალმუნის ბოლო სიტყვები იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ იეჰოვა სამართლიანი მოსამართლე და მეფეა. ის ახლო მომავალში თავის მტრებზე სამართლიან განაჩენს აღასრულებს და ამგვარად თავის სახელს განადიდებს. მალე ღმერთი გაანადგურებს „დიდ ბაბილონს“, რომელმაც შებღალა მისი წმინდა სახელი (გამოცხ. 17:5, 16; 19:1, 2). ზოგი, ვინც ამ მოვლენას მოესწრება, შესაძლოა შემოგვიერთდეს და იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდეს. საბოლოოდ არმაგედონის ომში იეჰოვა გაანადგურებს სატანის ბოროტ ქვეყნიერებას ანუ ყველას, ვინც მას ეწინააღმდეგება და მის სახელს შეურაცხყოფს. მათ კი იხსნის, ვინც ემორჩილებიან მას, უყვართ ის და სიხარულს ჰგვრით მისი განდიდება (მარ. 8:38; 2 თეს. 1:6–10). ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ბოლოს კი, როცა კაცობრიობა საბოლოოდ გამოიცდება, იეჰოვა სრულად განწმენდს თავის სახელს (გამოცხ. 20:7–10). მაშინ „იეჰოვას სიდიადის შესახებ ცოდნა აავსებს დედამიწას ისე, როგორც წყალი ავსებს ზღვას“ (აბაკ. 2:14).

16. რა არის თქვენი სურვილი? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

16 წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერები ვიქნებით, როცა ყველა საკადრის დიდებას მივაგებთ ღვთის სახელს. თუმცა მანამდე იეჰოვას განდიდების არცერთი შესაძლებლობა არ უნდა გავუშვათ ხელიდან. სწორედ ამ აზრის ხაზგასასმელად შეარჩია ხელმძღვანელმა საბჭომ 2025 წლის მუხლად ფსალმუნის 96:8: „განადიდეთ იეჰოვა მისი სახელის გამო“.

საბოლოოდ ყველანი განვადიდებთ იეჰოვას მისი სახელის გამო (იხილეთ აბზაცი 16).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 12 დიდებული ღმერთი, იეჰოვა

a ზოგი სახელი შეცვლილია.

b ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: გათამაშებული სცენა, რომელიც ანჯელინას შემთხვევაზეა დაფუძნებული.

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: გათამაშებული სცენა, რომელიც პრისკას შემთხვევაზეა დაფუძნებული.

d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: გათამაშებული სცენა, რომელიც ჯეკის შემთხვევაზეა დაფუძნებული.