არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 3

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 35 „დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია“

მიიღეთ იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილებები

მიიღეთ იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილებები

„იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა; უწმინდესის შესახებ ცოდნა გონიერებას იძლევა“ (ᲘᲒᲐᲕ. 9:10).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, გადაწყვეტილების მიღებამდე გვქონდეს სრული სურათი, გავიგოთ იეჰოვას თვალსაზრისი და დავფიქრდეთ ჩვენი გადაწყვეტილების შედეგებზე.

1. რა შეიძლება იყოს ზოგჯერ რთული და რატომ?

 ᲩᲕᲔᲜ ყოველდღიურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ზოგის მიღება საკმაოდ მარტივია, მაგალითად, რას შევჭამთ ან რა დროს დავიძინებთ. თუმცა ყოველთვის ასე მარტივად არაა საქმე. ზოგი გადაწყვეტილება გავლენას ახდენს იმაზე, ვიქნებით თუ არა ბედნიერები და როგორი ჯანმრთელობა გვექნება. ზოგიც ჩვენს ოჯახის წევრებსა და იეჰოვას მსახურებაზე აისახება. ცხადია, გვინდა, ისე მოვიქცეთ, რაც ჩვენთვისაც კარგი იქნება და ჩვენი ახლობლებისთვისაც. რაც მთავარია, გვინდა, ჩვენი გადაწყვეტილებები იეჰოვასთვის იყოს მოსაწონი (რომ. 12:1, 2).

2. რა დაგეხმარებათ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში?

2 ამ სტატიაში განხილული იქნება სამი ნაბიჯი, რომლებიც გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ესენია: 1) საჭირო ინფორმაციის მიღება, 2) იეჰოვას თვალსაზრისის გაგება და 3) ყველაფრის კარგად აწონ-დაწონა. ეს სტატია იმაშიც დაგვეხმარება, რომ უფრო გამჭრიახები გავხდეთ (იგავ. 2:11).

ᲛᲘᲘᲦᲔᲗ ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ

3. რატომ არის აუცილებელი გადაწყვეტილების მიღებამდე საჭირო ინფორმაციის მიღება? მოიყვანეთ მაგალითი.

3 სანამ რაიმეს გადავწყვეტთ, პირველ ეტაპზე აუცილებელია, საჭირო ინფორმაცია მივიღოთ. რატომ ვამბობთ ამას? მაგალითად, როგორ უნდა მოიქცეს ექიმი, რომელსაც პაციენტი სერიოზული პრობლემით მიმართავს? სწორი იქნება, მაშინვე დაუნიშნოს მკურნალობა, თუ აჯობებს, ჯერ კარგად გამოკითხოს მდგომარეობა და საჭირო გამოკვლევებიც ჩაუტაროს? მსგავსადვე, თუ თქვენც მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, უკეთესი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ. მაგრამ როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება?

4. როგორ შეგიძლიათ საჭირო ინფორმაციის მიღება? (იგავები 18:13; იხილეთ აგრეთვე სურათი).

4 ხშირ შემთხვევაში რაღაცაზე მეტი ინფორმაცია რომ მივიღოთ, კითხვები უნდა დავსვათ. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: დავუშვათ, სადმე გეპატიჟებიან. როგორ უნდა გადაწყვიტოთ, წახვალთ თუ არა? მაგალითად, თუ არ იცნობთ ორგანიზატორს ან არ იცით, რა არის დაგეგმილი, ღირს შემდეგ კითხვებზე პასუხების გაგება: სად და როდის არის დაგეგმილი შეკრება? ვინ და რამდენი ადამიანი იქნებით? ვინ გააკონტროლებს სიტუაციას? რას გააკეთებთ? იქნება თუ არა ალკოჰოლური სასმელები? მსგავს კითხვებზე დაფიქრება ნამდვილად დაგეხმარებათ, ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილება მიიღოთ (წაიკითხეთ იგავების 18:13).

საჭირო ინფორმაცია რომ მიიღოთ, დასვით კითხვები (იხილეთ აბზაცი 4). a


5. როგორ უნდა მოიქცეთ საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ?

5 საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ ეცადეთ, მთლიანი სურათი დაინახოთ. ეს გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. მოდი ისევ იმ მაგალითს დავუბრუნდეთ. როგორ მოიქცევით, თუ გაიგებთ, რომ დაპატიჟებულებს შორის ისეთი ადამიანებიც იქნებიან, რომლებიც არ ცხოვრობენ ბიბლიური ნორმებით, ან არავინ იქნება ისეთი, ვინც თვალს ადევნებს, ვინ რამდენს სვამს? ხომ არ არსებობს იმის საშიშროება, რომ გართობამ უკონტროლო სახე მიიღოს? (1 პეტ. 4:3). იმ შემთხვევაში როგორ მოიქცევით, თუ ამ შეკრების გამო კრების შეხვედრა ან მსახურება გაგიცდებათ? მას შემდეგ, რაც სრულ სურათს დაინახავთ, სხვა რამეც უნდა გაითვალისწინოთ. საჭიროა, იეჰოვას თვალსაზრისი გაიგოთ და ისე შეაფასოთ მიღებული ინფორმაცია (იგავ. 2:6).

ᲒᲐᲘᲒᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲗᲕᲐᲚᲡᲐᲖᲠᲘᲡᲘ

6. რატომ უნდა ვთხოვოთ იეჰოვას დახმარება? (იაკობი 1:5).

6 კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით იეჰოვას თვალსაზრისი რომ გავიგოთ, საჭიროა, მას ვთხოვოთ დახმარება. ის გვპირდება, რომ აუცილებლად მოგვცემს საჭირო სიბრძნეს, რათა ჩავწვდეთ, რა იქნება მისთვის მოსაწონი. თანაც ბიბლია გვარწმუნებს, რომ ის თავის სიბრძნეს „ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს“ (წაიკითხეთ იაკობის 1:5).

7. როგორ ვხვდებით, რას ფიქრობს იეჰოვა ამა თუ იმ საკითხზე? მოიყვანეთ მაგალითი.

7 მას შემდეგ, რაც ვილოცებთ, აუცილებელია, ყურადღებით „მოვუსმინოთ“ იეჰოვას პასუხს. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: დავუშვათ, სამოგზაუროდ ხართ წასული და გზა აგებნათ. შეიძლება გადაწყვიტოთ, ვინმე ადგილობრივს სთხოვოთ დახმარება. ლოგიკურია, რომ კითხვის დასმის შემდეგ გზას არ გააგრძელებთ და ბოლომდე დააცდით პასუხის გაცემას. ასე უნდა მოვიქცეთ მაშინაც, როცა იეჰოვას სიბრძნეს ვთხოვთ. ჩვენ უნდა „მოვუსმინოთ“ მის პასუხს ანუ მოვიძიოთ, რომელი ბიბლიური პრინციპები თუ კანონები შეესაბამება ჩვენს სიტუაციას. ისევ წინა აბზაცებში მოყვანილ მაგალითს რომ დავუბრუნდეთ. კარგი იქნება, დავფიქრდეთ ისეთ ბიბლიურ პრინციპებზე, რომლებიც ეხება მეგობრულ შეკრებებს, საურთიერთო წრეს და იმას, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაში (მათ. 6:33; რომ. 13:13; 1 კორ. 15:33).

8. რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ გიჭირთ შესაბამისი პრინციპების პოვნა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

8 ზოგჯერ შეიძლება დახმარება დაგჭირდეთ, რომ შეძლოთ საჭირო პრინციპების პოვნა. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოცდილ და-ძმებს მიმართოთ რჩევისთვის. თუმცა ჩვენი საკვლევი საშუალებების დახმარებით, რომლებშიც ზღვა მასალაა მოცემული, შეგიძლიათ პირადადაც მოძებნოთ შესაბამისი აზრები და პრინციპები. ამ მხრივ დიდ დახმარებას გაგიწევთ შემდეგი საკვლევი პუბლიკაციები: „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელო“ და „ბიბლია – ცხოვრების გზამკვლევი“. გახსოვდეთ, კვლევის დროს თქვენი მიზანი უნდა იყოს, ჩასწვდეთ იეჰოვას თვალსაზრისს, რათა შეძლოთ მისი მოსაწონი გადაწყვეტილების მიღება.

გაიგეთ იეჰოვას თვალსაზრისი (იხილეთ აბზაცი 8). b


9. რა შემთხვევაში ვიქნებით დარწმუნებული, რომ ღვთისმოსაწონ გადაწყვეტილებას ვიღებთ? (ეფესოელები 5:17).

9 ჩვენ იმ შემთხვევაში ვიქნებით დარწმუნებული ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში, თუ კარგად გავიცნობთ იეჰოვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიცოდეთ, როგორი პიროვნებაა ის, რა განზრახვები აქვს და რა უყვარს და რა სძულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც იგავების 9:10-დან ვიგებთ, „უწმინდესის შესახებ ცოდნა გონიერებას იძლევა“. დაფიქრდით: იმ ყველაფრის ფონზე, რაც იეჰოვაზე ვიცი, როგორ გადაწყვეტილებას მოიწონებს ის? (წაიკითხეთ ეფესოელების 5:17).

10. რატომაა ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოჯახური ტრადიციები თუ ადგილობრივი კულტურა?

10 იეჰოვას მოსაწონად რომ მოვიქცეთ, ზოგჯერ ისეთი რამის გაკეთება მოგვიწევს, რითაც ჩვენს ახლობლებს იმედს გავუცრუებთ. მართალია, პატივს ვცემთ მშობლებს და იმ საზოგადოებას, რომელშიც ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მთავარია ის გავაკეთოთ, რაც ჩვენს ზეციერ მამას გაახარებს. დავფიქრდეთ ასეთ მაგალითზე: მშობლებმა შეიძლება ქალიშვილს დააძალონ, რომ შეძლებულ მამაკაცზე დაქორწინდეს, არადა ხედავდნენ, რომ ის სულიერად მოიკოჭლებს. ბუნებრივია, მათ უნდათ, რომ მათი ქალიშვილი მატერიალურად უზრუნველყოფილი იყოს, მაგრამ შეუწყობს კი ხელს ასეთი მამაკაცი მის სულიერ წინსვლას? იეჰოვა რას ფიქრობს ამ საკითხზე? ამ კითხვაზე პასუხი ნათელია. მათეს 6:33-დან აშკარად ვხედავთ, რომ ქრისტიანმა უპირველესად სამეფო უნდა ეძებოს.

ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ ᲙᲐᲠᲒᲐᲓ ᲐᲬᲝᲜ-ᲓᲐᲬᲝᲜᲔᲗ

11. რა დაგეხმარებათ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ? (ფილიპელები 1:9, 10).

11 ბიბლიური პრინციპების მოძიებისა და მათზე დაფიქრების შემდეგ უნდა აწონ-დაწონოთ, რა და რა გადაწყვეტილების მიღება შეგიძლიათ (წაიკითხეთ ფილიპელების 1:9, 10). რა დაგეხმარებათ ამაში? გამჭრიახობა. ეს თვისება გვეხმარება, დავინახოთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ნაბიჯს. ზოგ შემთხვევაში ამის დანახვა რთული არ არის და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაც გვიადვილდება. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება იმდენი ფაქტორი იყოს გასათვალისწინებელი, რომ გაგვიჭირდეს იმის განსაზღვრა, რომელი გადაწყვეტილება იქნებოდა ჩვენ შემთხვევაში გონივრული. თუმცა გამჭრიახობა ამ შემთხვევაშიც დაგვეხმარება.

12, 13. როგორ დაგეხმარებათ გამჭრიახობა გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში, როცა საქმე სამსახურის არჩევას ეხება?

12 მაგალითისთვის მოვიყვანოთ ასეთი სიტუაცია: დავუშვათ, ოჯახის სარჩენად სამსახურს ეძებთ და ორ შემოთავაზებას იღებთ. როგორ უნდა მოიქცეთ? თავიდან ალბათ ორივე სამსახურზე გაარკვევთ დეტალებს. მაგალითად, რა ტიპის სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, როგორი იქნება თქვენი გრაფიკი, რამდენი დრო დაგჭირდებათ გზაში და ა.შ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არცერთ სამსახურში არ მოგიწევთ ისეთი რამის გაკეთება, რითაც ბიბლიურ პრინციპს დაარღვევდით, ერთ-ერთი შეიძლება ანაზღაურების ან სხვა მიზეზის გამო უფრო მისაღები იყოს თქვენთვის. ასეთ შემთხვევაშიც კი გადაწყვეტილების მიღებამდე სხვა ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინოთ.

13 მაგალითად, სამსახურის გამო კრებების გაცდენა ხომ არ მოგიწევთ? იმდენ დროს ხომ არ წაგართმევთ, რომ სათანადოდ ვეღარ იზრუნებთ ოჯახის ემოციურ და სულიერ მოთხოვნილებებზე? მსგავს კითხვებზე დაფიქრება დაგეხმარებათ, მატერიალურზე წინ უფრო მნიშვნელოვანი დააყენოთ – იეჰოვასთან ურთიერთობა და ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელსაც იეჰოვა აკურთხებს.

14. რატომაა მნიშვნელოვანი გამჭრიახობა და ადამიანების სიყვარული, რომ არ დავაბრკოლოთ სხვები?

14 ჩვენ გვიყვარს ადამიანები და გვინდა, ის გავაკეთოთ, რაც მათთვისაა სასარგებლო (1 კორ. 10:23, 24, 32). ამიტომ გამჭრიახობას ვიჩენთ, რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, მაგალითად, მაშინ, როცა საქმე ეხება ჩაცმულობას და ვარცხნილობას (ფილ. 1:10). შეიძლება ჩაცმულობის ან ვარცხნილობის რომელიმე სტილი მოგვწონს, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შევამჩნევთ, რომ კრებაში თუ კრების გარეთ ასეთი სტილი მიუღებლად მიაჩნიათ? გამჭრიახობა და სიყვარული დაგვეხმარება, გავითვალისწინოთ სხვების გრძნობები და ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, საიდანაც გამოჩნდება, რომ მოკრძალებულები ვართ (1 ტიმ. 2:9, 10).

15. კიდევ რაზე უნდა დავფიქრდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ?

15 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ იესოს რჩევას და გამოთვლით „ხარჯებს“ (ლუკ. 14:28). ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა განსაზღვროთ, რა დრო დაგჭირდებათ საქმის ბოლომდე მისაყვანად, რა ხარჯებთან იქნება ეს დაკავშირებული და თქვენგან რა ძალისხმევის მოხმარება იქნება საჭირო. ზოგჯერ შეიძლება ღირდეს, ოჯახის წევრებს ჰკითხოთ, როგორ შეძლებენ თქვენს მხარდაჭერას. ამ რჩევების გათვალისწინება ნამდვილად ღირს, რადგან შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ რაღაც ცვლილებების შეტანაა საჭირო ან უკეთესი ვარიანტი არსებობს. თანაც, თუ ოჯახის წევრების აზრს გაიგებთ და გაითვალისწინებთ, ისინიც უფრო დიდი სიხარულით დაგიჭერენ მხარს და სასურველ შედეგსაც მიიღებთ (იგავ. 15:22).

ᲛᲘᲘᲦᲔᲗ ᲒᲝᲜᲘᲕᲠᲣᲚᲘ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲐ

16. რა დაგეხმარებათ, მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილება? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო  „როგორ მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები“).

16 თუ ზემოთ მოყვანილ რჩევებს გაითვალისწინებთ ანუ მოიძიებთ საჭირო ინფორმაციას და გაეცნობით ბიბლიურ პრინციპებს, არ გაგიჭირდებათ ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ იეჰოვას სთხოვოთ, ხელი მოგიმართოთ და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმაროთ.

17. რა შემთხვევაში შეძლებთ კვლავაც კარგი გადაწყვეტილებების მიღებას?

17 შეიძლება წარსულში ბევრჯერ მიგიღიათ კარგი გადაწყვეტილება, თუმცა კვლავაც ასე რომ მოიქცეთ, საკუთარ გონებასა და გამოცდილებას კი არ უნდა ენდოთ, იეჰოვა სიბრძნით უნდა იხელმძღვანელოთ. ის მოგცემთ ცოდნას, გონიერებას და გამჭრიახობას, რაც დაგეხმარებათ, ბრძნულად იმოქმედოთ და მისთვის მოსაწონი გადაწყვეტილებები მიიღოთ (ფსალმ. 23:2, 3; იგავ. 2:1–5).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 28 იეჰოვასთან დამეგობრება

a ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: რამდენიმე ახალგაზრდა იეჰოვას მოწმემ მობილურში მეგობრულ შეკრებაზე მოწვევა მიიღო და ისინი ახლა ამაზე საუბრობენ.

b ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიბლიურ პრინციპებს ეძებს, რომ გადაწყვიტოს, წავიდეს თუ არა მეგობრულ შეკრებაზე.