არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 5

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 108 ღმერთი ერთგულებას და სიყვარულს ავლენს

რისკენ გაგვიხსნა გზა იეჰოვას სიყვარულმა?

რისკენ გაგვიხსნა გზა იეჰოვას სიყვარულმა?

„ქრისტე იესო ქვეყნიერებაში ცოდვილთა სახსნელად მოვიდა“ (1 ᲢᲘᲛ. 1:15).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, რისი შესაძლებლობა მოგვეცა გამოსასყიდის წყალობით და როგორ შეგვიძლია მადლიერების გამოხატვა.

1. რა ანიჭებს იეჰოვას უდიდეს სიხარულს?

 ᲬᲐᲠᲛᲝᲘᲓᲒᲘᲜᲔᲗ, რომ ახლობელს ისეთ საჩუქარს უკეთებთ, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად გამოსადეგიცაა. ალბათ, როგორ დაგწყდებოდათ გული, თუ გაიგებდით, რომ მან უბრალოდ სადღაც შეინახა ეს საჩუქარი და აღარც გახსენებია მისი არსებობა. მეორე მხრივ კი, როგორ გაგახარებდათ იმის დანახვა, რომ მას კარგად ადგება თქვენი საჩუქარი და მადლიერიცაა. იეჰოვამაც უდიდესი საჩუქარი გაგვიკეთა – მან თავისი ძე გაიღო ჩვენთვის. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულს განიცდის ის, როცა ხედავს, რომ მადლიერი ვართ ამ ძვირფასი საჩუქრისთვის და იმისთვის, რომ ასე შეგვიყვარა (იოან. 3:16; რომ. 5:7, 8).

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 შეიძლება ჩვენც, ასე ვთქვათ, სადღაც შევინახოთ ღვთის ეს უძვირფასესი საჩუქარი და დაგვავიწყდეს მისი არსებობა? რა თქმა უნდა. თუმცა ეს რომ არ მოხდეს, ხშირად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც იეჰოვამ და იესომ ჩვენთვის გააკეთეს და გავიღრმაოთ მადლიერება. ეს სტატია სწორედ ამაში დაგვეხმარება. ჩვენ ვიმსჯელებთ, რისი საშუალება მოგვცა გამოსასყიდმა უკვე დღეს და რის საშუალებას მოგვცემს მომავალში. იმასაც დავინახავთ, როგორ გამოვხატოთ მადლიერება და როგორ გვეძლევა ამის შესაძლებლობა განსაკუთრებით გახსენების საღამოს პერიოდში.

ᲠᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐᲡ ᲘᲫᲚᲔᲕᲐ ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲡᲧᲘᲓᲘ ᲓᲦᲔᲡ

3. რის შესაძლებლობას იძლევა გამოსასყიდი უკვე დღეს?

3 გამოსასყიდის წყალობით იეჰოვა დღესვე გვპატიობს ცოდვებს. ცხადია, იეჰოვა ვალდებული არ არის, ასე მოიქცეს, მაგრამ ამის დიდი სურვილი აქვს და ამიტომაც გვპატიობს ცოდვებს. აი რისი თქმისკენ აღძრა ფსალმუნმომღერალი მადლიერებამ, როცა იეჰოვას მიმტევებლობაზე დაფიქრდა: „იეჰოვა, რაოდენ კარგი და მიმტევებელი ხარ“ (ფსალმ. 86:5; 103:3, 10–13).

4. ვისთვის გაიღო იეჰოვამ გამოსასყიდი? (ლუკა 5:32; 1 ტიმოთე 1:15).

4 ზოგი ფიქრობს, რომ არ იმსახურებს იეჰოვასგან პატიებას. თუმცა თუ დამსახურებაზე მიდგა საქმე, ამას არც არავინ იმსახურებს. მოციქულ პავლესაც კარგად ესმოდა ეს და ამიტომაც თქვა: „ღვთის წყალობით ვარ ის, ვინც ვარ“ (1 კორ. 15:9, 10). თუმცა, როცა ვინანიებთ, იეჰოვა გვპატიობს არა იმიტომ, რომ ვიმსახურებთ, არამედ იმიტომ, რომ ვუყვარვართ. ასე რომ, თუ იეჰოვასგან პატიების ღირსად არ მიგაჩნიათ თავი, გაიხსენეთ, რომ მან გამოსასყიდი უცოდველი ადამიანებისთვის კი არა, ცოდვილებისთვის გაიღო, რომლებიც გამოსწორებას ცდილობენ (წაიკითხეთ ლუკას 5:32; 1 ტიმოთეს 1:15).

5. რატომ ვერ იტყვის ვერავინ, რომ იმსახურებს იეჰოვასგან პატიებას?

5 რამდენი წელიც არ უნდა ვემსახურებოდეთ იეჰოვას, ვერავინ ვიტყვით, რომ ვიმსახურებთ მისგან პატიებას. თუმცა ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ იეჰოვა არ აფასებს ჩვენს ერთგულებას (ებრ. 6:10). გამოსასყიდი ღვთის ძღვენია და არა გასამრჯელო. ამიტომ ნამდვილად არ იქნებოდა სწორი, გვეფიქრა, რომ ჩვენი ძალისხმევით დავიმსახურეთ იეჰოვასგან პატიება. ამ შემთხვევაში ისე გამოგვივიდოდა, თითქოს იესო სულ ტყუილად მოკვდა (შეადარეთ გალატელების 2:21).

6. რატომ არ ზოგავდა თავს პავლე იეჰოვასთვის?

6 როგორც აღვნიშნეთ, პავლეს კარგად ესმოდა, რომ რა გულმოდგინედაც არ უნდა ეშრომა ადამიანს, ღვთის გულმოწყალების გარეშე ვერ დაიმსახურებდა პატიებას. მაშ, რატომ იჩენდა ასეთ გულმოდგინებას უფლის საქმეში? იმიტომ რომ მადლიერი იყო იეჰოვას სიკეთისა და წყალობისთვის (ეფეს. 3:7). იმავეს თქმა შეიძლება ჩვენზეც – ჩვენ იმიტომ კი არ ვემსახურებით იეჰოვას გულმოდგინედ, რომ დავიმსახუროთ მისი გულმოწყალება, არამედ ამისკენ უდიდესი მადლიერება აღგვძრავს.

7. კიდევ რის შესაძლებლობას იძლევა გამოსასყიდი დღესვე? (რომაელები 5:1; იაკობი 2:23).

7 გამოსასყიდის წყალობით ჩვენ დღესვე შეგვიძლია იეჰოვასთან ვიმეგობროთ. a როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, ღვთის მეგობრებად არავინ დავბადებულვართ. მხოლოდ და მხოლოდ გამოსასყიდის დამსახურებაა, რომ ჩვენ „ღმერთთან მშვიდობით“ ვხარობთ და, შესაბამისად, მასთან დამეგობრება შეგვიძლია (წაიკითხეთ რომაელების 5:1; იაკობის 2:23).

8. რატომ უნდა ვიყოთ მადლიერი ლოცვის შესაძლებლობისთვის?

8 ერთ-ერთი, რაც განსაკუთრებით გვაახლოებს იეჰოვასთან, ლოცვაა. მართლაც, რა სასიამოვნოა, რომ იეჰოვა მხოლოდ საჯაროდ წარმოთქმულ ლოცვებს კი არა, ჩვენს პირად ლოცვებსაც ისმენს. ფაქტია, როცა ვლოცულობთ, შინაგან სიმშვიდეს ვგრძნობთ. თუმცა მხოლოდ ეს როდია – ლოცვის შედეგად იეჰოვას კიდევ უფრო მეტად ვუახლოვდებით (ფსალმ. 65:2; იაკ. 4:8; 1 იოან. 5:14). დედამიწაზე ყოფნის დროს იესო ხშირად ლოცულობდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მამა უსმენდა და ისიც კარგად ესმოდა, რომ მხოლოდ ამგვარად შეძლებდა მასთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებას (ლუკ. 5:16). როგორი მადლიერები ვართ, რომ იესოს გამოსასყიდი იეჰოვასთან მეგობრობის და მასთან საუბრის შესაძლებლობას გვაძლევს.

ᲠᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐᲡ ᲛᲝᲒᲕᲪᲔᲛᲡ ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲡᲧᲘᲓᲘ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲨᲘ

9. რის შესაძლებლობას მისცემს გამოსასყიდი იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემლებს მომავალში?

9 რის შესაძლებლობას მისცემს გამოსასყიდი იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემლებს მომავალში? იეჰოვა მათ მარადიულ სიცოცხლეს უბოძებს. ბევრს ეს წარმოუდგენლად მიაჩნია, რადგან ფიქრობენ, რომ სიკვდილი გარდაუვალი რეალობაა. თუმცა იეჰოვამ ადამიანები თავიდან იმ განზრახვით შექმნა, რომ მათ მარადიულად ეცხოვრათ. ასე რომ, ადამს რომ არ შეეცოდა, არავინ მოკვდებოდა და მარადიული სიცოცხლეც არავისთვის იქნებოდა წარმოუდგენელი. სინამდვილეში ის უფროა წარმოუდგენელი, რა ფასიც იეჰოვამ ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის უკან დასაბრუნებლად გადაიხადა – თავისი უძვირფასესი ძის სიცოცხლე (რომ. 8:32).

10. რას ელიან მოუთმენლად ცხებულები და „სხვა ცხვარი“?

10 მართალია, იეჰოვა მარადიული სიცოცხლით ადამიანებს მომავალში დააჯილდოებს, მაგრამ მას სურს, რომ დღესვე ვიცხოვროთ ამის მოლოდინით. ცხებულმა ქრისტიანებმა უნდა იფიქრონ, რა საოცარი და აზრით აღსავსე იქნება ზეცაში ცხოვრება, როცა ქრისტესთან ერთად დედამიწაზე იმმართველებენ (გამოცხ. 20:6). „სხვა ცხვარს“ კი შეუძლია თავი წარმოიდგინოს სამოთხეში დედამიწაზე, როცა ტკივილი და მწუხარება წარსულს ჩაჰბარდება (გამოცხ. 21:3, 4). თუ თქვენც დედამიწაზე ცხოვრების იმედი გაქვთ, არ იფიქროთ, რომ ეს მეორეხარისხოვანი ჯილდოა და რაიმეთი ჩამოუვარდება ზეცაში ცხოვრებას. სინამდვილეში ადამიანები ხომ სწორედ დედამიწაზე ცხოვრებისთვის ვართ შექმნილი. ამიტომაც ვამბობთ, რომ დანაკლისის გრძნობა არ გვექნება და სრულყოფილად ბედნიერი ვიქნებით.

11, 12. რისი მოლოდინი შეიძლება გქონდეთ, როცა სამოთხეზე ფიქრობთ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

11 წარმოიდგინეთ, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე. თქვენ აღარ გექნებათ იმის შიში, რომ ავად გახდებით და მოკვდებით (ეს. 25:8; 33:24). იეჰოვა თქვენს ყველა მართებულ სურვილს დააკმაყოფილებს. თქვენ იმის შესაძლებლობაც მოგეცემათ, რომ სხვადასხვა სფეროში მოსინჯოთ ძალები. მაგალითად, უკეთ შეისწავლოთ გარე სამყარო და ისწავლოთ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა თუ ხატვა. იმაზეც დაფიქრდით, რა საქმეს შეგიძლიათ მოჰკიდოთ ხელი. ფაქტია, იქ დიდი საჭიროება იქნება არქიტექტორებზე, მშენებლებზე, სამეურნეო საქმის მცოდნეებზე, მზარეულებზე, მებაღეებზე და მათზე, ვინც ამა თუ იმ ხელსაწყოს შექმნის (ეს. 35:1; 65:21). თანაც მთელი მარადიულობა გექნებათ იმისთვის, რომ ნებისმიერ საქმეს დაეუფლოთ.

12 იმაზეც იფიქრეთ, რამხელა სიხარულს მოგგვრით მკვდრეთით აღმდგარ ადამიანებთან შეხვედრა და ქმნილებებზე დაკვირვებით იეჰოვას უკეთ გაცნობა (საქ. 24:15; ფსალმ. 104:24; ეს. 11:9). ყველაზე განსაკუთრებული კი ის იქნება, რომ იეჰოვას სრულფასოვნად ვცემთ თაყვანს და არ გვექნება ისეთი განცდა, თითქოს რაღაც ისე ვერ გავაკეთეთ. ნუთუ დათმობდით ამ ყველაფერს „წარმავალი ხორციელი სიამის“ სანაცვლოდ?! (ებრ. 11:25). ასეთი ცხოვრება ნებისმიერ მსხვერპლად ღირს. თანაც გახსოვდეთ: ის, რაზეც დღეს მომავლის კონტექსტში ვსაუბრობთ, ჩვენი ყოველდღიური რეალობა იქნება. თუმცა ამ ყველაფერზე ვერც კი ვიოცნებებდით, იეჰოვას რომ არ ვყვარებოდით და ჩვენთვის საკუთარი ძე არ გაეღო.

რას ელით ან რისი გაკეთება გინდათ ყველაზე მეტად სამოთხეში? (იხილეთ აბზაცები 11, 12)


ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲛᲝᲕᲮᲐᲢᲝᲗ ᲛᲐᲓᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐ

13. საიდან გამოჩნდება, რომ იეჰოვას მადლიერი ვართ? (2 კორინთელები 6:1).

13 თუ ჩვენს ცხოვრებაში იეჰოვას მსახურება პრიორიტეტული იქნება, ცხადვყოფთ, რომ მადლიერი ვართ გამოსასყიდისთვის (მათ. 6:33). იესოც ხომ სწორედ იმიტომ მოკვდა, რომ „ცოცხლებმა საკუთარი თავისთვის აღარ იცოცხლონ, არამედ მისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორ. 5:15). ნამდვილად არ გვინდა, მხედველობიდან გამოგვრჩეს, რა არის ღვთის წყალობის მიზანი (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:1).

14. საიდან გამოჩნდება, რომ ვენდობით იეჰოვას ხელმძღვანელობას?

14 იეჰოვასადმი მადლიერება იქიდანაც ჩანს, რომ ვენდობით მის ხელმძღვანელობას. საიდან გამოჩნდება ჩვენი ნდობა? იქიდან, ვითვალისწინებთ თუ არა იეჰოვას თვალსაზრისს გადაწყვეტილების მიღების დროს; მაგალითად, რამდენი დრო დავუთმოთ განათლების მიღებას ან რა სამუშაოს დავთანხმდეთ (1 კორ. 10:31; 2 კორ. 5:7). როცა ასეთ დროს ვენდობით იეჰოვას, ერთგვარი ჯაჭვური რეაქციის მოწმენი ვხდებით – იეჰოვასადმი ნდობა კიდევ უფრო გვიმტკიცდება, მას კიდევ უფრო ვუმეგობრდებით და ჩვენი იმედიც უფრო რეალური ხდება (რომ. 5:3–5; იაკ. 2:21, 22).

15. როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ იეჰოვასადმი გახსენების საღამოს პერიოდში?

15 გახსენების საღამოს პერიოდი საუკეთესო შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მადლიერება გამოვხატოთ იმისთვის, რაც იეჰოვამ ჩვენთვის გააკეთა. მაგალითად, მადლიერებას გამოვხატავთ, თუ ვესწრებით ამ საღამოს და სხვებსაც ვეპატიჟებით (1 ტიმ. 2:4). კარგი იქნება, როცა ვინმეს ეპატიჟებით, მას ისიც აუხსნათ, რა მიზანს ემსახურება ეს საღამო და როგორ ჩატარდება. ამაში დაგეხმარებათ ჩვენს ვებსაიტზე განთავსებული ვიდეოები „რატომ მოკვდა იესო?“ და „ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო“. რაც შეეხება უხუცესებს, მათ უნდა დაგეგმონ, რომ ყველა არააქტიურ მაუწყებელს დაუკავშირდნენ და დაპატიჟონ. წარმოიდგინეთ, როგორი სიხარული იქნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე, თუ რომელიმე მათგანი კრებას დაუბრუნდება (ლუკ. 15:4–7). ისიც დაისახეთ მიზნად, რომ ამ საღამოზე მხოლოდ ერთმანეთი კი არ მოიკითხოთ, არამედ სხვებსაც გულთბილად შეხვდეთ, მაგალითად, მათ, ვინც პირველად ესწრება ან დიდი ხანია, არ დასწრებია შეხვედრებს (რომ. 15:7).

16. რატომ იქნება კარგი, თუ გახსენების საღამოს პერიოდში უფრო მეტად ვიაქტიურებთ მსახურებაში?

16 იეჰოვასა და იესოსადმი მადლიერების გამოხატვის შესანიშნავი შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც მოგვეცემა, თუ გახსენების საღამოს პერიოდში აქტიურად დავკავდებით სულიერი საქმეებით. ასე იეჰოვას მხარდაჭერასაც უფრო მეტად შევიგრძნობთ და მისადმი ნდობაც განგვიმტკიცდება (1 კორ. 3:9). კარგი იქნება, თუ მიჰყვებით ამ საღამოსთვის განკუთვნილ ბიბლიის კითხვის გეგმასაც. მისი ნახვა შეგიძლიათ შუა კვირის შეხვედრის პროგრამაში და ბროშურაში „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“. შეგიძლიათ ეს ბიბლიური მონაკვეთები უფრო ღრმადაც გამოიკვლიოთ.

17. რისი დანახვა სიამოვნებს იეჰოვას? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო  „როგორ გამოვხატოთ მადლიერება“).

17 შესაძლოა თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე ამ სტატიაში მოცემული ყველა რჩევა ვერ გაითვალისწინოთ. თუმცა გახსოვდეთ, რომ იეჰოვა არასდროს გადარებთ სხვებს. მისთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რამდენს აკეთებთ, არამედ ის, თუ რა აღგძრავთ ამისკენ. მას ძალიან სიამოვნებს იმის დანახვა, რომ მადლიერი ხართ მისი ფასდაუდებელი ძღვნისთვის, გამოსასყიდისთვის (1 სამ. 16:7; მარ. 12:41–44).

18. რატომ ვართ იეჰოვასა და იესოს მადლიერი?

18 რომ არა გამოსასყიდი, ჩვენ არც ცოდვები გვეპატიებოდა, ვერც იეჰოვასთან ვიმეგობრებდით და არც მარადიული სიცოცხლის იმედი გვექნებოდა. ამიტომ მოდი ყოველთვის მადლიერი ვიყოთ, რომ იეჰოვამ ასე შეგვიყვარა და ეს ყველაფერი ჩვენთვის შესაძლებელი გახადა (1 იოან. 4:19). არც ის დაგვავიწყდეს, რომ იესოსადმიც გამოვხატოთ მადლიერება, რომელიც დიდმა სიყვარულმა აღძრა, ჩვენთვის სიცოცხლე გაეღო (იოან. 15:13).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 154 „სიყვარული არასოდეს მთავრდება“

a იეჰოვა ჯერ კიდევ მანამ პატიობდა ცოდვებს თავის მსახურებს, სანამ იესო გამოსასყიდს გაიღებდა. ის ასე იმიტომ იქცეოდა, რომ დარწმუნებული იყო, იესო სიკვდილამდე ერთგული დარჩებოდა და, შესაბამისად, მის თვალში გამოსასყიდი გადახდილად ითვლებოდა (რომ. 3:25).