არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 4

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 18 მადლიერნი ვართ გამოსასყიდისთვის

როგორ გვაცნობს იეჰოვასა და იესოს პიროვნებას გამოსასყიდი

როგორ გვაცნობს იეჰოვასა და იესოს პიროვნებას გამოსასყიდი

„ღმერთმა სიყვარული დაგვიმტკიცა“ (1 ᲘᲝᲐᲜ. 4:9).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, როგორ უსვამს ხაზს იეჰოვასა და იესოს ძვირფას თვისებებს გამოსასყიდი.

1. როგორ აისახება ჩვენზე სასიკეთოდ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე ყოველწლიურად დასწრება?

 ᲔᲭᲕᲒᲐᲠᲔᲨᲔᲐ, გამოსასყიდი ფასდაუდებელი ძღვენია (2 კორ. 9:15). სწორედ იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის წყალობით შეგვიძლია ვიმეგობროთ იეჰოვასთან და მარადიული ცხოვრების იმედი გვქონდეს. მართლაც რამხელა სიყვარული ჩანს იქიდან, რომ იეჰოვამ ჩვენს გამოსყიდვაზე იზრუნა. მადლიერების ნამდვილად დიდი მიზეზი გვაქვს (რომ. 5:8). თუმცა მადლიერება რომ არ გაგვინელდეს და ეს ძღვენი ჩვენთვის არ გაუბრალოვდეს, იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა (ლუკ. 22:19, 20).

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 წელს გახსენების საღამოს 12 აპრილს, შაბათ დღეს, აღვნიშნავთ. ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ საღამოზე დასწრებას ყველანი აპირებთ. კარგი იქნება, თუ გახსენების საღამოს პერიოდში დროს გამოუყოფთ იმაზე ფიქრს a, რაც იეჰოვამ და მისმა ძემ ჩვენთვის გააკეთეს. ამ სტატიიდან დავინახავთ, რას გვამცნობს იეჰოვასა და იესოს პიროვნების შესახებ გამოსასყიდი. მომდევნო სტატიაში კი ვიმსჯელებთ, რისკენ გაგვიხსნა გზა იესოს მიერ გაღებულმა მსხვერპლმა და როგორ შეგვიძლია მადლიერების გამოხატვა.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲕᲐᲪᲜᲝᲑᲡ ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲡᲧᲘᲓᲘ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲔᲑᲐᲡ

3. როგორ მოემსახურა ერთი კაცის სიკვდილი მილიონობით ადამიანის ხსნას? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

3 ერთ-ერთი, რაზეც გამოსასყიდი მოწმობს, იეჰოვას სამართლიანობაა (კან. 32:4). რატომ ვამბობთ ამას? ადამის ურჩობის გამო ყველანი ცოდვისა და სიკვდილის შვილები გავხდით (რომ. 5:12). ამ მონობისგან რომ გავეთავისუფლებინეთ, იეჰოვამ გადაწყვიტა, იესოს გამოსასყიდი გაეღო. თუმცა როგორ მოემსახურებოდა ერთი კაცის სიკვდილი მილიონობით ადამიანის ხსნას? აი როგორ ახსნა პავლე მოციქულმა ეს საკითხი: „როგორც ერთი კაცის [ადამის] ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი, ასევე ერთის [იესოს] მორჩილებით გამართლდება მრავალი“ (რომ. 5:19; 1 ტიმ. 2:6). სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობაში ერთი სრულყოფილი ადამიანის დაუმორჩილებლობის გამო აღმოვჩნდით. მსგავსად, ერთი სრულყოფილი ადამიანის მორჩილებამ შეძლო ამ ტყვეობიდან ჩვენი გათავისუფლება.

როგორც ერთი კაცის მეშვეობით დავემონეთ ცოდვასა და სიკვდილს, ისე ერთი კაცის მეშვეობით გავთავისუფლდით ამ მონობისგან (იხილეთ აბზაცი 3).


4. შეეძლო იეჰოვას გამოსასყიდის გარეშე მიეცა მარადიული სიცოცხლის უფლება თავის მორჩილთათვის? ახსენით.

4 მართლა საჭირო იყო იესოს სიკვდილი ჩვენ სახსნელად? არ შეიძლებოდა, გამოსასყიდის გარეშე მიეცა იეჰოვას თავის მორჩილთათვის მარადიული სიცოცხლის უფლება? ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს კარგი გამოსავალი იქნებოდა. მაგრამ თუ იეჰოვა ასე მოიქცეოდა, გამოდის, რომ მას თვალი უნდა დაეხუჭა ადამის ურჩობაზე. ეს კი ყოვლად წარმოუდგენელი იქნებოდა, რადგან ის სრულყოფილად სამართლიანია.

5. რა საფუძველი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ იეჰოვა ყოველთვის სამართლიანად იქცევა?

5 თუ იეჰოვა თვალს დახუჭავდა ადამის ურჩობაზე და მის შთამომავლებს გამოსასყიდის გარეშე მისცემდა მარადიული სიცოცხლის უფლებას, ადამიანებს შეიძლება ეფიქრათ, რომ ის სხვა საკითხებშიც აუვლიდა გვერდს თავის სამართლიან ნორმებს. მაგალითად, რა გარანტია გვექნებოდა, რომ იეჰოვა თავის დაპირებებს შეასრულებდა? მაგრამ ახლა ამაში ეჭვი არ გვეპარება, რადგან სამართლის აღსასრულებლად მან უდიდესი საფასური გადაიხადა – თავისი უძვირფასესი ძე შემოგვწირა. ეს ნამდვილად გვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვა ყოველთვის სამართლიანად მოიქცევა.

6. იეჰოვას კიდევ რომელ თვისებაზე მეტყველებს გამოსასყიდი? (1 იოანე 4:9, 10).

6 ერთიც უნდა ითქვას: გამოსასყიდის გაღებისკენ იეჰოვა უმთავრესად სიყვარულმა აღძრა (იოან. 3:16; წაიკითხეთ 1 იოანეს 4:9, 10). იეჰოვას მხოლოდ ის კი არ უნდა, რომ მარადიული სიცოცხლე გვაჩუქოს, არამედ ისიც, რომ თავის ოჯახში დაგვაბრუნოს. დაფიქრდით შემდეგზეც: როცა ადამმა შესცოდა, იეჰოვამ არ მისცა მას თავის ოჯახში დარჩენის უფლება. შესაბამისად, ჩვენც, მისი შთამომავლები, მისივე ბედს ვიზიარებთ. თუმცა გამოსასყიდის საფუძველზე იეჰოვა ყველას, ვინც მისადმი რწმენას გამოავლენს და მორჩილი იქნება, თავის ოჯახში მიიღებს. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკვე დღესვე ვხარობთ იეჰოვასთან და ჩვენს სულიერ და-ძმებთან ურთიერთობით. აშკარაა, ჩვენს ზეციერ მამას ძალიან ვუყვარვართ (რომ. 5:10, 11).

7. რაზე მეტყველებს ის, რომ იეჰოვამ თავისი ძის მტანჯველი სიკვდილი დაუშვა? ახსენით.

7 თუ დავფიქრდებით, რის ფასად დაუჯდა იეჰოვას გამოსასყიდის გაღება, უკეთ ჩავწვდებით, რამდენად ვუყვარვართ. მას მოუწია, თავისი ძის მტანჯველი სიკვდილისთვის ეყურებინა. რატომ გახდა ეს საჭირო? სატანა ამტკიცებს, რომ როცა ერთგულების შენარჩუნება რთული იქნება, იეჰოვას ნებისმიერი მსახური ზურგს შეაქცევს მას. სწორედ ამ ბრალდების გასაბათილებლად დაუშვა იეჰოვამ თავისი ძის მტანჯველი სიკვდილი (იობ. 2:1–5; 1 პეტ. 2:21). ის უყურებდა, როგორ იგდებდნენ აბუჩად იესოს იუდეველები, როგორ გაშოლტეს და როგორ გააკრეს ძელზე ის რომაელმა ჯარისკაცებმა. იმასაც ხედავდა, ძელზე გაკრულს რამხელა ტანჯვის ატანა მოუწია უკანასკნელ ამოსუნთქვამდე (მათ. 27:28–31, 39). იეჰოვას ნებისმიერ მომენტში შეეძლო თავისი ძის ტანჯვის შეჩერება. მაგალითად, მაშინ, როცა ხალხმა თქვა: „იხსნას ღმერთმა, თუკი მოსაწონია მისთვის“ (მათ. 27:42, 43). მაგრამ იეჰოვა ასე არ მოქცეულა. ამ შემთხვევაში ხომ გამოსასყიდი გადაუხდელი დარჩებოდა, ჩვენ კი სრულიად უიმედო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. მართლაც რამხელა სიყვარულზე მოწმობს ის, რომ იეჰოვამ თავისი ძის ასეთი მტანჯველი სიკვდილი დაუშვა.

8. საიდან ვიცით, რომ იეჰოვასთვის მტკივნეული იყო თავისი ძის ტანჯვის ყურება? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

8 არ უნდა ვიფიქროთ, რომ რაკი იეჰოვამ არ შეაჩერა თავისი ძის ტანჯვა, მას გრძნობები არ აქვს და ტკივილს არ განიცდის. თუ ჩვენ ღვთის მსგავსად შექმნილ ადამიანებს გვაქვს გრძნობები, მით უმეტეს თავად მას! მაგალითად, ბიბლიაში იეჰოვაზე ნათქვამია, რომ „გული ატკინეს“ და „ტკივილს აყენებდნენ“ (ფსალმ. 78:40, 41). უკეთ რომ დავინახოთ, რამხელა ტკივილის ატანა მოუწია იეჰოვას თავისი შვილის ტანჯვის შემხედვარე, დავფიქრდეთ აბრაამის მაგალითზე. მან აბრაამს სთხოვა, რომ ერთადერთი ვაჟი შეეწირა მსხვერპლად (დაბ. 22:9–12; ებრ. 11:17–19). სიტყვებით უბრალოდ შეუძლებელია აბრაამის გრძნობების გადმოცემა, რომელიც საკუთარი შვილის შესაწირად ემზადებოდა. ის ალბათ იმაზეც ბევრს ფიქრობდა, როგორ მოეკლა თავისი შვილი სწრაფად, დიდხანს რომ არ ეტანჯა. თუ აბრაამს ასეთი მტანჯველი გრძნობები ეუფლებოდა, წარმოგიდგენიათ, იეჰოვა რას განიცდიდა, როცა საკუთარი თვალით უყურებდა, როგორ სასტიკად აწამეს და მოკლეს მისი შვილი?! (ვებსაიტზე jw.org უყურეთ ვიდეოს „მიჰბაძეთ მათ რწმენას – აბრაამი“, ნაწილი 2).

იეჰოვასთვის უზომოდ მტკივნეული იყო საკუთარი ძის ტანჯვის ყურება (იხილეთ აბზაცი 8).


9. როგორ უსვამს ხაზს იეჰოვას სიყვარულს რომაელების 8:32, 38, 39?

9 გამოსასყიდი ნამდვილად მოწმობს იმაზე, რომ იეჰოვას მსგავსად ვერავინ ვერასდროს შეგვიყვარებს, ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი (წაიკითხეთ რომაელების 8:32, 38, 39). მეტიც, ჩვენც არ შეგვიძლია საკუთარი თავის ისე შეყვარება, როგორც იეჰოვას ვუყვარვართ. ასე რომ, თუ თქვენ გინდათ, მარადიულად იცხოვროთ და იეჰოვამ ცოდვები გაპატიოთ, ეჭვი არ შეგეპაროთ, იეჰოვას ამის გაცილებით დიდი სურვილი აქვს. ერთადერთი, რასაც ის ჩვენგან მოელის, ის არის, რომ მადლიერები ვიყოთ მის მიერ გაღებული გამოსასყიდისთვის და ეს ჩვენი რწმენითა და მორჩილებით ცხადვყოთ. მართლაც, გამოსასყიდი იეჰოვას უდიდეს სიყვარულზე მოწმობს და მის სიყვარულზე ახალ ქვეყნიერებაში კიდევ უფრო მეტს გავიგებთ (ეკლ. 3:11).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲕᲐᲪᲜᲝᲑᲡ ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲡᲧᲘᲓᲘ ᲘᲔᲡᲝᲡ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲔᲑᲐᲡ

10. ა) განსაკუთრებით რის გამო წუხდა იესო? ბ) როგორ განწმინდა იესომ ღვთის სახელი? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო  „იესომ თავისი ერთგულებით ღვთის სახელი განწმინდა“).

10 იესოსთვის უმნიშვნელოვანესია მამის რეპუტაცია (იოან. 14:31). იესოს მკრეხელობასა და ამბოხებაში ადანაშაულებდნენ. ეს ბრალდებები მამის რეპუტაციას ლახავდა, რის გამოც იესო ძალიან წუხდა. ამიტომაც სთხოვდა იეჰოვას: „მამა, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი“ (მათ. 26:39). მართალია, იეჰოვამ დაუშვა, რომ ის როგორც ღვთისმგმობელი ისე მომკვდარიყო, მაგრამ იესო სიკვდილამდე ერთგული დარჩა და მამის სახელი განწმინდა.

11. როგორ ცხადყო იესომ, რომ ძლიერ უყვარდა ადამიანები? (იოანე 13:1).

11 როცა გამოსასყიდზე ვფიქრობთ, ვხედავთ, რა ძლიერ უყვარს იესოს ადამიანები, განსაკუთრებით კი თავისი მიმდევრები (იგავ. 8:31; წაიკითხეთ იოანეს 13:1). იესომ კარგად იცოდა, რომ დედამიწაზე მსახურების დროს ზოგ სირთულესთან გამკლავება ადვილი არ იქნებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა უნდა ეტანჯა და მომკვდარიყო. თუმცა იმის ცოდნა, რა როგორ მოხდებოდა, ხელს არ უშლიდა, რომ მთელი გულით ექადაგა, ესწავლებინა ხალხისთვის და დახმარებოდა მათ. სიკვდილის წინა ღამესაც კი მან თავი დაიმდაბლა და ფეხები დაბანა მოციქულებს, შემდეგ კი ანუგეშა ისინი და რჩევებიც მისცა (იოან. 13:12–15). წამების ძელზე გაკრულმა მან ერთ ბოროტმოქმედს იმედი ჩაუსახა და იმაზეც იზრუნა, რომ თავისი სიკვდილის შემდეგ დედამისზე იოანეს ეზრუნა (ლუკ. 23:42, 43; იოან. 19:26, 27). ამგვარად, იესომ მხოლოდ სიკვდილით კი არ დაამტკიცა, რომ უყვარდა ადამიანები, არამედ იმითაც, თუ როგორ ეპყრობოდა მათ დედამიწაზე ყოფნის პერიოდში.

12. საიდან ჩანს, რომ იესო დღესაც არ ზოგავს თავს ადამიანებისთვის?

12 იესო „ერთხელ მოკვდა“, რითაც უდიდესი მსხვერპლი გაიღო ჩვენთვის. თუმცა ის დღემდე არ ზოგავს თავს ადამიანებისთვის (რომ. 6:10). საიდან ჩანს ეს? გამოსასყიდის გაღების შემდეგ მას უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცა ადამიანთა დასახმარებლად და ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად იყენებს. მაგალითად, მმართველობს როგორც ღვთის სამეფოს მეფე, გვშუამდგომლობს როგორც მღვდელმთავარი და გვხელმძღვანელობს როგორც კრების თავი (1 კორ. 15:25; ეფეს. 5:23; ებრ. 2:17). ის ცხებულებისა და „უამრავი ხალხის“ შეკრებაზეც ზრუნავს, რაც არმაგედონამდე უნდა დასრულდეს (მათ. 25:32; მარ. 13:27). დღეს ის „გონიერი მონის“ მეშვეობით ღვთის ერთგულ მსახურებს სულიერ საზრდოსაც აწვდის (მათ. 24:45). იესო არც ათასწლიანი მმართველობის დროს შეწყვეტს ჩვენზე ზრუნვას. აშკარაა, იეჰოვამ მხოლოდ ჩვენ გამოსასყიდად კი არ შემოგვწირა თავისი ძე, არამედ იმიტომ, რომ მარადიულად მოეტანა ჩვენთვის კურთხევები.

ᲐᲠᲐᲡᲓᲠᲝᲡ ᲨᲔᲬᲧᲕᲘᲢᲝᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲘᲔᲡᲝᲡ ᲒᲐᲪᲜᲝᲑᲐ

13. როგორ გვეხმარება ფიქრი, უკეთ ჩავწვდეთ იეჰოვასა და იესოს სიყვარულს?

13 რაც მეტს ვიფიქრებთ იმაზე, რაც იეჰოვამ და იესომ ჩვენთვის გააკეთეს, მით უფრო ჩავწვდებით, რა ძლიერ ვუყვარვართ მათ. ამიტომ კარგი იქნება, მიზნად დაისახოთ, რომ გახსენების საღამოს პერიოდში, სულ მცირე, ერთი სახარება მაინც წაიკითხოთ განსაკუთრებული დაკვირვებით. ამაში შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ: ეცადეთ, ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით მასალა არ წაიკითხოთ; იკითხეთ აუჩქარებლად; დააკვირდით, კიდევ რა მიზეზების გამო უნდა გვიყვარდეს იეჰოვა და იესო; შემდეგ კი, რასაც გაიგებთ, სხვებსაც გაუზიარეთ.

14. რატომ ღირს, კვლავაც გამოვიკვლიოთ ისეთი ბიბლიური საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, გამოსასყიდი? (ფსალმუნი 119:97; იხილეთ აგრეთვე სურათი).

14 თუ უკვე წლებია, რაც იეჰოვას ვემსახურებით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისეთ ნაცნობ საკითხებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ღვთის სამართლიანობა, სიყვარული და გამოსასყიდი, განსაკუთრებულს ვეღარაფერს გავიგებთ. თუმცა სინამდვილეში მსგავს საკითხებს ვერ ამოვწურავთ. ჩვენს პუბლიკაციებში ზღვა მასალაა ხელმისაწვდომი, ამიტომ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და გაეცანით მათ. მაგალითად, როცა ბიბლიის კითხვის დროს რომელიმე მონაკვეთს ბოლომდე ვერ იგებთ, კარგი იქნება, გამოიკვლიოთ, შემდეგ კი დღის განმავლობაში იფიქროთ ამ აზრებზე. იმაზეც დაფიქრდით, თუ რა გაიგეთ იეჰოვაზე, იესოზე და თქვენდამი მათ სიყვარულზე (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:97).

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია, ჭეშმარიტებაში ვართ, მაინც შეგვიძლია მეტი გავიგოთ გამოსასყიდზე და მადლიერება გავიღრმაოთ იეჰოვასა და იესოსადმი (იხილეთ აბზაცი 14).


15. რატომ უნდა გავაგრძელოთ მოთმინებით ბიბლიის კვლევა?

15 გულს ნუ გაიტეხთ, თუ ბიბლიის კითხვისა და გამოკვლევის დროს ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვერ აღმოაჩენთ. ჩვენ გარკვეულწილად ოქროს მაძიებლებს ვგავართ. ისინი საათებს და დღეებს უთმობენ იმას, რომ ერთი მარცვალი ოქრო მაინც მოიპოვონ. თუმცა ეს დრო ოდნავადაც არ ენანებათ, რადგან კარგად ესმით ოქროს ფასი. რაც შეეხება ბიბლიაში აღმოჩენილ აზრებს, მათ გაცილებით დიდი ფასი აქვს (ფსალმ. 119:127; იგავ. 8:10). ამიტომ ნამდვილად ღირს, მოთმინებით გავაგრძელოთ ბიბლიის ყოველდღიური კვლევა (ფსალმ. 1:2).

16. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვასა და იესოს?

16 შესწავლის დროს იფიქრეთ, როგორ გამოიყენოთ ცხოვრებაში ნასწავლი. მაგალითად, როგორ მიჰბაძოთ სამართლიან ზეციერ მამას და სხვებთან ურთიერთობის დროს მიუკერძოებლები იყოთ; აგრეთვე, იესოს მსგავსად როგორ შეიყვაროთ იეჰოვა და ადამიანები. ეს აღგძრავთ, ღვთის სახელის გულისთვის ნებისმიერი რამ აიტანოთ, თავი არ დაზოგოთ და-ძმებისთვის და ხელიდან არ გაუშვათ ქადაგების შესაძლებლობა, რათა მათაც გამოავლინონ გამოსასყიდისადმი რწმენა.

17. რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?

17 რაც უფრო ღრმად ჩავწვდებით გამოსასყიდის საკითხს, მით უფრო შეგვიყვარდება იეჰოვა და იესო. ჩვენში ასეთი სიყვარულის დანახვა კი მათაც უფრო შეაყვარებს ჩვენს თავს (იოან. 14:21; იაკ. 4:8). ამიტომ ბიბლიისა და ჩვენი პუბლიკაციების დახმარებით ეცადეთ, მეტი გაიგოთ გამოსასყიდზე. შემდეგი სტატიიდან დავინახავთ, რისკენ გაგვიხსნა გზა გამოსასყიდმა და როგორ შეგვიძლია მადლიერების გამოხატვა.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 107 ღმერთმა სიყვარულის მაგალითი მოგვცა

a ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: ფიქრი რაიმე საკითხის ირგვლივ გონების კონცენტრირება და სიღრმისეული ანალიზია.