არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 2

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 132 ახლა ჩვენ ერთნი ვართ

ქმრებო, პატივი ეცით თქვენს ცოლებს!

ქმრებო, პატივი ეცით თქვენს ცოლებს!

„ქმრებო, . . პატივი ეცით მათ“ (1 ᲞᲔᲢ. 3:7)

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ეს სტატია დაეხმარება ქმრებს, პატივისცემა და სიყვარული გამოხატონ თავიანთი ცოლების მიმართ როგორც სიტყვით, ისე საქმით.

1. რა იყო ქორწინების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი?

 ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ბედნიერი ღმერთია (1 ტიმ. 1:11). მას სურს, რომ ჩვენც ბედნიერები ვიყოთ, ამიტომ ყველაფერი გააკეთა, რომ ცხოვრებით გაგვეხარა (იაკ. 1:17). ქორწინებასაც სწორედ ამ მიზეზით ჩაუყარა საფუძველი. დაქორწინებისას ქალი და მამაკაცი აღთქმას დებენ, რომ ერთმანეთი ეყვარებათ და პატივს სცემენ. და როცა ამ აღთქმის თანახმად ცხოვრობენ, ბედნიერებიც არიან (იგავ. 5:18).

2. რა პრობლემებმა იჩინა თავი ბევრის ქორწინებაში?

2 სამწუხაროდ, დღეს ბევრი არ ცხოვრობს ქორწინების აღთქმის თანახმად და, შესაბამისად, არც ბედნიერები არიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არცთუ ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევის მონაცემებით, ბევრი ქმარი ფიზიკურად, სიტყვიერად და ემოციურად ძალადობს ცოლზე. ზოგჯერ ისინი, ვინც ცოლებს შეურაცხყოფენ, სხვების თანდასწრებით პატივისცემით ექცევიან მათ. ქორწინებაში პრობლემების მიზეზი ზოგჯერ ისიც ხდება, რომ ქმრები პორნოგრაფიას უყურებენ.

3. რატომ გახდა ზოგი ქმარი მოძალადე?

3 რატომ გახდა ზოგი ქმარი მოძალადე? ზოგი მოძალადე მამის ხელშია გაზრდილი, ამიტომ ქალზე ძალადობა ჩვეულებრივ რამედ მიაჩნია. ზოგს კულტურამ ჩამოუყალიბა ისეთი წარმოდგენა, რომ „ნამდვილი მამაკაცი“ ცოლს უნდა აჩვენებდეს, ვინ არის ოჯახში უფროსი. ზოგს ოჯახში ჩაუნერგეს ისეთი აზრი, რომ კაცმა არ უნდა მოთოკოს ემოციები, მათ შორის ბრაზი. ზოგიც პორნოგრაფიას უყურებს, რის გამოც დამახინჯებული წარმოდგენა შეექმნა ქალებზე და მათში მხოლოდ სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ობიექტს ხედავს. გარდა ამისა, როგორც კვლევები ადასტურებს, კოვიდპანდემიის დროს კიდევ უფრო გახშირდა ოჯახში ქალებზე ძალადობა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რა მიზეზითაც არ უნდა ჩამოყალიბდეს კაცი მოძალადედ, ეს მის საქციელს არ ამართლებს.

4. რა მხრივ უნდა გამოიჩინონ ქრისტიანმა ქმრებმა სიფრთხილე და რატომ?

4 ქრისტიანმა ქმრებმა უნდა იფრთხილონ, რომ მათზეც არ მოახდინოს გავლენა ქვეყნიერებაში გავრცელებულმა აზროვნებამ. a რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ის, რასაც ადამიანი ფიქრობს, ხშირ შემთხვევაში მის საქმეებშიც აისახება. მოციქულმა პავლემ რომში მცხოვრები ცხებული ქრისტიანები გააფრთხილა: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე“ (რომ. 12:1, 2). როცა პავლემ რომაელებს ეს წერილი მისწერა, ისინი უკვე არაერთი წელი ემსახურებოდნენ იეჰოვას. თუმცა, როგორც მოციქულის სიტყვებიდან ჩანს, ზოგი ჯერ კიდევ იყო კულტურისა და ქვეყნიური აზროვნების გავლენაში. ამიტომაც მოუწოდა მათ, რომ აზროვნებაც შეეცვალათ და საქციელიც. დღეს ამ რჩევის გათვალისწინება ქრისტიან ქმრებსაც მართებთ. სამწუხაროდ, ზოგი ქვეყნიერების ზეგავლენაში მოექცა და ცოლზე ძალადობს. b ამიტომ ღირს იმაზე დაფიქრება, იეჰოვა რას მოელის ქმრებისგან. მისი თვალსაზრისი კარგად ჩანს ამ სტატიის წამყვანი მუხლიდან.

5. 1 პეტრეს 3:7-ის თანახმად, როგორ უნდა მოექცეს ქმარი ცოლს?

5 წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:7. იეჰოვა ქმრებს მოუწოდებს, პატივი სცენ ცოლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქმარი უნდა იყოს მოსიყვარულე და თბილად ექცეოდეს ცოლს. ამ სტატიიდან დავინახავთ, კონკრეტულად რაში ვლინდება პატივისცემა. თუმცა თავდაპირველად იმაზე ვისაუბრებთ, როგორი საქციელია ღვთის თვალში მიუღებელი.

ᲠᲝᲒᲝᲠᲘ ᲡᲐᲥᲪᲘᲔᲚᲘᲐ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲗᲕᲐᲚᲨᲘ ᲛᲘᲣᲦᲔᲑᲔᲚᲘ

6. როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას მოძალადე ქმრების მიმართ? (კოლოსელები 3:19).

6 ფიზიკური ძალადობა. იეჰოვას სძულს მოძალადე ადამიანები (ფსალმ. 11:5). მისთვის განსაკუთრებით საძულველია, როცა ქმარი ცოლზე ძალადობს (მალ. 2:16; წაიკითხეთ კოლოსელების 3:19). როგორც ამ სტატიის წამყვანი მუხლიდან ვიგებთ, თუ ქმარი ცუდად მოეპყრობა ცოლს, იეჰოვასთან ურთიერთობას გაიფუჭებს. ის მის ლოცვასაც აღარ მოისმენს.

7. როგორი საუბარია ოჯახში მიუღებელი? (ეფესოელები 4:31, 32; იხილეთ აგრეთვე სქოლიო).

7 სიტყვიერი ძალადობა. ზოგ ქმარს ცოლთან ყვირილი და შეურაცხმყოფელი საუბარი სჩვევია. მაგრამ ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვას სძულს „ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა c(წაიკითხეთ ეფესოელების 4:31, 32). იეჰოვას ვერავინ ვერაფერს გამოაპარებს და მას ყველაფერი ესმის. მისთვის სულერთი არაა, როგორ ესაუბრება ქმარი ცოლს, მაშინაც კი, როცა ისინი მარტონი არიან. შეურაცხმყოფელი და უხეში საუბარი მხოლოდ ცოლთან კი არა, იეჰოვასთან ურთიერთობაშიც გააჩენს ბზარს (იაკ. 1:26).

8. როგორი თვალსაზრისი აქვს იეჰოვას პორნოგრაფიაზე? ახსენით.

8 პორნოგრაფია. როგორი თვალსაზრისი აქვს იეჰოვას პორნოგრაფიაზე? მას სძულს ის. ამიტომ, თუ ქმარი პორნოგრაფიას უყურებს, იეჰოვასთანაც იფუჭებს ურთიერთობას და ცოლსაც შეურაცხყოფს. d ის მოელის ქმრებისგან, რომ ფიქრებშიც კი უერთგულებენ ცოლს. ამ აზრს იესომაც გაუსვა ხაზი, როცა თქვა, რომ თუ კაცი სხვა „ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან გულში“ (მათ. 5:28, 29). e

9. კიდევ როგორი საქციელი სძულს იეჰოვას და რატომ?

9 სქესობრივი ურთიერთობის დროს ცოლის ღირსების შელახვა. იეჰოვასთვის ყოვლად მიუღებელია, თუ სქესობრივი ურთიერთობის დროს ქმარი არ ითვალისწინებს ცოლის გრძნობებს და ისეთ რამეს მოითხოვს მისგან, რაც ღირსებას ულახავს. იეჰოვას სძულს ასეთი ეგოისტური საქციელი. ის მოელის ქმრებისგან, რომ ყოველთვის თბილად და სიყვარულით მოექცევიან ცოლს (ეფეს. 5:28, 29). მაგრამ თუ ქმარს ზემოთ მოხსენიებული რომელიმე პრობლემა აქვს, ნიშნავს ეს იმას, რომ ვეღარ შეიცვლება? მოდი განვიხილოთ, რა დაეხმარება მას, შეიცვალოს აზროვნება და საქციელი.

ᲠᲐ ᲓᲐᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲥᲛᲐᲠᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲮᲓᲔᲜᲐᲨᲘ

10. რისი სწავლა შეუძლიათ ქმრებს იესოსგან?

10 რა დაეხმარება ქმარს, შეიცვალოს? ცვლილებების მოხდენაში მას იესოს მიბაძვა დაეხმარება. მართალია, ის არასდროს დაქორწინებულა, მაგრამ მოწაფეებისადმი მისი დამოკიდებულება ქმრებისთვის სამაგალითოა (ეფეს. 5:25). ამიტომ მოდი განვიხილოთ, როგორ ეპყრობოდა და როგორ ესაუბრებოდა იესო თავის მოწაფეებს და რისი სწავლა შეუძლიათ მისგან ქმრებს.

11. როგორ ეპყრობოდა იესო მოციქულებს?

11 იესო მოციქულებს პატივისცემით და თბილად ეპყრობოდა. ის არ იყო მბრძანებლობის მოყვარული და არასდროს ეუხეშებოდა მათ. მართალია, ის მათი ბატონი და უფალი იყო, მაგრამ იმ მიზნით არასდროს მოუხდენია ძალის დემონსტრირება, რომ მათთვის თავისი უპირატესობა ეჩვენებინა. პირიქით, თავმდაბლად ემსახურებოდა მათ (იოან. 13:12–17). მან ერთხელ მოწაფეებს ასეთი სიტყვები უთხრა: „ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდებით“ (მათ. 11:28–30). ალბათ შენიშნეთ, რომ იესომ საკუთარი თავი რბილ ადამიანად მოიხსენია. და როგორია რბილი ადამიანი? ის არ არის პიროვნულად სუსტი. პირიქით, მას იმდენად დიდი შინაგანი ძალა აქვს, რომ თავშეკავება არ უჭირს. ის მაშინაც ინარჩუნებს სიმშვიდეს და არ კარგავს ემოციებზე კონტროლს, როცა რაღაც აღიზიანებს.

12. როგორ ესაუბრებოდა იესო ხალხს?

12 იესოსთან საუბრის შემდეგ ხალხი თავს ყოველთვის გამხნევებულად და გამოცოცხლებულად გრძნობდა. ის მათ არასდროს ესაუბრებოდა უხეშად (ლუკ. 8:47, 48). მაშინაც კი, როცა მოწინააღმდეგეები შეურაცხყოფას აყენებდნენ და მდგომარეობიდან მის გამოყვანას ცდილობდნენ, ის „შეურაცხყოფით არ პასუხობდა“ (1 პეტ. 2:21–23). ზოგჯერ ის უბრალოდ გაჩუმებას ამჯობინებდა (მათ. 27:12–14). ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ იესომ კარგი მაგალითი დაუტოვა ქრისტიან ქმრებს.

13. რას ნიშნავს სიტყვები „მიეკვრება ცოლს“? (მათე 19:4–6; იხილეთ აგრეთვე სურათი).

13 იესომ ქმრებს მოუწოდა, რომ ცოლების ერთგულები ყოფილიყვნენ. მან თავისი ზეციერი მამის სიტყვები გაიმეორა: „კაცი . . . მიეკვრება ცოლს“ (წაიკითხეთ მათეს 19:4–6). „მიკვრად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა სიტყვასიტყვით „მიწებებას“ ნიშნავს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ცოლ-ქმარს ძალიან მტკიცე ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ისეთი, თითქოს მიწებებული იყვნენ ერთმანეთზე. ამიტომ, როცა რომელიმე მათგანი გულს სტკენს მეორე ნახევარს, ზიანი ორივეს ადგება. როგორ უნდა მოიქცეს ქმარი, რომ მათი კავშირი მტკიცე იყოს? მისთვის აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს ყველანაირი სახის პორნოგრაფია. ასეთი ქმარი უვარგისს არაფერს მიაპყრობს მზერას (ფსალმ. 119:37). იობის მსგავსად მასაც გადაწყვეტილი უნდა ჰქონდეს, რომ სხვა ქალს არასდროს შეხედავს გულისთქმით (იობ. 31:1).

ერთგული ქმარი არ დაათვალიერებს პორნოგრაფიულ მასალას (იხილეთ აბზაცი 13). g


14. რა უნდა გააკეთოს მოძალადე ქმარმა, რომ ურთიერთობა აღიდგინოს როგორც იეჰოვასთან, ისე ცოლთან?

14 ქმარმა, რომელიც ფიზიკურად თუ სიტყვიერად ძალადობს ცოლზე, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ურთიერთობა აღადგინოს როგორც იეჰოვასთან, ისე ცოლთან. ვნახოთ, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია მას. პირველი, თვალი უნდა გაუსწოროს იმ ფაქტს, რომ იეჰოვას ვერაფერს გამოაპარებს და აღიაროს, რომ სერიოზული პრობლემა აქვს (ფსალმ. 44:21; ეკლ. 12:14; ებრ. 4:13). მეორე, უნდა შეცვალოს თავისი საქციელი და შეწყვიტოს ცოლზე ძალადობა (იგავ. 28:13). მესამე, უნდა აღიაროს თავისი დანაშაული როგორც იეჰოვას, ისე ცოლის წინაშე და ორივეს პატიება სთხოვოს (საქ. 3:19). ლოცვაში მან იეჰოვას ისიც უნდა სთხოვოს, რომ ცვლილებების მოხდენის სურვილი და იმის ძალა მისცეს, რომ გააკონტროლოს თავისი ფიქრები, სიტყვები და საქციელი (ფსალმ. 51:10–12; 2 კორ. 10:5; ფილ. 2:13). მეოთხე, ლოცვის თანახმად უნდა მოიქცეს და ყველანაირად ეცადოს, შეიძულოს ნებისმიერი სახის ძალადობა (ფსალმ. 97:10). მეხუთე, მაშინვე უნდა მიმართოს კრების უხუცესებს დახმარებისთვის (იაკ. 5:14–16). მეექვსე, კონკრეტული გეგმა უნდა შეიმუშაოს, რომ მომავალში იგივე არ გააკეთოს. ეს ნაბიჯები უნდა გადადგან მათაც, ვინც პორნოგრაფიას უყურებენ. იეჰოვა აუცილებლად დაეხმარება ქმარს, რომელიც ცვლილებების მოხდენას ცდილობს (ფსალმ. 37:5). თუმცა თუ ქმარი ცუდად აღარ ექცევა ცოლს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას გაუმჯობესება აღარ სჭირდება. მან ისიც უნდა ისწავლოს, როგორ სცეს მას სათანადო პატივი. მოდი ვნახოთ, როგორ შეუძლია ამის გაკეთება.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲡᲪᲔᲗ ᲪᲝᲚᲡ ᲡᲐᲗᲐᲜᲐᲓᲝ ᲞᲐᲢᲘᲕᲘ

15. როგორ შეუძლიათ ქმრებს სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა?

15 გამოხატეთ სითბო და სიყვარული. ზოგ ძმას ჩვევად აქვს, რომ ყოველდღიურად პატარ-პატარა რაღაცებით გამოხატოს ცოლისადმი სითბო და სიყვარული (1 იოან. 3:18). ზოგი უბრალოდ ხელს ჩაჰკიდებს ხოლმე მას, ჩაეხუტება ან მესიჯს მისწერს და მოიკითხავს. დროდადრო ქმარს შეუძლია ყვავილებიც მიართვას ან საჩუქარი გაუკეთოს. ამგვარად ის ცოლისადმი პატივისცემასაც გამოხატავს და ცოლქმრულ ბედნიერებასაც შეუწყობს ხელს.

16. რატომ უნდა შეაქოს ქმარმა ცოლი?

16 თავი დაფასებულად აგრძნობინეთ. პატივისცემის მაჩვენებელი იქნება ისიც, თუ ქმარი შეაქებს ცოლს და ეტყვის, რატომ აფასებს მას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქმარმა ხშირად გამოხატოს მადლიერება იმისთვის, რასაც ცოლი ოჯახისთვის აკეთებს (კოლ. 3:15). გულწრფელი შექება ცოლს თავს მშვიდად და დაფასებულად აგრძნობინებს და ქმრის სიყვარულში დაარწმუნებს (იგავ. 31:28).

17. საიდან გამოჩნდება, რომ ქმარი ღირსეულად ეპყრობა ცოლს?

17 ღირსეულად მოეპყარით. მოსიყვარულე ქმარი ყველანაირად უფრთხილდება თავის ცოლს. ის მას იეჰოვასგან უძვირფასეს საჩუქრად მიიჩნევს (იგავ. 18:22; 31:10). შესაბამისად, ინტიმური ურთიერთობის დროსაც ითვალისწინებს ცოლის გრძნობებს და ისეთ რამეს არ ითხოვს, რაც მას დისკომფორტს შეუქმნის, დაამცირებს ან რის გამოც სინდისი შეაწუხებს. რა თქმა უნდა, სუფთა სინდისის შენარჩუნებას თავადაც ყველანაირად უნდა ეცადოს (საქ. 24:16). f

18. როგორ უნდა მოიქცნენ ქმრები? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო  „როგორ გამოვხატოთ პატივისცემა საუბრის დროს?“).

18 ქმრებო, დარწმუნებული იყავით, იეჰოვა ხედავს და აფასებს თქვენს მცდელობას, ყოველმხრივ პატივისცემით მოექცეთ ცოლებს. ამიტომ კვლავაც ეცადეთ, მათ ღირსეულად მოეპყროთ, სითბო და სიყვარული გამოხატოთ და არაფერი გააკეთოთ ისეთი, რითაც ტკივილს მიაყენებთ. ამგვარად ცოლსაც დაარწმუნებთ, რომ აფასებთ და გიყვართ და, რაც მთავარია, იეჰოვასთანაც კარგი ურთიერთობა გექნებათ (ფსალმ. 25:14).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 131 „ვინც ღმერთმა შეაუღლა“

a წაიკითხეთ 2024 წლის იანვრის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია „ისეთივე დამოკიდებულება გაქვთ ქალების მიმართ, როგორიც იეჰოვას?“.

b მათთვის, ვინც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს სტატია „რჩევები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ“, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ვებსაიტზე jw.org ან JW ბიბლიოთეკაში სტატიათა სერიაში „სხვადასხვა“.

c ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: „ლანძღვაში“ დამამცირებელი სახელების დარქმევა, გაუთავებელი კრიტიკა და შეურაცხმყოფელი, თავმოყვარეობის შემლახველი და მწარე საუბარიც იგულისხმება.

d ვებსაიტზე jw.org ან JW ბიბლიოთეკაში იხილეთ სტატია „პორნოგრაფია საფრთხეს უქმნის ქორწინებას“.

e მათთვის, ვისი ქმარიც პორნოგრაფიას უყურებს, დამხმარე იქნება 2023 წლის აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია „როგორ მოვიქცეთ, თუ მეუღლე პორნოგრაფიას უყურებს“.

f ბიბლიაში არ არის დაკონკრეტებული, რა ითვლება უწმინდურებად ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი ურთიერთობის დროს. ეს მათ თავად უნდა განსაზღვრონ. თუმცა მათი გადაწყვეტილება იმაზე უნდა მოწმობდეს, რომ პატივს მიაგებენ იეჰოვას, ითვალისწინებენ ერთმანეთის გრძნობებს და სუფთად ინარჩუნებენ სინდისს. როგორც წესი, ცოლ-ქმარი თავის ინტიმურ ურთიერთობაზე სხვებთან არ ისაუბრებს.

g ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: თანამშრომელი ეძახის ჩვენს ძმას, რომ მასთან ერთად დაათვალიეროს პორნოგრაფიული ჟურნალი.