არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის წყალობით გათავისუფლებულნი

ღვთის წყალობით გათავისუფლებულნი

„ცოდვამ არ უნდა იბატონოს თქვენზე, რადგან კანონს კი არ ექვემდებარებით, არამედ წყალობას“ (რომ. 6:14).

სიმღერები: 2, 61

1, 2. რატომ არის რომაელების 5:12 მნიშვნელოვანი იეჰოვას მოწმეებისთვის?

დავუშვათ, გსურთ იმ ბიბლიური მუხლების ჩამოწერა, რომლებიც იეჰოვას მოწმეებმა კარგად იციან და ხშირად იყენებენ. ალბათ, ამ სიის თავში რომაელების მე-5 თავის მე-12 მუხლიც მოხვდება. დაფიქრდით, რამდენად ხშირად კითხულობთ ამ მუხლში ჩაწერილ სიტყვებს: „როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“.

2 ეს მუხლი ხშირად მეორდება წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. თქვენ ალბათ კითხულობთ ზემოხსენებულ მუხლს, როდესაც ამ წიგნს შვილებსა თუ დაინტერესებულებთან განიხილავთ და დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვაზე, გამოსასყიდსა და მიცვალებულთა მდგომარეობაზე მსჯელობთ (თავები 3, 5, 6). მაგრამ, რამდენად ხშირად გახსენდებათ ეს მუხლი, როცა ფიქრობთ იეჰოვას წინაშე თქვენს მდგომარეობაზე, თქვენს საქციელსა და მომავლის იმედზე?

3. რა უნდა ვაღიაროთ ყველამ?

3 ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ცოდვილები ვართ და შეცდომებს ყოველდღე ვუშვებთ. თუმცა ღმერთს ახსოვს, რომ მტვერი ვართ და სურს, ჩვენდამი წყალობა გამოავლინოს (ფსალმ. 103:13, 14). სანიმუშო ლოცვაში იესომ შემდეგი თხოვნაც ჩართო: „გვაპატიე ცოდვები“ (ლუკ. 11:2—4). ასე რომ, არა გვაქვს მიზეზი, გამუდმებით ვიფიქროთ იმ შეცდომებზე, რომლებიც ღმერთმა უკვე გვაპატია. თუმცა კარგი იქნება, დავფიქრდეთ, როგორ შეეძლო ღმერთს, ჩვენთვის ცოდვები ეპატიებინა.

ცოდვების პატიება ღვთის წყალობაა

4, 5. ა) რა გვეხმარება, უკეთ გავიგოთ რომაელების 5:12-ში ჩაწერილი სიტყვები? ბ) რა იგულისხმება რომაელების 3:24-ში მოხსენიებულ „წყალობაში“?

4 წიგნი „რომაელები“, განსაკუთრებით ამ წიგნის მე-6 თავი, მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს, რაც გვეხმარება, უკეთ ჩავწვდეთ რომაელების 5:12-ს. ამ წიგნიდან ვიგებთ, როგორ გვპატიობს იეჰოვა. მაგალითად, მე-3 თავში ვკითხულობთ: „ყველამ შესცოდა . . . მათთვის უსასყიდლო ძღვენია, რომ მისმა წყალობამ გაათავისუფლა ისინი ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით და მართლებად არიან აღიარებულნი“ (რომ. 3:23, 24). რას გულისხმობდა პავლე „წყალობაში“? ერთი ნაშრომის თანახმად, მან გამოიყენა ბერძნული სიტყვა, რომელიც მიუთითებს „ძალდაუტანებელ წყალობაზე, სანაცვლოს მოთხოვნისა და მოლოდინის გარეშე“. ასეთი წყალობა არავის დაუმსახურებია.

5 ბიბლეისტმა ჯონ პარკჰერსტმა აღნიშნა: „როცა ეს [ბერძნული სიტყვა] გამოიყენება ღმერთთან ან ქრისტესთან მიმართებით, უმეტეს შემთხვევაში მიუთითებს მათ მიერ ადამიანის გამოსასყიდად და სახსნელად გამოვლენილ გულუხვ და დაუმსახურებელ სიკეთეზე, ანუ წყალობაზე“. ასე რომ, „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ეს სიტყვა მართებულად ითარგმნა წყალობად. მაგრამ, როგორ გამოავლინა ღმერთმა წყალობა ჩვენდამი? როგორ უკავშირდება ის ჩვენს იმედსა და ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას? მოდი გავიგოთ.

6. რა სიკეთე მოაქვს ადამიანებისთვის ღვთის წყალობას?

6 ადამი იყო ის „ერთი ადამიანი“, რომლის მეშვეობითაც ცოდვა და სიკვდილი შემოვიდა ქვეყნიერებაში და რომლის გამოც „სიკვდილი მეფობდა“. თუმცა პავლემ ისიც თქვა, რომ „ერთი ადამიანის, იესო ქრისტეს მეშვეობით“ უხვად გამოვლინდა „ღვთის წყალობა“ (რომ. 5:12, 15, 17). ამ წყალობას სიკეთე მოაქვს მთელი კაცობრიობისთვის. ერთი ადამიანის, იესოს „მორჩილებით გახდება მრავალი მართალი“. ფაქტობრივად, ღვთის წყალობას შეუძლია მარადიული სიცოცხლე მოგვიტანოს „იესო ქრისტეს მეშვეობით“ (რომ. 5:19, 21).

7. რატომ ვამბობთ, რომ გამოსასყიდი ღვთის სიკეთეა და ის არ დაგვიმსახურებია?

7 იეჰოვა ვალდებული არ იყო, რომ გამოსასყიდის გასაღებად დედამიწაზე საკუთარი ძე გამოეგზავნა. უფრო მეტიც, არასრულყოფილი, ცოდვილი ადამიანები არ იმსახურებდნენ ღვთისა და იესოს მიერ გაღებულ გამოსასყიდს, რომლის წყალობითაც ცოდვების პატიება გახდა შესაძლებელი. ნამდვილად დაუმსახურებელი სიკეთეა, რომ გვეპატია ცოდვები და მარადიული სიცოცხლის იმედი მოგვეცა! ჩვენ დიდად მადლიერნი უნდა ვიყოთ ღვთის წყალობისთვის და ის გავლენას უნდა ახდენდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ღვთის წყალობისთვის მადლიერნი

8. რა მცდარი შეხედულება შეიძლება ჰქონდეს ზოგს საკუთარ ცოდვებზე?

8 როგორც ადამის არასრულყოფილი შთამომავლები, მიდრეკილნი ვართ შეცდომებისა და ცოდვისკენ. მაგრამ, დიდი შეცდომა იქნება, თუ ღვთის წყალობით ბოროტად ვისარგებლებთ და ვიფიქრებთ, რომ ცოდვის ჩადენის შემთხვევაშიც კი არ უნდა ვიდარდოთ, რადგან ღმერთი მაინც გვაპატიებს. სამწუხაროდ, მოციქულების სიცოცხლეში ზოგიერთი ქრისტიანი სწორედ ასე ფიქრობდა (წაიკითხეთ იუდას 4). შეიძლება მსგავსი აზრი ხმამაღლა არასდროს გამოვხატოთ, მაგრამ არასწორი აზროვნების ნიშნები უკვე გვქონდეს ან შეიძლება მომავალში შემოგვეპაროს.

9, 10. რა გაგებით გათავისუფლდნენ პავლე და სხვები ცოდვისა და სიკვდილისგან?

9 პავლე მოციქულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა შევეწინააღმდეგოთ ისეთ აზროვნებას, თითქოს ღმერთი ყოველთვის გაგვიგებს და ჩვენს არასწორ საქციელზე თვალს დახუჭავს. პავლემ ახსნა, რატომ არის ამის გაკეთება აუცილებელი. მან დაწერა: „ცოდვისთვის დავიხოცეთ“ (წაიკითხეთ რომაელების 6:1, 2). როგორ შეეძლო მას ეთქვა, რომ ქრისტიანები ცოდვისთვის დაიხოცნენ, თუ ისინი ჯერ კიდევ დედამიწაზე იყვნენ?

10 ღმერთმა გამოსასყიდის საფუძველზე აპატია ცოდვები პავლესა და მის დროს მცხოვრებ სხვა ქრისტიანებს, წმინდა სულით სცხო ისინი და სულიერ ძეებად მიიღო. შედეგად, მათ ზეციერი ცხოვრების იმედი მიეცათ. თუ ისინი ერთგულები დარჩებოდნენ, ზეცაში ქრისტესთან ერთად იცხოვრებდნენ და იმმართველებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობდნენ და ღმერთს ემსახურებოდნენ, პავლეს შეეძლო ეთქვა, რომ ცოდვისთვის დახოცილნი იყვნენ. ამის დასანახვებლად მან მოიყვანა იესოს მაგალითი, რომელიც მოკვდა, როგორც ადამიანი, შემდეგ კი გაცოცხლდა, როგორც უკვდავი სული, რათა ზეცაში ეცხოვრა. სიკვდილი აღარ ბატონობდა მასზე. მსგავსი რამ მოხდა ცხებული ქრისტიანების შემთხვევაშიც. მათ შეეძლოთ ჩაეთვალათ, რომ დაიხოცნენ ცოდვისთვის და ცოცხლობდნენ ღვთისთვის ქრისტე იესოს მეშვეობით (რომ. 6:9, 11). ისინი აღარ ცხოვრობდნენ უწინდებურად და აღარ ემონებოდნენ თავიანთ ცოდვილ სურვილებს, რადგან დაიხოცნენ ძველი ცხოვრებისთვის.

11. რა გაგებით დავიხოცეთ ჩვენ ცოდვისთვის?

11 რის თქმა შეიძლება ჩვენზე? სანამ ჭეშმარიტი ქრისტიანები გავხდებოდით, ხშირად ვცოდავდით და შესაძლოა ვერც კი ვაცნობიერებდით, რამდენად არასწორი იყო ჩვენი ქმედებები ღვთის თვალში. შეიძლება ითქვას, რომ უწმინდურების, უკანონობისა და ცოდვის მონები ვიყავით (რომ. 6:19, 20). მაგრამ, როცა ბიბლიური ჭეშმარიტება გავიგეთ, შევიცვალეთ, თავი მივუძღვენით ღმერთს და მოვინათლეთ. იქიდან მოყოლებული გვსურს, გულით დავემორჩილოთ ღვთის სწავლებებსა და ნორმებს. შედეგად, ცოდვისგან გავთავისუფლდით და სიმართლის მონები გავხდით (რომ. 6:17, 18). ამგვარად, ჩვენზეც შეიძლება ითქვას, რომ ცოდვისთვის დავიხოცეთ.

12. რა არჩევნის წინაშე დგას თითოეული ჩვენგანი?

12 კარგი იქნება, საკუთარ თავს დავუკავშიროთ პავლეს სიტყვები: „ნუღარ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში და ნუ დაემორჩილებით მის სურვილებს“ (რომ. 6:12). თუ არასრულყოფილი სხეულის სურვილებს ავყვებით, ცოდვას ჩვენზე მეფობის საშუალებას მივცემთ. ვინაიდან ჩვენზეა დამოკიდებული, იბატონებს თუ არა ცოდვა ჩვენზე, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, გულის სიღრმეში რა გვსურს. ხომ არ ვაძლევთ ზოგჯერ არასრულყოფილ სხეულსა და გონებას იმის უფლებას, რომ არასწორი სურვილები აღძრას ჩვენში და გვაიძულოს, მათ ავყვეთ? დავიხოცეთ ცოდვისთვის და ვცოცხლობთ ღვთისთვის ქრისტე იესოს მეშვეობით? ამ კითხვებზე პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ვაფასებთ წყალობას, რომლითაც ღმერთმა ცოდვები გვაპატია.

გამარჯვება შესაძლებელია!

13. რა გვარწმუნებს, რომ ცოდვისთვის ზურგის შექცევა შესაძლებელია?

13 იეჰოვას მსახურებმა ზურგი აქციეს იმ ცუდ საქმეებს, რომლებსაც მანამდე სჩადიოდნენ, სანამ გაიცნობდნენ და შეიყვარებდნენ ღმერთს და მისი თაყვანისმცემლები გახდებოდნენ. შესაძლოა ამ საქმეებიდან ზოგი ისეთი იყო, რის გამოც ახლა რცხვენიათ და რის გამოც სიკვდილს დაიმსახურებდნენ (რომ. 6:21). მაგრამ ისინი შეიცვალნენ. მსგავსი რამის თქმა შეიძლება არაერთ კორინთელ ქრისტიანზეც, რომელთაც პავლემ წერილი მისწერა. ზოგი მათგანი ერთ დროს მრუში, ჰომოსექსუალისტი, ქურდი და ლოთი იყო ან სხვა მსგავს საქმეებს სჩადიოდა. მაგრამ ისინი განიბანნენ და განიწმინდნენ (1 კორ. 6:9—11). ასეთები რომის კრებაშიც იყვნენ. პავლე ღვთივშთაგონებით სწერდა მათ: „ნურც უმართლობის იარაღად მისცემთ თქვენი სხეულის ნაწილებს ცოდვას, არამედ ღმერთს წარუდგინეთ თავი, როგორც მკვდრეთით აღმდგრებმა, და თქვენი სხეულის ნაწილებიც ღმერთს წარუდგინეთ სიმართლის იარაღად“ (რომ. 6:13). პავლე დარწმუნებული იყო, რომ ისინი შეძლებდნენ სულიერი სიწმინდის შენარჩუნებას. შედეგად, ღმერთი არ მოაკლებდა მათ თავის წყალობას.

14, 15. რით ცხადვყოფთ, რომ გვსურს, გულით მორჩილები ვიყოთ?

14 მსგავსი რამ ხდება დღესაც. ჩვენი თანამორწმუნეებიდან ზოგი შესაძლოა ერთ დროს ისეთივე საქმეებს სჩადიოდა, როგორსაც კორინთელები, მაგრამ ისინი შეიცვალნენ, მიატოვეს ცოდვიანი ცხოვრება და განიბანნენ. შესაძლოა, ჩვენც მოგვიწია მსგავსი ცვლილებების მოხდენა. თუმცა ღირს, დავფიქრდეთ, დღეს როგორია ჩვენი მდგომარეობა ღვთის წინაშე. მადლიერი ვართ, რომ ღმერთი ჩვენდამი წყალობას ავლენს და ცოდვებს გვპატიობს? მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, აღარ მივცეთ „სხეულის ნაწილები ცოდვას“ და ღმერთს წარვუდგინოთ თავი „როგორც მკვდრეთით აღმდგრებმა“?

15 ამისთვის საჭიროა, მოვერიდოთ ისეთ სერიოზულ ცოდვებს, რომელთაც ზოგი კორინთელი სჩადიოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ მივიღეთ ღვთის წყალობა და ცოდვა აღარ ბატონობს ჩვენზე. ამასთან, გვაქვს გადაწყვეტილი, გულით მორჩილები ვიყოთ და მოვერიდოთ ისეთ ცოდვებსაც, რომელთაც ზოგი სერიოზულ ცოდვებად არ მიიჩნევს? (რომ. 6:14, 17).

16. საიდან ჩანს, რომ ქრისტიანისგან უფრო მეტი მოითხოვება, ვიდრე მხოლოდ სერიოზული ცოდვებისგან გათავისუფლება?

16 დავფიქრდეთ პავლე მოციქულის მაგალითზე. ეჭვგარეშეა, მას არ ჩაუდენია ისეთი სერიოზული ცოდვები, რომლებიც მან 1 კორინთელების 6:9—11-ში მოიხსენია. თუმცა ის აღიარებდა, რომ ცოდვილი იყო. პავლე წერდა: „მე ხორციელი ვარ, ცოდვისთვის მიყიდული. არ ვიცი, რას ვაკეთებ, რადგან იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს“ (რომ. 7:14, 15). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ პავლე სერიოზული ცოდვების გარდა სხვა რაღაცეებსაც მიიჩნევდა ცოდვად და ებრძოდა მათ (წაიკითხეთ რომაელების 7:21—23). მოდი მივბაძოთ პავლეს და ყოველთვის ვეცადოთ გულით მორჩილები ვიყოთ!

17. რატომ გინდათ, იყოთ პატიოსანი?

17 მაგალითად, შევეხოთ პატიოსნების საკითხს. ქრისტიანები პატიოსნებით გამოირჩევიან (წაიკითხეთ იგავების 14:5; ეფესოელების 4:25). სატანა „სიცრუის მამაა“. ანანიამ და მისმა ცოლმა ტყუილის თქმის გამო დაკარგეს სიცოცხლე. ჩვენ არ გვინდა, მათ მივბაძოთ, ამიტომ ვერიდებით ტყუილს (იოან. 8:44; საქ. 5:1—11). მაგრამ მხოლოდ ამით უნდა შემოიფარგლებოდეს ჩვენი პატიოსნება? სინამდვილეში ჩვენი პატიოსნებიდან უნდა ჩანდეს ღვთის წყალობისთვის უდიდესი მადლიერება.

18, 19. რატომ მოიცავს პატიოსნება ტყუილის თქმისგან თავის შეკავებაზე მეტს?

18 ტყუილი არის ის, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. მაგრამ იეჰოვა აშკარა ტყუილის თქმისგან თავის შეკავებაზე მეტს მოითხოვს თავისი ხალხისგან. ძველად მან ისრაელებს უთხრა: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე, იეჰოვა, თქვენი ღმერთი“, შემდეგ კი იმის მაგალითები მოიყვანა, თუ რას ნიშნავს, იყო წმინდა: „არ მოიპაროთ და არ მოიტყუოთ; არ მოექცეთ ვერაგულად თქვენს მოძმეს“ (ლევ. 19:2, 11). სამწუხაროდ, ზოგმა, ვინც ყველანაირად ერიდება აშკარა ტყუილის თქმას, შეიძლება მაინც შეცდომაში შეიყვანოს სხვები და ვერაგულად მოექცეს მათ.

გაქვთ გადაწყვეტილი, რომ მხოლოდ ტყუილის თქმას კი არ მოერიდოთ, არამედ სხვების შეცდომაში შეყვანასაც? (იხილეთ აბზაცი 19)

19 მაგალითად, ვინმე შეიძლება თავის უფროსს ან თანამშრომელს ეუბნება, რომ მეორე დღეს სამსახურში ვერ მოვა ან ადრე უნდა დაამთავროს სამუშაო, რადგან ექიმთანაა წასასვლელი. სინამდვილეში ის „ექიმთან წასვლაში“ უბრალოდ ანალიზების პასუხის აღებას გულისხმობს. ნამდვილი მიზეზი კი ის არის, რომ მას სურს, ოჯახთან ერთად წავიდეს სადმე დროის გასატარებლად. შესაძლოა მის ნათქვამში სიმართლის მარცვალი ურევია, მაგრამ მიიჩნევდით მას პატიოსან ადამიანად? განა ის სხვების შეცდომაში შეყვანას არ ცდილობს?! შესაძლოა გახსენდებათ მსგავსი შემთხვევები. ზოგჯერ ადამიანები ასე იმიტომ იქცევიან, რომ თავიდან აირიდონ სასჯელი ან სხვების ხარჯზე მოგება ნახონ. მაგრამ განა მაშინაც არ დაირღვევა ღვთის მითითება „არ მოიტყუოთ“, თუ სხვებს შეცდომაში შევიყვანთ?! ამასთან, უნდა გვახსოვდეს რომაელების 6:19-ში ჩაწერილი სიტყვები: „დაუმონეთ თქვენი სხეულის ნაწილები სიმართლეს სიწმინდისთვის“.

20, 21. რისკენ უნდა აღგვძრას ღვთის წყალობამ?

20 ღვთის წყალობისთვის მადლიერება უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მრუშობისგან, ლოთობისა თუ სხვა ცოდვებისგან თავის შეკავებას, რომელთაც ზოგიერთი კორინთელი სჩადიოდა. ღვთის წყალობის მიღება ნიშნავს, რომ უზნეობისთვის თავის არიდებასთან ერთად უნდა ვებრძოლოთ უხამსობით გართობის სურვილს. თუ გვსურს, რომ ჩვენი სხეულის ნაწილები სიმართლეს დავუმონოთ, არა მხოლოდ ლოთობისგან უნდა შევიკავოთ თავი, არამედ ზომაზე მეტის დალევისგანაც. ასეთ ცუდ ჩვევებთან ბრძოლა შეიძლება დიდი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდეს, თუმცა ამ ბრძოლის მოგება შესაძლებელია.

21 მიზნად უნდა გვქონდეს, რომ მძიმე ცოდვებთან ერთად მოვერიდოთ ერთი შეხედვით არცთუ ისე სერიოზულ ცოდვებს. მიუხედავად იმისა, რომ ამას სრულყოფილად ვერ შევძლებთ, პავლეს მსგავსად მცდელობა არ უნდა დავაკლოთ. მან თანაქრისტიანებს მოუწოდა: „ნუღარ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში და ნუ დაემორჩილებით მის სურვილებს“ (რომ. 6:12; 7:18—20). როცა ვიბრძვით ყველანაირი ცოდვის წინააღმდეგ, ცხადვყოფთ, რომ ნამდვილად ვაფასებთ ღვთის მიერ ქრისტეს მეშვეობით გამოვლენილ წყალობას.

22. რა ელის მათ, ვინც მადლიერია ღვთის წყალობისთვის?

22 ღვთის წყალობით გვეპატია ცოდვები და კვლავაც მივიღებთ პატიებას. ამიტომ მოდი გამოვავლინოთ მადლიერება და შევებრძოლოთ ისეთი ცოდვების ჩადენის ცდუნებას, რომლებსაც ზოგი შესაძლოა უმნიშვნელოდ მიიჩნევს. პავლემ დაგვანახვა, რა ჯილდოს მივიღებთ ამისთვის: „ახლა, როცა ცოდვისგან გათავისუფლდით და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმინდეა, რაც მარადიულ სიცოცხლემდე მიგიყვანთ“ (რომ. 6:22).