ყველა თქვენი საწუხარი იეჰოვას მიანდეთ
„ყველა თქვენი საწუხარი [იეჰოვას] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტ. 5:7).
1, 2. ა) რატომ არ უნდა გვიკვირდეს, თუ დროდადრო წუხილს განვიცდით? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
ჩვენ უაღრესად დაძაბულ დროში ვცხოვრობთ. სატანა ეშმაკი გამძვინვარებულია. ის „დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტ. 5:8; გამოცხ. 12:17). ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ ღვთის მსახურებიც განვიცდით დროდადრო წუხილს. მსგავსი გრძნობები ძველ დროში მცხოვრებ ღვთისმოშიშ მსახურებსაც ეუფლებოდათ, მათ შორის მეფე დავითს (ფსალმ. 13:2). ალბათ, გახსოვთ ისიც, რომ მოციქული პავლე „ყველა კრებისთვის“ წუხდა (2 კორ. 11:28). რის გაკეთება შეგვიძლია, თუ საწუხარი ჩვენც მოგვიცავს?
2 ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა დაეხმარა წარსულში მცხოვრებ მსახურებს, გამკლავებოდნენ წუხილს. მისი დახმარებით ჩვენც შეგვიძლია შევიმსუბუქოთ წუხილი და ვიგრძნოთ შვება. ბიბლია მოგვიწოდებს: „ყველა თქვენი საწუხარი [საზრუნავი, დარდი] მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტ. 5:7). როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? ამ სტატიაში განვიხილავთ ოთხ დამხმარე საშუალებას. ესენია: გულითადი ლოცვა, ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე ფიქრი, იეჰოვას წმინდა სულის დახმარება და სანდო მეგობრისთვის გრძნობების გაზიარება. განხილვის დროს დაუკვირდით, პირადად რომელ რჩევებს გაითვალისწინებთ.
„იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი“
3. როგორ შეგიძლიათ ლოცვით მიანდოთ თქვენი ტვირთი იეჰოვას?
3 პირველი, რის გაკეთებაც შეგვიძლია, არის იეჰოვასადმი მხურვალე ლოცვა. როცა ისეთ სიტუაციებში აღმოჩნდებით, რომლებიც შფოთვას, შიშსა და წუხილს იწვევს, ლოცვაში გული გადმოუღვარეთ მოსიყვარულე ზეციერ მამას. ფსალმუნმომღერალი დავითი შეევედრა იეჰოვას: „ყური მოაპყარი, ღმერთო, ჩემს ლოცვას“. იმავე ფსალმუნში მან დაწერა: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმ. 55:1, 22). თუ ყველაფერი იღონეთ პრობლემის მოსაგვარებლად, წუხილს ჯობია ილოცოთ, რადგან გულითადი ლოცვით უფრო მეტს მიაღწევთ. როგორ დაგეხმარებათ ლოცვა, რომ მშფოთვარე ფიქრებმა და წუხილმა არ მოგიცვათ? (ფსალმ. 94:18, 19).
4. რატომ არის ლოცვა მნიშვნელოვანი წუხილის დროს?
4 წაიკითხეთ ფილიპელების 4:6, 7. როგორ გვიპასუხებს იეჰოვა გულითად, მხურვალე და დაჟინებულ ლოცვებზე? ის მოგვცემს შინაგან სიმშვიდეს, რომელიც გულსა და გონებას უარყოფითი ემოციებისგან გაათავისუფლებს. ბევრმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. წუხილისა და შიშის ნაცვლად, მათ ღვთის დახმარებით დაეუფლათ უდიდესი შინაგანი სიმშვიდე, რაც ადამიანებისთვის წარმოუდგენელი იყო. ეს შეიძლება თქვენს შემთხვევაშიც მოხდეს. „ღვთის მშვიდობა“ ნებისმიერ პრობლემას დაგაძლევინებთ. თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე ენდოთ იეჰოვას დაპირებას: „ნუ გეშინია . . . რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები“ (ეს. 41:10).
ღვთის სიტყვიდან მიღებული შინაგანი სიმშვიდე
5. როგორ შეუძლია ღვთის სიტყვას მოგვცეს შინაგანი სიმშვიდე?
5 მეორე საშუალება, რომელიც გვეხმარება, გვქონდეს შინაგანი სიმშვიდე, არის ბიბლიური მონაკვეთებისა თუ მუხლების წაკითხვა და მათზე ფიქრი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ბიბლიაში ჩაწერილი პრაქტიკული რჩევები დაგეხმარებათ, მოერიდოთ, შეამციროთ ან გაუმკლავდეთ წუხილს. გახსოვდეთ: ღვთის სიტყვას იმიტომ შეუძლია დახმარება და სულიერი ძალების განახლება, რომ შემოქმედის სიბრძნეს შეიცავს. დიდ ძალას შეგმატებთ, თუ იფიქრებთ ღვთის აზრებზე. იფიქრეთ იმაზეც, თუ როგორ შეგიძლიათ ბიბლიაში ჩაწერილი პრაქტიკული რჩევების საუკეთესოდ გათვალისწინება. მნიშვნელობა არა აქვს, ამას დღისით გააკეთებთ თუ ღამით. თავად იეჰოვამ დაუკავშირა მისი სიტყვის კითხვა გამბედაობას, შინაგან სიძლიერესა და სიმამაცეს (იეს. 1:7—9).
6. როგორ შეუძლია იესოს სიტყვებს თქვენი დახმარება?
6 ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ იესოს მანუგეშებელ და გამამხნევებელ სიტყვებს. მისი სიტყვები თუ სწავლებები მსმენელებისთვის გამხნევების წყარო იყო. ბევრი მიდიოდა მასთან, რადგან ის გულდამძიმებულებს ამშვიდებდა, სუსტებს აძლიერებდა და დამწუხრებულებს ანუგეშებდა (წაიკითხეთ მათეს 11:28—30). ის სიყვარულით ზრუნავდა სხვების სულიერ, ემოციურ თუ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე (მარ. 6:30—32). მხარში ამოდგომის შესახებ იესოს დაპირება ჩვენზეც ვრცელდება. თქვენ შეგიძლიათ ისევე იგრძნოთ იესოს მხარდაჭერა, როგორც მასთან ერთად მყოფმა მოციქულებმა იგრძნეს. ამისთვის საჭირო არ არის, რომ იესო ფიზიკურად იყოს თქვენთან. როგორც ზეციერი მეფე, ის კვლავაც თანაუგრძნობს ადამიანებს. ასე რომ, წუხილის დროს მას შეუძლია გულმოწყალედ მოგეპყროთ და „დროული დახმარება“ აღმოგიჩინოთ. დიახ, იესო დაგეხმარებათ განსაცდელთან გამკლავებაში და იმედსა და გამბედაობას მოგცემთ! (ებრ. 2:17, 18; 4:16).
ღვთის სულის დახმარებით განვითარებული თვისებები
7. რა სიკეთეს მოგიტანთ ლოცვის საპასუხოდ ღვთისგან ბოძებული წმინდა სული?
7 იესო დაჰპირდა თავის მიმდევრებს, რომ ზეციერი მამა აუცილებლად მისცემდა წმინდა სულს ყველას, ვინც სთხოვდა (ლუკ. 11:10—13). წმინდა სული წარმოშობს სულის ნაყოფს, რაც წუხილის შესამსუბუქებლად მესამე ძლიერი საშუალებაა. ღვთის მოქმედი ძალით წარმოშობილი დადებითი თვისებები ყოვლისშემძლე ღვთის ბუნების განუყოფელი ნაწილია (წაიკითხეთ გალატელების 5:22, 23; კოლ. 3:10). რაც უფრო განივითარებთ სულის ნაყოფში შემავალ თვისებებს, მით უფრო გაუმჯობესდება სხვებთან თქვენი ურთიერთობა. შედეგად, ნაკლებად გექნებათ წუხილის გამომწვევი სიტუაციები. ქვემოთ მოკლედ განვიხილავთ, როგორ დაგეხმარებათ სულის ნაყოფი.
8—12. როგორ დაგეხმარებათ ღვთის წმინდა სულის ნაყოფი, თავიდან აირიდოთ სტრესის გამომწვევი სიტუაციები ან გაუმკლავდეთ მათ?
8 „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა“. როცა ცდილობთ, სხვებს პატივისცემით მოეპყროთ, დიდი ალბათობაა, რომ საკუთარ უარყოფით ემოციებს უკეთ გაუმკლავდებით. რატომ ვამბობთ ამას? როცა ავლენთ ძმათმოყვარეობას, სათუთ გრძნობებსა და პატივისცემას, თავიდან ირიდებთ წუხილის გამომწვევ სიტუაციებს (რომ. 12:10).
9 „სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი“. მშვიდობიან ურთიერთობებს შეუწყობთ ხელს, თუ გაითვალისწინებთ რჩევას: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (ეფეს. 4:32). შედეგად, აღარ შეიქმნება ისეთი ვითარება, რომელიც წუხილს გამოიწვევს. ამასთან, უკეთ გაართმევთ თავს ადამიანური არასრულყოფილებით გამოწვეულ სიტუაციებს.
10 „რწმენა“. დღეს ხშირად წუხილს ფული თუ სხვა მატერიალური საკითხები იწვევს (იგავ. 18:11). ამიტომ, თუ იეჰოვას მზრუნველობაში ეჭვი არ შეგვეპარება, ადვილად გავუმკლავდებით ან მოვერიდებით ასეთ წუხილს. რატომ ვამბობთ ამას? წუხილის უამრავ მიზეზს აირიდებთ თავიდან, თუ პავლე მოციქულის ღვთივშთაგონებულ რჩევას გაითვალისწინებთ და დასჯერდებით იმას, რაც გაქვთ. პავლემ დასძინა: «რადგან [ღმერთმა] თქვა: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“. ეს გვამხნევებს და შეგვიძლია ვთქვათ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“» (ებრ. 13:5, 6).
11 „რბილი ხასიათი, თავშეკავება“. დაფიქრდით, რა კარგი შედეგები მოჰყვება ამ თვისებების გამოვლენას! ასეთი თვისებებით ნაკლებად სავარაუდოა, ისეთი რამ ჩაიდინოთ, რაც სანანებელი გაგიხდებათ. ამასთან, თქვენზე დადებითად იმოქმედებს, თუ „ყოველგვარ გამწარებას, ბრაზს, რისხვას, ყვირილსა და ლანძღვას“ მოერიდებით (ეფეს. 4:31).
12 ცხადია, თავმდაბლობა გჭირდებათ, რომ დაემორჩილოთ „ღვთის ძლევამოსილ ხელს“ და „ყველა თქვენი საწუხარი“ მას მიანდოთ (1 პეტ. 5:6, 7). მაგრამ, თუ განივითარებთ თავმდაბლობას, ღვთის მოწონებას დაიმსახურებთ და ის ამოგიდგებათ მხარში (მიქ. 6:8). თუ რეალისტურად შეაფასებთ თქვენს ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ შესაძლებლობებს და ღმერთზე იქნებით დაიმედებული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წუხილმა მოგიცვათ.
ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს
13. რა იგულისხმება იესოს რჩევაში, არასდროს დაიწყოთ წუხილი?
13 მათეს 6:34-ში (წაიკითხეთ) ჩაწერილია იესოს ბრძნული რჩევა, რომ არასდროს დავიწყოთ წუხილი. თუმცა ამ რჩევის გათვალისწინება შეიძლება არცთუ ისე ადვილი მოგვეჩვენოს. რა იგულისხმა იესომ ამ რჩევაში? აშკარაა, მას არ უგულისხმია, რომ ღვთის მსახური არასდროს განიცდიდა წუხილს. ამაზე დავითისა და პავლეს ზემოთ მოყვანილი სიტყვებიც მოწმობს. მაგრამ იესოს უნდოდა დაენახვებინა თავისი მოწაფეებისთვის, რომ ზედმეტი, ანუ გადამეტებული წუხილით პრობლემებს ვერ მოაგვარებდნენ. ყოველ დღეს თავისი სირთულეები აქვს, ამიტომ ქრისტიანმა აღარ უნდა დაიმატოს წარსულსა თუ მომავალზე ფიქრით საწუხარი. როგორ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ იესოს რჩევა და თავი დააღწიოთ წუხილის მარწუხებს?
14. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ წარსულში მომხდარის გამო წუხხართ?
14 ზოგჯერ წუხილის მიზეზი შეიძლება იყოს წარსულში ჩადენილი საქციელი თუ შეცდომა. ადამიანი შეიძლება მრავალი წლის წინათ ჩადენილი საქციელის გამოც კი დაიტანჯოს დანაშაულის გრძნობით. მეფე დავითს ზოგჯერ ეუფლებოდა ისეთი გრძნობა, თითქოს თავზე გადასდიოდა თავისი დანაშაული. მან თქვა: „ვღრიალებ, რადგან მიკვნესის გული“ (ფსალმ. 38:3, 4, 8, 18). რის გაკეთება იქნებოდა ამ დროს დავითისთვის გონივრული? როგორ მოიქცა ის? ის მიენდო იეჰოვას, რომელიც გულმოწყალე და მპატიებელია. დავითმა დარწმუნებით თქვა: „ბედნიერია ის, ვისაც ეპატია ურჩობა“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:1—3, 5).
15. ა) რატომ არ უნდა წუხდეთ დღევანდელი მდგომარეობის გამო? ბ) რა ზომები შეგიძლიათ მიიღოთ წუხილის შესამსუბუქებლად? (იხილეთ ჩარჩო „ წუხილის შემსუბუქების რამდენიმე საშუალება“)
15 ზოგჯერ შეიძლება დღევანდელმა მდგომარეობამ დაგაფიქროთ და შეგაშინოთ. 55-ე ფსალმუნის წერისას დავითს შიში ჰქონდა, რომ მოკლავდნენ (ფსალმ. 55:2—5). მაგრამ შიშისა და წუხილის მიუხედავად, მას იეჰოვასადმი ნდობა არ დაუკარგავს. დავითი მხურვალედ ლოცულობდა თავის პრობლემებზე, თუმცა მათ მოსაგვარებლად პრაქტიკული ზომების მიღების აუცილებლობასაც ხედავდა (2 სამ. 15:30—34). ისწავლეთ დავითის მაგალითიდან. ნაცვლად იმისა, რომ წუხილმა მთლიანად მოგიცვათ, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთეთ მდგომარეობის გამოსასწორებლად, შემდეგ კი ღვთის დახმარებაში დარწმუნებულებმა მას მიანდეთ თქვენი საწუხარი.
16. როგორ გიმტკიცებთ რწმენას ღვთის სახელის მნიშვნელობის ცოდნა?
16 ხშირად უსაფუძვლო წუხილს იმ პრობლემებზე გადამეტებული ფიქრი იწვევს, რომლებმაც შეიძლება მომავალში იჩინოს თავი. მაგრამ არ უნდა წუხდეთ და არ უნდა ნერვიულობდეთ იმის გამო, რაც ჯერ არ მომხდარა, რადგან ხშირად შიში უსაფუძვლოა და მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც გგონიათ. უფრო მეტიც, ღმერთს, რომელსაც შეგიძლიათ ყველა თქვენი საწუხარი მიანდოთ, ნებისმიერი მდგომარეობის გაკონტროლება შეუძლია. მისი სახელი ნიშნავს „აქცევინებს“ (გამ. 3:14). თუ ბოლომდე ჩავწვდებით ამ სახელის მნიშვნელობას, დავრწმუნდებით, რომ ღმერთს უსათუოდ შეუძლია იმ ყველაფრის შესრულება, რაც განზრახული აქვს თავისი მსახურებისთვის. იყავით დარწმუნებული, რომ ღმერთს შეუძლია დააჯილდოოს თავისი ერთგულები და დაეხმაროს მათ, გაუმკლავდნენ წარსულთან, აწმყოსა თუ მომავალთან დაკავშირებულ წუხილს.
გულახდილი საუბარი
17, 18. როგორ დაგეხმარებათ გულახდილი საუბარი?
17 მეოთხე საშუალება წუხილთან გასამკლავებლად არის სანდო მეგობრისთვის გრძნობების გაზიარება. მეუღლე, მეგობარი ან კრების უხუცესი შეიძლება დაგეხმაროთ, თქვენს პრობლემებზე გაწონასწორებული თვალსაზრისი გქონდეთ. „წუხილი გულს უმძიმებს ადამიანს, კეთილი სიტყვა კი გულს ახალისებს“ (იგავ. 12:25). გულახდილი საუბარი დაგეხმარებათ, უკეთ ჩასწვდეთ თქვენი პრობლემების არსს და გაუმკლავდეთ მათ. ბიბლია გვეუბნება: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“ (იგავ. 15:22).
18 იეჰოვა კრების ყოველკვირეული შეხვედრების მეშვეობითაც ეხმარება თავის მსახურებს, გაუმკლავდნენ წუხილს. ამ შეხვედრებზე ურთიერთობა გაქვთ თანამორწმუნეებთან, რომელთაც გულწრფელად აინტერესებთ თქვენი მდგომარეობა და სურთ, გაგამხნეონ (ებრ. 10:24, 25). ასეთი ურთიერთგამხნევება სულიერ ძალებს განგიახლებთ და ნებისმიერ წუხილთან გამკლავებას გაგიადვილებთ (რომ. 1:12).
ღმერთთან პირადი ურთიერთობა უდიდესი ძალის მომცემია
19. რატომ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობა ძალას შეგმატებთ?
19 ვნახოთ, როგორ დარწმუნდა ერთი კანადელი უხუცესი, რომ იეჰოვასთვის საწუხარის მინდობა მნიშვნელოვანია. ის მასწავლებლად და მენტორად მუშაობს, რაც საკმაოდ სტრესულია. ამასთან, მას შფოთვითი აშლილობაც აქვს. როგორ უმკლავდება ეს ძმა ამ ყველაფერს? ის ამბობს: „ემოციურ პრობლემებთან გასამკლავებლად უდიდეს ძალას მაძლევს ის, რომ მცდელობას არ ვაკლებ იეჰოვასთან ურთიერთობის განმტკიცებას. მძიმე წუთებში ნამდვილი მეგობრებისა და სულიერი ძმების მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩემს ცოლთან გულახდილად ვსაუბრობ ჩემს გრძნობებზე. კრების სხვა უხუცესები და სარაიონო ზედამხედველი დამეხმარნენ, რეალისტურად შემეხედა ჩემი მდგომარეობისთვის. დახმარებისთვის მივმართე ექიმსაც, დღის განრიგში ცვლილებები შევიტანე და დრო გამოვყავი დასვენებისა და ვარჯიშისთვის. თანდათანობით თავი უკეთ ვიგრძენი. როცა ისეთი საკითხები წამოიჭრება, რომელთაც თავს ვერ ვართმევ, მათ მოგვარებას იეჰოვას ვანდობ“.
20. ა) როგორ შეგვიძლია მივანდოთ ჩვენი საწუხარი ღმერთს? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
20 ამ სტატიიდან დავინახეთ, რომ ღვთისთვის ჩვენი საწუხარის მინდობაში დამხმარეა გულწრფელი ლოცვა, ბიბლიის კითხვა და მასზე ფიქრი. ჩვენ აგრეთვე განვიხილეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, განვივითაროთ სულის ნაყოფი, გავუზიაროთ ჩვენი გრძნობები სანდო მეგობარს და გავძლიერდეთ აღმშენებლური ქრისტიანული ურთიერთობებით. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ გვაძლიერებს იეჰოვა მომავლის ჯილდოს იმედით (ებრ. 11:6).