მკითხველთა შეკითხვები
შეუძლიათ ქრისტიან წყვილებს, გამოიყენონ საშვილოსნოსშიგა კონტრაცეფცია (სპირალი)?
თითოეულმა ქრისტიანმა წყვილმა კარგად უნდა გამოიკვლიოს ამ საკითხთან დაკავშირებული ფაქტები და ბიბლიური პრინციპები. მათ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომ ღვთის წინაშე სუფთა სინდისი შეინარჩუნონ.
კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ღმერთმა ადამსა და ევას, წარღვნის შემდეგ კი ნოესა და მის ოჯახს უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით“ (დაბ. 1:28; 9:1). ბიბლიიდან არ ჩანს, რომ ეს მითითება ქრისტიანებსაც ეხება. ასე რომ, ცოლ-ქმარი თავად წყვეტს, რამდენ შვილს იყოლიებს და როდის, ან გამოიყენებს თუ არა ამა თუ იმ სახის კონტრაცეფციას. რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ წყვილებმა?
ქრისტიანმა წყვილმა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების არჩევისას ბიბლიური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს. აბორტის მეშვეობით შობადობის კონტროლი მათთვის სავსებით მიუღებელია, რადგან ეწინააღმდეგება სიცოცხლის დაფასებასთან დაკავშირებულ ბიბლიურ თვალსაზრისს. ქრისტიანები არ სპობენ ახლად ჩასახულ სიცოცხლეს, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანის სახით მოევლინება სამყაროს (გამ. 20:13; 21:22, 23; ფსალმ. 139:16; იერ. 1:5). რის თქმა შეიძლება საშვილოსნოსშიგა კონტრაცეფციაზე, ანუ სპირალზე?
ეს საკითხი განხილული იყო 1979 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკში“ 30-ე და 31-ე გვერდებზე (ქართულად დაიბეჭდა 1997 წლის იანვარ-მარტის „გამოიღვიძეთ!“-ში, გვერდები 26, 27). იმ დროს ფართოდ გავრცელებული სპირალების უმეტესობა იყო პლასტმასის ინერტული მოწყობილობები, რომლებიც საშვილოსნოში იდგმებოდა და დაფეხმძიმებისგან იცავდა ქალს. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ მაშინ ბოლომდე არ ესმოდათ, როგორ ფუნქციონირებდა ისინი. ბევრი სპეციალისტი მიიჩნევდა, რომ სპირალი ანელებდა კვერცხუჯრედამდე სპერმატოზოიდების მიგრაციას და ხელს უშლიდა განაყოფიერებას. თუ განაყოფიერება არ მოხდებოდა, არც ახალი სიცოცხლე ჩაისახებოდა.
თუმცა კვლევებმა ცხადყო, რომ კვერცხუჯრედი შეიძლება მაინც განაყოფიერდეს. ახლად განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიძლება ფალოპის მილში გაიზარდოს (საშვილოსნოსგარე ორსულობა) ან საშვილოსნოში გადაადგილდეს. თუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნომდე მიაღწევს, სპირალმა შეიძლება ხელი შეუშალოს, რომ ის საშვილოსნოს ამომფენ გარსს მიემაგროს და განვითარდეს, რამაც შეიძლება ორსულობის შეწყვეტა გამოიწვიოს. ეს აბორტის გაკეთების ტოლფასი იქნებოდა. ზემოხსენებულ სტატიაში გაკეთებული იყო დასკვნა, რომ გულწრფელმა ქრისტიანმა, რომელიც ფიქრობს, გამოიყენოს თუ არა სპირალი, ბიბლიური პრინციპების საფუძველზე კარგად უნდა აწონ-დაწონოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, რათა გაითვალისწინოს სიცოცხლის დაფასებასთან დაკავშირებით ბიბლიის თვალსაზრისი (მაგრამ 1979 წლის შემდეგ, რაც ეს სტატია გამოიცა, მეცნიერებამ და მედიცინამ დიდი პროგრესი განიცადა.
შექმნეს კიდევ ორი სახის სპირალი. სპილენძის შემცველი სპირალი შეერთებულ შტატებში 1988 წლიდან გახდა ხელმისაწვდომი, ჰორმონალური სპირალი კი — 2001 წლიდან. რა ვიცით ამ ორი სახეობის სპირალის ფუნქციონირების შესახებ?
სპილენძის შემცველი სპირალი: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სპირალი ხელს უშლის სპერმის საშვილოსნოში მოხვედრას და კვერცხუჯრედამდე მიღწევას. გარდა ამისა, სპილენძი სპერმისთვის ტოქსიკური აგენტია და მას შეუძლია სხვა ისეთი ზემოქმედების მოხდენაც, რომელიც არღვევს ჩასახვის პროცესს. * უფრო მეტიც, სპილენძის შემცველი სპირალი ცვლის საშვილოსნოს ამომფენი გარსის სტრუქტურას.
ჰორმონალური სპირალი: ასეთი სახის სპირალი შეიცავს იმავე ჰორმონებს, რომელთაც ჩასახვის საწინააღმდეგო აბები. ის ჰორმონს საშვილოსნოში გამოყოფს და ზოგ ქალში თრგუნავს ოვულაციის პროცესს. ცხადია, თუ კვერცხუჯრედი არ წარმოიქმნება, არც განაყოფიერება არ მოხდება. გარდა ამისა, ჰორმონი, რომელსაც ეს სპირალი შეიცავს, ათხელებს საშვილოსნოს ამომფენ გარსს * და ასქელებს საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსს. სქელი ლორწო კი, თავის მხრივ, სპერმის საშვილოსნოში შეღწევას უშლის ხელს.
როგორც აღვნიშნეთ, ორივე სახის სპირალი ცვლის საშვილოსნოს ამომფენი გარსის სტრუქტურას. თუ ოვულაცია მაინც მოხდება და კვერცხუჯრედი განაყოფიერდება, ის შეიძლება გადავიდეს საშვილოსნოში, თუმცა გათხელებული გარსის გამო ჩანასახი ვერ მიემაგრება საშვილოსნოს კედელს და ფეხმძიმობა ადრეულ ეტაპზევე შეწყდება. მაგრამ, როგორც მიიჩნევენ, ეს ძალიან იშვიათად ხდება. იგივე შეიძლება მოხდეს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების შემთხვევაშიც.
ამგვარად, დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ ორივე სახეობის — სპილენძისა თუ ჰორმონალური სპირალის ჩადგმის შემთხვევაში არასდროს მოხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება. მეცნიერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ზემოთ განხილული ფაქტორების გამო სპირალის ჩადგმის შემდეგ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ხდება დაფეხმძიმება.
ქრისტიანმა წყვილმა, რომელიც ფიქრობს სპირალის გამოყენებას, კონსულტაციისთვის კვალიფიცირებულ ექიმს უნდა მიმართოს, რომელიც გააცნობს მათ, რა სახის პროდუქციაა მათ ქვეყანაში ხელმისაწვდომი და აუხსნის, რა დადებით და უარყოფით გავლენას მოახდენს ეს ქალის ჯანმრთელობაზე. წყვილი არ უნდა მოელოდეს, რომ სხვა მიიღებს მათ მაგივრად გადაწყვეტილებას, და არც არავის უნდა მისცეს იმის უფლება, თუნდაც ექიმს, რომ ეს მათ მაგივრად გააკეთოს (რომ. 14:12; გალ. 6:4, 5). ეს წყვილის პირადი გადასაწყვეტია. მათ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომ ასიამოვნონ ღმერთს და სუფთა სინდისი შეინარჩუნონ მის წინაშე (შეადარეთ 1 ტიმოთეს 1:18, 19; 2 ტიმოთეს 1:3).
^ აბზ. 4 ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური იუწყება, რომ „სპილენძის მაღალი შემცველობის სპირალი 99 პროცენტზე მეტად ეფექტურია, ანუ 100 ქალში დაორსულების ალბათობა წელიწადში ერთზე ნაკლებია. რაც უფრო ნაკლებ სპილენძს შეიცავს სპირალი, მით უფრო ნაკლებად ეფექტურია ის“.
^ აბზ. 5 რადგანაც ჰორმონალური სპირალი ათხელებს საშვილოსნოს ამომფენ გარსს, ზოგჯერ ექიმები იმ დაქორწინებულ თუ დაუქორწინებელ ქალებს, რომლებსაც ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა აქვთ, მის ჩადგმას ურჩევენ.