ბიოგრაფია
ყველაფერი დავტოვე და ქრისტეს გავყევი
„თუ საქადაგებლად წახვალ, სახლში აღარ მოხვიდე! და თუ მაინც მოხვალ, იცოდე, ფეხებს მოგამტვრევ!“. მამაჩემის ასეთი მუქარის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე, წავსულიყავი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქრისტეს გულისთვის რაღაცის დატოვება მომიწია. მაშინ მხოლოდ 16 წლისა ვიყავი.
რამ გააბრაზა ასე ძალიან მამაჩემი? ნება მიბოძეთ, ჩემი ისტორია გიამბოთ. დავიბადე 1929 წლის 29 ივლისს. გავიზარდე ბულაკანის პროვინციის პატარა სოფელში (ფილიპინები). ეკონომიკური კრიზისის გამო ყველას გვიჭირდა. მოზარდი რომ ვიყავი, ომი დაიწყო. ფილიპინებში იაპონელთა ჯარი შემოიჭრა. ვინაიდან ჩვენი სოფელი საკმაოდ მოშორებით იყო, ომი უშუალოდ ჩვენ არ შეგვხებია. არც რადიო გვქონდა, არც ტელევიზორი და არც გაზეთი, ამიტომ ომის ამბებს ხალხისგან ვიგებდით.
რვა დედმამიშვილიდან მეორე ვიყავი. რვა წლის ასაკში პაპამ და ბებიამ თავისთან წამიყვანეს საცხოვრებლად. ჩვენ კათოლიკები ვიყავით, თუმცა პაპაჩემი თავისუფლად მოაზროვნე კაცი იყო და სახლში სხვადასხვა რელიგიის ლიტერატურა ჰქონდა, რომლებიც მეგობრებმა მისცეს. მახსოვს, ერთხელ მან ტაგალურ ენაზე გამოცემული ცრუ რელიგიის მამხილებელი ბუკლეტები * და ბიბლია მაჩვენა. ძალიან მსიამოვნებდა ბიბლიის კითხვა, განსაკუთრებით სახარებების. ამის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, იესოს მაგალითს მივყოლოდი (იოან. 10:27).
ვსწავლობ, როგორ მივყვე იესოს
იაპონიის ოკუპაციისგან 1945 წელს გავთავისუფლდით. იმ პერიოდში მშობლებმა შინ დაბრუნება მთხოვეს. პაპაჩემმაც დამარწმუნა, რომ ეს კარგი აზრი იყო, ამიტომ მშობლებთან დავბრუნდი.
ამ ამბიდან მალევე, 1945 წლის დეკემბერში, ქალაქ ანგატიდან იეჰოვას მოწმეების ჯგუფი ჩამოვიდა ჩვენს სოფელში საქადაგებლად. ჩვენ ერთ-ერთმა ხანდაზმულმა მოწმემ მოგვაკითხა და აგვიხსნა, თუ რას ამბობდა ბიბლია ბოლო დღეებთან დაკავშირებით (2 ტიმ. 3:1—5). მან შემოგვთავაზა, რომ მეზობელ სოფელში ბიბლიის შესწავლას დავსწრებოდით. ჩემმა მშობლებმა არ მოისურვეს წასვლა, მაგრამ მე მაინც წავედი. იქ დაახლოებით 20 კაცს მოეყარა თავი. დამსწრეთაგან ზოგიერთი ბიბლიურ სწავლებებთან დაკავშირებით კითხვებს სვამდა.
წარმოდგენა არ მქონდა, რაზე ლაპარაკობდნენ, ამიტომ წამოსვლა დავაპირე. მაგრამ უცებ სამეფოს სიმღერის მღერა დაიწყეს. სიმღერამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ წამოსვლა გადავიფიქრე.
სიმღერისა და ლოცვის შემდეგ ყველანი კრების შეხვედრაზე დაგვპატიჟეს, რომელიც ანგატში მომდევნო კვირას ჩატარდებოდა.რამდენიმე ჩვენგანმა დაახლოებით 8 კილომეტრი გავიარეთ ფეხით, რომ კრუსების ოჯახში მივსულიყავით, სადაც შეხვედრა ტარდებოდა. გაოცებული ვიყავი, რომ 50 დამსწრეს შორის ბავშვებიც იყვნენ, რომლებიც ღრმა ბიბლიურ თემებზე აკეთებდნენ კომენტარებს. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ერთმა ასაკოვანმა პიონერმა, ძმა დემიან სანტოსმა, რომელიც ყოფილი მერი იყო, თავისთან დარჩენა შემომთავაზა. თითქმის მთელი ღამე ბიბლიურ თემებზე მსჯელობაში გავატარეთ.
ბევრი ჩვენგანი მალევე ჩავწვდით ბიბლიის ძირითად სწავლებებს. ამიტომ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ძმებმა გვკითხეს, გვსურდა თუ არა მონათვლა, რაზეც მაშინვე დავთანხმდი. ერთი რამ ზუსტად ვიცოდი: მინდოდა, ქრისტესთვის მემსახურა, როგორც მონას (კოლ. 3:24). შედეგად, 1946 წლის 15 თებერვალს მე და ერთი ძმა იქვე ახლოს მდინარეში მოვინათლეთ.
კარგად გვესმოდა, რომ, როგორც მონათლულ ქრისტიანებს, იესოს მსგავსად რეგულარულად უნდა გვექადაგა. ეს ძალიან არ მოსწონდა მამაჩემს. ერთხელ მან მითხრა: „ძალიან ახალგაზრდა ხარ საიმისოდ, რომ იქადაგო. თანაც მდინარეში ჩაყვინთვა მქადაგებლად ვერ გაქცევს“. მე ავუხსენი, რომ ღვთის ნება იყო, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა გვექადაგა (მათ. 24:14). ისიც ვუთხარი, რომ ღვთის წინაშე დადებული აღთქმა უნდა შემესრულებინა. სწორედ ამ დროს მითხრა მამაჩემმა ის სიტყვები, რითაც ჩემი ამბის თხრობა დავიწყე. მამაჩემი ყველაფერს აკეთებდა, რომ ქადაგება შემეწყვიტა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რაღაცის დატოვება მომიწია იეჰოვას მსახურებისთვის.
კრუსების ოჯახმა, რომელიც ანგატში ცხოვრობდა, შემომთავაზა, რომ საცხოვრებლად მათთან გადავსულიყავი. მათ მე და თავიანთი უმცროსი ქალიშვილი ნორა პიონერობისკენ წაგვახალისეს. ასე რომ, 1947 წლის 1-ლი ნოემბრიდან ორივენი შევუდექით პიონერულ მსახურებას. ნორა სხვა ქალაქში მსახურობდა პიონერად, მე კი — ანგატში.
კიდევ ერთხელ მიწევს რაღაცის დატოვება
პიონერად უკვე ორი წელი მქონდა ნამსახურები, როცა ერთმა ბეთელელმა ძმამ, ერლ სტიუარტმა, ანგატის ერთ-ერთ მოედანზე მოხსენება წაიკითხა, რომელსაც 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მან მოხსენება ინგლისურ ენაზე წარმოთქვა, მე კი თემის მთავარი აზრები ტაგალურ ენაზე ვთარგმნე. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ შვიდი კლასის განათლება მქონდა, სკოლაში მასწავლებლები ხშირად გველაპარაკებოდნენ ინგლისურად. ამ ენის სწავლაში ჩვენი პუბლიკაციებიც დამეხმარა. ვინაიდან ტაგალურ ენაზე ძალიან ცოტა პუბლიკაცია გვქონდა, ხშირად ვკითხულობდი ინგლისურ ენაზე გამოცემულ ლიტერატურას. ნელ-ნელა იმ დონეზე ვისწავლე ინგლისური, რომ შემეძლო მოხსენებები მეთარგმნა.
იმავე დღეს, როცა ძმა სტიუარტის მოხსენება ვთარგმნე, მან ადგილობრივ კრებაში აღნიშნა, რომ ფილიალს ერთი ან ორი პიონერი ძმის დახმარება სჭირდებოდა, სანამ მისიონერები ნიუ-იორკიდან (აშშ) დაბრუნდებოდნენ. ისინი იქ უნდა დასწრებოდნენ კონგრესს, სახელწოდებით „თეოკრატიის ზრდა“ (1950 წელი). ბეთელში მიწვეული ძმებიდან ერთ-ერთი მე ვიყავი. ამიტომ კიდევ ერთხელ მომიწია ნაცნობი გარემოს დატოვება, რომ ბეთელს დავხმარებოდი.
ბეთელში 1950 წლის 19 ივნისს დავიწყე მსახურება. ის დიდ ხეებში ჩაფლულ ერთ ძველ სახლში იყო განთავსებული. მთლიანობაში ეს მიწის ნაკვეთი ერთი ჰექტარი იქნებოდა. ბეთელში ათზე მეტი დაუქორწინებელი ძმა მსახურობდა. დილას სამზარეულოში მუშაობით ვიწყებდი, დაახლოებით 9 საათისთვის კი სამრეცხაოში ტანსაცმელს ვაუთოებდი. იმავე გრაფიკით ვმუშაობდი დღის მეორე ნახევარშიც. ბეთელში მსახურება მისიონერების დაბრუნების შემდეგაც გავაგრძელე. სხვადასხვა საქმეს ვასრულებდი: გასაგზავნად ვფუთავდი ჟურნალებს და ვზრუნავდი, რომ გამომწერებს მიეღოთ ლიტერატურა. გარდა ამისა, მიმღებშიც ვმუშაობდი. ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც ძმები მავალებდნენ.
ვტოვებ ფილიპინებს და მივდივარ „გალაადში“
1952 წელს მე და კიდევ ექვსი ძმა ფილიპინებიდან სკოლა „გალაადის“ მე-20 კლასში მიგვიწვიეს, რამაც უზომოდ გაგვახარა. შეერთებულ შტატებში ჩვენთვის ბევრი რამ სრულიად ახალი და უცხო იყო. ეს არც იყო გასაკვირი, მე ხომ ფილიპინების ერთ პატარა სოფელში ვიყავი გაზრდილი.
მაგალითად, ვისწავლეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ჭურჭლის გამოყენება, რომლებიც მანამდე ნანახიც კი არ გვქონდა. რასაკვირველია, კლიმატიც
სრულიად განსხვავებული იყო. ერთ დილას გარეთ რომ გავედი, გაკვირვებული დავრჩი, რადგან ყველაფერი გადათეთრებულიყო. მაშინ პირველად ვნახე თოვლი და აღმოვაჩინე, რომ ის ცივი, ძალიან ცივი იყო.თუმცა ამ ყველაფერთან შეგუება უმნიშვნელო ჩანდა იმ სიხარულთან შედარებით, რომელსაც „გალაადში“ სწავლა მანიჭებდა. ინსტრუქტორებს სწავლების კარგი მეთოდები ჰქონდათ. ვისწავლეთ ბიბლიის ღრმად გამოკვლევა. სწავლების ამ კურსმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემს სულიერ ზრდაში.
სკოლა „გალაადის“ დამთავრების შემდეგ დროებით სპეციალურ პიონერად დამნიშნეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ უბანში, ბრონქსში. ამან შესაძლებლობა მომცა, დავსწრებოდი 1953 წლის ივლისში გამართულ კონგრესს „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება“, რომელიც ქალაქის ამავე რაიონში ტარდებოდა. კონგრესის შემდეგ ახალი დავალება მივიღე, ამიტომ ფილიპინებში დავბრუნდი.
ვტოვებ ქალაქის კომფორტულ ცხოვრებას
ფილიალში ძმებმა მითხრეს, რომ სარაიონო მსახურება უნდა დამეწყო. ეს შესაძლებლობას მომცემდა, ფეხდაფეხ მივყოლოდი იესოს და მის მსგავსად შორ მანძილებზე ქალაქიდან ქალაქში მევლო, რათა იეჰოვას ცხვარს დავხმარებოდი (1 პეტ. 2:21). ჩემი რაიონი მოიცავდა ცენტრალური ლუსონის საკმაოდ დიდ ნაწილს. ლუსონი ფილიპინების ყველაზე დიდი კუნძულია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბულაკანი, ნუევა-ესიხა, ტარლაკი და ზამბალესი. ზოგიერთ ქალაქამდე რომ მივსულიყავი, უნდა გადამეკვეთა სიერა-მადრეს უსწორმასწორო მთები. ვინაიდან არანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მიდიოდა ამ ქალაქებამდე, დიდი მორების გადამზიდი სატვირთო მანქანის მძღოლებს ვთხოვდი წაყვანას. მზად ვიყავი, მორებზე მჯდომს მემგზავრა, რაზეც ხშირად ისინი უარს არ მეუბნებოდნენ. მაგრამ ასე მგზავრობა არც ისე კომფორტული იყო.
კრებების უმეტესობა ახალი ჩამოყალიბებული იყო, ამიტომ ჯერ ცოტანი ესწრებოდნენ შეხვედრებს. ძმები ძალიან მადლიერები იყვნენ, რომ კრების შეხვედრებისა და სამქადაგებლო საქმიანობის ორგანიზებაში ვეხმარებოდი.
მოგვიანებით დამნიშნეს ახალ ტერიტორიაზე, რომელშიც ბიკოლის მთელი რეგიონი შედიოდა. იქ იყო პატარ-პატარა ჯგუფები, რომელთაც სპეციალური პიონერები ეხმარებოდნენ ისეთი ტერიტორიების დამუშავებაში, სადაც მანამდე მოწმეებს არ ექადაგათ. ერთ სახლში ტუალეტის ფუნქციას ასრულებდა მიწაში ამოთხრილი ორმო, რომელზეც ორი ფიცარი იყო გადებული. ერთხელ ფეხი დავდგი თუ არა, ფიცრებიანად ორმოში ჩავვარდი და საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, რომ გავსუფთავებულიყავი.
იმ რეგიონში მსახურების დროს დავიწყე ნორაზე ფიქრი, რომელიც თავიდან ბულაკანში მსახურობდა პიონერად. იმ დროს ის უკვე სპეციალური პიონერი იყო ქალაქ დუმაგეტეში. გადავწყვიტე, მის სანახავად წავსულიყავი. ამის შემდეგ მიმოწერა დავიწყეთ და 1956 წელს დავქორწინდით. ქორწინების პირველივე კვირაში კუნძულ რაპუ-რაპუზე კრება მოვინახულეთ. მართალია, მთების გადალახვა და შორ მანძილებზე სიარული
გვიწევდა, მაგრამ გვიხაროდა, რომ დაშორებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ძმებს ერთად ვეხმარებოდით!ისევ ბეთელში მსახურება
დაახლოებით ოთხწლიანი მიმოსვლითი მსახურების შემდეგ ფილიალში მიგვიწვიეს. იქ 1960 წლის იანვრიდან დავიწყეთ მსახურება. ამ პერიოდში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე იმ ძმებისგან, რომლებსაც დიდი პასუხისმგებლობები ეკისრათ. ნორა ბეთელში სხვადასხვა დავალებას ასრულებდა.
ფილიალში ჩემი დავალება შესაძლებლობას მაძლევდა, საკუთარი თვალით მენახა, როგორ აკურთხა იეჰოვამ ფილიპინებში სამქადაგებლო საქმიანობა. როცა პირველად ბეთელში მიმიწვიეს, მთელ ქვეყანაში დაახლოებით 10 000 ადამიანი ემსახურებოდა იეჰოვას, ახლა კი აქ 200 000-ზე მეტი მაუწყებელია, რომელთაგან ასობით და-ძმა ბეთელში მსახურობს და ასეთი სახით უჭერს მხარს სამქადაგებლო საქმიანობას.
ვინაიდან წლების მანძილზე საქმემ იმატა, საჭირო გახდა ბეთელის გაფართოება. ხელმძღვანელმა საბჭომ გვთხოვა, რომ მოგვეძებნა ტერიტორია, სადაც შევძლებდით უფრო დიდი შენობების აშენებას. ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ძირითადად ჩინელებით იყო დასახლებული, მე და ტიპოგრაფიის ზედამხედველი კარდაკარ დავდიოდით და ხალხს ვეკითხებოდით, მიწას ხომ არ ყიდდნენ. ჩვენმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. ერთმა მესაკუთრემ ისიც კი გვითხრა, რომ ჩინელები არ ვყიდით, მხოლოდ ვყიდულობთო.
თუმცა ერთ დღეს თავად მოგვაკითხა მიწის მესაკუთრემ და ნაკვეთის ყიდვა შემოგვთავაზა, რადგან შეერთებულ შტატებში გადადიოდა საცხოვრებლად. ამის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ გაოცებულები დავრჩით. მიწის გაყიდვა სხვა მეზობელმაც გადაწყვიტა. ის სხვებსაც მოუწოდებდა ამისკენ. თქვენ წარმოიდგინეთ, მიწა იმ კაცისგანაც ვიყიდეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ჩინელები არაფერს ყიდდნენ. მოკლე დროში ფილიალის ტერიტორია სამჯერ გაიზარდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი იეჰოვა ღმერთის ნებით მოხდა.
1950 წელს ბეთელში ყველაზე უმცროსი მე ვიყავი, ახლა კი მე და ჩემი მეუღლე ყველაზე ასაკოვნები ვართ. ერთი წუთითაც არ მინანია, რომ მივდიოდი ყველგან, სადაც კი იესო მიმითითებდა. მართალია, ჩემმა მშობლებმა გამომაგდეს სახლიდან, მაგრამ იეჰოვამ თანაქრისტიანებისგან შემდგარი დიდი ოჯახი მაჩუქა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რა დავალებას ვასრულებთ, იეჰოვა ყოველთვის გვაძლევს იმას, რაც გვჭირდება. მე და ნორა ვემადლიერებით იეჰოვას ყველა იმ სიკეთისთვის, რაც კი ჩვენთვის გაუკეთებია. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, გამოსცადონ იეჰოვა (მალ. 3:10).
იესომ გადასახადების ამკრეფ მათეს, რომელსაც ლევისაც ეძახდნენ, უთხრა: „გამომყევი“. როგორ გამოეხმაურა ის ამ მოწოდებას? „ყველაფერი მიატოვა, წამოდგა და გაჰყვა“ იესოს (ლუკ. 5:27, 28). მეც მქონდა შესაძლებლობა, დამეტოვებინა ყველაფერი და გავყოლოდი იესოს. ამიტომ მთელი გულით მოვუწოდებ სხვებს ამისკენ, რათა მათაც მიიღონ იეჰოვასგან კურთხევები.
^ აბზ. 6 ეს ბუკლეტები გამოცემული იყო იეჰოვას მოწმეების მიერ.