არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 50

იეჰოვა გვათავისუფლებს!

იეჰოვა გვათავისუფლებს!

„გამოაცხადე იმ მიწაზე თავისუფლება მისი ყველა მკვიდრისთვის“ (ლევ. 25:10).

სიმღერა 22 ღვთის სამეფო უკვე მმართველობს!

მოკლე შინაარსი *

1, 2. ა) რა არის საიუბილეო წელიწადი? (იხილეთ ჩარჩო  „საიუბილეო წელიწადი ძველ ისრაელში“) ბ) რაზე საუბრობს იესო ლუკას 4:16—19-ში?

ზოგ ქვეყანაში მეფობის ან დედოფლობის 50-ე წლის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები ეწყობა, რომელსაც საიუბილეო წელიწადს უწოდებენ. ზეიმი შეიძლება ერთ დღეს, ერთ კვირას ან უფრო მეტხანს გაგრძელდეს, თუმცა ყველაფრის დასრულების შემდეგ ეს მოვლენაც დავიწყებას ეძლევა და ხალხის სიხარულიც სადღაც ქრება.

2 საიუბილეო წელიწადს ძველ ისრაელშიც აღნიშნავდნენ. ყოველ 50-ე წელს დიდი დღესასწაული იმართებოდა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საიუბილეო წლის დადგომა ისრაელებისთვის გათავისუფლებას ნიშნავდა. რატომ არის ეს მოვლენა ჩვენთვის საინტერესო? ისრაელებისთვის დადგენილი საიუბილეო წელიწადი შეგვახსენებს, რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენთვის, რათა სამუდამოდ გავეთავისუფლებინეთ. აგრეთვე გვანახვებს, დღესვე როგორ აისახება ჩვენს კეთილდღეობაზე ღვთისგან ბოძებული თავისუფლება, რომლის შესახებაც იესომ ისაუბრა (წაიკითხეთ ლუკას 4:16—19).

საიუბილეო წელს ისრაელისთვის სიხარული მოჰქონდა, რადგან მონები თავიანთ ოჯახებსა და სამკვიდროს უბრუნდებოდნენ (იხილეთ აბზაცი 3) *

3. ლევიანების 25:8—12-ის თანახმად, რა სიკეთე მოჰქონდა საიუბილეო წელიწადს ისრაელებისთვის?

3 უკეთ რომ გავიგოთ, რას გულისხმობდა იესო თავისუფლებაში, ვისაუბროთ საიუბილეო წელზე, რომელიც იეჰოვამ ძველ დროში მცხოვრებ თავის მსახურებს დაუდგინა. ღმერთმა ისრაელებს უთხრა: „განწმინდე ორმოცდამეათე წელი და გამოაცხადე იმ მიწაზე თავისუფლება მისი ყველა მკვიდრისთვის. იუბილე იქნება ეს თქვენთვის. დააბრუნეთ ყველა თავ-თავის სამკვიდროში და თავ-თავის ოჯახში“ (წაიკითხეთ ლევიანების 25:8—12). წინა სტატიიდან გავიგეთ, რომ ყოველკვირეული შაბათის დაცვა ისრაელების კეთილდღეობას ემსახურებოდა. მაგრამ რა სიკეთე მოჰქონდა მათთვის საიუბილეო წელიწადს? მაგალითად, თუ რომელიმე ებრაელს ვალის გამო მიწის გაყიდვა მოუწევდა, საიუბილეო წელს გაყიდული მიწა ისევ მას უბრუნდებოდა. ასე რომ, შეეძლო დაბრუნებული სამკვიდრო შთამომავლებისთვის გადაეცა. ან შეიძლებოდა დიდ ვალებში ჩაფლული ისრაელი იძულებული გამხდარიყო, რომ ვალის დასაფარად საკუთარი თავი ან რომელიმე შვილი მონად გაეყიდა. თუმცა საიუბილეო წელიწადს მონა თავის ოჯახში უნდა დაებრუნებინათ. ამგვარად, ისრაელში სამუდამო მონობა არავის ემუქრებოდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იეჰოვა ნამდვილად ზრუნავდა თავის ხალხზე.

4, 5. რატომ არის საიუბილეო წელიწადი ჩვენთვისაც ყურადსაღები მოვლენა?

4 კიდევ რა სიკეთე მოჰქონდა საიუბილეო წელიწადს ისრაელებისთვის? ბიბლიაში ვკითხულობთ: „არ უნდა იყოს ღარიბი თქვენ შორის, რადგან იეჰოვა გაკურთხებთ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ, რომ დაეუფლოთ მას“ (კან. 15:4). რა სამწუხაროა, რომ დღეს სრულიად განსხვავებულ სურათს ვხედავთ — მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კი ღატაკდებიან.

5 ქრისტიანები მოსეს კანონს არ ვექვემდებარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ვიცავთ საიუბილეო წელს, რომელიც მონების გათავისუფლებას, ვალების გაუქმებასა და სამკვიდროს დაბრუნებას ითვალისწინებდა (რომ. 7:4; 10:4; ეფეს. 2:15). მიუხედავად ამისა, საიუბილეო წელიწადი ჩვენთვისაც ყურადსაღები მოვლენაა. ეს შეგვახსენებს, რა გააკეთა იეჰოვამ კაცობრიობის ცოდვისგან გასათავისუფლებლად.

იესომ თავისუფლების შესახებ გამოაცხადა

6. რისგან სჭირდება კაცობრიობას გათავისუფლება?

6 ცოდვას დამონებულ კაცობრიობას გათავისუფლება სჭირდება. სწორედ ცოდვის შედეგია, რომ ადამიანები ბერდებიან, ავადდებიან და კვდებიან. მაგალითად, საკმარისია, სარკეში ჩავიხედოთ ან რაიმე წამოგვტკივდეს, რომ მაშინვე ვგრძნობთ ცოდვის საშინელ შედეგებს. გარდა ამისა, იმედგაცრუება გვეუფლება, როცა თავს ვერ ვერევით და ცოდვას ჩავდივართ. მოციქულმა პავლემაც აღიარა, რომ თავისი „სხეულის ნაწილებში მყოფი ცოდვის კანონის“ ტყვე იყო. შემდეგ კი დასძინა: „საწყალი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის სხეულისგან, რომელიც ამ სიკვდილით კვდება?“ (რომ. 7:23, 24).

7. რა იწინასწარმეტყველა ესაიამ თავისუფლების შესახებ?

7 საბედნიეროდ, ღმერთმა საჭირო ზომები მიიღო, რათა ცოდვისგან გავეთავისუფლებინეთ. კაცობრიობის ხსნაში იესოს უდიდესი როლი მიუძღვის. ქრისტეს შობამდე რვა საუკუნით ადრე ესაიამ დიდებული თავისუფლების შესახებ იწინასწარმეტყველა, რომელსაც ვერც კი შეედრებოდა საიუბილეო წელს გამოცხადებული თავისუფლება. ესაიამ დაწერა: „უზენაესი უფლის, იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან იეჰოვამ მცხო თვინიერთათვის სასიხარულო ცნობის საუწყებლად. მან გამომგზავნა გულგატეხილთათვის ჭრილობების შესახვევად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად“ (ეს. 61:1). ვის ეხება ეს წინასწარმეტყველება?

8. ვის ეხება თავისუფლების შესახებ ესაიას წინასწარმეტყველება?

8 ამ მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველების შესრულება მას შემდეგ დაიწყო, რაც იესო დედამიწაზე მსახურებას შეუდგა. თავის მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში მან სინაგოგაში შეკრებილ იუდეველებს ესაიას წინასწარმეტყველებიდან სწორედ ეს მონაკვეთი წაუკითხა. იესომ საკუთარ თავს დაუკავშირა შემდეგი სიტყვები: „იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო და გამომგზავნა, რომ ტყვეებს გათავისუფლების შესახებ, უსინათლოებს კი მხედველობის დაბრუნების შესახებ ვუქადაგო, გავათავისუფლო ჩაგრულები და იეჰოვასთვის სასურველი წელიწადის შესახებ ვიქადაგო“ (ლუკ. 4:16—19). როგორ შეასრულა იესომ ეს წინასწარმეტყველება?

მათ პირველებმა მიიღეს თავისუფლება!

იესო ნაზარეთის სინაგოგაში თავისუფლების შესახებ აცხადებს (იხილეთ აბზაცები 8, 9)

9. როგორ თავისუფლებას ელოდა ხალხი იესოს დროს?

9 თავისუფლების შესახებ ესაიას წინასწარმეტყველების შესრულება პირველ საუკუნეში დაიწყო. ამაში იესოს სიტყვები გვარწმუნებს, რომელმაც ამ წინასწარმეტყველური მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ თქვა: „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ეს ადგილი, რაც ახლა მოისმინეთ“ (ლუკ. 4:21). როგორც ჩანს, იესოს მსმენელებიდან ბევრი იმედოვნებდა, რომ მესია მათ რომის უღლისგან გაათავისუფლებდა. ალბათ, ქრისტეს მოწაფეებიც მსგავსად ფიქრობდნენ, რადგან მოგვიანებით ორმა მათგანმა ასეთი სიტყვები თქვა: „ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის დაიხსნიდა ისრაელს“ (ლუკ. 24:13, 21). თუმცა იესო თავის მიმდევრებს არც რომის მთავრობის წინააღმდეგ განაწყობდა და არც მათი უღლის გადაგდებისკენ მოუწოდებდა. პირიქით, ის ხალხს ასწავლიდა: „კეისრისა კეისარს მიეცით“ (მათ. 22:21). მაშ, რა გაგებით გაათავისუფლა იესომ ხალხი პირველ საუკუნეში?

10. რისგან გაათავისუფლა იესომ ხალხი?

10 ღვთის ძემ ადამიანები ორის სახის მონობისგან გაათავისუფლა. პირველი, მან ხალხს მხრებიდან ცრუ სწავლებების მძიმე ტვირთი ჩამოხსნა, რომელიც მათ რელიგიურმა წინამძღოლებმა აჰკიდეს. იმ პერიოდში ბევრი იუდეველი ტრადიციებისა და ცრუ სწავლებების მონობაში იყო (მათ. 5:31—37; 15:1—11). რელიგიური წინამძღოლები კი, რომლებიც წესით ხალხს ღვთის თაყვანისმცემლობაში უნდა დახმარებოდნენ, სულიერად ბრმები იყვნენ. სამწუხაროდ, მათ ცოდვასა და სიბნელეში დარჩენა ამჯობინეს, რადგან მესიაც უარყვეს და მისგან მომდინარე სულიერი სინათლეც (იოან. 9:1, 14—16, 35—41). იესომ თავისი სწავლებებითა და კარგი მაგალითით თავმდაბალი ადამიანები სულიერი ტყვეობიდან გაათავისუფლა (მარ. 1:22; 2:23—3:5).

11. კიდევ რისგან გაათავისუფლა იესომ ხალხი?

11 მეორე, იესომ კაცობრიობა მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის მონობისგან დაიხსნა. იესოს მსხვერპლის საფუძველზე ღმერთს შეუძლია აპატიოს დანაშაული მათ, ვინც გამოსასყიდისადმი რწმენას საქმეებით ავლენს (ებრ. 10:12—18). იესომ თქვა: „თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით“ (იოან. 8:36). ასეთ თავისუფლებას ებრაელები საიუბილეო წელიწადს ნამდვილად ვერ მოიპოვებდნენ! მაგალითად, საიუბილეო წელს გათავისუფლებული ადამიანი კვლავ შეიძლებოდა გამხდარიყო მონა. თუმცა მთელი სიცოცხლე თავისუფალი რომც ყოფილიყო, ის სიკვდილის მონობას მაინც ვერსად გაექცეოდა.

12. ვინ მიიღო პირველად იესოს მიერ გამოცხადებული თავისუფლება?

12 ახ წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იეჰოვამ იესოს მოციქულები და ერთგული მოწაფეები წმინდა სულით ცხო. მან შვილებად მიიღო ისინი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მომავალში ზეციური ცხოვრებისთვის აღდგებოდნენ და იესოსთან ერთად იმმართველებდნენ (რომ. 8:2, 15—17). მათ პირველებმა მიიღეს თავისუფლება, რომლის შესახებაც იესომ ნაზარეთის სინაგოგაში გამოაცხადა. სულითცხებული მამაკაცები და ქალები აღარც ცრუ სწავლებების მონები იყვნენ და აღარც რელიგიური წინამძღოლების მიერ დადგენილი ტრადიციების. გარდა ამისა, ისინი ღვთის თვალში მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან არიან თავისუფლები, რომლის საზღაურიც სიკვდილია. სიმბოლური საიუბილეო წელიწადი ახ. წ. 33 წელს დაიწყო, როცა იესოს მიმდევრებმა წმინდა სული მიიღეს. ეს პერიოდი ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ბოლოს დასრულდება. რა მოხდება ამ დროის განმავლობაში?

თავისუფლებას მილიონებიც იღებენ

13, 14. ცხებულების გარდა, კიდევ ვის შეუძლია იესოს მიერ გამოცხადებული თავისუფლების მიღება?

13 დღეს მთელ მსოფლიოში მცხოვრები მილიონობით გულწრფელი ადამიანი „სხვა ცხვარს“ მიეკუთვნება (იოან. 10:16). ღმერთმა ისინი იესოს თანამმართველებად კი არ აირჩია, არამედ დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი მისცა.

14 მათაც კი, ვინც დედამიწაზე ელის მარადიულ სიცოცხლეს, შეუძლიათ დღესვე გაიხარონ ზოგიერთი კურთხევით, რომლებსაც ცხებული ქრისტიანები იღებენ. ქრისტეს მსხვერპლისადმი რწმენის საფუძველზე შეგიძლიათ ღმერთს ცოდვების პატიება სთხოვოთ, რაც შესაძლებლობას გაძლევთ, ღვთის მოწონება დაიმსახუროთ და სუფთა სინდისი გქონდეთ (ეფეს. 1:7; გამოცხ. 7:14, 15). დაფიქრდით, რამხელა კურთხევაა, რომ გათავისუფლდით არაბიბლიური სწავლებების მონობისგან. იესომ თქვა: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოან. 8:32). ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია ასეთი თავისუფლებით დავტკბეთ!

15. როგორი თავისუფლება და კურთხევები გველის მომავალში?

15 დარწმუნებული იყავით, რომ მომავალში უფრო დიდ თავისუფლებას მიიღებთ. ძალიან მალე იესო გაანადგურებს ცრუ რელიგიასა და ბინძურ პოლიტიკას. ღმერთი კი დაიცავს თავის მსახურებს, რომლებიც „უამრავ ხალხს“ მიეკუთვნებიან და მათ სამოთხედქცეულ დედამიწაზე ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს (გამოცხ. 7:9, 14). უთვალავ ადამიანს სიცოცხლე დაუბრუნდება. ის, ვინც იეჰოვას მსახურებას აირჩევს, აღარასდროს იგემებს ავადმყოფობას, სიბერესა და სიკვდილს (საქ. 24:15).

16. რა დიდებული თავისუფლება ელის კაცობრიობას მომავალში?

16 ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში იესო და მისი თანამმართველები ადამიანებს სრულყოფილებამდე მიიყვანენ და ღმერთთან სრულყოფილი ურთიერთობის აღდგენაში დაეხმარებიან. როგორც ისრაელები ხარობდნენ თავისუფლებით საიუბილეო წელს, ისე კაცობრიობა გაიხარებს შეუდარებელი თავისუფლებით ათასწლიანი მმართველობის დროს. ასე რომ, ყველა, ვინც იეჰოვას ერთგულებას დაუმტკიცებს, გასრულყოფილდება და სამუდამოდ გათავისუფლდება ცოდვისგან.

ახალ ქვეყნიერებაში ღირებული და კმაყოფილების მომტანი საქმე გვექნება (იხილეთ აბზაცი 17)

17. რა არის ნაწინასწარმეტყველები ესაიას 65:21—23-ში ღვთის ხალხზე? (იხილეთ სურათი გარეკანზე)

17 ესაიას 65:21—23-ში (წაიკითხეთ) აღწერილია, როგორი იქნება დედამიწაზე ცხოვრება. რა თქმა უნდა, ეს უსაქმურობისა და უმოქმედობის ხანა არ იქნება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის ხალხი სასარგებლო და სასიამოვნო საქმით დაკავდება. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ათასწლიანი მმართველობის შემდეგ „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:21).

18. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ წინ საუცხოო მომავალი გველოდება?

18 ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის პერიოდში იეჰოვა ისევე დაადგენს შრომისა და დასვენების დროს, როგორც ეს ისრაელი ერის შემთხვევაში გააკეთა. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთის თაყვანისმცემლობისთვის დრო აუცილებლად იქნება გამოყოფილი, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ბედნიერება დღეს და ასე იქნება მომავალშიც. ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს ერთგული ადამიანები სიცოცხლით გაიხარებენ, რადგან ყველას ექნება სასიამოვნო სამუშაო და ღვთისმსახურების შესაძლებლობა.

სიმღერა 142 მტკიცედ ჩავეჭიდოთ ჩვენს იმედს

^ აბზ. 5 ძველ ისრაელს იეჰოვამ დაუდგინა გათავისუფლების წელი ანუ საიუბილეო წელიწადი. მართალია, ქრისტიანები მოსეს კანონს არ ვექვემდებარებით, მაგრამ საიუბილეო წელიწადი ჩვენთვისაც საყურადღებო მოვლენაა. ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ უკავშირდება ისრაელებისთვის დადგენილი საიუბილეო წელიწადი იმას, რაც იეჰოვამ ჩვენთვის გააკეთა და როგორ ემსახურება ეს ჩვენს კეთილდღეობას.

^ აბზ. 61 სურათის აღწერა: საიუბილეო წელს მონობისგან გათავისუფლებული ისრაელი მამაკაცები თავიანთ ოჯახებსა და სამკვიდროებს უბრუნდებიან.