არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იყავით მადლიერნი

იყავით მადლიერნი

თვლით, რომ მადლიერი ადამიანი ხართ? ამ კითხვაზე თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ჩვენს დროში ბევრი ადამიანი უმადური იქნებოდა (2 ტიმ. 3:2). ალბათ, იცნობთ ისეთ ხალხს, ვინც თვლის, რომ სხვები ვალდებულები არიან, მათთვის რაღაც გააკეთონ. მათი აზრით, ისინი ამ ყველაფერს იმსახურებენ და მადლიერების გამოხატვის აუცილებლობასაც ვერ ხედავენ. ასეთი ადამიანების გარემოცვაში ყოფნას, ალბათ, არ ისურვებდით.

ამის საპირისპიროდ, იეჰოვა თავის მსახურებს ეუბნება: „იყავით მადლიერნი“. ჩვენ ყველაფრისთვის მადლობლები უნდა ვიყოთ (კოლ. 3:15; 1 თეს. 5:18). მადლიერების გრძნობა ჩვენზე დადებითად მოქმედებს. განვიხილოთ ამის რამდენიმე მიზეზი.

მადლიერება ღირსების გრძნობას გვიმაღლებს

მადლიერების გრძნობის განვითარება მხოლოდ იმიტომ როდია მნიშვნელოვანი, რომ სხვებს სიხარული და ბედნიერება მივანიჭოთ. ის ჩვენც გვეხმარება, საკუთარ თავს დადებითი კუთხით შევხედოთ. თუ მადლიერებას გამოვხატავთ, უფრო ადვილად შევამჩნევთ, რომ სხვები გვაფასებენ. დაფიქრდით: როცა ხედავთ, რომ სხვები მზრუნველობას იჩენენ და ცდილობენ, რაღაც გააკეთონ თქვენთვის, განა არ რწმუნდებით, რომ მათთვის ძვირფასი ხართ?! როცა ამას ამჩნევთ, თავს ღირსეულ ადამიანად გრძნობთ, რადგან ხედავთ, რომ სხვებისთვის სულერთი არ ხართ. ალბათ, მსგავსი გრძნობები დაეუფლებოდა რუთს, როცა ბოაზმა ხელგაშლილობა გამოავლინა მის მიმართ. ეჭვგარეშეა, მას ძალიან გაახარებდა იმის დანახვა, რომ ვიღაც ზრუნავდა და აფასებდა (რუთ. 2:10—13).

მადლიერების გამოვლენა განსაკუთრებით ღვთის მიმართ გვმართებს. ალბათ, დროდადრო ფიქრობთ იმ ყველაფერზე, რასაც იეჰოვა დღემდე აკეთებს თქვენთვის (კან. 8:17, 18; საქ. 14:17). თუმცა მნიშვნელოვანია, დრო გამოყოთ და კარგად დაფიქრდეთ, რამდენ რამეს აკეთებს იეჰოვა თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. თუ იფიქრებთ, როგორი გულუხვი შემოქმედი გყავთ, გაგიღრმავდებათ მადლიერების გრძნობა და დარწმუნდებით, რომ მას ძალიან უყვარხართ და გაფასებთ (1 იოან. 4:9).

მაგრამ მხოლოდ იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვა გულუხვი ღმერთია და კურთხევებს არ გაკლებთ, საკმარისი არ არის. გამოხატეთ მადლიერება მის მიმართ (ფსალმ. 100:4, 5). როგორც ამბობენ, მადლიერების გამოვლენა მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ადამიანის ბედნიერებას.

მადლიერების გამოხატვა ერთმანეთთან გვაახლოებს

მადლიერების გამოხატვა ურთიერთობებს უფრო განამტკიცებს. ყველას გვსურს, რომ გვაფასებდნენ. როდესაც გამოვლენილი სიკეთისთვის მადლობას უხდი სხვას, მას უფრო უახლოვდები (რომ. 16:3, 4). ხშირ შემთხვევაში, მადლიერი ადამიანები მზად არიან სხვების დასახმარებლად. მათ მხედველობიდან არ რჩებათ გამოვლენილი სიკეთე და სურვილი უჩნდებათ, თავადაც სიკეთით უპასუხონ. ნამდვილად, სხვების დახმარება ბედნიერების საწინდარია. როგორც იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35).

კალიფორნიის უნივერსიტეტმა მადლიერების თემაზე კვლევა ჩაატარა. ამ კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რობერტ ემონზმა, აღნიშნა: „მადლიერები რომ ვიყოთ, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ადამიანები ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. ხან ჩვენ ვაკეთებთ სხვებისთვის რაიმეს, ხან ისინი აკეთებენ ჩვენთვის“. ფაქტია, რომ ჩვენი სიცოცხლე და ბედნიერება მნიშვნელოვნად არის სხვებზე დამოკიდებული. მაგალითად, საკვები ან სამედიცინო მომსახურება რომ მივიღოთ, სხვების დახმარება გვჭირდება (1 კორ. 12:21). მადლიერი ადამიანი აფასებს მის მიმართ გამოვლენილ სიკეთეს. დაფიქრდით, გახასიათებთ მადლიერების გამოხატვა, როცა სხვები თქვენთვის რაღაცას აკეთებენ?

მადლიერება დადებით განწყობას გვიქმნის

მადლიერების განვითარება დაგეხმარებათ, ყურადღება უარყოფითის ნაცვლად დადებითზე გაამახვილოთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გონება ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ის აკავებს გარკვეულ აზრებსა თუ ფიქრებს და შესაძლებლობას გვაძლევს, მთელი ყურადღება რაიმე კონკრეტულზე გადავიტანოთ. მსგავსად ამისა, როცა მადლიერები ვართ, როგორც წესი, ყურადღებას დადებითზე ვამახვილებთ და ნაკლებად ვფიქრობთ პრობლემებზე. რაც უფრო მადლიერი იქნებით, მით უფრო ადვილად შეამჩნევთ კარგს. ეს კი, თავის მხრივ, უფრო გაგიძლიერებთ ამ გრძნობას. თუ მადლიერების მიზეზებზე იფიქრებთ, გაგიადვილდებათ, გაითვალისწინოთ პავლე მოციქულის რჩევა: „ყოველთვის იხარეთ უფალში“ (ფილ. 4:4).

მადლიერების გრძნობა დაგეხმარებათ, რომ უარყოფით ფიქრებს გასაქანი არ მისცეთ. ძნელი წარმოსადგენია, გული მადლიერებით გქონდეთ სავსე და იმავდროულად მოწყენილი ან გაბრაზებული იყოთ ან ვინმესი გშურდეთ. გარდა ამისა, მადლიერი ადამიანები ნაკლებად არიან მიდრეკილი ფულის სიყვარულისკენ, რადგან კმაყოფილდებიან იმით, რაც აქვთ და მეტის მოხვეჭისკენ არ ისწრაფვიან (ფილ. 4:12).

მხედველობიდან ნუ გამოგრჩებათ კურთხევები!

ამ ბოლო დღეებში სატანა ყველაფერს აკეთებს, რომ ქრისტიანებს გულგატეხილობა დაეუფლოთ და სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენ. თუ ყურადღებას უარყოფით მხარეებზე გაამახვილებთ და ყველაფერზე იწუწუნებთ, სატანის წისქვილზე დაასხამთ წყალს. ცხადია, ასეთი განწყობა ხელს შეგიშლით სასიხარულო ცნობის ქადაგებაში. შეიძლება ითქვას, რომ მადლიერებასა და ღვთის წმინდა სულის ნაყოფს შორის მჭიდრო კავშირია. მაგალითად, როცა ვხედავთ, რამდენ კარგ რამეს აკეთებს იეჰოვა ჩვენთვის, სიხარულს განვიცდით და მისი დაპირებებისადმი რწმენა გვიძლიერდება (გალ. 5:22, 23).

როგორც იეჰოვას მოწმე, შეიძლება ეთანხმებით იმ ყველაფერს, რაც ამ სტატიაში მადლიერებასთან დაკავშირებით ითქვა. თუმცა, ალბათ იმასაც ხვდებით, რომ მადლიერების გამოხატვა და დადებითი განწყობის შენარჩუნება ყოველთვის ადვილი არ არის. გულს ნუ გაიტეხთ! თქვენ შეგიძლიათ იყოთ მადლიერი ადამიანი. რა დაგეხმარებათ ამაში? ყოველდღე გამოყავით დრო იმ მიზეზებზე დასაფიქრებლად, რისთვისაც შეგიძლიათ მადლიერი იყოთ. თუ ამას ჩვევად გაიხდით, დროთა განმავლობაში მადლიერების გამოვლენა თქვენი ბუნების განუყოფელ ნაწილად იქცევა. თავს ბედნიერად იგრძნობთ, თუ ზოგიერთებივით ყურადღებას უარყოფითზე არ გაამახვილებთ. იფიქრეთ იმაზე, რას აკეთებენ იეჰოვა და სხვები, რომ გამხნევდეთ და თავი კარგად იგრძნოთ. შეგიძლიათ ყოველდღე ჩამოწეროთ ორი ან სამი რამ, რისთვისაც მადლიერი ხართ.

როგორც მკვლევრები ამბობენ, როცა მადლიერებას ხშირად გამოვხატავთ, ტვინში მიმდინარე პროცესებში გარკვეული ცვლილებები ხდება, რაც დადებითი განწყობის შენარჩუნებას გვიადვილებს. მადლიერი ადამიანები უფრო ბედნიერები არიან. ასე რომ, მხედველობიდან ნუ გამოგრჩებათ კურთხევები, ყურადღება თქვენს ცხოვრებაში მომხდარ დადებით მოვლენებზე გაამახვილეთ და ისწავლეთ მადლიერების გამოხატვა. ნუ ჩათვლით, რომ ყველაფერი კარგი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, ასეც უნდა იყოს. პირიქით, „მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი“. ასე რომ, „ყველაფრისთვის მადლობლები იყავით“ (1 მატ. 16:34; 1 თეს. 5:18).