არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 51

რამდენად კარგად იცნობთ იეჰოვას?

რამდენად კარგად იცნობთ იეჰოვას?

„შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, რადგან შენ არ მიატოვებ შენს მაძიებლებს, იეჰოვა“ (ფსალმ. 9:10).

სიმღერა 56 გაითავისეთ ჭეშმარიტება

მოკლე შინაარსი *

1, 2. როგორც ანხელიტოს მაგალითიდან გამოჩნდა, რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა?

შესაძლოა იეჰოვას მოწმეების ოჯახში აღიზარდეთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობა მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღეთ. იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი მშობლები იეჰოვას მსახურები არიან, თითოეულმა თავად უნდა განავითაროთ ღმერთთან მეგობრული ურთიერთობა.

2 დავფიქრდეთ ერთი ძმის, ანხელიტოს მაგალითზე. მართალია, ის იეჰოვას მოწმეების ოჯახში აღიზარდა, მაგრამ მოზარდობის წლებში ღმერთთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა. ანხელიტო გულწრფელად ამბობს: „იეჰოვას მთელი გულით არ ვემსახურებოდი. უბრალოდ იმას ვაკეთებდი, რასაც ჩემი ოჯახის წევრები აკეთებდნენ“. მან გადაწყვიტა, რომ ღვთის სიტყვის კითხვისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო, ღრმად დაფიქრებულიყო წაკითხულზე და უფრო ხშირად ელოცა. რა მოჰყვა ამას შედეგად? ანხელიტო ამბობს: „იეჰოვა საკუთარ მამად რომ მიიჩნიო, ის პირადად უნდა გაიცნო. ამაში თავად დავრწმუნდი“. ამ ძმის მაგალითი მნიშვნელოვან აზრზე გვაფიქრებს: ერთია, ზოგადი ცოდნა გქონდეს იეჰოვას შესახებ, მაგრამ სულ სხვაა, კარგად იცნობდე მას. როგორ შეგვიძლია კარგად გავიცნოთ იეჰოვა?

3. რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ კარგად ვიცნობთ იეჰოვას?

3 შეიძლება ვფიქრობთ, რომ ვიცნობთ ღმერთს, რადგან ვიცით მისი სახელი და ზოგი რამ, რაც მას უთქვამს ან გაუკეთებია. თუმცა ჩვენს ზეციერ მამას კარგად რომ ვიცნობდეთ, გაცილებით მეტია საჭირო. დრო უნდა გამოვყოთ, რათა იეჰოვას და მისი შესანიშნავი თვისებების შესახებ მეტი გავიგოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ჩავწვდეთ, რა დგას მისი სიტყვებისა და საქმეების მიღმა. ეს კი თავის მხრივ იმის განსაზღვრაში დაგვეხმარება, იწონებს თუ არა იეჰოვა ჩვენს აზროვნებას, გადაწყვეტილებებსა და საქციელს. იმის გაგებამ, თუ რას მოელის ღმერთი ჩვენგან, ნასწავლის შესაბამისად მოქმედებისკენ უნდა აღგვძრას.

4. რაში გვარწმუნებს ბიბლიაში ჩაწერილი არასრულყოფილი ადამიანების მაგალითები?

4 ზოგმა შეიძლება დაგცინოთ და წინააღმდეგობაც გაგიწიოთ იმის გამო, რომ იეჰოვას მსახურება გსურთ; განსაკუთრებით შეიძლება ღვთის ხალხთან ერთად კრების შეხვედრებზე დასწრების გამო დაგიპირისპირდნენ. თუმცა, თუ მიენდობით იეჰოვას, ის ნდობას არასდროს გაგიმტყუნებთ. თქვენ შეგიძლიათ საფუძველი ჩაუყაროთ იეჰოვასთან მეგობრობას, რომელიც მთელი ცხოვრება გაგრძელდება. ნამდვილად შესაძლებელია იეჰოვას ასე კარგად გაცნობა? ეს რომ შეუძლებელი არ არის, კარგად გამოჩნდა მოსესა და მეფე დავითის მაგალითიდან, რომლებიც ჩვენსავით არასრულყოფილი ადამიანები იყვნენ. მათი მაგალითების განხილვისას კარგი იქნება, დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: როგორ შეძლეს მათ იეჰოვას კარგად გაცნობა? და რისი სწავლა შეგვიძლია მათგან?

მოსე „ხედავდა მას, ვინც უხილავია“

5. რა არჩევანი გააკეთა მოსემ?

5 მოსემ ღვთის მსახურება აირჩია. ის დაახლოებით 40 წლისა იყო, როცა უარი თქვა „ფარაონის ასულის ძედ“ წოდებულიყო და ღვთის ხალხთან, ისრაელ ერთან ყოფნა არჩია (ებრ. 11:24). მოსესთვის გამოჩენილი მდგომარეობა არაფერს ნიშნავდა. მან ეგვიპტის მონობაში მყოფი ებრაელების მხარე დაიკავა, თუმცა კარგად იცოდა, რომ ამის გამო ძლევამოსილი ფარაონის რისხვას დაიტეხდა თავს, რომელსაც ეგვიპტელები ღმერთად მიიჩნევდნენ. რწმენის რა შესანიშნავი მაგალითია! მოსე ენდობოდა იეჰოვას. მათ ხანგრძლივ მეგობრობას სწორედ ასეთი ნდობა დაედო საფუძვლად (იგავ. 3:5).

6. რისი სწავლა შეგვიძლია მოსეს მაგალითიდან?

6 რას ვსწავლობთ? მოსეს მსგავსად, ჩვენც უნდა გადავწყვიტოთ, დავიკავებთ თუ არა ღვთისა და მისი ხალხის მხარეს. იეჰოვას მსახურებისთვის შეიძლება გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა მოგვიწიოს და წინააღმდეგობასაც შევხვდეთ მათგან, ვინც არ იცნობს მას. მაგრამ, თუ ჩვენს ზეციერ მამას მივენდობით, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მხარს დაგვიჭერს.

7, 8. რის გაგებას ცდილობდა მოსე?

7 მოსე ცდილობდა, მეტი გაეგო იეჰოვას თვისებების შესახებ და მისი ნება შეესრულებინა. როცა იეჰოვამ მოსეს ისრაელების ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლება დაავალა, ის ცდილობდა, თავი აერიდებინა ამ დავალებისთვის, რადგან თვითრწმენა აკლდა. მან არაერთხელ უთხრა იეჰოვას, რომ ამ საქმისთვის თავს შეუფერებლად მიიჩნევდა. ღმერთმა მოსეს მიმართ ნამდვილი თანაგრძნობა გამოავლინა და დახმარების ხელი გაუწოდა (გამ. 4:10—16). შედეგად, მან შეძლო, რომ ფარაონისთვის ღვთის განაჩენი გაეცხადებინა. მოსემ საკუთარი თვალით იხილა იეჰოვას ძალა, როცა ღმერთმა ისრაელები იხსნა და ფარაონი თავის ჯართან ერთად წითელ ზღვაში გაანადგურა (გამ. 14:26—31; ფსალმ. 136:15).

8 ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ისრაელებს არა და არ ელეოდათ წუწუნის მიზეზი. მოსე ხედავდა, რამხელა სულგრძელობას ავლენდა იეჰოვა თავისი ხალხის მიმართ, რომელიც მონობიდან იხსნა (ფსალმ. 78:40—43). მას არც ის გამორჩენია მხედველობიდან, თუ როგორი თავმდაბლობა გამოავლინა იეჰოვამ, როცა მისი სიტყვები გაითვალისწინა და გადაწყვეტილება შეცვალა (გამ. 32:9—14).

9. ებრაელების 11:27-ის თანახმად, რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოსეს იეჰოვასთან?

9 ეგვიპტის დატოვების შემდეგ მოსე იმდენად დაუახლოვდა ღმერთს, რომ თითქოს ხედავდა მას (წაიკითხეთ ებრაელების 11:27). იეჰოვასა და მოსეს ახლო მეგობრობა ბიბლიაში შემდეგი სიტყვებით არის აღწერილი: „ელაპარაკებოდა იეჰოვა მოსეს პირისპირ, ისე როგორც კაცი ელაპარაკება ხოლმე თავის მოძმეს“ (გამ. 33:11).

10. რისი გაკეთება გვმართებს იეჰოვას კარგად გასაცნობად?

10 რას ვსწავლობთ? იეჰოვა კარგად რომ გავიცნოთ, მხოლოდ მისი თვისებების შესახებ ცოდნას არ უნდა დავჯერდეთ. აუცილებელია, მისი ნების თანახმად ვიმოქმედოთ. დღეს იეჰოვას ნებაა, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:3, 4). ასე რომ, როცა სხვებს იეჰოვას შესახებ ვასწავლით, მის ნებას ვასრულებთ.

11. როგორ ვეცნობით იეჰოვას უკეთ, როცა სხვებს მის შესახებ ვასწავლით?

11 როდესაც სხვებს იეჰოვას შესახებ ვასწავლით, თავადაც უკეთ ვეცნობით მას. მაგალითად, აშკარად ვხედავთ იეჰოვას თანაგრძნობას, როცა მისი დახმარებით ჭეშმარიტებას მოწყურებულ ადამიანებს ვპოულობთ (იოან. 6:44; საქ. 13:48). გარდა ამისა, ღვთის სიტყვის ძალას ვხედავთ, როცა ბიბლიის შემსწავლელები მავნე ჩვევებს იშორებენ და ახალი პიროვნებით იმოსებიან (კოლ. 3:9, 10). ღმერთი არაერთ შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, რომ გაიცნონ ის და გადარჩნენ, რაშიც მის სულგრძელობას ვხედავთ (რომ. 10:13—15).

12. როგორც გამოსვლის 33:13-დან გამოჩნდა, რა სთხოვა მოსემ ღმერთს და რატომ?

12 მოსე აფასებდა იეჰოვასთან მეგობრობას. მან ღვთის სახელით არაერთი დიდებული საქმე მოიმოქმედა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კარგად იცნობდა მას. მიუხედავად ამისა, მოსემ იეჰოვას სთხოვა, მის უკეთ გაცნობაში დახმარებოდა (წაიკითხეთ გამოსვლის 33:13). იმ დროს ის 80 წელს იყო გადაცილებული, თუმცა კარგად ესმოდა, რომ მოსიყვარულე ზეციერი მამის შესახებ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სასწავლი.

13. რით ცხადვყოფთ, რომ იეჰოვასთან მეგობრობას ვაფასებთ?

13 რას ვსწავლობთ? მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ხანია, ვემსახურებით იეჰოვას, მასთან ურთიერთობას ყოველთვის უნდა ვაფასებდეთ. ლოცვა ერთ-ერთი განსაკუთრებული საშუალებაა, რითაც ვაჩვენებთ, რომ იეჰოვასთან მეგობრობა ჩვენთვის ძვირფასია.

14. რატომ არის ლოცვა მნიშვნელოვანი იეჰოვას კარგად გასაცნობად?

14 კარგი კომუნიკაციის გარეშე ახლო მეგობრობა წარმოუდგენელია. ასე რომ, ხშირად მიმართეთ იეჰოვას ლოცვით და ნუ მოგერიდებათ მასთან თქვენი ფიქრებისა და გრძნობების შესახებ საუბარი (ეფეს. 6:18). თურქეთში მცხოვრები კრისტა ამბობს: „ყოველ ჯერზე, როცა ლოცვაში იეჰოვას გულს ვუღვრი და შემდეგ ვხედავ, როგორ მეხმარება, მისადმი სიყვარული და ნდობა ერთიორად მიძლიერდება. როცა ვაკვირდები, როგორ პასუხობს იეჰოვა ჩემს ლოცვებს, ვრწმუნდები, რომ ის მოსიყვარულე მამა და ნამდვილი მეგობარია“.

ღვთისთვის სასურველი კაცი

15. როგორ მოიხსენია იეჰოვამ დავითი?

15 მეფე დავითი იეჰოვასთვის მიძღვნილ ერში დაიბადა. თუმცა მისთვის ღვთის თაყვანისმცემლობა ოჯახურ ტრადიციაზე გაცილებით მეტი იყო. მან თავად განავითარა ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობა. სწორედ ამიტომ უყვარდა ღმერთს დავითი განსაკუთრებით, რომელსაც „გულით სასურველი კაცი“ უწოდა (საქ. 13:22). როგორ ჩაეყარა საფუძველი მათ ახლო მეგობრობას?

16. რა ისწავლა დავითმა იეჰოვას შესახებ შემოქმედებაზე დაკვირვებით?

16 შემოქმედებაზე დაკვირვებით დავითმა უკეთ გაიცნო იეჰოვა. მოზარდობის პერიოდში ის დიდ დროს უთმობდა ცხვრის მწყემსვას. შესაძლოა სწორედ მაშინ დაიწყო ღვთის შემოქმედებაზე ღრმად დაფიქრება. როცა დავითი ღამით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შესცქეროდა, ის შემოქმედის შესანიშნავ თვისებებს ხედავდა. ამან დავითი აღძრა, შემდეგი სიტყვები დაეწერა: „ღვთის დიდებას აუწყებს ზეცა და სივრცე მის ხელთა ნამოქმედარზე მეტყველებს“ (ფსალმ. 19:1, 2). დავითი ფიქრობდა, რა საოცრად იყო ადამიანი შექმნილი და ამაში იეჰოვას უდიდეს სიბრძნეს ხედავდა (ფსალმ. 139:14). როცა ის ცდილობდა, ჩასწვდომოდა იეჰოვას დიდებულ საქმეებს, მოწიწება და მოკრძალება ეუფლებოდა (ფსალმ. 139:6).

17. რას ვსწავლობთ, როცა შემოქმედებაზე ვფიქრობთ?

17 რას ვსწავლობთ? დაინტერესდით შემოქმედებით. იეჰოვას შექმნილ ულამაზეს სამყაროს ჩვეულებრივ რამედ ნუ ჩათვლით. შეეცადეთ, შეამჩნიოთ ის, რაც თქვენში აღფრთოვანებას გამოიწვევს. დააკვირდით თქვენ გარშემო ადამიანებს, ცხოველებსა თუ მცენარეებს და დაფიქრდით, რას გასწავლით ეს ყველაფერი შემოქმედის შესახებ. ასე დღითი დღე უფრო მეტს გაიგებთ ჩვენს მოსიყვარულე ღმერთზე და მისადმი სიყვარულიც უფრო გაგიღრმავდებათ (რომ. 1:20).

18. მე-18 ფსალმუნის თანახმად, რას აცნობიერებდა დავითი?

18 დავითი აცნობიერებდა, რომ იეჰოვა ეხმარებოდა. მაგალითად, როცა მან მამამისის ცხვარი ლომისა და დათვის ტორებისგან იხსნა, მიხვდა, რომ ეს მხოლოდ იეჰოვას დახმარებით შეძლო. დავითმა მაშინაც აშკარად დაინახა იეჰოვას ხელი, როცა ძლიერი მეომარი გოლიათი დაამარცხა და შურიან მეფე საულს ხელიდან დაუსხლტა (1 სამ. 17:37; ფსალმ. 18, ეპიგრაფი). ამაყი ადამიანი ამ ყველაფერს საკუთარ თავს მიაწერდა. მაგრამ დავითი თავმდაბალი იყო და კარგად ესმოდა, რომ სინამდვილეში იეჰოვა უმართავდა ხელს (ფსალმ. 138:6).

19. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ დავითს?

19 რას ვსწავლობთ? იეჰოვას მხოლოდ დახმარებისთვის კი არ უნდა მივმართოთ, არამედ უნდა შევამჩნიოთ კიდეც, როდის და როგორ გვპასუხობს ის ლოცვებზე. თუ თავმდაბლად ვაღიარებთ ჩვენს შეზღუდულ შესაძლებლობებს, აშკარად დავინახავთ, როგორ გვეხმარება იეჰოვა იმის გაკეთებაში, რასაც დამოუკიდებლად თავს ვერ გავართმევდით. ყოველ ჯერზე, როცა ვიგრძნობთ იეჰოვას მხარდაჭერას, მას უფრო მეტად დავუახლოვდებით. ფიჯიზე მცხოვრები ერთი ძმა, სახელად ისააკი, რომელიც წლებია, იეჰოვას ემსახურება, ამბობს: „ბიბლიის შესწავლის დაწყების დღიდან ყოველთვის ვხედავდი, როგორ ზრუნავდა ღმერთი ჩემზე. ამან იეჰოვა ჩემთვის რეალურ პიროვნებად აქცია“.

20. როგორი ურთიერთობა ჰქონდა დავითს იეჰოვასთან და რას ვსწავლობთ აქედან?

20 დავითი ჰბაძავდა ღმერთს. იეჰოვამ მისი მიბაძვის უნარით შეგვქმნა (დაბ. 1:26). რაც უფრო მეტს გავიგებთ ღვთის თვისებების შესახებ, მით უკეთ შევძლებთ მის მიბაძვას. დავითს იეჰოვას ახლოს გაცნობა დაეხმარა, მის მსგავსად მოპყრობოდა სხვებს. გავიხსენოთ დავითის ცხოვრებიდან ის ეპიზოდი, როცა ბათ-შებასთან იმრუშა და მისი ქმარი მოაკვლევინა, რითაც იეჰოვას შესცოდა (2 სამ. 11:1—4, 15). ამ ყველაფრის მიუხედავად, ღმერთმა მისადმი წყალობა გამოავლინა, რადგან თავად დავითიც ავლენდა ამ თვისებას სხვების მიმართ. იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის გამო ის ისრაელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მეფე გახდა. იეჰოვა დავითს კარგი მეფის ეტალონად მიიჩნევდა და სხვა მეფეებს მას ადარებდა (1 მეფ. 15:11; 2 მეფ. 14:1—3).

21. ეფესოელების 4:24 და 5:1-დან გამომდინარე, რა მოჰყვება შედეგად ღვთის მიბაძვას?

21 რას ვსწავლობთ? ღვთის მიბაძვა, ყველა სიკეთესთან ერთად, მისი გაცნობის საშუალებასაც გვაძლევს. როცა ვცდილობთ, იეჰოვას მოსაწონი თვისებები განვივითაროთ, ცხადვყოფთ, რომ ნამდვილად მისი შვილები ვართ (წაიკითხეთ ეფესოელების 4:24; 5:1).

ეცადეთ, უკეთ გაიცნოთ იეჰოვა

22, 23. რა იქნება შედეგი, თუ იეჰოვას შესახებ ნასწავლს ცხოვრებაში გამოვიყენებთ?

22 როგორც ამ სტატიიდან დავინახეთ, იეჰოვა თავს შემოქმედებისა და ბიბლიის მეშვეობით გვაცნობს. ღვთის სიტყვაში უამრავი ერთგული მსახურის, მაგალითად, მოსესა და დავითის შესახებ ვკითხულობთ, რომლებიც ჩვენთვის მისაბაძები არიან. იეჰოვამ იზრუნა, რომ მისი გაცნობის შესაძლებლობა გვქონოდა. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, ვისარგებლებთ თუ არა ყველა იმ საშუალებით, რაც კარგად გაგვაცნობს მას.

23 ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღებას (ეკლ. 3:11). თუმცა მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რამდენად დიდ ცოდნას ვფლობთ იეჰოვას შესახებ, არამედ ის, ვიყენებთ თუ არა ამ ცოდნას. როცა ნასწავლის თანახმად ვმოქმედებთ და ვბაძავთ ჩვენს მოსიყვარულე მამას, ის უფრო გვიახლოვდება (იაკ. 4:8). თუ ყველანაირად ვეცდებით, იეჰოვა უკეთ გავიცნოთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის არასოდეს მიგვატოვებს!

სიმღერა 80 „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“

^ აბზ. 5 ბევრს სჯერა ღვთის არსებობის, მაგრამ სინამდვილეში ისინი არ იცნობენ მას. რას ნიშნავს, იცნობდე იეჰოვას? რა დაეხმარათ მოსესა და მეფე დავითს ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში და ჩვენ რას ვსწავლობთ მათგან? წინამდებარე სტატია სწორედ ამ კითხვებს გასცემს პასუხს.