არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 53

ახალგაზრდა ძმებო, ისწრაფეთ სულიერი მოწიფულობისკენ!

ახალგაზრდა ძმებო, ისწრაფეთ სულიერი მოწიფულობისკენ!

„გამაგრდი და ვაჟკაცურად იყავი!“ (1 ᲛᲔᲤ. 2:2).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 135 იეჰოვას თბილი თხოვნა: „შვილო, იყავი ბრძენი“

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რისკენ და როგორ უნდა ისწრაფონ ახალგაზრდა მამაკაცებმა?

 „ᲒᲐᲛᲐᲒᲠᲓᲘ და ვაჟკაცურად იყავი!“, — ასე დაარიგა მეფე დავითმა სოლომონი (1 მეფ. 2:1—3). ამ რჩევის გათვალისწინება ყველა ქრისტიან მამაკაცს მართებს. მოწიფული ქრისტიანები რომ გახდნენ, უნდა დაიცვან ღვთის კანონები და ცხოვრების ყველა სფეროში იხელმძღვანელონ ბიბლიური პრინციპებით (ლუკ. 2:52). მაგრამ ისმის კითხვა: რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდა ძმებისთვის სულიერი მოწიფულობისკენ სწრაფვა?

2, 3. რატომ უნდა ისწრაფონ ახალგაზრდა ძმებმა სულიერი მოწიფულობისკენ?

2 ქრისტიან მამაკაცს კრებაში თუ ოჯახში არაერთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია. ახალგაზრდებო, ალბათ, ფიქრობთ ხოლმე თქვენს მომავალზე. შეიძლება მიზნად გაქვთ დასახული სრული დროით ან კრებაში მომსახურედ და მოგვიანებით უხუცესად მსახურება. შესაძლოა დაქორწინებაზე ან შვილების ყოლაზეც ფიქრობთ (ეფეს. 6:4; 1 ტიმ. 3:1). თუმცა იმისთვის, რომ შეძლოთ ამ პასუხისმგებლობების აღება და პირნათლად შესრულება, საჭიროა სულიერი მოწიფულობა. b

3 რა დაგეხმარებათ, მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბდეთ? ამისთვის საჭიროა, გარკვეული ნაბიჯები გადადგათ და სხვადასხვა უნარ-ჩვევა შეიძინოთ. ქვემოთ განვიხილავთ, კონკრეტულად რისი გაკეთება შეგიძლიათ.

ᲒᲐᲓᲐᲓᲒᲘᲗ ᲜᲐᲑᲘᲯᲔᲑᲘ ᲡᲣᲚᲘᲔᲠᲘ ᲛᲝᲬᲘᲤᲣᲚᲝᲑᲘᲡᲙᲔᲜ

იესოს მიბაძვა დაგეხმარებათ, მოწიფულ ქრისტიან მამაკაცებად ჩამოყალიბდეთ (იხილეთ აბზაცი 4).

4. სად შეიძლება მისაბაძი მაგალითების პოვნა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

4 შეარჩიეთ, ვის მიჰბაძავთ. ახალგაზრდა ძმებო, ბიბლიის ფურცლებიდან არაერთი სამაგალითო ღვთის მსახურის ისტორიას გაეცნობით. მართლაც ბევრი რამის სწავლა შეგიძლიათ ამ ღვთისმოყვარული მამაკაცებისგან, რომლებიც ბოლომდე იხარჯებოდნენ ღვთის ხალხისთვის. მისაბაძი მაგალითები შეგიძლიათ კრებაში ან ოჯახშიც იპოვოთ (ებრ. 13:7). რაც მთავარია, გულდასმით შეისწავლეთ იესოს ცხოვრება (1 პეტ. 2:21). ღვთის ამ მსახურთა მაგალითზე ფიქრისას შეეცადეთ დაინახოთ, თუ როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მათ და გამოავლინოთ მსგავსი თვისებები (ებრ. 12:1, 2).

5. როგორ განვივითაროთ საღად აზროვნების უნარი და რატომაა ეს მნიშვნელოვანი? (ფსალმუნი 119:9).

5 განივითარეთ აზროვნების უნარი (იგავ. 3:21). ჭკვიანი კაცი არაფერს გააკეთებს, თუ ჯერ კარგად არ დაფიქრდა. ფაქტია, რომ დღეს ახალგაზრდების უმეტესობა ასე არ იქცევა. ისინი იმას აკეთებენ, რაც თავად ჰგონიათ სწორი და საკუთარ სურვილებს არიან აყოლილნი (იგავ. 7:7; 29:11). თანაც ძალიან დიდია მედიის გავლენა. ასე რომ, დიდი ძალისხმევაა საჭირო, ისწავლოთ საღად აზროვნება და ყოველთვის ჭკვიანურად მოიქცეთ. თუმცა ეს შეუძლებელი არ არის. ბიბლიის კითხვისას ეცადეთ, დაინახოთ სახელმძღვანელო პრინციპები და მათ ღირებულებაზეც დაფიქრდეთ. შემდეგ კი ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენეთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:9). ეს სულიერი მოწიფულობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება (იგავ. 2:11, 12; ებრ. 5:14). ქვემოთ განვიხილავთ, როგორ დაგეხმარებათ საღად აზროვნების უნარი დებთან ურთიერთობისას და ჩაცმულობასა და გარეგნობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დროს.

6. როგორ მოექცევა ძმა დებს, თუ საღად აზროვნებს?

6 მამაკაცი, რომელიც საღად აზროვნებს, პატივს სცემს ქალებს. სრულიად ნორმალურია, რომ ახალგაზრდა ძმას დასთან ურთიერთობის დაწყება სურდეს. თუმცა თუ სერიოზულად არ ფიქრობს დაქორწინებაზე, ისეთს არაფერს ეტყვის, მისწერს ან გააკეთებს, რაც დას აფიქრებინებდა, რომ ის მისითაა დაინტერესებული (1 ტიმ. 5:1, 2). იმ შემთხვევაში კი, თუ უკვე აქვს დასთან ურთიერთობა დაწყებული, ყველანაირად გაუფრთხილდება მის რეპუტაციას და არასდროს განმარტოვდება მასთან ერთად ისეთ ადგილას, სადაც სხვები არ არიან (1 კორ. 6:18).

7. რა არჩევანს გააკეთებს ძმა, რომელიც საღად აზროვნებს?

7 საღად მოაზროვნე ახალგაზრდას არ გაუჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება, როცა საქმე ეხება ჩაცმულობასა და გარეგნობას, მათ შორის ვარცხნილობის სტილის არჩევას. ხშირ შემთხვევაში მოდის ტენდენციებს ისინი ქმნიან და ისინი უწევენ პოპულარიზაციას, ვინც არაფრად აგდებენ იეჰოვას ნორმებს და უზნეო ცხოვრებას ეწევიან. სწორედ ამიტომაა მოდაში მოტმასნილი ტანსაცმელი და თითქმის აღარ არსებობს ზღვარი მამაკაცისა და ქალის სამოსს შორის. თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სულიერი მოწიფულობისკენ ისწრაფვის, ამ საკითხშიც ბიბლიური პრინციპებით იხელმძღვანელებს და მოწიფული ქრისტიანებისგან აიღებს მაგალითს. მას შეუძლია ასეთ კითხვებზე დაფიქრდეს: ჩანს ჩემი არჩევანიდან, რომ საღად ვაზროვნებ და სხვებს ანგარიშს ვუწევ? ნამდვილად მეტყობა, რომ ღვთის ერთგული მსახური ვარ თუ ჩემი ჩაცმულობა სხვებს კითხვის ნიშნებს უჩენს? (1 კორ. 10:31—33; ტიტ. 2:6). ახალგაზრდა, რომელიც საღად აზროვნებს, და-ძმების პატივისცემასაც დაიმსახურებს და ღვთის მოწონებასაც.

8. როგორ შეუძლია ახალგაზრდას, სანდო ადამიანის სახელი შეიქმნას?

8 იყავით სანდონი. სანდო ახალგაზრდა ნებისმიერ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება (ლუკ. 16:10). ამ მხრივ საუკეთესო მაგალითს იესო გვაძლევს. იეჰოვასგან მიღებულ დავალებებს ის უპასუხისმგებლოდ და დაუდევრად არასოდეს ეკიდებოდა, როგორი რთული შესასრულებელიც არ უნდა ყოფილიყო. ხალხის, განსაკუთრებით კი თავისი მოწაფეების, სიყვარულით აღძრულმა საკუთარი სიცოცხლეც კი გაიღო (იოან. 13:1). ნუ დაიშურებთ ძალისხმევას, რომ ნებისმიერი დავალება პირნათლად შეასრულოთ. იმ შემთხვევაში კი, თუ არ იცით რა როგორ გააკეთოთ, თავმდაბლობა გამოავლინეთ და დახმარებისთვის მოწიფულ ძმებს მიმართეთ. მინიმუმით ნუ დაკმაყოფილდებით. მზად იყავით, იმაზე მეტი გააკეთოთ, ვიდრე მოგეთხოვებათ (რომ. 12:11). ყველაფერი ისე აკეთეთ, „თითქოს იეჰოვასთვის აკეთებდეთ და არა ადამიანებისთვის“ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ (კოლ. 3:23). თუმცა გახსოვდეთ, შეცდომები გარდაუვალია. ამიტომ მოკრძალება გმართებთ, რომ აღიაროთ ისინი (იგავ. 11:2).

ᲨᲔᲘᲫᲘᲜᲔᲗ ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲣᲚᲘ ᲣᲜᲐᲠ-ᲩᲕᲔᲕᲔᲑᲘ

9. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ახალგაზრდამ პრაქტიკული უნარ-ჩვევები შეიძინოს?

9 მოწიფულ ქრისტიანებად რომ ჩამოყალიბდეთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა. ეს დაგეხმარებათ, აიღოთ პასუხისმგებლობები კრებაში, შეძლოთ საკუთარი თავისა თუ ოჯახის რჩენა და გქონდეთ კარგი ურთიერთობა გარშემომყოფებთან. ქვემოთ ზოგიერთ ასეთ უნარ-ჩვევაზე ვისაუბრებთ.

თუ კარგად დაეუფლებით წერა-კითხვას, და-ძმების დახმარებასაც უკეთ შეძლებთ (იხილეთ აბზაცები 10, 11).

10, 11. რატომ არის მნიშვნელოვანი, ახალგაზრდამ კარგად ისწავლოს წერა-კითხვა? (ფსალმუნი 1:1—3; იხილეთ აგრეთვე სურათი).

10 კარგად ისწავლეთ წერა-კითხვა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ კაცი, რომელიც ყოველთვის კითხულობს ღვთის სიტყვას და ფიქრობს მასზე, ბედნიერია და ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი ემართება (წაიკითხეთ ფსალმუნის 1:1—3). ბიბლიის ყოველდღიური კითხვით ის ეცნობა იეჰოვას აზროვნებას, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება, სწორი დასკვნები გააკეთოს და გამოიყენოს ნასწავლი (იგავ. 1:3, 4). ასეთი ძმები კრებებში ძალიან საჭირონი არიან. ვნახოთ, რატომ.

11 სწორედ მოწიფული ძმები აძლევენ და-ძმებს ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევა-დარიგებას (ტიტ. 1:9). ასე რომ, თუ კარგად დაეუფლებით წერა-კითხვას, შეძლებთ რწმენის განმამტკიცებელი და შემეცნებითი კომენტარებისა თუ მოხსენებების მომზადებას. გარდა ამისა, პირადი შესწავლის, კრების შეხვედრებისა თუ კონგრესების დროს თქვენთვის პრაქტიკულ აზრებს ჩაინიშნავთ. ასეთი ჩანაწერების დახმარებით შეძლებთ თავადაც განიმტკიცოთ რწმენა და სხვებიც გაამხნეოთ.

12. რა არის საჭირო კომუნიკაციის უნარების განსავითარებლად?

12 განივითარეთ კომუნიკაციის უნარები. ქრისტიან მამაკაცს კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს. ის კარგი მსმენელი უნდა იყოს და შეეძლოს სხვების გაგება (იგავ. 20:5). ის ხმის ტონით, სახის გამომეტყველებითა და სხეულის ენით ხვდება, რას გრძნობს ადამიანი. ეს რომ შეძლოთ, საკმარისი დრო უნდა დაუთმოთ ხალხთან ურთიერთობას. მაგრამ თუ სხვებთან ურთიერთობისას მხოლოდ ელექტრონულ მოწყობილობებს იყენებთ, ცოცხალი ურთიერთობები გაგიჭირდებათ. ამიტომ შეეცადეთ, პირისპირ შეხვდეთ ადამიანებს (2 იოან. 12).

ისეთ სპეციალობას დაეუფლეთ, რომელიც დასაქმებას გაგიადვილებთ (იხილეთ აბზაცი 13).

13. კიდევ რა უნდა ისწავლოს ახალგაზრდამ? (1 ტიმოთე 5:8; იხილეთ აგრეთვე სურათი).

13 ისწავლეთ, როგორ ირჩინოთ თავი. ყველა მოწიფულ ქრისტიან მამაკაცს უნდა შეეძლოს როგორც საკუთარი თავის, ისე ოჯახის რჩენა (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:8). ზოგ ახალგაზრდას ხელობას ან რაიმე საქმეს მამა ან რომელიმე ნათესავი ასწავლის. ზოგი კი პროფესიულ სასწავლებელში ეუფლება რაიმე სპეციალობას. მთავარია, ისეთი რამ ისწავლოთ, რაც სამსახურის პოვნას გაგიადვილებთ (საქ. 18:2, 3; 20:34; ეფეს. 4:28). არანაკლებ მნიშვნელოვანია, მშრომელი ადამიანის სახელი შეიქმნათ, რომელიც არასდროს არ ტოვებს შუა გზაში საქმეს. ამ შემთხვევაში უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ იპოვით სამსახურს და შეინარჩუნებთ კიდეც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზემოთ მოხსენიებული თვისებები და უნარ-ჩვევები სამომავლო პასუხისმგებლობებისთვისაც გამზადებთ. მოდი ზოგიერთ მათგანზე ვისაუბროთ.

ᲛᲝᲔᲛᲖᲐᲓᲔᲗ ᲡᲐᲛᲝᲛᲐᲕᲚᲝ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

14. როგორ შეუძლია ახალგაზრდას, მოემზადოს სრული დროით მსახურებისთვის?

14 სრული დროით მსახურება. ბევრმა სულიერად მოწიფულმა ძმამ სრული დროით მსახურება ახალგაზრდობაშივე დაიწყო. პიონერობა ახალგაზრდას სხვადასხვა მენტალიტეტისა და ხასიათის ადამიანთან თანამშრომლობას აჩვევს. ასეთი მსახურება მას ფულის სწორად ხარჯვასაც ასწავლის (ფილ. 4:11—13). სრული დროით მსახურებისთვის რომ მოემზადოთ, შეგიძლიათ ჯერ გარკვეული პერიოდი დამხმარე პიონერად იმსახუროთ. ასეთმა მიდგომამ ბევრის შემთხვევაში გაამართლა. პიონერობამ შეიძლება მსახურების სხვადასხვა სფეროში მონაწილეობის შესაძლებლობაც მოგცეთ, მაგალითად, იმსახუროთ სამშენებლო პროექტებსა თუ ბეთელში.

15, 16. როგორ შეუძლია ახალგაზრდა ძმას, მოემზადოს კრებაში პასუხისმგებლობის ასაღებად?

15 მომსახურედ ან უხუცესად მსახურება. ყველა ძმის მიზანი უნდა იყოს, რომ უხუცესად იმსახუროს, რათა კრებაში და-ძმებზე იზრუნოს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ვინც ამ პასუხისმგებლობისკენ ისწრაფვის, მას „კარგი საქმე ნდომებია“ (1 ტიმ. 3:1). თუმცა სანამ ძმა ამ პასუხისმგებლობას მიიღებს, ჯერ მომსახურედ უნდა იმსახუროს. მომსახურეები ბევრ საქმეში ეხმარებიან უხუცესებს, მათ მხარდამხარ ქადაგებენ სასიხარულო ცნობას და ემსახურებიან და-ძმებს. მომსახურედ ძმა შეიძლება უკვე 17 წლიდან დაინიშნოს და, თუ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, 20 წლის ასაკშიც კი დაიწყოს უხუცესად მსახურება.

16 როგორ შეგიძლიათ მოემზადოთ ამ პასუხისმგებლობების ასაღებად? ამისთვის რაიმე ფორმულა არ არსებობს, თუმცა ბიბლიიდან გარკვეულ მოთხოვნებს ვეცნობით, რომელთაც იეჰოვას, ოჯახისა და კრების სიყვარული უდევს საფუძვლად (1 ტიმ. 3:1—13; ტიტ. 1:6—9; 1 პეტ. 5:2, 3). ეცადეთ, სიღრმისეულად გამოიკვლიოთ ეს მოთხოვნები და იეჰოვას სთხოვეთ დახმარება, რომ შეძლოთ ამ პასუხისმგებლობების აღება. c

იეჰოვა მოელის, რომ ქმარს ეყვარება ცოლ-შვილი და იზრუნებს მათ ფიზიკურ, ემოციურ და, რაც მთავარია, სულიერ საჭიროებებზე (იხილეთ აბზაცი 17).

17, 18. ა) რა დაეხმარება ახალგაზრდა ძმას, რომ კარგი ქმარი გახდეს? (იხილეთ აგრეთვე სურათი). ბ) რა დაეხმარება ახალგაზრდა ძმას, კარგი მამა გახდეს?

17 ოჯახისთავის პასუხისმგებლობა. იესომ თქვა, რომ ზოგმა ქრისტიანმა შეიძლება დაუქორწინებლობა გადაწყვიტოს (მათ. 19:12). თუმცა ზოგმა შეიძლება ოჯახის შექმნა არჩიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ოჯახისთავის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაც მოუწევს (1 კორ. 11:3). იეჰოვა მოელის, რომ ქმარს ეყვარება ცოლი და იზრუნებს მის ფიზიკურ, ემოციურ თუ სულიერ საჭიროებებზე (ეფეს. 5:28, 29). ზემოთ განხილული თვისებები და უნარ-ჩვევები, მათ შორის საღად აზროვნების უნარი, ქალების პატივისცემა და სანდოობა, დაგეხმარებათ, კარგი მეუღლე დადგეთ.

18 დაქორწინების შემდეგ შეიძლება შვილებიც გეყოლოთ. რა დაგეხმარებათ, კარგი მამა გახდეთ? დაფიქრდით საუკეთესო მამის, იეჰოვას მაგალითზე (ეფეს. 6:4). იეჰოვა არასდროს იკავებდა თავს, რომ იესო შეექო და თავის სიყვარულში დაერწმუნებინა (მათ. 3:17). თუ შვილი გეყოლებათ, ნურც თქვენ დაიშურებთ მისთვის საქებარ სიტყვებს და ყოველთვის უთხარით, რომ ძლიერ გიყვართ. იეჰოვასგან მართლაც ბევრის სწავლა შეგიძლიათ და, თუ მას მიჰბაძავთ, ხელს შეუწყობთ შვილს, რომ მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბდეს. მაგრამ დღეს რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ მომავალში არ გაგიჭირდეთ შვილისთვის კარგი მამობის გაწევა? იზრუნეთ ოჯახის წევრებსა თუ სულიერ და-ძმებზე და ისწავლეთ მათდამი თბილი გრძნობების გამოხატვა (იოან. 15:9). ეს მხოლოდ სამომავლო პასუხისმგებლობებისთვის კი არ მოგამზადებთ, არამედ დაგეხმარებათ, დღესვე უფრო მეტად დაიხარჯოთ იეჰოვასთვის, თქვენი ოჯახისა და კრებისთვის.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲘᲥᲪᲔᲕᲘᲗ?

ბევრი ძმა, რომლებიც ბავშვობიდან სწავლობდნენ ღვთის სიტყვას და ნასწავლს ცხოვრებაში იყენებდნენ, მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბდა (იხილეთ აბზაცები 19, 20).

19, 20. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, მოწიფულ ქრისტიანებად ჩამოყალიბდნენ? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

19 ახალგაზრდა ძმებო, მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბება ავტომატური პროცესი არაა. როგორც დავინახეთ, ამისთვის აუცილებელია, მიჰბაძოთ სამაგალითო ღვთის მსახურებს, განივითაროთ საღად აზროვნების უნარი, იყოთ სანდონი, შეიძინოთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მოემზადოთ სამომავლო პასუხისმგებლობებისთვის.

20 ზოგჯერ შეიძლება რთული მოგეჩვენოთ სულიერი მოწიფულობისკენ სწრაფვა. თუმცა გახსოვდეთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ! იეჰოვა თქვენ გვერდითაა და და-ძმებიც მზად არიან თქვენ დასახმარებლად (ეს. 41:10, 13). გჯეროდეთ, ძალისხმევა დაგიფასდებათ. როცა სულიერ მოწიფულობას მიაღწევთ, უფრო ბედნიერებიც იქნებით და ყოველმხრივ სავსე ცხოვრება გექნებათ. ახალგაზრდა ძმებო, ძალიან გვიყვარხართ! დაე იეჰოვამ მოგიმართოთ ხელი! (იგავ. 22:4).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 65 წინ!

a სულიერად მოწიფული მამაკაცები კრებაში ძალიან საჭირონი არიან. ამ სტატიაში განვიხილავთ, რისი გაკეთება მართებთ ახალგაზრდა ძმებს, რომ ასეთ ქრისტიანებად ჩამოყალიბდნენ.

b იხილეთ წინა სტატიაში „განმარტება“.

c იხილეთ წიგნი „ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას“, თავები 56.