გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ მიმდინარე წლის ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.
რას ნიშნავს აზროვნების შეცვლა? (რომ. 12:2).
აზროვნება რომ შევიცვალოთ, მხოლოდ კარგი საქმეების კეთება არ კმარა. ამისთვის საჭიროა, შევამოწმოთ ჩვენი შინაგანი პიროვნება და მოვახდინოთ ცვლილებები, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ღვთის ნორმები (w23.01, გვ. 8, 9).
როგორ შევხედოთ საღად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს?
ბუნებრივია, რომ გვაინტერესებს მსოფლიო მოვლენები და მათი კავშირი ბიბლიურ წინასწარმეტყველებებთან. თუმცა უნდა მოვერიდოთ საკუთარი ვარაუდების გამოთქმას, რათა კრების ერთობას საფრთხე არ შევუქმნათ. როცა ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე ვმსჯელობთ, აჯობებს, იეჰოვას ორგანიზაციისგან მიღებული ინფორმაციით ვიხელმძღვანელოთ (1 კორ. 1:10; w23.02, გვ. 16).
რა სხვაობაა იესოსა და მის მიმდევართა ნათლობას შორის?
იესო ღვთისადმი მიძღვნილი ერის შვილი იყო, ამიტომ საჭირო არ იყო, იეჰოვასთვის თავი მიეძღვნა. ამასთანავე, ის უცოდველი და სრულყოფილი იყო, რის გამოც არც ცოდვების მიტევება სჭირდებოდა (w23.03, გვ. 5).
როგორ შევუწყოთ ხელი იმას, რომ კრების შეხვედრებზე რაც შეიძლება მეტმა გააკეთოს კომენტარი?
კარგი იქნება, თუ მოკლე კომენტარებს გავაკეთებთ და ყველა საკითხს არ შევეხებით. ამ შემთხვევაში სხვებსაც დარჩებათ სათქმელი (w23.04, გვ. 23).
რა არის ესაიას 35:8-ში მოხსენიებული „სიწმინდის გზა“?
თავდაპირველად ეს ის გზა იყო, რომელიც ებრაელებს ბაბილონიდან სამშობლოში დასაბრუნებლად უნდა გაევლოთ. რისი თქმა შეიძლება თანამედროვე დროზე? 1919 წლამდე საუკუნეებით ადრე ღვთისმოშიშმა მამაკაცებმა ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს, რაშიც ბიბლიის თარგმნა და ბეჭდვაც შედიოდა. ამ გზამ უკვე შეგვიყვანა სულიერ სამოთხეში და, თუ მას ბოლომდე მივყვებით, ღვთის სამეფოს კურთხევებსაც დავიმკვიდრებთ (w23.05, გვ. 15—19).
რას წარმოადგენს იგავების მე-9 თავში მოხსენიებული ორი სიმბოლური ქალი?
ერთ-ერთი მათგანი უგუნურებას განასახიერებს. მის მიერ დაპატიჟებული ადამიანები „სამარის სიღრმეში განისვენებენ“. მეორე ქალი კი სიბრძნეს განასახიერებს და ვინც მის მოწვევას იღებს, ადგება „გონიერთა გზას“, რომელიც სიცოცხლემდე მიიყვანს (იგავ. 9:1, 6, 13, 18; w23.06, გვ. 22—24).
როგორ ავლენდა იეჰოვა გონიერებასა და თავმდაბლობას ლოტთან ურთიერთობისას?
როცა იეჰოვამ ლოტს მითითება მისცა, რომ სოდომი დაეტოვებინა და მთიან მხარეში გაქცეულიყო, ლოტმა სთხოვა, ოჯახთან ერთად ცოარისთვის შეეფარებინა თავი. იეჰოვამაც გაითვალისწინა მისი თხოვნა (w23.07, გვ. 21).
რისი გაკეთება შეუძლია ცოლს, თუ ქმარი პორნოგრაფიას უყურებს?
მას უნდა ახსოვდეს, რომ თავად არ მიუძღვის ბრალი მეუღლის საქციელში. კარგი იქნება, თუ შეეცდება, მეტად დაუახლოვდეს იეჰოვას და დაფიქრდეს ბიბლიაში ჩაწერილი იმ ქალების შემთხვევებზე, რომლებმაც ძლიერი ემოციური ტკივილის დროს იეჰოვას მიმართეს ნუგეშისთვის. ცოლს აგრეთვე შეუძლია დაეხმაროს მეუღლეს, თავი აარიდოს მაცდუნებელ სიტუაციებს (w23.08, გვ. 14—17).
როგორ გვეხმარება გამჭრიახობა, რბილად მივუდგეთ მას, ვინც ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს შეხედულებებს?
წამოჭრილი კითხვის მიღმა ის უნდა დავინახოთ, თუ რა აღელვებს და რა შეხედულებები აქვს ადამიანს. ეს დაგვეხმარება, რბილად და პატივისცემით ვუპასუხოთ (w23.09, გვ. 17).
რამ შემატა მარიამს ძალა და ჩვენ რას ვსწავლობთ მისი მაგალითიდან?
როცა მარიამმა გაიგო, რომ მესიის დედა გახდებოდა, დახმარებისთვის სხვებს მიმართა. გაბრიელმაც და ელისაბედმაც ის წმინდა წერილებიდან მოყვანილი აზრებით გაამხნევეს. თანაქრისტიანებთან ურთიერთობას ჩვენი გაძლიერებაც შეუძლია (w23.10, გვ. 15).
როგორ პასუხობს იეჰოვა ჩვენს ლოცვებს?
იეჰოვა გვპირდება, რომ მოგვისმენს. ჩვენი ლოცვების მოსმენისას ის მხედველობაში იღებს თავის განზრახვას (იერ. 29:12). მან შეიძლება თავის მსახურებს ერთსა და იმავე სათხოვარზე განსხვავებულად უპასუხოს. თუმცა ის არასდროს მიგვატოვებს (w23.11, გვ. 21, 22).
რომაელების 5:2-ში იმედზე საუბრის შემდეგ რატომ უბრუნდება პავლე იმავე თემას მე-4 მუხლში?
როცა ადამიანი პირველად მოისმენს სასიხარულო ცნობას, გულში დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი ჩაესახება. მაგრამ მას შემდეგ, რაც არაერთ განსაცდელს მოთმინებით აიტანს და ღვთის კეთილგანწყობას მოიპოვებს, ეს იმედი უფრო მტკიცე და რეალური გახდება მისთვის (w23.12, გვ. 12, 13).