ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 51
გჯეროდეთ, იმედი არ გაგაწბილებთ!
„იმედი არ გაგვაწბილებს“ (ᲠᲝᲛ. 5:5).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 142 მტკიცედ ჩავეჭიდოთ ჩვენს იმედს
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a
1. რატომ არ კარგავდა აბრაამი იმედს?
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ თავის მეგობარ აბრაამს დაჰპირდა, რომ დედამიწის ყველა ერი მისი შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა (დაბ. 15:5; 22:18). აბრაამი იმდენად ენდობოდა ღმერთს, რომ ოდნავაც არ შეჰპარვია ეჭვი მის დანაპირებში. თუმცა წლები წლებს მისდევდა. აბრაამი უკვე 100 წლის იყო, სარა კი — 90-ის, მაგრამ მათ შვილი არა და არ უჩნდებოდათ (დაბ. 21:1—7). მიუხედავად ამისა, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „[აბრაამი] მაინც იმედოვნებდა და სწამდა, რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა, როგორც ღმერთს ჰქონდა მისთვის ნათქვამი“ (რომ. 4:18). როგორც ვიცით, აბრაამს იმედი არ გაუმტყუნდა და ნანატრი ვაჟი შეეძინა, რომელსაც ისაკი დაარქვა. რა იყო იეჰოვასადმი მისი ნდობის საფუძველი?
2. რა იყო იეჰოვასადმი აბრაამის ნდობის საფუძველი?
2 აბრაამი „სრულიად იყო დარწმუნებული, რომ ღმერთს დანაპირების შესრულება შეეძლო“, რადგან მასთან ახლო, მტკიცე ურთიერთობა ჰქონდა (რომ. 4:21). აბრაამმა თავისი რწმენის წყალობით ღვთის კეთილგანწყობა პოვა და მის თვალში მართლად ჩაითვალა (იაკ. 2:23). როგორც რომაელების 4:18-დან ჩანს, აბრაამის რწმენასა და იმედს შორის მჭიდრო კავშირი იყო. ქვემოთ ვიმსჯელებთ, რას ამბობს პავლე მოციქული რომაელების მე-5 თავში იმედის შესახებ.
3. რაზე მსჯელობს პავლე რომაელების მე-5 თავში?
3 პავლე ხსნის, თუ რატომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ „იმედი არ გაგვაწბილებს“ (რომ. 5:5). ის იმაზეც საუბრობს, თუ რა დაგვეხმარება, იმედი კიდევ უფრო განვიმტკიცოთ. ქვემოთ რომაელების მე-5 თავის პირველ ხუთ მუხლზე ვიმსჯელებთ. განხილვის დროს კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით, რამ გახადა თქვენი იმედი დროთა განმავლობაში უფრო რეალური. ეს განხილვა იმასაც დაგვანახვებს, რა დაგვეხმარება, რომ ხვალ უფრო მტკიცე იმედი გვქონდეს, ვიდრე დღეს გვაქვს. თავიდან იმ დიდებულ იმედზე ვისაუბროთ, რომელზეც პავლემ თქვა, რომ არ გაგვაწბილებს.
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲓᲘᲓᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲛᲔᲓᲘ
4. რას ესმება ხაზი რომაელების 5:1, 2-ში?
4 წაიკითხეთ რომაელების 5:1, 2. პავლემ ეს სიტყვები რომში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა. ეს ქრისტიანები ღმერთმა მართლებად ჩათვალა და წმინდა სული სცხო, რადგან მას შემდეგ, რაც გაიცნეს იეჰოვა და იესო, რწმენა გამოავლინეს და მოინათლნენ. ღმერთმა მათ საოცარი იმედი უბოძა, რომელიც არასდროს გააწბილებდათ.
5. რისი იმედი აქვთ ცხებულებს?
5 პავლემ ამ იმედის შესახებ მოგვიანებით ეფესოში მცხოვრებ ქრისტიანებსაც მისწერა და აღნიშნა, რომ ეს იყო წმინდების „მემკვიდრეობა“ (ეფეს. 1:18). კოლოსელებისთვის მიწერილ წერილში კი თქვა, რომ მათთვის ეს იმედი ზეცაშია შემონახული (კოლ. 1:4, 5). აქედან გამომდინარე, ცხებულ ქრისტიანებს ზეცაში მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ, სადაც ქრისტესთან ერთად იმმართველებენ (1 თეს. 4:13—17; გამოცხ. 20:6).
6. რა თქვა ერთმა ცხებულმა ძმამ თავის იმედზე?
6 ცხებული ქრისტიანები ძალიან აფასებენ ამ იმედს. ერთ-ერთმა მათგანმა, ძმა ფრედერიკ ფრენცმა, ათწლეულების ერთგულად მსახურების შემდეგ, კერძოდ, 1991 წელს, თავისი დამოკიდებულება ასე გამოხატა: „ჩვენი იმედი უსაფუძვლო არ არის. ის შესრულდება მცირე სამწყსოს 144 000 წევრიდან თითოეულისთვის და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. [ჩვენ] არ დაგვვიწყებია, რამდენად ძვირფასია ეს იმედი . . . რაც უფრო დიდხანს გვიწევს ლოდინი, მით უფრო ვაფასებთ მას. ამ იმედისთვის მილიონი წელიც კი ღირს ლოდინი. მე ვაფასებ ჩვენს იმედს ისე, როგორც არასდროს“.
7, 8. რისი იმედი აქვს ღვთის მსახურთა უმეტესობას? (რომაელები 8:20, 21).
7 დღეს ღვთის მსახურთა უმეტესობას იგივე იმედი აქვს, რაც აბრაამს ჰქონდა. ისინიც ელოდებიან დროს, როცა დედამიწაზე ღვთის სამეფო დამყარდება და გაიხარებენ მარადიული სიცოცხლით (ებრ. 11:8—10, 13). ამ დიდებულ იმედზე პავლემაც გაამახვილა ყურადღება (წაიკითხეთ რომაელების 8:20, 21). თქვენ რომელმა ბიბლიურმა დანაპირებმა მოგხიბლათ თავიდან ყველაზე მეტად? იმან ხომ არა, რომ ერთ დღესაც გასრულყოფილდებოდით და აღარ მოგიწევდათ ცოდვილ მიდრეკილებებთან ბრძოლა? ან იმის გაგებამ ხომ არა, რომ ერთ დღესაც თქვენთვის საყვარელ გარდაცვლილ ადამიანს სამოთხედქცეულ დედამიწაზე კვლავ შეხვდებოდით? მართლაც, რა მოთვლის ყველა იმ კურთხევას, რომლებსაც ჩვენი იმედის საფუძველზე ველით.
8 ნამდვილად, ზეცაში ცხოვრებას ველით თუ დედამიწაზე, თითოეულს დიდებული იმედი გვაქვს. თანაც, ეს იმედი შეიძლება დღითი დღე უფრო მტკიცე გახდეს. რომაელების მე-5 თავში პავლე ხსნის, როგორაა ეს შესაძლებელი. მისი სიტყვების განხილვა იმაშიც დაგვარწმუნებს, რომ ეს იმედი არასდროს გაგვაწბილებს.
ᲠᲐ ᲒᲕᲘᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲡ ᲘᲛᲔᲓᲡ
9, 10. რას უნდა ელოდეს ყველა ქრისტიანი? (რომაელები 5:3; იხილეთ აგრეთვე სურათები).
9 წაიკითხეთ რომაელების 5:3. როგორც რომაელების მე-5 თავიდან ვიგებთ, იმედის განმტკიცებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გასაჭირი. ამ აზრმა შეიძლება ზოგის გაკვირვება გამოიწვიოს. ფაქტია, ქრისტეს ყველა მიმდევარი უნდა მოელოდეს, რომ ადრე თუ გვიან გარკვეულ გასაჭირს შეხვდება. ამ აზრს გაუსვა ხაზი პავლემ თესალონიკელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილშიც: „თქვენთან ყოფნისას წინასწარ გეუბნებოდით, რომ გასაჭირის ატანა მოგვიწევდა, რაც ასეც მოხდა“ (1 თეს. 3:4). კორინთელებს კი მისწერა: „გვინდა, იცოდეთ, ძმებო, რა გასაჭირი გამოვიარეთ . . . გადარჩენის იმედიც აღარ გვქონდა“ (2 კორ. 1:8; 11:23—27).
10 პავლეს მსგავსად ჩვენც ვხვდებით სხვადასხვა განსაცდელს (2 ტიმ. 3:12). თქვენ რა განსაცდელებს შეხვდით მას შემდეგ, რაც ქრისტეს ერწმუნეთ და მისი მიმდევარი გახდით? შესაძლოა, ოჯახის წევრები დაგცინოდნენ ან შეურაცხგყოფდნენ კიდეც; ან სამსახურში შეგექმნათ პრობლემები იმის გამო, რომ ყოველმხრივ პატიოსნად მოქცევას ცდილობდით (ებრ. 13:18). შეიძლება ქადაგების გამო მთავრობის მხრიდან შეხვდით წინააღმდეგობას. ყველა სხვადასხვა განსაცდელს ვხვდებით, მაგრამ, როგორც პავლეს სიტყვებიდან გამოჩნდა, თითოეულმა უნდა გავიხაროთ ამ დროს. რატომ ვამბობთ ამას?
11. რატომ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი განსაცდელის ასატანად?
11 როგორც რომაელების 5:3-დან ვიგებთ, ჩვენ იმიტომ უნდა გავიხაროთ გასაჭირის დროს, რომ ის „მოთმინებას წარმოშობს“. რაკი განსაცდელს ყველანი შევხვდებით, ყველას დაგვჭირდება მოთმინება. ჩვენ ნებისმიერი განსაცდელის ასატანად უნდა ვიყოთ მზად, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგვიმართლდება იმედი. ნამდვილად არ გვინდა, მათ დავემსგავსოთ, ვინც იესოს ჰყავდა მხედველობაში, როცა კლდოვან ნიადაგზე მოხვედრილ თესლზე საუბრობდა. მათ თავიდან სიხარულით მიიღეს სიტყვა, თუმცა როგორც კი გასაჭირსა თუ დევნას შეხვდნენ, დაბრკოლდნენ (მათ. 13:5, 6, 20, 21). ფაქტია, წინააღმდეგობისა თუ სხვადასხვა განსაცდელის ატანა არც ადვილია და არც სასიამოვნო, მაგრამ მოთმინება დაგვიფასდება. მოდი ვნახოთ, როგორ.
12. როგორ დაგვიფასდება მოთმინება?
12 მოწაფე იაკობი წერდა: „მოთმინებას დაასრულებინეთ თავისი საქმე, რათა იყოთ სრულყოფილნი და ყოველმხრივ ბრალდაუდებელნი, და არაფერი გაკლდეთ“ (იაკ. 1:2—4). იაკობი მოთმინებას ისე აღწერს, თითქოს მას რაღაც საქმე აქვს გასაკეთებელი. რა „საქმეს“ გულისხმობდა ის? მოთმინების „საქმე“ ისაა, რომ რწმენა და ღვთისადმი ნდობა განგვივითაროს. თუმცა ამ თვისების გამოვლენა სხვა რამის გამოც ღირს.
13, 14. რა არის მოთმინების შედეგი და როგორ უკავშირდება ის იმედს? (რომაელები 5:4).
13 წაიკითხეთ რომაელების 5:4. პავლე რომაელების 5:4-ში აღნიშნავს, რომ მოთმინების შედეგი „ღვთის მოწონებაა“. მართალია, იეჰოვას არ სიამოვნებს იმის დანახვა, რომ განსაცდელებს ხვდებით, მაგრამ ის კი ახარებს, რომ მოთმინებით იტანთ მათ. ამის გამო იეჰოვას თვალში მოწონებას იმსახურებთ. მართლაც, რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება (ფსალმ. 5:12).
14 როგორც ვიცით, აბრაამმა არაერთი განსაცდელი აიტანა, რის გამოც ღვთის მოწონება დაიმსახურა. იეჰოვამ მას თავისი მეგობარი უწოდა და მართლად მიიჩნია (დაბ. 15:6; რომ. 4:13, 22). ეს ასე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც, თუ მოთმინებით ავიტანთ განსაცდელებს და ერთგულებას შევინარჩუნებთ. ღვთის კეთილგანწყობა ნამდვილად არ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენს ვაკეთებთ მისთვის ან რა პასუხისმგებლობები გვაკისრია ორგანიზაციაში. სინამდვილეში ჩვენი ასაკის, მდგომარეობისა თუ შესაძლებლობების მიუხედავად თითოეულს შეგვიძლია მოთმინებით ღვთის მოწონება დავიმსახუროთ. ასე რომ, თუ ამჟამად რაიმე განსაცდელს იტანთ, შეგიძლიათ თავი იმით ინუგეშოთ, რომ იეჰოვას თვალში კეთილგანწყობა გაქვთ მოპოვებული. ამის ცოდნა კი სწორედ იმედს განგიმტკიცებთ.
ᲛᲢᲙᲘᲪᲔ ᲘᲛᲔᲓᲘ
15. რატომ შეიძლება ზოგისთვის დამაბნეველი იყოს ის, რომ პავლე კვლავაც დაუბრუნდა იმედის თემას?
15 როგორც პავლემ მე-4 მუხლში აღნიშნა, განსაცდელების დროს მოთმინების გამოვლენის „შედეგი ღვთის მოწონებაა, ღვთის მოწონებისა კი — იმედი“. მე-5 მუხლში კი დასძენს: „იმედი არ გაგვაწბილებს“. ზოგისთვის შეიძლება, ცოტა არ იყოს, დამაბნეველი აღმოჩნდეს, რომ პავლე კვლავაც იმედის თემას შეეხო. მე-2 მუხლში მან ხომ უკვე ისაუბრა იმედზე და თქვა, რომ რომში მცხოვრებ ქრისტიანებს „ღვთისგან განდიდების იმედი“ ჰქონდათ. მაშ, რატომ დაუბრუნდა პავლე ისევ იმედის თემას?
16. როგორ ისახება გულში იმედი? (იხილეთ აგრეთვე სურათები).
16 პავლეს მსჯელობას რომ ჩავწვდეთ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ: იმედი შესაძლებელია, განმტკიცდეს. მოდი ჩვენსავე მაგალითზე დავფიქრდეთ. გახსოვთ, რა რეაქცია გქონდათ, როცა პირველად მოისმინეთ ბიბლიური იმედის შესახებ? შესაძლოა იფიქრეთ, რომ სამოთხეში მარადიულად ცხოვრება ოცნებას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას. თუმცა რაც უფრო მეტი გაიგეთ იეჰოვასა და მისი დაპირებების შესახებ, ეს იმედი უფრო რეალური გახდა თქვენთვის.
17. როგორ განგიმტკიცდათ იმედი ნათლობის შემდეგ?
17 თქვენ მას შემდეგაც არ შეგიწყვეტიათ იეჰოვას შესახებ მეტის გაგება და მასთან დაახლოება, რაც მოინათლეთ. შესაბამისად, იმედი უფრო რეალური გახდა თქვენთვის (ებრ. 5:13—6:1). დიდი ალბათობით, თქვენც გაიარეთ ის ეტაპები, რომლებსაც პავლე რომაელების 5:2—4-ში მოიხსენიებს. არაერთ განსაცდელს შეხვდით, მაგრამ მოთმინებით აიტანეთ ყველაფერი და ისიც იგრძენით, რომ იეჰოვას თვალში კეთილგანწყობა პოვეთ. ღვთის კეთილგანწყობაში დარწმუნებულებს კი უფრო განგიმტკიცდათ იმის იმედი, რომ მისგან დაპირებულს მიიღებდით. ამგვარად, ის იმედი, რომელიც თავდაპირველად ჩაგესახათ გულში, უფრო რეალური გახდა. ეს იმედი მთელ თქვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, მაგალითად იმაზე, თუ როგორ ექცევით ოჯახის წევრებს, რა გადაწყვეტილებებს იღებთ და როგორ იყენებთ დროს.
18. რა გარანტიას გვაძლევს იეჰოვა?
18 რომაელების მე-5 თავში პავლე მოციქულმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან აზრს გაუსვა ხაზი. მან ღვთის შთაგონებით თქვა, რომ „იმედი არ გაგვაწბილებს, რადგან გულში ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა ჩვენთვის ბოძებული წმინდა სულის წყალობით“ (რომ. 5:5). „იმედი არ გაგვაწბილებს“. ეს სიტყვები იმის მყარი გარანტიაა, რომ ჩვენი იმედი იმედად არ დარჩება.
19. რაში უნდა იყოთ დარწმუნებული?
19 როგორც დავინახეთ, აბრაამმა იეჰოვასგან დაპირება მიიღო, მისი მოწონება დაიმსახურა და ღვთის მეგობარი ეწოდა. მან „მოთმინება გამოავლინა და მიიღო დანაპირები“ (ებრ. 6:15; 11:9, 18; რომ. 4:20—22). იმედმა ის არ გააწბილა. თქვენც დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თუ ბოლომდე უერთგულებთ იეჰოვას, თქვენი იმედიც გამართლდება, არ გაგაწბილებთ. ამიტომ თქვენ ნამდვილად გაქვთ სიხარულის უამრავი მიზეზი (რომ. 12:12). სწორედ ამ აზრს გაუსვა ხაზი პავლემ, როცა თქვა: „რაკი ენდობით მას, იმედის მომცემმა ღმერთმა აგავსოთ დიდი სიხარულითა და მშვიდობით, რათა თქვენი იმედი კიდევ უფრო განმტკიცდეს წმინდა სულის ძალით“ (რომ. 15:13).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 139 წარმოიდგინე საკუთარი თავი ახალ ქვეყნიერებაში
a ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რა იმედი გვაქვს და რატომ გვჯერა, რომ ეს იმედი რეალობად იქცევა. რომაელების მე-5 თავიდან იმასაც გავიგებთ, თუ რა გვიმტკიცებს მომავლის იმედს.