არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იზიარებთ ღვთის თვალსაზრისს ალკოჰოლზე?

იზიარებთ ღვთის თვალსაზრისს ალკოჰოლზე?

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲛ არაერთი ძღვენი გვიბოძა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მათ შორისაა ღვინო, რომელზეც ნათქვამია: „პურით კაცი გულს იმხიარულებს, ღვინით ცხოვრებას იხალისებს“ (ეკლ. 10:19; ფსალმ. 104:15). თუმცა რაკი ნების თავისუფლებით ვარ დაჯილდოვებულნი, თავად უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ვისარგებლებთ ამ ძღვნით. სამწუხაროდ, ალკოჰოლს ზოგი სათანადოდ ვერ იყენებს, თანაც ხშირ შემთხვევაში ადამიანის არჩევანზე დიდ გავლენას ახდენს გარემო და კულტურა. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს ალკოჰოლის მიმართ?

ჩვენს დამოკიდებულებას ის უნდა განსაზღვრავდეს, თუ ღმერთს რა თვალსაზრისი აქვს ამ საკითხზე და არა ის, თუ რომელ კულტურაში გავიზარდეთ ან ახლა რა გარემოში გვიწევს ცხოვრება. ამ შემთხვევაში ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაზე დადებითად აისახება.

ქვეყნიერებაში ბევრი ხშირად სვამს ალკოჰოლს, თანაც ჭარბი რაოდენობით. ზოგი დაძაბულობის მოსახსნელად სვამს, ზოგი კი უბრალოდ პრობლემებს გაურბის. ზოგან აფასებენ კიდეც ადამიანს, რომელსაც ადვილად არ ეკიდება სასმელი და ამას პიროვნულ სიძლიერედ მიიჩნევენ.

საბედნიეროდ, ქრისტიანები ამ საკითხშიც არ ვართ ხელმძღვანელობის გარეშე დარჩენილნი. მაგალითად, ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი გადამეტებულმა სმამ. ალბათ წაგიკითხავთ, როგორ არის აღწერილი იგავების 23:29—35-ში მთვრალი კაცი და რა სავალალო შედეგები მოჰყვება სიმთვრალეს. a ევროპაში მცხოვრებ ერთ უხუცესს, დანიელს, სანამ იეჰოვას მოწმე გახდებოდა, სმის პრობლემა ჰქონდა. ის ასეთ რამეს ამბობს: „გადაჭარბებული სმის გამო ბევრი უბედურება დავიტეხე თავს. ამ ყველაფერმა იმდენად მძიმე დაღი დამასვა, რომ წარსულის ჭრილობებს ბოლომდე დღესაც ვერ ვიშუშებ“.

რა არის საჭირო, რომ გონივრულად მოვიქცეთ და თავიდან ავირიდოთ პრობლემები, რომლებსაც ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება იწვევს? ამისთვის საჭიროა, გავიზიაროთ ღვთის თვალსაზრისი ალკოჰოლზე.

ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე და იმაზეც ვიმსჯელოთ, თუ რატომ სვამს ზოგი.

ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲗᲕᲐᲚᲡᲐᲖᲠᲘᲡᲘ

ღვთის სიტყვა არ კრძალავს ალკოჰოლის ზომიერად მიღებას. და როგორც აღვნიშნეთ, ეს პროცესი შეიძლება სიამოვნებასაც გვანიჭებდეს. ამას ხაზს უსვამს ბიბლიაში ჩაწერილიც: „სიხარულით ჭამე პური და გულმხიარულმა დალიე ღვინო“ (ეკლ. 9:7). ღვინოს დროდადრო იესო და ღვთის სხვა ერთგული მსახურებიც სვამდნენ (მათ. 26:27—29; ლუკ. 7:34; 1 ტიმ. 5:23).

თუმცა ღვთის სიტყვა ცალსახად განსჯის ალკოჰოლის ჭარბად მიღებას და თრობას. მასში ნათქვამია: „ნუ დათვრებით ღვინით“ (ეფეს. 5:18). ბიბლია იმასაც ამბობს, რომ ლოთები „ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს!“ (1 კორ. 6:10). ამიტომ ბრმად კი არ უნდა მივყვეთ იმას, რაც ჩვენს კულტურაშია მიღებული, არამედ ღვთის თვალსაზრისი გავიზიაროთ.

ზოგი ბევრ სმაში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან ადვილად არ ეკიდება სასმელი. მაგრამ ეს ძალიან სახიფათო აზროვნებაა. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ვინც ღვინოსაა მიძალებული, შეიძლება სწორ გზას ასცდეს (ტიტ. 2:3; იგავ. 20:1). იესომ ისიც კი აღნიშნა, რომ გადამეტებული სმის გამო ადამიანი შეიძლება ღვთის სამეფოს ღირსადაც კი არ ჩაითვალოს (ლუკ. 21:34—36). ვნახოთ, რა შეიძლება ექცეს მახედ ქრისტიანს და რა დაეხმარება, რომ არ გაებას მასში.

ᲓᲐᲐᲙᲕᲘᲠᲓᲘᲗ ᲠᲐᲢᲝᲛ ᲡᲕᲐᲛᲗ ᲓᲐ ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲡ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან სახიფათოა, თუ ალკოჰოლის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას კულტურა განსაზღვრავს. ქრისტიანებს გვინდა, რომ ვჭამთ, ვსვამთ თუ სხვა რამეს ვაკეთებთ, „ყველაფერი ღვთის სადიდებლად“ ვაკეთოთ (1 კორ. 10:31). ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე კითხვას და ბიბლიურ პრინციპს, რომლებზეც ღირს დაფიქრება.

იმის ხომ არ მეშინია, რომ განსხვავებული გამოვჩნდე? გამოსვლის 23:2-ში ნათქვამია: „არ აჰყვე უმრავლესობას“. იეჰოვა ამ სიტყვებით აფრთხილებდა ისრაელებს, რომ არ აჰყოლოდნენ მათ, ვინც იეჰოვას ნორმებს არად აგდებდა. ამ გაფრთხილებას დღემდე არ დაუკარგავს ფასი. თუ არ გვინდა, იეჰოვას ნორმები დავარღვიოთ და ჩამოვშორდეთ მას, არც ჩვენ უნდა ავყვეთ უმრავლესობას, როცა საქმე ალკოჰოლის მიღებაზე მიდგება (რომ. 12:2).

იმის დამტკიცებას ხომ არ ვცდილობ, რომ ძლიერი ვარ? ზოგ კულტურაში ხშირი და ბევრი სმა მიღებულიცაა და ღირსებადაც ითვლება (1 პეტ. 4:3). თუმცა საინტერესოა, რა დასკვნამდე მივყავართ 1 კორინთელების 16:13-ს. აქ ვკითხულობთ: „იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენაში, იყავით გაბედულები და გაძლიერდით!“. რამდენად შეუწყობს ხელს ადამიანს ამაში ალკოჰოლის მიღება? სინამდვილეში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი საღად ვერ აზროვნებს და ვერც თავის საქციელს აკონტროლებს. ესაიას 28:7-დანაც ვიგებთ, რომ მთვრალ კაცს გონება აქვს არეული. ასე რომ, ბევრის სმა სიძლიერის კი არა, სისუსტის მაჩვენებელია.

ქრისტიანისთვის ძალის წყარო იეჰოვაა (ფსალმ. 18:32). მას კარგად ესმის, რომ იეჰოვასგან ძალის მისაღებად აუცილებელია, იფხიზლოს და მტკიცედ იდგეს რწმენაში. ამას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამოიცნობს საფრთხეებს და არაფერს მისცემს იეჰოვასთან ურთიერთობის გაფუჭების უფლებას. იესო ზუსტად ასე იქცეოდა, რის გამოც მას მტკიცე და ძლიერ ადამიანად იცნობდნენ.

პრობლემებისგან გაქცევას ხომ არ ვცდილობ? ღვთის შთაგონებით ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „როცა საფიქრალმა მოსვენება დამიკარგა, [იეჰოვა] შენ მანუგეშე და დამამშვიდე“ (ფსალმ. 94:19). ასე რომ, თუ პრობლემებით ხართ დამძიმებული, გახსოვდეთ, რომ შვება იეჰოვასთან უნდა ეძებოთ და არა ალკოჰოლში. ალკოჰოლი ადამიანს „სწორის კეთების უნარს“ უქვეითებს და ვერც პრობლემებიდან გამოსავალს სთავაზობს (ოს. 4:11). ამიტომ ხშირად გადაუშალეთ იეჰოვას ლოცვაში გული და კრებაში დახმარებისთვის მოწიფულ და-ძმებს მიმართეთ. აი რას გვიყვება ზემოთ მოხსენიებული დანიელი: „პრობლემებიდან გამოსავალს ალკოჰოლში ვეძებდი, თუმცა საბოლოოდ კიდევ მეტ პრობლემაში გავეხვიე. ბოლოს მეგობრებიც დავკარგე და საკუთარი თავის პატივისცემაც“. რა დაეხმარა მას, რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო? „მივხვდი, რომ თუ პრობლემებიდან თავის დაღწევა მინდოდა, სასმლით სავსე ბოთლი კი არა, იეჰოვა უნდა მყოლოდა გვერდით. ის სირთულეებთან ბრძოლაშიც დამეხმარა და მათ მოგვარებაშიც“, — დასძენს დანიელი. დიახ, როგორი გამოუვალიც არ უნდა გეჩვენებოდეთ სიტუაცია, გჯეროდეთ, რომ იეჰოვას შესწევს თქვენი დახმარების ძალა (ფილ. 4:6, 7; 1 პეტ. 5:7).

შეიძლება შემდეგ კითხვებზე დაფიქრებაც ღირდეს: ხომ არ ფიქრობენ ოჯახის წევრები თუ მეგობრები, რომ ბევრს ვსვამ ან ბოლო დროს მოვუხშირე დალევას? თუ ასეა, ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ საშიშროების წინაშე დგახართ, მაგრამ თავად ვერ აცნობიერებთ ამას. ადრინდელთან შედარებით უფრო მეტს ხომ არ ვსვამ? თუ ეს თქვენს შემთხვევაშიც ასეა, ეს შეიძლება იმის მაჩვენებელი იყოს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული ხდებით. ხომ არ მიჭირს ალკოჰოლის გარეშე გაძლება რამდენიმე დღე ან კვირა? თუ ასეა, ეს შეიძლება იმის მიმანიშნებელი იყოს, რომ უკვე გახდით ალკოჰოლზე დამოკიდებული. ამ შემთხვევაში პრობლემის დასაძლევად შეიძლება სპეციალისტების დახმარებაც კი დაგჭირდეთ.

მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ზოგმა ქრისტიანმა გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ გაეკაროს სასმელს. ზოგი კიდევ იმიტომ არ სვამს, რომ უბრალოდ არ მოსწონს ალკოჰოლის გემო. როცა ვინმე ასეთ არჩევანს აკეთებს, არ უნდა დავაძალოთ დალევა და არც გავაკრიტიკოთ.

შეიძლება იმის საჭიროებაც დაინახოთ, რომ საკუთარ თავს გარკვეული შეზღუდვები დაუწესოთ. მაგალითად, რა რაოდენობის სასმელი დალიოთ და რამდენჯერ. შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ სასმელს მხოლოდ კვირაში ერთხელ დალევთ ან სადილობისას მიირთმევთ ხოლმე ცოტაოდენს. შეიძლება გერჩივნოთ, რომ უარი თქვათ არაყზე თუ სხვა მაგარ სასმელზე და ზომიერად მიირთვათ მხოლოდ დაბალალკოჰოლური სასმელი, მაგალითად, ღვინო ან ლუდი. თუ საკუთარ თავს კონკრეტულ საზღვრებს დაუდგენთ, თავშეკავების გამოვლენა არ გაგიჭირდებათ. ქრისტიანმა უხერხულად არ უნდა იგრძნოს თავი იმის გამო, რომ ამ საკითხში მტკიცე პოზიცია უკავია.

გასათვალისწინებელია სხვების სინდისიც. რომაელების 14:21-ში ვკითხულობთ: „თუ შენი ძმა დაბრკოლდება, ჯობს არ ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და სხვაც არაფერი გააკეთო ისეთი, რაც მას დააბრკოლებდა“. როგორ შეგიძლიათ ამ რჩევის გათვალისწინება? თუ ხვდებით, რომ ვინმე შეიძლება დაბრკოლდეს, აჯობებს უარი თქვათ დალევაზე. ამგვარად სხვების მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას გამოავლენთ და დაამტკიცებთ, რომ იმას კი არ აკეთებთ, რაც თქვენთვისაა სასარგებლო, არამედ იმას, რაც სხვისთვისაა სასარგებლო (1 კორ. 10:24).

გარდა ამისა, ქრისტიანმა უნდა დაიცვას სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონები. მაგალითად, ზოგან ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვაა დადგენილი, ზოგან კი დალევის შემთხვევაში ადამიანს ეკრძალება ავტომობილის ტარება ან რომელიმე დანადგარის გამოყენება (რომ. 13:1—5).

იეჰოვამ უამრავი ძღვენი გვიბოძა და იმის უფლებაც მოგვცა, რომ თავად გადავწყვიტოთ, როგორ გამოვიყენებთ ამ ძღვენს. მოდი ჩვენთვის ბოძებული ნების თავისუფლება ღვთის განსადიდებლად გამოვიყენოთ!

a ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი გვატყობინებს, რომ ალკოჰოლის გადაჭარბებულ მიღებას შეიძლება მოჰყვეს მკვლელობა, თვითმკვლელობა, სექსუალური ძალადობა, პარტნიორის შეურაცხყოფა, არასასურველი ორსულობა და ნაყოფის მოშლა.