არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

არასდროს შემიწყვეტია სწავლა

არასდროს შემიწყვეტია სწავლა

ᲛᲐᲓᲚᲘᲔᲠᲘ ვარ იეჰოვასი, რომ ჩემი დიდებული მოძღვარია (ეს. 30:20). ის თავის მსახურებს ბევრ რამეს გვასწავლის ბიბლიის, საოცარი შემოქმედების, ორგანიზაციისა თუ თანაქრისტიანების მეშვეობით. თითქმის 100 წელს ვარ მიღწეული, მაგრამ დღემდე არ შემიწყვეტია სწავლა. მოკლედ გიამბობთ, რა ვისწავლე ამ წლების მანძილზე.

ჩვენი ოჯახი (1948 წ.)

დავიბადე 1927 წელს ჩიკაგოს (ილინოისი, აშშ) მახლობლად ერთ პატარა ქალაქში. ოთხი და-ძმა მყავდა – ჯეთა, დონი, კარლი და ჯოი. ყველას გვინდოდა, იეჰოვასთვის მთელი გულით გვემსახურა. ამიტომ ჯეთა მისიონერულ მსახურებას შეუდგა, დონმა, კარლმა და ჯოიმ კი ბრუკლინის ბეთელში დაიწყეს მსახურება. ჯეთამ 1943 წელს დაამთავრა „გალაადის“ მეორე კლასი, დონი 1944 წელს მიიწვიეს ბეთელში, კარლი – 1947 წელს, ხოლო ჯოი – 1951 წელს. მათმა და მშობლების მაგალითმა მეც აღმძრა, ბოლომდე დავხარჯულიყავი იეჰოვას მსახურებაში.

ᲕᲘᲒᲔᲑᲗ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲐᲡ

ჩემს მშობლებს ღმერთიც უყვარდათ და ბიბლიასაც სიამოვნებით კითხულობდნენ. ისინი ჩვენც გვინერგავდნენ ღვთის სიყვარულს. თუმცა მამას ეკლესიისადმი ნდობა ჰქონდა დაკარგული. ამის მიზეზი ის გახდა, რაც პირველი მსოფლიო ომის დროს ევროპაში ჯარში მსახურების დროს ნახა. მამა ცოცხალი რომ დაბრუნდა, გახარებულმა დედამ შესთავაზა, ჩვეულებისამებრ, ეკლესიაში წასულიყვნენ. თუმცა მამამ უპასუხა, იქამდე კი მიგაცილებ, მაგრამ შიგნით არ შემოვალო. როცა დედა დაინტერესდა, რა იყო მიზეზი, მამამ უთხრა: „ომის დროს მოწინააღმდეგე მხარეების ჯარისკაცებს ერთი და იმავე რელიგიის სასულიერო პირები ლოცავდნენ. რა, ერთ მხარესაც იქნებოდა ღმერთი და მეორე მხარესაც?!“.

ერთხელ, როცა დედა ეკლესიაში იყო, სახლში ორმა იეჰოვას მოწმემ მოგვაკითხა. მათ მამას ორ ტომად გამოცემული ბიბლიის შესასწავლი სახელმძღვანელო მისცეს, რომლის სათაურიც იყო „სინათლე“. მათში „გამოცხადება“ განიხილებოდა. მამა დაინტერესდა და ორივე წიგნი დაიტოვა. როგორც კი დედამ ეს სახელმძღვანელო ნახა, კითხვა დაიწყო. ერთხელ მან ადგილობრივ გაზეთში განცხადება წაიკითხა. ხალხს იწვევდნენ, რომ ამ წიგნების მეშვეობით ბიბლია შეესწავლათ. დედა გამოეხმაურა მოწვევას და მითითებულ მისამართზე წავიდა. კარი ხანდაზმულმა ქალმა გააღო. დედამ წიგნი აჩვენა და ჰკითხა: „ამას აქ განიხილავთ?“. ქალმა ის თბილად მიიღო და სახლში შეიპატიჟა. მომდევნო კვირას დედამ ჩვენც წაგვიყვანა იქ და მას შემდეგ სულ დავყავდით.

ერთხელ შეხვედრაზე ძმამ მთხოვა, ფსალმუნის 144:15 წამეკითხა, სადაც ნათქვამია, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლები ბედნიერი არიან. ამ და კიდევ ორმა მუხლმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ესენია 1 ტიმოთეს 1:11, სადაც წერია, რომ იეჰოვა ბედნიერი ღმერთია, და ეფესოელების 5:1, რომელიც მოგვიწოდებს, მას მივბაძოთ. მივხვდი, რომ ღვთისადმი მსახურება სიამოვნებას უნდა მანიჭებდეს და ამ შესაძლებლობისთვის მადლიერი უნდა ვიყო. მთელი ცხოვრების მანძილზე ხშირად ვიხსენებდი ამ ორ აზრს.

უახლოესი კრება ჩვენი სახლიდან 32 კილომეტრის მოშორებით ჩიკაგოში იყო. მიუხედავად ამისა, მაინც ვესწრებოდი შეხვედრებს, რისი წყალობითაც ბიბლიიდან უფრო მეტს ვიგებდი. მახსოვს, ერთხელ წამყვანმა ჩემს დას, ჯეთას, კომენტარი გააკეთებინა. იმ მომენტში გავიფიქრე, ეს ხომ მეც ვიცოდი, ესე იგი, მეც შემიძლია კომენტარი გავაკეთო-მეთქი. ასე რომ, მეც დავიწყე კრების შეხვედრებისთვის მომზადება და კომენტარების გაკეთება. თუმცა მთავარი ის იყო, რომ ყველანი გავიზარდეთ სულიერად. მე 1941 წელს მოვინათლე.

ᲙᲝᲜᲒᲠᲔᲡᲔᲑᲖᲔ ᲛᲔᲢᲡ ᲕᲘᲒᲔᲑ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

განსაკუთრებით დამამახსოვრდა 1942 წელს კლივლენდში (ოჰაიო) ჩატარებული საოლქო კონგრესი. პროგრამა შეერთებულ შტატებში ტელეფონებით გადაიცემოდა ორმოცდაათზე მეტ ადგილას. საკონგრესო ტერიტორიასთან ახლოს ძმებს კარვების ბანაკი ჰქონდათ მოწყობილი და ჩვენც იქ ვრჩებოდით. იმ დროს მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა და იეჰოვას მოწმეებიც უფრო მეტ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ. ამიტომ ძმებმა ჩვენს უსაფრთხოებაზე იზრუნეს. საღამოობით ისინი თავიანთ მანქანებს ბანაკის გარშემო აყენებდნენ. ძმები შეთანხმდნენ, რომ თუ რაიმე საფრთხეს შენიშნავდნენ, მაშინვე დასიგნალებას დაიწყებდნენ და ფარებს აანთებდნენ, რომ თავდამსხმელებისთვის შუქს თვალი მოეჭრა. ამასობაში სხვა ძმები მათ დასახმარებლად გაიქცეოდნენ. გაოცებული ვიყავი იმის შემხედვარე, რომ იეჰოვას ხალხი ნებისმიერი სიტუაციისთვის იყო მზად. თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი და მშვიდად მეძინა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

წლები რომ გავიდა, მივხვდი, როგორი უშიშარი იყო დედა, ამ კონგრესზე რომ წაგვიყვანა. იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი დედის ნდობამ ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა.

კონგრესამდე ცოტა ხნით ადრე დედამ პიონერად მსახურება დაიწყო. ამიტომ კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდა იმ მოხსენებებს, რომლებიც სრული დროით მსახურებას ეხებოდა. შინ რომ ვბრუნდებოდით, მან ასეთი რამ გვითხრა: „პიონერობა კი მინდა, მაგრამ მსახურებას და სახლის საქმეებს ერთად ვერ ავუდივარ“. ამიტომ მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენ დავეხმარებოდით სახლის საქმეებში. დედამ თითოეულს დაგვავალა, რომ სანამ ვისაუზმებდით და სკოლაში წავიდოდით, ერთი ან ორი ოთახი მოგვეწესრიგებინა. ჩვენი წასვლის შემდეგ დედა კიდევ ერთხელ გადაავლებდა თვალს სახლს და მსახურებაში მიდიოდა. ბევრი საქმის მიუხედავად ის უყურადღებოდ არასდროს გვტოვებდა. სკოლიდან დაბრუნებულებს ყოველთვის სახლში გვხვდებოდა. სკოლის შემდეგ ზოგჯერ ჩვენც ვქადაგებდით დედასთან ერთად. ამის წყალობით კარგად დავინახეთ, როგორია პიონერული მსახურება.

ᲕᲘᲬᲧᲔᲑ ᲡᲠᲣᲚᲘ ᲓᲠᲝᲘᲗ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐᲡ

პიონერად მსახურება 16 წლის ასაკში დავიწყე. მართალია, მამა ჯერ არ იყო იეჰოვას მოწმე, მაგრამ მაინც ინტერესდებოდა, როგორ მიდიოდა ჩემი მსახურება. ერთ საღამოს მას ვუთხარი, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად ბიბლიის შესწავლას ვერ ვიწყებდი. ეს რომ ვთქვი, მაშინვე ერთი აზრი მომივიდა და მამას ვკითხე: „შენ რომ გასწავლო, რას იტყვი?“. ცოტა რომ დაფიქრდა, მითხრა: „უარის სათქმელად მიზეზი არ მაქვს“. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი პირველი შემსწავლელი მამაჩემი იყო.

შესწავლას გავდიოდით წიგნით „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მამა აქეთ მეხმარებოდა, უკეთ გამომეკვლია საკითხები და უკეთესი მასწავლებელი გავმხდარიყავი. მაგალითად, ერთხელ ერთი აბზაცი რომ წავიკითხეთ, მან ასეთი რამ მითხრა: „ყველაფერი გასაგებია, რაც აქ წერია. მაგრამ საიდან იცი, რომ ეს სიმართლეა?“. ამ კითხვას ნამდვილად არ ველოდი. ამიტომ დავპირდი, რომ მომდევნო შესწავლის დროს გავცემდი პასუხს და არგუმენტებს მოვიყვანდი. ასეც მოვიქეცი და ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიური მუხლები მოვიძიე. ამის შემდეგ ბიბლიის უფრო ღრმად კვლევა ვისწავლე და შესწავლისთვისაც უკეთ ვემზადებოდი. შედეგად მეც გავიზარდე სულიერად და მამამაც ნასწავლის თანახმად დაიწყო ცხოვრება. ის 1952 წელს მოინათლა.

ᲡᲬᲐᲕᲚᲐᲡ ᲑᲔᲗᲔᲚᲨᲘ ᲕᲐᲒᲠᲫᲔᲚᲔᲑ

17 წლის ასაკში ცალკე გადავედი საცხოვრებლად. იმ დროისთვის ჯეთა a მისიონერულ მსახურებას შეუდგა, დონი კი ბეთელში მიიწვიეს. თავიანთი საქმე ორივეს ძალიან უყვარდა. მათმა მაგალითმა აღმძრა, მეც მეტად დავხარჯულიყავი იეჰოვასთვის. ასე რომ, ბეთელის განცხადებაც შევავსე და სკოლა „გალაადისაც“, დანარჩენი კი იეჰოვას მივანდე. გაინტერესებთ, რა გადაწყდა საბოლოოდ? 1946 წელს ბეთელში მიმიწვიეს.

უკვე 75 წელია ბეთელში ვმსახურობ. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა დავალებას ვასრულებდი და ბევრსაც ვსწავლობდი. მაგალითად, ვისწავლე წიგნების ბეჭდვა, საბუღალტრო საქმე, შესყიდვების წარმოება და საექსპორტო ოპერაციების შესრულება. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ბეთელის დილის პროგრამებისა და ბიბლიური მოხსენებების წყალობით კარგი სულიერი განათლება მივიღე.

გაკვეთილს ვატარებ უხუცესების სკოლაში.

1947 წელს ჩემმა უმცროსმა ძმამ, კარლმაც, დაიწყო ბეთელში მსახურება. ის კარგად იკვლევდა ბიბლიურ საკითხებს და კარგი მასწავლებელიც იყო. მისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. მახსოვს, ერთხელ მოხსენებას ვამზადებდი და მას რჩევა ვკითხე. იმდენი ინფორმაცია მქონდა მოძიებული, რომ უკვე ვეღარ ვხვდებოდი, როგორ დამელაგებინა აზრები. კარლმა კი ერთი მარტივი კითხვით მიმახვედრა, რა უნდა გამეკეთებინა. მან მკითხა: „ჯოელ, რაზეა შენი თემა?“. მაშინვე მივხვდი, რომ მხოლოდ ის ინფორმაცია უნდა გამომეყენებინა, რომელიც უშუალოდ უკავშირდებოდა მოხსენებას. ეს ძალიან კარგი გაკვეთილი იყო ჩემთვის და ასეთი მიდგომა დღემდე მადგება.

ბეთელში მსახურებამ სიხარული რომ მოგვანიჭოს, საჭიროა, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართული სამქადაგებლო საქმეში. ამ დროს უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მსახურებაში საინტერესო შემთხვევებიც გვქონდეს. არასდროს დამავიწყდება ერთი შემთხვევა, რომელიც ერთ საღამოს ბრონქსში (ნიუ-იორკი) ქადაგების დროს გადამხდა თავს. განმეორებით მივედით ერთ ქალბატონთან, რომელმაც „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ დაიტოვა. საუბარი ასე დავიწყეთ: „დღეს ხალხს ბიბლიიდან გამამხნევებელ აზრს ვუზიარებთ“. მან გვითხრა: „თუ ბიბლიაზე უნდა მელაპარაკოთ, მაშინ შემობრძანდით“. ჩვენ რამდენიმე ბიბლიურ მუხლზე ვიმსჯელეთ, რომლებიც ღვთის სამეფოს და ახალ ქვეყნიერებას უკავშირდებოდა. მოსმენილმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ მომდევნო ჯერზე მეგობრებთან ერთად დაგვხვდა. მოგვიანებით ეს ქალბატონიც და მისი მეუღლეც იეჰოვას მსახურები გახდნენ.

ᲕᲡᲬᲐᲕᲚᲝᲑ ᲛᲔᲣᲦᲚᲘᲡᲒᲐᲜ

მინდოდა, რომ ოჯახი შემექმნა, თუმცა 10 წელი მომიწია ლოდინი, ვიდრე შესაფერის მეორე ნახევარს შევხვდებოდი. ხშირად ვფიქრობდი იმაზე, თუ რა მიზნების დასახვა შემეძლო მეუღლესთან ერთად და ამ საკითხზე იეჰოვასაც ვესაუბრებოდი.

მერისთან ერთად სარაიონო მსახურების დროს

1953 წელს იანკის სტადიონზე გამართული კონგრესის შემდეგ გავიცანი ერთი და, მერი ანიოლი. მან და ჩემმა დამ, ჯეთამ, „გალაადში“ ერთად ისწავლეს და კარიბის კუნძულებზე მისიონერებადაც ერთად მსახურობდნენ. მერი მთელი აღტაცებით მესაუბრებოდა ხოლმე მსახურებაზე და თავის ბიბლიის შემსწავლელებზე. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ორივეს ერთი მიზანი გვქონდა. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა და 1955 წლის აპრილში დავქორწინდით. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ მერი ჩემთვის იეჰოვას საჩუქარი იყო. ის ბევრ რამეში კარგ მაგალითს მაძლევდა – ნებისმიერ დავალებას სიხარულით ასრულებდა, შრომისმოყვარე და მზრუნველი იყო და ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა სამეფოს ინტერესებს (მათ. 6:33). დაქორწინების შემდეგ სამი წელი სარაიონო მსახურებაში გავატარეთ, 1958 წელს კი ბეთელში მიგვიწვიეს.

მერისგან ბევრი რამ ვისწავლე. ახალდაქორწინებულები ვიყავით, როცა გადავწყვიტეთ, რომ ბიბლია ერთად წაგვეკითხა. თითო ჯერზე დაახლოებით თხუთმეტ მუხლს ვკითხულობდით. შემდეგ წაკითხულზე ვმსჯელობდით და იმასაც აღვნიშნავდით, როგორ შეგვეძლო ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება. მერი „გალაადში“ ნასწავლს და მისიონერული მსახურების დროს მიღებულ გამოცდილებას მიზიარებდა ხოლმე. ამის წყალობით უკეთ ჩავწვდი სხვადასხვა საკითხს, დავიხვეწე როგორც მომხსენებელი და ვისწავლე, უკეთ როგორ გამემხნევებინა დები (იგავ. 25:11).

ჩემი საყვარელი მეუღლე 2013 წელს გამომეცალა ხელიდან. მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა ახალ ქვეყნიერებაში მას ისევ შევხვდები. თუმცა სანამ ეს დრო დადგება, გადაწყვეტილი მაქვს, არ შევწყვიტო სწავლა და მთელი გულით მივენდო იეჰოვას (იგავ. 3:5, 6). მამხნევებს და სიხარულს მგვრის იმაზე ფიქრი, თუ რას გავაკეთებთ იეჰოვას მსახურები ახალ ქვეყნიერებაში. მაშინ ჩვენი დიდებული მოძღვარი უკეთ გაგვაცნობს საკუთარ თავს და კიდევ ბევრ რამეს გვასწავლის. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად მადლიერი ვარ იეჰოვასი მის მიერ გამოვლენილი დიდი სიკეთისთვის და იმისთვის, რაც დღემდე ჩემთვის უსწავლებია!

a ჯეთა სიუნელის ბიოგრაფია იხილეთ 2003 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 23–29.